„მოსწავლეები ძალიან დაინტერესებული ჩანდნენ გენდერული თანასწორობის საკითხებით. ეტყობოდათ, რომ მანამდეც არაერთხელ დაფიქრებულან იმაზე, რომ ნაადრევი ქორწინების გამო ბავშვებს განვითარების შესაძლებლობა ერთმევათ… ნაადრევი ქორწინება ნამდვილად გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი უმწვავესი სოციალური სენია. მისი მსხვერპლები, შემთხვევათა უმრავლესობაში, გოგოები არიან“, – ამბობს მარიამ ქაჯაია, რომელიც ქობულეთის სოფელ ლეღვას N2 საჯარო სკოლაში გამართული დისკუსიის მოდერატორი იყო.
ლეღვას N2 საჯარო სკოლაში გამართული დისკუსია ნაადრევი ქორწინების, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ არსებულ პრობლემებს ეხებოდა.
შეხვედრა, რომელსაც სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლებიც ესწრებოდნენ, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით ჩატარდა.
ზემოაღნიშნულ თემებზე საუბრის იდეა ლეღვას N2 საჯარო სკოლის დირექტორს, მანანა მახარაძეს ეკუთვნის.
შეხვედრის მონაწილე მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დისკუსიის რეჟიმში განიხილეს ნაადრევი ქორწინების გამომწვევი მიზეზები და შედეგები. მომხსენებელმა კი მათ არსებული სტატისტიკა, კანონით გაწერილი ვალდებულებები და შესაბამისი პასუხისმგებლობა გააცნო.
მარიამ ქაჯაია – ორგანიზაცია „იდენტობის“ ბათუმის სათემო ცენტრის მენეჯერი:
„საინტერესო იყო, რომ ბავშვებმა ნაადრევი ქორწინება ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დააკავშირეს. აღნიშნავდნენ, რომ ნაადრევად გათხოვილ გოგონებს დაბალი თვითშეფასება უვითარდებათ, რადგან სწავლა-განათლებას ვერ იღებენ, თანატოლებისგან განსხვავებით ნაადრევად უწევთ საოჯახო საქმეებზე პასუხისმგებლობის აღება.
ნაადრევი ქორწინება ნამდვილად გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი უმწვავესი სოციალური სენია, რამდენადაც მისი მსხვერპლები, შემთხვევათა უმრავლესობაში გოგოები არიან. იმასთან ერთად, რომ გოგოებს ისედაც უფრო მეტი ბარიერი ხვდებათ ცხოვრების ყველა სფეროში, ვიდრე ბიჭებს, ადრეული ქორწინება გოგოს განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის ძალადობის, ფიზიკური ავადობის, ადრეული ორსულობისა და ფსიქო-ტრავმების მიმართ“.
„ჩვენი შეხვედრის შემდეგ ბავშვებმა იციან არა მხოლოდ ის, თუ როგორ შეუძლიათ დაიცვან საკუთარი თავი და მეგობარ-თანატოლები ადრეული ქორწინებისგან, არამედ ყველა იმ უარყოფითი შედეგის შესახებ, რომელიც დგება ამ დროს. სიხარულით უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ მასწავლებლებმა და დირექტორმაც მზადყოფნა გამოუცხადეს ბავშვებს, თუკი ისინი ადრეული ქორწინების თუ სქესობრივი ძალადობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან, მასწავლებლები ბავშვის გვერდით იდგებიან“, – ამბობს მარიამ ქაჯაია.
ლინდა ძირკვაძე, ლეღვას N2 საჯარო სკოლის მოსწავლე: „მსგავსი შეხვედრები ყველასთვის აუცილებელია. ძალიან ბევრი ადამიანი არ ფლობს ამ თემებზე ინფორმაციას. ბევრი გოგონა შესაძლოა მშობლების მხრიდან ზეწოლის გამო ქმნიდეს ნაადრევად ოჯახს. მათ არ აქვთ გააზრებული, რა სირთულეებთან მოუწევთ გამკლავება. არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მშობლებსაც უნდა ვესაუბროთ ამ თემაზე“.
ლეღვას N2 საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ 10 სკოლიდან აჭარაში, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ კონკურსის წესით შეარჩია.
ლეღვას სკოლაში შეხვედრა დაიგეგმა და განხორციელდა პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ მსგავსი შეხვედრების ჩატარება მიზნად ისახავს რეალურ დროში ადამიანის უფლებების სფეროში არსებული პრობლემების ანალიზს, მათი გადაწყვეტის შესახებ დისკუსიის წამოჭრის შესაძლებლობას და მოსწავლეთა და მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლებას.
- ხაბელაშვილების საჯარო სკოლაში – გენდერული სტერეოტიპების თემაზე;
- დანისპარაულის საჯარო სკოლაში – სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობის შესახებ;
- ცხემლისის საჯარო სკოლაში – ბავშვთა მიმართ ძალადობის თემაზე;
- მერისის საჯარო სკოლა-პანსიონში – ბავშვთა მიმართ დისკრიმინაციის პრობლემაზე;
- განახლების საჯარო სკოლაში – ოჯახში ძალადობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე;
- მახოს საჯარო სკოლაში – შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომებსა და თანამედროვე გამოწვევებზე.
- ქობულეთის №5 და დაბა ქედის საჯარო სკოლებში – რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების მიმართ არსებულ პრობლემურ დამოკიდებულებებზე, ასევე სამოქალაქო პროტესტებსა და მოქალაქეობრივ ვალდებულებებზე.
- მახინჯაურის საჯარო სკოლაში – ნაადრევ ქორწინებაზე, მის უარყოფით შედეგებსა და სქესობრივ აღზრდაზე.
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეების და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.