ბათუმი,მთავარი,სიახლეები

როგორ იხარჯება მილიონები აჭარის ბიუჯეტიდან – აუდიტის კრიტიკული დასკვნა

27.06.2021 • 2445
როგორ იხარჯება მილიონები აჭარის ბიუჯეტიდან – აუდიტის კრიტიკული დასკვნა

აჭარის ბიუჯეტთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტი აცხადებს, რომ პანდემიის მიუხედავად, ზოგი პროგრამის შეუსრულებლობის მიზეზი მისი არასათანადოდ დაგეგმვა და მართვაში არსებული ხარვეზებია. ამასთან,  საბიუჯეტო ორგანიზაციები ეფექტიანად არ იკვლევენ მიზეზებს და არ ატარებენ ადეკვატურ ღონისძიებებს; ხშირად, ბიუჯეტში გამოთავისუფლებული ფულით ახალი პროგრამები თუ ღონისძიებები არ იგეგმება.

აუდიტი ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ მის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციები ნაწილობრივ ან საერთოდ არ ითვალისწინებენ. ბიუჯეტში არც პანდემიის რისკებია სათანადოდ ასახული.

აჭარის მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტი, გასულ წელს, პანდემიის გამო, შემოსულობების ნაწილში 48,8 მილიონი ლარით შეამცირა. 2021 წლის ბიუჯეტი კი, იმავე შემოსულობების ნაწილში, ივნისის ბოლოს ჯამში 66,4 მილიონი ლარით გაზარდა.

„შემოსულობების გაზრდით“, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, პანდემიის მიუხედავად, მთავრობამ იმ თანხის ოდენობა გაზარდა [75,3 მილიონიდან 108,7 მილიონამდე], რომელიც აჭარის მუნიციპალიტეტებს უნდა გადასცეს. ასევე გაზარდა სხვადასხვა პროგრამის დაფინანსებაც, მათ შორის ისეთის, რომლებიც რამდენიმე თვის წინ პრიორიტეტად არ მიაჩნდა.

დამატებითი შემოსულობების მობილიზებას მთავრობა 2021 წელს, ძირითადად, მიწის გაყიდვიდან გეგმავს [დამატებით 62 მილიონ ლარს]. მიწები კი იმ პირობებით, რის შესრულებასაც ითხოვენ მომავალი მესაკუთრისგან – არ იყიდება. მიუხედავად ამისა, სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიწების გაყიდვა მხოლოდ პირობებიან აუქციონებზე იგეგმება.

ელექტრონული აუქციონის პორტალის მიხედვით, დღევანდელი, 27 ივნისის მდგომარეობით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 13 აუქციონი აქვს გამოცხადებული მიწის ნაკვეთების გაყიდვაზე. თითქმის ყველა ნაკვეთი აუქციონზე განმეორებით არის გამოტანილი. ერთ-ერთი ნაკვეთი კი უკვე – მერვედ.

ბიუჯეტში ცვლილებების შეტანიდან მეოთხე დღეს არ შედგა ასევე აუქციონი, რომელზეც სამინისტრო ბობოყვათთან პლაჟის გასწვრივ 28,5 ჰექტარ მიწას 48 მილიონ ლარად ყიდდა [საწყისი ფასი].

მთავრობამ ბიუჯეტში სასურსათო კალათისთვის გაწერილი 1 მილიონი ლარიც ამოიღო. ეს თანხა 2021 წელს „სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფისთვის“ იყო გათვალისწინებული.

ჯერ კიდევ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის მიერ „სათანადოდ არ იყო გაანალიზებული პანდემიისა და მისგან გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური ეფექტების გამო არსებული რისკების მატერიალიზაციის მაღალი ალბათობა“:

რამდენიმე დღის წინ კი, სახელმწიფო აუდიტმა გამოაქვეყნა მოხსენება – აჭარის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ აჭარის მთავრობის ანგარიშზე.

„ახალი კორონავირუსის [COVID-19] პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა რეცესიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებზე, რის გამოც შემოსულობების გეგმა წლის განმავლობაში რამდენჯერმე შემცირდა [ჯამში 48.8 მილიონი ლარით-ავტ.]. წლიური გეგმის შესრულების წარმოსაჩენად, 2020 წლის 23 დეკემბერს რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესული ცვლილებებით საბიუჯეტო გეგმა უკვე ფაქტობრივ ფისკალურ მონაცემებს მიესადაგა. შედეგად, 2020 წლის შემოსულობების ჯამურმა მაჩვენებელმა 278 656 800 ლარი შეადგინა, რაც წლიური შემცირებული გეგმის 102.0%-ია. შემცირებული გეგმის გადაჭარბებით შესრულების მიუხედავად, შემოსულობების თავდაპირველ გეგმასთან მიმართებით, ცალკეული კომპონენტის მიხედვით, შესრულების მაჩვენებლები განსხვავებულია. მაგალითად, რესპუბლიკური ბიუჯეტის თავდაპირველი გეგმით, „ტრანსფერების, რომელიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული“, გეგმური მაჩვენებელი განსაზღვრული არ ყოფილა იმ პირობებში, როდესაც 2019 წლის ფაქტობრივმა შემოსულობამ 3 295 900 ლარი შეადგინა, ხოლო 2020 წლის ფაქტმა – 3 027 300 ლარი“, – აცხადებს აუდიტი.

აჭარის მთავრობამ 2020 წლისთვის აჭარის ბიუჯეტის შემოსულობები 322 მილიონი ლარით დაგეგმა, რაც შემდეგ 273,2 მილიონამდე შეამცირა [შესრულებამ კი 278,6 მილიონი შეადგინა].

„2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშზე არსებული ნაშთი 12 806 100 ლარით შემცირდა და 21 671 200 ლარი შეადგინა, რაც წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული გეგმიური მაჩვენებლის 40.7%-ია. კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება ბიუჯეტის დაგეგმვაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და რეზერვების ეფექტიანად გამოყენების საკითხი. მნიშვნელოვანია გამოუყენებელი საბიუჯეტო სახსრების სრულად და ეფექტიანად ათვისება, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს საჭირო პროგრამების შემუშავებას და დაფინანსებას. ამასთანავე, გამოკვლეულ უნდა იქნეს ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამომწვევი მიზეზები და გატარდეს სათანადო ღონისძიებები“, – აღნიშნულია აუდიტის მოხსენებაში.

რაც შეეხება 2020 წელს რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელებს, ჯამში 291,4 მილიონი ლარი შეადგინა. ეს, აუდიტის მიხედვით, წლიური გეგმის 95.6%-ია.

სახელმწიფო აუდიტი ამბობს, რომ თავის მოხსენებებში მუდმივადაა აღნიშნული ფისკალური წლის ბოლოს გადასახდელების ათვისების მკვეთრი ზრდა, რაც ქმნის საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანად და არამიზნობრივად ხარჯვის რისკს.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მეტ-ნაკლები შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა, 2020 წლის დეკემბერში გაწეული გადასახდელების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 11 თვის გადასახდელების საშუალო თვიური მაჩვენებლის 210.7% შეადგინა. აღნიშნული უკავშირდება წლის განმავლობაში გადასახდელების/მისი ცალკეული კომპონენტის ათვისების ჩამორჩენასთან კვარტალურ გეგმებს და რიგი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წინასწარი ანგარიშსწორების სახით [ავანსად] გაცემულ თანხებს. მიზანშეწონილია როგორც მხარჯავი დაწესებულებების, ისე მათი მაკოორდინირებელი უწყებების მხრიდან, საკითხის დეტალური შესწავლისა და ფაქტებზე შესაბამისი რეაგირებით უზრუნველყოფილ იქნეს ასიგნებების დროული და თანაბარზომიერი ათვისება“, – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაზუსტებული გეგმის 60%-ზე ნაკლები ათვისების მაჩვენებელი გააჩნია აჭარის 2020 წლის ბიუჯეტით დაფინანსებულ 8 პროგრამას/ქვეპროგრამას: „მათ შორის არის შემთხვევები, როდესაც თანხები არ იქნა ათვისებული ან ათვისებულია 20%-ის ფარგლებში. ასევე აღსანიშნავია, რომ გამოთავისუფლებული ფულადი სახსრები სხვა საჭიროებებზე არ მიმართულა“.

