მთავარი,სიახლეები

„ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების შესასწავლად მთავრობა 70 800 აშშ დოლარს დახარჯავს

29.06.2021 •
„ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების შესასწავლად მთავრობა 70 800 აშშ დოლარს დახარჯავს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო „ნამახვანჰესის“ მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის მიზნით, იურიდიულ მომსახურებას ტენდერის გარეშე შეისყიდის. შესყიდვის ღირებულება 70 800 აშშ დოლარია.

„მნიშვნელოვანია, რომ იურიდიული მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს ენერგეტიკის სფეროში მაღალკვალიფიციური საერთაშორისო იურიდიული კომპანიისაგან; ხოლო იმ ფონზე, როცა მაღალი რეიტინგის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე კონსულტანტები თავს იკავებენ სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობის მიღებისაგან, იზრდება სახელმწიფო ტენდერის ჩაშლის რისკი“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განაცხადში.

იუსტიციის სამინისტრომ, თანხმობის მიღების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დღეს, 29 ივნისს, მიმართა. განაცხადში კომპანია, ვისთან აპირებს ხელშეკრულების გაფორმებას, სამინისტროს დაკონკრეტებული არ აქვს.

იუსტიციის სამინისტროს განაცხადის მიხედვით:

  • „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების პროექტი, რომელიც უცხოური ინვესტიციებით (800 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია) ხორციელდება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური (433 მგვტ) პროექტია. ამ პროექტის წარმატებით რეალიზება მეტად ღირებულ წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის პროცესების განვითარებაში.
  • „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის თაობაზე მოსახლეობის მწვავე საპროტესტო აქციების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების პირობები.
  • აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა უნდა შეჩერდეს; პროექტის შეჩერება კი, მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოს მთავრობის ინტერესებს, როგორც სამართლებრივი და ფინანსური თვალსაზრისით, ისე სამომავლოდ ენერგოდამოუკიდებლობის პოლიტიკის განვითარების კუთხით.
  • ამდენად, „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების პროექტის სახელმწიფოებრივი და მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამასთან, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის თაობაზე მოსახლეობის მწვავე საპროტესტო აქციები საგრძნობლად აფერხებს ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის პროცესებს, „ნამახვანის“ პროექტის სხვადასხვა ასპექტის შესწავლასთან ერთად, უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად განისაზღვრა, აგრეთვე, „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შედარებით-სამართლებრივი ანალიზის განხორციელება მითითებული ხელშეკრულების პირობების შემდგომი გაუმჯობესებისათვის.
  • ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აქვს მთავრობის მონაწილეობით გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელების კომპეტენცია, ხოლო მოცემული ღონისძიების ფარგლებში უნდა შემოწმდეს „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შესყიდულ იქნეს ენერგეტიკის სფეროში მდიდარი გამოცდილების მქონე საერთაშორისო იურიდიული კომპანიის იურიდიული მომსახურება.“

„ენერგეტიკის სფეროში დიდი გამოცდილების მქონე საერთაშორისო იურიდიული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა/რეკომენდაციები (LO) უცილობელ და ღირებულ დახმარებას გაუწევს საქართველოს მთავრობას, მოკლე დროში განაახლოს ინვესტორთან მოლაპარაკებები „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების კონკრეტული პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ამდენად, „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის შეფერხების ან „ნამახვანის“ პროექტის წარუმატებლად განხორციელების შემთხვევაში, მისი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, არსებობს რისკი იმისა, რომ მნიშვნელოვნად დაზიანდეს სახელმწიფოებრივი ინტერესები. არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, საკითხი წარმოადგენს საგამონაკლისო შემთხვევას და იგი წინასწარ ვერ დაიგეგმებოდა“, – აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

სამინისტროს ინფორმაციით, „ხელშეკრულების შესწავლა განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის განმავლობაში. პერიოდი – არაუგვიანეს 2021 წლის პირველ სექტემბრამდე.

„ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე“ ხელშეკრულება საქართველოს მთავრობას, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, სს „ნამახვანს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და შპს „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობას მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: