მთავარი,სიახლეები

პროექტი, რომელმაც 500-ზე მეტი მოსწავლე გააერთიანა აჭარაში

28.06.2021 • 1823
პროექტი, რომელმაც 500-ზე მეტი მოსწავლე გააერთიანა აჭარაში

რა უფლებები აქვთ ბავშვებს, როგორ უნდა დაიცვან მათ თავი ძალადობისგან? ქალთა უფლებებზე რა ვიცით, რით განსხვავდება ასი წლის წინ მცხოვრები ქალების ბედი თანამედროვე ქალების შესაძლებლობებისგან? რა ძალა აქვს გამოხატვის თავისუფლებას და სად არის ამ თავისუფლების ზღვარი? როგორ დავიცვათ თავი ყალბი ინფორმაციის გავლენისგან და რა ინსტრუმენტები არსებობს ცრუ ამბების გამოსავლენად? – ეს ის საკითხებია, რის შესახებაც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის მონაწილე მოსწავლეები ხანგრძლივად საუბრობდნენ მეგობრებთან ერთად. შემდეგ კი ეს თემები საფიქრალად ექცეოდათ ხოლმე.

„დემოკრატია“ ბერძნული სიტყვაა და ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს, ეს ერთგვარი პასუხისმგებლობაა საზოგადოების თითოეული წევრისთვის, რომ ყველამ იცოდეს საკუთარი უფლებები და ის ფასიც, რაც დემოკრატიული ღირებულებების მოსაპოვებლად გაიღო აქამდე მოსულმა განვითარებულმა მსოფლიომ.

ზემოთ მოცემული კითხვები სკოლის ასაკიდანვე ხდება აქტუალური თანამედროვე საზოგადოებაში. მეტიც, თითქოს განვითარებულ 21-ე საუკუნეში ისევ მწვავედ დგას ძალადობის, უფლებების უხეში რღვევის პრობლემები, რასთან გასამკლავებლადაც უპირველესი ნაბიჯი სწორედ საკუთარი უფლებების ცოდნა და ამ უფლებების დაცვის მექანიზმებში გარკვევაა.

„დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების  პოპულარიზაცია  აჭარაში“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც უკვე მეორე წელია მხარს უჭერს ამერიკული ფონდი – „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“.

პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში სხვადასხვა თემაზე იმართებოდა დისკუსიები, შეიქმნა მოხალისეობრივი პლატფორმები სოციალურ ქსელებში, რომლის მიზანიც დემოკრატიული იდეებისა და ადამიანის უფლებების პოპულარიზაცია იყო.

შეხვედრა მოსწავლეებთან მერისის სკოლა-პანსიონში

ამავე პროექტის ფარგლებში მოქმედებს „ბათუმელების“ რედაქციაში მედიასკოლა, სადაც 16 ახალგაზრდა შეირჩა კონკურსის წესით. მედიასკოლის მოსწავლეები სწავლობენ როგორ შუქდება ახალი ამბები, როგორ მზადდება სტატია, ინტერვიუ, რეპორტაჟი, რა არის ციფრული მედია, სწავლობენ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებს და ა.შ.

მედიასკოლის შეხვედრები 2 თვეს გრძელდება. მეცადინეობა კვირაში ორჯერ იმართება.

თითოეულმა მონაწილემ სწავლების მიმდინარეობისას თითო ფოტო, ვიდეორეპორტაჟი ან სტატია უნდა მოამზადოს.

რა აინტერესებთ სკოლებში ბავშვებს? როგორც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ წარმომადგენელი და ზემოთ ხსენებული პროექტის მედიაკოორდინატორი, მარი ზაქარაძე ამბობს, 50 მსურველი სკოლიდან 10 სკოლა კონკურსით წესით შეარჩიეს აჭარის 6 მუნიციპალიტეტში.

ათივე სკოლაში სხვადასხვა თემაზე გაიმართა საჯარო დისკუსია, რომლის თემებიც თავად სკოლებმა შეარჩიეს. მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს ბავშვთა უფლებებზე, ბულინგზე, სქესობრივ განათლებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ნაადრევ ქორწინებაზე. იყო სკოლები, სადაც გენდერული თანასწორობა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვა თემები შეარჩიეს სადისკუსიოდ.

„ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები გამოვლინდა სკოლებში. ვფიქრობთ, ამ საკითხებზე მომავალში გავაგრძელებთ მუშაობას. მაგალითად, ბევრი მასწავლებელია გადასამზადებელი სქესობრივი აღზრდისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში – დისკუსიების დროს ბავშვებს ხშირად მასწავლებლები აწვდიდნენ არასწორ ინფორმაციას, ხანდახან შემაშფოთებელიც კი იყო მათი განცხადებები”, – ამბობს მარი ზაქარაძე.

მარი ზაქარაძე

სოფიო ქარცივაძე და სალომე ფუტკარაძე სტუდენტური დისკუსიების კოორდინატორები არიან „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლიდან“.

სალომე და სოფო სკოლის მოსწავლეებთან მედიაწიგნიერების და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაზე მუშაობდნენ. პანდემიის პერიოდში, როცა სკოლები დაკეტილი იყო, აწყობდნენ ონლაინშეხვედრებს, შექმნეს ონლაინსამუშაო ჯგუფები, სადაც უზიარებდნენ  თემებთან დაკავშირებულ მასალებს ახალგაზრდებს, შემდეგ ერთად განიხილავდნენ დამუშავებულ მასალას ზუმში. სასწავლო პროცესის სკოლებში აღდგენის შემდეგ კი შეხვედერები და სამუშაო პროცესი უკვე სკოლებში გაგრძელდა.

ჯაბა ანანიძე – ჟურნალისტი. შეხვედრა დაბა ხულოს საჯარო სკოლაში

„განსაკუთრებით ერთი ამბავი დამამახსოვრდა. სადისკუსიო თემა იყო გამოხატვის თავისუფლება და ჩარჩოები. ბავშვები ტექსტურ დავალებაში წერდნენ და ამბობდნენ, რომ შეიძლება გამოხატო რაც გსურს, მაგრამ ამის შემდეგ მოსალოდნელია გახდე დაცინვისა და ბულინგის მსხვერპლი. სწორედ ამ შიშს განიხილავდნენ, როგორც მოტივს იმისას, გამოხატვის თავისუფლებასაც შეიძლება ხანდახან ჰქონდეს ზღვარი.

ერთი მხრივ, წარმოადგენდნენ თემას ისე, რომ გამოხატვის თავისუფლებას არ უნდა ჰქონოდა ჩარჩოები, მაგრამ დამცირებას და ბულინგს ისე მწვავედ განიცდიან ახალგაზრდები, რომ ეს აბრკოლებთ გამოხატონ საკუთარი ნამდვილი აზრები ამა თუ იმ თემაზე“, –  ამბობს სალომე ფუტკარაძე.

სალომე ფუტკარაძე

სოფიო ქარცივაძე გვიყვება, რომ პროექტში ჩართვა შეეძლოთ როგორც ბსუ-ს, ასევე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსაც. ერთთვიანი კურსით 80 სტუდენტი დაინტერესდა და მათგან 60 შეარჩიეს. მათ შესაძლებლობა მიეცათ ცოცხალ სადისკუსიო და სამუშაო სივრცეში ჩართულიყვნენ.

„ძალიან საინტერესო იყო სტუდენტებთან მუშაობა. მათ ძირითადად ჰქონდათ ინფორმაცია მედიაწიგნიერებაზე. იყვნენ ბევრად გაბედულები და კრიტიკულები მოსწავლეებთან შედარებით და იცოდნენ ისიც, რომ სოციალურ ქსელებში ძირითადად ყალბი ამბები ვრცელდება, რომლის გარჩევაც ნამდვილი ამბებისგან ძალიან მნიშვნელოვანია. არ გვქონდა სადისკუსიო თემად მონიშნული, მაგრამ სტუდენტები თავად დაინტერესდნენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საქმიანობითა და მუშაობით.

შეხვედრა დაბა ქედის საჯარო სკოლაში

საინტერესო იყო შეხვედრები მედიაწიგნიერების თემაზე აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მოსწავლეებთან. მათ ამ დისკუსიების შემდეგ შეიძინეს ცოდნა, თუ როგორ გადაამოწმონ ფოტოების ნამდვილობა, გაიგეს ყალბი ვებგვერდების ამომცნობი ინსტრუმენტების, ვერიფიკაციის რესურსების შესახებ. გაიგეს ისიც, რომ არსებობს მედიის განვითარების ფონდი, რომელიც მუშაობს ამ საკითხებზე. მოსწავლეებიც კი აცნობიერებენ, რომ ბოტებისა და ტროლების არსებობა დიდი პრობლემაა სოციალურ ქსელში“, – ამბობს სოფიო ქარცივაძე.

სოფიო ქარცივაძე

პროექტის კიდევ ერთი კოორდინატორი, ქეთი ადეიშვილი ამბობს, რომ პანდემიამ ონლაინსივრცეში გადაიყვანა ნაწილობრივ სამუშაო პროცესი, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია აქტიური კომუნიკაციისთვის.

შეიქმნა მოხალისეობრივი სამუშაო ჯგუფი ფეისბუქზე, სადაც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან 80-მდე ახალგაზრდა დაუკავშირდა ერთმანეთს.

ქეთი ადეიშვილი

„2020 წლის ნოემბრიდან აპრილის შუა რიცხვებამდე ასე ვურთიერთობდით. ამ ხნის განმავლობაში ყოველდღიურად ვდებდით სხვადასხვა სახის ინფორმაციას: სტატიებს, დოკუმენტურ ფილმებს, ანიმაციებს, გვქონდა ესეების კონკურსი, ტესტები – გვქონდა მრავალმხრივი კონტენტი. ქალთა უფლებების, გარემოსდაცვითი საკითხების, ბულინგის და სხვადასხვა თემაზე, თითო კვირა თითო თემაზე დისკუსიას ეძღვნებოდა.

კვირის ბოლოს ჩვენ მიერ შეთავაზებული თემები მოწმდებოდა და ჯამდებოდა. განსაკუთრებით აქტიურ, კრიტიკულად მოაზროვნე და ჩართულ მონაწილეებს ვაჯილდოვებდით სიმბოლური ჯილდოებით“, – ამბობს ქეთი ადეიშვილი.

____

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეების და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: