შიდა აუდიტის დასკვნის მონაცემებით, 2021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2 ათასზე მეტი სტატუსშეჩერებული და 7 ათასამდე აქტიური სტუდენტი ჰყავს.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პანდემიის პერიოდში სტუდენტის სტატუსი არავის შეჩერებია.
„ეს ის სტუდენტები არიან, რომელთაც სტატუსი შეუჩერდათ 2003-2019 წლებში. მათგან ნაწილმა აღიდგინა სტატუსი და შემდეგ ისევ შეიჩერა სხვადასხვა მიზეზის გამო“, -გვითხრეს უნივერსიტეტში.
ბსუ-ს ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, რომ სტუდენტს 5 წლის ვადაში შეუძლია შეჩერებული სტატუსის აღდგენა და შემდეგ ისევ შეჩერება. „აღდგენა ხდება მობილობის პროცესში პირადი განცხადების საფუძველზე ფინანსური დავალების გადახდის შემდგომ.“
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებით, სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია: აკადემიური შვებულება; ავადმყოფობა; უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა; ფინანსური დავალიანება ან დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება. სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი.
უნივერსიტეტის შიდა აუდიტის დასკვნის მიხედვით, უნივერსიტეტში 14 პროფესიულ, 34 საბაკალავრო, 23 სამაგისტრო და 12 სადოქტორო, ასევე პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრისა და ორ ერთსაფეხურიან (ინლისური და ქართული ენა) აკრედიტირებულ პროგრამაზე 7 ათასამდე აქტიური სტუდენტია დარეგისტრირებული.
მათ შორის:
იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს 958 სტუდენტი;
ეკონომიკისა და ბიზნესის – 1 184 სტუდენტი,
ტურიზმის ფაკულტეტზე – 624,
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – 1 261,
საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტზე – 1 497,
ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტზე – 667.
ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე – 528,
პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში სწავლობს – 280 სტუდენტი.
2020 წელს უნივერსიტეტში ჩაირიცხა 1 794, ხოლო სრული კურსი დაასრულა 1068 სტუდენტმა.
„ანტილიბერალური განწყობა მამაკაცებში უფრო გამოკვეთილია, ვიდრე – ქალებში“, პატრიარქალური განწყობა, ქონების გაყოფისას ვის დარჩეს ბინა, ბიჭს თუ გოგოს, აშკარაა სამეგრელოში, აჭარასა და თბილისში კი, მეტად იხრებიან თანასწორობისკენ,“ – ეს და სხვა საინტერესო მიგნებები კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომელიც ჩაატარა ორგანიზაციამ „ლიბერალური აკადემია – თბილისი“.
კვლევა ანტილიბერალურ განწყობებზე თბილისში, აჭარასა და სამეგრელოში ჩატარდა, სადაც 600-600 ადამიანი გამოკითხეს. კვლევის შედეგებზე სასაუბროდ დღეს, 29 ივნისს, „ლიბერალური აკადემიის“ წარმომადგენლებმა ბათუმის დემოკრატიულ ცენტრში შეხვედრა გამართეს.
„გამოიკვეთა მნიშვნელოვანი სხვაობები რეგიონებს შორის.
სხვაობა აშკარაა აჭარაში ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორისაც კი,“ – აღნიშნა შეხვედრაზე კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ლაშა ტუღუშმა.
ის კვლევაზე დაყრდნობით ამბობს, რომ თბილისსა და რეგიონებშიც პოპულისტური ძალებისთვის ხელსაყრელი გარემოა, რადგან აშკარაა „ულტრა-კონსერვატიული შეხედულებების მოჭარბება“.
„სამივე რეგიონში უმრავლესობა წინააღმდეგია უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭების და მათთვის მიწის მიყიდვაზე. ეს განწყობა ვრცელდება „უცხოელთა“ ყველა ჯგუფზე [თურქები, რუსები, ევროპელები]… ავტორიტარულ ლიდერზე სამივე რეგიონში არსებობს მოთხოვნა. სამეგრელოსა და აჭარაში პატერნალისტური განწყობა დომინირებს, თბილისში კი ინდივიდუალისტური განწყობა უფრო ძლიერია,“ – ვკითხულობთ კვლევაში.
კვლევის ავტორების ყურადღება აჭარამ მიიქცია იმითაც, რომ ამ რეგიონში, განსაკუთრებით ქრისტიანი მოსახლეობა, კეთილგანწყობილია რუსეთის მიმართ [გამოკითხულთა 71 პროცენტი].
ამავდროულად, აჭარაში ყველაზე მაღალია ნდობა ევროკავშირის მიმართ – 66.5 %, თბილისი – 54.1%, სამეგრელო – 63.7%. ევროკავშირის მიმართ ნდობა აჭარაში გაცილებით მაღალი აქვს მუსლიმ მოსახლეობას [76,70%], ვიდრე ქრისტიან მოსახლეობას[60, 70 %].
გამოკითხვის საგანი იყო ნდობა სახელმწიფო ორგანოების მიმართ.
„სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა კი, თანაც დიდი სხვაობით, ყველაზე გამოკვეთილად აჭარის მუსლიმ მოსახლეობაში გამოვლინდა.
კერძოდ, აჭარაში გამოკითხულ მუსლიმებში ნდობის ყველაზე დიდი მაჩვენებელია პარლამენტის, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტების მიმართ, როგორც აჭარელ ქრისტიანებთან, ასევე სამეგრელოსა და თბილისის მოსახლეობასთან შედარებით.
მაგალითად, თუ პრეზიდენტს მუსლიმი ქართველების 54% ენდობა, აჭარის ქრისტიანებში ეს მაჩვენებელი 30.2%-ია, სამეგრელოში – 21.1%, თბილისში კი მხოლოდ 14.6%,“ – აღნიშნულია კვლევაში.
კვლევის მიხედვით თბილისში, აჭარასა და სამეგრელოში დაახლოებით მესამედი ფიქრობს, რომ „ქართულ ტრადიციებს ამერიკა უქმნის საფრთხეს, ევროკავშირიდან კი ამ საფრთხეს დაახლოებით მეოთხედი ელის“.
აჭარაში გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, თურქეთია ქართული ტრადიციების მტერი.
„რუსეთიდან საფრთხეს მოელის აჭარისა და თბილისის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი, სამეგრელოში კი მხოლოდ 19%… სამივე რეგიონში გამოკითხულთა მოსაზრებით, ამჟამად საქართველოში საფრთხე ემუქრება როგორც დემოკრატიას, ასევე ადამიანის უფლებებსა და ქართულ ტრადიციებს. ყველაზე მტკივნეულად ამ განცდას თბილისში აღიქვამენ,“ – წერია კვლევაში.
გამოკითხულ ადამიანებს ნაკლებად სჯერათ, რომ თურქებს, რუსებს და ჩინელებს საქართველოსთვის კარგი სურთ, ხოლო „საუკეთესო მართლმადიდებლები ქართველები არიან“.
გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მისაღებია შვილის ქორწინება გერმანელთან, უკრაინელთან და რუსთან, მაგრამ მიუღებელია – თურქთან და ჩინელთან. აფხაზთან, ოსთან და მუსლიმ ქართველთან ქორწინებაზე კი გამოკითხულთა მოსაზრება გაიყო.
ყველაზე კატეგორიული ამ თვალსაზრისით სამეგრელოა, სადაც გამოკითხულთა 74% მუსლიმ ქართველთან შვილის ქორწინებას ეწინააღმდეგება (რაც აჭარის მაჩვენებელს თითქმის 4-ჯერ აჭარბებს). ამ თვალსაზრისით ძირითადი დაბრკოლება რელიგიური ფაქტორია.
გამოკითხვის დროს ადამიანებისთვის ასევე უკითხავთ: ვინ იქნებოდა მათთვის ყველაზე არასასურველი მეზობელი?
„არასასურველი სოციალური ჯგუფის პირველი სამეული სამივე რეგიონში იდენტურია: ნარკომანები, ჰომოსექსუალები, კრიმინალები, თუმცა თბილისსა და აჭარაში ყველაზე არასასურველად კრიმინალი მეზობელი მიიჩნევა, სამეგრელოში კი ასეთად ჰომოსექსუალებს მოიაზრებენ.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ყველაზე მეტად კონსენსუსი არ არსებობს საკითხზე – რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანი ქართველად ჩაითვალოს? კვლევის პროცესში ორი ძირითადი ფაქტორი გამოკვეთილა: თავად მიაჩნდეს თავი ქართველად ან ერთი მშობელი მაინც ჰყავდეს ქართველი. არც ერთ მოსაზრებას არა აქვს გამოკითხულთა მესამედზე მეტის მხარდაჭერა.
აჭარაში გამოკითხულ ერთ მუსლიმ კაცს კი ეს უთქვამს: „ქართველობა იგივდება მხოლოდ მართლმადიდებლობასთან… თუ მართლმადიდებელი არ ხარ, ვერ იქნები სრულყოფილი ქართველი“, – ვკითხულობთ კვლევაში.
კვლევაში ხაზგასმულია ისიც, რომ აჭარაში ფოკუსჯგუფებში რესპონდენტები დელიკატურად საუბრობენ რეგიონში მოსახლეობის რელიგიურ განსხვავებაზე და ქრისტიან და მუსლიმ ქართველებს შორის ჰარმონიულ ურთიერთობებზე.
„ზოგჯერ ხდება თემების პოლიტიზება და მაშინ წარმოიქმნება პრობლემები“, „როცა საკითხების პოლიტიზება და ქულების დაწერა ხდება, მაგალითად, მეჩეთების მშენებლობასთან დაკავშირებით, ეს ძალიან ურტყამს მუსლიმ თემს,“ „მუსლიმანი ვერ იქნება ბოლომდე ქართველი ტრადიციებიდან, კულტურიდან გამომდინარე. ეგენი არიან ღრმა მუსლიმები, რომელთაც ტვინი გამოურეცხეს თურქეთში,“ „თავის დროზე ეკლესია ხელს უწყობდა ულტრამემარჯვენე შეხედულებების პოპულარიზაციას. ხიჭაურში მოქმედი უნივერსიტეტი ძალიან სახიფათოა და ემსახურება ქსენოფობიური, ანტიისლამური განწყობის ჩამოყალიბებას, რაც, საბოლოო ჯამში, აუცილებლად შედეგს გამოიღებს,“ – ეს ფრაზები აჭარაში გამოკითხვის დროს უთქვამთ ადამიანებს.
რაც შეეხება ნდობას, სამივე რეგიონში ეკლესიას, ჯარს, ლიბერალური ტიპის ორგანიზაციებს და მედიას უფრო ენდობიან, ვიდრე სახელისუფლებო ორგანოებს, სასამართლოს, პარლამენტის და პრეზიდენტის ნდობის მაჩვენებელი კი, დაბალია.
კვლევის მიხედვით, აჭარაში ყველაზე მეტად ენდობიან ხელისუფლებას სამეგრელოსთან და თბილისთან შედარებით.
რომელი ქვეყანაა ჩვენი მეგობარი სამხედრო თვალსაზრისით? – ამ კითხვაზეც განსხვავებული პასუხები დაფიქსირებულა რეგიონებს შორის. აჭარაში გამოკითხულებს უთქვამთ, რომ ყველაზე კარგი მეგობარი საქართველოსთვის უკრაინაა.
„სამხედრო თვალსაზრისით სამივე რეგიონში ყველაზე ძლიერად ამერიკა მიაჩნიათ, მეორე ადგილს რუსეთი იკავებს. აჭარაში ამერიკისა და რუსეთის სამხედრო ძალას თითქმის თანაბრად აფასებენ, მცირედი უპირატესობა ამერიკას აქვს, თუმცა აჭარელი ქრისტიანები ამ თვალსაზრისით მცირე უპირატესობას რუსეთს ანიჭებენ. საქართველოს მთავარ მტრად სამივე რეგიონში რუსეთი მიიჩნევა. თბილისსა და სამეგრელოში მთავარი მეგობარი ამერიკაა, აჭარაში – უკრაინა.
აჭარელი ქრისტიანებისთვის მთავარ მეგობრებს შორის მეორე ადგილზე, უკრაინის შემდეგ, რუსეთია, ამერიკა კი – მესამეზე.
მუსლიმი ქართველებისთვის მთავარი მეგობრების სამეული ასე გამოიყურება: უკრაინა, ამერიკა და თურქეთი,“ – ვკითხულობთ კვლევაში.
აჭარა ამ კვლევის მიხედვით ყველაზე შემწყნარებელი აღმოჩნდა:
„აჭარაში გამოკითხულთა 70.3% მომხრეა, მუსლიმ ქართველებს ჰქონდეთ მეჩეთების შენებისა და რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის შესაძლებლობა [რასაც სრულად ეთანხმება 22.8%]. თბილისში ამ დებულებას იზიარებს გამოკითხულთა 61.7% [მათგან სრულად ეთანხმება 30%], ხოლო სამეგრელოში – 26.8% [მათგან სრულად ეთანხმება მხოლოდ 3.4%], რაც აჭარის მაჩვენებელზე თითქმის სამჯერ ნაკლებია.
სამ რეგიონს შორის აჭარა გამოირჩევა რელიგიური შემწყნარებლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, თუმცა ტოლერანტობის ხარისხი ბევრად ძლიერია რეგიონში მცხოვრებ მუსლიმებში, ვიდრე ქრისტიანებში [30%-იანი სხვაობაა],“ – წერია კვლევაში.
აჭარაში თანხმობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირებულა ამ კითხვაზეც: რამდენად ამაყობთ, რომ ქართველი ხართ? – თბილისსა (64%) და სამეგრელოსთან (64.3%) შედარებით, აჭარის რეგიონში ყველაზე გამოკვეთილია სიამაყის განცდა (79.6%).
აჭარაში გამოკითხულთა 64,9 პროცენტი ენდობა ჟურნალისტებსაც. ეს მაღალი მაჩვენებელია თბილისთან [40.7%] და სამეგრელოსთან [59.3 %] შედარებით. მედიის მიმართ ნდობა განსაკუთრებით მაღალია აჭარის რეგიონის მუსლიმ თემში.
პროკურატურის ცნობით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული ლ.კ. დამნაშავედ ცნო.
გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 მარტს, აბაშის რაიონში, ლ.კ.-მ წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ა.ჩ. გააუპატიურა.
სამართალდამცველებმა ლ.კ. 11 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სენაკის რაიონულმა სასამართლომ ლ.კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – იუწყება პროკურატურა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო „ნამახვანჰესის“ მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის მიზნით, იურიდიულ მომსახურებას ტენდერის გარეშე შეისყიდის. შესყიდვის ღირებულება 70 800 აშშ დოლარია.
„მნიშვნელოვანია, რომ იურიდიული მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს ენერგეტიკის სფეროში მაღალკვალიფიციური საერთაშორისო იურიდიული კომპანიისაგან; ხოლო იმ ფონზე, როცა მაღალი რეიტინგის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე კონსულტანტები თავს იკავებენ სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობის მიღებისაგან, იზრდება სახელმწიფო ტენდერის ჩაშლის რისკი“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განაცხადში.
იუსტიციის სამინისტრომ, თანხმობის მიღების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დღეს, 29 ივნისს, მიმართა. განაცხადში კომპანია, ვისთან აპირებს ხელშეკრულების გაფორმებას, სამინისტროს დაკონკრეტებული არ აქვს.
იუსტიციის სამინისტროს განაცხადის მიხედვით:
„ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების პროექტი, რომელიც უცხოური ინვესტიციებით (800 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია) ხორციელდება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური (433 მგვტ) პროექტია. ამ პროექტის წარმატებით რეალიზება მეტად ღირებულ წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის პროცესების განვითარებაში.
„ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის თაობაზე მოსახლეობის მწვავე საპროტესტო აქციების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების პირობები.
აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა უნდა შეჩერდეს; პროექტის შეჩერება კი, მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოს მთავრობის ინტერესებს, როგორც სამართლებრივი და ფინანსური თვალსაზრისით, ისე სამომავლოდ ენერგოდამოუკიდებლობის პოლიტიკის განვითარების კუთხით.
ამდენად, „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების პროექტის სახელმწიფოებრივი და მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამასთან, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის თაობაზე მოსახლეობის მწვავე საპროტესტო აქციები საგრძნობლად აფერხებს ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის პროცესებს, „ნამახვანის“ პროექტის სხვადასხვა ასპექტის შესწავლასთან ერთად, უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად განისაზღვრა, აგრეთვე, „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შედარებით-სამართლებრივი ანალიზის განხორციელება მითითებული ხელშეკრულების პირობების შემდგომი გაუმჯობესებისათვის.
ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აქვს მთავრობის მონაწილეობით გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელების კომპეტენცია, ხოლო მოცემული ღონისძიების ფარგლებში უნდა შემოწმდეს „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შესყიდულ იქნეს ენერგეტიკის სფეროში მდიდარი გამოცდილების მქონე საერთაშორისო იურიდიული კომპანიის იურიდიული მომსახურება.“
„ენერგეტიკის სფეროში დიდი გამოცდილების მქონე საერთაშორისო იურიდიული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა/რეკომენდაციები (LO) უცილობელ და ღირებულ დახმარებას გაუწევს საქართველოს მთავრობას, მოკლე დროში განაახლოს ინვესტორთან მოლაპარაკებები „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების კონკრეტული პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ამდენად, „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის შეფერხების ან „ნამახვანის“ პროექტის წარუმატებლად განხორციელების შემთხვევაში, მისი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, არსებობს რისკი იმისა, რომ მნიშვნელოვნად დაზიანდეს სახელმწიფოებრივი ინტერესები. არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, საკითხი წარმოადგენს საგამონაკლისო შემთხვევას და იგი წინასწარ ვერ დაიგეგმებოდა“, – აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.
სამინისტროს ინფორმაციით, „ხელშეკრულების შესწავლა განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის განმავლობაში. პერიოდი – არაუგვიანეს 2021 წლის პირველ სექტემბრამდე.
„ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე“ ხელშეკრულება საქართველოს მთავრობას, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, სს „ნამახვანს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და შპს „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა.
პირველი ივლისიდან Wizz Air-ის ბაზა ქუთაისში ბრუნდება – ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
„Wizz Air-ი ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 6 მიმართულებით შეასრულებს:
მილანი
პრაღა
ათენი
სალონიკი
ლარნაკა
მემინგენი
პირველ ეტაპზე, ეპიდსიტუაციიდან და ევროპის ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება, ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან კი რეისების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება,“ – იუწყება ეკონომიკის სამინისტრო.
განათლების მინისტრის ბრძანებით, მაგისტრანტობის კანდიდატები, რომელთაც გამოცდის დღისთვის დადასტურებული ექნებათ COVID 19-ის ინფექცია, გამოცდაზე არ დაიშვებიან.
ამავე ბრძანებით, გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, მაგისტრანტობის კანდიდატებს დამატებით ჩაუტაროს ტესტირება საერთო სამაგისტრო გამოცდის იმ ნაწილში (ნაწილებში), რომელსაც ისინი ვერ დაესწრნენ COVID 19-ის ინფექციის დადასტურების გამო.
ცენტრი ასევე უფლებამოსილია ელექტრონულად, დაცული დოკუმენტის სახით, გამოცდის წინა დღეს მიაწოდოს მაგისტრანტობის კანდიდატთა თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.
„საგამოცდო პერიოდში ცენტრი უფლებამოსილია დაცული ფორმით ყოველდღიურად მიიღოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისაგან ინფორმაცია, რომელ მაგისტრანტობის კანდიდატს დაუდასტურდა COVID 19-ის ინფექცია საერთო სამაგისტრო გამოცდამდე 14 დღის განმავლობაში.
ცენტრი უზრუნველყოფს იმ მაგისტრანტობის კანდიდატის მონაწილეობას დამატებით გამოცდაზე, რომლებიც ვერ შეძლებენ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სულ მცირე ერთი დღე-ღამით ყოფნის ან ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო“, – ნათქვამია ბრძანებაში.
ამავე ბრძანებაში წერია, რომ მაგისტრანტობის კანდიდატმა სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი ცენტრში უნდა წარადგინოს შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
„თუ მაგისტრანტობის კანდიდატს კოვიდით ინფიცირებამდე ჩაბარებული აქვს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის მხოლოდ ნაწილი, ცენტრი უზრუნველყოფს მისთვის მხოლოდ საერთო სამაგისტრო გამოცდის დარჩენილი ნაწილის/ნაწილების ჩატარებას.
დამატებითი გამოცდისას გამოყენებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება“, – წერია მინისტრის ბრძანებაში.
ამავე წყაროს მიხედვით, მაგისტრანტობის კანდიდატისათვის COVID19-ის ინფექციის დადასტურების თაობაზე ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის და დაცული ფორმით ეცნობება მხოლოდ იმ საგამოცდო ცენტრის შესაბამის თანამშრომელს, სადაც მაგისტრანტობის კანდიდატი აბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდას.
„ცენტრის მიერ მიღებული მონაცემები ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება“.
ბათუმში, „შანხაის დასახლებაში“, შავშეთის ქუჩაზე მდებარე სახლში ივნისის მცხუნვარე, მზიან ამინდშიც შეუძლებელია იმის გარკვევა, რა დროა გარეთ – დღეა თუ ღამე.
ბნელ სახლში შესასვლელად ასევე ბნელი დერეფანი უნდა გაიარო, სადაც სველ კედლებს ნესტის სუნი ასდის, აქვე აშრობენ სარეცხს და იმ ნივთებსაც აქ ინახავენ, რომლებიც სივიწროვის გამო საცხოვრებელ სივრცეში არ ეტევა.
ვიდრე მასპინძელი ნათურას აანთებს და ოთახიდან შუქი გამოვა, დერეფნის კუთხეებში გაფენილი სარეცხის გარდა, უნდა მოერიდო ტაშტებს, ვედროებს და იქვე დასაწყობებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს.
ეს სახლი ეკუთვნის რესპონდენტს, რომელსაც თავისი სიდუხჭირის ამბის მოყოლა დიქტოფონთან მხოლოდ იმიტომ არ სურს, რომ ისიც არ დაკარგოს, რაც აქვს. მას სჯერა, რომ თუ ილაპარაკებს, პრობლემები შეექმნება.„შანხაის დასახლება“
აქ მცხოვრებთა უმრავლესობა სოციალურად დაუცველია. ზოგი ნატრობს, „ნეტა მისი პრობლემა მხოლოდ სიღარიბე, ჩაბნელებული, არაჯანსაღი საცხოვრებელი გარემო იყოს და ავადმყოფი ოჯახის წევრისთვის ყოველ თვე ძვირადღირებული წამლები არ სჭირდებოდეს“.
„შანხაის დასახლება“ ბათუმში
აქ ყველას თავისი ისტორია აქვს მოსაყოლი, თუმცა მათგან უმეტესობას ხმის ამოღებაც არ სურს.
„დავიღალეთ იმის გამეორებით, რაც ისეც ჩანს. შეხედეთ…“
აქ ამბობენ, რომ ბევრჯერ უამბეს თავიანთი გასაჭირი მათ, ვინც ირწმუნებოდა, რომ რაღაცის შეცვლა შეეძლო მათთვის.
ლაპარაკობდნენ პრობლემებზე ყოველი არჩევნების წინ, იღებდნენ დაპირებებს, თავადაც აძლევდნენ პირობას და ასრულებდნენ კიდეც, თუმცა ეს შეთანხმებები ყოველთვის უშედეგოდ სრულდებოდა, ამიტომაც ახლა აღარ სურთ საუბარი.
მათი უარი ან კატეგორიულია, ან გაღიზიანებული.
ზოგიერთი კი შიშობს, რომ თუ ილაპარაკებს, პრობლემები შეექმნება:
„მეუღლეს ოპერაცია გავუკეთეთ, დამიფინანსეს, ისეთი ბედი მაქვს, რამე რომ ვთქვა, რაც მაქვს, იმასაც დავკარგავ. სათქმელი როგორ არა მაქვს, სახლი თავზე მენგრევა, წვიმა ჩამომდის, ნეტა აქედან წავიდოდე, მეტი არაფერი მინდა.“
ხათუნა ბერიძე მათ შორისაა, ვინც საკუთარი ისტორიის მოყოლა გადაწყვიტა.
ხათუნა 11 წელია შანხაის დასახლებაში ქირით ცხოვრობს, ის ხუთი შვილის დედაა და ორ შშმ ბავშვს უვლის. სახელმწიფოსგან აქვს მხოლოდ სოციალურად დაუცველის სტატუსი და შესაბამისი დახმარება, რაც მისი და მისი შვილების საჭიროებებისთვის მიზერული თანხაა:
„შანხაის დასახლება იმიტომ ავირჩიე, რომ პირველი სართული, თანაც ეზოიანი სახლი მჭირდებოდა, შვილებს გარეთ გამოსვლის და ხალხთან კონტაქტის შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ.
240 ლარი მაქვს სოციალური დახმარება, ქირაში 320 ლარს ვიხდი, კომუნალური გადასახადების ჩათვლით.
მაძლევენ ორი ბავშვის დახმარებასაც პენსიის სახით. უფროსი 24 წლისაა.
მინდა, რომ წამლის ყიდვა თავის დროზე შევძლო. მედიკამენტების ვაუჩერის სახით ვიღებთ წელიწადში 200 ლარს მხოლოდ. გარდა ამისა, თუ ერთ შშმ პირზე ვაუჩერი მივიღე, მეორისთვის აღარ მაძლევენ. არადა, ორივესთვის მჭირდება.
მეც დიაბეტიანი ვარ. ერთ თვეში ჩემთვის საჭირო მედიკამენტი რომ ვიყიდო, 180 ლარი მჭირდება“.
ხათუნა ბერიძე
ხათუნა გვიყვება, რომ ცოტა ხნის წინ დამატებითი დახმარების სათხოვნელად ბათუმის მერიის ტერიტორიული ერთეულის ოფისს მიაკითხა. იქ აუხსნეს, რომ განცხადების დატოვებას აზრი არ ჰქონდა – „მსგავსი პროგრამა არ გვაქვს და მაინც ვერ დაგაფინანსებთო.“
„ჩემთვის არაფერი მინდა, საჭმელს არ ვითხოვ, სასადილოში დავდივარ და იქიდან მოტანილი პური მყოფნის, ბავშვების მედიკამენტებისთვის არ მყოფნის ფული, რადგან ქირას ვიხდი.“ – ამბობს ხათუნა.
შანხაის დასახლებაში 35 წელია ცხოვრობს ნარიე ცენტერაძე. იგი ამბობს, რომ ბევრჯერ დაჰპირდნენ საცხოვრებელი გარემოს შეცვლას, ხან – მთავრობა, ხან – „მშენებელი ინვესტორები“, თუმცა უშედეგოდ. ახლა ის ოცნებობს, რომ შვილიშვილებმა მაინც უკეთეს გარემოში შეძლონ ცხოვრება.
„35 წელია აქ ვცხოვრობ. არჩევნები რომ მოდიოდა, აღებაა, აღებააო, არ დაგვადგა საშველი…
ახლა ისევ გვპირდებიან ყველაფერი მოგვარებულიაო და რა ვიცი.
ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ აქ რაიმე შევცვალოთ. საშუალება რომ გვქონდეს, აქ რა გაგვაჩერებდა. ახლა წამლები მჭირდება და ვერ ვყიდულობ. კორონავირუსი გადავიტანე ძალიან მძიმედ“.
ნარიე ცენტერაძე – „ერთი კარგი ამბავიც მაქვს, მთავრობამ საგზური მომცა, აბასთუმანში ვაპირებ წასვლას“
„შანხაის დასახლებაში“ არჩევნებიდან არჩევნებამდე ბავშვებიც ისმენენ დაპირებებს იმაზე, რომ მათი ცხოვრება შეიცვლება და ამ ცვლილებებს ისევე ელოდებიან, როგორც მათი მშობლები, ბებია-ბაბუები.
„შანხაის დასახლება“ ციტრუსის ძველი კომბინატის შენობების გარდა, სახელდახელოდ აშენებულ მცირემასშტაბიან შენობებსაც მოიცავს, მათგან ბევრი თუნუქითაა შეფუთული.
„შანხაის დასახლება“
გასულ კვირას ბათუმის საკრებულოს სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაციით „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობა იგეგმება. პროექტი ორწლიანია და ამ დროისთვის ბიუჯეტში მხოლოდ 250 000 ლარია გათვალისწინებული.
„შანხაის დასახლებაში“ ახლა ძალიან აინტერესებთ, ნამდვილად გეგმავს თუ არა მერია მათთვის კორპუსის აშენებას და შეხვდება თუ არა ბინა ყველა ოჯახს: „ბევრნი ვართ აქ, 150-მდე ოჯახი, მათ შორის ზოგი თითო ოთახში ცხოვრობს“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 29 ივნისის 21 საათიდან 30 ივნისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით იწვიმებს აჭარის მთელს ტერიტორიაზე, დღისით – ზოგან.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 25-30 გრადუსი
ღამით: 20-25 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 20-25 გრადუსი სითბო
ღამით: 10-15 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +23 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო დღეებში, 29-30 ივნისს, 1-2 ივლისს, აჭარაში გამოიდარებს.
ხვალ, 30 ივნისს, 7-თვიანი შეზღუდვის შემდეგ საქართველოში გაუქმდება შეზღუდვა ღამით გადაადგილებაზე, ე.წ. კომენდანტის საათი.
30 ივნისის დილის 4 საათიდან საქართველოს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი აღარ იმოქმედებს.
მთავრობამ კომენდანტის საათის პირველი ივლისიდან გაუქმების შესახებ ერთი კვირის წინ განაცხადა და იმავე დღეს საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ დააზუსტა, რომ ღამე გადაადგილებაზე შეზღუდვა გაუქმდებოდა 30 ივნისის დილის 4 საათიდან.
„30 ივნისს, საღამოს 11 საათიდან, შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. შეზღუდვა იქნება 30 ივნისს დილის საათებში, ანუ, 00:00 საათიდან 04:00 საათამდე, ხოლო 30 ივნისის საღამოს 23 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს“ – განაცხადა ღიბრაძემ.
კომენდანტის საათი საქართველოში 28 ნოემბრიდან მოქმედებს.
29 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 709 კვლევა ტესტით.
გასულ დღე-ღამეში საქართველოში 22 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 5 297 პირი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 194 ახალიშემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 749 შემთხვევა, აჭარაში – 41, იმერეთში – 122, ქვემო ქართლში – 102, შიდა ქართლში – 29, გურიაში – 1, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 44, კახეთში – 71, მცხეთა-მთიანეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში – 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.
ამ ეტაპზე საქართველოში 2639 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 158 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.
28 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.02 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.5%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.45%.
რა უფლებები აქვთ ბავშვებს, როგორ უნდა დაიცვან მათ თავი ძალადობისგან? ქალთა უფლებებზე რა ვიცით, რით განსხვავდება ასი წლის წინ მცხოვრები ქალების ბედი თანამედროვე ქალების შესაძლებლობებისგან? რა ძალა აქვს გამოხატვის თავისუფლებას და სად არის ამ თავისუფლების ზღვარი? როგორ დავიცვათ თავი ყალბი ინფორმაციის გავლენისგან და რა ინსტრუმენტები არსებობს ცრუ ამბების გამოსავლენად? – ეს ის საკითხებია, რის შესახებაც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის მონაწილე მოსწავლეები ხანგრძლივად საუბრობდნენ მეგობრებთან ერთად. შემდეგ კი ეს თემები საფიქრალად ექცეოდათ ხოლმე.
„დემოკრატია“ ბერძნული სიტყვაა და ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს, ეს ერთგვარი პასუხისმგებლობაა საზოგადოების თითოეული წევრისთვის, რომ ყველამ იცოდეს საკუთარი უფლებები და ის ფასიც, რაც დემოკრატიული ღირებულებების მოსაპოვებლად გაიღო აქამდე მოსულმა განვითარებულმა მსოფლიომ.
ზემოთ მოცემული კითხვები სკოლის ასაკიდანვე ხდება აქტუალური თანამედროვე საზოგადოებაში. მეტიც, თითქოს განვითარებულ 21-ე საუკუნეში ისევ მწვავედ დგას ძალადობის, უფლებების უხეში რღვევის პრობლემები, რასთან გასამკლავებლადაც უპირველესი ნაბიჯი სწორედ საკუთარი უფლებების ცოდნა და ამ უფლებების დაცვის მექანიზმებში გარკვევაა.
„დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც უკვე მეორე წელია მხარს უჭერს ამერიკული ფონდი – „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“.
პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში სხვადასხვა თემაზე იმართებოდა დისკუსიები, შეიქმნა მოხალისეობრივი პლატფორმები სოციალურ ქსელებში, რომლის მიზანიც დემოკრატიული იდეებისა და ადამიანის უფლებების პოპულარიზაცია იყო.
შეხვედრა მოსწავლეებთან მერისის სკოლა-პანსიონში
ამავე პროექტის ფარგლებში მოქმედებს „ბათუმელების“ რედაქციაში მედიასკოლა, სადაც 16 ახალგაზრდა შეირჩა კონკურსის წესით. მედიასკოლის მოსწავლეები სწავლობენ როგორ შუქდება ახალი ამბები, როგორ მზადდება სტატია, ინტერვიუ, რეპორტაჟი, რა არის ციფრული მედია, სწავლობენ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებს და ა.შ.
მედიასკოლის შეხვედრები 2 თვეს გრძელდება. მეცადინეობა კვირაში ორჯერ იმართება.
თითოეულმა მონაწილემ სწავლების მიმდინარეობისას თითო ფოტო, ვიდეორეპორტაჟი ან სტატია უნდა მოამზადოს.
რა აინტერესებთ სკოლებში ბავშვებს? როგორც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ წარმომადგენელი და ზემოთ ხსენებული პროექტის მედიაკოორდინატორი, მარი ზაქარაძე ამბობს, 50 მსურველი სკოლიდან 10 სკოლა კონკურსით წესით შეარჩიეს აჭარის 6 მუნიციპალიტეტში.
ათივე სკოლაში სხვადასხვა თემაზე გაიმართა საჯარო დისკუსია, რომლის თემებიც თავად სკოლებმა შეარჩიეს. მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს ბავშვთა უფლებებზე, ბულინგზე, სქესობრივ განათლებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ნაადრევ ქორწინებაზე. იყო სკოლები, სადაც გენდერული თანასწორობა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვა თემები შეარჩიეს სადისკუსიოდ.
„ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები გამოვლინდა სკოლებში. ვფიქრობთ, ამ საკითხებზე მომავალში გავაგრძელებთ მუშაობას. მაგალითად, ბევრი მასწავლებელია გადასამზადებელი სქესობრივი აღზრდისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში – დისკუსიების დროს ბავშვებს ხშირად მასწავლებლები აწვდიდნენ არასწორ ინფორმაციას, ხანდახან შემაშფოთებელიც კი იყო მათი განცხადებები”, – ამბობს მარი ზაქარაძე.
მარი ზაქარაძე
სოფიო ქარცივაძე და სალომე ფუტკარაძე სტუდენტური დისკუსიების კოორდინატორები არიან „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლიდან“.
სალომე და სოფო სკოლის მოსწავლეებთან მედიაწიგნიერების და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაზე მუშაობდნენ. პანდემიის პერიოდში, როცა სკოლები დაკეტილი იყო, აწყობდნენ ონლაინშეხვედრებს, შექმნეს ონლაინსამუშაო ჯგუფები, სადაც უზიარებდნენ თემებთან დაკავშირებულ მასალებს ახალგაზრდებს, შემდეგ ერთად განიხილავდნენ დამუშავებულ მასალას ზუმში. სასწავლო პროცესის სკოლებში აღდგენის შემდეგ კი შეხვედერები და სამუშაო პროცესი უკვე სკოლებში გაგრძელდა.
ჯაბა ანანიძე – ჟურნალისტი. შეხვედრა დაბა ხულოს საჯარო სკოლაში
„განსაკუთრებით ერთი ამბავი დამამახსოვრდა. სადისკუსიო თემა იყო გამოხატვის თავისუფლება და ჩარჩოები. ბავშვები ტექსტურ დავალებაში წერდნენ და ამბობდნენ, რომ შეიძლება გამოხატო რაც გსურს, მაგრამ ამის შემდეგ მოსალოდნელია გახდე დაცინვისა და ბულინგის მსხვერპლი. სწორედ ამ შიშს განიხილავდნენ, როგორც მოტივს იმისას, გამოხატვის თავისუფლებასაც შეიძლება ხანდახან ჰქონდეს ზღვარი.
ერთი მხრივ, წარმოადგენდნენ თემას ისე, რომ გამოხატვის თავისუფლებას არ უნდა ჰქონოდა ჩარჩოები, მაგრამ დამცირებას და ბულინგს ისე მწვავედ განიცდიან ახალგაზრდები, რომ ეს აბრკოლებთ გამოხატონ საკუთარი ნამდვილი აზრები ამა თუ იმ თემაზე“, – ამბობს სალომე ფუტკარაძე.
სალომე ფუტკარაძე
სოფიო ქარცივაძე გვიყვება, რომ პროექტში ჩართვა შეეძლოთ როგორც ბსუ-ს, ასევე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსაც. ერთთვიანი კურსით 80 სტუდენტი დაინტერესდა და მათგან 60 შეარჩიეს. მათ შესაძლებლობა მიეცათ ცოცხალ სადისკუსიო და სამუშაო სივრცეში ჩართულიყვნენ.
„ძალიან საინტერესო იყო სტუდენტებთან მუშაობა. მათ ძირითადად ჰქონდათ ინფორმაცია მედიაწიგნიერებაზე. იყვნენ ბევრად გაბედულები და კრიტიკულები მოსწავლეებთან შედარებით და იცოდნენ ისიც, რომ სოციალურ ქსელებში ძირითადად ყალბი ამბები ვრცელდება, რომლის გარჩევაც ნამდვილი ამბებისგან ძალიან მნიშვნელოვანია. არ გვქონდა სადისკუსიო თემად მონიშნული, მაგრამ სტუდენტები თავად დაინტერესდნენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საქმიანობითა და მუშაობით.
შეხვედრა დაბა ქედის საჯარო სკოლაში
საინტერესო იყო შეხვედრები მედიაწიგნიერების თემაზე აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მოსწავლეებთან. მათ ამ დისკუსიების შემდეგ შეიძინეს ცოდნა, თუ როგორ გადაამოწმონ ფოტოების ნამდვილობა, გაიგეს ყალბი ვებგვერდების ამომცნობი ინსტრუმენტების, ვერიფიკაციის რესურსების შესახებ. გაიგეს ისიც, რომ არსებობს მედიის განვითარების ფონდი, რომელიც მუშაობს ამ საკითხებზე. მოსწავლეებიც კი აცნობიერებენ, რომ ბოტებისა და ტროლების არსებობა დიდი პრობლემაა სოციალურ ქსელში“, – ამბობს სოფიო ქარცივაძე.
სოფიო ქარცივაძე
პროექტის კიდევ ერთი კოორდინატორი, ქეთი ადეიშვილი ამბობს, რომ პანდემიამ ონლაინსივრცეში გადაიყვანა ნაწილობრივ სამუშაო პროცესი, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია აქტიური კომუნიკაციისთვის.
შეიქმნა მოხალისეობრივი სამუშაო ჯგუფი ფეისბუქზე, სადაც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან 80-მდე ახალგაზრდა დაუკავშირდა ერთმანეთს.
ქეთი ადეიშვილი
„2020 წლის ნოემბრიდან აპრილის შუა რიცხვებამდე ასე ვურთიერთობდით. ამ ხნის განმავლობაში ყოველდღიურად ვდებდით სხვადასხვა სახის ინფორმაციას: სტატიებს, დოკუმენტურ ფილმებს, ანიმაციებს, გვქონდა ესეების კონკურსი, ტესტები – გვქონდა მრავალმხრივი კონტენტი. ქალთა უფლებების, გარემოსდაცვითი საკითხების, ბულინგის და სხვადასხვა თემაზე, თითო კვირა თითო თემაზე დისკუსიას ეძღვნებოდა.
კვირის ბოლოს ჩვენ მიერ შეთავაზებული თემები მოწმდებოდა და ჯამდებოდა. განსაკუთრებით აქტიურ, კრიტიკულად მოაზროვნე და ჩართულ მონაწილეებს ვაჯილდოვებდით სიმბოლური ჯილდოებით“, – ამბობს ქეთი ადეიშვილი.
____
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეების და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არისაუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდესდონორიორგანიზაციისშეხედულებებს.
Mastercard ერთგულ მომხმარებლებს წელსაც ანებივრებს შეუფასებელი მომენტებით – 27 ივნისიდან სეზონის დასრულებამდე, სანაპირო ზონა ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ზაფხულის ცხელი დღეების გატარებას ბათუმში გეგმავს.
პარტნიორ კომპანიებთან ერთად, Mastercard-ის სანაპიროზე მისულ სტუმრებს შეეძლებათ განსაკუთრებული აქციებითა და ფასდაკლებებით სარგებლობა:
მთელი ზაფხულის განმავლობაში, სანაპიროზე გააქტიურებული იქნება Magticom-ის ყველაზე სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი, რომლის გამოყენებაც, თითოეული სტუმრისთვის უფასო იქნება;
Mastercard-ის ბარათით გადახდისას, თითოეული სტუმარი მიიღებს 50%-იან ფასდაკლებას სანაპიროს სხვადასხვა სერვისებსა თუ პროდუქტებზე;
Wolt კი, მთელი ბათუმის მასშტაბით უფასო მიტანის სერვისს შესთავაზებს იმ მომხმარებლებს, რომელებიც Mastercard-ის ბარათით გააფორმებენ შეკვეთას. რაღა თქმა უნდა, აქცია აქტიური იქნება Mastercard-ის სანაპირო ზონიდან შეკვეთის შემთხვევაშიც.
დამატებით, Mastercard-ის თითოეული მომხმარებელი, ბათუმის სანაპიროზე ვიზიტისას McDonald’s -ის ვაუჩერს მიიღებს საჩუქრად
განსაკუთრებული პირობებით სარგებლობა შეეძლებათ როგორც Mastercard _ის ქართული, აგრეთვე უცხოეთში გამოცემული ბარათების მფლობელებს.
მსოფლიო პანდემიამ უარყოფითი ზეგავლენა ბიზნესის ყველა სფეროზე, განსაკუთრებით კი ტურიზმზე. თუმცა შიდა ტურიზმის გაძლიერების ფაქტი, ადგილობრივი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის. COVID-19 პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირების მიზნით, Mastercard–მა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თანამშრომლობა დაიწყეს და ინიციატივა გასული წელს გააცნეს საზოგადოებას: კოლაბორაციის ფარგლებში, მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
შეთანხმების მიზანია ქვეყანაში ტურისტების მოგზაურობის გამარტივება, მათი რაოდენობის გაზრდა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის ზრდა და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბება.
რა შეიცვლება სისტემაში ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვით, რომელ კლასებში შეაფასებენ მოსწავლეებს, რისთვის და რა იგეგმება დამამთავრებელ საფეხურზე – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების სამინისტროს, სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი ნიკო სილაგაძე საუბრობს.
ბატონო ნიკო, თითქმის ორი წელია, რაც ახალი სკოლის მოდელი დაინერგა ბევრ სკოლაში. თუმცა მანამდე იყო საპილოტე პროექტი. თუ გაკეთდა რომელიმე ეტაპზე ამ მოდელის შეფასება?
შეფასება არ გაკეთებულა, თუმცა პროცესებს ვსწავლობთ და გვაქვს კიდეც გარკვეული შედეგები. როგორც წესი, ყველაზე კარგი ინდიკატორი არის მოსწავლეების მიღწევები, რომლის მიღწევაც ასე სწრაფად არ ხდება. თუმცა გარკვეული ხელშესახები შედეგები ამ ეტაპზეც გვაქვს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა TIMSS 2019 წლის შედეგები ბუნებისმეტყველებასა და მათემატიკაში, სადაც გაუმჯობესებულია მოსწავლეთა მიღწევები დაწყებით საფეხურზე.
ამას ახალი სკოლის მოდელს უკავშირებთ?
რა თქმა უნდა, დასადგენია, რა ფაქტორებმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ახალი სკოლის მოდელის დამსახურებაა ეს. თუმცა მთელი რიგი პროცესები მიმდინარეობს და ამაში თავისი სიტყვა ახალ ესგ-ს ნამდვილად ეთქმის.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში შექმნილია ინსტრუმენტები, რომლებიც მასწავლებლებს ეხმარება ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების აღქმაში.
ძალიან იმედისმომცემია ის, რომ ისეთი რთული იდეები, როგორიცაა კონსტრუქტივისტული საგანმანათლებლო იდეები, პრინციპები ან გრძელვადიან მიზნებზე სასწავლო პროცესის დაფუძნება, სასკოლო კულტურის გარდაქმნა და ჩამოყალიბება პოზიტიურ სასკოლო კულტურად, ამ ინსტრუმენტების საშუალებით მიმდინარეობს.
მე შემიძლია დაგისახელოთ კონკრეტული მოსწავლეების წარმატების ძალიან ბევრი კერძო მაგალითი, რომლებიც შესწავლილია ეროვნული სასწავლო გეგმის მონიტორინგის პროცესში, მაგრამ ეს მაინც არ გამოდგება სისტემურ დონეზე შეფასებისთვის.
მასწავლებლები გვიყვებიან შემთხვევებზე, როცა, ვთქვათ, კონკრეტული მოსწავლე არ გამოირჩეოდა მის საგანში აქტიურობით, თუმცა კომპლექსური დავალებების საშუალებით მან იპოვა თავისი ადგილი. ზოგი მოსწავლის შემთხვევაში სასწავლო მოტივაცია ამაღლდა, ზოგმა შემოქმედებითი პროდუქტის შექმნაში გამოაჩინა თავისი ნიჭი. ასეთი მაგალითები გვაფიქრებინებს, რომ მეთოდოლოგია სწორად არის შერჩეული. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ინდივიდუალური შემთხვევები და რომ ვთქვა სისტემურ დონეზე გაუმჯობესდა სწავლება-მეთქი, არასწორი იქნება. უნდა დაველოდოთ ალბათ საერთაშორისო კვლევებს და ეროვნულ შეფასებას.
ესე იგი, ახალი სკოლის მოდელი ეროვნულ დონეზე არ არის შეფასებული?
არ მახსენდება. გარდა ამისა, ჩვენ ვაპირებთ, რომ IV_VI და IX კლასებში, წლის ბოლოს ჩატარდეს ყველა მოსწავლის დისგნოსტიკური შეფასება ყველა საგანში. ეს შედეგები დამუშავდება და სკოლას ეცოდინება, რომელ საგანში რომელი კომპეტენციების გაძლიერებაზე უნდა იმუშაოს ან რომელი მიმართულებით აქვს პროგრესი.
რითი შეფასდება მოსწავლე, ტესტებით?
მოსწავლე შეფასდება კომპლექსური დავალებებით. ეს შეფასება არანაირად არ არის კავშირში მოსწავლის წლიურ აკადემიურ შეფასებასთან, რომლის საშუალებითაც გადადის ბავშვი კლასიდან კლასში. ეს კეთდება სკოლის თვითშეფასებისთვის, რაც მას სამომავლო გეგმების დასახვაში დაეხმარება.
საუბარი იყო იმაზე, რომ საბაზო საფეხური დასრულდებოდა მე-10 კლასში, ეს საკითხი ისევ ძალაშია თუ არა?
უპირობოდ არ არის ეს თემა უარყოფილი, თუმცა ამ ეტაპზე არ არის აქტუალური. ისევ მეცხრე კლასი განისაზღვრა საბაზო საფეხურად.
ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ბოლო, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ფიქტიურად არიან სკოლაში, რადგან პრაქტიკულად ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან რეპეტიტორებთან. ამის შეცვლაზე თუ არის საუბარი?
ამ კუთხით გვაქვს ძალიან ბევრი სიახლე, ოღონდ ეს სიახლეები ამუშავდება 2022-2023 სასწავლო წლისთვის. საუბარია დიფერენცირებული სწავლების დანერგვაზე. იქნება საბაზისო კურსები ყველა მოსწავლისთვის განურჩევლად იმისა, რომელი მიმართულებაა მისთვის პრიორიტეტული. გარდა ამისა, იქნება არჩევითი საგნებიც და მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება ამ სპექტრიდან თვითონ დააკომპლექტოს მისთვის საჭირო საგნები.
ეს უნდა უკავშირდებოდეს მის სამომავლო არჩევანს უნივერსიტეტში?
აუცილებლად. ეს კეთდება იმისთვის, რომ სკოლამ მისცეს მოსწავლეს ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა, მოამზადოს უნივერსიტეტისთვის, ცხოვრებისთვის. მიდის მუშაობა იმაზეც, რომ უმაღლესში მოსახვედრად სკოლის კომპონენტი მეტად გავითვალისწინოთ – სკოლაში დაწერილ ნიშანსა და შეფასებებს უფრო მაღალი წონა და ღირებულება მიენიჭოს.
მესამე თაობის სასწავლო გეგმის მიზანი, პირველ რიგში, არის გაზარდოს კრიტიკულად მოაზროვნე თაობა, ინოვაციური, შემოქმედებითი აზროვნებით. სკოლა, როგორც საზოგადოება, უნდა გარდაიქმნას ისეთ სოციუმად, რომელიც კარგი პიროვნების და მოქალაქის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
„არ მუშაობს, დამავიწყდა ჩართვა, ელემენტი დაჯდა…“ – ადვოკატი დავით ჯაფარიძე პოლიციელების მიერ ყველაზე ხშირად დასახელებულ არგუმენტებს იხსენებს სასამართლო პროცესებიდან, როცა სამხრე კამერების ჩანაწერები პოლიციას არ წარმოუდგენია. ადვოკატებს მრავალწლიანი პრაქტიკიდან იშვიათად ახსენდებათ საქმე, როცა პოლიციელს სამხრე კამერის ჩანაწერი ჰქონდა, როგორც უტყუარი მტკიცებულება.
პოლიციელები არც საპროტესტო აქციების დროს რთავენ კამერებს, როცა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. მაგალითად, ბათუმის 20 ივნისის აქციაზე, როცა პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს და დააკავეს. აქაც მოსამართლე მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს დაეყრდნო.
„ჩვენ გავიკეთებთ აწი სამხრე კამერებს,“ – მიმართა პოლიციელებს ენმ-ს წევრმა ბონდო თედორაძემ, რომელიც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის 2 ათასი ლარით დააჯარიმეს.
პოლიციელების სამხრე კამერებით აღჭურვისთვის ბოლოს 2018 წელს გამოყეს ბიუჯეტიდან 5 მილიონ 80 ათასი ლარი. ამ ფულით დამატებით 2280 კომპლექტი სამხრე კამერა შეიძინა შსს-მ. პრაქტიკიდან ცნობილია, რომ სამხრე კამერებით აღჭურვილი არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. „ბათუმელებმა“ სცადა გაეგო, რატომ არ აქვს უმეტეს შემთხვევაში სამხრე კამერის ჩანაწერები საგამოძიებო ორგანოს, როცა საგამოძიებო მოქმედება კამერით აღჭურვილ პოლიციელს აქვს ჩატარებული?
„არ აწყობთ პოლიციელებს ამ ჩანაწერების შენახვა, რადგან ის ხშირად მკაფიოდ, თვალნათლივ აჩვენებს სიმართლეს და პოლიციელები იმიზეზებენ, ბაზა ამდენი ხნით არ ინახავს ჩანაწერსო,“ – გვიყვება ადვოკატი ზაზა პაპიძე. მას 11-წლიანი საადვოკატო პრაქტიკიდან იშვიათად ახსენდება საქმე, როცა პოლიციელებმა სამხრე კამერების ჩანაწერები წარმოადგინეს. მისი დაკვირვებით, სისხლის სამართლის საქმეებში შედარებით მაღალი სტანდარტია მტკიცებულებების მოთხოვნის, ხოლო ადმინისტრაციულ საქმეებზე მოსამართლე ძირითადად მოწმე პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა.
„ძალიან ცუდი პრაქტიკა დაამკვიდრა სასამართლომ, როცა მხოლოდ პოლიციელს ენდობა, რადგანაც მას ფორმა აცვია. ვიცით ბევრი პოლიციელი, რომლებიც თავიანთ ფორმას იყენებენ ცუდად… სამწუხაროდ, ხშირად მოსამართლეც არაა დაინტერესებული სიმართლის დადგენით,“ – მიიჩნევს ადვოკატი ზაზა პაპიძე.
ადვოკატ დავით ჯაფარიძეს კი ერთადერთი შემთხვევა ახსენდება, როცა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სამხრე კამერის ჩანაწერი სასამართლო სხდომაზე გაასაჯაროვა.
„ერთი გაასაჯაროვა მხოლოდ ეკა ხუნწარიამ. მან ამ ჩანაწერით ამხილა მოქალაქეზე დანაშაულის პროვოცირებაში მეორე პატრული გიორგი ხალვაში, როცა ის ენმ-ს წევრი გახდა,“ – ამბობს დავით ჯაფარიძე. მას არ სჯერა, რომ პოლიციელი სამხრე კამერებს არ რთავს, როცა ვინმეს აკავებს.
„უბრალოდ პატრული ანადგურებს ყველა ვიდეოს, რომელიც მას ამხელს,“ – მიიჩნევს დავით ჯაფარიძე. მისი დაკვირვებით, პოლიცია მხოლოდ მაშინ წარმოადგენს ამ მასალას სასამართლოში, სადაც არ ჩანს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი, ან ის ჩანს, რაზეც მოწმე პოლიციელები აპირებენ ისაუბრონ მოსამართლესთან.
„დავით ჯაფარიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვიდეომტკიცებულება, როცა საქმე სამართალს ეხება. ის იხსენებს „ალტერნატივას“ ლიდერის – ხათუნა ბერიძის შემთხვევას, რომლის გამართლებაც სააპელაციო სასამართლოში შეძლო.
„ამ შემთხვევაში ჟურნალისტების ვიდეომასალებით და ლაივებით დავამტკიცე, რომ მას წინააღმდეგობა არ გაუწევია,“ – დასძინა დავით ჯაფარიძემ „ბათუმელებთან“.
„სამჯერ დამაკავეს, მაგრამ არცერთხელ პოლიციელებს სამხრე კამერის ჩანაწერი შენახული არ ჰქონდათ. სამივეჯერ ჩემი დაკავება იყო უკანონო,“ – გვითხრა ხათუნა ბერიძემ, რომელიც ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელია. ის იმ აქციაზეც დააკავეს და შემდეგ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააჯარიმეს, როცა საოლქო კომისიის წევრებს არჩევნების შემდეგ „მონები“ უწოდა.
ხათუნა ბერიძის თქმით, მას სამხრე კამერების ჩანაწერების ჩვენებაზე უარი უთხრეს:
„დაკავების მომენტში გპასუხობენ, მიმართეთ პრესსამსახურსო, მერე გამოითხოვე ინფორმაციაო… ვიდრე ამას გამოითხოვ, ტარდება სასამართლო პროცესი. რანაირად წარმოადგენს პოლიციელი მაგ ჩანაწერს, რომელიც მე უფრო გამომადგება, ვიდრე პოლიციელს?
საოლქოს წინაც აქციაზე 3 საათზე მეტი ხანი წვიმაში ვიდექით, ქოლგების გარეშე. პოლიციელები დაიღალნენ, დასველდნენ და ასეთი ფორმით დაგვშალეს, იქაც არაფერი დაგვიშავებია,“ – ამბობს ხათუნა ბერიძე.
„არცთუ ისე ბევრი საქმე მქონდა საპატრულო პოლიციის მონაწილეობით, რომ ჩატარებულიყო საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა არც ერთ შემთხვევაში მათ სამხრე კამერებით დაფიქსირებული რაიმე ინფორმაცია არ წარმოუდგენიათ,“ – გვითხრა ადვოკატმა რამინ პაპიძემ. ის ძირითადად სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობს.
რამინ პაპიძე მიიჩნევს, რომ პირადი ჩხრეკის ან დაკავების კამერით დაფიქსირება სავალდებულო უნდა იყოს.
სხვადასხვა საქმიდან გამომდინარე, იგივე პოზიცია აქვს საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელსაც.
„პოლიციის ინსპექტორისთვის სავალდებულო უნდა გახდეს საკანონმდებლო დონეზე, რომ ნებისმიერი საპოლიციო ღონისძიების განხორციელება-მოქალაქესთან გასაუბრება, პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება და ა.შ. – ასახოს სამხრე ვიდეოკამერით და საჭიროების შემთხვევაში წარმოადგინოს მტკიცებულების სახით,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.
პაატა დიასამიძე იხსენებს კონკრეტულ შემთხვევასაც, როცა საპატრულო პოლიციამ მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გამოაჩინა სამხრე კამერის ჩანაწერი.
„მხარემ სასამართლოს მეშვეობით შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან გამოითხოვა პოლიციის ინსპექტორის სამხრე კამერის ჩანაწერები, საპატრულო პოლიციის წერილობითი პასუხით ირკვეოდა, რომ არ იძებნებოდა მსგავსი ჩანაწერები. როცა პირველი ინსტანციის დადგენილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით, სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციამ სასამართლოს გაუგზავნა სამხრე კამერის ჩანაწერები, როცა უკვე დასრულებული იყო საქმე… შედეგი იგივე დადგა, მაგრამ ეს აჩვენებს პოლიციელების დამოკიდებულებას,“ – ამბობს პაატა დიასამიძე.
დამოუკიდებელი იურისტი, გიორგი ხიმშიაშვილი მიიჩნევს, რომ არა მხოლოდ საპატრულო, არამედ ყველა პოლიციელი ეტაპობრივად უნდა აღიჭურვოს სამხრე კამერებით, რადგან ეს გაზრდის მტკიცებულების სტანდარტს.
გიორგი ხიმშიაშვილის შეფასებით, სასამართლოც ხელს უწყობს მტკიცებულებების დაბალი სტანდარტის ჩამოყალიბებას, როცა პოლიციელს სამხრე კამერა აქვს და ჩანაწერი არა, ამ დროს კი მოსამართლე მხოლოდ პოლიციელის ჩვენებას ეყრდნობა.
„სამწუხაროდ, სასამართლო ხელს უწყობს მტკიცებულებების დაბალი სტანდარტით ჩამოყალიბებას, რადგან სამხრე კამერებით პოლიციელების აღჭურვა ხდება იმისთვის, რომ მან შექმნას მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტი… თუკი პოლიციელი აღჭურვილია სამხრე კამერით და ის მას არ იყენებს, ამ დროს ყველა ეჭვები და კითხვის ნიშანი უნდა წყდებოდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. პოლიცია ვალდებულია შექმნას მტკიცებულებების სტანდარტი,“ – მიიჩნევს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.
რატომ არ აქვს ხშირად პროკურატურას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის და ადმინისტრაციულ საქმეებზე სამხრე კამერების ჩანაწერები? – კითხვით პროკურატურასაც მივმართეთ და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. პროკურატურაში კითხვა უპასუხოდ დატოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი გვიპასუხეს, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.
დამღლელი სამუშაო კვირის შემდეგ მეგობრებმა ბარში თუ შემიტყუეს, პირველ რიგში ბარის მაგიდასთან განმარტოებით მჯდომ სტუმარს ვამჩნევ – ლუდის ჭიქაზე თითების კაკუნით ჰყვება სიმღერას და ვერც ამჩნევს ჩემი მეგობრების მზერას, რომლებიც თავისუფალი მაგიდის ხმაურიან ძიებაში უკვე გეგმავენ, როგორ მოიპატიჟონ ის.
ჩვენ, ინტროვერტებს, ხმაურიანი სამყაროს ჩუმ მოსაუბრეებს, ხშირად გვიწევს დიდ, ხმამაღალ ამბებზე უარის თქმა. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი მეგობრების მსგავსად ბარის მაგიდასთან განმარტოებით მოკალათებულ სტუმარში ყველა ვერ ხედავს იმ ჩუმ ბედნიერებას, რომელიც ჩემთვის ასე ახლობელია.
ბევრი ადამიანისთვის ინტროვერტობა დღემდე ასოცირდება უხასიათობასთან, სიმორცხვესთან, უხეშობასთან, რომ ჩვენ არ გვიყვარს ადამიანები, გვიჭირს საუბარი, არ ვართ საკმარისად კომპეტენტურები სოციალურ აქტივობებში, არ გვაქვს ჯანსაღი ურთიერთობები და ა.შ.
რეალურად, ის, რაც განგვასხვავებს ექსტრავერტებისგან, „სოციალური ელემენტია“, რომელიც ჩვენ უფრო მალე „გვიჯდება“.
წარმოიდგინეთ, როგორია არსებობა სამყაროში, სადაც დაკანონებულ სწრაფ ტემპს უნდა აჰყვე და შენი ელემენტი მინიმუმ ოცი პროცენტით ჩამორჩება სხვებისას.
მეორე დღისთვის სამყოფი ენერგიის შევსების გზა ყველასთვის სხვადასხვაა – ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს მუსიკა, რომელშიც პოულობს სიმშვიდეს, ვიღაცისთვის ბუნებასთან სიახლოვე, საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა, მე-20 საუკუნის საფოსტო მარკების შეგროვება, წიგნის კითხვა, ხატვა და ნებისმიერი რამ, რასაც ადამიანის ფანტაზია გასწვდება.
მე, როგორც ადამიანს, რომლის სოციალური ელემენტიც იშვიათად მწვანდება, ხშირად მიწევს ხმაურიან სამყაროს თავაზიანი ღიმილით გავუმეორო სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურში:
„კი, გუნდური მუშაობა კარგია და მშვენივრადაც გამომდის, მაგრამ მარტო უკეთესად ვფიქრობ და უფრო სასარგებლოც ვარ გუნდისთვის.
არა, ჩემი ხმით ოპონენტის ხმას ვერ გადავფარავ კამათში, მაგრამ ინტროვერტების მთავარ ძალას – საკუთარი თავის მაქსიმალურად გამოხატვის თავისუფლებას ნამდვილად ვფლობ“.
გარშემომყოფებისთვის ეს უცნაურია, რადგან მიიჩნევა, რომ ლიდერები, კარგი იდეის ავტორები, საზოგადოების სრულფასოვანი წევრები მხოლოდ ისინი არიან, ვისი ხმაც სხვებისას ფარავს.
ამერიკელი ფსიქოლოგის, ლორი ჰალგოეს აზრით, ინტროვერტები, როგორც ლიდერები, ნაკლებად შესამჩნევები ვიქნებოდით და ვიზრუნებდით არა საკუთარი თავის ცენტრში მოქცევაზე, არამედ გუნდის, როგორც ერთიანი ძალის დემონსტრირებაზე.
„ადამიანი შეიძლება იყოს ექსტრავერტი ან ინტროვერტი და ამავდროულად, მაღალი თვითცნობიერებისა და სოციალური უნარების მქონე. ექსტრავერსია არაფერ შუაშია ინტელექტთან და კომპეტენტურობასთან“ – ამბობს ბრიტანელი ფსიქოლოგი ფელისიტი ლი. საუკეთესო იდეები არ არის მუდმივ კორელაციაში ყველაზე ხმამაღლა მოსაუბრე ადამიანთან.
სხვაობა ელემენტში ყოველდღიურ ურთიერთობებშიც ჩანს – ჩემი მეგობრისთვის თუ დამღლელი კვირის ბოლოს კაფეში წასვლა ან პატარა წვეულების მოწყობაა განტვირთვა, მე სახლში ყოფნას და ჩემს მრავალფეროვან ინტერესებთან მარტო დარჩენას ვამჯობინებ.
ჩვენ ჩუმი მოსაუბრეები ვართ, თუმცა ხმამაღალი შინაგანი სამყარო გვაქვს – ფერადი, ძალიან ფერადი.
შეიძლება ყოველთვის საუბარს არ ვიწყებდეთ, თუმცა მთელი გულისყურით მოგისმენთ, თანაგიგრძნობთ და გაგრძნობინებთ, რომ ჩვენთვის ეს ურთიერთობა, ისევე როგორც თქვენთვის, გულწრფელად მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული გამოხატვის გზები გვაქვს.
არასდროს დაგავიწყდეს, რომ სამყაროს ამ უსასრულო სიმღერაში შენც გაქვს ხმა, რომელიც სულაც არაა საჭირო ყველას ესმოდეს – შენ ხარ ამ ქაოსური სამყაროს ყურადღებიანი დამკვირვებელი, თვითმყოფადი და ერთგული ადამიანებისა და მოვლენების, რომლებსაც საკუთარ ცხოვრებაში უშვებ და საკუთარი თავისაც, რადგან ბედავ და ყოველდღე აბიჯებ სამყაროში, რომელიც შენზე სწრაფია, თუმცა არასდროს იხევ უკან.
შენ გაქვს უფლება გამოტოვო თანამშრომლების შეკრება, გაატარო ახალი წლის წინა ღამე მარტომ, აკეთო თავისუფალ დროს ის, რაც გინდა და არა ის, რასაც ფიქრობ, რომ საჭიროა. და ამ უზარმაზარ, ფერად სამყაროში შენ ამჩნევ სხვებისთვის უმნიშვნელო მცირე დეტალებს – იქნება ეს სხვა ადამიანის ხასიათის ცვლილება თუ ნათურა, რომელიც თითქოს უფრო ძლიერად ანათებს ოთახს.
ასე რომ, თუ პარასკევ საღამოს ბარის მაგიდასთან განმარტოებით მყოფ ადამიანს მოკრავ თვალს, ან წვეულებაზე ყურსასმენებით მოსულ ნაცნობს, ან აუდიტორიის კუთხეში შემორჩენილ ბოლო სტუდენტს, გახსოვდეს, რომ ყოველთვის შეიძლება მის წითლად მოციმციმე ელემენტით მომუშავე გონებაში იბადებოდეს იდეა, რომელიც სამყაროს შეცვლის.
“სად მიდიოდნენ და რატომ მიდიოდნენ, არ მოგვისმენია,” – მიმართა ბრალდებულებს პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ, როცა მან დასკვნითი სიტყვის სათქმელად მოწმისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა, მოსამართლისთვის უფრო ახლო მანძილიდან რომ ეჩვენებინა, რასთან გვაქვს საქმე.
საუბარია “სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე”, სადაც დღეს, 28 ივნისს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მხარეების დასკვნითი სიტყვები მოისმინა.
ამ საქმეზე ბრალდებულები ღია ზღვაში, იახტაზე, გასული წლის 28 ნოემბერს დააკავეს. საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე – ვოლოდიმერ დიაჩენკოსა და იური ხიმინჩიზე, ასევე საქართველოს მოქალაქეზე – მიხეილ ბატურინზე. მათ გამოძიება საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას ედავება. მიხეილ ბატურინი უკრაინაში ცხოვრობს და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი იყო. სააკაშვილთან მეგობრობს დანარჩენი ორი ბრალდებულიც. ისინი იახტით მიემგზავრებოდნენ უკრაინიდან თურქეთში, თუმცა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გონიოს ნაპირიდან 12 კმ-ში დააკავეს.
„გამოძიებას ჰქონდა ეჭვი, რომ უკანონო მიგრანტი შემოიყვანეს საქართველოში. ეს აღკვეთის შეფარდების პროცესზეც დაადასტურა პროკურორმა, თუმცა განკარგულებაში ეს არ ჩაუწერიათ,“ – ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია. ზღვაში გაჩერებულ იახტაზე სამართალდამცველებს უნახავთ სველი ჰიდროციკლი და საცურაო ჟილეტი, რამაც ეჭვები მიგრანტის – სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის უკანონო შემოყვანაზე გააძლიერა.
თავის მხრივ უკრაინამ ამ საქმეზე საქართველოს ოფიციალურად მოუწოდა ბრალდებულების გათავისუფლებისკენ.
ამოსავალი საკითხია – სად გადის საზღვარი ზღვაში და იყო თუ არა საჭირო შეთანხმება საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებთან, როცა იახტა პორტში არ შემოდიოდა და უკრაინიდან თურქეთში მიდიოდა.
“რომის იმპერიაშიც კი იყო საუბარი ამაზე, სად იწყებოდა საზღვარი ზღვაში,” – ისტორიული ექსკურსიც გააკეთა პროკურორმა იმის საჩვენებლად, რომ საკითხის სირთულე გამოეჩინა. თუმცა პროკურორ ვლადიმერ თურმანიძის მტკიცებით, ბრალდებულები ვალდებული იყვნენ სახელმწიფო რეგულაციებისთვის ანგარიში გაეწიათ და ამას საზღვაო სამართლის შესახებ კონვენცია მკაფიოდ განსაზღვრავს.
მეორე პროკურორმა მიქაელ ქობულაძემ კი ის დღე გაიხსენა, როცა “უცნობი მცურავი საშუალება” გააჩერეს.
“ისინი იახტაზე კითხვებსაც კი არ პასუხობდნენ,” – ამასაც გაუსვა ხაზი პროკურორმა მიქაელ ქობულაძემ დასკვნით სიტყვაში.
“7 თვე მიმდინარეობს საქმის განხილვა და 7 სიტყვაც კი არ მოგვისმენია,” – თქვა ერთ-ერთი ბრალდებულის, მიხეილ ბატურინის შესახებ პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ.
პროკურორებს დასკვნით სიტყვაში სააკაშვილი არ უხსენებიათ, თუმცა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ ბრალდებულებს დაკავების დღე გაახსენა, როცა მათ თქვეს, რომ ბათუმში შემოსვლას აპირებდნენ.
“ბათუმის დათვალიერება გვინდოდა, გვიყვარს ბათუმიო, ასე უპასუხეთ რუსლან დოლიძის შეკითხვებს,”- გისოსებიანი ადგილისკენ გაიხედა პროკურორმა და აღნიშნა, რომ მცურავი საშუალებიდან სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მოწოდებას არავინ გამოხმაურებია.
“მათ თქვეს, რომ რაცია იყო დახშული და ჩაეძინათ, მაგრამ თუკი ჩაეძინათ, მაშინ ცურვას როგორღა განაგრძობდნენ?” – იკითხა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ.
დასკვნითი სიტყვა ჯერ არ უთქვამს ბრალდებულების ადვოკატს. ბექა ბასილაიას მოსამართლე 5 ივლისს მოუსმენს.
“თუ დამატებით მსჯელობა არ დამჭირდება, გადაწყვეტილებას გამოვაცხადებ,” – თქვა მოსამართლემ სხდომის დასრულებამდე.
ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე მდებარე კომერციული ფართების, მათ შორის, პანორამული რესტორნის იჯარით გაცემა მიმდინარეობს. კერძოდ, ვებგვერდზე Eauction.ge გამოცხადებულია ელექტრონული აუქციონები 455,4 კვ.მ., 776,24 კვ.მ. და 691,28 კვ.მ. კომერციულ ფართობებზე (ლინკები იხ. ქვემოთ). ასევე, ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს სტადიონის შიდა პერიმეტრზე მდებარე რესტორნის (221,19 კვ. მ.) იჯარით გაცემაზე, რომელსაც პანორამული ხედი აქვს, უშუალოდ სათამაშო მოედანზე და რესტორნის ვიზიტორებს უნიკალურ სანახაობას სთავაზობს.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონი 2023 წელს უეფას 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს. ასევე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო სამ საშინაო შეხვედრას ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე გამართავს.
ბათუმში საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს ციფრული ტექნოლოგიების ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის მიზანია, რომ მასწავლებლებმა შეძლონ ვიზუალიზაციაზე დაფუძნებული, ინტეგრირებული, საინტერესო გაკვეთილების ჩატარება საკლასო ოთახებში.
განათლებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების აკადემიის დამფუძნებელმა, დავით სონღულაშვილმა პედაგოგებს რამდენიმე ექსპერიმენტი აჩვენა, რომლის განხორციელებაც, მისი აზრით, თავისუფლად შეუძლიათ პედაგოგებს სკოლაში ქიმიის, ფიზიკის თუ სხვა გაკვეთილებზე.
რა არის საჭირო ერთი კონკრეტული ექსპერიმენტის ჩასატარებლად ? – ვკითხეთ დავით სონღულაშვილს. მისი თქმი, ერთი კონკრეტული მასწავლებლის დონეზე ექსპერიმენტისთვის საჭიროა პროექტორი, კომპიუტერები და ვირტუალური ლაბორატორია.
სპეციალისტის თქმით, ტელეფონის, პროექტორის და ვირტუალური ლაბორატორიის სინთეზით პედაგოგებს შუძლიათ ისეთი ექსპერიმენტების ჩატარება, რომელიც ბევრად საინტერესოს გახდის სწავლების პროცესს.
„ვირტუალური ლაბორატორია გვეხმარება იმაში, რომ ყველა რეალური ცდის ჩატარების დროს ვიზუალურად დავინახოთ ყველა თანმხლები უხილავი მოვლენა, თავიდან ბოლომდე ერთვები შინაარსში, რაც გვიმარტივებს გააზრების და გაგების პროცესს“, – გვეუბნება სონღულაშვილი.
მისი თქმით, ვირტუალური ლაბორატორია დაახლოებით 4 ათასი ლარი ღირს და მისი შეძენა წესით ყველა სკოლას შეუძლია.
„სასწავლო პროცესში STEAM-ის დანერგვის მთავარი პრინციპია ის, რომ სწავლება მთლიანად გადართული იყოს თანამედროვე ტექნოლოგიებზე.
პედაგოგები STEAM-ის ტრენინგზე ბათუმში.
ამ ეტაპზე მასწავლებლებს უჭირთ ტექნოლოგებზე გადართვა. სწორედ ამიტომ არის საჭირო მათი გადამზადება. მასწავლებლებმა უნდა დაძლიონ შაბლონები, ის წინააღმდეგობები, რასაც მიჩვეული არიან. ჩვენ კი არ უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვები ჩვენს რელსებზე გადმოვიყვანოთ, არამედ ჩვენ უნდა გადავიდეთ მათ რელსებზე, რადგან მომავალი ბავშვებისაა და არ გამოვა მათი აქეთ გადმოყვანა. უნდა გავიაზროთ, რომელ საუკუნეში ვართ და ამ საუკინის ტექნოლოგებით უნდა შევიდეთ კლასში. თუმცა, თუ ამ ყველაფერს არ ექნება შინაარსი, აზრი არ ექნა, მაშინ არაფერი არ გამოვა“, – ამბობს სონღულაშვილი.
ტრენინგზე მყოფმა პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ „ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ სკოლებში შესაბამისი აღჭურვილობა უნდა იყოს“.
ერთ-ერთი პედაგოგის თქმით, ყველა კაბინეტში უნდა იყოს პროექტორი და კომპიუტერი.
„ამ ექსპერიმენტებიდან რაც ტრენინგზე ვნახეთ, რაღაც ნაწილის ჩატარება ალბათ შეგვიძლია, რადგან კომპლექსურად ყველა მასწავლებელი ვერ გამოიყენებს იმ ერთ პროექტორს და კომპიუტერს, რომელიც სკოლაშია“, – გვეუბნება პედაგოგი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბერიკა შუკაკიძე ამბობს, რომ ყველა სკოლის აღჭურვას სახელმწიფო ვერ შეძლებს.
„ამას ვერცერთი ქვეყნის ბიუჯეტი ვერ ეყოფა. რატომღაც სტემ-ის გაგება არის ის, რომ ძვირი პროდუქტია და ჩვენ გვინდა, რომ ბევრ სხვა მითთან ერთად ესეც დავამარცხოთ. ამ ექსპერიმენტების ჩატარება, რასაც ტრენინგზე ხედავენ პედაგოგები, ყველა სკოლაშია შესაძლებელი. ერთი პროექტი 35-50 ლარამდე ჯდება“, – ირწმუნება შუკაკიძე.
მაშინ მას შევახსენეთ ის რეალობა, რომელიც პანდემიის პერიოდში ნათლად გამოჩნდა, რომ პედაგოგების და მოსწავლეების გარკვეული ნაწილი ინტერნეტის და ტექნიკური საშულებების გარეშე აღმოჩნდა და რომ ყველა ბავშვს, ნამდვილად არ უდევს ჯიბეში სმარტფონი, როგორც ამას შუკაკიძე ირწმუნება.
ტექნოლოგიები, რომელიც სტემ-ის ტრენინგზე იყო წარმოდგენილი.
ამის საპასუხოდ ის ამბობს, რომ ის ვერც მოსწავლეების და მასწავლებლების ტექნიკურ აღჭურვაზე და ვერც ინტერნეტის ხარისხზე პასუხისმგებელი ვერ იქნება. თუმცა დარწმუნებულია, რომ „3-4 კომპიუტერი და ერთი პროექტორი ყველა სკოლაშია“.
„აქ მთავარი არის ის, რომ უარი არ ვთქვათ საინტერესო რაღაცეების კეთებაზე და სასწავლო პროცესის ორიენტირი აქეთ უნდა გადავიდეს, – კვლევა, ძიება, აღმოჩენა. არც ყოველდღეა საჭირო სტემ-ის გაკვეთილის ჩატარება, არ სჭირდება ყველა მასწავლებელს კომპიუტერი, შეიძლება დაიგეგმოს ჯგუფური მუშაობა.
მთავარია, რომ თეორიული ცოდნა, რომელიც მიიღო მოსწავლემ ფიზიკაში, ბიოლოგიაში, ქიმიაში, მათემატიკაში, გამოვიყენოს პრაქტიკაში და დაინახოს საგანთა შორის კავშირები“, – ამბობს შუკაკიძე.
როგორ აპირებს „მასწავლებლის სახლი“ პროცესის მონიტორინგს? – ვკითხეთ მას.
შუკაკიძის თქმით, „მასწავლებლის სახლი“ ახალი სასწავლო წლისთვის 50 პროექტის ჩამოტანას აპირებს აჭარაში „პროექტები იქნება იმის მიხედვით, თუ რომელი საგნების ინტეგრირება სურთ და ჩვენს კონსულტანტთან ერთად დაგეგმავენ მათ განხორციელებას.
როცა თითოეულ სკოლაში დაიწყება სტემ-ის სწავლება, მივეხმაროთ მასწავლებლებს. გვინდა ყოველი სემესტრის ბოლოს შევაჯამოთ რა გაკეთდა და შევაფასოთ პროექტში ჩართული სკოლების პროექტები“, – ამბობს ბერიკა შუკაკიძე.
როგორც აჭარის განათლების სამინისტროში გვეუბნებიან, ამ დროისთვის აჭარაში მხოლოდ 20 სკოლაშია შეტანილი ვირტუალური ლაბორატორია, „წელს კი 5 სკოლაში შეტანა იგეგმება“-გვეუბნებიან სამინისტროში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 ივნისს საქართველოში, ძირითადად დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელვა-ჭექა, მთიან რეგიონებში – ზოგან ძლიერი.
ასევე, შესაძლებელია გაძლიერდეს სეტყვა და ქარი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს,” – წერს სააგენტო.
თურქეთში დაიწყეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ადგილობრივი ვაქცინის, TURKOVAC-ის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა.
ვაქცინა TURKOVAC-ი შექმნეს ერჯიესის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ჯანდაცვის ინსტიტუტის თანამშრომლობით.
თურქული მედიის ცნობით, კლინიკური კვლევების მესამე ფაზის ფარგლებში TURKOVAC-ის ვაქცინით 22 ივნისს აცრეს მოხალისეები ანკარაში.
კვლევის ფარგლებში ახალი ვაქცინით თურქეთში 18-დან 55 წლამდე ასაკის 40 800 მოხალისეს აცრიან. მოხალისეები არ უნდა იყვნენ აცრილი კოვიდის სხვა ვაქცინით და არ უნდა ჰქონდეთ გადატანილი კორონავირუსი.
კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა თურქეთში 2020 წელს დაიწყეს. ჩინური ვაქცინის მსგავსად, თურქული ვაქცინაც ინაქტივირებული ვირუსის ტექნოლოგიას ეყრდნობა.
28 ივნისს გამოცხადდა ლიტერატურული პრემია „საბას“ 2021 წლის ფინალისტების სია.
წელს ჟიური საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს 9 ნომინაციაში გამოავლენს:
საუკეთესო რომანი
საუკეთესო პოეტური კრებული
საუკეთესო პროზაული კრებული
საუკეთესო პიესა
საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი
წელს ეს კონკურსი მეცხრამეტედ ტარდება. ორგანიზატორების თანახმად, ჟიურიმ წლევანდელი კონკურსის ფარგლებში 260 წიგნი განიხილა და ფინალისტების სია 7 ნომინაციაში გამოავლინა:
„უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტების დასახელება, ორგანიზატორების თანახმად, ივლისის ბოლოს გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში, „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“, გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
ირინე ტაბაღუა, „ტელეფას ცხვარი“ (ინტელექტი)
ნანა აბულაძე, „აკუმი“ (ინტელექტი)
კახაბერ მელითაური, „მოგზაურობა ნამცეცებს შორის“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
ნიკოლოზ ცისკარიშვილი, „ცეცხლისწამკიდებელი“ (პალიტრა L)
stopcov.ge-ზე 28 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 9 პაციენტი.
28 ივნისის დილის მდგომარეობით საქართველოში:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ – 363 874, ბოლო 24 საათში – 352
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 350 466, ბოლო 24 საათში – 808
მათ შორის გარდაცვლილი სულ – 5 275, ბოლო 24 საათში – 9
ბოლო 24 საათში ჩატარდა 14 074 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6102, PCR ტესტით – 7972
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,5%, ბოლო 14 დღის – 2,47%, ბოლო 7 დღის – 2,34%
სულ აცრილია – 254 737, დღიურად აცრილია – 604
კარანტინის რეჟიმშია – 40
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2 602
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 598
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 352 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 225 შემთხვევა, აჭარაში – 21, იმერეთში – 23, ქვემო ქართლში – 20, შიდა ქართლში – 13, გურიაში – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 23, კახეთში – 11, მცხეთა-მთიანეთში – 3, სამცხე-ჯავახეთში – 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 107, მათგან: 2 602 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 466, აჭარაში – 154, იმერეთში – 287.
მძიმე პაციენტია 600 პირი, მათ შორის, თბილისში – 302, აჭარაში – 41, იმერეთში -127.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 164 პირი, მათგან თბილისში – 109, აჭარაში – 9, იმერეთში – 11.
598 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის, 361 – თბილისში, 232- აჭარაში.
4 907 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
28 ივნისის დილის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 7 241 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 2 413, პირი, აჭარაში – 571, იმერეთში – 1 058.
აჭარის ბიუჯეტთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტი აცხადებს, რომ პანდემიის მიუხედავად, ზოგი პროგრამის შეუსრულებლობის მიზეზი მისი არასათანადოდ დაგეგმვა და მართვაში არსებული ხარვეზებია. ამასთან, საბიუჯეტო ორგანიზაციები ეფექტიანად არ იკვლევენ მიზეზებს და არ ატარებენ ადეკვატურ ღონისძიებებს; ხშირად, ბიუჯეტში გამოთავისუფლებული ფულით ახალი პროგრამები თუ ღონისძიებები არ იგეგმება.
აუდიტი ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ მის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციები ნაწილობრივ ან საერთოდ არ ითვალისწინებენ. ბიუჯეტში არც პანდემიის რისკებია სათანადოდ ასახული.
აჭარის მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტი, გასულ წელს, პანდემიის გამო, შემოსულობების ნაწილში 48,8 მილიონი ლარით შეამცირა. 2021 წლის ბიუჯეტი კი, იმავე შემოსულობების ნაწილში, ივნისის ბოლოს ჯამში 66,4 მილიონი ლარით გაზარდა.
„შემოსულობების გაზრდით“, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, პანდემიის მიუხედავად, მთავრობამ იმ თანხის ოდენობა გაზარდა [75,3 მილიონიდან 108,7 მილიონამდე], რომელიც აჭარის მუნიციპალიტეტებს უნდა გადასცეს. ასევე გაზარდა სხვადასხვა პროგრამის დაფინანსებაც, მათ შორის ისეთის, რომლებიც რამდენიმე თვის წინ პრიორიტეტად არ მიაჩნდა.
დამატებითი შემოსულობების მობილიზებას მთავრობა 2021 წელს, ძირითადად, მიწის გაყიდვიდან გეგმავს [დამატებით 62 მილიონ ლარს]. მიწები კი იმ პირობებით, რის შესრულებასაც ითხოვენ მომავალი მესაკუთრისგან – არ იყიდება. მიუხედავად ამისა, სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიწების გაყიდვა მხოლოდ პირობებიან აუქციონებზე იგეგმება.
ელექტრონული აუქციონის პორტალის მიხედვით, დღევანდელი, 27 ივნისის მდგომარეობით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 13 აუქციონი აქვს გამოცხადებული მიწის ნაკვეთების გაყიდვაზე. თითქმის ყველა ნაკვეთი აუქციონზე განმეორებით არის გამოტანილი. ერთ-ერთი ნაკვეთი კი უკვე – მერვედ.
ბიუჯეტში ცვლილებების შეტანიდან მეოთხე დღეს არ შედგა ასევე აუქციონი, რომელზეც სამინისტრო ბობოყვათთან პლაჟის გასწვრივ 28,5 ჰექტარ მიწას 48 მილიონ ლარად ყიდდა [საწყისი ფასი].
მთავრობამ ბიუჯეტში სასურსათო კალათისთვის გაწერილი 1 მილიონი ლარიც ამოიღო. ეს თანხა 2021 წელს „სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფისთვის“ იყო გათვალისწინებული.
ჯერ კიდევ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის მიერ „სათანადოდ არ იყო გაანალიზებული პანდემიისა და მისგან გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური ეფექტების გამო არსებული რისკების მატერიალიზაციის მაღალი ალბათობა“:
რამდენიმე დღის წინ კი, სახელმწიფო აუდიტმა გამოაქვეყნა მოხსენება – აჭარის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ აჭარის მთავრობის ანგარიშზე.
„ახალი კორონავირუსის [COVID-19] პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა რეცესიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებზე, რის გამოც შემოსულობების გეგმა წლის განმავლობაში რამდენჯერმე შემცირდა [ჯამში 48.8 მილიონი ლარით-ავტ.]. წლიური გეგმის შესრულების წარმოსაჩენად, 2020 წლის 23 დეკემბერს რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესული ცვლილებებით საბიუჯეტო გეგმა უკვე ფაქტობრივ ფისკალურ მონაცემებს მიესადაგა. შედეგად, 2020 წლის შემოსულობების ჯამურმა მაჩვენებელმა 278 656 800 ლარი შეადგინა, რაც წლიური შემცირებული გეგმის 102.0%-ია. შემცირებული გეგმის გადაჭარბებით შესრულების მიუხედავად, შემოსულობების თავდაპირველ გეგმასთან მიმართებით, ცალკეული კომპონენტის მიხედვით, შესრულების მაჩვენებლები განსხვავებულია. მაგალითად, რესპუბლიკური ბიუჯეტის თავდაპირველი გეგმით, „ტრანსფერების, რომელიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული“, გეგმური მაჩვენებელი განსაზღვრული არ ყოფილა იმ პირობებში, როდესაც 2019 წლის ფაქტობრივმა შემოსულობამ 3 295 900 ლარი შეადგინა, ხოლო 2020 წლის ფაქტმა – 3 027 300 ლარი“, – აცხადებს აუდიტი.
აჭარის მთავრობამ 2020 წლისთვის აჭარის ბიუჯეტის შემოსულობები 322 მილიონი ლარით დაგეგმა, რაც შემდეგ 273,2 მილიონამდე შეამცირა [შესრულებამ კი 278,6 მილიონი შეადგინა].
„2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშზე არსებული ნაშთი 12 806 100 ლარით შემცირდა და 21 671 200 ლარი შეადგინა, რაც წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული გეგმიური მაჩვენებლის 40.7%-ია. კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება ბიუჯეტის დაგეგმვაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და რეზერვების ეფექტიანად გამოყენების საკითხი. მნიშვნელოვანია გამოუყენებელი საბიუჯეტო სახსრების სრულად და ეფექტიანად ათვისება, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს საჭირო პროგრამების შემუშავებას და დაფინანსებას. ამასთანავე, გამოკვლეულ უნდა იქნეს ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამომწვევი მიზეზები და გატარდეს სათანადო ღონისძიებები“, – აღნიშნულია აუდიტის მოხსენებაში.
რაც შეეხება 2020 წელს რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელებს, ჯამში 291,4 მილიონი ლარი შეადგინა. ეს, აუდიტის მიხედვით, წლიური გეგმის 95.6%-ია.
სახელმწიფო აუდიტი ამბობს, რომ თავის მოხსენებებში მუდმივადაა აღნიშნული ფისკალური წლის ბოლოს გადასახდელების ათვისების მკვეთრი ზრდა, რაც ქმნის საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანად და არამიზნობრივად ხარჯვის რისკს.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მეტ-ნაკლები შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა, 2020 წლის დეკემბერში გაწეული გადასახდელების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 11 თვის გადასახდელების საშუალო თვიური მაჩვენებლის 210.7% შეადგინა. აღნიშნული უკავშირდება წლის განმავლობაში გადასახდელების/მისი ცალკეული კომპონენტის ათვისების ჩამორჩენასთან კვარტალურ გეგმებს და რიგი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წინასწარი ანგარიშსწორების სახით [ავანსად] გაცემულ თანხებს. მიზანშეწონილია როგორც მხარჯავი დაწესებულებების, ისე მათი მაკოორდინირებელი უწყებების მხრიდან, საკითხის დეტალური შესწავლისა და ფაქტებზე შესაბამისი რეაგირებით უზრუნველყოფილ იქნეს ასიგნებების დროული და თანაბარზომიერი ათვისება“, – აცხადებს აუდიტი.
აუდიტის მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაზუსტებული გეგმის 60%-ზე ნაკლები ათვისების მაჩვენებელი გააჩნია აჭარის 2020 წლის ბიუჯეტით დაფინანსებულ 8 პროგრამას/ქვეპროგრამას: „მათ შორის არის შემთხვევები, როდესაც თანხები არ იქნა ათვისებული ან ათვისებულია 20%-ის ფარგლებში. ასევე აღსანიშნავია, რომ გამოთავისუფლებული ფულადი სახსრები სხვა საჭიროებებზე არ მიმართულა“.
[toggle title=”პანდემიის შედეგი ზოგიერთი პროგრამის შესრულების დაბალ მაჩვენებელზე ნახეთ აქ:“]
წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური
„ზემოაღნიშნული 8 პროგრამიდან/ქვეპროგრამიდან აუთვისებელი დარჩა 496.5 ათასი ლარი, საიდანაც დიდი წილი ქვემოთ ჩამოთვლილ პროექტებზე მოდის:
ქვეპროგრამის „უმაღლესი განათლების ხელშეწყობა“, წლიური დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 150 ათას ლარს, ხოლო საკასო ხარჯმა შეადგინა 69.2 ათასი ლარი (დაზუსტებული გეგმის 46.1%). ქვეყანაში შექმნილი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, კონფერენციები და სეზონური სკოლები გადავიდნენ ონლაინ ფორმატზე, რამაც ქვეპროგრამაში 80.2 ათასი ლარის ეკონომია გამოიწვია.
ქვეპროგრამის „საპანსიონო მომსახურების მქონე საჯარო სკოლების ხელშეწყობა“, წლიური დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 646.2 ათას ლარს, ხოლო საკასო ხარჯმა შეადგინა 373.2 ათასი ლარი (დაზუსტებული გეგმის 57.8%). ქვეპროგრამის ფარგლებში, საჯარო სკოლებში, რომლებიც ახორციელებენ საპანსიონო მომსახურებას, დაფინანსდა თვეში, საშუალოდ, 205 ბავშვის საპანსიონო მომსახურება. თანხები აუთვისებელი დარჩა ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების შედეგად სკოლების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის გამო.
„მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის“ 2020 წლის გეგმა შეადგენდა 30 ათას ლარს, ხოლო საკასო შესრულებამ შეადგინა 5.7 ათასი ლარი (დაზუსტებული გეგმის 18.9%). პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი იყო დამატებით 9 ბენეფიციარის სესხით დაკმაყოფილება. იმის გამო, რომ ბენეფიციარების მხრიდან ვერ მოხერხდა ქონებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, ბანკმა სესხები არ გასცა და შესაბამისად, არ განხორციელდა თანადაფინანსება. [/toggle]
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ პროგრამების შემუშავება განხორციელდეს მიზანშეწონილობის სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ხოლო პროგრამის შესრულებისას წარმოქმნილი შეზღუდვების შემთხვევაში, გამოკვლეულ იქნეს მიზეზები და გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები. ამასთანავე, გამოთავისუფლებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ახალი პროგრამების/ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება“.
აქვე აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული იყო სულ 3 334 ადამიანი, რომლებზედაც 2020 წელს შრომის ანაზღაურების [ხელფასის] სახით ბიუჯეტიდან ჯამში 37 მილიონი ლარი დაიხარჯა [2021 წლის ბიუჯეტში კი, 3 335 საჯარო მოხელის ხელფასისთვის 38,4 მილიონი ლარია გათვალისწინებული].
აუდიტის მიხედვით, პანდემიამდე და პანდემიის შემდეგაც, კვლავ პრობლემად რჩება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი 37 საწარმო, რომელთაგან 2020 წელს დივიდენდი გადახდილი აქვს მხოლოდ ორ საწარმოს, საიდანაც შპს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის“ მიერ გადახდილი დივიდენდის წილი 81.4%-ს შეადგენს.
აუდიტის აზრით, „არსებული მონაცემები მიუთითებს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მენეჯმენტში არსებულ პრობლემებზე. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით კი, დივიდენდის მობილიზების ნაწილში დიდი გავლენა იქონია ახალი კორონავირუსის პანდემიამ, რამაც შეაფერხა მათი საქმიანობა და შესაბამისად, შემცირდა მათი მომგებიანობის მაჩვენებელი“.
„სამინისტროს განმარტება ნაკლებად საფუძვლიანია, რადგან ბოლო წლების მონაცემები ადასტურებს, რომ საწარმოების აბსოლუტური უმრავლესობა კორონავირუსის პანდემიამდეც წამგებიანი იყო და მათი მხრიდან დივიდენდების გადახდა არ ფიქსირდება. მდგომარეობის გამოსწორების მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ადრე გაცემული რეკომენდაციები, მხოლოდ ნაწილობრივ იქნა შესრულებული“ – აღნიშნულია მოხსენებაში, რომელიც აუდიტის სამსახურმა 2021 წლის ივნისში გამოაქვეყნა.
თუმცა აუდიტი იმასაც აღნიშნავს, რომ „წინა წლებთან მიმართებით შპს „სავაჭრო ცენტრი 2009“-ის [ე.წ. „ხოფის ბაზრობა“] დივიდენდების შემცირება მნიშვნელოვნად გამოწვეულია იმით, რომ პანდემიის გამო სავაჭრო ცენტრი მხოლოდ პერიოდულად ფუნქციონირებდა“.
რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, აუდიტის განცხადებით „წარმოდგენილი დიაგრამიდან ჩანს, რომ ბოლო წლებში მზარდია საშემოსავლო გადასახადის სახით მობილიზებული საბიუჯეტო სახსრების მოცულობა, თუმცა 2020 წელს ახალი კორონავირუსის პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა რეცესიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შემოსავლების მოცულობაზე და 2020 წელი, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვანი კლებით აღინიშნა“:
წყარო: აუდიტის სამსახური
აუდიტის მოხსენებიდან:
„2019 წელთან მიმართებით, 2 016 700 ლარით გაზრდილია ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურება, საიდანაც 1 839 100 ლარის ხარჯი გაწეულია ბათუმის ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებაზე. დაფინანსების მიზანშეწონილობა დადგა კორონავირუსის პანდემიის გამო.
„არაფინანსური აქტივების ზრდის“ გეგმის არსებითი შემცირების გამო, 2020 წელს არ განხორციელდა ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. მათ შორის, მხოლოდ გზების რეაბილიტაციის ბიუჯეტი შემცირდა 11 243 100 ლარით. შედეგად, აჭარის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელში არ განხორციელდა გზების კეთილმოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები.
ბიუჯეტის შემცირების გამო, 2020 წელს ასევე ვერ შეისყიდეს აჭარის ტერიტორიაზე არსებული მთის კურორტების (ბეშუმის, გოდერძისა და გომარდულის) ქალაქმშენებლობითი დოკუმენტები, შედეგად ვერ იქნა შემუშავებული კურორტების განვითარების კონცეფცია, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და განაშენიანების რეგულირების გეგმა.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით ათვისებული საბიუჯეტო რესურსის მოცულობა 3 917 600 ლარით ჩამორჩა შემცირებულ გეგმურ მაჩვენებელს.
მოპოვებული დოკუმენტაციით, აღნიშნულის ძირითადი მიზეზი პროგრამების დაგეგმვაში არსებული ხარვეზებია, ასევე კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები.
მაგალითად:
„სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის“ პროგრამაში აუთვისებელი დარჩა 1 140 500 ლარი. პროგრამის ფარგლებში, მეჯინისწყლის დასახლებაში [„ოცნების ქალაქში“] შენდება მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი. შესაბამისი ხელშეკრულებით, მიმწოდებელს 2020 წელს უნდა შეესრულებინა 8 500 000 ლარის ღირებულების სამუშაოები.
სამინისტროს განმარტებით, კომპანიას ჰქონდა სამუშაოების წინსწრებით შესრულების მოლოდინი, რის გამოც, სამუშაოების შეფერხებების გარეშე დაფინანსების უზრუნველსაყოფად, ბიუჯეტში განისაზღვრა დამატებითი სახსრები, რაც მიმწოდებელმა ვერ შეასრულა. ზემოაღნიშნული სამინისტროს პროგრამების მართვაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.
„გზების რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამაში აუთვისებელი დარჩა 939 800 ლარი, რაც ძირითადად განპირობებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების სახელშეკრულებო ვადებში შეუსრულებლობით.
მოპოვებული ინფორმაციით, სამუშაოების შესრულების დაყოვნება მნიშვნელოვნად გამოწვეულია კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით, ასევე რიგი შესყიდვების პროცედურების დაგვიანებით დაწყებით და სხვა გარემოებებით.
„საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ქვეპროგრამაში აუთვისებელი დარჩა 532 200 ლარი, რაც განპირობებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებების ფარგლებში ფაქტობრივად მიწოდებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულებით, ასევე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე, ტექნიკურ და საავტორო ზედამხედველობაზე წარმოქმნილი ეკონომიებით.
მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლოს დაზუსტებულ საბიუჯეტო გეგმასა და შესრულების მაჩვენებლებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობებია, საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან არ ხორციელდება მიზეზების ეფექტიანი კვლევა და ადეკვატური ღონისძიებების გატარება, რაც პროგრამების არაჯეროვან შესრულებას განაპირობებს.“
აუდიტი ასევე აცხადებს, რომ „აჭარის ბიუჯეტის დაგეგმვაში არსებული არსებითი ნაკლოვანებები, [სხვა პრობლემებთან ერთად] საპრივატიზებო გეგმის არარსებობის შედეგია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის ანგარიშში ბიუჯეტის თავდაპირველ საპროგნოზო მაჩვენებლებსა და საკასო შესრულებას შორის არსებულ გადახრებთან დაკავშირებით, განმარტებები არ არის წარმოდგენილი“.
აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში გასტრონომიული პოტენციალის კვლევას იწყებს, კვლევის ფარგლებში აღმოჩენილი კერძები კი ერთ კულინარიულ გზამკვლევში გაერთიანდება.
შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 42 ათასი ლარია. კვლევა 2021 წლის 1-ელ ოქტომბრადე უნდა დასრულდეს.
„აჭარის, როგორც მაღალმთიან (ხულო, შუახევი, ქედა), ისე ზღვისპირა (ქობულეთი და ხელვაჩაური) მუნიციპალიტეტებს მრავალფეროვანი, განსხვავებული კულინარიული ნაწარმი ახასიათებს. კვლევის მიზანია აჭარის რეგიონში, როგორც კარგად ცნობილი და დღესაც პრაქტიკაში გამოყენებული, ისე იშვიათი ან ნაკლებად ცნობილი კერძების მოძიება და კვლევა, მათთან დაკავშირებული მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შესწავლა, მათი ერთ კულინარიულ გზამკვლევში თავმოყრა და ამ გზით გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაცია. კულინარიული გზამკვლევის საშუალებით ვიზიტორებისთვის ცნობილი გახდება არა მხოლოდ ის, თუ რა ტრადიციული კერძები მზადდება აჭარაში, არამედ ისიც, თუ სად შეიძლება მათთვის საინტერესო კერძების დაგემოვნება,“ – აღნიშნულია სააგენტოს განაცხადში.
სააგენტოს ინფორმაციით, „მთიანი აჭარის სამზარეულო უფრო ცხიმიანი და ყუათიანია (ნოყიერია). მასში მხალეული და რძის პროდუქტები ჭარბობს, რაც განპირობებულია იმით, რომ მთიანი აჭარის მოსახლეობის ძირითად საქმიანობას მეცხოველეობა წარმოადგენს. ყველაზე პოპულარული აჭარული კერძებია: ბორანო, ჩირბული, ყაიმაღი/კაიმაღი და სინორი.
ზღვისპირეთის კულინარიაში მრავლადაა სხვადასხვაგვარი მარცვლეულის, ხორცეულის, თევზეულის კერძები. ჭარბად იყენებენ სანელებლებს (უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, წიწაკა, სხვადასხვაგვარი საწებელი). ვინაიდან აჭარული სამზარეულო ხასიათდება კერძების ნაირგვარობით და ლოკალური თავისებურებებით, კულინარიული კვლევა უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტების, ხეობების, იაილების მიხედვით. უნდა მოიცავდეს, როგორც მაღალმთიანი აჭარის, ისე ზღვისპირეთის მუნიციპალიტეტებს, როგორც ზემოაჭარულ, ისე ქობულეთურ კულინარიას“.
სააგენტო მიუთითებს ასევე, რომ „კვლევის ფარგლებში შესაძლებელია გამოვლინდეს ერთი და იმავე კერძის დამზადების განსხვავებული ტრადიცია და წესი ხეობების, მუნიციპალიტეტების მიხედვით, ამიტომ, შესწავლილი უნდა იქნას მათი ინტერპრეტირებული ვარიანტები. გზამკვლევში წარმოდგენილი კერძები უნდა იყოს ნაკლებად ცნობადი ან კვების რაციონში იშვიათად გამოყენებული (მაგალითად, ყველის მივიწყებული სახეობები, იმ მარცვლეულისაგან დამზადებული საკვები, რომელიც ადრე მოჰყავდათ აჭარაში და კულინარიაში გამოიყენებოდა, აგრეთვე, გარეული მხალის, ხილის და კენკროვნებისაგან დამზადებული კერძები, ზამთარში შესანახად განკუთვნილი ხორცეული, რაც აჭარის კულინარიაში ადრე ფართოდ იყო დანერგილი.“
____________
მთავარ ფოტოზე: სინორი. ფოტო: visitajara.com
[red_box]ქვემოთ, შესაბამის ბმულზე, შეგიძლიათ ნახოთ ზოგიერთი აჭარული კერძის მომზადების ვიდეორეცეპტი „ბათუმელების“ სამაზარეულოდან:[/red_box]
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, აჭარაში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს.
2 სამართალდარღვევაა გამოვლენილი ქალაქ ბათუმში, 2 ფაქტი კი – ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმში, მდინარე ჭოროხის მიმდებარედ, მოქალაქეები სპეციალური ტექნიკით (ექსკავატორით) მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას – ქვიშასა და ხრეშს. სამართალდამრღვევებს ჯამში უკანონოდ მოპოვებული ჰქონდათ 42 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში, მდინარე ჭოროხის მიმდებარედ მოქალაქემ ექსკავატორის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა 2 კუბური მეტრი ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში).
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში კი, სამართალდამრღვევმა უკანონოდ მოიპოვა ანდეზიტი-ბაზალტი და სხვა საშენი მასალები. წიაღისეულისა და საშენი მასალების უკანონოდ მოპოვების შედეგად, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 21 151 ლარი შეადგინა.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.
„ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება“ – წერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 27 ივნისის 21 საათიდან 28 ივნისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 25-30 გრადუსი
ღამით: 20-25 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 20-25 გრადუსი სითბო
ღამით: 10-15 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +22 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 29-30 ივნისს, აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
„მოსწავლეები ძალიან დაინტერესებული ჩანდნენ გენდერული თანასწორობის საკითხებით. ეტყობოდათ, რომ მანამდეც არაერთხელ დაფიქრებულან იმაზე, რომ ნაადრევი ქორწინების გამო ბავშვებს განვითარების შესაძლებლობა ერთმევათ… ნაადრევი ქორწინება ნამდვილად გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი უმწვავესი სოციალური სენია. მისი მსხვერპლები, შემთხვევათა უმრავლესობაში, გოგოები არიან“, – ამბობს მარიამ ქაჯაია, რომელიც ქობულეთის სოფელ ლეღვას N2 საჯარო სკოლაში გამართული დისკუსიის მოდერატორი იყო.
ლეღვას N2 საჯარო სკოლაში გამართული დისკუსია ნაადრევი ქორწინების, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ არსებულ პრობლემებს ეხებოდა.
შეხვედრა, რომელსაც სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლებიც ესწრებოდნენ, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით ჩატარდა.
დისკუსია ლეღვას N2 საჯარო სკოლაში
ზემოაღნიშნულ თემებზე საუბრის იდეა ლეღვას N2 საჯარო სკოლის დირექტორს, მანანა მახარაძეს ეკუთვნის.
შეხვედრის მონაწილე მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დისკუსიის რეჟიმში განიხილეს ნაადრევი ქორწინების გამომწვევი მიზეზები და შედეგები. მომხსენებელმა კი მათ არსებული სტატისტიკა, კანონით გაწერილი ვალდებულებები და შესაბამისი პასუხისმგებლობა გააცნო.
დისკუსია ლეღვას N2 საჯარო სკოლაში
მარიამ ქაჯაია – ორგანიზაცია „იდენტობის“ ბათუმის სათემო ცენტრის მენეჯერი:
„საინტერესო იყო, რომ ბავშვებმა ნაადრევი ქორწინება ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დააკავშირეს. აღნიშნავდნენ, რომ ნაადრევად გათხოვილ გოგონებს დაბალი თვითშეფასება უვითარდებათ, რადგან სწავლა-განათლებას ვერ იღებენ, თანატოლებისგან განსხვავებით ნაადრევად უწევთ საოჯახო საქმეებზე პასუხისმგებლობის აღება.
ნაადრევი ქორწინება ნამდვილად გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი უმწვავესი სოციალური სენია, რამდენადაც მისი მსხვერპლები, შემთხვევათა უმრავლესობაში გოგოები არიან. იმასთან ერთად, რომ გოგოებს ისედაც უფრო მეტი ბარიერი ხვდებათ ცხოვრების ყველა სფეროში, ვიდრე ბიჭებს, ადრეული ქორწინება გოგოს განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის ძალადობის, ფიზიკური ავადობის, ადრეული ორსულობისა და ფსიქო-ტრავმების მიმართ“.
დისკუსია ლეღვას N2 საჯარო სკოლაში
„ჩვენი შეხვედრის შემდეგ ბავშვებმა იციან არა მხოლოდ ის, თუ როგორ შეუძლიათ დაიცვან საკუთარი თავი და მეგობარ-თანატოლები ადრეული ქორწინებისგან, არამედ ყველა იმ უარყოფითი შედეგის შესახებ, რომელიც დგება ამ დროს. სიხარულით უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ მასწავლებლებმა და დირექტორმაც მზადყოფნა გამოუცხადეს ბავშვებს, თუკი ისინი ადრეული ქორწინების თუ სქესობრივი ძალადობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან, მასწავლებლები ბავშვის გვერდით იდგებიან“, – ამბობს მარიამ ქაჯაია.
დისკუსია ლეღვას N2 საჯარო სკოლაში
ლინდა ძირკვაძე, ლეღვას N2 საჯარო სკოლის მოსწავლე: „მსგავსი შეხვედრები ყველასთვის აუცილებელია. ძალიან ბევრი ადამიანი არ ფლობს ამ თემებზე ინფორმაციას. ბევრი გოგონა შესაძლოა მშობლების მხრიდან ზეწოლის გამო ქმნიდეს ნაადრევად ოჯახს. მათ არ აქვთ გააზრებული, რა სირთულეებთან მოუწევთ გამკლავება. არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მშობლებსაც უნდა ვესაუბროთ ამ თემაზე“.
დისკუსია ლეღვას N2 საჯარო სკოლაში
ლეღვას N2 საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ 10 სკოლიდან აჭარაში, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ კონკურსის წესით შეარჩია.
ლეღვას სკოლაში შეხვედრა დაიგეგმა და განხორციელდა პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ მსგავსი შეხვედრების ჩატარება მიზნად ისახავს რეალურ დროში ადამიანის უფლებების სფეროში არსებული პრობლემების ანალიზს, მათი გადაწყვეტის შესახებ დისკუსიის წამოჭრის შესაძლებლობას და მოსწავლეთა და მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლებას.
მახინჯაურის საჯარო სკოლაში – ნაადრევ ქორწინებაზე, მის უარყოფით შედეგებსა და სქესობრივ აღზრდაზე.
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეების და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არისაუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდესდონორიორგანიზაციისშეხედულებებს.