Batumelebi | რას ჰპირდება „ქართული ოცნება“ სკოლებს და პედაგოგებს – საარჩევნო პროგრამა რას ჰპირდება „ქართული ოცნება“ სკოლებს და პედაგოგებს – საარჩევნო პროგრამა – Batumelebi
RU | GE  

რას ჰპირდება „ქართული ოცნება“ სკოლებს და პედაგოგებს – საარჩევნო პროგრამა

იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეინარჩუნებს მმართველ ძალას, საარჩევნო პროგრამის მიხედვით, ძირითადად იმ პროექტების გაგრძელებას აპირებს, რაც დღესდღეობით სახეზეა და მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობს.

როგორია „ქართული ოცნების“ 2020 წლის ხედვები ზოგად განათლებაში?

საარჩევნო დაპირებების პირველი პუნქტი ზოგად განათლებაში მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის ხელფასების გაზრდას ეხება, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რამდენი ლარით. მასწავლებლებს ხელისუფლების ის დაპირებაც არ შესრულებიათ ამ დრომდე, რომელიც სექტემბრიდან 150-ლარიან დანამატს ითვალისწინებდა.

პროგრამის მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლების დაწყებამდე უნდა დასრულდეს საჯარო სკოლების ავტორიზაცია, რომელიც შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენჯერმე გადაიდო.

გაუმჯობესებული მართვის სისტემებისა და პროგრამების პარალელურად, „ქართული ოცნება“ საარჩევნო პროგრამაში წერს, რომ სკოლებში დანერგავს „ფართომასშტაბიან სასკოლო შეფასების სისტემას, შემუშავდება და დაინერგება სკოლების მართვისა და დაფინანსების დიფერენცირებული მოდელები“, თუმცა საკითხი საარჩევნო პროგრამაში არ იშლება.

ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, მმართველი პარტია არაფერს ამბობს სკოლებში დირექტორების არჩევის წესზე,. ეს იმას ნიშნავს, რომ ის არსებული მოდელის მომხრეა. არსებული მოდელი კი ითვალისწინებს იმას, რომ განათლების სამინისტროს შეუძლია დანიშნოს ან გაათავისუფლოს სკოლის დირექტორი ან სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს თავისი კანდიდატი, რაც როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ზღუდავს როგორც სკოლის, ასევე დირექტორის დამოუკიდებლობის ხარისხს.

საარჩევნო პროგრამა არც სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესში ითვალისწინებს არსებით ცვლილებას, რადგან პროგრამაში წერია, რომ „გაგრძელდება ახალი სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი გრიფირების განახლებული პროცედურებით“, თუმცა რა განახლდება, არ არის დაკონკრეტებული.

საარჩევნო პროგრამაში „ქართული ოცნება“ შშმ ბავშვებს განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას ჰპირდება, თუმცა ეს კომპონენტიც არ არის გაშლილი და დაზუსტებული. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ცხოვრობენ შშმ ბავშვები, რომლებიც ვერც სკოლაში დადიან და ვერ იღებენ ელემენტარულ განათლებას.

ეთნიკური უმცირესობები მხოლოდ ერთ ნაწილშია მოხსენიებული, სადაც საუბარია, რომ მათთვის სკოლებში 2020-2021 წლიდან დაიწყება ბილინგვური (ორენოვანი) სწავლების მეთოდის პილოტირება.

ინკლუზიური განათლების პუნქტში მმართველი პარტია საუბრობს იმაზე, რომ „შემუშავდება მასწავლებლის პროფესიის რეგულირების ახალი წესი და განხორციელდება მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონისძიებები“. თუმცა, როგორც წლის დასაწყისში ითქვა განათლების სამინისტროს მიერ, ეს წესი უკვე შემუშავებულია და ხორციელდება კიდეც. ამიტომ, ცოტათი ბუნდოვანია, რა ახალ წესზე საუბრობს ამ ნაწილში „ქართული ოცნება“.

ზოგადი განათლების ნაწილის ბოლო მონაკვეთში საუბარია დისტანციური და ჰიბრიდული სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაზე. ამ ნაწილში არაფერია ნათქვამი დისტანციური სწავლების პირობებში სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ტექნიკით ან ინტერნეტით უზრუნველყოფაზე, რადგან სხვადასხვა გამოკითხვა აჩვენებს, რომ მოსწავლეების გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით სოფლად, ასევე მაღალმთიან რეგიონებში, ინტერნეტის ან კომპიუტერის გამო ვერ ახერხებენ სასწავლო პროცესში მონაწილეობას.

საარჩევნო პროგრამაში წერია, რომ „2021 სასწავლო წლიდან 400 საჯარო სკოლაში ელექტრონული ჟურნალების შემოღება იგეგმება“. მაშინ, როცა განათლების მინისტრმა 2020 წლის სექტემბერში დაავალდებულა სკოლები, გამოიყენონ ელექტრონული ჟურნალი. სამინისტრო ირწმუნება, რომ ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა სკოლებისთვის სავალდებულოა. ამიტომ გაუგებარია, 400 სკოლა რა ნიშნით არის პროგრამაში გამოყოფილი.

ინტერნეტიზაცია

ინტერნეტიზაციის კომპონენტი „ქართული ოცნებას“ განათლების კომპონენტში არ აქვს განხილული, თუმცა ამ თემაზე ისევ განახლდა საუბარი. სოფლების საყოველთაო ინტერნეტიზაციაზე „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე საუბრობდა, თუმცა ეს პროექტი ამ დრომდე, ანუ 2020 წლის ოქტომბრამდეც კი არ განხორციელებულა.

საარჩევნო პროგრამის მიხედვით, საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს „ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამას“, რის შემდეგაც შინამეურნეობებს წვდომა ექნებათ არანაკლებ 100 მბ/წმ-ის, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოებსა და საწარმოებს – არანაკლებ 1 გბ/წმ-ის სიჩქარის ინტერნეტზე“, – ნათქვამია საარჩევნო პროგრამაში.

პროგრამაში ასევე ვკითხულობთ, რომ „ლოგ ინ ჯორჯიას“ პროექტის ფარგლებში, ათასამდე დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ ნახევარ მილიონ მოსახლეს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს მაღალი ხარისხის ინტერნეტით, მათ შორის მაღალმთიანი რეგიონებს, თუმცა არ არის დაკონკრეტებული რეგიონები, თემები და მით უმეტეს სოფლები.

ათასამდე დასახლებული პუნქტის ინტერნეტიზაციაზე საუბარი მიმდინარე წლის აგვისტოში განახლდა, როცა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა საქართველოში განაცხადა, რომ ამ პროექტისთვის საქართველო 40 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com