მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ინტროვერტის ღია წერილი ხმაურიან სამყაროს

28.06.2021 • 3673
ინტროვერტის ღია წერილი ხმაურიან სამყაროს

ავტორი: მეგი ათაბაგი

დამღლელი სამუშაო კვირის შემდეგ მეგობრებმა ბარში თუ შემიტყუეს, პირველ რიგში ბარის მაგიდასთან განმარტოებით მჯდომ სტუმარს ვამჩნევ – ლუდის ჭიქაზე თითების კაკუნით ჰყვება სიმღერას და ვერც ამჩნევს ჩემი მეგობრების მზერას, რომლებიც თავისუფალი მაგიდის ხმაურიან ძიებაში უკვე გეგმავენ, როგორ მოიპატიჟონ ის.

ჩვენ, ინტროვერტებს, ხმაურიანი სამყაროს ჩუმ მოსაუბრეებს, ხშირად გვიწევს დიდ, ხმამაღალ ამბებზე უარის თქმა. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი მეგობრების მსგავსად ბარის მაგიდასთან განმარტოებით მოკალათებულ სტუმარში ყველა ვერ ხედავს იმ ჩუმ ბედნიერებას, რომელიც ჩემთვის ასე ახლობელია.

ბევრი ადამიანისთვის ინტროვერტობა დღემდე ასოცირდება უხასიათობასთან, სიმორცხვესთან, უხეშობასთან, რომ ჩვენ არ გვიყვარს ადამიანები, გვიჭირს საუბარი, არ ვართ საკმარისად კომპეტენტურები სოციალურ აქტივობებში, არ გვაქვს ჯანსაღი ურთიერთობები და ა.შ.

რეალურად, ის, რაც განგვასხვავებს ექსტრავერტებისგან, „სოციალური ელემენტია“, რომელიც ჩვენ უფრო მალე „გვიჯდება“.

წარმოიდგინეთ, როგორია არსებობა სამყაროში, სადაც დაკანონებულ სწრაფ ტემპს უნდა აჰყვე და შენი ელემენტი მინიმუმ ოცი პროცენტით ჩამორჩება სხვებისას.

მეორე დღისთვის სამყოფი ენერგიის შევსების გზა ყველასთვის სხვადასხვაა – ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს მუსიკა, რომელშიც პოულობს სიმშვიდეს, ვიღაცისთვის ბუნებასთან სიახლოვე, საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა, მე-20 საუკუნის საფოსტო მარკების შეგროვება, წიგნის კითხვა, ხატვა და ნებისმიერი რამ, რასაც ადამიანის ფანტაზია გასწვდება.

მე, როგორც ადამიანს, რომლის სოციალური ელემენტიც იშვიათად მწვანდება, ხშირად მიწევს ხმაურიან სამყაროს თავაზიანი ღიმილით გავუმეორო სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურში:

„კი, გუნდური მუშაობა კარგია და მშვენივრადაც გამომდის, მაგრამ მარტო უკეთესად ვფიქრობ და უფრო სასარგებლოც ვარ გუნდისთვის.

არა, ჩემი ხმით ოპონენტის ხმას ვერ გადავფარავ კამათში, მაგრამ ინტროვერტების მთავარ ძალას – საკუთარი თავის მაქსიმალურად გამოხატვის თავისუფლებას ნამდვილად ვფლობ“.

გარშემომყოფებისთვის ეს უცნაურია, რადგან მიიჩნევა, რომ ლიდერები, კარგი იდეის ავტორები, საზოგადოების სრულფასოვანი წევრები მხოლოდ ისინი არიან, ვისი ხმაც სხვებისას ფარავს.

ამერიკელი ფსიქოლოგის, ლორი ჰალგოეს აზრით, ინტროვერტები, როგორც ლიდერები, ნაკლებად შესამჩნევები ვიქნებოდით და ვიზრუნებდით არა საკუთარი თავის ცენტრში მოქცევაზე, არამედ გუნდის, როგორც ერთიანი ძალის დემონსტრირებაზე.

„ადამიანი შეიძლება იყოს ექსტრავერტი ან ინტროვერტი და ამავდროულად, მაღალი თვითცნობიერებისა და სოციალური უნარების მქონე. ექსტრავერსია არაფერ შუაშია ინტელექტთან და კომპეტენტურობასთან“ – ამბობს ბრიტანელი ფსიქოლოგი ფელისიტი ლი. საუკეთესო იდეები არ არის მუდმივ კორელაციაში ყველაზე ხმამაღლა მოსაუბრე ადამიანთან.

სხვაობა ელემენტში ყოველდღიურ ურთიერთობებშიც ჩანს – ჩემი მეგობრისთვის თუ დამღლელი კვირის ბოლოს კაფეში წასვლა ან პატარა წვეულების მოწყობაა განტვირთვა, მე სახლში ყოფნას და ჩემს მრავალფეროვან ინტერესებთან მარტო დარჩენას ვამჯობინებ.

ჩვენ ჩუმი მოსაუბრეები ვართ, თუმცა ხმამაღალი შინაგანი სამყარო გვაქვს – ფერადი, ძალიან ფერადი.

შეიძლება ყოველთვის საუბარს არ ვიწყებდეთ, თუმცა მთელი გულისყურით მოგისმენთ, თანაგიგრძნობთ და გაგრძნობინებთ, რომ ჩვენთვის ეს ურთიერთობა, ისევე როგორც თქვენთვის, გულწრფელად მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული გამოხატვის გზები გვაქვს.

არასდროს დაგავიწყდეს, რომ სამყაროს ამ უსასრულო სიმღერაში შენც გაქვს ხმა, რომელიც სულაც არაა საჭირო ყველას ესმოდეს – შენ ხარ ამ ქაოსური სამყაროს ყურადღებიანი დამკვირვებელი, თვითმყოფადი და ერთგული ადამიანებისა და მოვლენების, რომლებსაც საკუთარ ცხოვრებაში უშვებ და საკუთარი თავისაც, რადგან ბედავ და ყოველდღე აბიჯებ სამყაროში, რომელიც შენზე სწრაფია, თუმცა არასდროს იხევ უკან.

შენ გაქვს უფლება გამოტოვო თანამშრომლების შეკრება, გაატარო ახალი წლის წინა ღამე მარტომ, აკეთო თავისუფალ დროს ის, რაც გინდა და არა ის, რასაც ფიქრობ, რომ საჭიროა. და ამ უზარმაზარ, ფერად სამყაროში შენ ამჩნევ სხვებისთვის უმნიშვნელო მცირე დეტალებს – იქნება ეს სხვა ადამიანის ხასიათის ცვლილება თუ ნათურა, რომელიც თითქოს უფრო ძლიერად ანათებს ოთახს.

ასე რომ, თუ პარასკევ საღამოს ბარის მაგიდასთან განმარტოებით მყოფ ადამიანს მოკრავ თვალს, ან წვეულებაზე ყურსასმენებით მოსულ ნაცნობს, ან აუდიტორიის კუთხეში შემორჩენილ ბოლო სტუდენტს, გახსოვდეს, რომ ყოველთვის შეიძლება მის წითლად მოციმციმე ელემენტით მომუშავე გონებაში იბადებოდეს იდეა, რომელიც სამყაროს შეცვლის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: