საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანებით, ის პირები, რომლებიც 26 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით დატოვებენ სამკურნალო დაწესებულებას ან ამოეწურებათ კარანტინში ყოფნის ვადა, აიღებენ ოფიციალურ ცნობას კლინიკის/სასტუმროს დატოვების შესახებ. ამ ცნობით მათ ექნებათ უფლება შესაბამის საარჩევნო უბანზე მისცენ ხმა.
„ცნობა გაიცემა პირზე, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით ინფიცირების ან პრევენციის გამო მოთავსებული იყო სტაციონარში ან საკარანტინო სივრცეში და გამოჯანმრთელდა ან ამოეწურა სარაკანტინო სივრცეში სავალდებულო ყოფნის ვადა 2020 წლის 26 ოქტომბრიდან 2020 წლის 30 ოქტომბრის პერიოდში.
2020 წლის 31 ოქტომბერს არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად, დამტკიცდეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული, კოვიდინფიცირებული და საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირების მიერ მოცემული ადგილსამყოფლის (სტაციონარი, საკარანტინო სივრცე) დატოვების ფაქტის შესახებ ცნობა“, – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.
ცესკოს დადგენილებით, ის პირები, რომლებიც 27 ოქტომბრის დღის 2 საათის მდგომარეობით იმყოფებიან კოვიდკლინიკებში ან კარანტინში, შეჰყავთ სპეციალურ სიაში და მათ განთავსების ადგილზე მიუტანენ საარჩევნო ყუთს 31 ოქტომბერს.
ჯანდაცვის მინისტრის ახალ ბრძანებამდე კი, ის პირები, რომლებიც იქნებოდნენ სპეცსიაში და 27 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრამდე გამოჯანმრთელდებოდნენ და დატოვებდნენ კოვიდკლინიკას/სასტუმროს, საარჩევნო უბანზე ხმას ვეღარ მისცემდნენ. მინისტრის ბრძანებით, ხმის მიცემა უკვე აღნიშნული ცნობის საფუძველზე შესაძლებელი იქნება.
ცნობა გაიცემა ყველა საარჩევნო უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) პირზე.

ცნობის დამტკიცებული ფორმა
მინისტრის ბრძანების მიხედვით:
- ცნობა ივსება დაწესებულების პასუხისმგებელი პირის (პაციენტის მკურნალი ექიმის ან ამ დაწესებულების სხვა უფლებამოსილი პირის) მიერ და დასტურდება პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- ცნობა ივსება 2 იდენტურ ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი რჩება დაწესებულებაში, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა პირს, რომლის მიმართაც ამ ბრძანების შესაბამისად მომზადდა ცნობა, საჭიროებისამებრ საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით წარსადგენად.
- ამ ბრძანებით გათვალისწინებული დაწესებულებები, წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრულ ცნობას გასცემენ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და წინამდებარე ბრძანებით მინიჭებული შესაბამის უფლებამოსილი უწყების სახელით.
- ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული სტაციონარული დაწესებულებების ინფორმირება, პორტალის საშუალებით; ხოლო საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს – საკარანტინო სივრცეების სათანადო ინფორმირება.
საარჩევნო კოდექსის მუხლი 199 ნახეთ აქ:
მუხლი 199. ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით განსაზღვრული ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიება და ვადა
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-10 დღისა ცესკოს გადასცეს ინფორმაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების რაოდენობისა და მათი განთავსების ადგილების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიწოდებული ინფორმაციისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ცესკოსადმი გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე ცესკო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ განთავსების ადგილებში კენჭისყრის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ.
3. ცესკოს მიერ ზემოხსენებულ ადგილებში კენჭისყრის გამართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში:
ა) სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობენ:
ა.ა) საქართველოს პარლამენტის პროპორციული წესით გასამართ არჩევნებში;
ა.ბ) საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული წესით გასამართ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ამ პუნქტით განსაზღვრული მათი ადგილსამყოფელი ერთი და იმავე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია განთავსებული;
ა.გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული წესით გასამართ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ამ პუნქტით განსაზღვრული მათი ადგილსამყოფელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზეა;
ა.დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული წესით გასამართ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ამ პუნქტით განსაზღვრული მათი ადგილსამყოფელი ერთი და იმავე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია განთავსებული;
ა.ე) მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ამ პუნქტით განსაზღვრული მათი ადგილსამყოფელი ერთი და იმავე მუნიციპალიტეტის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია განთავსებული;
ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა ცესკოს გადასცეს იმ პირთა სია, რომლებიც კენჭისყრის დღისათვის საკარანტინო სივრცეებში/ახალი კორონავირუსით ინფიცირების გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში იქნებიან განთავსებული;
გ) კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-3 დღისა, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადმოცემული მონაცემებისა და შესაბამისი სპეციალური ჯგუფის წევრების მონაცემების საფუძველზე ცესკოს მიერ მტკიცდება სპეციალური სიები, რომლებში შეყვანილი ამომრჩევლების გვარისა და სახელის გასწვრივ ამომრჩეველთა ერთიან სიაში კეთდება ჩანაწერი „გადაყვანილია სპეციალურ სიაში“;
დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამომრჩეველი, რომელიც გადაყვანილია სპეციალურ სიაში, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადების შემთხვევაში ვალდებულია წარადგინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ადგილსამყოფლის დატოვების ფაქტი და თარიღი. აღნიშნული ცნობა თან ერთვის საარჩევნო დოკუმენტაციას;
ე) სპეციალურ სიაში შეყვანილ სპეციალური ჯგუფის წევრებზე საარჩევნო ბიულეტენების სახეობები გაიცემა იმავე წესით, რომელიც ამ კანონით განსაზღვრულია სპეციალურ სიაში შეყვანილი სხვა საარჩევნო კომისიის წევრებისათვის;
ვ) ამ მუხლით განსაზღვრულ სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი ხმას აძლევს გადასატანი ყუთის მეშვეობით ან ამ მუხლით განსაზღვრულ ადგილსამყოფელში შექმნილ საარჩევნო უბანზე. ცესკო დადგენილებით წყვეტს აღნიშნულ საკითხს, ასევე სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის, საჭიროების შემთხვევაში ძირითად საარჩევნო უბანზე მიმაგრების, კენჭისყრის დღის ხანგრძლივობის, ხმების დათვლის, დამკვირვებელთა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მონაწილეობასთან დაკავშირებულ და კენჭისყრის პროცედურებისა და შემაჯამებელი ოქმის შედგენასთან დაკავშირებულ საკითხებს.
4. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არჩევნების ჩასატარებლად, ასევე სხვა საარჩევნო კომისიებში ისეთი გარემოების დადგომისას, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული გარემოების გამო საარჩევნო კომისიის წევრი (წევრები) ან მთელი საარჩევნო კომისია ვერ ასრულებს (ასრულებენ) თავის (თავიანთ) მოვალეობას, ცესკო სხდომაზე დამსწრეთა ხმების არანაკლებ 2/3-ის საფუძველზე განკარგულებით ქმნის სპეციალურ ჯგუფს (სპეციალურ ჯგუფებს) და ამტკიცებს მის (მათ) შემადგენლობას და მისი (მათი) უფლებამოსილების ფარგლებს. სპეციალური ჯგუფი შედგება 12 წევრისაგან (საჭიროებისამებრ, ნაკლებ ოდენობას განსაზღვრავს ცესკო). სპეციალური ჯგუფის წევრები უნდა შეესაბამებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ჯგუფის წევრთა ნახევარს, მათ შორის, სპეციალური ჯგუფის ხელმძღვანელ პირებს, ნიშნავს ცესკო ჯგუფის შექმნისთანავე. მეორე ნახევარს ჯგუფის შექმნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრამდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები − იმავე დღეს ნიშნავენ პარტიები, რომელთაც ამ კანონით უფლება აქვთ, დანიშნონ კომისიის წევრები. თუ ამ პუნქტით დადგენილ ვადაში პარტია აღნიშნულ უფლებას არ გამოიყენებს, ცესკოს უფლება აქვს, სპეციალური ჯგუფი საჭიროებისამებრ, დადგენილ ოდენობამდე შეავსოს სპეციალური ჯგუფის წევრების დანიშვნის გზით.
5. ცესკო უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილებით განსაზღვროს:
ა) ამ კანონით უფლებამოსილ პირთათვის საარჩევნო კომისიების კუთვნილ ან/და საარჩევნო კომისიებისათვის გადაცემულ შენობებში შესვლის/გამოსვლის და შენობებში ყოფნის/გადაადგილების ისეთი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამის უწყებათა მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით;
ბ) საარჩევნო კომისიების წევრთათვის, საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთათვის, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთათვის, დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებელთათვის და აკრედიტაციის მქონე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებისათვის კენჭისყრის შენობაში თერმოსკრინინგის ჩატარების პირობები, ტემპერატურის დაფიქსირების დროს განსახორციელებელი ქმედებები, ასევე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების (მათ შორის, ამომრჩევლების) მიერ პირბადის სავალდებულო გამოყენების, სადეზინფექციო საშუალებების გამოყენების, საჭიროებისამებრ, სოციალური დისტანცირების დაცვის წესები და ზემოაღნიშნულ პირთა მიერ ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევებში მისაღები გადაწყვეტილებები. ცესკოს მიერ პირბადის ტარების ვალდებულების დადგენის შემთხვევაში ცესკო უზრუნველყოფს პირბადეების გადაცემას შესაბამისი პირებისათვის. პირბადის გარეშე პირი კენჭისყრის/საარჩევნო კომისიის შენობაში არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირბადის ტარება შეუძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რისი დადასტურებაც პირის მიერ უნდა მოხდეს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტით;
გ) ამ მუხლით განუსაზღვრელი სხვა ისეთი საკითხები, რომლებიც საარჩევნო პროცესის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვასთან ერთად უზრუნველყოფს ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციას.
6. ცესკო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნისა და კენჭისყრის გამართვის მიზანშეწონილობის შესახებ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, სხვა სახელმწიფოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.