 

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ პროგრამების შემუშავება განხორციელდეს მიზანშეწონილობის სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ხოლო პროგრამის შესრულებისას წარმოქმნილი შეზღუდვების შემთხვევაში, გამოკვლეულ იქნეს მიზეზები და გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები. ამასთანავე, გამოთავისუფლებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ახალი პროგრამების/ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება“.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული იყო სულ 3 334 ადამიანი, რომლებზედაც 2020 წელს შრომის ანაზღაურების [ხელფასის] სახით ბიუჯეტიდან ჯამში 37 მილიონი ლარი დაიხარჯა [2021 წლის ბიუჯეტში კი, 3 335 საჯარო მოხელის ხელფასისთვის 38,4 მილიონი ლარია გათვალისწინებული].

აუდიტის მიხედვით, პანდემიამდე და პანდემიის შემდეგაც, კვლავ პრობლემად რჩება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი 37 საწარმო, რომელთაგან 2020 წელს დივიდენდი გადახდილი აქვს მხოლოდ ორ  საწარმოს, საიდანაც შპს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის“ მიერ გადახდილი დივიდენდის წილი 81.4%-ს შეადგენს.

აუდიტის აზრით, „არსებული მონაცემები მიუთითებს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მენეჯმენტში არსებულ პრობლემებზე. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით კი, დივიდენდის მობილიზების ნაწილში დიდი გავლენა იქონია ახალი კორონავირუსის პანდემიამ, რამაც შეაფერხა მათი საქმიანობა და შესაბამისად, შემცირდა მათი მომგებიანობის მაჩვენებელი“.

„სამინისტროს განმარტება ნაკლებად საფუძვლიანია, რადგან ბოლო წლების მონაცემები ადასტურებს, რომ საწარმოების აბსოლუტური უმრავლესობა კორონავირუსის პანდემიამდეც წამგებიანი იყო და მათი მხრიდან დივიდენდების გადახდა არ ფიქსირდება. მდგომარეობის გამოსწორების მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ადრე გაცემული რეკომენდაციები, მხოლოდ ნაწილობრივ იქნა შესრულებული“ – აღნიშნულია მოხსენებაში, რომელიც აუდიტის სამსახურმა 2021 წლის ივნისში გამოაქვეყნა.

თუმცა აუდიტი იმასაც აღნიშნავს, რომ „წინა წლებთან მიმართებით შპს „სავაჭრო ცენტრი 2009“-ის [ე.წ. „ხოფის ბაზრობა“] დივიდენდების შემცირება მნიშვნელოვნად გამოწვეულია იმით, რომ პანდემიის გამო სავაჭრო ცენტრი მხოლოდ პერიოდულად ფუნქციონირებდა“.

რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, აუდიტის განცხადებით „წარმოდგენილი დიაგრამიდან ჩანს, რომ ბოლო წლებში მზარდია საშემოსავლო გადასახადის სახით მობილიზებული საბიუჯეტო სახსრების მოცულობა, თუმცა 2020 წელს ახალი კორონავირუსის პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა რეცესიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შემოსავლების მოცულობაზე და 2020 წელი, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვანი კლებით აღინიშნა“:

წყარო: აუდიტის სამსახური

აუდიტის მოხსენებიდან: 

„2019 წელთან მიმართებით, 2 016 700 ლარით გაზრდილია ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურება, საიდანაც 1 839 100 ლარის ხარჯი გაწეულია ბათუმის ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებაზე. დაფინანსების მიზანშეწონილობა დადგა კორონავირუსის პანდემიის გამო.

„არაფინანსური აქტივების ზრდის“ გეგმის არსებითი შემცირების გამო, 2020 წელს არ განხორციელდა ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. მათ შორის, მხოლოდ გზების რეაბილიტაციის ბიუჯეტი შემცირდა 11 243 100 ლარით. შედეგად, აჭარის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელში არ განხორციელდა გზების კეთილმოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები.

ბიუჯეტის შემცირების გამო, 2020 წელს ასევე ვერ შეისყიდეს აჭარის ტერიტორიაზე არსებული მთის კურორტების (ბეშუმის, გოდერძისა და გომარდულის) ქალაქმშენებლობითი დოკუმენტები, შედეგად ვერ იქნა შემუშავებული კურორტების განვითარების კონცეფცია, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და განაშენიანების რეგულირების გეგმა.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით ათვისებული საბიუჯეტო რესურსის მოცულობა 3 917 600 ლარით ჩამორჩა შემცირებულ გეგმურ მაჩვენებელს.

მოპოვებული დოკუმენტაციით, აღნიშნულის ძირითადი მიზეზი პროგრამების დაგეგმვაში არსებული ხარვეზებია, ასევე კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები.

მაგალითად:

  • „სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის“ პროგრამაში აუთვისებელი დარჩა 1 140 500 ლარი. პროგრამის ფარგლებში, მეჯინისწყლის დასახლებაში [„ოცნების ქალაქში“] შენდება მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი. შესაბამისი ხელშეკრულებით, მიმწოდებელს 2020 წელს უნდა შეესრულებინა 8 500 000 ლარის ღირებულების სამუშაოები.

სამინისტროს განმარტებით, კომპანიას ჰქონდა სამუშაოების წინსწრებით შესრულების მოლოდინი, რის გამოც, სამუშაოების შეფერხებების გარეშე დაფინანსების უზრუნველსაყოფად, ბიუჯეტში განისაზღვრა დამატებითი სახსრები, რაც მიმწოდებელმა ვერ შეასრულა. ზემოაღნიშნული სამინისტროს პროგრამების მართვაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს. 

  • „გზების რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამაში აუთვისებელი დარჩა 939 800 ლარი, რაც ძირითადად განპირობებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების სახელშეკრულებო ვადებში შეუსრულებლობით.

მოპოვებული ინფორმაციით, სამუშაოების შესრულების დაყოვნება მნიშვნელოვნად გამოწვეულია კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით, ასევე რიგი შესყიდვების პროცედურების დაგვიანებით დაწყებით და სხვა გარემოებებით.

  • „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ქვეპროგრამაში აუთვისებელი დარჩა 532 200 ლარი, რაც განპირობებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებების ფარგლებში ფაქტობრივად მიწოდებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულებით, ასევე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე, ტექნიკურ და საავტორო ზედამხედველობაზე წარმოქმნილი ეკონომიებით.

მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლოს დაზუსტებულ საბიუჯეტო გეგმასა და შესრულების მაჩვენებლებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობებია, საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან არ ხორციელდება მიზეზების ეფექტიანი კვლევა და ადეკვატური ღონისძიებების გატარება, რაც პროგრამების არაჯეროვან შესრულებას განაპირობებს.

აუდიტი ასევე აცხადებს, რომ „აჭარის ბიუჯეტის დაგეგმვაში არსებული არსებითი ნაკლოვანებები, [სხვა პრობლემებთან ერთად] საპრივატიზებო გეგმის არარსებობის შედეგია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის ანგარიშში ბიუჯეტის თავდაპირველ საპროგნოზო მაჩვენებლებსა და საკასო შესრულებას შორის არსებულ გადახრებთან დაკავშირებით, განმარტებები არ არის წარმოდგენილი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: