განათლება,მთავარი,სიახლეები

რისი გაკეთება უნდა შეძლონ პედაგოგებმა სკოლებში ინტეგრირებულ გაკვეთილებზე

28.06.2021 • 4162
რისი გაკეთება უნდა შეძლონ პედაგოგებმა სკოლებში ინტეგრირებულ გაკვეთილებზე

ბათუმში საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს ციფრული ტექნოლოგიების ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის მიზანია, რომ მასწავლებლებმა შეძლონ ვიზუალიზაციაზე დაფუძნებული, ინტეგრირებული, საინტერესო გაკვეთილების ჩატარება საკლასო ოთახებში.

განათლებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების აკადემიის დამფუძნებელმა, დავით სონღულაშვილმა პედაგოგებს რამდენიმე ექსპერიმენტი აჩვენა, რომლის განხორციელებაც, მისი აზრით, თავისუფლად შეუძლიათ პედაგოგებს სკოლაში ქიმიის, ფიზიკის თუ სხვა გაკვეთილებზე.

რა არის საჭირო ერთი კონკრეტული ექსპერიმენტის ჩასატარებლად ? – ვკითხეთ დავით სონღულაშვილს. მისი თქმი, ერთი კონკრეტული მასწავლებლის დონეზე ექსპერიმენტისთვის საჭიროა პროექტორი, კომპიუტერები და ვირტუალური ლაბორატორია.

პედაგოგებს ბათუმში ციფრულ ტექნოლოგიებში ტრენინგები ჩაუტარეს.

სპეციალისტის თქმით, ტელეფონის, პროექტორის და ვირტუალური ლაბორატორიის სინთეზით პედაგოგებს შუძლიათ ისეთი ექსპერიმენტების ჩატარება, რომელიც  ბევრად საინტერესოს გახდის სწავლების პროცესს.

„ვირტუალური ლაბორატორია გვეხმარება იმაში, რომ ყველა რეალური ცდის ჩატარების დროს ვიზუალურად დავინახოთ ყველა თანმხლები უხილავი მოვლენა, თავიდან ბოლომდე ერთვები შინაარსში, რაც გვიმარტივებს გააზრების და გაგების პროცესს“, – გვეუბნება სონღულაშვილი.

მისი თქმით, ვირტუალური ლაბორატორია დაახლოებით 4 ათასი ლარი ღირს და მისი შეძენა წესით ყველა სკოლას შეუძლია.

„სასწავლო პროცესში STEAM-ის დანერგვის მთავარი პრინციპია ის, რომ სწავლება მთლიანად გადართული იყოს თანამედროვე ტექნოლოგიებზე.

პედაგოგები STEAM-ის ტრენინგზე ბათუმში.

ამ ეტაპზე მასწავლებლებს უჭირთ ტექნოლოგებზე გადართვა. სწორედ ამიტომ არის საჭირო მათი გადამზადება. მასწავლებლებმა უნდა დაძლიონ შაბლონები, ის წინააღმდეგობები, რასაც მიჩვეული არიან. ჩვენ კი არ უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვები ჩვენს რელსებზე გადმოვიყვანოთ, არამედ ჩვენ უნდა გადავიდეთ მათ რელსებზე, რადგან მომავალი ბავშვებისაა და არ გამოვა მათი აქეთ გადმოყვანა. უნდა გავიაზროთ, რომელ საუკუნეში ვართ და ამ საუკინის ტექნოლოგებით უნდა შევიდეთ კლასში.  თუმცა, თუ ამ ყველაფერს არ ექნება შინაარსი, აზრი არ ექნა, მაშინ არაფერი არ გამოვა“, – ამბობს სონღულაშვილი.

ტრენინგზე მყოფმა პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ „ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ სკოლებში შესაბამისი აღჭურვილობა უნდა იყოს“.

ერთ-ერთი პედაგოგის თქმით, ყველა კაბინეტში უნდა იყოს პროექტორი და კომპიუტერი.

„ამ ექსპერიმენტებიდან რაც ტრენინგზე ვნახეთ, რაღაც ნაწილის ჩატარება ალბათ შეგვიძლია, რადგან კომპლექსურად ყველა მასწავლებელი ვერ გამოიყენებს იმ ერთ პროექტორს და კომპიუტერს, რომელიც სკოლაშია“, – გვეუბნება პედაგოგი.

ბერიკა შუკაკიძე ბათუმში მასწავლებლებთან შეხვედრაზე.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბერიკა შუკაკიძე ამბობს, რომ ყველა სკოლის აღჭურვას სახელმწიფო ვერ შეძლებს.

„ამას ვერცერთი ქვეყნის ბიუჯეტი ვერ ეყოფა. რატომღაც სტემ-ის გაგება არის ის, რომ ძვირი პროდუქტია და ჩვენ გვინდა, რომ ბევრ სხვა მითთან ერთად ესეც დავამარცხოთ. ამ ექსპერიმენტების ჩატარება, რასაც ტრენინგზე ხედავენ პედაგოგები, ყველა სკოლაშია შესაძლებელი. ერთი პროექტი 35-50 ლარამდე ჯდება“, – ირწმუნება შუკაკიძე.

მაშინ მას შევახსენეთ ის რეალობა, რომელიც პანდემიის პერიოდში ნათლად გამოჩნდა, რომ პედაგოგების და მოსწავლეების გარკვეული ნაწილი ინტერნეტის და ტექნიკური საშულებების გარეშე აღმოჩნდა და რომ ყველა ბავშვს, ნამდვილად არ უდევს ჯიბეში სმარტფონი, როგორც ამას შუკაკიძე ირწმუნება.

ტექნოლოგიები, რომელიც სტემ-ის ტრენინგზე იყო წარმოდგენილი.

ამის საპასუხოდ ის ამბობს, რომ ის ვერც მოსწავლეების და მასწავლებლების ტექნიკურ აღჭურვაზე და ვერც ინტერნეტის ხარისხზე პასუხისმგებელი ვერ იქნება. თუმცა დარწმუნებულია, რომ „3-4 კომპიუტერი და ერთი პროექტორი ყველა სკოლაშია“.

„აქ მთავარი არის ის, რომ უარი არ ვთქვათ საინტერესო რაღაცეების კეთებაზე და სასწავლო პროცესის ორიენტირი აქეთ უნდა გადავიდეს, – კვლევა, ძიება, აღმოჩენა. არც ყოველდღეა საჭირო სტემ-ის გაკვეთილის ჩატარება, არ სჭირდება ყველა მასწავლებელს კომპიუტერი, შეიძლება დაიგეგმოს ჯგუფური მუშაობა.

მთავარია, რომ თეორიული ცოდნა, რომელიც მიიღო მოსწავლემ ფიზიკაში, ბიოლოგიაში, ქიმიაში, მათემატიკაში, გამოვიყენოს პრაქტიკაში და დაინახოს საგანთა შორის კავშირები“, – ამბობს შუკაკიძე.

როგორ აპირებს „მასწავლებლის სახლი“ პროცესის მონიტორინგს? – ვკითხეთ მას.

შუკაკიძის თქმით, „მასწავლებლის სახლი“ ახალი სასწავლო წლისთვის 50 პროექტის ჩამოტანას აპირებს აჭარაში „პროექტები იქნება იმის მიხედვით, თუ რომელი საგნების ინტეგრირება სურთ და ჩვენს კონსულტანტთან ერთად დაგეგმავენ მათ განხორციელებას.

როცა თითოეულ სკოლაში დაიწყება სტემ-ის სწავლება, მივეხმაროთ მასწავლებლებს. გვინდა ყოველი სემესტრის ბოლოს შევაჯამოთ რა გაკეთდა და შევაფასოთ პროექტში ჩართული სკოლების პროექტები“, – ამბობს ბერიკა შუკაკიძე.

როგორც აჭარის განათლების სამინისტროში გვეუბნებიან, ამ დროისთვის აჭარაში მხოლოდ 20 სკოლაშია შეტანილი ვირტუალური ლაბორატორია, „წელს კი 5 სკოლაში შეტანა იგეგმება“-გვეუბნებიან სამინისტროში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: