გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, აჭარაში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს.
2 სამართალდარღვევაა გამოვლენილი ქალაქ ბათუმში, 2 ფაქტი კი – ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმში, მდინარე ჭოროხის მიმდებარედ, მოქალაქეები სპეციალური ტექნიკით (ექსკავატორით) მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას – ქვიშასა და ხრეშს. სამართალდამრღვევებს ჯამში უკანონოდ მოპოვებული ჰქონდათ 42 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში, მდინარე ჭოროხის მიმდებარედ მოქალაქემ ექსკავატორის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა 2 კუბური მეტრი ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში).
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში კი, სამართალდამრღვევმა უკანონოდ მოიპოვა ანდეზიტი-ბაზალტი და სხვა საშენი მასალები. წიაღისეულისა და საშენი მასალების უკანონოდ მოპოვების შედეგად, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 21 151 ლარი შეადგინა.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.
„ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება“ – წერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.