მთავარი,სიახლეები

ბათუმში აქციაზე 7 პირი დააკავეს – შსს

20.06.2021 • 2747
ბათუმში აქციაზე 7 პირი დააკავეს – შსს

შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, დღეს, 20 ივნისს, ბათუმში, აჭარის მთავრობასთან მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ 7 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით. დაკავებულები არიან ბრალდებული ძმების – წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის ახლობლები. დაკავებულებს შორისაა ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ქობულეთში, ბონდო თედორაძე.

დღევანდელ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვების გაშლა სცადეს. პოლიციამ მათ უთხრა, რომ ამის უფლება არ ჰქონდათ. დღევანდელი აქციის მონაწილეები მათი ოჯახის წევრების, 14 აპრილს დაკავებული 7 პირის, ძმების – წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის გათავისუფლებას ითხოვენ.

14 აპრილს დაკავებული რეზო წულუკიძის მეუღლე, ნარი ფუტკარაძე აცხადებს, რომ დღეს აქციაზე დაპირისპირებისას მის დაზე პოლიციელმა იძალადა – ნეკნები ჩაუმტვრია… ახალგაზრდა ქალი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა [ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას აქვე მოგაწვდით].

____

ბრალდებული ძმები – წულუკიძეები, ჭელიძეები და ელდარ ანთაძე რიონის ხეობის დასაცავად გამართულ აქციაში 12 აპრილს მონაწილეობდნენ. მათ სწორედ იმ დღეს მომხდარი ინციდენტის გამო წაუყენეს ბრალი ჯგუფური ძალადობის მუხლით.

ყველაზე საინტერესო მონაკვეთი, რაც „წულუკიძეების და ჭელიძეების საქმეზე“ მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებში შეიძლება იპოვოთ ისაა, როცა „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ ხელმძღვანელი აღწერს, როგორ სცემეს ის და მისი კოლეგები რიონის ხეობაში მყოფმა ძმებმა. სწორედ ამ ჩვენების საფუძველზე დააკავეს შვიდივე პირი.  16 აპრილს ქუთაისი სასამართლომ ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

14 აპრილს დაკავებულები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ რიონის ხეობაში პროვოკაცია მოუწყო და პოლიტიკური ნიშნით გაუსწორდნენ, რადგან ისინი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არიან.

____

ვრცლად ამავე თემაზე:

„უძლიერესი კაცების“ ჩვენებები დაკავებული ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების წინააღმდეგ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: