განათლება,მთავარი,სიახლეები

საგნის გამოცდაში ნახევარზე მეტმა – 2 886-მა პედაგოგმა 1 კრედიტიც ვერ აიღო

22.10.2021
საგნის გამოცდაში ნახევარზე მეტმა – 2 886-მა პედაგოგმა 1 კრედიტიც ვერ აიღო

2021 წლის ზაფხულში მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა 2 886-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოცდაზე გასულმა ამდენმა მასწავლებელმა ვერ მოიპოვა 1 კრედიტიც კი. ზაფხულის გამოცდების შედეგები დღეს, 22 ოქტომბერს, გახდა ცნობილი.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულში მასწავლებლები ორ გამოცდას აბარებდნენ – საგნის გამოცდას და პროფესიულ უნარებს.

პრაქტიკოსთა კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე დარეგისტრირებული იყო:

საგნის გამოცდაზე – 7327 მასწავლებელი.

უნარის გამოცდაზე – 5912 მასწავლებელი.

ცენტრის ინფორმაციით, საგნის გამოცდაზე გამოცხადდა 5 340 მასწავლებელი, აქედან ბარიერი ვერ გადალახა ნახევარზე მეტმა – 2886-მა მასწავლებელმა.

უნარის გამოცდაზე გამოცხადდა 4 137 მასწავლებელი და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა (ვერ მოიპოვა 1 კრედიტი) ასევე ნახევარზე მეტმა – 2 365-მა მასწავლებელმა.

განათლების სამინისტრო ოთხი წელია, რაც პრაქტიკოს მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს დაადასტურონ პროფესიული კომპეტენცია. სამინისტრომ ამ წლების განმავლობაში რამდენჯერმე განაცხადა, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს „ბოლო შანსს“ აძლევდა. პრაქტიკა კი აჩვენებს, რომ მასწავლებლების გარკვეული ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ადასტურებს პროფესიულ კომპეტენციას, მაინც რჩება სასკოლო სისტემაში.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემით სტატუსი „პრაქტიკოსი მასწავლებელი“ გაუქმებულია, თუმცა ნაწილი მაინც ვერ ახერხებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღებას. ასეთი პედაგოგები სკოლაში უსტატუსოდ აგრძელებენ მუშაობას.

უსტატუსო მასწავლებლის სამუშაოდან გაშვების უფლება მხოლოდ სკოლის დირექტორს აქვს. თუმცა გარკვეულ საგნებში კადრების დეფიციტის გამო სკოლა უსტატუსო პედაგოგებთან შრომით ხელშეკრულებას არ წყვეტს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: