Batumelebi | ვინ რამდენ ხელფასს მიიღებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში – რას უპირებენ განათლების სისტემას ვინ რამდენ ხელფასს მიიღებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში – რას უპირებენ განათლების სისტემას – Batumelebi
RU | GE  

ვინ რამდენ ხელფასს მიიღებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში – რას უპირებენ განათლების სისტემას

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია საუბრობს იმაზე, რომ უნდა გაიზარდოს მასწავლებლის ხელფასი, საბავშვო ბაღის, სკოლის მოსწავლის და სტუდენტის ვაუჩერული დაფინანსება. ყველა პარტია, მათ შორის ის, ვისაც უკვე აქვს ხელისუფლებაში ყოფნის ისტორია, განათლების სფეროს დაფინანსების მილიონობით ლარით ზრდაზე ლაპარაკობს. რამდენად რეალურია პარტიული დაპირებები და რატომ ჰგავს ხშირ შემთხვევაში მათი საარჩევნო გზავნილები ერთმანეთს?

ამ არჩევნებზე საკმაოდ გულუხვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაპირებებში. სხვა ოპონენტებისგან განსხვავებით, ის არ ერიდება კონკრეტულ ციფრებზე საუბარს და ამბობს, რომ მაგალითად, 1 500 ლარით უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ სკოლამდელი ბავშვი და მშობელი თვითონ გადაწყვეტს, სად წაიყვანოს შვილი  – კერძო თუ საჯარო საბავშვო ბაღში.

პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი და აჭარის ყოფილი განათლების მინისტრი გია აბულაძე ამბობს, რომ დაფინანსების გაზრდა კონკურენტულ გარემოს შექმნის და სახელმწიფოს აღარ მოუწევს ბევრი საბავშვო ბაღის აშენება. „დღეს ყველა რესურსი მიმართულია კაპიტალური ხარჯებისკენ, საბავშვო ბაღები მაინც არ ჰყოფნით ბავშვებს. რაც აშენებულა, იქაც არ არის სათანადო პირობები, 40-50 ბავშვი ჰყავთ ერთ ოთახში. ამ ვაუჩერით კი მშობელს შესაძლებლობა ექნება ბავშვი კერძო ბაღში წაიყვანოს“, – ამბობს ის „ბათუმელებთან“.

სასკოლო ვაუჩერის 2 ათასი ლარით გაზრდას ჰპირდებიან სკოლის მოსწავლეებსაც. გია აბულაძის თქმით, ბაღების მსგავსად, აქაც კონკურენციის პრინციპი იმუშავებს და კერძო სკოლები გაცილებით მეტი ბავშვის მიღებას შეძლებენ.

ენმ ხელფასების გაზრდას მასწავლებლებსაც ჰპირდება. მათი საარჩევნო პროგრამის მიხედვით, საბაზო ხელფასი 2 000 ლარიდან უნდა იწყებოდეს. მასწავლებლების პროფესიული ზრდისთვის კი უნდა აშენდეს მასწავლებლის სახლი მაღალმთიან აჭარაშიც. „პედაგოგებისთვის ორი ტიპის ტრენინგები იქნება, ერთი მოკლევადიანი და მეორე, ზამთრის და ზაფხულის სკოლები“, – ამბობს აბულაძე. რაც შეეხება სკოლების დეცენტრალიზაციას, აბულაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია სკოლა დამოუკიდებელი იყოს დირექტორის არჩევაშიც.

„სკოლამ უნდა გამოაცხადოს კონკურსი და დირექტორს ამის საფუძველზე აირჩევს სამეურვეო საბჭო“, – ამბობს ის.

ენმ-ს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველაზე ხშირად ისმოდა კრიტიკა იმის თაობაზე, რომ სკოლაში პოლიციური სისტემა დაინერგა და სახელმწიფო აკონტროლებდა არა მარტო დირექტორებს, – ჯერ მანდატურის სამსახურის სისტემით, ასევე ატარებდა რეპრესიულ პოლიტიკას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე დირექტორების და მასწავლებლების მიმართ.

გია აბულაძე ნაწილობრივ აღიარებს ამ ფაქტს და ამბობს, რომ მსგავსი მიდგომა დამაზიანებელია  საგანმანათლებლო სისტემისთვის.

„მართალია, ანგელოზები არ ვყოფილვართ. მიმაჩნია, რომ განათლების სამინისტროს ქირურგიული ჩარევების უფლება არ უნდა ჰქონდეს სკოლაში“, – ამბობს ის.

ენმ-ს საერთო პროგრამისგან აჭარის ნაწილი იმით განსხვავდება, რომ მოსწავლის კვების ვაუჩერის დაფინანსების პროგრამას სწორედ ამ რეგიონიდან დაიწყებენ.

რეგიონის სკოლებს ენმ ბიბლიოთეკებით, ჭკვიანი კლასებითა და კომპიუტერებით აღჭურვას ჰპირდება, მასწავლებლებს კი – ლეპტოპებს და ინტერნეტს.

რაც შეეხება სტუდენტების განათლებას, საარჩევნო დაპირების მიხედვით, უნდა გაიზარდოს  სახელმწიფო გრანტი – 2 500 ნაცვლად 4 500 ლარით უნდა დაფინანსდეს სტუდენტი.

მსოფლიოს ტოპათეულში შემავალ სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტებს კი ენმ 100%-იან სახელმწიფო დაფინანსებას ჰპირდება. გია აბულაძეს ვკითხეთ, ხომ არ არის ეს პოპულისტური განაცხადი იმ ფონზე, როცა ლარი გაუფასურებულია, მსგავს უნივერსიტეტებში კი ძალიან მაღალია სწავლის გადასახადი?

აბულაძე ამბობს, რომ ამისთვის ისინი ტბელ აბუსერიძის სახელობის ფონდის დაარსებას გეგმავენ, რომელიც განათლებაზე იქნება ორიენტირებული და საჭირო ფინანსებს სწორედ აქედან მოიძიებენ. „მე ბევრ ქართველს ვიცნობ უცხოეთში, ვინც სიამოვნებით ჩარიცხავს ამ ფონდში თანხას“, – ამბობს ის.

ენმ-ს განათლების საარჩევნო ბიუჯეტი სამი მილიონი ლარით მეტი იქნება დღეს არსებულ ბიუჯეტთან შედარებით. „ზრდა კი დაგეგმილია წლების მიხედვით, როცა დავიწყებთ საგადასახადო რეფორმებს და დეფიციტს შევავსებთ“, – ამბობს ის.

პოლიტიკური პარტია „ლელოც“ ამბობს, რომ განათლების ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს, თუმცა ენმ-სგან  განსხვავებით, კონკრეტული ციფრების დასახელებას ერიდება. პარტიის წევრი ფიქრია ჩიხრაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ  სკოლასა და უნივერსიტეტში მუშაობამ მისცა საშუალება, უკეთ გაცნობოდა სისტემაში არსებულ პრობლემებს. ჩიხრაძის აზრით, დღეს არსებული სისტემის ერთ-ერთი ნაკლი არის ის, რომ რეფორმა არ არის გრძელვადიანი.

„რეფორმა მინიმუმ ათ წელზე უნდა იყოს გათვლილი, დღეს კი რეფორმა არ არის უწყვეტ ციკლზე მორგებული და მინისტრების ცვლასთან ერთად იცვლება“, – ამბობს ის.

უმთავრესი პრიორიტეტი, რაც „ლელოს“ საგანმანათლებლო რეფორმაში ესახება და რასაც იმეორებენ სხვა პოლიტიკური პარტიებიც, არის სკოლის დეცენტრალიზაცია.

განათლების სამინისტრო კი მხოლოდ პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს და არ უნდა წყვეტდეს დირექტორების დანიშვნის ან გათავისუფლების საკითხს. ამ ბერკეტის გამოყენებით, როგორც ჩიხრაძე ამბობს, სკოლა პოლიტიკური გავლენის ქვეშ ექცევა. „წინასაარჩევნოდ სკოლის დირექტორების მასიური გათავისუფლებაც სწორედ ამაზე მეტყველებს. სამინისტრო თავიდან იშორებს მათთვის პოლიტიკურად არასაიმედო დირექტორებს“, – გვეუბნება ჩიხრაძე.

მის თქმით, იქნება ეს ონი, ყაზბეგი თუ ლენტეხი, სკოლის დირექტორის შერჩევაში არა სამინისტრო, არამედ ადგილობრივი თემი უნდა მონაწილეობდეს. „დეპოლიტიზაციას მოჰყვება დეცენტრალიზაცია, სკოლებს მაქსიმალური თავისუფლება უნდა ჰქონდეთ როგორც სახელმძღვანელოების შერჩევაში, ასევე ბიუჯეტის მართვაშიც. ბიუჯეტს კი უნდა აკონტროლებდეს სამეურვეო საბჭო“, – მიიჩნევს ჩიხრაძე.

რაც შეეხება სახელმძღვანელოების გრიფირებას, „ლელოს“ მიაჩნია, რომ გრიფირების დეპარტამენტი ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი და მას სამინისტრო არ უნდა აკონტროლებდეს. „დღეს ყველა სისტემა, იქნება ეს სამინისტრო, რესურსცენტრები თუ მასწავლებლის სახლი, სკოლას აწევს“.

მასწავლებლის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ წახალისების სისტემა უნდა იყოს შენარჩუნებული, თუმცა ის, ვინც მაღალი ქულებით აბარებს გამოცდას, ვერ ხვდება მაღალანაზღაურებად კვოტაში.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, „ლელოს“ პოზიციაა, რომ უნივერსიტეტები სტუდენტებს დასაქმების ბაზრის კვლევის საფუძველზე უნდა იღებდნენ. „თუმცა ეს იმიტომ ვერ ხერხდება, რომ დაფინანსება მიბმულია სტუდენტზე და უნივერსიტეტები მზად არიან დაბალი მოსწრების სტუდენტები მიიღონ. ამიტომ გვყავს დღეს ათეულობით პროფესიების წარმომადგენლები, რომლებიც ვერ საქმდებიან და გვაქვს პროფესიები, რაზეც მოთხოვნაა, მაგრამ სპეციალისტები არ გვყავს.

ყველაფერი უნდა ემყარებოდეს კვლევებს. მაგალითად, კერძო სტრუქტურიდან და საჯარო სამსახურებიდან ყოველწლიურად უნდა ვიცოდეთ მონაცემები, სად არის დასაქმების შესაძლებლობა. რეფორმა მარტო განათლების სფეროში ამოგლეჯილ რეფორმას არ გულისხმობს, არამედ იმასაც ჩვენ ასეულათასობით სამუშაო ადგილი უნდა შევქმნათ კერძო სექტორში და პროფესიების არჩევანიც უმაღლესებისა და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობით უნდა ხდებოდეს“, – ამბობს ჩიხრაძე.

ენმ-სგან განსხვავებით, „ლელო“ საარჩევნო პროგრამაში არ აპელირებს ციფრებზე, თუმცა ამბობს, რომ „600 ათას ადამიანს უნდა ჰქონდეს 3 ათასზე მეტი ლარი შემოსავალი თვეში“.

„ჩვენ გვინდა გავაჩინოთ საშუალო ფენა და ამ ფენაში მოვიაზრებთ მასწავლებლებს, პოლიციელებს და ექიმებს. ჯერ ეკონომიკური საფუძველი უნდა გავაჩინოთ. სხვა ყველაფერი – იქნება ეს პენსიის გაზრდა, განათლებაში და სხვა სისტემაში არის ძალიან ლოზუნგური, თუკი ამას არ აქვს ეკონომიკური საფუძველი“, – ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.

სხვა პარტიებისგან განსხვავებით, „ლელო“ აქცენტს აკეთებს რექტორების დანიშვნის ფორმაზეც. მათი პოზიციაა, რომ პოლიტიკური თანამდებობის დატოვების შემდეგ, პირი არ უნდა ინიშნებოდეს უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელად რამდენიმე წლის მანძილზე, რადგან ეს ჩრდილს აყენებს უნივერსიტეტის ავტონომიურობას. „უნივერსიტეტის რექტორი არ უნდა ძრწოდეს განათლების ან რომელიმე მინისტრის დაძახებაზე. შეიძლება, რომ სასამართლო რეფორმა იხილებოდეს და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ამ განხილვაში საერთოდ არ მონაწილეობდეს? მაშინ როდესაც ამდენი სამართლის ფაკულტეტია“, – ამბობს ჩიხრაძე.

საარჩევნო პროგრამაში ოკუპირებული ტერიტორიები მხოლოდ „ლელოს“ პროგრამაში გვხვდება. პარტიის აზრით, მნიშვნელოვანია დისტანციური განათლების დანერგვა ამ რეგიონებში, რადგან მოსწავლეებმა შეძლონ ქართული ენის სწავლება და იმ პედაგოგებმა დასაქმება, რომლებიც ამ საგანს ასწავლიდნენ სკოლებში. მათი აზრით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელია საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით.

პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ განათლების სისტემის მთავარი გამოწვევა სკოლაა. ენმ-სა და „ლელოს“ მსგავსად, მათაც მიაჩნიათ, რომ სკოლა უნდა გახდეს დამოუკიდებელი და კონკურენტუნარიანი. „ამ ორ პრინციპზე აიგება სკოლა“, – ამბობს პარტიის წარმომადგენელი, სერგო რატიანი.

სხვა პარტიების მსგავსად, „ევროპული საქართველოც“ მიიჩნევს, რომ სკოლის დირექტორი უნდა აირჩიოს სამეურვეო საბჭომ, სადაც უმრავლესობა უნდა ჰქონდეს მშობლებს და არა სამინისტროს.  „როდესაც გამგებელი დაუძახებს დირექტორს და ეტყვის, რომ ჩაერთე საარჩევნო კამპანიაში, დირექტორი ეტყვის, რომ შენ არ ხარ ჩემი დამქირავებელი. ჩვენ დირექტორს და მასწავლებლებს გავათავისუფლებთ პოლიტიკური ზეწოლისგან“, – ამბობს რატიანი.

„ევროპული საქართველო“ ამბობს, რომ 2 ათასი ლარით უნდა გაიზარდოს მოსწავლის ვაუჩერული დაფინანსება, რაც ხელს შეუწყობს როგორც არჩევანს, ასევე კერძო სექტორის განვითარებას.

მასწავლებლების კვალიფიკაციას რაც შეეხება, „ევსაქებს“ მიაჩნიათ, რომ მასწავლებელი უნდა აბარებდეს საკვალიფიკაციო გამოცდებს, „შემდეგ კი აქაც კონკურენცია დაალაგებს ყველაფერს“.

„ევსაქები“ ასევე ემხრობიან ეროვნული გამოცდების ფორმატის შენარჩუნებას, რადგან, როგორც სერგო რატიანი ამბობს, კორუფციის რისკის ზონიდან ჯერ კიდევ არ არის ქვეყანა გამოსული. „შესაძლებელია ევროპული მოდელის განხილვაც, როცა სკოლის ნიშნების საფუძველზე არჩევენ აბიტურიენტებს. შეიძლება არსებობდეს ეროვნული გამოცდის მსგავსი დამამთავრებელი გამოცდა, რასაც უნივერსიტეტები დაუმატებენ სამოტივაციო გასაუბრებას და რომელიმე კონკრეტულ საგანს, რაც მათ მიაჩნიათ სავალდებულოდ“.

რატიანი „სისტემის სიმახინჯედ“ მიიჩნევს პროგრამული დაფინანსების გაჩენას ე.წ. უფასო ფაკულტეტებისთვის, „რადგან ის არა მხოლოდ გრანტის უსამართლო განაწილებაა, არამედ არარაციონალური ფულის ხარჯვაც. წარმოიდგინეთ, რომ აბარებ ბიზნესადმინისტრირებაზე და იღებ გაცილებით მაღალ ქულას, ვიდრე ის, ვინც უფასო ფაკულტეტზე. ამ დროს ის იღებს 100-პროცენტიან დაფინანსებას, შენ კი შეიძლება 70-პროცენტიანიც ვერ მიიღო. ბოლოს და ბოლოს, აუდიტის სამსახურმა შეაფასა ეს სისტემა, როგორც არაეფექტური. ტყუილად გადაყრილი ფულია, რადგან სტუდენტების 50 პროცენტი, ვინც ამ ფაკულტეტებზე აბარებს, შემდეგ მაინც სხვაგან გადადის.

რომ არა უსამართლო დაფინანსება, სტუდენტების გაცილებით მეტი რაოდენობა მიიღებდა უფრო მაღალ გრანტს და მიგვაჩნია, რომ ეს დაფინანსება 8 ათას ლარზე მეტი უნდა იყოს. სკოლაში სპეციალისტი არ წავა მხოლოდ იმის გამო, რომ უფასო ფაკულტეტზე ისწავლა, არამედ მასწავლებლის მაღალი ხელფასის გამო“, – ამბობს რატიანი.

მისი თქმით, თუ სახელმწიფოს მეცნიერების განვითარება სურს, მას შეუძლია სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე დააფინანსოს სამეცნიერო კვლევები.

რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“, პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ევროპული განათლება უნდა მიიღონ და რაც შეიძლება მეტი სტუდენტი უნდა წავიდეს ევროპაში. პარტიის წარმომადგენელი ვაჟა ოთარაშვილი ამბობს, რომ ქართული განათლების სისტემა ლიბერალური ღირებულებების გამო არ მოსწონს. მისი აზრით, საბჭოთა განათლების სისტემა ბევრად გამართული და ეფექტური იყო, ვიდრე დღეს არსებული, რადგან „დღევანდელი განათლების შესახებ მიღებული კანონი სოროსის მიერ არის ნაკარნახევი, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივია“.

კითხვაზე, თუ რას მიიჩნევს ის ანტიეროვნულად, ვაჟა ოთარაშვილი ზოგადად ამბობს, რომ ეს კანონი ამცირებს პროფესორ-მასწავლებელთა ღირსებას და არც ცოდნას აძლევს ბავშვებს.

ოთარაშვილის თქმით, არასწორია ისიც, რომ სკოლებს სახელმძღვანელოების არჩევის უფლება აქვთ, არ ისწავლება სკოლაში გრამატიკა და ზოგიერთი საგნები, მაგალითად, მათემატიკის სწავლება საათებზეა დამოკიდებული. „ყველა საგანში უნდა იყოს თითო სახელმძღვანელო და არა სხვადასხვა“, – ამბობს ოთარაშვილი.

ოთარაშვილის აზრით, შეცდომა იყო სკოლიდან პენსიონერი პედაგოგების გაშვებაც, რადგან ისინი ბავშვებს ეროვნული სულისკვეთებით ზრდიდნენ. „ახალი მასწავლებლები კი ლიბერალურ ღირებულებებზე არიან აღზრდილი“.

ამის მიუხედავად, ოთარაშვილი ამბობს, რომ მოსწონს ინგლისის, საფრანგეთის და გერმანიის განათლების მოდელები, ქართული მოდელი კი აქეთკენ არ მიდის.

ოთარაშვილს სკოლის 12 კლასიც დროის ფლანგვად მიაჩნია, „რადგან ფაქტობრივად ზედა კლასებში არც ერთი მოსწავლე არ დადის, არასწორი იყო კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდების მოხსნა და ეს უნდა აღდგეს“.

რაც შეეხება პედაგოგის კვალიფიკაციას, ოთარაშვილი მომხრეა, რომ პედაგოგიური ინსტიტუტები ამოქმედდეს ისევე, როგორც საბჭოთა პერიოდში და იქ მომზადდნენ მასწავლებლები.

რაც შეეხება მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამას განათლების რეფორმაზე, ამ თემაზე ისინი არ საუბრობენ.

Partiebi.ge-ზე გამოქვეყნებულ „პროგრამაში“ კი „ქართულ ოცნება“ მშრალად ამბობს, რომ გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები, გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება, მასწავლებელთა ხელფასები, პროფესიული განათლების ბიუჯეტი, უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი კონცეპტუალური მოდელი ჩამოყალიბდება თუ რა, ამაზე არ არის იქ საუბარი.

აქცენტი კეთდება სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის Erasmus+ -ით მოსარგებლე პირების რაოდენობის გაზრდაზე, სამეცნიერო საგრანტო კონკურსების რაოდენობაზე და საზღვარგარეთ მოღვაწე აკადემიური პერსონალის თანამშრომლობის გაზრდაზე ქართულ სამეცნიერო სივრცესთან. საარჩევნო პროგრამაშია შეტანილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის ჩამოყალიბება და თანამედროვე სამეცნიერო ცენტრის შექმნა ამ ბაზაზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com