Batumelebi | რა თქვა მოწმემ „სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე“ – რეპორტაჟი სასამართლოდან რა თქვა მოწმემ „სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე“ – რეპორტაჟი სასამართლოდან – Batumelebi
RU | GE  

რა თქვა მოწმემ „სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე“ – რეპორტაჟი სასამართლოდან

დღეს, 18 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომაზე უკრაინის 2  მოქალაქისა და საქართველოს 1 მოქალაქის საქმე განიხილება. ბრალდებულები საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეგობრები არიან და უკვე მე-6 თვე პატიმრობაში იმყოფებიან.

„თქვენს აცილებას ვითხოვთ, პირველ რიგში,“- განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ დღევანდელ პროცესზე, ვიდრე მოსამართლე დავით მამისეიშვილი პროკურორების მიერ წარმოდგენილი მოწმეების მოსმენას დაიწყებდა.

ბრალდებულები ღია ზღვაში, იახტაზე, გასული წლის 28 ნოემბერს დააკავეს. საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე – ვოლოდიმერ დიაჩენკოსა და იური ხიმინჩიზე, ასევე საქართველოს მოქალაქეზე – მიხეილ ბატურინზე. მათ გამოძიება საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას ედავება. მიხეილ ბატურინი უკრაინაში ცხოვრობს და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი იყო. სააკაშვილთან მეგობრობს დანარჩენი ორი ბრალდებულიც. ისინი იახტით მიემგზავრებოდნენ უკრაინიდან თურქეთში, თუმცა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გონიოს ნაპირიდან 12 კმ-ში დააკავეს.

„გამოძიებას ჰქონდა ეჭვი, რომ უკანონო მიგრანტი შემოიყვანეს საქართველოში, ეს აღკვეთის შეფარდების პროცესზეც დაადასტურა პროკურორმა, თუმცა განკარგულებაში ეს არ ჩაუწერიათ,“ – ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია. ზღვაში გაჩერებულ იახტაზე სამართალდამცველებს უნახავთ სველი ჰიდროციკლი და საცურაო ჟილეტი, რამაც ეჭვები მიგრანტის – სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის უკანონო შემოყვანაზე გააძლიერა.

ამ საქმეზე უკრაინამ ოფიციალურად საქართველოს ბრალდებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

სასამართლო სხდომა დღეს, 18 მაისს, საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა სასამართლოს წინ პლაკატები გაშალეს და ბრალდებულების გათავისუფლება მოითხოვეს.

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლის აცილების მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ წინა სხდომაზე ბრალდებულები მოსამართლე მამისეიშვილმა ისევ პატიმრობაში დატოვა.

„თქვენი არგუმენტი იყო ის, რომ არ არის გაცემული კითხვაზე პასუხი, თუ რატომ იყვნენ ბრალდებულები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ეს კი არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს…”- დაიწყო ადვოკატმა, თუმცა მას საუბარში მოსამართლე სხვა თემაზე რეპლიკით ჩაერთო.

„გთხოვთ, პირბადე გაიკეთოთ… ჩემი ოჯახის სამი წევრი იყო ინფიცირებული და 12 დღე იზოლაციაში ვიყავი, ეს ძალიან დიდი სტრესი იყო,“- მიმართა მოსამართლემ დარბაზში მყოფ პირს, რომელსაც პირბადე არ ეკეთა.

მოსამართლის აცილების საკითხს დაეთანხმა სამივე ბრალდებული.

„ვამაყობ იმით, რომ ვიცავდი პიროვნებას, რომელმაც საქართველო გამოიყვანა ჭაობიდან,“- უთხრა მოსამართლეს ბრალდებულმა მიხეილ ბატულინმა.

„მე ვარ მოსამართლე, რომელიც ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს, ასევე შეეცდება საპენსიო ასაკის მიღწევამდე განახორციელოს მიუკერძოებელი მართლმსაჯულება. ეს არაა რთული… არც ერთ საქმეში არ გახლავართ მიკერძოებული და არაობიექტური. მიმაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დავაკმაყოფილო,“- უპასუხა მოსამართლემ ადვოკატს და დარბაზში მოწმეს უხმო.

მოწმე სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ფოთის სანაპირო დაცვის სამმართველოს უფროსი, გურამ ყამარაული იყო, რომელმაც თქვა, რომ 28 ნოემბერს უკრაინიდან მომავალი გემი ისე მიუახლოვდა ბობოყვათს, რომ მან და მისმა სამსახურმა არაფერი იცოდა.

„დამირეკა ბათუმიდან გოჩა ბერიძემ თურქეთის მიმართულებით მოდის გემი, რადარებზე გამოჩნდაო“ – დაიწყო მოწმემ 28 ნოემბერს მომხდარი შემთხვევის გახსენება, როცა ბრალდებულები დააკავეს.

მოწმის თქმით, ნებისმიერი მცურავი საშუალების შემოსვლის დროს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში (სანაპიროდან 12 მილი) საჭიროა 72 საათით ადრე წინასწარი მომართვა და დეტალური ინფორმაციის მოწოდება.

„ინფორმაცია მგზავრებზე, ტვირთზე, საით მიდის…“- დაიწყო ჩამოთვლა ფოთის სანაპირო დაცვის სამმართველოს უფროსმა.

„მაგრამ თუ ეს მცურავი საშუალება ნავსადგურში არ შემოდის და მხოლოდ მშვიდობიანი გავლის უფლებით სარგებლობს, ანუ ზღვას სარგებლობს, როგორც ტრანსპორტს?”- ჰკითხა სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

„ამ შემთხვევაში საჭიროა საკოორდინაციო ცენტრისთვის შეტყობინება,“ – უპასუხა ადვოკატს მოწმემ.

„შეგიძლიათ მითხრათ კონკრეტული ნორმატიული აქტი, რომლის მიხედვითაც სავალდებულოა ამ შეტყობინების გაკეთება საკოორდინაციო საბჭოსთან?“- ჩაეკითხა სანაპირო დაცვის უფროსს ადვოკატი.

„ესეთ ჩანაწერს მე ვერ დაგისახელებთ,“- უხერხულად ჩაილაპარაკა სამართალდამცველმა.

„პრაქტიკაში ყოფილა მსგავსი შემთხვევა?“- კითხვა დასვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ.

სანაპირო დაცვის ფოთის სამმართველოს უფროსის თქმით, მსგავსი რამდენიმე შემთხვევა, როცა გაფრთხილების გარეშე შემოვიდა გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, თურქულ სეინერებს უკავშირდებოდა და თევზჭერას.

„რომელიმე ასეთ საქმეზე არის ბრალდებული ვინმე?“ – ისევ იკითხა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

„არ ვიცი,“- მხრები აიჩეჩა სამმართველოს უფროსმა.

„თქვენ მიეცით რომელიმე საქმეზე ჩვენება, როგორც ახლა?“- განაგრძო ადვოკატმა ჯვარედინი დაკითხვა.

„არა,“ – დარწმუნებით უპასუხა მოწმემ.

სასამართლო განხილვა გრძელდება. სხდომაზე ამჯერად შესვენება გამოცხადდა.

ამ თემაზე:

აპირებდა სააკაშვილი ზღვით შემოპარვას? – ბათუმში მესამე პრეზიდენტის მეგობრებს ასამართლებენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი