განათლება,მთავარი,სიახლეები

რა იცვლება სკოლებში პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის 2022 სასწავლო წლიდან

28.06.2021 • 39802
რა იცვლება სკოლებში პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის 2022 სასწავლო წლიდან

რა შეიცვლება სისტემაში ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვით, რომელ კლასებში შეაფასებენ მოსწავლეებს, რისთვის და რა იგეგმება დამამთავრებელ საფეხურზე – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების სამინისტროს, სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი ნიკო სილაგაძე საუბრობს.

  • ბატონო ნიკო, თითქმის ორი წელია, რაც ახალი სკოლის მოდელი დაინერგა ბევრ სკოლაში. თუმცა მანამდე იყო საპილოტე პროექტი. თუ გაკეთდა რომელიმე ეტაპზე ამ მოდელის შეფასება?

შეფასება არ გაკეთებულა, თუმცა პროცესებს ვსწავლობთ და გვაქვს კიდეც გარკვეული შედეგები. როგორც წესი, ყველაზე კარგი ინდიკატორი არის მოსწავლეების მიღწევები, რომლის მიღწევაც ასე სწრაფად არ ხდება. თუმცა გარკვეული ხელშესახები შედეგები ამ ეტაპზეც გვაქვს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა TIMSS 2019 წლის შედეგები ბუნებისმეტყველებასა და მათემატიკაში, სადაც გაუმჯობესებულია მოსწავლეთა მიღწევები დაწყებით საფეხურზე.

  • ამას ახალი სკოლის მოდელს უკავშირებთ?

რა თქმა უნდა, დასადგენია, რა ფაქტორებმა ითამაშა  მნიშვნელოვანი როლი. რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ახალი სკოლის მოდელის დამსახურებაა ეს. თუმცა მთელი რიგი პროცესები მიმდინარეობს და ამაში თავისი სიტყვა ახალ ესგ-ს ნამდვილად ეთქმის.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში შექმნილია ინსტრუმენტები, რომლებიც მასწავლებლებს ეხმარება ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების აღქმაში.

ძალიან იმედისმომცემია ის, რომ ისეთი რთული იდეები, როგორიცაა კონსტრუქტივისტული საგანმანათლებლო იდეები, პრინციპები ან გრძელვადიან მიზნებზე სასწავლო პროცესის დაფუძნება, სასკოლო კულტურის გარდაქმნა და ჩამოყალიბება პოზიტიურ სასკოლო კულტურად, ამ ინსტრუმენტების საშუალებით მიმდინარეობს.

მე შემიძლია დაგისახელოთ კონკრეტული მოსწავლეების წარმატების ძალიან ბევრი კერძო მაგალითი, რომლებიც შესწავლილია ეროვნული სასწავლო გეგმის მონიტორინგის პროცესში, მაგრამ ეს მაინც არ გამოდგება სისტემურ დონეზე შეფასებისთვის.

მასწავლებლები გვიყვებიან შემთხვევებზე, როცა, ვთქვათ, კონკრეტული მოსწავლე არ გამოირჩეოდა მის საგანში აქტიურობით, თუმცა კომპლექსური დავალებების საშუალებით მან იპოვა თავისი ადგილი. ზოგი მოსწავლის შემთხვევაში სასწავლო მოტივაცია ამაღლდა, ზოგმა შემოქმედებითი პროდუქტის შექმნაში გამოაჩინა თავისი ნიჭი. ასეთი მაგალითები გვაფიქრებინებს, რომ მეთოდოლოგია სწორად არის შერჩეული. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ინდივიდუალური შემთხვევები და რომ ვთქვა სისტემურ დონეზე გაუმჯობესდა სწავლება-მეთქი, არასწორი იქნება. უნდა დაველოდოთ ალბათ საერთაშორისო კვლევებს და ეროვნულ შეფასებას.

  • ესე იგი, ახალი სკოლის მოდელი ეროვნულ დონეზე არ არის შეფასებული?

არ მახსენდება. გარდა ამისა, ჩვენ ვაპირებთ, რომ IV_VI და IX კლასებში, წლის ბოლოს ჩატარდეს ყველა მოსწავლის დისგნოსტიკური შეფასება ყველა საგანში. ეს შედეგები დამუშავდება და სკოლას ეცოდინება, რომელ საგანში რომელი კომპეტენციების გაძლიერებაზე უნდა იმუშაოს ან რომელი მიმართულებით აქვს პროგრესი.

  • რითი შეფასდება მოსწავლე, ტესტებით?

მოსწავლე შეფასდება კომპლექსური დავალებებით. ეს შეფასება არანაირად არ არის კავშირში მოსწავლის წლიურ აკადემიურ შეფასებასთან, რომლის საშუალებითაც გადადის ბავშვი კლასიდან კლასში. ეს კეთდება სკოლის თვითშეფასებისთვის, რაც მას სამომავლო გეგმების დასახვაში დაეხმარება.

  • საუბარი იყო იმაზე, რომ საბაზო საფეხური დასრულდებოდა მე-10 კლასში, ეს საკითხი ისევ ძალაშია თუ არა?

უპირობოდ არ არის ეს თემა უარყოფილი, თუმცა ამ ეტაპზე არ არის აქტუალური. ისევ მეცხრე კლასი განისაზღვრა საბაზო საფეხურად.

  • ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ბოლო, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ფიქტიურად არიან სკოლაში, რადგან პრაქტიკულად ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან რეპეტიტორებთან. ამის შეცვლაზე თუ არის საუბარი?

ამ კუთხით გვაქვს ძალიან ბევრი სიახლე, ოღონდ ეს სიახლეები ამუშავდება 2022-2023 სასწავლო წლისთვის. საუბარია დიფერენცირებული სწავლების დანერგვაზე. იქნება საბაზისო კურსები ყველა მოსწავლისთვის განურჩევლად იმისა, რომელი მიმართულებაა მისთვის პრიორიტეტული. გარდა ამისა, იქნება არჩევითი საგნებიც და მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება ამ სპექტრიდან თვითონ დააკომპლექტოს მისთვის საჭირო საგნები.

  • ეს უნდა უკავშირდებოდეს მის სამომავლო არჩევანს უნივერსიტეტში?

აუცილებლად. ეს კეთდება იმისთვის, რომ სკოლამ მისცეს მოსწავლეს ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა, მოამზადოს უნივერსიტეტისთვის, ცხოვრებისთვის. მიდის მუშაობა იმაზეც, რომ უმაღლესში მოსახვედრად სკოლის კომპონენტი მეტად გავითვალისწინოთ – სკოლაში დაწერილ ნიშანსა და შეფასებებს უფრო მაღალი წონა და ღირებულება მიენიჭოს.

მესამე თაობის სასწავლო გეგმის მიზანი, პირველ რიგში, არის გაზარდოს კრიტიკულად მოაზროვნე თაობა, ინოვაციური, შემოქმედებითი აზროვნებით. სკოლა, როგორც საზოგადოება, უნდა გარდაიქმნას ისეთ სოციუმად, რომელიც კარგი პიროვნების და მოქალაქის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: