განათლება,მთავარი,სიახლეები

ბსუ-ს 2 ათასი სტატუსშეჩერებული და 7 ათასი აქტიური სტუდენტი ჰყავს – აუდიტი

29.06.2021 • 1204
ბსუ-ს 2 ათასი სტატუსშეჩერებული და 7 ათასი აქტიური სტუდენტი ჰყავს – აუდიტი

შიდა აუდიტის დასკვნის მონაცემებით, 2021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2 ათასზე მეტი სტატუსშეჩერებული და 7 ათასამდე აქტიური სტუდენტი ჰყავს.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პანდემიის პერიოდში სტუდენტის სტატუსი არავის შეჩერებია.

„ეს ის სტუდენტები არიან, რომელთაც სტატუსი შეუჩერდათ 2003-2019 წლებში. მათგან ნაწილმა აღიდგინა სტატუსი და შემდეგ ისევ შეიჩერა სხვადასხვა მიზეზის გამო“, -გვითხრეს უნივერსიტეტში.

ბსუ-ს ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, რომ სტუდენტს 5 წლის ვადაში შეუძლია შეჩერებული სტატუსის აღდგენა და შემდეგ ისევ შეჩერება. „აღდგენა ხდება მობილობის პროცესში პირადი განცხადების საფუძველზე ფინანსური დავალების გადახდის შემდგომ.“

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებით, სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია: აკადემიური შვებულება; ავადმყოფობა; უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა; ფინანსური დავალიანება ან დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება. სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი.

უნივერსიტეტის შიდა აუდიტის დასკვნის მიხედვით, უნივერსიტეტში 14 პროფესიულ, 34 საბაკალავრო, 23 სამაგისტრო და 12 სადოქტორო, ასევე პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრისა და ორ ერთსაფეხურიან (ინლისური და ქართული ენა) აკრედიტირებულ პროგრამაზე 7 ათასამდე აქტიური სტუდენტია დარეგისტრირებული.

მათ შორის:

  • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს 958 სტუდენტი;
  • ეკონომიკისა და ბიზნესის – 1 184 სტუდენტი,
  • ტურიზმის ფაკულტეტზე – 624,
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – 1 261,
  • საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტზე – 1 497,
  • ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტზე – 667.
  • ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე – 528,
  • პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში სწავლობს – 280 სტუდენტი.

2020 წელს უნივერსიტეტში ჩაირიცხა 1 794, ხოლო სრული კურსი დაასრულა 1068 სტუდენტმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: