ბათუმი,განათლება,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

დისკუსია სქესობრივ აღზრდაზე მახინჯაურის სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით

23.06.2021 • 1666
დისკუსია სქესობრივ აღზრდაზე მახინჯაურის სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით

„ხშირ შემთხვევაში მოსწავლეები სქესობრივ აღზრდასთან დაკავშირებით ინფორმაციას ინტერნეტიდან იღებენ. ეს კი, რა თქმა უნდა, არაჯანსაღია… შეხვედრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით მასწავლებლების დატრენინგება და არაჯანსაღი შეხედულებების ცვლილება“, – ამბობს მარიკა ფუტკარაძე, რომელიც „ახალგაზრდების განვითარების ქსელის“ დამფუძნებელია.

მარიკა ფუტკარაძემ ნაადრევ ქორწინებაზე, მის უარყოფით შედეგებსა და სქესობრივ აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე მახინჯაურის საჯარო სკოლაში გამართულ დისკუსიაზე ისაუბრა, რომელსაც სკოლის მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებიც ესწრებოდნენ.

დისკუსია მახინჯაურის საჯარო სკოლაში

დისკუსიის თემა მახინჯაურის საჯარო სკოლის პედაგოგების, ეთერ კაკალაძისა და ლალი ჯაფარიძის იდეებს აერთიანებდა. ის ნაადრევ ქორწინებას, მის უარყოფით შედეგებს და ამასთან, სქესობრივ აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავდა.

შეხვედრაზე დასწრების სურვილი პედაგოგებმაც გამოთქვეს. დისკუსიის პროცესში მოსწავლეებთან ერთად ისინიც აქტიურობდნენ.

დისკუსია მახინჯაურის საჯარო სკოლაში

შეხვედრაზე ისაუბრა და მოხსენება მოამზადა მოწვეულმა სტუმარმა – მარიკა ფუტკარაძემ, რომელიც „ახალგაზრდების განვითარების ქსელის“ დამფუძნებელი და სექსუალური და რეპროდუქციული განათლებისა და უფლებების მიმართულების ტრენერია.

დისკუსია მახინჯაურის საჯარო სკოლაში

მარიკა ფუტკარაძე: „შეხვედრის საწყის ეტაპზე ავხსენი კონკრეტული დეტალები ნაადრევი ქორწინების და სქესობრივი აღზრდის შესახებ. თავიდანვე გამოიკვეთა კონკრეტული მასწავლებლების სკეპტიკური და ფაქტობრივად, არაჯანსაღი დამოკიდებულება თემის ირგვლივ. შეხვედრის პროცესში გამოჩნდა, თუ რამდენად დიდი ინტერესი არსებობს მოსწავლეებში კონკრეტული თემების ირგვლივ. გამოჩნდა ისიც, თუ რამდენად ნაკლები ინფორმაცია აქვთ მოსწავლეებს „ნაადრევი ქორწინების და სქესობრივი აღზრდის“ შესახებ. სამწუხაროდ, უმეტესად აზრის გამოთქმასაც მოერიდნენ, მაგრამ იყო რამდენიმე მოსწავლე, რომლებმაც ღიად დააფიქსირეს თავიანთი აზრი“.

დისკუსია მახინჯაურის საჯარო სკოლაში

ამავე სკოლის პედაგოგი და შეხვედრის იდეის ერთ-ერთი ავტორი, ეთერ კაკალაძე ამბობს, რომ ის დიდი ხანია მუშაობს ამ კუთხით სასკოლო სახელმძღვანელოს მომზადებაზე: „ჩემი სახელმძღვანელო „სასკოლო საოჯახო ეთიკა და ფსიქოლოგია“ განკუთვნილია მე-8-9-10 კლასებისთვის. ერთ-ერთი თავი არის ნაადრევი ქორწინება და სქესობრივი აღზრდა. ჩემი მიზანია, მივაჩვიო მოზარდები ფიქრს, სწორი არჩევანის გაკეთებას. აქ წამოწეულია ურთიერთობები ადამიანებთან, ოჯახში და საზოგადოებასთან. ჩემი აზრით, ეს საგანი მოსწავლეებს უნდა ასწავლოს დამრიგებელმა, შესაბამისი დატრენინგების შემდეგ.“

შეხვედრაზე მოსწავლეებთან ერთად კითხვებს პედაგოგებიც აქტიურად სვამდნენ, მოჰყავდათ ნაადრევი ქორწინების მაგალითები და ჰყვებოდნენ უარყოფითი შედეგების შესახებ.

განხილულ საკითხებს შორის იყო: ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული მოსაზრებები, გავრცელებული სტერეოტიპები, გოგონებისა და ბიჭების ქცევის მიმართ საზოგადოებაში არსებული განსხვავებული მოლოდინები, საზოგადოების წნეხის გავლენა ნაადრევი ქორწინების შემთხვევებზე.

„მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მსგავს თემებზე აუცილებლად უნდა იყოს ხშირი ტრენინგები, რადგან ხშირ შემთხვევაში მოსწავლეები სქესობრივ აღზრდასთან დაკავშირებით ინფორმაციას ინტერნეტიდან იღებენ. ეს კი, რა თქმა უნდა, არაჯანსაღია. საბოლოო ჯამში, შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს უკვე ჰქონდათ ბაზისური ცოდნა კონკრეტული თემის ირგვლივ. დავრწმუნდი, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით მასწავლებლების დატრენინგება და არაჯანსაღი შეხედულებების ცვლილება“, – ამბობს მარიკა ფუტკარაძე.

მახინჯაურის საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ 10 სკოლიდან აჭარაში, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ კონკურსის წესით შეარჩია.

მახინჯაურის საჯარო სკოლაში შეხვედრა დაიგეგმა და განხორციელდა პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ მსგავსი შეხვედრების ჩატარება მიზნად ისახავს რეალურ დროში ადამიანის უფლებების სფეროში არსებული პრობლემების ანალიზს, მათი გადაწყვეტის შესახებ დისკუსიის წამოჭრის შესაძლებლობას და მოსწავლეთა და მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლებას.

პროექტის ფარგლებში დისკუსიები ასევე გაიმართა:

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეების და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: