მთავარი,სიახლეები

კურორტ გოდერძიზე ასვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით შეიძლება 

04.01.2022 • 3561
კურორტ გოდერძიზე ასვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით შეიძლება 

კურორტ გოდერძიზე სეზონი გაიხსნა, თუმცა კურორტამდე მისვლა ძალიან ჭირს. ერთ-ერთი ტუროპერატორის – „Kila Travel“  წარმომადგენლის, გიორგი კიკვაძის თქმით, „ბათუმიდან კურორტზე ასასვლელად 8-9 საათია საჭირო. შესაბამისად, გზა ძალიან დამღლელია“.

გიორგი კიკვაძის თქმით, კურორტამდე მისასვლელი გზის მდგომარეობა ბევრად უარესია, ვიდრე თუნდაც წინა წელს. „რადგან კურორტი ბათუმთან ახლოსა, მოთხოვნა დიდია. მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩვენ უარი ვთქვით ამ მომსახურებაზე. საქმე იმაშია, რომ ჩვენ გასულ წლებში ჩვეულებრივი ტაქსების სერვისებით ვსარგებლობდით მგზავრების გადაყვანისას. წელს გზა იმდენად დაზიანდა, რომ არათუ ჩვეულებრივ ტაქსებს, არამედ მაღალ გამავლობის მანქანებსაც უჭირთ ასვლა. ეს გზა არც უსაფრთხო აღარ არის, ამიტომ საერთოდ შევწყვიტეთ ტურები“, – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი კიკვიძემ.

ამის მიუხედავად თუ მაინც გადაწყვეტთ ზამთრის შვებულება გაატაროთ გოდერძიზე, ამ კურორტამდე მისვლა შესაძლებელია ეკონომიური ბიუჯეტითაც: თუ დაბა ხულომდე ააღწევთ, იქ ბევრი მძღოლია, რომლებსაც კურორტ გოდერძის დამსვენებლები სოფელ დანისპარაულამდე და უშუალოდ კურორტ გოდერძიმდე გადაჰყავთ, მაღალი გამავლობის ავტომობილებით.

“ხულოდან სოფელ დანისპარაულში 6 ადამიანი თავიანთ ბარგთან ერთად 180 ლარად გადაგვყავს, ხოლო გოდერძიმდე მგზავრობა 200 ლარი ღირს. თუ საცობი არ არის გზებზე,  ხულოდან გოდერძიზე ასვლას მაქსიმუმ 3 საათი სჭირდება”, – ამბობს “Mitsubishi Delica” მძღოლი გიორგი ბოლქვაძე.

“ძალიან ცუდი გზებია. გოდერძიმდე მინიმუმ 100 ლარი ღირს დამსვენებლის აყვანა, დანისპარაულამდე 90 ლარი. ამ თანხაში მანქანაში თავისუფლად თავსდება 4 ადამიანი ბარგთან ერთად”, – ამბობს ტაქსის მძღოლი ხულოდან, არჩილ აბულაძე.

ხულოს სოფელი დანისპარაული კურორტ გოდერძიდან 3 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ვიზიტორები ხშირად ჩერდებიან ამ სოფელში და აქედან დადიან გოდერძიზე.

სოფელში ბევრი საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს, სადაც დამსვენებელს ღამის გატარება გოდერძიზე მდებარე სასტუმროებთან შედარებით გაცილებით იაფად შეუძლიათ. გოდერძიზე ერთი ღამის გათევა სასტუმროებსა და კოტეჯებში მინიმუმ 100 ლარიდან იწყება, მაშინ როცა დანისპარაულში ღამის გათევა 25 ლარადაც შეიძლება.

დანისპარაულიდან კურორტ გოდერძიზე გადაყვანაში კი დამსვენებლებს ადგილობრივი საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებიც ეხმარებიან.

“დამსვენებელს დანისპარაულიდან კურორტ გოდერძიმდე ასვლა და უკან, დანისპარაულში ჩამოსვლა 25 ლარი დაუჯდება”, – ამბობს ვახტანგ გელაძე, საოჯახო სასტუმრო “ნიკის” მეპატრონე.

სოფელ დანისპარაულის საოჯახო სასტუმროში დასვენების ფასი საშუალოდ 25 ლარიდან იწყება და 60 ლარამდეა.

“ერთი ღამით დარჩენა დანისპარაულის საოჯახო სასტუმროში 30 ლარი ღირს კვების გარეშე, ხოლო ორჯერადი კვებით –  50 ლარი”, – გვითხრა ვახტანგ გელაძემ.

მთის კურორტების მართვის კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის კურორტ გოდერძიზე ყველა საბაგირო და სათხილამურო ტრასა შეუფერხებლად მუშაობს. კურორტ გოდერძიზე სეზონი ოფიციალურად 2021 წლის 25 დეკემბერს გაიხსნა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 4 იანვრის 21 საათიდან 5 იანვრის 21 საათამდე აჭარის მაღალმთიანეთში ღრუბლიანობის მომატება, ღამით კი თოვაა მოსალოდნელი.

6 და 7 იანვარს კი აჭარის მთიან რაიონებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

___

ბათუმიდან გოდერძიმდე 109 კილომეტრის სავალი გზაა. ბათუმიდან დაბა ხულომდე 80 კილომეტრია და სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობა 7 ლარი ღირს.

დაბა ხულოში თოვლის საფარი 70-80 მეტრია, ხოლო კურორტ გოდერძიზე, რომელიც ზღვის დონიდან 2027 მეტრ მდებარეობს, თოვლის საფარი 1,5 მეტრამდე აღწევს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: