მთავარი,სიახლეები • •

როგორ მძიმედაც არ უნდა ვიყო, ხმას მაინც მივცემ – კოვიდინფიცირებული

29.10.2020
როგორ მძიმედაც არ უნდა ვიყო, ხმას მაინც მივცემ – კოვიდინფიცირებული

ადამიანები, რომლებიც ვირუსის გავრცელების საპრევენციოდ იზოლაციაში არიან, ცდილობენ, მათი ხმა არ დაიკარგოს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა, მიუხედავად მძიმე პანდემიური ვითარებისა, მაინც დააფიქსირონ.

მარიამ დოლიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც კოვიდსასტუმროდან სცადა რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებზე, მას ვირუსი სამი დღის წინ დაუდგინდა. მარიამისთვის ეს მეორე არჩევნებია, როცა ხმას აძლევს. ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება უმაღლესი სამოქალაქო ვალდებულებაა და როგორ მძიმედაც არ უნდა გრძნობდეს თავს, საკუთარი არჩევანი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დააფიქსიროს.
მარიამ დოლიძე, სტუდენტი
„პირველი სამი დღე 39 გრადუსი სიცხე და თავის ტკივილი მქონდა, 3 დღე ვრეკავდით 112-ში და გადმომიყვანეს კოვიდსასტუმროში. ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. ახლა დაბალი სიცხე და საერთო სისუსტე მაქვს. სუნთქვა მიჭირს.

ტელევიზორში მოვისმინე, რომ არჩევნებზე რეგისტრაციის ბოლო ვადა თვითიზოლაციაში მყოფებისთვის 27 ოქტომბრის საღამოს 6 საათამდე იყო. მივწერე ცესკოს, ჩაიწერეს ჩემი მობილურის ნომერი და დამიკავშირდნენ, თუმცა მითხრეს, რომ რახან კოვიდასასტუმროში ვიყავი, ასეთი შემთხვევები გათვალისწინებულია და ისეც მოვიდოდნენ გადასატანი ყუთით ყველა კოვიდსასტუმროში. მე მაინც დავრეკე და გადავამოწმე რა როგორ იყო.

როგორც არ უნდა ვგრძნობდე თავს, არჩევნებში მონაწილეობა უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა სახელმწიფოს წინაშე. მოქალაქე ვალდებულია დააფიქსიროს საკუთარი აზრი, ხმა ფუჭად რომ არ დაიკარგოს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის არჩევანი აუცილებლად დაფიქსირდეს.

ჩემი დიდი სურვილია, პირველ რიგში, ჯანდაცვის სისტემა გაძლიერდეს, პანდემიამ აჩვენა, რომ არ გვაქვს საკმარისი რესურსი. განათლებას უნდა მიექცეს დიდი ყურადღება და გადაიჭრას დასაქმების პრობლემაც ქვეყანაში. ჩვენს ირგვლივ 30, 40 წლის ადამიანები არიან, რომლებსაც არ აქვთ განათლება და მათთვის სამსახური არსადაა.

ახლა, როცა უკვე პროპორციული წესით ვირჩევთ პარლამენტს, ვისურვებდი, რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში, რომ მრავალფეროვანი მოსაზრებები ჟღერდეს და მსჯელობისთვის სივრცე შეიქმნას”, – ამბობს მარიამ დოლიძე.

მისი მდგომარეობა ახლა სტაბილურია. ამბობს, რომ კოვიდკლინიკაში გადმოყვანამდე კონტაქტი ახლობლებთან ჰქონდა, ვისთანაც ბათუმში ცხოვრობს. მათ საღამოობით 37 გრადუსი სიცხე უფიქსირდებათ, თუმცა ტესტირებაზე უარს ეუბნებიან.

მარიამი არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს კოვიდსასტუმროში შეხვდება, თუმცა ის ხმას აუცილებლად მისცემს.

საქართველო 31 ოქტომბერს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: