ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარაში კულინარიული გზამკვლევი მომზადდება – ნახეთ რამდენიმე აჭარული კერძის რეცეპტი

27.06.2021
აჭარაში კულინარიული გზამკვლევი მომზადდება – ნახეთ რამდენიმე აჭარული კერძის რეცეპტი

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში გასტრონომიული პოტენციალის კვლევას იწყებს, კვლევის ფარგლებში აღმოჩენილი კერძები კი ერთ კულინარიულ გზამკვლევში გაერთიანდება.

შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 42 ათასი ლარია. კვლევა 2021 წლის 1-ელ ოქტომბრადე უნდა დასრულდეს.

„აჭარის, როგორც მაღალმთიან (ხულო, შუახევი, ქედა), ისე ზღვისპირა (ქობულეთი და ხელვაჩაური) მუნიციპალიტეტებს მრავალფეროვანი, განსხვავებული კულინარიული ნაწარმი ახასიათებს. კვლევის მიზანია აჭარის რეგიონში, როგორც კარგად ცნობილი და დღესაც პრაქტიკაში გამოყენებული, ისე იშვიათი ან ნაკლებად ცნობილი კერძების მოძიება და კვლევა, მათთან დაკავშირებული მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შესწავლა, მათი ერთ კულინარიულ გზამკვლევში თავმოყრა და ამ გზით გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაცია. კულინარიული გზამკვლევის საშუალებით ვიზიტორებისთვის ცნობილი გახდება არა მხოლოდ ის, თუ რა ტრადიციული კერძები მზადდება აჭარაში, არამედ ისიც, თუ სად შეიძლება მათთვის საინტერესო კერძების დაგემოვნება,“ – აღნიშნულია სააგენტოს განაცხადში.

სააგენტოს ინფორმაციით, „მთიანი აჭარის სამზარეულო უფრო ცხიმიანი და ყუათიანია (ნოყიერია). მასში მხალეული და რძის პროდუქტები ჭარბობს, რაც განპირობებულია იმით, რომ მთიანი აჭარის მოსახლეობის ძირითად საქმიანობას მეცხოველეობა წარმოადგენს. ყველაზე პოპულარული აჭარული კერძებია: ბორანო, ჩირბული, ყაიმაღი/კაიმაღი და სინორი.

ზღვისპირეთის კულინარიაში მრავლადაა სხვადასხვაგვარი მარცვლეულის, ხორცეულის, თევზეულის კერძები. ჭარბად იყენებენ სანელებლებს (უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, წიწაკა, სხვადასხვაგვარი საწებელი). ვინაიდან აჭარული სამზარეულო ხასიათდება კერძების ნაირგვარობით და ლოკალური თავისებურებებით, კულინარიული კვლევა უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტების, ხეობების, იაილების მიხედვით. უნდა მოიცავდეს, როგორც მაღალმთიანი აჭარის, ისე ზღვისპირეთის მუნიციპალიტეტებს, როგორც ზემოაჭარულ, ისე ქობულეთურ კულინარიას“.

კვლევა ასევე უნდა მოიცავდეს ლაზურ კულინარიასაც.

სააგენტო მიუთითებს ასევე, რომ „კვლევის ფარგლებში შესაძლებელია გამოვლინდეს ერთი და იმავე კერძის დამზადების განსხვავებული ტრადიცია და წესი ხეობების, მუნიციპალიტეტების მიხედვით, ამიტომ, შესწავლილი უნდა იქნას მათი ინტერპრეტირებული ვარიანტები. გზამკვლევში წარმოდგენილი კერძები უნდა იყოს ნაკლებად ცნობადი ან კვების რაციონში იშვიათად გამოყენებული (მაგალითად, ყველის მივიწყებული სახეობები, იმ მარცვლეულისაგან დამზადებული საკვები, რომელიც ადრე მოჰყავდათ აჭარაში და კულინარიაში გამოიყენებოდა, აგრეთვე, გარეული მხალის, ხილის და კენკროვნებისაგან დამზადებული კერძები, ზამთარში შესანახად განკუთვნილი ხორცეული, რაც აჭარის კულინარიაში ადრე ფართოდ იყო დანერგილი.“
____________
მთავარ ფოტოზე: სინორი. ფოტო: visitajara.com

[red_box]ქვემოთ, შესაბამის ბმულზე, შეგიძლიათ ნახოთ ზოგიერთი აჭარული კერძის მომზადების ვიდეორეცეპტი „ბათუმელების“ სამაზარეულოდან:[/red_box]

ყველაზე გემრიელი და პოპულარული აჭარული კერძების ათეული ადრე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.

ნახეთ ამ კერძების ჩამონათვალი:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/11038/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: