მთავარი,სიახლეები

აჭარაში უფრო ენდობიან ევროკავშირს, ვიდრე თბილისსა და სამეგრელოში – კვლევა

29.06.2021 • 1926
აჭარაში უფრო ენდობიან ევროკავშირს, ვიდრე თბილისსა და სამეგრელოში – კვლევა

„ანტილიბერალური განწყობა მამაკაცებში უფრო გამოკვეთილია, ვიდრე – ქალებში“, პატრიარქალური განწყობა, ქონების გაყოფისას ვის დარჩეს ბინა, ბიჭს თუ გოგოს, აშკარაა სამეგრელოში, აჭარასა და თბილისში კი, მეტად იხრებიან თანასწორობისკენ,“ – ეს და სხვა საინტერესო მიგნებები კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომელიც ჩაატარა ორგანიზაციამ „ლიბერალური აკადემია – თბილისი“.

კვლევა ანტილიბერალურ განწყობებზე თბილისში, აჭარასა და სამეგრელოში ჩატარდა, სადაც 600-600 ადამიანი გამოკითხეს. კვლევის შედეგებზე სასაუბროდ დღეს, 29 ივნისს, „ლიბერალური აკადემიის“ წარმომადგენლებმა ბათუმის დემოკრატიულ ცენტრში შეხვედრა გამართეს.

„გამოიკვეთა მნიშვნელოვანი სხვაობები რეგიონებს შორის.

სხვაობა აშკარაა აჭარაში ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორისაც კი,“ – აღნიშნა შეხვედრაზე კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ლაშა ტუღუშმა.

ის კვლევაზე დაყრდნობით ამბობს, რომ თბილისსა და რეგიონებშიც პოპულისტური ძალებისთვის ხელსაყრელი გარემოა, რადგან აშკარაა „ულტრა-კონსერვატიული შეხედულებების მოჭარბება“.

„სამივე რეგიონში უმრავლესობა წინააღმდეგია უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭების და მათთვის მიწის მიყიდვაზე. ეს განწყობა ვრცელდება „უცხოელთა“ ყველა ჯგუფზე [თურქები, რუსები, ევროპელები]… ავტორიტარულ ლიდერზე სამივე რეგიონში არსებობს მოთხოვნა. სამეგრელოსა და აჭარაში პატერნალისტური განწყობა დომინირებს, თბილისში კი ინდივიდუალისტური განწყობა უფრო ძლიერია,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის ავტორების ყურადღება აჭარამ მიიქცია იმითაც, რომ ამ რეგიონში, განსაკუთრებით ქრისტიანი მოსახლეობა, კეთილგანწყობილია რუსეთის მიმართ [გამოკითხულთა 71 პროცენტი].

ამავდროულად, აჭარაში ყველაზე მაღალია ნდობა ევროკავშირის მიმართ – 66.5 %, თბილისი – 54.1%, სამეგრელო – 63.7%. ევროკავშირის მიმართ ნდობა აჭარაში გაცილებით მაღალი აქვს მუსლიმ მოსახლეობას [76,70%], ვიდრე ქრისტიან მოსახლეობას[60, 70 %].

გამოკითხვის საგანი იყო ნდობა სახელმწიფო ორგანოების მიმართ.

„სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა კი, თანაც დიდი სხვაობით, ყველაზე გამოკვეთილად აჭარის მუსლიმ მოსახლეობაში გამოვლინდა.

კერძოდ, აჭარაში გამოკითხულ მუსლიმებში ნდობის ყველაზე დიდი მაჩვენებელია პარლამენტის, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტების მიმართ, როგორც აჭარელ ქრისტიანებთან, ასევე სამეგრელოსა და თბილისის მოსახლეობასთან შედარებით.

მაგალითად, თუ პრეზიდენტს მუსლიმი ქართველების 54% ენდობა, აჭარის ქრისტიანებში ეს მაჩვენებელი 30.2%-ია, სამეგრელოში – 21.1%, თბილისში კი მხოლოდ 14.6%,“ – აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის მიხედვით თბილისში, აჭარასა და სამეგრელოში დაახლოებით მესამედი ფიქრობს, რომ „ქართულ ტრადიციებს ამერიკა უქმნის საფრთხეს, ევროკავშირიდან კი ამ საფრთხეს დაახლოებით მეოთხედი ელის“.

აჭარაში გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, თურქეთია ქართული ტრადიციების მტერი.

„რუსეთიდან საფრთხეს მოელის აჭარისა და თბილისის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი, სამეგრელოში კი მხოლოდ 19%… სამივე რეგიონში გამოკითხულთა მოსაზრებით, ამჟამად საქართველოში საფრთხე ემუქრება როგორც დემოკრატიას, ასევე ადამიანის უფლებებსა და ქართულ ტრადიციებს. ყველაზე მტკივნეულად ამ განცდას თბილისში აღიქვამენ,“ – წერია კვლევაში.

გამოკითხულ ადამიანებს ნაკლებად სჯერათ, რომ თურქებს, რუსებს და ჩინელებს საქართველოსთვის კარგი სურთ, ხოლო „საუკეთესო მართლმადიდებლები ქართველები არიან“.

გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მისაღებია შვილის ქორწინება გერმანელთან, უკრაინელთან და რუსთან, მაგრამ მიუღებელია – თურქთან და ჩინელთან. აფხაზთან, ოსთან და მუსლიმ ქართველთან ქორწინებაზე კი გამოკითხულთა მოსაზრება გაიყო.

ყველაზე კატეგორიული ამ თვალსაზრისით სამეგრელოა, სადაც გამოკითხულთა 74% მუსლიმ ქართველთან შვილის ქორწინებას ეწინააღმდეგება (რაც აჭარის მაჩვენებელს თითქმის 4-ჯერ აჭარბებს). ამ თვალსაზრისით ძირითადი დაბრკოლება რელიგიური ფაქტორია.

გამოკითხვის დროს ადამიანებისთვის ასევე უკითხავთ: ვინ იქნებოდა მათთვის ყველაზე არასასურველი მეზობელი?

„არასასურველი სოციალური ჯგუფის პირველი სამეული სამივე რეგიონში იდენტურია: ნარკომანები, ჰომოსექსუალები, კრიმინალები, თუმცა თბილისსა და აჭარაში ყველაზე არასასურველად კრიმინალი მეზობელი მიიჩნევა, სამეგრელოში კი ასეთად ჰომოსექსუალებს მოიაზრებენ.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ყველაზე მეტად კონსენსუსი არ არსებობს საკითხზე – რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანი ქართველად ჩაითვალოს? კვლევის პროცესში ორი ძირითადი ფაქტორი გამოკვეთილა: თავად მიაჩნდეს თავი ქართველად ან ერთი მშობელი მაინც ჰყავდეს ქართველი. არც ერთ მოსაზრებას არა აქვს გამოკითხულთა მესამედზე მეტის მხარდაჭერა.

აჭარაში გამოკითხულ ერთ მუსლიმ კაცს კი ეს უთქვამს: „ქართველობა იგივდება მხოლოდ მართლმადიდებლობასთან… თუ მართლმადიდებელი არ ხარ, ვერ იქნები სრულყოფილი ქართველი“, – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევაში ხაზგასმულია ისიც, რომ აჭარაში ფოკუსჯგუფებში რესპონდენტები დელიკატურად საუბრობენ რეგიონში მოსახლეობის რელიგიურ განსხვავებაზე და ქრისტიან და მუსლიმ ქართველებს შორის ჰარმონიულ ურთიერთობებზე.

„ზოგჯერ ხდება თემების პოლიტიზება და მაშინ წარმოიქმნება პრობლემები“, „როცა საკითხების პოლიტიზება და ქულების დაწერა ხდება, მაგალითად, მეჩეთების მშენებლობასთან დაკავშირებით, ეს ძალიან ურტყამს მუსლიმ თემს,“ „მუსლიმანი ვერ იქნება ბოლომდე ქართველი ტრადიციებიდან, კულტურიდან გამომდინარე. ეგენი არიან ღრმა მუსლიმები, რომელთაც ტვინი გამოურეცხეს თურქეთში,“ „თავის დროზე ეკლესია ხელს უწყობდა ულტრამემარჯვენე შეხედულებების პოპულარიზაციას. ხიჭაურში მოქმედი უნივერსიტეტი ძალიან სახიფათოა და ემსახურება ქსენოფობიური, ანტიისლამური განწყობის ჩამოყალიბებას, რაც, საბოლოო ჯამში, აუცილებლად შედეგს გამოიღებს,“ – ეს ფრაზები აჭარაში გამოკითხვის დროს უთქვამთ ადამიანებს.

რაც შეეხება ნდობას, სამივე რეგიონში ეკლესიას, ჯარს, ლიბერალური ტიპის ორგანიზაციებს და მედიას უფრო ენდობიან, ვიდრე სახელისუფლებო ორგანოებს, სასამართლოს, პარლამენტის და პრეზიდენტის ნდობის მაჩვენებელი კი, დაბალია.

კვლევის მიხედვით, აჭარაში ყველაზე მეტად ენდობიან ხელისუფლებას სამეგრელოსთან და თბილისთან შედარებით.

რომელი ქვეყანაა ჩვენი მეგობარი სამხედრო თვალსაზრისით? – ამ კითხვაზეც განსხვავებული პასუხები დაფიქსირებულა რეგიონებს შორის. აჭარაში გამოკითხულებს უთქვამთ, რომ ყველაზე კარგი მეგობარი საქართველოსთვის უკრაინაა.

„სამხედრო თვალსაზრისით სამივე რეგიონში ყველაზე ძლიერად ამერიკა მიაჩნიათ, მეორე ადგილს რუსეთი იკავებს. აჭარაში ამერიკისა და რუსეთის სამხედრო ძალას თითქმის თანაბრად აფასებენ, მცირედი უპირატესობა ამერიკას აქვს, თუმცა აჭარელი ქრისტიანები ამ თვალსაზრისით მცირე უპირატესობას რუსეთს ანიჭებენ. საქართველოს მთავარ მტრად სამივე რეგიონში რუსეთი მიიჩნევა. თბილისსა და სამეგრელოში მთავარი მეგობარი ამერიკაა, აჭარაში – უკრაინა.

აჭარელი ქრისტიანებისთვის მთავარ მეგობრებს შორის მეორე ადგილზე, უკრაინის შემდეგ, რუსეთია, ამერიკა კი – მესამეზე.

მუსლიმი ქართველებისთვის მთავარი მეგობრების სამეული ასე გამოიყურება: უკრაინა, ამერიკა და თურქეთი,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

აჭარა ამ კვლევის მიხედვით ყველაზე შემწყნარებელი აღმოჩნდა:

„აჭარაში გამოკითხულთა 70.3% მომხრეა, მუსლიმ ქართველებს ჰქონდეთ მეჩეთების შენებისა და რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის შესაძლებლობა [რასაც სრულად ეთანხმება 22.8%]. თბილისში ამ დებულებას იზიარებს გამოკითხულთა 61.7% [მათგან სრულად ეთანხმება 30%], ხოლო სამეგრელოში – 26.8% [მათგან სრულად ეთანხმება მხოლოდ 3.4%], რაც აჭარის მაჩვენებელზე თითქმის სამჯერ ნაკლებია.

სამ რეგიონს შორის აჭარა გამოირჩევა რელიგიური შემწყნარებლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, თუმცა ტოლერანტობის ხარისხი ბევრად ძლიერია რეგიონში მცხოვრებ მუსლიმებში, ვიდრე ქრისტიანებში [30%-იანი სხვაობაა],“ – წერია კვლევაში.

აჭარაში თანხმობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირებულა ამ კითხვაზეც: რამდენად ამაყობთ, რომ ქართველი ხართ? – თბილისსა (64%) და სამეგრელოსთან (64.3%) შედარებით, აჭარის რეგიონში ყველაზე გამოკვეთილია სიამაყის განცდა (79.6%).

აჭარაში გამოკითხულთა 64,9 პროცენტი ენდობა ჟურნალისტებსაც. ეს მაღალი მაჩვენებელია თბილისთან [40.7%] და სამეგრელოსთან [59.3 %]  შედარებით. მედიის მიმართ ნდობა განსაკუთრებით მაღალია აჭარის რეგიონის მუსლიმ თემში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: