მთავარი,სიახლეები

„ნეტა, აქედან წავიდოდე“ – ადამიანები ბათუმის „შანხაიდან“

29.06.2021 • 3470
„ნეტა, აქედან წავიდოდე“ – ადამიანები ბათუმის „შანხაიდან“

ბათუმში, „შანხაის დასახლებაში“, შავშეთის ქუჩაზე მდებარე სახლში ივნისის მცხუნვარე, მზიან ამინდშიც შეუძლებელია იმის გარკვევა, რა დროა გარეთ – დღეა თუ ღამე.

ბნელ სახლში შესასვლელად ასევე ბნელი დერეფანი უნდა გაიარო, სადაც სველ კედლებს ნესტის სუნი ასდის, აქვე აშრობენ სარეცხს და იმ ნივთებსაც აქ ინახავენ, რომლებიც სივიწროვის გამო საცხოვრებელ სივრცეში არ ეტევა.

ვიდრე მასპინძელი ნათურას აანთებს და ოთახიდან შუქი გამოვა, დერეფნის კუთხეებში გაფენილი სარეცხის გარდა, უნდა მოერიდო ტაშტებს, ვედროებს და იქვე დასაწყობებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს.

ეს სახლი ეკუთვნის რესპონდენტს, რომელსაც თავისი სიდუხჭირის ამბის მოყოლა დიქტოფონთან მხოლოდ იმიტომ არ სურს, რომ ისიც არ დაკარგოს, რაც აქვს. მას სჯერა, რომ თუ ილაპარაკებს, პრობლემები შეექმნება.

„შანხაის დასახლება“

აქ მცხოვრებთა უმრავლესობა სოციალურად დაუცველია. ზოგი ნატრობს, „ნეტა მისი პრობლემა მხოლოდ სიღარიბე, ჩაბნელებული, არაჯანსაღი საცხოვრებელი გარემო იყოს და ავადმყოფი ოჯახის წევრისთვის ყოველ თვე ძვირადღირებული წამლები არ სჭირდებოდეს“.

„შანხაის დასახლება“ ბათუმში

აქ ყველას თავისი ისტორია აქვს მოსაყოლი, თუმცა მათგან უმეტესობას ხმის ამოღებაც არ სურს.

  • „დავიღალეთ იმის გამეორებით, რაც ისეც ჩანს. შეხედეთ…“

აქ ამბობენ, რომ ბევრჯერ უამბეს თავიანთი გასაჭირი მათ, ვინც ირწმუნებოდა, რომ რაღაცის შეცვლა შეეძლო მათთვის.

ლაპარაკობდნენ პრობლემებზე ყოველი არჩევნების წინ, იღებდნენ  დაპირებებს, თავადაც აძლევდნენ პირობას და ასრულებდნენ კიდეც, თუმცა ეს შეთანხმებები ყოველთვის უშედეგოდ სრულდებოდა, ამიტომაც ახლა აღარ სურთ საუბარი.

მათი უარი ან კატეგორიულია, ან გაღიზიანებული.

ზოგიერთი კი შიშობს, რომ თუ ილაპარაკებს, პრობლემები შეექმნება:

„მეუღლეს ოპერაცია გავუკეთეთ, დამიფინანსეს, ისეთი ბედი მაქვს, რამე რომ ვთქვა, რაც მაქვს, იმასაც დავკარგავ. სათქმელი როგორ არა მაქვს, სახლი თავზე მენგრევა, წვიმა ჩამომდის, ნეტა აქედან წავიდოდე, მეტი არაფერი მინდა.“

„შანხაის დასახლება“ ბათუმში

„შანხაის დასახლება“ ბათუმში

ხათუნა ბერიძე მათ შორისაა, ვინც საკუთარი ისტორიის მოყოლა გადაწყვიტა.

ხათუნა 11 წელია შანხაის დასახლებაში ქირით ცხოვრობს, ის ხუთი შვილის დედაა და ორ შშმ ბავშვს უვლის. სახელმწიფოსგან აქვს მხოლოდ სოციალურად დაუცველის სტატუსი და შესაბამისი დახმარება, რაც მისი და მისი შვილების საჭიროებებისთვის მიზერული თანხაა:

„შანხაის დასახლება იმიტომ ავირჩიე, რომ პირველი სართული, თანაც ეზოიანი სახლი მჭირდებოდა, შვილებს გარეთ გამოსვლის და ხალხთან კონტაქტის შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ.

240 ლარი მაქვს სოციალური დახმარება, ქირაში 320 ლარს ვიხდი, კომუნალური გადასახადების ჩათვლით.

მაძლევენ  ორი ბავშვის დახმარებასაც პენსიის სახით. უფროსი 24 წლისაა.

მინდა, რომ წამლის ყიდვა თავის დროზე შევძლო. მედიკამენტების ვაუჩერის სახით ვიღებთ წელიწადში 200 ლარს მხოლოდ. გარდა ამისა, თუ ერთ შშმ  პირზე ვაუჩერი მივიღე, მეორისთვის აღარ მაძლევენ. არადა, ორივესთვის მჭირდება.

მეც დიაბეტიანი ვარ. ერთ თვეში ჩემთვის საჭირო მედიკამენტი რომ ვიყიდო, 180 ლარი მჭირდება“.

ხათუნა ბერიძე

ხათუნა გვიყვება, რომ ცოტა ხნის წინ დამატებითი დახმარების სათხოვნელად ბათუმის მერიის ტერიტორიული ერთეულის ოფისს მიაკითხა. იქ აუხსნეს, რომ განცხადების დატოვებას აზრი არ ჰქონდა – „მსგავსი პროგრამა არ გვაქვს და მაინც ვერ დაგაფინანსებთო.“

„ჩემთვის არაფერი მინდა, საჭმელს არ ვითხოვ, სასადილოში დავდივარ და იქიდან მოტანილი პური მყოფნის, ბავშვების მედიკამენტებისთვის არ მყოფნის ფული, რადგან ქირას ვიხდი.“ – ამბობს ხათუნა.

შანხაის დასახლებაში 35 წელია ცხოვრობს ნარიე ცენტერაძე. იგი ამბობს, რომ ბევრჯერ დაჰპირდნენ საცხოვრებელი გარემოს შეცვლას, ხან – მთავრობა, ხან – „მშენებელი ინვესტორები“, თუმცა უშედეგოდ. ახლა ის ოცნებობს, რომ შვილიშვილებმა  მაინც უკეთეს გარემოში შეძლონ ცხოვრება.

„35 წელია აქ ვცხოვრობ. არჩევნები რომ  მოდიოდა, აღებაა, აღებააო, არ დაგვადგა საშველი…

ახლა ისევ გვპირდებიან  ყველაფერი მოგვარებულიაო და რა ვიცი.

ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ აქ რაიმე შევცვალოთ. საშუალება რომ გვქონდეს, აქ რა გაგვაჩერებდა. ახლა წამლები მჭირდება და ვერ ვყიდულობ. კორონავირუსი გადავიტანე ძალიან მძიმედ“.

ნარიე ცენტერაძე – „ერთი კარგი ამბავიც მაქვს, მთავრობამ საგზური მომცა, აბასთუმანში ვაპირებ წასვლას“

„შანხაის დასახლებაში“ არჩევნებიდან არჩევნებამდე  ბავშვებიც ისმენენ დაპირებებს იმაზე, რომ მათი ცხოვრება შეიცვლება და ამ ცვლილებებს ისევე ელოდებიან, როგორც მათი მშობლები, ბებია-ბაბუები.

„შანხაის დასახლება“ ციტრუსის ძველი კომბინატის შენობების გარდა, სახელდახელოდ აშენებულ მცირემასშტაბიან შენობებსაც მოიცავს, მათგან ბევრი თუნუქითაა შეფუთული.

„შანხაის დასახლება“

გასულ კვირას ბათუმის საკრებულოს სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაციით „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობა იგეგმება. პროექტი ორწლიანია და ამ დროისთვის ბიუჯეტში მხოლოდ 250 000 ლარია გათვალისწინებული.

„შანხაის დასახლებაში“ ახლა ძალიან აინტერესებთ, ნამდვილად გეგმავს თუ არა მერია მათთვის კორპუსის აშენებას და შეხვდება თუ არა ბინა ყველა ოჯახს: „ბევრნი ვართ აქ, 150-მდე ოჯახი, მათ შორის ზოგი თითო ოთახში ცხოვრობს“.

„შანხაის დასახლება“, ბათუმი

„შანხაის დასახლება“, ბათუმი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: