მთავარი,სიახლეები

ვის მისცემს ხმას ბათუმი პარლამენტში მოსახვედრად – დეპუტატობის 21 კანდიდატი

28.10.2020 •
ვის მისცემს ხმას ბათუმი პარლამენტში მოსახვედრად – დეპუტატობის 21 კანდიდატი

ბათუმის #28 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 21 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. 21 კანდიდატიდან მხოლოდ ერთი გახდება ბათუმის მიერ არჩეული პარლამენტარი. ვინ არიან კანდიდატები? – „ბათუმელები“ გაგაცნობთ მათ ვინაობას.

  • რესან კონცელიძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. რესან კონცელიძე 57 წლისაა, პროფესიით იურისტია. 27 წელია იგი სამართალდამცავ სისტემაში მუშაობს, სხვადასხვა წლებში იყო აჭარის პროკურორი, აჭარის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი, ბოლო წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.
  • ლევან ვარშალომიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ვარშალომიძე 48 წლისაა, იგი სამართალმცოდნეა პროფესიით. 2004-2012 წლებში ლევან ვარშალომიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო, ბოლო დროს იგი უკრაინაში, ეროვნული საინვესტიციო საბჭოს მდივანი იყო. 2016 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ლევან ვარშალომიძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის პირველი ნომერი იყო, თუმცა მან არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან მალევე თქვა უარი დეპუტატის მანდატზე.
  • არმაზ ახვლედიანი -„ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ კანდიდატი. არმაზ ახვლედიანი პროფესიით პოლიტოლოგია, არის თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამაარსებელი, ლექტორი. ახვლედიანი ორი მოწვევის პარლამენტარი იყო – 1995-1999 და 1999-2004 წლებში. პარლამენტში იგი ჯერ „მოქალაქეთა კავშირს“ წარმოადგენდა, შემდეგ – „აღორძინების კავშირს“. 2013-2016 წლებში არმაზ ახვლედიანი იყო პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს მდივანი. 2016 წელს მან „ქართული ოცნება“ დატოვა და განაცხადა, რომ „ოცნება“ აფერხებს პოლიტიკური პროცესის განვითარებასა და ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას.
  • ირაკლი კუპრაძე – „ლელო – მამუკა ხაზარაძის“ კანდიდატი. კუპრაძე ყველაზე ახალგაზრდაა ბათუმის მაჟორიტარ კანდიდატებს შორის, იგი 26 წლისაა. ირაკლი კუპრაძე პროფესიით იურისტია. რამდენიმე წელია სამოქალაქო აქტივისტია, მისი ინტერესების სფერო იყო შრომითი უფლებები და მწვანე პოლიტიკა. ასევე, ირაკლი კუპრაძე იყო სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი.
  • იაგო ხვიჩია – „გირჩის“ კანდიდატი. იაგო ხვიჩია 38 წლისაა, პროფესიით იურისტია. იგი „გირჩის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. იგი ამბობს, რომ არჩევის შემთხვევაში ბათუმი პირველი ქალაქი იქნება საქართველოში, სადაც კოფიშოპი გაიხსნება.
  • გენრი დოლიძე – „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეების“ კანდიდატი. იგი 31 წლისაა. გენრი დოლიძე პროფესიით იურისტია, თუმცა მას ბათუმში იცნობენ როგორც პოეტს, პიესების ავტორსა და ბათუმის ლიტერატურული კლუბის დამაარსებელს. 2018-2019 წლებში იყო ჰიბრიდული ომისა და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული პროექტის  რეგიონული მენეჯერი, 2018-2020 წლებში კი „სამოქალაქო მოძრაობის“ აჭარის რეგიონული მენეჯერი.

ასევე, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან:

  • ზაურ გაბაიძე – „პატრიოტთა ალიანსის“  კანდიდატი
  • რამაზ ადაძე – „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტიის“ კანდიდატი
  • ტარიელ კალანდარიშვილი – „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატი
  • ჯეირან ოქროპირიძე – „რეფორმერის“  მაჟორიტარობის კანდიდატი
  • მადონა შაინიძე – „ბეჟან გუნავა – ქართული არჩევანის“ კანდიდატი
  • იზა სურმანიძე – „ირაკლი ოქრუაშვილი – გამარჯვებული საქართველოს“ კანდიდატი
  • მარიამ ჯაში – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ კანდიდატი
  • ზურაბ ჯორბენაძე –  „საქართველოს“ კანდიდატი
  • ლაზარე ზაქარიაძე – „ახალი ძალის“ კანდიდატი
  • ვახტანგ კახიძე – „ქართული ფესვების“ კანდიდატი
  • ირაკლი ქორელი – „შეცვალე საქართველოს” კანდიდატი
  • ტარიელ მახარაძე – „ლევან ჩაჩუა, გურამ ფალავანდიშვილი – ქართული იდეის“ კანდიდატი
  • რამაზ ფევაძე – „ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატი
  • ნატალია ძიძიგური – „ზვიად ძიძიგური – საქართველოს კონსერვატიული პარტიის“ კანდიდატი
  • თემურ მახარაძე – „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობის“  კანდიდატი.

ბათუმში სულ 147 292 ამომრჩეველია. კანდიდატს გამარჯვებისთვის სჭირდება მიცემულ ხმათა ნახევარზე მეტი – 50 პროცენტს პლუს თუნდაც ერთი ხმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმს მეორე ტურში მოუწევს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა. მეორე ტურში არჩევანის გაკეთება შესაძლებელი იქნება იმ ორ კანდიდატს შორის, ვინც პირველ ტურში ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შაბათს, 31 ოქტომბერს გაიმართება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: