აჭარაში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 159 ახალი შემთხვევა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში აჭარის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 159 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობს 466 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში – 241, ხოლო ონლაინკლინიკებში – 868.

ქვეყნის მასშტაბით 16 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირების 5076 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

44 გარდაცვლილი და კორონავირუსის 5076 ახალი შემთხვევა – 16 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 5 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 5076.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 44 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 1126 ადამიანი.

აჭარის რეგიონში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ჩამონგრეული კორპუსის მეზობლად კიდევ 40 ოჯახია ევაკუირებული, მათ შორის მერი

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელ კორპუსში  მცხოვრები ოჯახები სასტუმროებში გადაიყვანეს. ევაკუაცია გვიან საღამოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით ცნობილი გახდა, რომ საფრთხეს შეიცავს ცხოვრება ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელ კორპუსშიც.

ამ დრომდე 26 მაისის ქუჩიდან 15 ოჯახი იყო გადაყვანილი უსაფრთხო ადგილას.

„დამატებით 40 ოჯახი გავიყვანეთ უსაფრთხო ადგილას, ვინც მემედ აბაშიძის ქუჩის მხარეს ცხოვრობს, ეს გაკეთდა უსაფრთხოების მიზნით. ექსპერტიზის წერილობითი და საბოლოო დასკვნა ჯერ არ არსებობს იმაზე, თუ როგორ აისახა სადარბაზოს ჩამონგრევა მეზობელ კორპუსებზე, მაგრამ გვაცნობეს ექსპერტიზის ბიუროდან პირველადი შედეგი, რომ გაიყვანეთ ადამიანები, თუ ეს შესაძლებელია პრევენციის მიზნითო,“ – ამბობს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლელა სურმანიძე. ის ასევე მემედ აბაშიძის ქუჩაზე ცხოვრობს კორპუსში, ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობლად.

საცხოვრებელი კორპუსი მემედ აბაშიძის ქუჩის მხარეს ამ საღამოს დაიცალა. ჯერ უცნობია, გახდება თუ არა საჭირო კორპუსის დაცლა კლდიაშვილის ქუჩის მხრიდან, რომელიც ასევე ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობლადაა.

დღეს, 15 ოქტომბრის საღამოს აღმოჩნდა, რომ ჩამონგრეულ კორპუსში, მემედ აბაშიძის ქუჩის მხრიდან კიდევ ერთი უკანონო მშენებლობა მიმდინარეობდა პირველ სართულზე – ამ შემთხვევაშიც უკანონო მშენებლობის შესახებ მერია ინფორმირებული არ იყო.

„ეს იყო კომერციული ფართობი, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა. ნებართვა გაცემულია, მაგრამ მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე დღის წინ დააფიქსირა შეუსაბამობა, დაწყებულია საქმისწარმოება და გაცემულია მითითებები,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ლელა სურმანიძე. მან ვერ დაგვიკონკრეტა, ვის საკუთრებაშია ამჯერად ფართობი, სადაც უკანონო სამუშაოები მიმდინარეობდა. მან გვითხრა, რომ სამუშაოები რამდენიმე თვის წინ არის დაწყებული.

მერის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე ვერ დაგვიკონკრეტა, რა სახის დარღვევა დააფიქსირა მუნიციპალურმა ინსპექციამ კორპუსის პირველ სართულზე.

„ქუჩის მხრიდან ვიტრაჟი არ არის, როგორც ვიცი. მაღაზია უნდა მოწყობილიყო, რაღაც ბოძებთან იყო დაკავშირებული პრობლემა, ზუსტად არ ვიცი,“ – დასძინა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

ევაკუირებულია გიორგი ლომთათიძეც, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატია ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოში. ისიც მერის მოვალეობის შემსრულებლის მსგავსად, იმ კორპუსის მცხოვრებია, რომლის პირველ სართულზეც ადამიანები უკანონო მშენებლობას აწარმოებდნენ და ვის მეზობლადაც ჩამოქცეულმა სადარბაზომ 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„ოთხივე სადარბაზო უკვე ევაკუირებულია, გაითიშა ყველა კომუნიკაცია, ადამიანები სასტუმრო „ერა პალასში“ გადავიყვანეთ,“ – ამბობს ამხანაგობის თავმჯდომარე ქეთი პაპავა.

სასტუმროში საცხოვრებლად არ გადასულა მერის მოვალეობის შემსრულებელი.

„მე დროებით ძმასთან გადავედი“, – გვითხრა ლელა სურმანიძემ.

„პირველ სართულზე დაზიანებულია მზიდი კედლის ნაწილი“, – მერის მოვალეობის შემსრულებელთან გასაუბრების შემდეგ ინფორმაცია საყრდენი კედლის დაზიანებაზე დაადასტურა თავად მერიამ, ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე გავრცელებული ამ განცხადებით.

რა შანსი გაქვს სასამართლოში, როცა შენს აივანზე ავტობანი გაიყვანეს

„შვილიშვილებიც გავასახლე უკვე, აღარ ვიტოვებ ჩემთან, იმხელა მტვერი ჩამოდის გზიდან და ხმაურია, აქ ცხოვრება ძალიან საშიშია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მერი ტაკიძე. ის სოფელ სალიბაურში ცხოვრობს და ერთ-ერთია მათ შორის, ვისი სახლის აივნებთანაც ავტობანი გადის.

გარდა იმისა, რომ აქ მცხოვრებ ადამიანებს უკვე დაბზარულ სახლებში ცხოვრება უწევთ და ვერ ადასტურებენ, რომ ეს ზიანი ავტობანის მშენებლობისგან მიადგათ, პრობლემაა დისტანციაც – სახლები ავტობანიდან დაახლოებით 30 მეტრითაა დაშორებული.

სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ამ ადამიანების უფლებები არ ირღვევა და მათ რაიმე სახის კომპენსაცია ამ ეტაპზე არ სჭირდებათ. ამ დრომდე კანონით არ არის განსაზღვრული – რა დისტანცია უნდა იყოს ავტობანსა და საცხოვრებელ სახლებს შორის.

სალიბაურში მცხოვრებმა 15-მა ოჯახმა საპროტესტო აქცია ყურადღების მისაქცევად და პრობლემების მოსაგვარებლად რამდენჯერმე გამართა. ივლისის ბოლოს მშენებლობაც შეაჩერეს და ავტობანთან კარვები გაშალეს. 2 აგვისტოს დილით პოლიციამ სალიბაურელების კარვები დაშალა, ხოლო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას პრობლემების გარკვევას დაჰპირდა. სალიბაურელების თქმით, ამ დრომდე არაფერი გარკვეულა და ექსპერტიზის საბოლოო დასკვნებიც სახლების დაზიანებაზე არ მიუღიათ.

კარვები ბათუმის შემოვლით გზასთან, 2021 წლის აგვისტო

„არაფერი გარკვეულა. პირიქით, შვილიშვილები მეორე ბებია-ბაბუასთან წავიდნენ, რადგან მეზობლის ბავშვს ძალიან მაღალი ტყვიის შემცველობა დაუდგინდა, სულ წამლები სჭირდება, ჩვენც შევშინდით… აქ მხოლოდ მე და ჩემი ქმარი ვცხოვრობთ. მანქანები რომ მასალას ყრიან, იმხელა მტვერია, ვეღარ ვხედავთ ერთმანეთს.

წვიმა თუ გვიშველის ისევ, ისაა, მეტი არავინ, გაწვიმდება და მტვერი აღარაა, მერე ისევ მოდიან მანქანები. დღეს შეჩერებულია მუშაობა, რა ხდება, არ ვიცი, პოლიცია დგას მხოლოდ და ესაა. ჩვენ რომ არ მივიდეთ, ეტყობა, მაგას მწყესავენ,“ – გვიყვება მერი ტაკიძე.

ადამიანებს, რომლებსაც შემოვლითი გზის მშენებლობის გამო ექსპროპრიაცია არ შეხებიათ, სასამართლოსთვის არ მიუმართავთ. ისინი გასახლებას ითხოვენ ან ზიანის ანაზღაურებას, რაზეც სახელმწიფო უარს ამბობს. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა შანსი ექნებათ ამ ადამიანებს, თუკი გაუარესებული საცხოვრებლის გამო, ამ შემთხვევაში სახელმწიფოსგან თავის დასაცავად, სასამართლოს მიმართავენ?

„მათ დავას აქვს შანსი, თუმცა მესაკუთრეებმა უნდა შექმნან მტკიცებულებები, რაც ძალიან რთულია,“ – ამბობს საია-ს იურისტი მირზა მამულაძე. მისი აზრით, მთავარი ექსპერტიზის დასკვნაა, სადაც უნდა შეფასდეს,  რამდენად გაუაფასურდა, მაგალითად, სალიბაურში მცხოვრები ადამიანების ქონება მას აქეთ, როცა იქ ავტობანი გაიყვანეს.

„შესაძლოა, დადგინდეს, რა იყო საბაზრო ფასი მანამდე და ახლა რა არის. ასევე შესაძლოა მტკიცებულებების შექმნა რამდენად გაუარესდა საცხოვრებელი გარემო მტვრის, ჰაერის დაბინძურების ან ხმაურის კუთხით. თუ ეს დადასტურდება, შესაძლებელია, მოქალაქეებმა ზიანის ანაზღაურება მოსთხოვონ სახელმწიფოს, რომელიც ამ შემთხვევაში არ დგას მოქალაქეების მხარეს,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ იურისტმა მირზა მამულაძემ.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს ორ გარემოებაზე: პირველი არის ხელისუფლების ვალდებულება, რომელსაც ამ დრომდე საკანონმდელო დონეზე არ განუსაზღვრავს, რა მანძილი უნდა არსებობდეს საცხოვრებელ სახლსა და ავტობანს შორის, ხოლო მეორეა ის, რომ მსგავსი სიტუაციებისთვის დასავლურ გამოცდილებას კი არ ვიზიარებთ, არამედ ე.წ. რუსული სნიპები გვაქვს, რაც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

„ავტობანსა და საცხოვრებელ სახლებს შორის სავალდებულო დისტანცია ნორმატიულად დადგენილი არ არის,“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი ოფიციალურად იმის მიუხედავად, რომ სალიბაურის საპროტესტო აქციების დროს „ბათუმელებთან“ დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მიხეილ უჯმაჯურიძემ თქვა, რომ დისტანცია უნდა იყოს 25 მეტრი და მოქალაქეების პრეტენზია დისტანციის დარღვევაზე უსაფუძვლოა.

გზების დეპარტამენტის ოფიციალური განმარტებით, მათ იხელმძღვანელეს СНиП 2.07.01-89-ით, რომლის მიხედვითაც მანძილი ძირითადი სავალი ნაწილის კიდედან საცხოვრებელი განაშენიანების რეგულირების ხაზამდე უნდა იყოს არანაკლებ 50 მეტრი, ხოლო ხმისდამცავი ნაგებობების მოწყობის შემთხვევაში – არანაკლებ 25 მეტრი.

თქვენც მიაქცევდით ყურადღებას, რომ ე.წ. სნიპ-ით, ანუ რუსულენოვანი ტექნიკური რეგლამენტით, განსაზღვრულია მხოლოდ მანძილი ავტობანსა და საცხოვრებელ ზონამდე და არა კონკრეტულად სახლებამდე.

„აუცილებელია მსგავსი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის დროს ნორმატიულად იყოს განსაზღვრული სავალდებულო მანძილი ავტობანსა და საცხოვრებელ სახლს შორის… ეს არის პარლამენტის პოლიტიკური პასუხისმგებლობა,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე.

გზების დეპარტამენტში კი განმარტავენ, რომ პრობლემებს ამჩნევენ სახელმწიფო უწყებაშიც, მაგრამ ეს პრობლემები მოგვარებადია. მეტიც, დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ „აღნიშნული შეწუხება არის დროებითი, უმნიშვნელო და მართვადი“.

„ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში აღნიშნულია, რომ საავტომობილო გზის მშენებლობით შეწუხებასთან (მტვერი, ემისიები, ხმაური) დაკავშირებით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედება არის გარდაუვალი. თუმცა აღნიშნული შეწუხება კარგი სამშენებლო პრაქტიკის გამოყენების გამო არის დროებითი, უმნიშვნელო და მართვადი. ხოლო შემარბილებელ ღონისძიებებად შემოთავაზებულია: მტვრის კონტროლი წყლით მორწყვის საშუალებით, აგრეთვე სიჩქარის შეზღუდვით და ხმაურის კონტროლი – საყუჩების დამონტაჟებით აღჭურვილობაზე, მუშაობა დღის საათებში, რისი განხორციელების მონიტორინგიც მინდინარეობს რეგულარულად სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს,“ – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

„რა უნდა მოაწყონ ისეთი, რომ აქ ხმაური აღარ იყოს და მტვერი?“ – გზების დეპარტამენტის დაპირებების აღარ სჯერათ სალიბაურელებს და არც იმას გამორიცხავენ, რომ ისევ აქციები მოაწყონ.

ბათუმის შემოვლითი გზა, სალიბაურის მონაკვეთი

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დრომდე ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში 2016 წლიდან დღემდე განსახლებას დაექვემდებარა 1451 უძრავი ქონება, მათ შორის 425 საცხოვრებელი სახლი.

ამ თემაზე:

ცხოვრება მაგისტრალის ქვეშ – როგორ უნგრევენ ადამიანებს საცხოვრებელ გარემოს

საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, დასკვნით ასპარეზობაზე 4 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა: საქართველო, რუსეთი, უკრაინა და ტრინიდად-ტობაგო.

ორ წრედ გამართული ფინალური მატჩ-ტურნირი საქართველოს გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

ეს მსჯავრდებულთა შორის პირველი მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი იყო ჭადრაკში. ჩემპიონატი ონლაინ გაიმართა.

ფოტო: ფიდე

___________

მთავარი ფოტო: pexels

3 ათასი ხე 8 კილომეტრზე – ერთი ადამიანის 23-წლიანი ძალისხმევა

ერთი ადამიანის ძალისხმევით თურქეთის პროვინცია დიარბაქირში უნაყოფო, ქვიან ტერიტორიაზე ათასობით ხე გაიზარდა 8 კილომეტრის მანძილზე.

ამ პროვინციის პატარა სოფლის მცხოვრებმა, ომერ გიუნდოგანმა, ჯერ კიდევ 23 წლის წინ დაიწყო მდინარის ნაპირას ხეების დარგვა, მაშინ, როცა საქონელს მწყემსავდა.

კაცი ახლა 42 წლისაა, წლებია უკვე ქალაქში ცხოვრობს, მაგრამ მის მიერ დარგული ხეები ხარობს.

23 წლის წინ ომერ გიუნდოგანმა იყიდა ფიჭვის, თუთისა და ტირიფის ნერგები და მათი საკუთარ ნაკვეთზე გაზრდა და შემდეგ დარგვა დაიწყო.

10 000 ნერგიდან მხოლოდ 3 ათასი ნერგი გადარჩა უნაყოფო და ქვიშიანი ნიადაგის გამო, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა 8-კილომეტრზე გამწვანებული ზოლის შესაქმნელად. ეს ხეები ახლა თავშესაფარია ცხელ ზაფხულში ამ რეგიონის ბინადარი ათასობით ფრინველისთვის.

თურქული მედია წერს, რომ კაცს, რომელმაც უდაბურ ადგილას ხეების დარგვა დაიწყო, თავიდან დასცინოდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც შედეგი თვალსაჩინო გახდა, მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა.

„მათ არ სჯეროდათ ჩემი, მე კი ყოველთვის ვამბობდი – თუ ხეზე ზრუნავ, ის გაიზრდება,“ – ამბობს ომერ გიუნდოგანი.

ფოტო: ანადოლუ
ფოტო: ანადოლუ

 

„თინათინის გამეფებას“ ახალი ზელანდიის საკოლექციო მონეტაზე გამოსახავენ

ლიეტუვას ზარაფხანა 31 ოქტომბერს ახალ, საკოლექციო ვერცხლის მონეტას გამოსცემს, სადაც „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი ცნობილი სცენა  – „თინათინის გამეფება“ იქნება აღბეჭდილი. მონეტა შეზღუდული რაოდენობით გამოიცემა.

„თინათინის გამეფება“ გამოისახება ახალი ზელანდიის ერთდოლარიან რევერსზე. მონეტის ერთ მხარეს დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე იქნება გამოსახული, მეორე მხარეს კი – თინათინის გამეფება.

საერთაშორისო ტენდერი ახალი მონეტის დამზადებაზე ლიეტუვას ზარაფხანამ გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველმა დიზაინერმა და ფოტოგრაფმა ივა ჯანეზაშვილმა.

„საზოგადოებაში ზოგჯერ დაბნეულობას იწვევს ეს ფაქტი, თუ რატომ არის ერთ მხარეს ელიზაბეტი.

რადგან მონეტა ნიუეს კუნძულის სახელით იჭრება, ეს კუნძული კი ელიზაბეტ მეორის მონარქიის მმართველობაშია, მონეტის ერთ მხარეს ყოველთვის არის დიდი ბრიტანეთის დედოფალი გამოსახული, ამ ფაქტს გვერდს ვერავინ აუვლის. ეს არის მოცემულობა,“ – ამბობს ივა ჯანეზაშვილი „ბათუმელებთან“.

„თინათინის გამეფება“ – ახალი საკოლექციო მონეტა

როგორც დიზაინერი გვეუბნება, ლიეტუვას ზარაფხანას ექსკლუზიური უფლება აქვს მოპოვებული და სწორედ აქ იჭრება ევროს ცენტები.

„მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა მისცა ცენტების მოჭრის ექსკლუზიური უფლება, ზარაფხანების ბაზარზე საკმაოდ სოლიდური სიტყვა თქვა ლიეტუვას ზარაფხანამ, შესაბამისად ძალიან მოთხოვნადი გახდა. სწორედ აქ იჭრება მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყნის მონეტები, მათ შორის ჩვენი ეროვნული ბანკის საიუბილეო მონეტების ძალიან დიდი ნაწილიც ლიეტუვას ზარაფხანაშია მოჭრილია. ისინი ფლობენ ლიცენზიას.

ასევე, იქ მოჭრიან ახალი ზელანდიის, კონკრეტულად ნიუეს მონეტებსაც, რომელზეც იქნება „თინათინის გამეფება“ გამოსახული,“ – ამბობს ივა.

დიზაინერის თქმით, საერთაშორისო ტენდერი ცხადდება ახალ პროექტებზე, მონეტების ახალ გრაფიკულ დიზაინზე. „რადგან ნუმიზმატიკაში უკვე მქონდა დიდი გამოცდილება, წარვადგინე ჩემი პროექტები და გავიმარჯვე“, – ამბობს დიზაინერი.

ივა ჯანეზაშვილის თქმით, მანამდე მისი დიზაინით მოიჭრა ორი მონეტა საქართველოს ეროვნულ ბანკში: „ოლიმპიური თამაშები“, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადის დროს გამოიცა და „მედეა და ოქროს საწმისი“.

ავტორის თქმით, „მედეა“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი აღმოჩნდა:

„ფაქტობრივად, ფურორი მოახდინა ამ მონეტამ, რადგან მონეტები მომენტალურად ამოიყიდა. ეს იყო 500 ტირაჟით, რომელიც არცთუ ისე ცოტა – 229 ევრო ღირდა. და ეს არის ნუმიზმატიკაში ძალიან დიდი ნიშა.“

რაც შეეხება „ვეფხისტყაოსანს“, ივა ჯანეზაშვილის თქმით, ამ კონცეფციაზე მუშაობა ბევრად საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ეს ხელს უწყობს ქართული ლიტერატურის და კულტურული მემკვიდრეობის ცნობადობის გაზრდას ევროპაში.

ივა ჯანეზაშვილი, დიზაინერი.

„ზარაფხანას ჰქონდა თავისი თემები წარმოდგენილი, რომლებიც  უნდა დამემუშავებინა და შემეთავაზებინა ახალი კონცეფცია, დიზაინი, ილუსტრაციები და ასე შემდეგ.

გამომდინარე იქედან, რომ ხელოვანი ვარ, არანაირი ემოციური კავშირი არ მქონდა იმ თემებთან, რასაც ისინი მთავაზობდნენ, ამიტომ მათ ჩემი იდეები შევთავაზე. რა თქმა უნდა, გავწერე პროექტში ნათლად, თუ რატომ იყო „ვეფხისტყაოსანი“ საინტერესო თემა, რატომ იყო ექსკლუზიური, რატომ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო მათთვის საინტერესო ბიზნესგეგმა, რა მარკეტინგული ინტერესები შეიძლებოდა ჩადებულიყო მათი მხრიდან და მოეწონათ იდეა,“ – ამბობს ივა ჯანეზაშვილი.

მისი თქმით, „ვეფხისტყაოსანი“ შეიქმნა მამუკა მიქელაძესთან ერთად, ის არის ამ პროექტის ილუსტრატორი, ხოლო თავად – გრაფიკული დიზაინერი და ხელმძღვანელი.

„მე მყავს ჩემი შემოქმედებითი გუნდი საქართველოში და სხვადასხვა პროექტზე ერთად ვმუშაობთ. ჩემი ტექნიკური ჩართულობით იქმნება ეს პროდუქტიც,“ – გვითხრა ივა ჯანეზაშვილმა.

ახალი მონეტის შესყიდვის მსურველებს შეუძლიათ დაჯავშნონ მონეტა, მონეტების გაცემა კი 31 ოქტომბერს დაიწყება.

„თინათინის გამეფება“ ლიმიტირებულია და მხოლოდ ათასი ცალი მოიჭრება. მონეტის ღირებულება 119 ევროა.

„მედეა“ შედარებით ძვირი ღირდა, რადგან აქვს მოოქროვილი ზედაპირი და გამოყენებულია 5 საკმაოდ მოზრდილი სვაროვსკის თვალი.  ამჯერად შევეცადეთ,  „თინათინის გამეფება“ ნაკლებბიუჯეტიანი ყოფილიყო, რადგან უფრო მეტი მსურველისთვის იყოს ხელმისაწვდომი. თუმცა ამაზე იაფად ვერ გაიყიდებოდა,“ – გვითხრა ივამ.

მისი თქმით, თავიდან მონეტები ქართული საზოგადოებისთვის იყო გათვლილი, თუმცა აღმოჩნდა, რომ მონეტების მიმართ ევროპაშიც გაიზარდა ინტერესი.

„მაგალითად, პირველმა გაყიდვებმა აჩვენა, რომ ნახევარი გაიყიდა საქართველოში, ნახევარი – ევროპაში. გამოდის, რომ საერთაშორისო მასშტაბითაც აქვთ ინტერესი ქართულ თემატიკაზე.

ეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა, ჩვენი ლიტერატურა. ვერ ვიტყვი, რომ „ვეფხისტყაოსანს“ მასობრივად ყველა იცნობს ევროპაში, მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილი იცნობს ამ პოემას და ეს მონეტაც ერთგვარი წარდგენა იქნება ჩვენი კულტურის ევროპაში,“ – გვეუბნება ივა ჯენეზაშვილი.

ამავე სერიაში გათვალისწინებულია სხვა მონეტების მოჭრა „ვეფხისტყაოსნიდან“ სხვა გმირებით და დიზაინით, თუმცა დეტალებს დამკვეთი არ ასაჯაროებს. „ეს ზარაფხანებისთვის დამახასიათებელი თვისებაა და ამას აქვს თავისი მიზეზები, “- გვეუბნება ივა. ახალი მონეტების ლიმიტიც შეზღუდული იქნება და რაოდენობის ამოწურვის შემდეგ ხელმეორედ აღარ გამოიცემა.

____________________________________

მთავარი ფოტო: „თინათინის გამეფება“ – ახალი საკოლექციო მონეტის დიზაინი.

„ოცნებას“ არ დაუჭიროთ მხარი – მესამე სექტორის რჩევა გახარიას პარტიას ბათუმის საკრებულოში

„საზოგადოების ეჭვები ზუსტად ამ პარტიის გადაწყვეტილებებმა უნდა გაგვიქარწყლოს და პირველ ეტაპზე ეს ეხება საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას,“ – ამბობს „დემოკრატიის სკოლის“ კოორდინატორი ბათუმში თაკო მამეიშვილი.

თაკო მამეიშვილმა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს, 15 ოქტომბერს, პარტიას „საქართველოსთვის“ ლიდერებთან შეხვედრაზე თქვეს, რომ გახარიას პარტიამ ბათუმის საკრებულოში „ოცნების“ კანდიდატს არ უნდა დაუჭიროს მხარი.

2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბათუმის საკრებულოში მანდატების უმრავლესობა ოპოზიციას ეკუთვნის. მას შემდეგ, რაც „ოცნების“ ლიდერებმა თქვეს, რომ უმრავლესობას მაინც შეკრავე, გაჩნდა ეჭვი, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ამას გახარიას პარტიიდან საკრებულოში შესულ წევრებთან გარიგებით შეძლებს.

გახარიას პარტიის წარმომადგენლები სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ შეხვდნენ – ვისი მხარდაჭერა აჯობებს ბათუმის საკრებულოში?

„კრიტიკის კი არა, შეცდომის დაშვების გვეშინია,“ – აღნიშნა შეხვედრაზე ირაკლი მიქელაძემ, რომელიც პარტიიდან „საქართველოსთვის“ ბათუმის მერობის კანდიდატი იყო. მას სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ამ ეტაპზე საუკეთესო არჩევანი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კუპრაძეა. ის „ლელოდან“ შევიდა ბათუმის საკრებულოში.

„მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში პერსონა და არა პარტია, ნდობა, რომელიც არსებობს და ღირებულებები, რომელიც წლების განმავლობაში ვნახეთ,“ – აღნიშნა ნინო ინაიშვილმა, ორგანიზაცია „ბათომის“ წარმომადგენელმა.

შეჯერებული გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს, მაგრამ დისკუსიის დროს ირაკლი მიქელაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ თუკი „ლელოს“ ერთი წევრი ეყოლება ბათუმის საკრებულოში, გახარიას პარტიას სამი მანდატი აქვს და მათ შორის ერთ-ერთს, აკაკი გვიანიძეს თვითმმართველობაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

„მნიშვნელოვანია ზოგადად არა მხოლოდ სამეურნეო საკითხებზე გამოცდილება, არამედ ღირებულებების ერთგულება, რომელიც წლების განმავლობაში უნდა დაგვენახა,“ – გვითხრა დისკუსიის შემდეგ ციალა ქათამიძემ, „მწვანე სექტორის“ პროექტების მენეჯერმა.

„ვფიქრობ, რომ გახარიას პარტიამ არც საკუთარი კანდიდატურა უნდა წამოაყენოს და არც „ოცნების“ კანდიდატს დაუჭიროს მხარი“ – მიიჩნევს ნინო ინაიშვილი.

„დრო მჭირდება, რომ დავრწმუნდე, გახარიას პარტიის იდეოლოგია რამდენად შეესაბამება რეალობას. თუმცა, თუკი ეს პარტია „ოცნებას“ დაუჭერს მხარს, ცალსახად აჩვენებს, რომ ის ოპოზიციურ ველზე არ არის.

რაც შეეხება, ოპოზიციიდან კანდიდატის შერჩევას, ვფიქრობ, პოლიტიკური ინტერესები მათ გვერდით უნდა გადადონ და ადეკვატურად უპასუხონ საზოგადოების მოთხოვნას. ირაკლი კუპრაძეს ჩვენ მხარს ვუჭერთ პერსონალურად და არა იმ კუთხით, რომ ის „ლელოს“ წარმოადგენს,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ციალა ქათამიძემ.

ბათუმის „დემოკრატიის სკოლის“ კოორდინატორი თაკო მამეიშვილი არ ეთანხმება „საქართველოსთვის“ წევრის – აკაკი გვიანიძის პოზიციას იმაზე, რომ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა უფრო ტექნიკური საკითხია და ორივე შემთხვევაში გახარიას პარტიას დაადანაშაულებენ გარიგებაში „ოცნებასთან“ ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა არის პოლიტიკური პოსტი და ბევრ რამეს აჩვენებს, როგორ მოხდება კანდიდატის შერჩევა.

მნიშვნელოვანია, რამდენად გამჭვირვალედ და რა პირობით თანამშრომლობენ პარტიები ერთმანეთთან, რომლებიც საკრებულოში მოხვდნენ, რომ ეს თანამშრომლობა ღირებულებით საკითხებზე იყო ორიენტირებული და არა კონსპირაციებთან, გარიგებასთან: ერთი თანამდებობა შენ, მეორე – მე.

ჩვენ გვაკლია პოლიტიკოსების ნდობა და გულწრფელობა, რამაც ნიჰილიზმი და უნდობლობა განაპირობა, ეს პროცესი რაღაცნაირად უნდა შემოვაბრუნოთ ისეთი კანდიდატის მხარდაჭერით, რომელსაც აქვს მაღალი ნდობა,“ – გვითხრა თაკო მამეიშვილმა.

რას იხსენებს კაცი, რომელმაც ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში 29 საათი იმუშავა

38 წლის ლუკა ჩორგოლაშვილი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ კორპუსთან ჩამონგრევიდან მოკლე ხანში გამოჩნდა და სამაშველო ოპერაციის ბოლომდე მაშველების გვერდით იბრძოდა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

ლუკა მაშველი არ არის, არც საგანგებო წვრთნა აქვს გავლილი, იგი „ბათუმის წყლის“ თანამშრომელია, თუმცა მას შემდეგ, რაც ნანგრევებიდან ადამიანის ხმა გაიგონა, იგი 29 საათით მაშველად იქცა.

ლუკას ვთხოვეთ 8 ოქტომბერი გაეხსენებინა.

  • „ადამიანია ნანგრევებში“ – როგორ იქცა ლუკა მაშველად 

8 ოქტომბერს, სახლი რომ ჩამოინგრა, იმ წუთასვე დაგვიკავშირდა „ბათუმის წყალი“ და გვითხრა იქ გავჩენილიყავით. ჩვენი ტექნიკა პირველი მივიდა ნანგრევებთან, ყველა ჯგუფი იქ წავედით.

ამწესთან ვიდექი, მიმართულებას ვაძლევდი, როცა თქვეს, ადამიანია ნანგრევებში, წყალს ხომ ვერ მივაწვდითო.

ვხედავდი, რომ მივიდნენ, დაელაპარაკნენ და გამოვიდნენ, რადგან ზევით მუშაობდნენ მაშველები. ამიხსნეს, რომ ინსტრუქციას მიჰყვებოდნენ, არ შეიძლებოდა სხვაგვარად.

ვერ მოვითმინე, ორჯერ მივედი იმ ადგილას ნანგრევებში, საიდანაც ადამიანის ხმა ისმოდა, ვესაუბრებოდი. „ვერაფერს ვერ ვხედავ, სუნთქვა მიჭირსო“, – მეუბნებოდა.

ვეუბნებოდი, რომ გაძლიერებულიყო, გამოვიყვანდით და ყველაფერი კარგად იქნებოდა. მესამედ რომ მივედი, დავუძახე – ზვიო, როგორ ხარ, ხომ ხარ კარგად-მეთქი.

„გონებას ვკარგავ, უკვე აღარ შემიძლიაო“ – მითხრა.

„მე შენ გხედავ. არ კარგავ გონებას. გხედავ, გაჭედილი ხარ, თავი გაქვს სხვა მხარეს და ვერ ტრიალდები და ამიტომ ვერ მხედავ. ნუ გეშინია, მალე შემოვაღწევთ შენამდე – მეთქი“ – ვუთხარი.

„მხედავ, მართლა?“ – მითხრა.

ვერ ვხედავდი, მაგრამ ჩემი სიტყვები იყო საშუალება, ადამიანი არ დამეკარგა, მასთან კონტაქტი მქონოდა. ისე გავაკეთე, რომ შევინარჩუნე ეს კონტაქტი.

  • „ქვა ამოვჭერით და ზურგზე ხელით შევეხე“ 

უკვე საღამო იყო, მაშველები ამ დროს იბრძოდნენ ნანგრევებიდან ქალის გამოსაყვანად. ნელ-ნელა გადავწევთ და ისე შევალთ ზვიადისთანო, კაცთან, ვისი ხმაც ისმოდა ნანგრევებიდან.

„ბათუმის წყალში“ მიმუშავია მიწისქვეშ. მაშველებს ვთხოვე, ამოვჭრათ მჭრელებით და ქვემოდან შევძვრეთ ადამიანთან-მეთქი.

ამოჭრა ჩემი ინიციატივა იყო, სხვა გზა არ იყო, იმიტომ, რომ ადამიანს დავკარგავდით, ნელ-ნელა ფენების მოხსნით ნანგრევებიდან ვერ ჩავაღწევდით.

ამბობდნენ, რომ საშიში იყო. ვუთხარი, რომ არ მოვკლავდით. ვიცი, მიმუშავია, მაქვს გამოცდილება, მიწის ქვეშ ბევრჯერ ჩავსულვარ, ვიცი, როგორ შეიძლება იმუშაო. ვუყურებდი, როგორ ელაგა ქვები, გამორიცხული იყო რამე დამცემოდა, მით უმეტეს, რომ ზემოდან დამზღვევები იყვნენ.

დავიწყეთ გამოჭრა, ამოვჭერით, შევედით  და ზურგზე მოვკიდე ხელი. ადამიანმა რომ იგრძნო, შევეხეთ, მეორედ დაიბადა, ის უკვე გადარჩენილი იყო, გონება აღარ დაუკარგავს. მერე გავამაგრეთ ადგილი, ზემოდან ამოვჭერით და ამოვიყვანეთ.

საკუთარმა ჭერმა გადაარჩინა ეს ადამიანი. „სინკარი“ იყო, რომელიც ნახევარი საათი იჭრებოდა, ძლივს ამოვჭერით.

  • „ოღონდ ცოცხალი დამენახა ის ადამიანები, ვისი ხმაც მესმოდა“ 

სანამ სამაშველო ოპერაცია მიდიოდა, ერთი წამითაც არ წავსულვარ, ერთი წამითაც არ მიძინია, მარტო ვჭამდი და წყალს ვსვამდი, ვიბრძოდი როგორც შემეძლო – ნიჩბით, ხელებით, ფრჩხილებით, ოღონდ იქ ჩავმძვრალიყავი, ოღონდ ის ხმა არ შემწყდარიყო.

არ ვფიქრობდი იმაზე, რომ თავში დამეცემოდა რამე, ოღონდ ის გამომეყვანა, მხოლოდ ის მიტრიალებდა თავში, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე გადამერჩინა.

არანაირი გამოცდილება არ მქონია სამაშველო საქმეში. უბრალოდ რაღაც ძალა მომეცა, იმ წამში მაშველიც ვიყავი და ყველაფერი. სულ სხვა ადამიანად გადავიქეცი, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რამე დამეცემოდა და რამე დამემართებოდა. ოღონდ ცოცხალი დამენახა ის ადამიანები, ვისი ხმაც მესმოდა.

თავიდან მაშველები არ მიშვებდნენ, თავზე არაფერი მეფარა. ვყვიროდი, რას მელაპარაკებით, რომელ დაზიანებაზე. დაინახეს, რომ ვერ მაჩერებდნენ, რაც შემეძლო ვაკეთებდი და ბოლოს უფროსმა თქვა, დაახურეთ თავზეო.

ქალის ხმაც გვესმოდა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ რამე დაემართებოდა. გველაპარაკებოდა, გვეძახდა –  ჩემს შვილებს ხომ უშველითო. კიო – ვეუბნებოდით. ვერ წარმოვიდგენდი მის სიკვდილს.

როგორი რაღაცაა იცით? იქ ვყვიროდი, რომ ყველა გადარჩებოდა, ადამიანს, რომელსაც ცოლ-შვილი დაეღუპა, ვუთხარი, რომ მისი ცოლი ცოცხალი იყო და ბავშვებსაც ვნახავდით.  ყველაზე დიდი ტკივილია ეს ჩემთვის. დავპირდი ადამიანს და ვერ შევასრულე.

  • მაშველებთან ერთად 

მინდოდა ყველა გადარჩენილიყო, მაგრამ რომ ვუყურებდი ლოდებს, იმასაც ვხვდებოდი, რომ სასწაული უნდა მომხდარიყო.

მაშველებს რომ ვუყურებდი როგორ იბრძოდნენ, როგორ განიცდიდნენ… ყველაზე მწარეა, რომ გინდა გადაარჩინო ადამიანი, მაგრამ ვერ ახერხებ. მაშველები უნდა გაჰყოლოდნენ ინსტრუქციას, რომ ცოცხალი ადამიანი არ დაეზარალებინათ.

როცა გარდაცვლილი ამოგყავს, ესაა ყველაზე დიდი შოკი. ყველა ვტიროდით, არ შეგვეძლო არაფრის თქმა.

ყველა მაშველი ცრემლიანი იყო, ეს იყო ძალიან დიდი შოკი, იბრძოდნენ, მაგრამ…

  • „ორი ღამე ვერ დავიძინე, სათამაშოებთან ვიყავი, კედელთან“

მეორე დღეს მივედი ისევ იქ. სათამაშოები დაკიდეს კედელზე, ყვავილები მოიტანეს. იქ ვიყავი ღამის 4 საათამდე, ვალაგებდი.

არავისთვის მითქვამს, მაგრამ ორი ღამე ვერ დავიძინე სახლში. ხმა მესმოდა ნგრევის, ადამიანების. ემოციური ვარ ძალიან, შოკში ვიყავი, მაგრამ შევეცადე არ შემემჩნია. ჩემით გამოვიყვანე ჩემი თავი.

უფრო მშვიდად ვიყავი იქ, სადაც ბავშვების სათამაშოებია, ვალაგებდი, სანთლები დავანთე. იქ ჩემი სული მშვიდდება.

ლუკა ჩორგოლაშვილი
  • „ყველა საშინელება სოხუმში ვნახე, ბავშვობაში“ 

სოხუმელი ვარ წარმოშობით. ყველაფერი გავიარე, ჯერ კიდევ ბავშვმა. III-IV კლასში ვიყავი ომის დროს.

მინახავს გარდაცვლილები, ტყვიები. ყველაფერი საშინელება, რაც ყოფილა სოხუმში, მაქვს ნანახი. თითქოს კინოში, ისე იყო. შენს თვალწინ ფეთქდება ყველაფერი და ამ ყველაფერს ესწრები.

ვფიქრობ, მაშინ გავძლიერდი.

2008-ში, ომის დროს, ერთი წამი შიში არ მქონია, უკვე ნანახი მქონდა ეს ყველაფერი.

არავის ვუსურვებ იმის გამოცდას, რაც მე გავიარე. ჩემთვის ბედნიერება ის იქნება, ერთმანეთისთვის ვიბრძოლოთ, მეტი არაფერი დაგვრჩება.

რაც მიმიღია გაკვეთილი ამ ყველაფრიდან ისაა, რომ უნდა იბრძოდე ადამიანისთვის.

  • „დღეს ზვიადი ვნახე“

თქვენთან შეხვედრამდე ერთი საათით ადრე ვიყავი კლინიკაში და ვნახე ის ადამიანი. მამა გაბრიელის საფლავიდან წამოღებული მირონი მქონდა და მივუტანე.

ისე ჩავეხუტე, სულ დამავიწყდა, რომ ჯერ არ შეიძლება. ცოცხალია. ლაპარაკობს, კარგად არის. ეს არის მთავარი. იმედია, კიდევ ბევრჯერ შევხვდები.

___________________________

ქვეყნის მასშტაბით ონლაინსწავლებაზე 687 კლასი გადავიდა – კორონავირუსი

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით პირდაპირიდან ონლაისწავლებაზე 108 სკოლა და 687 ცალკეული კლასი გადავიდა. სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში კორონავირუსზე მასწავლებლების ტესტირება ისევ გრძელდება.

რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0,9 და მოსწავლეების 0,6 პროცენტს.

ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მხოლოდ 69 პროცენტი.

________________

ამავე თემაზე:

აჭარაში კოვიდის გამო დაიხურა 4 სკოლა, ონლაინზე გადავიდა 102 კლასი

 

აჭარაში კოვიდის გამო დაიხურა 4 სკოლა, ონლაინზე გადავიდა 102 კლასი

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 15 ოქტომბერს, აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო ოთხი სკოლა დაიხურა.

ხელვაჩაურში დაიხურა 3 სკოლა, ქობულეთში – ერთი სკოლა.

ონლაინსწავლებაზე გადავიდა 102 კლასი:

  • ბათუმში – 78
  • ქობულეთში -18
  • ხელვაჩაურში – 3
  • ქედაში – 2
  • შუახევში – 1

კორონავირუსის შემთხვევების გამო აჭარაში ოთხი საბავშვო ბაღიც დახურეს.

  • ბათუმში -1
  • ქობულეთში – 1
  • ქედაში – 1
  • ხულოში -1

გარდა ამისა, კოვიდის გამო საბავშვო ბაღებში დაიხურა 19 ჯგუფი.

  • ბათუმში – 14
  • ქობულეთში – 4
  • ქედაში -1

დღევანდელი მონაცემებით, აჭარაში დადასტურებულია კორონავირუსის 178 ახალი შემთხვევა. გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათში 3270 ადამიანი დაინფიცირდა.

აჭარაში კოვიდის 178 ახალი შემთხვევაა | 15 ოქტომბერი

15 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 178 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რეგიონში 470 პირს მკურნალობენ კოვიდზე კლინიკებში, მათგან 18 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ამ დროისთვის აჭარაში კოვიდსასტუმროში იმყოფება 189 ადამიანი.

15 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 3 270 ახალი შემთხვევაა, 26 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით გასულ დღე-ღამეში.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 ოქტომბრის 21 საათიდან 16 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი 
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი 

დღეის მონაცემებით, ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 17-18 ოქტომბერს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

დადასტურდა კოვიდის 3270 ახალი შემთხვევა, 26 პაციენტი გარდაიცვალა

15 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 3 270 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 38 093 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 26 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

14 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.75%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა, აჭარაში – 178, იმერეთში – 700, ქვემო ქართლში – 191, შიდა ქართლში – 149, გურიაში – 86, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 315, კახეთში – 586, მცხეთა-მთიანეთში – 50, სამცხე-ჯავახეთში – 64, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 31.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების 34 394 აქტიური შემთხვევაა, მათგან 5 153 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

„რამით მიშველეთ“ – 26 წლის რამაზს ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება

„ცუდად ვარ, მიშველეთ რამე“ – ამ სიტყვებით იწყება ყველა SMS, რომელსაც ნათია ბედინაძე ძმისგან, 27 წლის რამაზ ბედინაძისგან იღებს ყოველდღე.

ნათია როგორც შეუძლია შველის: გამოიტანა ანაბარი, რასაც სალონში, სტილისტად მუშაობით აგროვებდა; დადის ნათესავებთან, მეზობლებთან, ახლობლებთან, მეგობრებთან – დახმარება რომ ითხოვოს. წერს პოსტებს ფეისბუქზე, ცდილობს ბევრ ჯგუფში გააზიაროს. ზოგან არც უდასტურებენ პოსტებს, ბევრგან დაბლოკეს კიდეც.

„ესეც მესმის. არავის ვკიცხავ. ვიცი, რომ ხშირად ცრუ ინფორმაცია ვრცელდება და ხალხი არც ამოწმებს შენს ამბავს, მართლა გჭირს ის, რასაც წერ, თუ ტყუილია, ამის დრო ვის აქვს“ – ამბობს ნათია. იგი ძმაზე ერთი წლით უმცროსია, ერთად გაიზარდნენ.

რამაზის დიაგნოზი ლიმფომაა. ავთვისებიანი სიმსივნის მეოთხე სტადია. იგი სხივური თერაპიის კურსს საჭიროებს და ძვლის ტვინის გადანერგვას მაქსიმუმ ერთ თვეში.

ოჯახმა ერთი წლის წინ გაიგო რამაზის დაავადების შესახებ. თბილისის ერთ–ერთ კლინიკაში მას ბიოფსია გაუკეთეს და უთხრეს, რომ ავთვისებიანი სიმსივნის მეოთხე სტადიაა.

ნათიას და რამაზის მიმოწერა

ამის შემდეგ რამაზს ქიმიოთერაპიის 12 პროცედურა გაუკეთდა, რომლის მიზანიც პროცესის დაავადების მთელ სხეულში გავრცელების შეჩერება და გაყინვა იყო. პროცედურებს კარგი შედეგი მოჰყვა.

რამაზ ბედინაძე შვილთან ერთად

„ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ გავაკეთეთ PT კვლევა და შედეგი იყო ძალიან კარგი. ექიმი ულოცავდა კიდეც, ხალხი წლებია იბრძვის ამ დაავადების დასამარცხებლად და ჩვენ 1 წელიწადში შევაჩერეთ პროცესიო.

შევწყვიტეთ თერაპია და მკურნალობა,  მაგრამ ზუსტად 15 დღეში დაეწყო ფეხის ძლიერი ტკივილი. სასწრაფოს სასწრაფოზე ვიძახებდით. აღმოჩნდა, რომ წელის არეში გავრცელდა დაავადება, შემდეგ კი ტვინზე გადავიდა.

თავის ტვინზე აქვს სამ სანტიმეტრამდე ლიმფომა. რამაც საყლაპავი ჩაუკეტა, შესაბამისად ვეღარ იკვებება, ზონდით ვაწვდით საკვებს.

წელს ქვემოთ საერთოდ მოწყვეტილია, ვეღარ დადის. ვიყავით ტრაბზონშიც 2 დღის წინ, იქაური ექიმის აზრი მაინტერესებდა. ტვინში, სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან ადგილზე აქვს ლიმფომა და სასწრაფოდ დაუნიშნეს სხივური თერაპია, რაც ორშაბათიდან უნდა დავიწყოთ და ამის შემდეგ სჭირდება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, ეს ნიშნავს იმას, რომ უჯრედები უნდა გამოეცვალოს, მისსავე უჯრედებს ვეღარ გამოიყენებენ ტრანსპლანტაციისთვის, რახან მე და ვარ, გადაუნერგავენ ჩემს უჯრედებს.

ოპერაციის შემდეგაც რამდენად აღუდგება ყლაპვის და სიარულის უნარი, ამის შანსი ორმოცდაათი ორმოცდაათზეა“ – ამბობს ნათია.

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია საქართველოში უნდა გაკეთდეს. ოპერაციის საფასური 200 ათასი ლარია, ამ თანხის ნახევარს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს. ნახევარი კი, 100 ათასი ლარი, ოჯახმა უნდა შეაგროვოს, რომელსაც ყველანაირი რესურსი ამოეწურა.

ძვლის ტვინის გადანერგვამდე რამაზს სჭირდება ასევე სხივური თერაპიის ერთი კურსი ოპერაციისთვის მოსამზადებლად, რის საფასურიც დაახლოებით 10 ათასი ლარია.

გაუსაძლისი ტკივილების გამო რამაზს ორი კვირაა მორფს უკეთებენ. ვერ საუბრობს, მაგრამ ცნობიერება არ დაბინდვია და კონტაქტურია.

როგორც რამაზის და, ნათია ამბობს, რამაზს ძლიერი ორგანიზმი აქვს და ტვინზე ამ ტიპის ლიმფომის შემთხვევაში ექიმები გაცილებით მძიმე შედეგსაც პროგნოზირებდნენ.

ქიმიოთერაპიის კურსი რამაზს დაუფინანსეს, მაგრამ 25-ათასლარიანი ლიმიტი ჯანდაცვის სამინისტროსგან მას უკვე ამოეწურა.

რამაზი ახლა ბათუმში მკურნალობს. საავადმყოფოში ყოველდღიურად ოჯახს 250 ლარის გადახდა უწევს.

„თუმცა ამის გარდა არსებობს სხვა ხარჯები. კომპიუტერულ ტომოგრაფიაში ორი დღის წინ გადავიხადეთ 600 ლარი. როცა კონტრასტით გადაღებაა საჭირო, ფასი ორმაგდება.

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია აუცილებლად ერთ თვეში უნდა გაკეთდეს, სხივური თერაპია კი ორშაბათიდან უნდა დავიწყოთ, მაგრამ რით და როგორ, ჯერ არ ვიცით. თუ ეს თანხა შეგროვდა და ოპერაციამდე მივედით, ვიცი, ჩემი ძმა გადარჩება.

როცა ქიმიოთერაპიის ძლიერ მედიკამენტს, „მიდოტრეკს“ უკეთებდნენ, გაუძლო, სხვა პაციენტებს თიშავს ეს მედიკამენტი, რამაზი საჭესთან ჯდებოდა და სახლში მოდიოდა თავისით.

ძალიან ეშინია, სულ მე მწერს მიშველე, ფეხზე დამაყენეო. არც მიშვებენ კლინიკაში რომ ვნახო, სულ ვამხნევებ, რადგან სტრესი საშინელებაა ამ დაავადებისთვის.

ბავშვებზე დარდობს, დარდობს, რომ ბევრი ფულია საჭირო პროცედურებისთვის, იცის ერთი დღით კლინიკაში დარჩენა 250 ლარი რომ ღირს და ამბობს, გამიყვანეთ ორშაბათამდე სახლში, სანამ სხივური თერაპია დაიწყებაო.  მაგრამ როგორ გავიყვანოთ? თურქეთიდან ჩამოვიტანეთ წამალი, ორგანიზმის მოსამზადებელი, ჰორმონები რომ შეუყვანონ. ამას უკეთებენ კლინიკაში და სახლში როგორ უნდა გავუკეთოთ. თან ნახველი აქვს ყელში, რომელიც ახრჩობს, რახან ვერ ჭამს და ნერწყვს ვერ ყლაპავს ყელში უგროვდება, იქ კიდე მკურნალობენ ადგილზე, ზონდით აწვდიან საკვებს.  მე არ მიშვებენ კლინიკაში პანდემიის გამო, მეუღლე ადგას თავზე“ – გვიყვება ნათია.

ნათიას ახლა ხალხის იმედი აქვს.  დახმარებას ელის, რადგან სახელმწიფო ამ ტიპის ოპერაციებს სრულად ვერ უფინანსებს მოქალაქეებს.

__________________

რამაზ ბედინაძის დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ გადარიცხონ შემდეგ ანგარიშზე: 

საქართველოს ბანკი: GE22BG0000000345959935
თიბისი ბანკი: GE27TB7082445061100060
მიმღები: ნათია ბედინაძე

 

„ოცნების ქალაქში“ 2 სახლი იწვის

„ოცნების ქალაქში“ ორი სახლი იწვის. თვითმხილველის ინფორმაციით, ადამიანებმა სახლებიდან გამოსვლა მოახერხეს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობს სახანძრო სამსახური.

საცხოვრებელი სახლების გადარჩენა სავარაუდოდ ვერ მოხერხდება.

ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს.

რა შუაშია სოფლის მეურნეობის მინისტრი ბულვართან? – ბათუმის მერიისა და მინისტრის მიმოწერა

2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს, გია სურმანიძეს ოფიციალური წერილით მიმართა. წერილის შინაარსი ბათუმის ბულვარში  პირდაპირი წესით გასხვისებულ  14 მცირე ზომის ნაკვეთის საიჯარო ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას შეეხებოდა.

მერის მოვალეობის შემსრულებელი მინისტრს სწერდა,  შპს Georgian Industrial Asset Management Group-ი  საიჯარო ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას ითხოვს და გავუგრძელო თუ არა, ამ საკითხზე თქვენი აზრი მაინტერესებსო.

რა შუაშია სოფლის მეურნეობის მინისტრი ბულვართან?

მერის მოვალეობის შემსრულებელმა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს განუმარტა ისიც, თუ რატომ დაინტერესდა ბულვარში კონკრეტული მუნიციპალური ქონების განკარგვასთან დაკავშირებით მისი აზრით.

საქმე იმაში ყოფილა, რომ  შპს Georgian Industrial Asset Management Group-ი,  მთავრობის ცნობით, იყო ერთადერთი კომპანია, რომელმაც გასულ სეზონზე ფერმერებისგან მიიღო და გადაამუშავა 10 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი.

მინისტრმა მერის მოვალეობის შემსრულებელს უპასუხა:

„მსგავსი საწარმოების შეუფერხებელი ოპერირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების პირობებში. აქედან გამომდინარე, სამინისტრო მიესალმება ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიის შეუფერხებელ ფუნქციონირებას და ფინანსური სირთულეების თავიდან აცილებას.

სწორედ ამიტომ, სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანახმაა შპს Georgian Industrial Asset Management Group-ს გაუხანგრძლივდეს ზემოხსენებული ქონებით სარგებლობის უფლება,“ – წერს გია სურმანიძე.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თანხმობა გადამწყვეტი აღმოჩნდა. მერიამ განკარგულების პროექტი მოამზადა, რომლის თანახმადაც შპს Georgian Industrial Asset Management Group-ს  ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2025 წლამდე გაუგრძელეს.

შპს Georgian Industrial Asset Management Group-ი იმ კომპანიების ჩამონათვალშია, რომელიც ბათუმის მერიამ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა და 14 მცირე ზომის მიწის ნაკვეთი ბულვარში ჯიხურების განსათავსებლად  პირდაპირი წესით  გადასცა, მაშინ როცა სხვები ბულვარში საიჯარო ხელშეკრულების გასაფორმებლად ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობენ და ბულვარის ადმინისტრაცია მათ ერთწლიან ხელშეკრულებებს უფორმებს.

2020 წელს მთავრობამ ამ მიმართულებით გამონაკლისი დაუშვა პანდემიის მიზეზით და ხელშეკრულებები მოქმედ მოიჯარეებს  ერთი წლით გაუგრძელა.

თავდაპირველი ხელშეკრულება ბათუმის მერიამ  Georgian Industrial Asset Management Group-ს საკრებულოს თანხმობით 2019 წლის 30 დეკემბერს გაუფორმა. ამ ხელშეკრულების თანახმად ბულვარში კომპანიას 16-16 კვ.მ. ტერიტორია გადასცეს სავაჭრო ჯიხურების განსათავსებლად 14 ადგილზე – ჯამში 224 კვ.მეტრი. ამ ნაკვეთით სარგებლობის საფასურად 40 000 ლარი განსაზღვრეს.

2021 წლის 7 ოქტომბერს კომპანიის დირექტორმა, რევაზ გოგიტიძემ მერის მოვალეობის შემსრულებელს მისწერა, რომ პანდემიის გამო სასურველი შემოსავალი  ვერ მიიღო და ხელშეკრულების ვადის გაგრძელება 2025 წლის 31 დეკემბრამდე მოითხოვა:

კომპანიის დირექტორი ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას კიდევ 4 წლით ითხოვდა, თუმცა მერიამ  მას ვადა სამი წლით გაუგრძელა.

შპს Georgian Industrial Asset Management Group-ის დამფუძნებელი და ასი პროცენტის მფლობელი კვიპროსში დაფუძნებული კომპანია SKYDROME LIMITED – ია.  კომპანიის დირექტორი კიდევ რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი და წილების მფლობელია.

„ჩემი მიწის ნაკვეთიდან ხრეში მოიპარეს“ – ქურდობა ჭოროხის სანაპიროზე

„ჩემი საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან ღამით მოიპარეს ხრეში, დაახლოებით 30 ათასი კუბური მეტრია წაღებული ჩემი დათვლით, გამოძიება კი არაფერს აკეთებს“, – ამბობს შალვა აბესლამიძე, რომელიც ბათუმში, კახაბრის დასახლებაში ცხოვრობს.

შალვა აბესლამიძის ოჯახს სახლიდან მოშორებით, ჭოროხის სანაპიროსთან, მიწის ნაკვეთი აქვს, რომელიც მესაკუთრეს 10 ოქტომბერს გადათხრილი დახვდა.

„1500-1800 რეისი მაინც არის გაკეთებული ჩემი გათვლებით,“ –  ამბობს შალვა აბესლამიძე. ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით, 1 კუბური მეტრი დამუშავებული ინერტული მასალა 35 ლარი ღირს.

„არაფერი გამიგია. ისე გამოვედი, ვნახო ერთი რა ხდება-მეთქი და გადათხრილი დამხვდა ყველაფერი, მიწა გვერდით დაუყრიათ, ხრეში წაუღიათ, დაახლოებით 5 მეტრია ამოთხრილი აქ, იქეთ 4 მეტრია ამოთხრილი, ჭოროხის ფსკერია უკვე ეს… დაცვას ხომ არ დავაყენებდი,“ – გვიყვება შალვა აბესლამიძე და თან ხელოვნური ტბის გარშემო გაჩენილ მიწის გორებზე მიგვითითებს – ეს დატოვეს, ხრეში წაიღეს და მიწის ნაკვეთი პრაქტიკულად უსარგებლოაო.

ადგილი, სადაც შალვა აბესლამიძე სახლის აშენებას აპირებდა.

შალვა აბესლამიძის მიწის ნაკვეთამდე გზაზე ხრეშის გორები შეგხვდებათ – სხვადასხვა კომპანია, რომლებიც ინერტული მასალის მოპოვებაზე მუშაობენ, მოპოვებულ მასალას ჭოროხის სანაპიროს კახაბრის დასახლებაში ასაწყობებენ.

„არჩევნების მერე მოსულან და დაუწყიათ ღამე ამოთხრა. ვინც დაინახა მეზობლებმა, ეგონათ, რომ მე ვიყავი და ვთხრიდი, 3-4 ღამე მუშაობდნენო… ჩემი სახლიდან ეს ადგილი არ ჩანს, დაახლოებით ერთი კილომეტრია აქედან.

მივმართე მაშინვე გარემოს დაცვას, პოლიციას… მითხრეს, გაირკვევა ყველაფერიო, მაგრამ კვირის მერე არავინ გამოჩენილა, ვრეკავ და გამოძიებაც კი არ დაუწყიათ,“ – გვითხრა შალვა აბესლამიძემ.

მესაკუთრე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მისი მიწის ნაკვეთიდან ხრეშს ისე ვერ გაიტანდნენ, ეს ვიდეოკამერებს რომ არ დაეფიქსირებინა, რაც დასაწყობებული ინერტული მასალის ტერიტორიაზე არაერთია. შალვა აბესლამიძის თქმით, ამ დრომდე გარემოს დაცვის ინსპექციას ოქმიც კი არ შეუდგენია და პოლიციისთვის არ გადაუცია.

„მე ხელი არ მომიწერია არაფერზე, არაფერი ჩემთვის არ ჩაუბარებიათ და არ ვიცი,“ – გვითხრა შალვა აბესლამიძემ.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შალვა აბესლამიძის შვილები 2007 წლიდან არიან მიწის მესაკუთრეები კახაბრის დასახლებაში, ჭოროხის სანაპიროსთან ახლოს. ჯიმშერ და ზურაბ აბესლამიძეების საკუთრება 14 188 კვადრატული მეტრია. შალვა გვიყვება, რომ რეგისტრაციამდე მის ბაბუას აქ სიმინდის ყანა ჰქონდა, რეგისტრაციის შემდეგ კი, შვილებისთვის სახლის აშენება სურდა, მაგრამ ამაზე უარი უთხრეს.

„მოვიდნენ აჭარის ეკონომიკის სამინისტროდან და მითხრეს, რომ სახლის მშენებლობა არ დამეწყო, რადგან ავტობანი უნდა გავიდეს აქ და მონაცვლეობა მოხდებაო. იქნებოდა ასე 2009 ან 2010 წელი. მერე ბალახს ვთესავდი საქონლისთვის, შემოღობილი მქონდა. ბოლო ორი წელია არაფერი აღარ დამითესავს, რადგან ღობე მომპარეს… მიწაყრილით მქონდა შემოსაზღვრული ადგილი და ისევ ვფიქრობდი სახლის აშენებას,“ – გვიყვება შალვა აბესლამიძე.

მესაკუთრეს მიუმართავს ხელვაჩაურის პროკურატურისთვისაც, თუმცა პასუხი არც ამ უწყებიდან მიუღია ჯერ.

დაიწყო თუ არა გამოძიება, ან რა სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა ინერტული მასალის ქურდობას კერძო მიწის ნაკვეთიდან? – „ბათუმელებს“ დღის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია ვერ მიაწოდეს.

გარემოს დაცვის აჭარა-გურიის სამმართველოში კი „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ აღნიშნულ ქურდობის ფაქტზე ოქმი შეადგინეს და პროკურატურას გადასცეს კიდეც.


________________________________

გაეცანით „ბათუმელების“ სტატიების სერიას თემაზე, როგორ იპარავენ ხრეშს ჭოროხის სანაპიროზე 

როგორ იპარავენ ხრეშს კანონიერი ქურდების მონაწილეობით – ეპიზოდი I

რატომ არის მინიმალური ხელფასი კვლავ 20 ლარი

კანონმდებლობით საქართველოში მინიმალური ხელფასი 1999 წლის შემდეგ არ შეცვლილა და იგი დღემდე 20 ლარს შეადგენს. ამავდროულად საარსებო მინიმუმი საქართველოში 221.1 ლარია.

ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და  კავკასიის კვლევითი რესურსცენტრის მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით სამი მეოთხედი მხარს უჭერს მინიმალური ხელფასის არსებობას. რესპონდენტების მიერ დასახელებული გონივრული მინიმალური ხელფასის საშუალო მაჩვენებელი 854.1 ლარია.

საქართველოში მინიმალური ხელფასი არ შესწორებულა არც სამომხმარებლო ფასების ცვლილების, არც ყოველთვიური საშუალო ხელფასის და არც ზოგადად, საქართველოში ცხოვრების დონის შესაბამისად.

ერთადერთი ცვლილება, რაც ამ მხრივ კანონში აისახა, საჯარო მოხელეების მინიმალურ ხელფასს უკავშირდება, რომელიც 2005 წელს 135 ლარით განისაზღვრა.

ეკონომისტი ზურაბ კუკულაძე ამბობს, რომ მინიმალური ხელფასის ცნებისადმი წლების განმავლობაში ასეთი ინდიფერენტული მიდგომა, როგორც მთავრობის, ისე არასამთავრობო და მედიაელიტის მხრიდან, პირველ რიგში, იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში მშრომელთა უფლებები არ აინტერესებთ.

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არავინ უყურებს მინიმალური ხელფასის ცნებას. მიიჩნევენ, რომ ეს უნდა გადაწყდეს თავისუფალ კონკურენციაში. გასაგებია, კონკურენცია მუშაობს, მაგრამ ამას სჭირდება გარკვეული ტიპის სახელმწიფოებრივი ასახვა,“ – ამბობს ის.

გასული წლის სექტემბერში კანონპროექტი, რომელიც  საქართველოში თვიური მინიმალური ხელფასის 20 ლარიდან 500 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებდა, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ჩააგდო.

მინიმალური ხელფასის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ მინიმალური ხელფასის დაწესება დამსაქმებლებისთვის დამატებით თავისტკივილია და კიდევ უფრო გაზრდის უმუშევრობის დონეს ქვეყანაში.

მაგალითად, საქართველოსა და კავკასიის უნივერსიტეტების ასოცირებული პროფესორი, ეკონომისტი აკაკი ცომაია ამბობს, რომ

„მინიმალური ხელფასის შემოღების შედეგად უმუშევრობის დონე კიდევ უფრო იზრდება იმ ადამიანების ხარჯზე, რომელთა ხელფასიც იზრდება და რომლებიც ახერხებენ და ინარჩუნებენ თავიანთ სამუშაოს…. ასეთ საკანონმდებლო ინიციატივებზე საწარმოების, კომპანიების პასუხი არის ის, რომ ისინი ამცირებენ მოთხოვნას სამუშაო ძალაზე.

შესაბამისად, ვინც შეინარჩუნებს თავის სამუშაო ადგილს, მისი ხელფასი შეიძლება მცირედით გაიზარდოს, მაგრამ ეს მოხდება იმის ხარჯზე, რომ ვიღაცები დაკარგავენ სამსახურს და უმუშევრობის დონე აიწევს“. 

მინიმალური ხელფასის გაზრდის მომხრეები კი მიიჩნევენ, რომ ეს საქართველოში ღარიბი დასაქმებულების რიცხვს შეამცირებს.

„ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში და საზოგადოებაში, რომლის წევრობაზეც ჩვენ გვაქვს პრეტენზია, მინიმალური ხელფასის ცნება არსებობს და ეს არის საკმაოდ შინაარსიანი პოზიცია ეკონომიკური პოლიტიკის, თუ როგორ უდგება სახელმწიფო დასაქმებულებს. მაგრამ ჩვენთან, ჩვენს ეკონომიკურ ვითარებაში, დასაქმებულებს პრაქტიკულად არ აღიარებენ და თუ საუბარია იმაზე – ვის დავეხმაროთ, ვის ინტერესებს გავუწიოთ ერთგვარი ლობირება, პასუხი ყოველთვის არის – ბიზნესი,” – ამბობს ზურაბ კუკულაძე.

კვლევა: ღირსეული მინიმალური ხელფასის ოდენობა განსხვავებულია სოციო-დემოგრაფიული ჯგუფების მიხედვით. კაცები, თბილისელები და ქართველები უფრო მაღალ რაოდენობებს ასახელებენ, ვიდრე – ქალები, სოფლის მცხოვრებლები და ეთნიკური უმცირესობები.

დასაქმებული რესპონდენტები საკუთარი პროფესიისთვის საშუალო ღირსეულ ანაზღაურებად 1 457 ლარს მიიჩნევენ. უმუშევრებისთვის ეს მაჩვენებელი 1 288 ლარს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ სხვაობა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით არ ფიქსირდება.

წყარო: პროფკავშირი

„რაც შეეხება მინიმალური ხელფასის ცნებას ჩვენს ქვეყანაში, არ მაქვს ილუზია, რომ არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობაში სერიოზული ნაბიჯების გადადგმას უნდა ველოდოთ.

მაგრამ ზოგადად ამას, პირველ რიგში, აქვს სიმბოლური დატვირთვა. ბევრი იტყვის იმას, რომ ახალი რეგულაცია და ახალი შეზღუდვა დამსაქმებლისთვის გააუარესებს საინვესტიციო გარემოს/პირობებს.

ახლა წარმოიდგინეთ, რომელიმე სერიოზული ინვესტორი რომ უყურებდეს – 20 ლარი იქნება მინიმალური ხელფასი თუ 200 ლარი. თუ ასეთი ტიპის ინვესტორებზეა საუბარი, არ გვინდა ასეთი ინვესტორი. ესე იგი,  ის საერთოდ არ ფიქრობს თავის დასაქმებულზე და რად გვინდა ასეთი ინვესტიცია, თუ ქვეყანაში არ გააუმჯობესებს სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას,” – ამბობს ზურაბ კუკულაძე.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2021 წელს საშუალო ნომინალური თვიური ხელფასი 1328.0 ლარია, თუმცა საქართველოში მშრომელთა საკმაოდ დიდ ნაწილს გაცილებით უფრო დაბალი ხელფასი აქვს, მაგალითად, სანიტრებსა და ექთნებს, რომელთა ხელფასიც ხშირად 300-800 ლარია.

„რეალურად არავინ საუბრობს ევროკავშირის დადებით ფაქტორებზე, შედეგებსა და მაღალი სოციალური დაცვის პაკეტებზე. სანამ მსგავსი სერიოზული საკითხებით არ დაინტერესდება ქართული ეკონომიკური მმართველი ელიტა, თუნდაც არასამთავრობო და მედიაელიტა, სანამ არ ვისწავლით მომხმარებელთა უფლებების დაცვას, იმავე დასაქმებულების უფლებების დაცვას, არა მარტო მინიმალური ხელფასის კონტექსტში, არამედ სხვადასხვა მიმართულებით, იგივე შრომითი უსაფრთხოების ნაწილში, რაზეც ჯერაც ვერ ვსაუბრობთ ჯეროვნად და ადეკვატურად, ევროკავშირი მანამდე იქნება რაღაც ვირტუალური ოცნება ჩვენი საზოგადოებისთვის,“ – ამბობს  ზურაბ კუკულაძე.

ბინა იმავე ადგილას ან კომპენსაცია – რას ჰპირდება მერია ჩამონგრეული კორპუსის მეპატრონეებს

დღეს, 14 ოქტომბერს, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძე, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდება. იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ბინის მეპატრონე სხვაგან გადაწყვეტს ბინის შეძენას, მერია მას ფულად კომპენსაციას გადაუხდის.

„მოვიდა ექსპერტიზის დასკვნა, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ კორპუსი არ ექვემდებარება გამაგრებას და საჭიროა დემონტაჟი.

სახლის დემონტაჟის შემდეგ იმ ადგილზე აშენდება ისეთივე კორპუსი, იმდენივე სართულით, იმდენივე ფართობით და ყველას გადმოგეცემათ,“ – უთხრა ლელა სურმანიძემ დაზარალებულ მოსახლეობას.

ლელა სურმანიძის თქმით, საკრებულოს სხდომაზე უკვე გადაწყდა დემონტაჟისთვის საჭირო თანხის გამოყოფის საკითხი. „შევეცდებით, რომ დემონტაჟისთვის სამუშაოების შესყიდვა მოხდეს სწრაფად“- აღნიშნა მან.

ამავე შეხვედრაზე ითქვა, რომ სახლის იმ ნაწილიდან, რომელიც ნგრევას გადაურჩა, კერძო პირების კუთვნილი ავეჯის და სხვა პირადი ნივთების გამოტანას ის კომპანია უზრუნველყოფს, რომელიც სახლის დემონტაჟს განახორციელებს.

ლელა სურმანიძის თქმით, დღეს ბათუმის მერიამ აჭარის მთავრობას მუნიციპალიტეტის საბინაო ფონდიდან 69 საცხოვრებელი ბინა გადასცა. მან შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ თუ რომელიმე დაზარალებულ ოჯახს არ სურს ახალი კორპუსის აშენებამდე ქირაში იცხოვროს, მერია მათ დროებით სარგებლობაში გადასცემს ბინას.

ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლები მერის მოვალეობის შემსრულებელს, ლელა სურმანიძეს შეხვდნენ

„არავის ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ 26 მაისის ქუჩიდან ვინმეს შარტავას ან ბაგრატიონის ქუჩაზე გადასვლა მოუნდებოდა, აქედან გამომდინარე, ეს ბინები არის იმისთვის, რომ იცხოვროთ აქ დროებით, თუკი სურვილი გექნებათ,“- უთხრა სურმანიძემ მოსახლეობას.

შეხვედრაზე დაზარალებული მოსახლეობის მხრიდან დაისვა კითხვები ბინის ქირის საფასურთან დაკავშირებით.

ლელა სურმანიძის განმარტებით, დაზარალებულ პირებს შეუძლიათ ქალაქის ნებისმიერ ტერიტორიაზე, ნებისმიერ ფასად იქირაონ ბინა, რომლის საფასურსაც მერია გადაიხდის.

„თქვენ შეგიძლიათ იქირაოთ ბინა ათას ლარადაც და უფრო ნაკლებადაც, გაფორმდება ხელშეკრულება თქვენსა და ბინის მეპატრონეს შორის, თუმცა თანხა დაგერიცხებათ თქვენ. ბინის ქირის საფასურს მერია გადაიხდის მანამ, სანამ საბოლოოდ არ დასრულდება ახალი კორპუსი და არ შეხვალთ ახალ ბინებში,“- თქვა სურმანიძემ შეხვედრისას.

მოსახლეობამ დასვა კითხვები იმის შესახებაც, თუ რა მდგომარეობაში გადაეცემა მათ ბინები მას შემდეგ, რაც კორპუსი აშენდება – გარემონტებული თუ რემონტის გარეშე. ლელა სურმანიძემ მათ უთხრა, რომ მოსახლეობას ჩაერიცხება ბინის რემონტის თანხაც.

26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად განადგურდა რამდენი ავტომანქანაც. როგორც შეხვედრაზე ითქვა, მფლობელებმა უნდა მიმართონ მერიას განცხადებით. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, შეფასდება ავტომანქანების ღირებულება და მფლობელები მიიღებენ ფულად კომპენსაციას.

სად იცხოვრებენ ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის მეპატრონეები? – ამ საკითხზე ისინი მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ერთ-ერთმა მოქალაქემ შეხვედრაზე თქვა, რომ  ზოგიერთ დაზარალებულს რეესტრში არ აქვს ფართობები დაზუსტებული და დაინტერესდა, ასეთ შემთხვევაში თუ ექნებათ მათ შესაძლებლობა ახალი ნახაზები გააკეთონ.

ლელა სურმანიძის თქმით, ავარიულ კორპუსში ამხაზველების შეყვანა არ არის რეკომენდებული, „ამიტომ, როცა ახალი კორპუსის პროექტირების საკითხი დადგება დღის წესრიგში, ყველა დაზარალებულ ოჯახთან გვექნება ამაზე საუბარი,“- აღნიშნა მან.

მოქალაქეებმა მერის მოვალეობის შემსრულებელს ასევე ჰკითხეს, თუ სად შეძლებდნენ ისინი ავეჯის განთავსებას, რომელსაც ავარიული ბინიდან გამოიტანენ და ამისთვის თუ გამოყოფს მერია ადგილს. ლელა სურმანიძემ თქვა, რომ ეს საკითხიც მოგვარდება.

8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე,  შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებლის ჩამონგრევა მზიდი კედლის მოშლამ გამოიწვია.

__________________________

ამავე თემაზე:

რა ევალება მეპატრონეს, თუ ბინაში საყრდენ კედელს ცვლის – ინტერვიუ არქიტექტორთან

3 მილიონ დოლარად გაიყიდა ალ კაპონეს იარაღი და ბრილიანტები

კალიფორნიაში, აუქციონზე 3 მლნ დოლარად გაიყიდა ამერიკელი განგსტერის, ალ კაპონეს პირადი ნივთები, ფოტოები და ავეჯი.

აუქციონი კერძო კლუბში გაიმართა და მას ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.

„ბიბისის“ ცნობით, აუქციონზე ყველაზე პოპულარული ლოტი იყო ალ კაპონეს საყვარელი 45-კალიბრიანი პისტოლეტი, რომელიც 860 ათას დოლარად გაიყიდა.

ალ კაპონე განგსტერი გახდა 1920-იან წლებში, ჩიკაგოში, მშრალი კანონის დროს. იგი XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ დამნაშავედ მიიჩნევა.

ალ კაპონეს ნივთები ოჯახის საკუთრებაში იყო. ნივთების გაყიდვის გადაწყვეტილება მისმა შვილიშვილებმა მიიღეს.

________

ფოტოზე: განგსტერის პისტოლეტი და ბრილიანტის კულონი. ფოტო: Chicago tribune

ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის კაცი რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ჩამონგრევისას  ერთადერთი გადარჩენილი ადამიანი, 37 წლის კაცი რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს.

კლინიკა „მედცენტრში“, სადაც მას მკურნალობენ, ადასტურებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა მას ჯერ კიდევ სჭირდება მკურნალობა და ექიმების მეთვალყურეობა, ამიტომაც ის კლინიკაში რჩება.

37 წლის მამაკაცი ერთადერთია, რომელიც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას ცოცხალი გადარჩა. იგი ნანგრევებიდან მთელი დღის განმავლობაში ეკონტაქტებოდა მაშველებს.

___________

ფოტოზე: 26 მაისის ქუჩაზე ნანგრევებიდან მაშველებს კაცი გამოჰყავთ.

როჯერ უოტერსი 78 წლის ასაკში დაქორწინდა

ცნობილი ჯგუფის Pink floyd-ის წევრი, მუსიკოსი, როჯერ უოტერსი, 78 წლის ასაკში დაქორწინდა. უოტერსმა ახალ ცოლთან, კამილა ჩევისთან, გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა.

კამილა ჩევისი და უოტერსი რამდენიმე წელია ხვდებიან ერთმანეთს. წყვილი 2019 წელს ერთად იყო ვენეციის კინოფესტივალზე.

2022 წლის ზაფხულში უოტერსი დიდ ტურნეს გეგმავს აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში.

ფოტო: FB
ფოტო: FB

აჭარიდან სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი წავიდა – ენმ

დღეს, 14 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება.

თბილისში აქციაზე უკვე წავიდნენ აჭარის ენმ-ის ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები. მიკროავტობუსებისა და ავტომობილების კოლონები ბათუმიდან დილით გავიდა.

„ბევრნი ვართ წასული, 5 ათასზე მეტი ადამიანი ვართ აჭარიდან, როგორც მე ვიცი“ – გვითხრა გიორგი კირთაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატმა.

ფეისბუქზე ენმ-ის მიერ გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს რამდენიმე ათეული მიკროავტობუსი აჭარისა და საქართველოს დროშებით.

ამავე თემაზე:

__________

ფოტოზე: კადრები ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან.

აჭარაში 4 საბავშვო ბაღი და 16 ჯგუფი დაიხურა – კორონავირუსი

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 14 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის გამოვლენის გამო 4 საბავშვო ბაღი დაიხურა.

თითო საბავშვო ბაღი დაიხურა ბათუმში, ქობულეთში, ქედასა და ხულოში.

ასევე დაიხურა ჯგუფები საბავშვო ბაღებში.

11 ჯგუფი დაიხურა ბათუმში, 4 – ჯგუფი ქობულეთში, ხოლო ერთი ჯგუფი – ქედაში.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი არ აკონკრეტებს ვის გამოუვლინდა კორონავირუსი, ბავშვებს თუ ადმინისტრაციულ პერსონალს.

სარფში საზღვრის კვეთა ღამის 12-მდე გახანგრძლივდა – საკონსულო

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სამუშაო საათები, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო იყო შეზღუდული, გახანგრძლივდება.

ბათუმში თურქეთის საკონსულოს ცნობით, დღეიდან, 14 ოქტომბრიდან, საქართველოდან თურქეთში მიმავალ მოქალაქეებს შეეძლებათ სარფის საზღვარი დილის 10:00 საათიდან საღამოს 24:00 საათამდე გადაკვეთონ.

საქართველოდან თურქეთში წასვლის მსურველ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს:

  • საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობა
  • კოვიდპასპორტი ან PCR ტესტი
  • მოქალაქემ გამგზავრებამდე 72 საათით ადრე თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე უნდა შეავსოს ელექტრონული ანკეტა –  register.health.gov.tr და მიიღოს ე.წ. HES კოდი. HES კოდი საჭიროა თურქეთში გადაადგილებისთვის.

დღემდე სარფის საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელი იყო დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე.

შავ ზღვაში 85 000 ტონა ქაფშიას დაჭერაზე გაიცა ნებართვა – 1 წლის კვოტა

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით,  შავ ზღვაში 2021-2022 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა დაადგინეს, მათ შორის, ქაფშიის, რომელიც 85 000 ტონას შეადგენს.

თევზის მოპოვების აქტიური სეზონი ოქტომბრიდან იწყება, შესაბამისად, კვოტები მიმდინარე წლის ოქტომბრიდან მომავალი წლის ოქტომბრამდე პერიოდისთვის დგინდება.

2020-2021 წელს ქაფშიის კვოტა 109 000 ტონა იყო.

ამავე თემაზე: 

თევზჭერის ბიზნესს ბიუჯეტიდან მილიონებს აძლევენ, ისინი კი „ოცნებას“ სწირავენ ფულს

ბათუმში დაანგრევენ 7-სართულიან კორპუსს, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე 7-სართულიანი კორპუსი, რომლის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა და 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მთლიანად ექვემდებარება დემონტაჟს.

ამის შესახებ ბათუმის მერიაში აცხადებენ. სახლის დემონტაჟისთვის გამოყოფილია 500 ათასამდე ლარი.

სპეციალისტების შეფასებით, კორპუსი უნდა დაიშალოს თანდათან, ამიტომაც გამოყოფილი თანხა 2 წელზე გადანაწილდება.

არსებული ინფორმაციით, ბინების გადაცემა მოხდება მესაკუთრეებთან მოლაპარაკებით. შესაძლოა აქ აშენდეს ახალი კორპუსიც.

ზუსტად არ არის ცნობილი, უსაფრთხოა თუ არა გვერდით მდებარე კორპუსებში ცხოვრება. მიმდინარეობს გვერდით მდებარე კორპუსების ექსპერტიზა.

26 მაისის ქუჩაზე სადარბაზოს ჩამოშლის შემდეგ რომ სხვა სადარბაზოების ჩამონგრევის საფრთხეც არსებობდა, ამის შესახებ 9 ოქტომბერს გახდა ცნობილი.

აქ მდებარე კორპუსებიდან მოსახლეობა სადარბაზოს ჩამონგრევის შემდეგ, 8 ოქტომბერს, გაიყვანეს.

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 134 ახალი შემთხვევა | 14 ოქტომბერი

14 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რეგიონში 433 პირს მკურნალობენ კოვიდზე კლინიკებში, მათგან 18 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ამ დროისთვის აჭარაში კოვიდსასტუმროში იმყოფება 252 ადამიანი.

14 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 4 212 ახალი შემთხვევაა, 38 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით გასულ დღე-ღამეში.

დადასტურდა კოვიდის 4212 ახალი შემთხვევა

14 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 4 212 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 52 620 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 38 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

13 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.21% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.57%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 212 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 272 შემთხვევა, აჭარაში – 134, იმერეთში – 899, ქვემო ქართლში – 223, შიდა ქართლში – 250, გურიაში – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 401, კახეთში – 702, მცხეთა-მთიანეთში – 99, სამცხე-ჯავახეთში – 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში – 33.

 

დააკავეს 3 პირი, რომლებიც ბათუმელ ბიზნესმენს ათასობით დოლარს სძალავდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისსა და ბათუმში 3 პირი დააკავეს „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.ქ. (მეტსახელად „დათო ტბილისკი“), 1961 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ლ. და 1978 წელს დაბადებული ი.კ.

„საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დ.ქ., საკუთარი და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრების სახელითა და კრიმინალური გავლენის გამოყენებით, „ქურდული გარჩევის“ გზით, დაშინებითა და მუქარით ცდილობდა პირადი, ასევე, „ქურდული სამყაროსთვის“ მატერიალური სარგებლის მიღებას. იგი გ.ლ.-ის, და ი.კ.-ის, ასევე 1997 წელს დაბადებული რ.მ.-ის დახმარებით დაუკავშირდა ბათუმში მოღვაწე ბიზნესმენს – 1977 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს და რამდენიმე ათასი აშშ დოლარი მოსთხოვა. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, ბიზნესმენს სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით, ოჯახის წევრების მიმართ ანგარიშსწორებით და ქონების განადგურებით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ვიდეო-აუდიოგადაღება განახორციელეს, რის შედეგადაც ბრალდებულების და მათი თანამზრახველის – რ.მ.-ს დანაშაულებრივი ქმედებებია ასახული.

პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ.

რაც შეეხება რ.მ.-ს, მისი დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“ – წერს შსს.

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-3 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბაბუას, რომელიც 13 წლის შვილიშვილს აუპატიურებდა, შესაძლოა უვადო პატიმრობა მიუსაჯონ

საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მცირეწლოვან შვილიშვილს ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა, ახორციელებდა გარყვნილ და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 12 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურამ მას ბრალდება წარუდგინა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 141-ე მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება);

11 პრიმა, 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტის წლის ასაკს მიუღწეველთან);

11 პრიმა, 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“, მეოთხე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ნდობის გამოყენებით) და 11 პრიმა, 139-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ჩადენილი ოჯახის წევრის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

რას ითვალისწინებს ბათუმის ველოგადაადგილების გენერალური გეგმა

მიუხედავად ველოქალაქის სტატუსისა, ბათუმის ველობილიკებზე მუდმივად პარკირებული ავტომანქანების გამო, ხშირად შეუძლებელია ქალაქში ველოსიპედით კომფორტულად გადაადგილება.

საპარკინგე ადგილების სიმცირის გარდა ქალაქში მწვავედ დგას ავტომანქანების გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერის პრობლემაც, თუმცა ბათუმში პრიორიტეტულ ტრანსპორტად კვლავ მსუბუქი ავტომობილი რჩება.

ბათუმის ველოგადაადგილების გენერალურ გეგმაში, რომელზე მუშაობაც დასასრულს უახლოვდება, ასახულია ბათუმში ველოინფრასტრუქტურისა და დიზაინის შემუშავებასთან დაკავშირებული რეკომენდაციებიც.

გეგმა ითვალისწინებს მთელი ქალაქისთვის ველოგადაადგილების ქსელის შედგენას, ველოგადაადგილებასთან დაკავშირებული ისეთი ინფრასტრუქტურის დიზაინის განსაზღვრასა და მოწყობას, როგორიცაა: ველოსადგურები, შესაკეთებელი პუნქტები და ა.შ.

გეგმა იქმნება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) რეგიონული პროგრამის ფარგლებში – მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში.

„ასევე, იქნება პოლიტიკური ჩარჩო, ვინ უნდა იყოს ხელმძღვანელი, ვის რა როლი ექნება, საიდან უნდა მოვიძიოთ ფინანსური რესურსები და ა.შ.” – ამბობს ნინო ჯანელიძე, პროგრამის წარმომადგენელი, ბათუმის მერიის მრჩეველი პროგრამის ფარგლებში.

სამუშაო პროცესში ჩართული არიან ბათუმის მერიის, ბათუმის ავტოტრანსპორტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ველომოყვარულთა კლუბის წარმომადგენლები.

გეგმა გულისხმობს როგორც ქალაქის საკუთრებაში არსებული, ისე კერძო ველოსიპედით გადაადგილებისთვის აუცილებელი სერვისების გამართვას. მაგალითად, ველოპარკირების სადგურების მოწყობას ავტობუსების გაჩერებებთან, ველოშეკეთების პუნქტების გახსნას, სადაც შესაძლებელია მუშაობდეს თვითმომსახურების პრინციპი ან მომსახურებას სწევდეს ცალკე სპეციალისტი.

„ახლა ერთი ველოსადგურიდან რომ გაიყვან ველოსიპედს, მეორეში უნდა დატოვო. განვიხილავთ, რომ იყოს კომბინირებულად მეორე ვარიანტიც free floating-ი, ანუ ნებისმიერ ადგილას რომ შეგეძლოს დატოვება ველოსიპედის, როგორც ახლა სკუტერებზეა. საჭიროა ინფრასტრუქტურის შესაბამისად დაგეგმვა – რამდენად ახლოს უნდა იყოს სადგურები ერთმანეთთან, რომ შორს არ მოგიწიოს წასვლა გაზიარებული ველოსიპედის ასაღებად და ა.შ.” – ამბობს ნინო ჯანელიძე.

მისი განმარტებით, ველოგადაადგილების ქსელი, რომელიც მთელ ქალაქ დაფარავს, ახლანდლისგან განსხვავებით იქნება არა ძირითადად სასეირნოდ, არამედ ყველანაირი დანიშნულების გადაადგილებისთვის:

„გვინდა, რომ ველოგადაადგილება ბათუმში მოიცავდეს ყველა ასპექტს და იყოს ყველასთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი – როგორც პატარებისთვის, ისე უფროსებისთვის – სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურსა თუ მაღაზიაში წამსვლელებისთვის.

გარდა ამისა, ჩვენ განვიხილავთ ისეთ ვარიანტს, როგორიცაა „კარგო ბაიკი“ იგივე გადამზიდი ველოსიპედი, რომელსაც ექნება საბარგულივით განყოფილება და ადამიანი შეძლებს თუნდაც ბარგის გადატანას“.

რას მექანიზმს გვთავაზობს ბათუმის ველოგადაადგილების გენერალური გეგმა ველობილიკებზე პარკირებული ავტომობილებისა და კაფე-ბარებისგან დასაცავად? – ნინო ჯანელიძე ამბობს, რომ ველობილიკი დაცული უნდა იყოს.

„ველობილიკები ბათუმში მუდმივად ოკუპირებულია. ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ გამოსავალზე, როგორიცაა გამოყოფილი და დაცული ველობილიკი, ანუ ორივე მხრიდან იყოს ხეების, ბეტონის, ან პლასტმასის ბარიერებით ისე გამოყოფილი, რომ ვერ შეძლოს მძღოლმა მანქანით შესვლა ველობილიკზე, ან თუნდაც ფეხით მოსიარულემ“ – ამბობს ის.

ველოგადაადგილების გეგმაზე მუშაობა წლის ბოლომდე დასრულდება და მომავალი წლის დასაწყისში გადაეცემა ბათუმის მერიას.

ველოგადაადგილების გენერალურ გეგმას ახლავს სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილია სხვადასხვა აქტივობა პრიორიტეტების მიხედვით.

უშუალოდ ველოგადაადგილების ქსელისა და ახალი ინფრასტრუქტურის გამართვა 2022 წლიდან ეტაპობრივად დაიწყება და 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს. დაფინანსებისა და განხორციელების საკითხებზე ბათუმის მერიამ უნდა იმუშაოს.

5 ყველაზე უსაფრთხო ქალაქი მსოფლიოში – „ეკონომისტის“ რეიტინგი

2021 წლის უსაფრთხო ქალაქების ინდექსი ჟურნალმა Economist-მა გამოაქვეყნა. გამოცემა მსოფლიოს 60 ქალაქს სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით 2015 წლიდან აფასებს.

შეფასებისას გათვალისწინებულია ქალაქების ინფრასტრუქტურა, ციფრული ცხოვრება, პირადი უსაფრთხოება, გარემო, ჯანმრთელობის საკითხები და ა.შ.

„ბიბისის“ ცნობით, Economist-მა წელს ინდექსის შედგენისას გაითვალისწინა კორონავირუსის პანდემიის ფაქტორიც – ვირუსის პროფილაქტიკა და კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი.

  • კოპენჰაგენი, დანია 

დანიის დედაქალმა 82,4 ქულა მიიღო ასქულიან სკალაზე და რეიტინგის სათავეში მოექცა.

მთავარი მიზეზი გარემოსდაცვითი საკითხებია – განახლებადი ენერგიის გამოყენების მაჩვენებელი კოპენჰაგენში, ჰაერის სისუფთავე, ნაგვის უსაფრთხო უტილიზაცია და ქალაქის გამწვანების მაღალი დონე.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2020 წლის მონაცემებით, დანიას, მსოფლიო ქვეყნებს შორის, კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ახალ ზელანდიასთან ერთად.

  • ტორონტო, კანადა 

„ეკონომისტის“ რეიტინგში მეორე ადგილზეა ტორონტო, კანადის ყველაზე დიდი ქალაქი.

ტორონტო რეიტინგში მეორე ადგილს, ძირითადად, გამართული ინფრასტრუქტურისა და გარემოსდაცვითი საკითხების გამო იკავებს.

პირადი უსაფრთხოების მხრივ ტორონტოს პლუსებია მულტიკულტურულობა და ტოლერანტული მოსახლეობა.
  • სინგაპური 

სინგაპური რეიტინგში მესამე ადგილზეა საერთო მაჩვენებლებით, თუმცა მეორე ადგილს იკავებს ციფრული მომსახურებით, ჯანმრთელობის დაცვითა და უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით.

სინგაპური ერთ-ერთი ყველაზე აცრილი ქალაქია მსოფლიოში – აქ კოვიდზე აცრილია მოსახლეობის 80 პროცენტი.

  • სიდნეი, ავსტრალია 

მეოთხე ადგილზეა სიდნეი.

სიდნეიში კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში.

ასევე, სიდნეი პირველ ადგილზეა რეიტინგში ციფრული ტექნოლოგიების უსაფრთხოების მიზნით გამოყენების მიმართულებით, რაც გულისხმობს დაცულ პირად მონაცემებს, ნაგვის ურნებთან და ძელსკამებთან დამონტაჟებულ სენსორებს, რაც ქალაქის სერვისების განვითარებისთვის გამოიყენება და ა.შ.

ქალაქში განათების და ვიდეოკამერების სპეციალური სისტემაა დამონტაჟებული, რაც ერთდროულად ზოგავს ენერგიას და ამავე დროს უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.

  • ტოკიო, იაპონია

ტოკიომ წელს პირველი ადგილიდან მეხუთეზე გადაინაცვლა. პირველ ხუთეულში ქალაქი დარჩა ჯანდაცვის საკითხების გამო, რაც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: კოვიდის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა, სამედიცინო მომსახურება, სიცოცხლის ხანგრძლივობა და კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობა.

ტოკიოს მაღალი მაჩვენებელი აქვს ქალაქის ინფრასტრუქტურის, საქალაქო ტრანსპორტის და ქვეითთა უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

__________________

ამ ქალაქების გარდა, 2021 წლის უსაფრთხო ქალაქების პირველ ათეულში შედის: ამსტერდამი [ნიდერლანდები], ველინგტონი [ახალი ზელანდია], ჰონგ კონგი [ჩინეთი], მელბურნი [ავსტრალია] და სტოკჰოლმი [შვედეთი].

აშშ-ში ყველაზე უსაფრთხო ქალაქებია ნიუ იორკი და ვაშინგტონი.

„ეკონომისტის“ ინდექსი 600 ქალაქის მონაცემებს მოიცავს, მათ შორის არ არის თბილისი.

____________

წყარო: BBC, economist.

ფოტოზე: ტორონტო. unsplash.com

ჩამონგრეულ კორპუსში მცხოვრებლებს ბინებს გადასცემენ – მთავრობა მერიას 65 ბინას სთხოვს

აჭარის მთავრობა ბათუმის მერიისგან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ  ბინებს ითხოვს, 26 მაისის ქუჩაზე დაზარალებულებისთვის გადასაცემად.

26 მაისის ქუჩის #13-ში მდებარე კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. მესაკუთრეები საკუთარ ბინებში შესვლას ვერც დანგრეული კორპუსის იმ სადარბაზოებში ახერხებენ, რომლებიც ნგრევას გადაურჩა. არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა კორპუსის გადარჩენილი ნაწილი უსაფრთხო არ იყოს. ამის დასადგენად ექსპერტები მუშაობენ.

სადარბაზოში, რომელიც ჩამოინგრა, 15 ოჯახი ცხოვრობდა. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების გამო საკუთარ ბინებში ვერ შედიან გვერდითა სადარბაზოების მცხოვრებლებიც.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბინების გარეშე დარჩენილი ოჯახებიდან მერიის დახმარებით მხოლოდ 23-მა ოჯახმა ისარგებლა, ისინი სასტუმროებში გადაიყვანეს. სხვა ოჯახები კი ახლობლებთან ან ალტერნატიულ ფართობებში გადავიდნენ.

26 მაისის ქუჩაზე ნგრევის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ბინების მთავრობის ბალანსზე გადაცემის მოთხოვნით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერიას 12 ოქტომბერს მიმართა.

მერიამ შესაბამისი განკარგულების პროექტი უკვე მოამზადა და მას ხვალ, 14 ოქტომბერს ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.

განკარგულების პროექტზე თანდართული ჩამონათვალის თანახმად, მთავრობა მერიისგან ბინებს შარტავას, აღმაშენებლის, ბაგრატიონის, ფიროსმანის, შერიფ ხიმშიაშვილისა და ლერმონტოვის ქუჩაზე ითხოვს – ჯამში 65 ბინას.

მთავრობაში განმარტეს, რომ ამ 65 ბინას მთავრობა სოციალური მიზნებისთვის საჭიროებისამებრ გადაანაწილებს. აქედან რამდენ ბინას გადასცემენ 26 მაისის ქუჩაზე დაზარალებულებს, დაზუსტებით ჯერ არ ვიცით.

როგორც დოკუმენტებშია მითითებული, მოთხოვნილი ბინების უმეტესობა გარემონტებულია, სამზარეულოსა და აბაზანის ნაწილის გარდა. ზოგი კი სრულად გარემონტებულია, ხოლო 3 ბინა არის გასარემონტებელი.

ბინები სხვადასხვა ფართობისაა, მათ შორის რამდენიმე არის ტერასით, 125 კვ.მეტრია ყველაზე დიდი ფართობის ბინა, რომელსაც მთავრობა სოციალური მიზნებისთვის ითხოვს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 26 მაისის ქუჩაზე, #13-ში ჯამში 54 მესაკუთრე ფიქსირდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და განახლებული ამონაწერი მოითხოვა.მთავრობა  ამ გზით ცდილობს დაადგინოს ზუსტად რამდენი მესაკუთრე ცხოვრობდა 26 მაისის #13-ში.

ბათუმში №8, №9, №11, №13 და №14 ავტობუსების სამარშრუტო სქემა დროებით იცვლება

ჯავახიშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში მიმდინარე საგზაო–სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დროებით იცვლება ამ ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო სქემა:

№8 სამარშრუტო ხაზი: ჯავახიშვილის ქ, ბაგრატიონის ქ, ლერმონტოვის ქ, კომახიძის ქ, ჯავახიშვილის ქ.

უკუმიმართულება: ჯავახიშვილის ქ, კომახიძის ქ, ლერმონტოვის ქ, ორბელიანის ქ, ლეონიძის ქ.

№9 სამარშრუტო ხაზი: (უკუმიმართულება) – ბაგრატიონის ქ, ლერმონტოვის ქ. კომახიძის ქ, გრიბოედოვის ქ.

№11 (უკუმიმართულება): ლერმონტოვის ქ, ორბელიანის ქ, შარტავას ქ, ბაგრატიონის ქ.

№13 სამარშრუტო ხაზი: ორბელიანის ქ (ბათუმის ავტოტრანსპორტი), ლერმონტოვის ქ, კომახიძის ქ, ოძელაშვილის ქ, ბაგრატიონის ქ.

№14 სამარშრუტო ხაზი:№14 სამარშრუტო ხაზი: ორბელიანის ქ, ჯავახიშვილის ქ, ბაგრატიონის ქ, ლერმონტოვის ქ, კომახიძის ქ, ჯავახიშვილის ქ.

უკუმიმართულება: ჯავახიშვილის ქ, კომახიძის ქ, ლერმონტოვის ქ, ორბელიანის ქ, ს. ხიმშიაშვილის ქ.

 

Exit mobile version