მთავარი,სიახლეები

რატომ გაახსენდა რომის იმპერია პროკურორს – „სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე“

28.06.2021 • 1936
რატომ გაახსენდა რომის იმპერია პროკურორს – „სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე“

“სად მიდიოდნენ და რატომ მიდიოდნენ, არ მოგვისმენია,” – მიმართა ბრალდებულებს პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ, როცა მან დასკვნითი სიტყვის სათქმელად მოწმისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა, მოსამართლისთვის უფრო ახლო მანძილიდან რომ ეჩვენებინა, რასთან გვაქვს საქმე.

საუბარია “სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე”, სადაც დღეს, 28 ივნისს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მხარეების დასკვნითი სიტყვები მოისმინა.

ამ საქმეზე ბრალდებულები ღია ზღვაში, იახტაზე, გასული წლის 28 ნოემბერს დააკავეს. საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე – ვოლოდიმერ დიაჩენკოსა და იური ხიმინჩიზე, ასევე საქართველოს მოქალაქეზე – მიხეილ ბატურინზე. მათ გამოძიება საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას ედავება. მიხეილ ბატურინი უკრაინაში ცხოვრობს და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი იყო. სააკაშვილთან მეგობრობს დანარჩენი ორი ბრალდებულიც. ისინი იახტით მიემგზავრებოდნენ უკრაინიდან თურქეთში, თუმცა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გონიოს ნაპირიდან 12 კმ-ში დააკავეს.

„გამოძიებას ჰქონდა ეჭვი, რომ უკანონო მიგრანტი შემოიყვანეს საქართველოში. ეს აღკვეთის შეფარდების პროცესზეც დაადასტურა პროკურორმა, თუმცა განკარგულებაში ეს არ ჩაუწერიათ,“ – ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია. ზღვაში გაჩერებულ იახტაზე სამართალდამცველებს უნახავთ სველი ჰიდროციკლი და საცურაო ჟილეტი, რამაც ეჭვები მიგრანტის – სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის უკანონო შემოყვანაზე გააძლიერა.

თავის მხრივ უკრაინამ ამ საქმეზე საქართველოს ოფიციალურად მოუწოდა ბრალდებულების გათავისუფლებისკენ.

ამოსავალი საკითხია – სად გადის საზღვარი ზღვაში და იყო თუ არა საჭირო შეთანხმება საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებთან, როცა იახტა პორტში არ შემოდიოდა და უკრაინიდან თურქეთში მიდიოდა.

“რომის იმპერიაშიც კი იყო საუბარი ამაზე, სად იწყებოდა საზღვარი ზღვაში,” – ისტორიული ექსკურსიც გააკეთა პროკურორმა იმის საჩვენებლად, რომ საკითხის სირთულე გამოეჩინა. თუმცა პროკურორ ვლადიმერ თურმანიძის მტკიცებით, ბრალდებულები ვალდებული იყვნენ სახელმწიფო რეგულაციებისთვის ანგარიში გაეწიათ და ამას საზღვაო სამართლის შესახებ კონვენცია მკაფიოდ  განსაზღვრავს.

მეორე პროკურორმა მიქაელ ქობულაძემ კი ის დღე გაიხსენა, როცა “უცნობი მცურავი საშუალება” გააჩერეს.

“ისინი იახტაზე კითხვებსაც კი არ პასუხობდნენ,” – ამასაც გაუსვა ხაზი პროკურორმა მიქაელ ქობულაძემ დასკვნით სიტყვაში.

“7 თვე მიმდინარეობს საქმის განხილვა და 7 სიტყვაც კი არ მოგვისმენია,” – თქვა ერთ-ერთი ბრალდებულის, მიხეილ ბატურინის შესახებ პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ.

პროკურორებს დასკვნით სიტყვაში სააკაშვილი არ უხსენებიათ, თუმცა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ ბრალდებულებს დაკავების დღე გაახსენა, როცა მათ თქვეს, რომ ბათუმში შემოსვლას აპირებდნენ.

“ბათუმის დათვალიერება გვინდოდა, გვიყვარს ბათუმიო, ასე უპასუხეთ რუსლან დოლიძის შეკითხვებს,”- გისოსებიანი ადგილისკენ გაიხედა პროკურორმა და აღნიშნა, რომ მცურავი საშუალებიდან სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მოწოდებას არავინ გამოხმაურებია.

“მათ თქვეს, რომ რაცია იყო დახშული და ჩაეძინათ, მაგრამ თუკი ჩაეძინათ, მაშინ ცურვას როგორღა განაგრძობდნენ?” – იკითხა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ.

დასკვნითი სიტყვა ჯერ არ უთქვამს ბრალდებულების ადვოკატს. ბექა ბასილაიას მოსამართლე 5 ივლისს მოუსმენს.

“თუ დამატებით მსჯელობა არ დამჭირდება, გადაწყვეტილებას გამოვაცხადებ,” – თქვა მოსამართლემ სხდომის დასრულებამდე.

ამ თემაზე:

აპირებდა სააკაშვილი ზღვით შემოპარვას? – ბათუმში მესამე პრეზიდენტის მეგობრებს ასამართლებენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: