Batumelebi | „ნაციონალების გაუქმება“ – ღარიბაშვილის გეგმა ხელისუფლებაში მოსვლიდან 8 წლის შემდეგ „ნაციონალების გაუქმება“ – ღარიბაშვილის გეგმა ხელისუფლებაში მოსვლიდან 8 წლის შემდეგ – Batumelebi
RU | GE  

„ნაციონალების გაუქმება“ – ღარიბაშვილის გეგმა ხელისუფლებაში მოსვლიდან 8 წლის შემდეგ

„პოლიტიკური ძალის გაუქმება თავდაცვის მინისტრის საქმე არ არის, ამას ამომრჩეველი წყვეტს. ამ გზავნილით ხელისუფლებას ამომრჩევლის მობილიზება სურს…“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. მას ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ვკითხეთ, რომელიც თავდაცვის მინისტრია და არჩევნებამდე ორი დღით ადრე ოპონენტის გაუქმება მოითხოვა.

„ქვეყნის მოღალატე, ძირძველი ტერიტორიებისა და წმინდა ადგილების გადამცემი, მკვლელი და ხალხის მჩაგვრელი მასხარა სააკაშვილი და მისი მოღალატე ბანდა არჩევნების შემდეგ ვეღარ დარჩება პოლიტიკაში, მოღალატე ძალა უნდა გაუქმდეს”, – ეს ირაკლი ღარიბაშვილმა ფეისბუქში დაწერა.

რას ნიშნავს დემოკრატიისთვის, როცა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი პოლიტიკურ ოპონენტს ბანდას უწოდებს და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მას მოღალატედ მოიხსენიებს? – „ბათუმელები“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

  • ბატონო კორნელი, თქვენი აზრით, რაზე იყო გათვლილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, როცა მან „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმება მოითხოვა? 

მსგავსი გამონათქვამებით „ქართული ოცნების“ ლიდერები ცდილობენ შემოიბრუნონ გულაცრუებული მომხრეები… ეს არის ამომრჩევლის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც სოციალ-კონსერვატიული განწყობისაა. გზავნილი არის იმის წარმოჩენა, რომ აი, „ქართული ოცნება“ არის შეურიგებელი „ნაცმოძრაობასთან“. ძალიან სამწუხაროა, როცა მსგავს განცხადებას აკეთებს თავდაცვის მინისტრი, რადგან ძალოვანი უწყებები გამიჯნული იყოს პოლიტიკისგან და თავდაცვის მინისტრი ამის მაგალითს უნდა იძლეოდეს.

  • რამდენად არსებობს აგრესიისკენ წახალისების საფრთხე, როცა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი ითხოვს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გაუქმებას? 

რა თქმა უნდა, თავდაცვის მინისტრი ასეთ რადიკალურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. ზოგადად, ირაკლი ღარიბაშვილს ახასიათებს ასეთი რადიკალიზმი, თუმცა როცა ის სხვა პოსტებზე იყო, არც მაშინ მოუტანია ამას პოლიტიკური ქულები. როცა თავდაცვის მინისტრი ასეთ განცხადებას აკეთებს, არა მგონია, ეს სასარგებლო იყოს მისი უწყებისთვის, ქვეყნის იმიჯისთვის. „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე კრიტიკულ მომენტში ირაკლი ღარიბაშვილი ახმოვანებდა ყველაზე რადიკალურ განცხადებებს, მაგრამ ახლა ის თავდაცვის მინისტრია და ამიტომაცაა ეს განსაკუთრებით დელიკატური საკითხი. ეს უფრო ვიწროპარტიული მოხმარებისთვის განკუთვნილი გზავნილი იყო.

  • რამდენად არღვევს ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს, რასაც წინასაარჩევნოდ „ქართულმა ოცნებამაც“ მოაწერა ხელი? 

ამას ალბათ ის ხალხი შეაფასებს, ვინც წინასაარჩევნო პროცესს აკვირდება, მაგრამ ფაქტია, რომ მსგავსი განცხადებები ხელს არ უწყობს წინასაარჩევნოდ წესების შესრულების კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულებას. მსგავსი რადიკალური მოწოდებებით კიდევ უფრო პოლარიზებული ხდება ქართული პოლიტიკური სპექტრი…

არაა გამორიცხული, რომ ამ განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ „პატრიოტთა ალიანსსაც“ წაართვას ამომრჩევლების ნაწილი, რომლებიც ასევე გულაცრუებული არიან „ქართული ოცნების“ მმართველობით. ცნობილია, რომ აქამდე „პატრიოტთა ალიანსი“ ხშირად აჟღერებდა მსგავს მოთხოვნას.

ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია, ორგანიზება გაუკეთოს ამომრჩეველს და აქცენტი გაკეთდეს იმაზე, რომ არჩევანი არსებობს მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას – „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, მაგრამ რეალურად ასე არ არის, გამოჩნდნენ სხვა პარტიები.

  • ანუ სწორება არის ისევ პოლიტიკურ პოლარიზებაზე, რატომ აწყობს ეს „ოცნებას“? 

ეს სტილი დამახასიათებელია ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, როცა არჩევანია რაღაც ბოროტს და კეთილს შორის და, რა თქმა უნდა, თავად, ვინც განცხადებას აკეთებს, ყოველთვის კეთილის მხარესაა და მეორე მხარე ყოველთვის ბოროტია. თანაც, პოლიტიკური ძალის გაუქმება თავდაცვის მინისტრის საქმე არ არის, ამას ამომრჩეველი წყვეტს. ამ გზავნილით ხელისუფლებას ძირითადად ამომრჩევლის მობილიზება სურს. თუკი რამე კონკრეტული არსებობს აქამდე, რვა წლის განმავლობაში, „ოცნებას“ უნდა წამოეწყო გამოძიება და ამას მოჰყოლოდა შესაბამისი პროცესი. როცა არჩევნების წინ ამას ახმოვანებ, ბუნებრივია, ეს არის პარტიული პოლიტიკისთვის განკუთვნილი, მით უმეტეს, თუ ის პოლიტიკური პარტია მთავარი ოპოზიციური პარტიაა.

დემოკრატიის მთავარი პრინციპი ის არის, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი უჭერს მხარს პოლიტიკურ ძალას და ჩვენც რაღაცნაირად უნდა შევეგუოთ დემოკრატიის არსს, რომ განსხვავებული პოლიტიკური პარტიები არსებობენ და იარსებებენ, ხოლო მოსახლეობა ამ ჭიდილსა და კონკურენციაში ირჩევს მისთვის მისაღებს. პოლიტიკური პარტიის ლიდერის გადასაწყვეტი არ არის, რომელი პოლიტიკური ძალა უნდა გაუქმდეს, ან განაგრძოს არსებობა.

  • ირაკლი ღარიბაშვილი ამ განცხადების უკან გულისხმობდა „დავით გარეჯის საქმეს“. ეს საქმე არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გააქტიურდა. რამდენად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ამ საქმეს პოლიტიკურ კოზირად უყურებს ამ არჩევნებზე და თქვენი დაკვირვებით, დამაჯერებელი აღმოჩნდა თუ არა ეს საქმე საზოგადოებისთვის? 

ჩანს, რომ ეს წინასაარჩევნო სტრატეგიის ნაწილია, მაგრამ ელექტორატი საკმაოდ ჭრელია. ვისაც აქამდე სჯეროდა ასეთი ტიპის განცხადებებს, ახლაც დაიჯერებს. დანარჩენი, ვინც არ ეთანხმებოდა მას, მისთვის ეს მიუღებელი იქნება. შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს წინასაარჩევნოდ სპეციალურად შექმნილი თემაა, როცა მანამდე ეს საქმე არავის გახსენებია. ჩნდება ეჭვი, რომ ეს კეთდება იმისთვის, რომ სხვა თემები გადაფარონ, მაგალითად, როცა ოპოზიცია ეუბნება „ოცნებას“, რომ ისინი რუსული ძალა არიან და ასე შემდეგ.

„ქართული ოცნების“ მიზანია წარმოაჩინოს, რომ არის პატრიოტული ძალა, ხოლო ოპოზიცია და განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც არაპატრიოტული ძალა. ცუდი ის არის, რომ ამ ქმედებებმა დატოვა შთაბეჭდილება ისეთი, როგორიც იყო სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში „ფოტოგრაფები საქმე“. დაახლოებით ამ გზით მიდის ახლა „ქართული ოცნება“.

  • გვახსოვს, რა მოხდა „ფოტოგრაფების საქმის“ შემდეგ… დღეს რა მოლოდინი გაქვთ და რამდენად გაჩნდა მინიმუმ იმის პირობა, რომ პოლარიზება ამ არჩევნების შემდეგ ისევ არ პროგრესირდეს? 

უკვე არსებობენ პატარა პარტიები, რომლებიც გარკვეულ ხმებს მიიღებენ და არც ერთ დიდ პარტიას, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ მარტო შეკრას კოალიცია და ისევ ერთპარტიულ სისტემას დავუბრუნდეთ. მე ვისურვებდი ამას დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე.

რაც მთავარია, საქართველოს ახლა განსაკუთრებით სჭირდება არა ხისტი, არამედ კონსესუსისკენ მიდრეკილი პოლიტიკოსები. საპარლამენტო სისტემაზე გადასვლასთან ერთად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ეს. თუმცა ჯერჯერობით ამის ნაბიჯებს ვერ ვხედავ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი