ყალბი აშშ დოლარის გასაღების ფაქტზე 1 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გაასაღა 5 000 აშშ დოლარის ოდენობის 50 ერთეული ყალბი აშშ 100- დოლარიანი კუპიურა,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

„ბათუმი მედიკი” – ყველა სამედიცინო პროდუქტი ერთ სივრცეში

19 ოქტომბერს ბათუმში „თბილისი მედიკის“ ახალი ფილიალი გაიხსნა. „ბათუმი მედიკის“გახსნის ცერემონიას აჭარის კლინიკების დირექტორები და მედიკოსები ესწრებოდნენ.

სპეციალური მაღაზიის შოურუმში წარმოდგენილია პაციენტის მოვლისთვის საჭირო ყველა სამედიცინო პროდუქტი როგორც კლინიკებისთვის, ასევე საცალო გაყიდვებისთვის.

საქართველოს მასშტაბით, „ბათუმი მედიკი“ სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რის, ლაბორატორიული, მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო და ქირურგიული პროდუქციის, სამედიცინო ავე­ჯი­სა და სა­ხარ­ჯი მა­სა­ლის ყველაზე დიდი იმ­პორ­ტი­ო­რია, რო­მე­ლიც ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ებ­სა და ჰოს­პიტ­ლებს ამა­რა­გებს.

„ბათუმი მედიკის” გახსნის ცერემონია

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, კომ­პა­ნია არის მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო პროდუქ­ცი­ის დის­ტრი­ბუ­ტო­რი. მათ შო­რი­საა: Johnson&Johnson medical-ი, Nidec-ი, Baucsh-ი, Gima, Mindrey, Sonoscape, Turmed-ი და სხვა.

„თბილისი მედიკის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი, ლევან ხომერიკი, კიდევ უფრო დაწვრილებით საუბრობს, თუ რა პროდუქციის იმპორტიორია კომპანია საქართველოში, რით არის მათი საქმიანობა გამორჩეული, რას სთავაზობენ მომხმარებელს და რა ფორმითაა შესაძლებელი ,,ბათუმი მედიკში“ პროდუქციის შეძენა.

  • ლევან, დეტალურად რომ გვითხრათ, რა პროდუქციის იმპორტს ახორციელებს კომპანია საქართველოში?

კომპანია „თბილისი მედიკი“ 11 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ჩვენი საქმიანობა მოიცავს სამედიცინო პროდუქციის: აპარატურის, ავეჯის, სახარჯი მასალის, ქირურგიული ინსტრუმენტებისა და პაციენტის მოვლის საშუალებების იმპორტს და რეალიზაციას ქართულ ბაზარზე.

„ყველა სამედიცინო პროდუქტი ერთ სივრცეში” – ეს ჩვენი კონცეფციაა. ვფიქრობთ, მომხმარებელს ერთ სივრცეში უნდა შეეძლოს სამედიცინო დაწესებულებისა და პაციენტებისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტის პოვნა.

გარდა სამედიცინო დაწესებულებებთან კორპორატიული თანამშრომლობისა, რომელთა რაოდენობაც დღეის მონაცემებით ხუთასს აჭარბებს, კომპანია ასევე ოპერირებს საცალო ვაჭრობის მიმართულებით და თბილისში წარმოდგენილია ორი მაღაზიით, ბათუმში კი ერთი მაღაზია გვაქვს.

  • სად მდებარეობს „ბათუმი მედიკი“ ქალაქში, რა მისამართზე?

„ბათუმი მედიკის“ მისამართია ბაგრატიონის ქუჩა №196 б კლინიკა „ბაუ“-ს მოპირდაპირე მხარეს.

  • კომპანიის მიზნებზეც რომ გვითხრათ, რამ გიბიძგათ გაგეხსნათ ამ ტიპის მაღაზიები?

ბათუმი და, ზოგადად, აჭარის რეგიონი, ქართული სამედიცინო ბაზრის საკმაოდ დიდ წილს მოიცავს, ამიტომაც გადავწყვიტეთ პირველი რეგიონული ფილიალის ბათუმში გახსნა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ რეგიონების მიხედვით ბაზრის სპეციფიკა საკმაოდ განსხვავებულია. შესაბამისად, თითოეულ რეგიონს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა და განვითარების ინდივიდუალური სტრატეგია.

ამიტომაც, გადავწყვიტეთ შეგვექმნა „თბილისი მედიკის“ შვილობილი ბრენდი „ბათუმი მედიკი“, რომელიც „თბილისი მედიკის“ მსგავს საქმიანობას ეწევა ბათუმის, ზოგადად აჭარის რეგიონის ბაზარზე.

ბუნებრივია, „თბილისი მედიკი“ უზიარებს და მომავალშიც გაუზიარებს თავის ცოდნას და გამოცდილებას „ბათუმი მედიკს“ და იქნება მისი მუდმივი მხარდამჭერი.

  • რას იტყვით კომპანიაში დასაქმებულ გუნდზე?

„ბათუმი მედიკის“ განვითარების სტრატეგიის და მიზნის შესაბამისად გუნდი სრულად დავაკომპლექტეთ ადგილობრივი კადრებით. „ბათუმი მედიკში“ ამ ეტაპზე 6 ადამიანია დასაქმებული, უახლოეს მომავალში ვფიქრობთ, რომ ეს რიცხვი 10-მდე გაიზრდება.

„ბათუმი მედიკის” გახსნის საზეიმო ცერემონია
  • რა ფორმითაა შესაძლებელი პროდუქციის შეძენა „ბათუმი მედიკში“?

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ჩვენს მაღაზიაში, ასევე შეკვეთით და ადგილზე მიტანის სერვისით.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიას აქვს განახლებული ვებგვერდი, რომელზე მუშაობაც დასრულების ეტაპზეა. ამ პლატფორმაზე ინტეგრირებული იქნება ონლაინპროდუქციის დათვალიერების და შეძენის ფუნქცია. რაც საშუალებას მისცემს კომპანიის საცალო და საბითუმო მომხარებელს ჩვენი ვებგვერდის საშუალებით შეიძინოს ბათუმი მედიკის პროდუქცია და ადგილზე მიტანის სერვისითაც ისარგებლოს.

  • კომპანია მომხმარებლებს ასევე სთავაზობს საინჟინრო მომსახურებას, ვისთვის და რა ტიპის მომსახურებას გულისხმობს ეს უფრო კონკრეტულად?

ჩვენი კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო ინჟინრებით. მომსახურება მოიცავს ჩვენთან შეძენილი აპარატურის მონტაჟს და მათ შემდგომ მეთვალყურეობას როგორც საგარანტიო, ასევე პოსტსაგარანტიო პერიოდში.

კომპანიას აქვს აქსესუარების და სათადარიგო ნაწილების ვრცელი ბაზა, რაც აპარატურის ოპერატიულად განახლებას უზრუნველყოფს. ასევე შეგვიძლია მოვიძიოთ დეფიციტური ნაწილები და შეგვიძლია ამგვარი დეტალების იმპორტი შეკვეთით.

  • როგორია თქვენი უახლოესი სამომავლო გეგმები? უნდა ველოდოთ თუ არა ბათუმის შემდეგ სხვა ქალაქებშიც თქვენს ახალ ფილიალებს?

კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმები საკმაოდ ფართო და დივერსიფიცირებულია. დღესდღეობით აქტიურად ვმუშაობთ რეგიონულ განვითარებაზე. წლის ბოლომდე დაგეგმილია ფილიალის „ქუთაისი  მედიკის“ გახსნა ქუთაისში. ასევე, ბევრ სიახლეს და საინტერესო პროექტს ვპირდებით ჩვენს მომხმარებლებს უახლოეს მომავალში.

19 ოქტომბერს ბათუმში „თბილისი მედიკის“ ახალი ფილიალი გაიხსნა. „ბათუმი მედიკის“გახსნის ცერემონიას აჭარის კლინიკების დირექტორები და მედიკოსები ესწრებოდნენ.

რაზე მიანიშნებს ყბის სახსრის ტკაცუნი – ექიმის რჩევები

საუბრისას, ღეჭვისას ან მთქნარებისას ტკაცუნის ხმა თუ გესმით, შესაძლოა ეს თქვენი საფეთქელ – ქვედა ყბის სახსრიდან მოდიოდეს. როგორ უნდა ამოვიცნოთ ქვედა ყბის სახსართან დაკავშირებული პრობლემები, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს და რა დრო დასჭირდება მის გამოსწორებას – ამ და სხვა კითხვებზე გნათოლოგ-ორთოპედი დავით დავითაძე პასუხობს:

  • ბატონო დავით, კიდევ რა სიმპტომები მიანიშნებს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემაზე?

შეიძლება იყოს შუილი ყურებში, ასევე ტკივილი, დაჭიმულობა უშუალოდ სახისა და ყურების მიდამოში პირის გაღების დროს.

დაჭიმულობა იგრძნობა საფეთქლის, საღეჭი კუნთების მიდამოში, ეს შეიძლება გამოიხატოს იმით, რომ  ხშირ შემთხვევაში პაციენტებს კუნთების დაჭიმულობა აქვთ ღამითაც, მაგალითად, კბილის კბილზე ძლიერი დაჭერის სახით – ამ პროცესს ბრუქსიზმი ჰქვია. ამ დროს ხდება კბილების უშუალოდ ერთმანეთზე ზეწოლა. ეს ძირითადად ვითარდება ღამით, როცა პაციენტი ვერ აკონტროლებს ამ ყველაფერს.

შესაძლოა დაჭიმულობა საფეთქლისა და საღეჭი კუნთების მიდამოში იგრძნობოდეს დილით, გაღვიძებისასაც, როცა პაციენტი იღვიძებს გადაღლის შეგრძნებით.

პაციენტს შესაძლოა ყბა ეღლებოდეს ჭამის და ლაპარაკის დროსაც კი.

 სტომატოლოგიური პაციენტების 10-დან დაახლოებით 3-4-ს აქვს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემა.

  • რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზები?

მიზეზი სხვადასხვაა, ყველაზე ხშირი მიზეზი არის თანკბილვა ანუ შეწყობა, კბილთაშორისი კონტაქტები. ეს შესაძლოა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დაკარგული აქვს რომელიმე კბილი, ან შეიძლება არ აკლდეს კბილი, მაგრამ კბილის არასწორი მდებარეობის გამო ხდებოდეს არასწორი კონტაქტი, დახრა და ამ არასწორი შეწყობის შედეგად დაიწყოს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარში პრობლემები.

სახსრის პრობლემა მჭიდრო კავშირშია ხერხემლის პოზიციასთან. თუ არის ხერხემლის გამრუდება, მისი არასწორი მდგომარეობა, ქვედა ყბაც მაქსიმალურად ცდილობს, თავისი პოზიცია შეუსაბამოს ხერხემლის პოზიციას და თანდათანობით დგება ყბის, ქვედა ყბის თავების არასწორი მდებარეობა, არასწორი ფუნქციონირება, რაც საბოლოოდ იწვევს იმ პრობლემებს, რაც ჩამოვთვალეთ – ტკაცუნი, დაჭიმულობა, შუილი.

  • რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს?

თანდათანობით ძლიერდება კუნთების დაჭიმულობა, შედეგად კბილები ცვდება, იწყება ტკივილიც. კბილების  ცვეთის დროს ხდება მათი ერთნაირ სიბრტყეზე განლაგება, რაც ესთეტიკურად აფუჭებს კბილების იერსახეს. მეორე მხრივ, ზიანდება ფუნქციურად – კბილს ეკარგება ანატომიური ფორმა, იმატებს კბილების მგრძნობელობა, შემდეგ წარმოიქმნება ბზარები, რის შედეგადაც შესაძლოა კბილს გვირგვინოვანი ნაწილი მოსტყდეს.

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გართულება, რასაც კბილების ცვეთა იწვევს, სახსრის პრობლემებია. თუ კბილების ცვეთის დროს თანკბილვის სიმაღლე დაიწევს, მაშინ საფეთქელ – ქვედა ყბის სახსარიც უკვე არასწორ პოზიციაში აღმოჩნდება. ამ შემთხვევაში კი, შესაძლოა განვითარდეს პირის გაღების შეზღუდვა, როცა პაციენტი ბოლომდე  ვერ აღებს პირს. ტკივილიც სახსრის მიდამოში ცვეთის ერთ-ერთი მაჩვენებელია. კუნთების ძლიერი შეკუმშვა ანუ ჰიპერტონუსი განაპირობებს კბილების ძლიერ ცვეთას.

  • როგორ მკურნალობენ?

ამ დროს პაციენტს სჭირდება 3D რენტგენოგრაფია, რომლის მეშვეობითაც ვადგენთ  რა პოზიციაშია ყბები, რა მდგომარეობაშია სასახსრე ნაპრალები.

მკურნალობის სამი გზაა – ორთოპედიული ანუ როცა გამოიყენება გვირგვინები, ვინირები და სხვა, ასევე ორთოდონტული მკურნლობა ანუ ბრეკეტების გამოყენებით და მესამე – თერაპიული რესტავრაცია, როცა დაცვეთილი კბილების აღდგენა ხდება თერაპიულად, მაგალითად, ბჟენების დახმარებით.

კბილის გაცვეთილი ანატომიური ზედაპირის აღდგენა ხდება ეტაპობრივად, მილიმეტრობით. ხორციელდება როგორც ვერტიკალური სიმაღლის წამოწევა, ასევე ჰორიზონტალურად, ქვედა ყბის ცენტრირება. პაციენტთან შეხვედრა ინიშნება ყოველ 3-4 კვირაში ერთხელ. სწორედ ქვედა ყბის სწორ პოზიციაში მიყვანის შემდეგ ვირჩევთ ზემოთ ჩამოთვლილი მკურნალობიდან ერთ-ერთ ოპტიმალურ გზას, ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის.

კბილები, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში  დაიცვითა და კუნთები გადაეწყო ახალ პოზიციაში, საჭიროა მათი დაბრუნება პირვანდელ პოზიციაზე, რაც ნელ-ნელა,   მილიმეტრობით ხდება, ყბის პოზიციისა და ყბის ცენტრის გასწორებით. შემდეგ, 3-5 თვეში, როდესაც დავინახავთ, რომ  ყბა მოვიყვანეთ სწორ პოზიციაში, ვიწყებთ აღდგენას.

ყბის სწორ პოზიციაში მოყვანა ხდება კაპების მეშვეობით. ეს არის გამჭვირვალე ფირფიტები, რომლებიც მხოლოდ ქვედა ყბაზე თავსდება.  მკურნალობის ხანგრძლივობა 4-დან 6 თვემდე შეიძლება გაგრძელდეს.

ყველა სართულზე გამოყენებული შპრიცები და მარიხუანის „ბონგები“ – კიდევ 1 კორპუსი ბათუმში

ეს სახლი ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე დგას, პიაცას გვერდით, №35-ში. როგორც აქ მცხოვრებლები ჰყვებიან, 2013 წელს კომპანიამ „სახლი პიაცასთან” დაანგრია ორი იტალიური ეზო და ხუთსართულიანი სახლის მშენებლობა დაიწყო, მაგრამ ინვესტორმა ვეღარ დაასრულა სახლი, ბინების განშლა ვერ მოახერხა და დარჩა ერთმანეთთან უბრალოდ კიბით დაკავშირებული სართულები.

პიაცასთან მშენებარე კორპუსში შესახლებულებმა მას შემდეგ მომართეს „ბათუმელებს“ პრობლემის გაშუქების თხოვნით, როცა იდენტური თემა –  შპრიცები მიტოვებულ შენობაში გააშუქა „ბათუმელებმა.

დაუსრულებელ შენობაში 12 ოჯახი უკვე 8 წელია ცხოვრობს. სახლის საყრდენი ბოძები დაჭაობებულ წყალში დგას, ჩამონგრეულ სართულებზე, როგორც აქ მცხოვრებლები ამბობენ, ღამეს უსახლკაროები ათევენ. ყველა სართულზე გამოყენებული შპრიცები და მარიხუანის მოსაწევი პლასტმასის ბოთლები, ე.წ. ბონგები ყრია.

ეს სივრცე ასევე „საინტერესოა“ მოზარდებისა და ბავშვებისთვის. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბავშვები  ხშირად იკრიბებიან სათამაშოდ და სკეიტებით სასრიალოდ.

„მშვენიერი სახლი გვქონდა. მოვიდნენ მშენებლები და დაგვპირდნენ, თუ ამ ეზოს აგვაღებინებთ, სანაცვლოდ კორპუსს ავაშენებთ და ბინებს გადმოგცემთო, დავთანხმდით. ვეღარ ააშენეს, მგონი გაკოტრდნენ. შუქიც კი აქ მცხოვრებლებს ერთ მრიცხველზე გვაქვს. მერიამ დრო ამ კომპანიას 16 ნოემბრამდე მისცა, რომ ჩვენთან მოლაპარაკება გამართონ, მაგრამ ამას მიჩვეულები ვართ, რაღაც დროს დათქვამს მერია და მერე ისევ ვერაფერ შედეგს ვაღწევთ. კომპანიის მფლობელი, როგორც მახსოვს, ვლადიმერ შენგელია იყო და ახლა გია ჟორჟოლიანია. ჩვენი სახლები შედარებით გავლესეთ და ცოტათი მოვაწესრიგეთ, რომ ღამის გასათევი გვქონდეს, ისე კი აქ ცხოვრება არ შეიძლება”, – ამბობს აქ მცხოვრები ალექსეი ხუდინა.

მიტოვებულ შენობაში მცხოვრები მანანა დარჩიაშვილი ამბობს, რომ აქ ჩამონგრევის საშიშროებაცაა: „ბოძებს სულ დაჭაობებული წყალი აქვს შემდგარი. თითქმის ყველა მეზობელმა იჩივლა სასამართლოში, მაგრამ უშედეგოდ“.

 

 

ბათუმში დღეს დაჭრილი კაცი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კაცი, რომელიც ბათუმში დღეს, 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი 44 წლის კაცი კლინიკა BMC-ში იყო მოთავსებული.

კლინიკის ინფორმაციით, დაჭრილს მრავლობითი შემავალი ჭრილობა ჰქონდა, რაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო და „რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, დაფიქსირდა სიკვდილი“. კლინიკაში არ დაუკონკრეტებიათ, რამდენი ჭრილობა ჰქონდა კაცს, მაგრამ აღნიშნეს, რომ ის ცეცხლსასროლი იარაღისგან იყო მიყენებული და პაციენტს ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლის შესაბამისად, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

28 ოქტომბრიდან მოსკოვში ლოქდაუნს აცხადებენ

28 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით მოსკოვში შესაძლოა ლოქდაუნი გამოცხადდეს, ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იუწყება, მოსკოვის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

დღეს, ხუთშაბათს, მოსკოვში დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების 7897 ახალი შემთხვევა. წინა დღით კი ეს ციფრი 5847 იყო.

BBC-ის ინფორმაციით, ლოქდაუნის გამოცხადების შემდეგ მოსკოვში მხოლოდ აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები იმუშავებს. დაიკეტება სხვა ყველა მაღაზია, რესტორნები, მუზეუმები, პარკები.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის პერიოდი არასამუშაო კვირად გამოაცხადა და განმარტა, რომ ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს რეგიონული ხელისუფლების გადაწყვეტილებით.

ბათუმში 44 წლის კაცი დაჭრეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია

დღეს, 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღით ბათუმში 44 წლის კაცი დაჭრეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„კრიტიკულად მძიმეა, მას უტარდება სათანადო პროცედურები,“ – გვითხრეს კლინიკა BMC-ში, სადაც დაჭრილი სასწრაფრო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ გადაიყვანა.

კლინიკის ინფორმაციით, დაჭრილს რამდენიმე ნატყვიარი აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.

 

 

„ეს არის ფაბრიკაცია“ – ჩიქოვანი სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე, როცა დაკავებულს სცემდნენ

სოციალურ ქსელში გავრცელებულ სპეცოპერაციის კადრებს, სადაც ჩანს, დაკავების შემდეგ მოქალაქეებზე  ძალადობენ, არჩილ ჩიქოვანმა დღეს ფეიკნიუსი უწოდა. მას შემდეგ, რაც არჩილ ჩიქოვანი ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატად დაასახელეს, გავრცელდა სავარაუდოდ 2009 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის კადრები და ინფორმაცია, რომ ამ სპეცოპერაციაში არჩილ ჩიქოვანიც მონაწილეობდა.

„ამ კადრებით მიზანმიმართულად მიმდინარეობს დისკრედიტაცია კონკრეტული პიროვნებების და მათი ოჯახების, ვისი რეპუტაციაც წლების განმავლობაში იყო უმწიკვლო და ამით ვერ დააკნინებთ. ეს არის ფეიკნიუსი და ფაბრიკაცია.

სამხედრო პოლიციაში რომ ვმუშაობდი, ეს არის საჯარო ფაქტი და ცნობილი ინფორმაცია, ასევე ყველა ჩვენგანი, ათასობით საჯარო მოხელე ასრულებდა თავის მოვალეობას, ისევე, როგორც მე, ღირსეულად, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. მე მქონდა ჩემი კონკრეტული  პოზიცია და ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას ვასრულებდი, თანამდებობრივად, კანონით დაკისრებული წესით“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

კითხვაზე, რატომ არ გააპროტესტა რეჟიმი, მან უპასუხა, რომ „რეჟიმი იყო სისხლიანი და კონკრეტული პირები არიან პასუხისგებაში მიცემული. კონკრეტულ პირებზე არსებობს ქართული სასამართლო გადაწყვეტილება, რაც შეეხება ჩემი მხრიდან პროტესტს ან პოლიტიკურ აქტივობას, მე მაშინ მეკავა პოზიცია, რომელიც იყო არაპოლიტიზებული. მე მქონდა ჩემი საქმე და ვასრულებდი კონკრეტულ საქმიანობას, რომელიც ექვემდებარებოდა კანონმდებლობას“.

არჩილ ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე დააზუსტა, რომ სამხედრო პოლიციაში 2010 წლის დეკემბრიდან 2013 წლის პირველ აპრილამდე მუშაობდა, აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მთავარი ფოტო: სქრინი გავრცელებული კადრებიდან.

___

ამავე თემაზე:

ვინ არის არჩილ ჩიქოვანი, რომელიც ბათუმის მერის მოვალეობას შეასრულებს

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო

ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 6 მილიონი ევრო მიიღო. თანხა მთლიანად ამ სეგმენტის გაჯანსაღებასა და განვითარებას, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებასა და სწრაფ რეაბილიტაციას მოხმარდება.

სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში ამ სეგმენტისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობისა და ადგილობრივი საბანკო სექტორის ხელშეწყობას გულისხმობს. ინიციატივის მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესმა კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება და კონკრეტულ ინტერესებზე მორგებული ფინანსური პროდუქტები მიიღოს.

სესხის მიღება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ლარში შეეძლებათ და, ამავდროულად, DCFTA ინიციატივის ფარგლებში, ისინი ევროკავშირის გრანტით სარგებლობასაც შეძლებენ.

“მოხარულები ვართ, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობის მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადავდგით. ასეთი გავლენიანი საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ინიციატივაში მონაწილეობა კარგი შესაძლებლობაა, კიდევ უფრო საინტერესო, ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი პირობები თუ პროდუქტები შევთავაზოთ ჩვენს მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტებს, რომლებიც ტერაბანკის სტრატეგიულ სეგმენტს წარმოადგენენ“, – აცხადებს ტერაბანკის გენერალური დირექტორი თეა ლორთქიფანიძე.

„ევროპის საინვესტიციო ბანკი ამაყობს იმ მხარდაჭერით, რომელსაც ჩვენგან საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი იღებს და ასევე, ჩვენი როლით COVID-19-ის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური აღდგენის ხელშეწყობაში. მოუთმენლად ველით, რომ მხარი დავუჭიროთ ტერაბანკს და მის სწრაფვას, უზრუნველყოს მოქნილი გადაწყვეტილებები და განსაკუთრებული მომსახურება ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტებისთვის“, – აღნიშნავს ევროპის საინვესიტიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ტერეზა ჩერვინსკა.

მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოს ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი და მთავარი დამსაქმებელია. ტერაბანკისთვის სწორედ ეს სეგმენტი წარმოადგენს საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებას, ამიტომ ბანკი მუდმივად ცდილობს, მათ კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული სერვისები შესთავაზოს, რითაც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტების საქმიანობებისა თუ ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის გრძელვადიანი საკრედიტო ინსტიტუტია. იგი წევრ სახელმწიფოებს ეკუთვნის და მიზნად გრძელვადიან ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს. საქართველოში იგი 2007 წლიდან საქმიანობს და დღემდე ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში 1,85 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესიტიცია აქვს განხორციელებული.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

ძუძუს კიბოს ყველაზე ხშირი მიზეზი ალკოჰოლის მოხმარებაა – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, დღეში თუნდაც ერთი ჭიქა ალკოჰოლის მიღება ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. „ძუძუს კიბო ყოველწლიურად 1579 ქალს უდგინდება.“- ამბობს ჯანმო და ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში მოუწოდებს ადამიანებს  გააცნობიერონ, რომ ძუძუს კიბოს რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება ალკოჰოლის მოხმარების შემცირებით.

ძუძუს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (International Agency for Research on Cancer – IARC) შეფასებით, 2020 წელს ალკოჰოლის მოხმარება ევროპის რეგიონში ძუძუს კიბოს თითქმის 40 000 ახალი შემთხვევის მიზეზი იყო.

იმავე მონაცემების მიხედვით, ძუძუს კიბო გახდა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობა. 2020 წელს 2 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და აქედან დაახლოებით 100 000 ალკოჰოლის მოხმარებას უკავშირდება.

როგორ ავიცილოთ თავიდან  ალკოჰოლთან დაკავშირებული ძუძუს კიბოს რისკები?

ალკოჰოლი კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მიერ კლასიფიცირებულია, როგორც პირველი ჯგუფის კანცეროგენი ადამიანებისათვის. ის მიზეზობრივად არის დაკავშირებული კიბოს 7 სახეობასთან. ძუძუს კიბოს გარდა, ის ზრდის პირის ღრუს, ყელის, საყლაპავის, ღვიძლის, ხორხის, მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს.

არ არსებობს ალკოჰოლის უსაფრთხო რაოდენობა. ძუძუს კიბოს რისკი იზრდება მოხმარებული ალკოჰოლის თითოეულ ერთეულთან ერთად. რეგიონში ალკოჰოლით გამოწვეული კიბოს შემთხვევების 10%-ზე მეტი წარმოიშვება ყოველდღიურად მხოლოდ 1 ბოთლი ლუდის (500 მლ) ან 2 პატარა ჭიქა ღვინის (თითოეული 100 მლ) მოხმარებით. ძუძუს კიბოს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია: რეგიონში ალკოჰოლთან დაკავშირებული ძუძუს კიბოს 4 შემთხვევიდან 1 გამოწვეულია ალჰოკოლის ამ მცირე რაოდენობით.

„მარტივად რომ ვთქვათ, ალკოჰოლი შხამია. ის ზიანს აყენებს ყველა ორგანოს,“- ამბობს ექიმი კარინა ფერერა-ბორხესი, არაგადამდებ დაავადებათა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ალკოჰოლისა და აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების პროგრამის მენეჯერი WHO-ს ევროპის რეგიონულ ოფისში.

იმისათვის, რომ შემცირდეს ალკოჰოლით გამოწვეული ზიანი, ჯანმო რეკომენდაციას უწევს შემდეგი ზომების გატარებას:

  • ალკოჰოლის ფასის ზრდა (მაგალითად, აქციზის გაზრდით)
  • ალკოჰოლის რეკლამირების აკრძალვა ან მისი შეზღუდვა ყველა ტიპის მედიასაშუალებებში
  • ალკოჰოლის ხელმისაწვდომობის შემცირება (მაგალითად, გაყიდვის საათების რეგულირებით)

ჯანმო ასევე მკაცრად ურჩევს რეგიონის ყველა ქვეყანას, ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტზე განათავსოს გაფრთხილება მისი ჯამრთელობისთვის მავნე თვისებების შესახებ, რათა მომხმარებელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს იმის შესახებ, თუ რა მოიხმაროს.

ჯანმოს ევროპული სამუშაო პროგრამა 2020-2025 (EPW) და ინიციატივა „ერთობილივი ქმედება კიბოს წინააღმდეგ“ (Action Against Cancer) მიზნად ისახავს კიბოს აღმოფხვრას, როგორც სიცოცხლისათვის საშიში დაავადების,  ევროპის რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ.

არჩილ ჩიქოვანის განმარტება მეგის ქარდავასთან ერთად მუშაობაზე

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი, არჩილ ჩიქოვანი, მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. ბრიფინგზე, რომელსაც აჭარის ხელისუფლება თითქმის მთელი შემადგენლობით ესწრებოდა, მან ჟურნალისტებს საქართველოს პროკურატურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია წარუდგინა იმის დასადასტურებლად, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის.

„დღეს გავასაჯაროებთ ინფორმაციას, რითაც საბოლოოდ ჩავხურავთ ფეიკნიუსებს. როგორც კი ყველა ჩანაწერი გაჟღერდა მძიმე ბრალდებებით ჩემი მისამართით, თითქოს სისხლის სამართლის ბრალეულობის საქმე იყო დაწყებული ჩემ მიმართ, მივმართე აჭარის პროკურატურას, დღეს მივიღე პასუხი, რაც მინდა გავასაჯაროვო:

სისხლის სამართლებრივი დევნა ჩემ მიმართ არ არსებობს და არ მიმდინარეობდა არასდროს. 2018 წლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება სოფელ ალამბრის საავტომობილო გზის შესრულებას და შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტს, ჩემ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და რაიმე სახის ბრალეულობა არ დგინდება. უფრო მეტიც, ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დასრულებულია, გამოვლენილია კონკრეტული დამნაშავე პირები და სახელმწიფოს აუნაზღაურდა გამოძიებით დადგენილი ზიანი“, – განაცხადა ქართული ოცნების ბათუმის მერობის კანდიდატმა, არჩილ ჩიქოვანმა ბრიფინგზე.

გარდა ამისა, მან განმარტება გააკეთა მეგის ქარდავასთან ერთად მუშაობაზე, რის შესახებაც გასულ კვირას ჟურნალისტებმა ბათუმში მყოფ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსაც ჰკითხეს.

„ამასთან ერთად მინდა შევეხო იმ ყბადაღებულ თემას, რაც ეხება მეგის ქარდავას მოადგილეობის საკითხს – არჩილ ჩიქოვანი არც ერთი დღე, არც ერთი საათი არ ყოფილა მეგის ქარდავას მოადგილე და პირიქით სასაცილოა ბრალდება იმის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ბნელი ძალისგან, რომელიც, რომლის სახესაც წარმოადგენდა მსგავსი ტიპის ოდიოზური პიროვნებები. რომელმაც გამოზარდა თავის წიაღში სისხლის სამართლის დამნაშავეები და ისინი იყვნენ მათი პოლიტიკური სახე“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

შევნიშნეთ ხარვეზები: მოსყიდვა, ზეწოლა, დაშინება – ელჩი ჰარცელი არჩევნებზე

დღეს, 21 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ბათუმის პორტში იმყოფებოდა. მან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გააკეთა კომენტარი და ისაუბრა არჩევნებზეც. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იყო დარღვევები. „შევნიშნეთ ხარვეზები, როგორიც იყო დაშინება, ამომრჩევლის მოსყიდვა, ზეწოლა და არათანაბარი საასპარეზო პირობები“, – განაცხადა ჰარცელმა.

ჰარცელის თქმით, ოდირის მისია ისევ საქართველოშია და დააკვირდება არჩევნების მეორე რაუნდს და მეორე ტურამდე საარჩევნო გარემოსაც.

„იმედი გვაქვს, დავინახავთ გაუმჯობესებულ გარემოს. პირველ რაუნდამდე ბევრი კარგი რამე დავინახეთ, ის, რაც შეეხებოდა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მოჰყვა 19 აპრილის შეთანხმებას. იმედი გვაქვს, ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე იქნება დამყარებული მეორე რაუნდიც. იმედი გვაქვს, რომ ყველა ხარვეზი გამოსწორდება მეორე რაუნდში“, – ამბობს ჰარცელი.

ერთ-ერთი შეკითხვა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებსაც შეეხო, ევროპარლამენტარებთან დაკავშირებით, თუმცა ევროკავშირის ელჩმა კონკრეტული შეფასება არ გააკეთა ამ საკითხზე. მან დასძინა, რომ ის ევროპარლამენტარები, ვინც განცხადება გაავრცელეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში და ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან.

რაც შეეხება სააკაშვილის პატიმრობას, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ეს პროცესი უნდა განიხილებოდეს კანონის უზენაესობის გათვალისწინებით, გამჭვირვალედ. „ჩვენ ასევე მივყვებით ისეთი ინსტიტუციების რჩევას, როგორიც არის სახალხო დამცველი. მთავარია, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის პატიმრობის პირობები, დაცული უნდა იყოს და შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის უმაღლეს სტანდარტებს“, – ამბობს ჰარცელი.

ევროკავშირის ელჩმა დღეს ასევე მოინახულა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეული კორპუსი, სადაც 9 ადამიანი დაიღუპა და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 ოქტომბრის 21 საათიდან 22 ოქტომბრის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 19 – 24 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3-8 გრადუსი
  • ღამით: 0-2 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში მომდევნო ორ დღეს, 23-24 ოქტომბერს, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

____________

ფოტო: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე

თიბისი, EBRD-თან თანამშრომლობის ფარგლებში, we.trade პლატფორმას უერთდება

თიბისი, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში, we.trade პლატფორმას უერთდება. პლატფორმამ, EBRD-ის პარტნიორები – საბერძნეთის ეროვნული ბანკი (NBG) და თიბისი, პროგრამაში – „Preview Offering Program“ ჩართო. აღსანიშნავია, რომ თიბისი ერთადერთი ქართული ბანკია, რომელიც პროექტისთვის შეირჩა.

პროგრამის ფარგლებში, NBG-იმ და თიბისიმ, we.trade-ის წევრ ბანკთან – Nordea-სთან ერთად, სატესტო ტრანზაქციები განახორციელეს. სატესტო ტრანზაქციების ფარგლებში, პლატფორმაზე რამდენიმე წუთში გამზადდა ციფრული ხელშეკრულებები, რაც საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების დამატებით შესაძლებლობას წარმოადგენს ტრადიციული საკრედიტო ხაზებით სარგებლობის გარეშე. NBG და თიბისი, პროგრამის ფარგლებში, საკონსულტაციო მომსახურებას იღებენ კომერციული საბანკო ოპერაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, იურიდიული, გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებებით იმისთვის, რომ მომავალში ახალი სავაჭრო შესაძლებლობების გაჩენას თავად შეუწყონ ხელი როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

არსებულ რეალობაში, ვაჭრობის დაფინანსების ხელმისაწვდომობა და ამ მიმართულებით დამატებითი შესაძლებლობების გაჩენა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ეკონომიკის აღდგენისა და ციფრული გადაწყვეტების განვითარებისათვის.

„EBRD-ის მიზანია პარტნიორ რეგიონებში მხარი დაუჭიროს ციფრულ ტრანსფორმაციას. ამ პროცესის უზრუნველსაყოფად, ბანკებმა კიდევ უფრო მეტად უნდა გააძლიერონ ინოვაციური პროდუქტები და ვაჭრობის დაფინანსების მხარდაჭერა, ასევე ხელი უნდა შეუწყონ ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას საკუთარ ქვეყნებში“, – ფრანსის მალიჟი, EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორი.

„თიბისი დღეს არა მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი, არამედ ციფრული სერვისების მომწოდებელი კომპანიაა. ციფრული სერვისებით ჩვენი პარტნიორების ცხოვრებისა და ბიზნესპროცესების გამარტივება, თიბისის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. ვამაყობთ, რომ EBRD-ისთან პარტნიორობის ფარგლებში, ბლოკჩეინის პლატფორმის ტესტირებაში ვმონაწილეობთ. თიბისისთვის, როგორც ვაჭრობის დაფინანსების სფეროში ლიდერი ბანკისთვის, მსგავსი პროექტების წარმატებით განხორციელება და მსოფლიოს ყველა ძირითად საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა, ჩვენი პარტნიორების წარმატებულ საქმიანობასა და საქართველოს ბაზარზე თიბისის #1 პოზიციის განმტკიცებას განაპირობებს“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

we.trade 12 ბანკის (CaixaBank, Deutsche Bank, Erste Group, HSBC, KBC, Nordea, Rabobank, Santander, Societe Generale, UBS and UniCredit) ერთობლივი პროექტია. ციფრული პლატფორმა ვაჭრობის დაფინანსების, დაზღვევისა და ლოჯისტიკის მიმართულებებით, გლობალური სავაჭრო ოპერაციების საიმედოობას, სიმარტივესა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

we.trade-ის პროგრამა „Preview Offering Program“, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ ბანკებსა და მათ პარტნიორებს საშუალებას აძლევს we.trade-ის წევრ ბანკებთან ერთად სატესტო ტრანზაქციებში მიიღონ მონაწილეობა. 6-12 კვირის განმავლობაში, შესაძლებელია პროგრამის მორგება ბანკებზე, რომლებიც ვაჭრობის დაფინანსების გაციფრულების მიმართულებით, სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებიან.

დადასტურდა კოვიდის 4411 ახალი შემთხვევა | 21 ოქტომბერი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 21 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 4411 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 53 700 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 29 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ დროისთვის საქართველოში კოვიდის 48 358 აქტიური შემთხვევაა.

5 725 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში კორონავირუსზე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 411 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 456 შემთხვევა, აჭარაში – 111, იმერეთში – 827, ქვემო ქართლში – 293, შიდა ქართლში – 347, გურიაში – 93, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 348, კახეთში – 696, მცხეთა-მთიანეთში – 104, სამცხე-ჯავახეთში – 88, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 48.

20 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.21%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.83% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.05%.

აჭარაში კოვიდის 111 ახალი შემთხვევაა, 3 პაციენტი გარდაიცვალა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 21 ოქტომბრის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში აჭარაში კოვიდის 111 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე პერიოდში 3 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

დღეის მონაცემებით რეგიონის კოვიდკლინიკებში 495 ადამიანი მკურნალობს.

ჯამში რეგიონში კოვიდის 1709 აქტიური შემთხვევაა.

“მედცენტრის” ონკოლოგები ქალებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაატარებენ

ხვალ 22 ოქტომბერს, კლინიკა „მედცენტრის“ ონკოლოგები ჩაატარებენ უფასო კონსულტაციებს ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის – ვარდისფერი ოქტომბერის ფარგლებში.

აქციის მიზანი საზოგადოებაში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების გაზრდა, სკრინინგის, ადრეული დიაგნოსტირების და პროფილაქტიკის მიზნით კვლევების ჩატარების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა.

აქციის ფარგლებში, ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე, ქალბატონებს შესაძლებლობა ექნებათ სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა ჩაიტარონ უფასოდ!

40 წლის ქალბატონები ასევე ისარგებლებენ უფასო მამოგრაფიული კვლევით. ექიმის დანიშნულ ყველა სხვა ტიპის კვლევაზე კი 50 პროცენტიანი ფასდაკლებით!

კიბოს ადრეული დიაგნოსტირება – სრული განკურნების შანსია!

რატომ ვერ „ასრულებენ ნაცებს“ -„ოცნების“ უცვლელი დაპირების პერსპექტივა

„გარდა იმისა, რომ სახიფათოა, ეს უფრო სისულელე არის,“ – ასე აფასებს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე „ქართული ოცნების“ მხრიდან დაპირების გააქტიურებას, რასაც 9 წელი ახმოვანებს მმართველი პოლიტიკური პარტია ყველა არჩევნების წინ – „დავასრულოთ ნაცები“. მას ვესაუბრეთ, თუ რა პოლიტიკურ მიზანს ემსახურება ამჯერად „ოცნებისგან“ კიდევ ერთხელ „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულებაზე აქცენტი.

არჩევნების შედეგები წლების განმავლობაში აჩვენებს, რომ ამომრჩევლის დაკვეთა არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გაქრობა. 2021 წლის არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყნის მასშტაბით 541 188 ხმა მიიღო [30.67 პროცენტი] მიიღო, 2020 წელს – 523 127 ათასი [27.18 პროცენტი], 2017 წელს – 256 547 [17.08 პროცენტი]. ეს ციფრები აჩვენებს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი მზარდია.

არჩევნების სტატისტიკა აჩვენებს იმასაც, რომ „ქართული ოცნების“ სტატისტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობის წინა ანუ 2017 წლის არჩევნებთან შედარებით 55 პროცენტიდან 46 პროცენტამდე შემცირდა.

„დავასრულოთ ნაციონალები“ – ამ სლოგანით ვიდეოკლიპი „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე 18 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

„ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება ირაკლი ღარიბაშვილის განსაკუთრებული ამოცანაა. ხელისუფლებაში დაბრუნებიდან 8 წლისთავზეც ანუ 2020 წელს თავდაცვის მინისტრის რანგშიც ღარიბაშვილმა „ნაციონალების გაუქმება“ დაისახა მიზნად.

19 ოქტომბერს ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ ამბობს, რომ ის ყველას პრემიერია, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულებაზე საუბრობს, ამ დროს კი, დაახლოებით ნახევარი მილიონი ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს?

„მათ ჯერ კიდევ სჯერათ სააკაშვილის დემაგოგიის და სიცრუის, ამაზე გვაქვს საუბარი, რომ ეს ორგანიზაცია, როგორც სიბოროტის ჩამდენი, უნდა დასრულდეს. პოლიტიკურად უნდა განულდეს,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რამდენად სანდოა ამომრჩევლისთვის დაპირება, რომელსაც მას მმართველი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მოსვლიდან მე-9 წლისთავზეც უმეორებს?

„ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და ძალიან სამწუხაროა, რომ ასე უყურებენ პოლიტიკოსები ამომრჩეველს საქართველოში, როცა 9 წლის შემდეგაც მმართველ პოლიტიკურ ძალას სხვა არაფერი გაქვს შესათავაზებელი საზოგადოებისთვის,“ – განსაკუთრებულ პოლიტიკურ ამოცანას „ოცნების“ წინასაარჩევნო გზავნილში ვერ ხედავს ლევან ცუცქირიძე, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორი. მისი აზრით, ეს გზავნილი ბოლო პერიოდის სახელისუფლებო ტენდენციის გაგრძელებაა – „ძალაუფლების შენარჩუნების სახიფათო მცდელობა ავტორიტარიზმის მკაფიო ნიშნებით“.

„ეს დაპირება აბსოლუტურად არარეალისტურია იმ პირობებში, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ასეულობით ათასი მოქალაქის მხარდაჭერა და ეს შეუძლებელია რეპრესიის, ანტიდემოკრატიული ძალისხმევის, სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე,“ – გვიყვება ლევან ცუცქირიძე.

პოლიტოლოგს ასევე ვკითხეთ, ხომ არ იზრდება „ოცნების“ დაპირების შესრულების ალბათობა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი – მიხეილ სააკაშვილი უკვე ციხეშია?

„ამის სურვილი, ბუნებრივია, „ოცნებას“ აქვს, მაგრამ დღეს ამის რესურსი მმართველ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში არც ერთ მთავრობას, „ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, თუ სხვა პარტია, არ მიეცემა მსგავსი შესაძლებლობა, რომ გააუქმოს პარტია, ანუ რეპრესიები მოაწყოს. ეს არის რისკი ავტორიტარიზმისკენ მსვლელობის და შესაძლოა კრახით დასრულდეს. მე უფრო ამის მჯერა,“ – მიიჩნევს ლევან ცუცქირიძე და ელოდება, რომ ახლა სამოქალაქო საზოგადოებას განსაკუთრებული გამოწვევა აქვს საქართველოში.

„ერთია, რას გადაწყვეტს ღარიბაშვილი და მეორეა, რა სურს საზოგადოებას. ღარიბაშვილს სურს, რომ გაჩუმდეს კრიტიკული მედია, დაასუსტოს ოპოზიციური პარტიები, მაგრამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არის პლურალისტური გარემო… გარდა ამისა, ჩვენ არ ვართ იზოლირებული სახელმწიფო, რომელსაც არავისთან კავშირი არ აქვს…. ამ პროცესთან გამკლავება მოგვიწევს ჩვენ, რაც იოლი არ არის,“ – გვითხრა ლევან ცუცქირიძემ.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/570422/

საქართველოში ბუნებრივი საფრთხეების რუკას ქმნიან ევროპის ქვეყნების დახმარებით

ბუნებრივი კატასტროფების შემცირების მიზნით, საქართველოში კლიმატის მწვანე ფონდისა (GCF) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით  დაინერგება მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების ეროვნული სისტემა, რომლის ფარგლებშიც უნდა მომზადდეს ბუნებრივი საფრთხეების რუკა. ეს შესაძლებლობას მოგვცემს თავიდან ავირიდოთ ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული დანაკარგები. პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს.

„ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენელს დავით ჭიჭინაძეს, რომელიც აღნიშნული პროგრამების კოორდინატორია. მისი თქმით, აღნიშნული სისტემის დანერგვა უზრუნველყოფს კატასტროფების, რისკებისა და მოწყვლადობის შეფასებას, შეაგროვებს კლიმატის შესახებ სრულ ინფორმაციას, კარტოგრაფირების მეთოდებისა და ტექნოლოგიების ჩათვლით.

„ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ ადამიანები და მნიშვნელოვნად შევამციროთ კატასტროფების შედეგად მიღებული დანაკარგები, თუ ვიმოქმედებთ მანამდე, სანამ საფრთხე კრიზისში გადაიზრდება. ამაში კი დაგვეხმარება საფრთხეების რუკები, რის შექმნაზეც ვმუშაობთ“, – გვეუბნება დავით ჭიჭინაძე.

ძირითადი აქცენტი კეთდება ისეთ ბუნებრივ კატასტროფებზე, როგორებიცაა წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი, სეტყვა და გვალვა. პროექტისთვის სხვადასხვა დაფინანსებაა გამოყოფილი, შვეიცარიის მხრიდან კი პროექტი დაფინანსდება 7 100 000 შვეიცარიული ფრანკით.

როგორც დავით ჭიჭინაძე გვეუბნება, საფრთხეების რუკები გაკეთდება მთელი საქართველოს მასშტაბით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ურბანულ, ასევე მუნიციპალურ დონეზე პრევენციული ღონისძიებებისთვის.

„მეთოდოლოგიის პირველი დრაფტები უკვე არსებობს და ამის მიხედვით გაკეთდება რუკები ქვეყნის მასშტაბით. ასეთი რუკები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სწორად დაიგეგმოს ინფრასტრუქტურული პროექტები.

მაგალითად, თუ მე მინდა სახლის აშენება რომელიმე კონკრეტულ ადგილას, ამ შემთხვევაში საფრთხეების რუკა დამეხმარება განვსაზღვრო, ხომ არ არის ეს ტერიტორია მაღალი ან საშუალო რისკის ზონაში და რა ზომები შეიძლება გავატარო ამ რისკების თავიდან ასაცილებლად.

თუ მაღალი რისკის ზონაა, შეიძლება მითხრან, რომ პირველი სართული არ უნდა იყოს ერთ მეტრზე დაბლა და ასე შემდეგ.  მშენებლობების პროცესში აუცილებელია  საფრთხეების რუკების გამოყენება“, – ამბობს დავით ჭიჭინაძე.

მას მაგალითისთვის მოჰყავს თბილისში 2012 წელს მომხდარი წყალდიდობა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. „ამ ადამიანებს რომ ჰქონოდათ თავის დროზე საფრთხეების რუკა, ვერეს ხეობაში იმ ტერიტორიაზე რომელიც დაიტბორა, არავინ ააშენებდა საცხოვრებელ სახლს. ამ ინფორმაციის არქონის გამო გაიცა ნებართვები ისეთ ადგილებზე, სადაც ძალიან მაღალი იყო ბუნებრივი კატასტროფის რისკი.

ასეთი საფრთხეების შეუფასებლობა, საბოლოო ჯამში, ქვეყანას ბევრად უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ამ სისტემის შექმნა, რომელიც გვაძლევს საშუალებას წინასწარ შევისწავლოთ ასეთი საფრთხეები“, – ამბობს დავით ჭიჭინაძე.

ის ასევე იხსენებს თბილისში, ვაშლიჯვრის თავზე, მთის ფერდზე გაჩენილ ნაპრალებს, რომელიც ახალი გზის გაყვანის შედეგად გაჩნდა. „ზუსტად ამისთვის არის საფრთხეების რუკები აუცილებელი, რომ დროულად შევისწავლოთ. არაერთი შემთხვევაა საქართველოში, როცა გაიყვანენ გზას, შემდეგ მთა ჩამოინგრევა და უფრო დიდი პრობლემები იქმნება. ამიტომ უნდა შევისწავლოთ კარგად, ფუჭად რომ არ დაიხარჯოს თანხები და არც ეკოლოგიას მიადგეს ზიანი“, – გვეუბნება დავით ჭიჭინაძე.

მისი თქმით, როცა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, წინასწარ ექნება ინფორმაცია საფრთხეების რუკების მეშვეობით, ეს თავიდან აგვარიდებს მოსალოდნელ კატასტროფებს.

დღეს, ძირითადად დიდ ქალაქებში, აქტიურად აშენებენ საცხოვრებელ კორპუსებს და სხვა ობიექტებს. მაგალითად, თბილისში ფერდობის ჩამონგრევის არაერთი შემთხვევაც იყო. თუ ამ რუკების დასრულების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ბევრი სახლი დგას საფრთხის შემცველ ადგილებზე, როგორ შეიძლება განვითარდეს ამბავი? – ვკითხეთ დავით ჭიჭინაძეს.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ მოითხოვს სისტემის შექმნა საკანონმდებლო ცვლილებებსაც, რადგან ეს პროცესები კანონით უნდა დარეგულირდეს.

„მაგალითად, შვეიცარიაში საფრთხეების რუკის გარეშე არცერთი მშენებლობა არ მიმდინარეობს. მთელი ქვეყანა დაფარულია რუკებით. რუკებამდე აშენებული სახლების დანგრევა არავის უბრძანებია, თუმცა მეპატრონეებს დაევალათ დამცავი ღონისძიებების გატარება.  ჩვენთან რა მოხდება ვერ გეტყვით.

ჩვენ გვაქვს იმის მაგალითები, როცა ღვარცოფმა დაანგრია სახლი, მეპატრონემ აიღო კომპენსაცია და შემდეგ ისევ იმავე ადგილზე ააშენა სახლი. შვეიცარიაში ამის უფლებას არ აძლევენ“, – ამბობს ის.

მეწყერების მხრივ აჭარა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონია. არაერთ სოფელს თუ დასახლებას ექმნება ძლიერი წვიმების დროს საფრთხე. დავით ჭიჭინაძის თქმით, საფრთხეების რუკები შესაძლებლობას მისცემს ადამიანებს დროულად განსაზღვრონ მეწყრების რისკები ასეთ ზონებში.

ბუნებრივი კატასტროფების თავიდან არიდების სისტემის შექმნაში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ჩართული არიან გარემოს ეროვნული სააგენტოს ექსპერტებიც. სისტემის შექმნა 2018 წელს დაიწყო, თუმცა საბოლოოდ 2023 წლისთვის უნდა დასრულდეს.

პროექტი მოიცავს საგანმანათლებლო კომპონენტსაც. ჭიჭინაძის თქმით, ამ პროცესში ჩართულია ჟენევის უნივერსიტეტი, რომელმაც „მდგრადი კავკასია“-სთან“ ერთად საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში დანერგა საგანგებო სიტუაციების მართვის საუნივერსიტეტო ონლაინკურსი.

„ეს კომპონენტი რეგიონულია და მოიცავს როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთსაც. კურსი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მომზადდეს შესაბამისი სპეციალისტები, რადგან ბუნებრივი კატასტროფების მართვა ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოსთვის. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ამ კუთხით განათლებული და ექნება ცოდნა, მეტად წაადგება ქვეყანასაც.

რამდენად გამოსადეგი იქნება საფრთხეების რუკები ჰესების მშენებლობების დროს?

როგორც დავით ჭიჭინაძე ამბობს, ჰესების შემთხვევაში კვლევები აუცილებელია და უფრო სიღრმისეული შესწავლაც საჭიროა, რომ ვიცოდეთ ლოკალურ დონეზე რომელმა პროექტმა რა საფრთხე შეიძლება გამოიწვიოს.

„საერთოდ, ბუნებაში ნებისმიერი სახით ჩარევა იწვევს ნეგატიურ შედეგს. გზაც რომ გაგვყავს, ესეც კი უქმნის საფრთხეს გარკვეულ ცხოველებს, რადგან ესა თუ ის ცხოველი ამ კონკრეტულ მონაკვეთში გადაადგილდებოდა, გზის გაჭრის შემდეგ შეიძლება მათ მანქანა დაეჯახოს. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ ნეგატივის ზემოქმედების შემცირება. ფატალური და დიდი კატასტროფები არ უნდა გამოიწვიოს ჩვენმა ქმედებებმა და ჩარევამ ბუნებაში“, – ამბობს ის.

რამდენად ხელმისაწვდომი იქნება საფრთხეების რუკა მოქალაქეებისთვის. შეეძლებათ თუ არა მათ, ელექტრონულად გადაამოწმონ მათთვის საინტერესო ტერიტორია ხომ არ არის მოქცეული კატასტროფის ზონაში?

დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ სისტემის შექმნის მიზანი სწორედ ის არის, რომ ადამიანებმა მიიღონ ინფორმაცია. „როგორც საკადასტრო რუკაა ხელმისაწვდომი, აქვე შეიძლება დაემატოს საფრთხეების რისკის შრეც, სადაც შევა დაინტერესებული პირი და მოიპოვებს ინფორმაციას“, – ამბობს ჭიჭინაძე.

მისი თქმით, პროექტის ეს კომპონენტიც კანონმდებლობის ჩამოყალიბების დროს უნდა განისაზღვროს.

_________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

ბათუმის მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრა, აჭარაში კოვიდის სიმცირე ამას უკავშირდება – მინისტრი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ბათუმის მოზრდილი მოსახლეობის 60% აცრილია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. „ჯამში კი აჭარაში ვაქცინირებულია სამიზნე კონტიგენტის 62,8%“.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში სულ ჩატარებულია 220 670 დოზა ვაქცინა, მათ შორის ორი დოზით აცრილია 102 075 ადამიანი. ამ მონაცემებში შედის აჭარის და სხვა რეგიონის მკვიდრი მოსახლეობაც, რომლებიც აჭარაში აიცრნენ კოვიდზე.

“მოხარული ვარ, რომ აჭარამ შეძლო სამიზნე კონტიგენტის 60%-ზე მეტის ვაქცინაცია. ჩვენი მიზანია 18 წელს ზემოთ მოსახლეობის სრულად იმუნიზაცია. ამისათვის დაწყებულია მუშაობა და უახლოეს დღეებში ვაქცინაციის ტემპი უფრო გაიზრდება სოფლებში.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში სხვა რეგიონებთან შედარებით აჭარაში კორონავირუსის შემთხვევათა სიმცირე სწორედ ვაქცინაციის მაღალი მოცვის მაჩვენებელს უკავშირდება”, – აცხადებს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 142 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება შესაძლებელია, ჰოსპიტალურ დაწესებულებეში, ამბულატორიებში, ასევე სპეციალური სივრცეა გამოყოფილი უნივერსიტეტის შენობაში. მოქალაქეებს მათთვის სასურველი ვაქცინის ჩატარება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ.

ბათუმელი გოგო, რომელიც მყინვარწვერზე ავიდა: ასე არსად მიგრძნია, რომ ცოცხალი ვარ

„გერგეთის ტაძრიდან იწყება მყინვარწვერისკენ მიმავალი გზა… 6 საათი ივლი ფეხით და მეტეოსადგურთან გაჩერდები, აკლიმატიზაცია უნდა გაიარო. საღამოს რვაზე იძინებ და დაახლოებით ღამის ორზე იღვიძებ, რადგან დროზე უნდა გაუყვე გზას მწვერვალისკენ“, – მყინვარწვერზე ასვლას იხსენებს თამთა აბუსელიძე, რომელიც ამ ზაფხულს, ივლისში, მეორედ ავიდა მყინვარწვერზე.

ამჯერად თამთა თეთნულდის შესაგრძნობად ემზადება.

მანამდე თამთა აბუსელიძე იმ ადამიანების გაერთიანებას აპირებს, ვისაც ასევე ახარებს მთაზე ასვლა და კლდეზე ცოცვა – ამ შაბათს სოფიო ჭელიძესთან და კიდევ რამდენიმე მეგობართან ერთად თამთა აბუსელიძე მთამსვლელ და მეკლდეურ ქალთა კლუბის გახსნას გეგმავს ჭიათურაში, სოფელ ხრეითში. ამ სოფელში საქართველოში პირველი მეკლდეური ქალი – ალექსანდრა ჯაფარიძე ცხოვრობდა. იმედი აქვს, რომ ამ ამბით მედიას დააინტერესებს.

„მერე გათენებამდე გადიხარ უკვე აღჭურვილობით: წრიაპები, წერაყინი, თოკი აუცილებლად, ჩაფხუტი, სათვალე…“ – განაგრძობს თამთა და სათითაოდ, ყურადღებით თვლის ყველა ნივთს, რაც მყინვარზე ასასვლელად არის საჭირო და არ უნდა გამოგრჩეს რომელიმე. – „გზად ერთი ადგილია, ხმაურას ეძახიან, ქვები ცვივა და ამიტომ ეძახიან ხმაურას, ძალიან საფრთხილო ადგილია. ამიტომაც უნდა გახვიდე ღამე, ვიდრე გაყინულია, ამ დროს ქვები არ დაიშლება.

ხმაურას რომ მშვიდობიანად ჩაივლი, მერე უნდა იარო თოვლში, გზა ნაპრალებითაა სავსე. იქ უკვე მთავარია იცოდე, როგორ შეამოწმო წინასწარ, სად შეიძლება დადგა ნაბიჯი მყარად, რომ მშვიდობით ახვიდე მწვერვალზე.

რა შეგრძნებაა მწვერვალზე ყოფნა? – სიამაყის შეგრძნებაა ან კიდევ სხვა სიხარულის… დაბრკოლებები რომ გადალახე, ალბათ, ეს შეგრძნებაა ყველაზე გასახარი. ცხოვრებაც ხომ ესაა, დაბრკოლებების გადალახვა? … არა, ზუსტად მაინც ვერ აღწერ, რა არის მწვერვალზე ყოფნა, ისევე, როგორც ბევრ კითხვაზე არ გვაქვს პასუხი, მაგალითად, ხომ ვერ მეტყვი, რატომ ხარ შეყვარებული?“ – მწვერვალზე ყოფნის ემოციაც გაგვიზიარა ახალგაზრდა მთამსვლელმა.

თამთა აბუსელიძე პროფესიით იურისტია, თუმცა წლებია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ადმინისტრაციაში მუშაობს. იგი ამბობს, რომ წლების წინ ვერც კი წარმოიდგენდა, მთამსვლელობა და კლდეზე ცოცვა თუ ასე გაიტაცებდა და რადიკალურად შეიცვლებოდა მისი ცხოვრება.

ერთ ზაფხულს, მორიგი ლაშქრობის დროს, თამთას სხვების გაღვიძებამდე გამოუხედავს კარვიდან ყაზბეგის ჭაუხებისკენ და მიმხვდარა, რომ არც ერთი კლდე არ იყო ზედმეტი, რომ ერთიც თუ გამოაკლდებოდა, ბუნების ჰარმონია დაირღვეოდა. მაშინ თამთას არც კი უფიქრია, რომ მთამსვლელობას დაიწყებდა, ან კლდეზე ცოცვას, მაგრამ იგრძნო, რამდენად შთამბეჭდავი შეიძლება იყოს მწვერვალისკენ მიმავალი თოვლიანი გზების გავლა.

„აი, ერთ დღესაც იმ მთაზე ავალ, რომელიც ყველაზე მაღალია,“ – უთქვამს ღიმილით მეგობრებისთვის მაშინ თამთას ისე, რომ არც კი იცოდა, ადამიანები იმ თოვლიან ქარაფებზე თუ ადიოდნენ საერთოდ.

და ერთ დღესაც თამთა მყინვარწვერზე ავიდა.

„გზაში დაბრუნება მომინდა, ვიტირე კიდეც, ძალიან შემეშინდა, ორივე მხარეს უფსკრული იყო, ორივე მხარეს ქარაფი. ვფიქრობდი, რომ აქ ალბათ ჩავიკარგები ისე, რომ ვერასდროს ვეღარავინ მნახავს-მეთქი,“ – კამერონის მთაზე გადასვლას იხსენებს თამთა, სადაც პირველად თოკზე ჩაიბეს მასთან შედარებით გამოცდილმა მთამსვლელებმა. თამთას დაკვირვებით, დამწყები მთამსვლელი მეტად გაბედულია, ვიდრე გამოცდილი, თუმცა როცა უფსკრულისპირას დგები, დაბრუნება გინდა, ან კიდევ:

„კულუარიდან დამრეც ფერდზე მოვწყდი საერთოდ ორჯერ, სხვებმა დამიჭირეს და გადამარჩინეს,“ – უჭირს ამ ემოციის გახსენება თამთას და დასძენს, ახლა იმავე ცოდნით და აღჭურვილობით მყინვარწვერზე არ წავიდოდა. წინა ზამთარს თამთას და სოფიო ჭელიძეს მასწავლებელთან – გუგა დაბრუნდაშვილთან დაუწყიათ მომზადება იმ პირობით, რომ ზაფხულში მხოლოდ ქალები წავიდოდნენ დამოუკიდებლად მწვერვალებისკენ.

„დამწყები ადამიანებისთვის არ არის სკოლა, სადაც შეიძლება საბაზისო ცოდნა მიიღო ამ კუთხით, არც დაფინანსების წყაროებია ჯერ, ოფისიც არ გვაქვს, მაგრამ როცა ბოტანიკურ ბაღში გავედი ბუნებრივ კლდეზე ცოცვის უკეთ ასათვისებლად, იქ გავიცანი და დავუახლოვდი ადამიანებს, რომლებსაც მთა ძალიან უყვართ, ვისაც განცდილი აქვს ის, თუ როგორ გცვლის და გზრდის მთა.

ეს ისეთი მომენტია, როცა აუცილებლად გინდა უკან დაბრუნება…

თამთა აბუსელიძე, ჭაუხის მასივი, მწვერვალი თიკანაძე

 

ამიტომაც გადავწყვიტეთ კლუბის შექმნა, რომ ჩვენი ცოდნა გავუზიაროთ სხვებს და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს ეს სიამოვნება – ხელახლა აღმოაჩინო საკუთარი თავი,“ – გვიყვება თამთა აბუსელიძე.

მთამსვლელ და მეკლდეურ ქალთა კლუბის მიზანია ასევე გენდერული თანასწორობის იდეის მხარდაჭერა. კლდეზე ცოცვის ხელოვნებაზე საუბრის დროს თამთა ხაზს უსვამს იმას, რომ ამ დრომდე საქართველოში კლდეზე ცოცვის საუკეთესო მაჩვენებელი ქალს აქვს – ანა დულარიძეს.

მთამსვლელ ქალთა კლუბში უკვე 26 წევრია. თამთა აბუსელიძე ამბობს, რომ კლუბში კიდევ ბევრი ქალი გამოჩნდება, რომლებიც, მაგალითად, ამ ზამთარს გაყინული გველეთის ჩანჩქერზე ივარჯიშებენ და მერე ერთად თეთნულდზეც ავლენ.

„მნიშვნელოვანია როგორც ფსიქოლოგიური მზაობა, ასევე ტექნიკური ცოდნა: როგორ დადგე სწორად დაცვაზე, როგორ გამოიყენო, მაგალითად, ექსპრესი და ჩააგდო თოკი სწორად, შემდეგ დაშვებისას გართულება რომ არ მოჰყვეს. მთაში განსაკუთრებით მძაფრდება სხვებზე ზრუნვა, ჯგუფზე ფიქრი, აქ მარტო არ ხარ,“ – ამბობს თამთა.

ყინულიან კლდეებზე ცოცვისას თამთამ დაინახა, რომ არა მხოლოდ თვითონ ყოფილა განსხვავებული.

„ბარში იოლია შეფუთვა, მთა რეალურად განახებს როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებს. მიმღებლობის შეგრძნებებიც  გიმძაფრდება.

მთა გაჩვენებს, რა არის შენი რეალური ემოციები, ვინ ხარ და მთა გასწავლის ემოციების გამოხატვა როდის არის სწორი,“ – მწვერვალების გზებზე ნაფიქრს გვიზიარებს თამთა და კიდევ რამდენიმე საინტერესო შემთხვევას იხსენებს:

„ამ ზაფხულს ოთხი გოგო წავედით ერთად ჭაუხებში, ასათიანზე. ორი საერთოდ გამოუცდელი იყო, არასწორ ადგილას დავუშვით თოკი და გაგვეჭედა… ქარი იყო და ხმასაც ვეღარ ვაწვდიდით ერთმანეთს, რაცია არ იჭერდა, არც ტელეფონი. დაახლოებით სამი საათი ვიყავით ასე.

მერე სადგური დავტოვე და ქვემოთ ჩავედი, რომ ხმა მიმეწვდინა სხვებისთვის, საბოლოოდ, სხვები დაეშვნენ და მე ბოლოს დავეშვი, მაგრამ თოკის დატოვება მოგვიწია. ეს იმას ნიშნავდა, რომ შემდეგი რთული მონაკვეთი უკვე თოკის გარეშე უნდა ჩავსულიყავით. ძალა მოვიკრიბე და ერთმანეთს ვაგულიანებდით, შფოთი მქონდა შინაგანად, მაგრამ ამას არ გამოვხატავდი, მივხვდი, რომ, პირველ რიგში, ეს იყო საჭირო,“ – გვიყვება თამთა, რომელმაც დაღმართის ჩამოვლის დროს იგრძნო, რამდენი რამ და რეალურად რა შეცვალა მასში მწვერვალებზე ასვლამ.

ამ დროს დაინახა, რომ მორიგი საფრთხის წინაშე უკვე პანიკაში კი არ ჩავარდა, როგორც პირველად, როცა აღმოჩნდა უფსკრულის პირისპირ, არამედ წინააღმდეგობის გადალახვის შესაძლებლობა დაინახა.

„მთამ დამანახა, რომ სხვადასხვა რამეა „რისკიანი“ და „გამბედავი“. გამბედავმა იცის, რომ საფრთხე არსებობს, მაგრამ თუკი გონივრულად მიუდგები, შესაძლებელია წინააღმდეგობის გადალახვა. რისკიანი კი, საფრთხეში მოყოლის ძალიან დიდ ალბათობას უშვებს,“ – შენიშნავს თამთა.

რა არის განსაკუთრებულად შთამბეჭდავი მთაზე ასვლის დროს? – ვეკითხებით თამთას. ის დაუფიქრებლად გვპასუხობს, რომ ეს „მწვანეში დაბრუნებაა“, ანუ როცა უკვე უსაფრთხო ადგილზე ხარ.

„ჩვენ მწვერვალზე არ გამოვხატავთ ემოციებს, ვერც სიხარულს გამოხატავ იქ… მიზანი არის არა მწვერვალზე ასვლა, არამედ უკან მშვიდობიანად დაბრუნება. მთაში ემოციების გამოხატვის ადგილი არ არის. აი, როცა ბრუნდები მწვანე მდელოზე, მერე რამდენიც გინდა იხარე, იტირე, იცინე…“ – გვიყვება თამთა აბუსელიძე.

რა დრო სჭირდება ამ ემოციების მიღებას, მაგალითად, მყინვარწვერზე ასვლას? – თამთა განმარტავს, რომ მყინვარწვერისთვის დაახლოებით 5 დღეა საჭირო. უშუალოდ მეტეოსადგურიდან მწვერვალზე ასვლას და დაბრუნებას კი, დაახლოებით 12 საათი სჭირდება.

„დაღმართში, ბუნებრივია, უფრო იოლად ჩამოდიხარ, თან აკლიმატიზაცია გავლილი გაქვს,“ – ამბობს თამთა და შენიშნავს, რომ ფრაზას „მწვერვალის დაპრყობას“ არასდროს ამბობს.

„უხერხულია რაღაცნაირად, უსიამოვნო. ჩემზე რომ ვიღაცამ თქვას, დავიპყარიო, ხომ არ მომეწონება? ასეა მწვერვალიც, ხელშესახებია, როგორც ადამიანი. ჩვენ ვამბობთ ასე: „მწვერვალზე ავედით“ და „მწვერვალიდან ჩამოვედით“.

და ეს ყველაზე მეტად სიცოცხლის მძაფრი განცდაა, რადგან არსად ასე არ მიგრძნია, რომ ცოცხალი ვარ.

მიფიქრია ზოგჯერ, რომ ამ დროს შემეძლო უბრალოდ ქალაქში ვყოფილიყავი და ნაყინი მეჭამა, ან სადმე წავსულიყავი ფართიზე, მაგრამ ვერსად იპოვი ბედნიერების იმ განსაკუთრებულ შეგრძნებას, რასაც შიშგამოვლილი და დაღლილი იგრძნობ კლდის შვერილზე ჩამოჯდომის დროს.

მხოლოდ იქ იგრძნობ, რა არის ნამდვილი შეგრძნებები,“ – ასრულებს თამთა აბუსელიძე.

თამთა აბუსელიძე

იტალიელი დიპლომატი ბათუმზე: საერთო შფოთის მიუხედავად ხალხი სეირნობს და „კარმენს“ უსმენს

იტალიელი ისტორიკოსი, დიპლომატი და მოგზაური, ლუიჯი ვილარი, 1876 წელს დაიბადა. ის იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის პარალელურად საგაზეთო გამოცემების კორესპონდენტადაც მუშაობდა. იყო იტალიის ვიცე-კონსული 1906-1910 წლებში ამერიკის სამ ქალაქში: ნიუ ორლეანში, ფილადელფიასა და ბოსტონში.

ამერიკაში გამგზავრებამდე ზუსტად ერთი წლით ადრე კი რუსეთის იმპერიაში იმოგზაურა და 1905 წელს საქართველოში ჩამოვიდა. ვილარის ბევრი წიგნი აქვს დაწერილი მოგზაურობაზე. მათ შორის ერთ-ერთია „ცეცხლი და მახვილი კავკასიაში“ [Fire and Sword in the Caucasus].

თითქმის 200-გვერდიან წიგნში მოგზაური მეოცე საუკუნის დასაწყისის, კერძოდ, 1905 წლის ბათუმს, ქუთაისს, გურიასა და თბილისს აღწერს. ვრცლად წერს იმდროინდელი აზერბაიჯანისა და სომხეთის მდგომარეობაზე.

ბათუმზე ვილარი წიგნის მესამე თავში საუბრობს და ქალაქის აღწერას შვიდ გვერდს უთმობს.

ლუიჯი ვილარი. იტალიელი დიპლომატი, ისტორიკოსი და მოგზაური (1876–1959)

ვილარის ჩამოსვლა ბათუმში 1905 წლის მუშების გაფიცვებს დაემთხვა. ის დეტალურად ჰყვება ამაზე და წერს, რომ „პეტერბურგის გაფიცვებისგან განსხვავებით ბათუმელებმა პროტესტის ძალადობრივ მეთოდს მიმართეს თავიდანვე, რის გამოც ქალაქს მოსვენება დიდხანს აღარ ჰღირსებია“.

წიგნს ბათუმსა და მის შემოგარენში გადაღებული ფოტომასალაც ერთვის.

ვნახოთ, რას წერს 1905 წლის ბათუმზე იტალიელი მოგზაური.

ლუიჯი ვილარის „ცეცხლი და მახვილი კავკასიაში“ [Fire and Sword in the Caucasus] – წიგნის ინგლისურენოვანი გამოცემის გარეკანი
  • ლუიჯი ვილარი, ბათუმი  [ადაპტირებული თარგმანი]

დილაადრიან ჩნდება ბათუმი, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. ათასგვარი მცენარითა და ხავერდოვანი ბალახით დაფარული გორაკები აკრავს გარს ამ შესანიშნავ ყურეს. ჩრდილოეთით ჭაობისფერი ვაკე იშლება, მის მიღმა ცოტა ხნით შეიძლება კავკასიონიც დალანდო.

სამხრეთით და აღმოსავლეთით ძოწისფერი, მოლურჯო-ვარდისფერი აჭარის მთებია გადაჭიმული თურქეთის საზღვრამდე. ანატოლიის მთების დანისლული, კლდოვანი კონცხები იჭრება ზღვაში.

ბათუმი ვაკეზეა გაშენებული ნავსადგურის ირგვლივ. გემიდან თუ უყურებთ ქალაქს, ტროპიკული მცენარეებით გარშემორტყმულ, თეთრ და ყავისფერ სახლებს ხედავთ ჩამწკრივებულს. პორტში მხოლოდ რამდენიმე გემი დგას, რადგან მარტიდან მოყოლებული თითქმის სულ არეულობაა ქალაქში, ვაჭრობა შეჩერებულია. ბათუმის ყურე ამ სანაპიროზე საუკეთესო პორტად მიიჩნევა.

ჩემი სასტუმრო თურქეთს მახსენებს. ფრანგულენოვანი თარჯიმანი საეჭვო წარსულით, კაშკაშა აღმოსავლური ხალიჩები, შეღებილი რკინის საწოლები და დამტვრეული ავეჯი, რომელიც შესაძლოა სკოპიესა და სალონიკის სასტუმროების კუთვნილებაც იყო.

ბათუმის მთავარი პეწი ბულვარია. სხვადასხვა სიდიდის ყველა რუსულ ქალაქში არის ბულვარად წოდებული სკვერი ან პარკი, ალექსანდრეს ან ქალაქის ბაღები, სადაც ორკესტრი უკრავს და ხალხი სეირნობს.

პროვინციულ ქალაქებში ამ ადგილების უმრავლესობა უგემოვნოდაა გაშენებული, უხალისო და მოუვლელია გაუკრეჭავი მცენარეებით, უყვავილო ბუჩქნარით და უსიცოცხლო ხეებით, მაგრამ ბათუმის ბულვარი საოცრებაა.  

ეს არის ფართო ხეივანი ჩარიგებული აკაციებით. პალმები, კაქტუსები, ბანანი და ზომიერი სარტყლისთვის დამახასიათებელი  სხვა ტროპიკული მცენარეებიც ხარობს. შესანიშნავი ხედები იშლება ინდიგოსფერ ევქსინოსზე.

მწვანე, ლურჯი და მოციმციმე იისფერით გაჯერებული ფერთა გამა, დატვირთული ბორნები და დახუთული ჰაერი  ჭეშმარიტად აღმოსავლურ ატმოსფეროს ქმნის.

ბულვარიდან პროსპექტს რომ გადაკვეთთ, იშვიათი ხეებით, უცნაური ტროპიკული ყვავილებითა და მობიბინე ბალახით გამშვენებულ, კიდევ უფრო ნატიფ ბაღში აღმოჩნდებით. აქვე მომცრო ტბაა, ზღვისგან ვიწრო ზოლით გამოყოფილი. წყალი მზის ჩასვლისას ოქროსფრად, წითელ-ვარდისფრად ციმციმებს.

ბათუმი. მუსლიმები ლოცვის შემდეგ მეჩეთიდან ბრუნდებიან

ტბისკენ ხშირფოთლიანი ტოტები გადაუხრიათ ხეებს, წყლის სარკისებურ ზედაპირს მათი ჩრდილები ეცემა. გეგონება, ტბის ზედაპირს კოცნიან ხეები, მათთან შესაგებებლად წამომართულან წყლიდან სხვადასხვა ფორმისა და ფერის ლერწმები.

მაღალი, წვრილი პალმები ჰორიზონტის ხაზის ფონზე სილუეტებად ჩანს. მათ გასწვრივ ცხენოსანი კაზაკების მწკრივი მიდის ქვიშის ხაზზე – ცხენებს წყალი უნდა დაალევინონ. კაშკაშა ტონებით გაჯერებული მთელი ეს სანახაობა ინდოეთსა და ეგვიპტეს მოგაგონებთ.

ჰაერი მძიმეა და ნესტის სუნი ტრიალებს. რასაც არ უნდა შეახო ხელი, ყველაფერი სველი და ფისივით წებოვანია, გუბეებსა და მცენარეებს ორთქლი ასდის, ადამიანი აქ თავს დაღლილად და უენერგიოდ, გამოფიტულად გრძნობს. რუსული ხელისუფლების სიმბოლოები – კაზაკები მისეირნობენ ისევ სადღაც, მათი მომაკვდინებელი მტერი – მალარიის კოღო კი აქვე ბზუის, წყლის ზედაპირზე.

ბათუმის კლიმატის გასაუმჯობესებლად რუსეთის ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა, ამოაშრეს ჭაობი ქალაქის გასაჯანსაღებლად. მწვანე კონცხსა და ჭაობიან სხვა ზონებში მედპუნქტებია გახსნილი, თუმცა ქალაქის მცხოვრებლები ადრე თუ გვიან მაინც ციებ-ცხელების მსხვერპლნი ხდებიან.

პორტიდან საშინელი სუნი მოდის. ღია, ლოპიანი საკანალიზაციო მილები სახლებიდან პირდაპირ ზღვას უერთდება.

რუსულ ოკუპაციამდე ბათუმი სოფლის მსგავსი დასახლება იყო, ძირითადად სახლობდნენ თურქები, ალაგ-ალაგ ბერძნები და სხვები. ახლა ქალაქში სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების 30 000-მდე კაცი ცხოვრობს: 10 000 თურქი, დაახლოებით 10 000 ქართველი – გურულები, მეგრელები, იმერლები და მუსლიმი აჭარლები; 7000 რუსი – ძირითადად ჯარისკაცები და ჩინოვნიკები; 3 000-დან 5 000 – მდეა ირანელების, ბერძნების, სომხებისა და სხვა ეროვნების ხალხთა რიცხვი.

გურული გლეხები ქალაქში მაშინ ჩამოდიან, როცა მუშახელია საჭირო და სამსახური ჩნდება. მოსავლის აღების დროს ან როცა ქალაქში სამუშაო აღარაა, ყანებს და ველებს უბრუნდებიან შინ.

ბევრი არ არის ისეთი ქალაქი, სადაც სხვადასხვა ეროვნების ამდენ ადამიანს ნახავ ერთად – შავგრემანი ირანელით დაწყებული, ქერათმიანი რუსით დამთავრებული.

ბათუმი. მუსლიმის ლოცვა

ხმელთაშუა აღმოსავლეთ ზღვისპირეთის ყველა საპორტო ქალაქში შენიშნავთ მძარცველებს, მაგრამ ბათუმი პირველობის პალმას იმსახურებს ბოროტმოქმედების ყოველგვარი გამოვლინებით. მკვლელობა, ძარცვა-გლეჯა და შენობების გადაწვა აქ ჩვეულებრივი ამბავია. დაუჯერებელ ისტორიებს ჰყვებიან იმ დანაშაულებზე, რასაც მაღალი წრის ხალხი სჩადის.

ბათუმის კეთილდღეობა კავკასიაში საგარეო ვაჭრობის ცენტრად ქცევამ განაპირობა.

ნავთობის ტრანსპორტირება ბაქოდან რკინიგზის საშუალებით და მილსადენით ხდება; ბათუმში კი ნავთობს ტანკერებით გზავნიან ან თუნუქის სპეციალური ყუთებით გააქვთ ექსპორტზე. ამ ყუთების წარმოება ძალიან მნიშვნელოვან სამრეწველო საქმიანობად იქცა.

თუნუქის ყუთების ყველაზე დიდი ქარხანა ბათუმში როტშილდებს ეკუთვნით – ბაქოს დიდი ნავთობსაბადოების მფლობელებს, რომლებიც საექსპორტო ბიზნესით არიან დაინტერესებული. ბათუმთან ახლოს მათ ქარხნებში ათასობით ადამიანი მუშაობს.

როცა ჩამოვედი, თითქოს ყველგან სიმშვიდე სუფევდა, მაგრამ  ქალაქი ალყაში იყო მოქცეული და არსად ჩანდა პოლიცია. დღე არ გავიდოდა ქუჩაში ვინმე არ მოეკლათ, თუმცა არავინ დაუჭერიათ. არსებობდა  ტერორისტული კომიტეტი, რომელიც არც ერთ პარტიას არ ეკუთვნოდა ოფიციალურად, მაგრამ სავარაუდოდ რევოლუციონერ სოციალისტებთან იყვნენ დაკავშირებულები.

ჩაქვი. საუფლისწულო მამული. ჩაის ფოთლების გაშრობა

ბათუმის ერთ-ერთ გარეუბანში, რომელიც ძირითადად უწესო, საეჭვო რეპუტაციის ხალხით იყო დასახლებული, ცხოვრობდა ერთი ადამიანი, რომელსაც ნამდვილი გუბერნატორივით იხსენიებდნენ, ოფიციალური რუსი გუბერნატორისგან განსხვავებით.

დიდი პატივისცემით სარგებლობდა და აშკარა იყო, რომ მის სიტყვას კანონივით ემორჩილებოდნენ.

ტერორისტების მოქმედების მეთოდი მარტივი იყო. გაიცემოდა ბრძანება, რომ ამა და ამ  ქარხნის მუშები უნდა გაიფიცონ; კაცები უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ და ნებისმიერ ხელმძღვანელს ან თანამშრომელს, ვინც შეეცდებოდა ხელი შეეშალა საგაფიცვო მოძრაობისთვის, კლავდნენ.

ზოგ შემთხვევაში გემის ბორტზე ადიოდნენ და მუშებს უბრძანებდნენ, შეეჩერებინათ პორტში სამუშაოები.

ბათუმში შესანიშნავად გავატარე დღეები, მოვინახულე ქალაქი და მისი მშვენიერი შემოგარენი. არც საუფლისწულო მამულების დათვალიერება დამვიწყებია ჩაქვში, სადაც ერთი ჩინელი ჩაის დიდ პლანტაციებს განაგებს.

ყოველ დილით ზღვის თბილ, სასიამოვნო აბაზანებს ვიღებდი და სახელდახელოდ მოწყობილ აბანოში ვბანაობდი.

საღამოობით ბულვარში სამხედრო ორკესტრი უკრავდა და მკვლელობების, საერთო შფოთის, შიშის მიუხედავად, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ბომბი გასკდეს, ხალხი მაინც სეირნობდა და „კარმენის“, „ტრუბადურის“ ჰანგებს უსმენდა.

სეირნობდნენ ჩოხებსა და ყაბალახებში გამოწყობილი ქართველების ჭრელ-ჭრელი  გუნდები, მუქკანიანი ირანელები ცისფერი მუნდირებით, ჟანდარმები, ველური კაზაკები და ლამაზი აჭარლები ტანზე მომდგარი მეწამული სამოსით. აქა-იქ ხალხის ტალღას ერეოდნენ ევროპულ ყაიდაზე გამოწყობილი ქალები და კაცები, რუსები და ევროპელები.

ბულვარში მოსეირნე ხალხი კეთილგანწყობას ამჟღავნებდა და მზად იყვნენ დღეს მეგობრულად ემასლაათათ, ხვალ კი ყელი გამოეჭრათ ერთმანეთისთვის.

სააკაშვილის „შემოსვლის საქმეზე“ დანაშაულის დაფარვისთვის კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა.

„მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი – 1989 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს.

მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, – აცხადებს შსს.

სამართალდამცველებმა საქმეზე ამავე ბრალდებით უკვე სამი პირი დააკავეს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ

მხოლოდ 20 ოქტომბერს, „სილქფესტის“ აქციით, ულიმიტო პირობები იქნება შეთავაზებული სილქნეტის მომხმარებლებისთვის.

თქვენ შეძლებთ ჩაირთოთ სასურველი ერთი  ან ორივე პაკეტი:

[checklist]

  • ულიმიტო ინტერნეტი – 19 ლარად –  კოდით *202#
  • ულიმიტო სასაუბრო – 10 ლარად  – კოდით *202#

[/checklist]

გააქტიურებული პირობით მომხმარებელები ისარგებლებენ მთელი თვე.

თუ ბონუსი ამოიწურა, მაგრამ აქციის ვადა ჯერ კიდევ ძალაშია, მომხმარებელს ინტერნეტზე ერიცხება 1MB -ზე  15 თეთრი;

უსასრულო ზარები არ ვრცელდება გლობალსელის, ასანეტის და სპეც-დანიშნულების ნომრებზე.   „სილქფესტის“ აქციებით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. 

თვალი ადევნეთ სილქნეტის facebook და Instagram  გვერდებს. ასევე, სილქნეტის ოფიციალურ ვებ გვერდს www.silknet.com, სადაც ერთი დღით ადრე დაანონსდება „სილქფესტის“ აქციები!

 

აჭარაში 6 სკოლა ონლაინსწავლებაზე გადავიდა – 20 ოქტომბერი

20 ოქტომბრის მონაცემით, აჭარაში 6 სკოლა და 132 კლასი პირდაპირი სწავლებიდან  სრულად ონლაინსწავლებაზე გადავიდა კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ბათუმსა და ხელვაჩაურში დაიხურა 3-3 სკოლა.

ამავე წყაროს ცნობით, აჭარაში დაიხურა 6 საბავშვო ბაღი და სხვადასხვა ბაღში 21 ინდივიდუალური ჯგუფი.

გუშინ, 19 ოქტომბერს, სამინისტრომ განაცხადა, რომ აჭარაში 5 სკოლა დაიხურა კოვიდის გავრცელების გამო – 2 ბათუმში და 3 ხელვაჩაურში.

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 3 ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით კი ინფიცირებულთა მაჩვენებელმა 5 219-ს მიაღწია.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი ქვეყანაში 9.11 პროცენტია.

არ იგეგმება სკოლების ონლაინსწავლებაზე გადაყვანა – გაბუნია

დღეს, 20 ოქტომბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, არ იგეგმება სკოლების ონლაინსწავლებაზე გადაყვანა.

„სკოლებში მასწავლებლების ვაქცინაციის მაჩვენებელი 65 პროცენტამდეა, ზოგიერთ სკოლაში არის უფრო მაღალი მაჩვენებელი. იმისათვის, რომ კორონავირუსის გავრცელება შეჩერდეს, სასურველია, ეს მაჩვენებელი გაიზარდოს 80 პროცენტამდე.

ბოლო მონაცემებით, 150 სკოლა და 400-მდე კლასია ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე  გადასული. ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი, სკოლები ახერხებენ შიდა მართვას, რაც საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ სწავლა საკლასო სივრცეში,“-ამბობს თამარ გაბუნია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 6 სკოლა და 132 კლასი.

დღეის მონცემებით, ქვეყნის მასშტაბით კოვიდის 5219 ახალი შემთხვევაა. გასულ 24 საათში კოვიდით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

რა იცვლება 2022 წელს ეროვნულ გამოცდებზე – სამინისტრო

2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ცვლილებები იქნება. ცვლილებების მიხედვით, 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს მესამე სავალდებულო საგნებს შორის მეტი არჩევანის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ განცხადება დღეს, 20 ოქტომბერს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძვანელმა სოფიო გორგოძემ და განათლების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა გააკეთეს.

„2022 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი, რაც აბიტურიენტებს არჩევანის შესაძლებლობას გაუზრდის. მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატება საგნები: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

მაგალითისათვის, აბიტურიენტებს საბუნებისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისთვის მესამე სავალდებულო საგნად შესაძლებლობა აქვთ, გარდა მათემატიკისა და ისტორიისა, აირჩიონ ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფია. ხოლო სახელოვნებო მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, ისტორიისა და მათემატიკის გარდა, არჩევანის გაკეთება შესაძლებელი იქნება ლიტერატურას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას შორის და ა.შ“, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ერთი მხრივ, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას აბიტურიენტებს გაუზრდის მათთვის სასურველი ჩასაბარებელი საგნების არჩევანის შესაძლებლობას და დაეხმარება უნივერსიტეტში სწავლის პროცესში საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის უკეთ ათვისებაში, „ხოლო, მეორე მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებში გაზრდის ინტერესს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ყველა საგნის მიმართ“.

სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს დაგეგმილია სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტის ფორმატში. მცირე ცვლილება შეეხება გეოგრაფიის საგამოცდო ტესტსაც.

 

________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან.

ბათუმში ხვალ გამოიდარებს | ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 20 ოქტომბრის საღამოდან ხვალ, 21 საათამდე, აჭარაში ღრუბლიანი, თუმცა უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5-10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 22-23 ოქტომბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რამდენიმე ათას პოლიციელს თანამედროვე პისტოლეტი გადაეცა – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელების მასშტაბური გადაიარაღება დაიწყო.

„რამდენიმე ათას პოლიციელს გლოკის სისტემის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტები გადაეცემა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადაცემის პირველი ეტაპი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე გაიმართა“, – აცხადებს შსს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების შემდეგ, აღნიშნული ტიპის იარაღით საპატრულო პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებიც აღიჭურვებიან.

„ბოლო წლების განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ეს არის ყველაზე მასშტაბური გადაიარაღება, თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი, სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვა“, – აცხადებს შსს.

აჭარაში კოვიდის 142 ახალი შემთხვევაა | 20 ოქტომბერი

20 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასულ 24 საათში აჭარაში 3 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

რეგიონში 512 პირს მკურნალობენ კოვიდზე კლინიკებში, მათგან 26 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ამ დროისთვის აჭარაში კოვიდსასტუმროში იმყოფება 263 ადამიანი.

20 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 5219 ახალი შემთხვევაა, 42 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით გასულ დღე-ღამეში.

42 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 5219 ახალი შემთხვევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 20 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 5219 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 57301 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 42 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ დროისთვის საქართველოში კოვიდის 46 872 აქტიური შემთხვევაა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 775 შემთხვევა, აჭარაში – 142, იმერეთში – 907, ქვემო ქართლში – 375, შიდა ქართლში – 442, გურიაში – 104, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 339, კახეთში – 879, მცხეთა-მთიანეთში – 104, სამცხე-ჯავახეთში – 101, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 51.

19 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.79% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.02%.

მაღალი წნევის ერთ-ერთ მედიკამენტში გენოტოქსიკური მინარევი აღმოჩნდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო  ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორებს მიმართავს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ანტიჰიპერტენზიული ანუ მაღალი წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტ “ლოსარ/კოლოსარ დენკის” რეალიზაცია. სააგენტო კომპანიებს აფრთხილებს, ფარმაცევტული ბაზრიდან მედიკანენტი გამოითხოვონ.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო იუწყება, რომ „Denk Pharma GmbH & Co. KG“-ს წერილი მიიღო, აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტში (Losartan potassium) გენოტოქსიკური მინარევის აღმოჩენის თაობაზე.

გენოტოქსიკურად მიიჩნევა ქიმიური ნივთიერებები ან სხვა ფაქტორები, რომლებიც ტოქსიკურ გავლენას ახდენენ უჯრედის გენომზე.

საუბარია შემდეგ სამკურნალო საშუალებებზე:

ლოსარ-დენკი 25
25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
DENK PHARMA GmbH & Co.KG

ლოსარ-დენკ 50
50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
DENK PHARMA GmbH & Co.KG

ლოსარ-დენკ 100
100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
DENK PHARMA GmbH & Co.KG

კოლოსარ-დენკი 50/12.5
50მგ+12.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
DENK PHARMA GmbH & Co.KG

კოლოსარ-დენკი 100/12,5
100მგ/12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
Denk Pharma GmbH & Co. KG

ხუთივე ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა გერმანიაა.

 

როცა ბულვარში უკანონოდ აშენებ და მხოლოდ 10 000 ლარით გაჯარიმებენ

ბათუმის ბულვარში შპს „ამბასადორი ბათუმის“ სასტუმრო კომპლექსის მიმდინარე მშენებლობის დამტკიცებულ პროექტთან შესაბამისობა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სამუშაოების მიმღებმა კომისიამ 2021 წლის 20 სექტემბერს შეამოწმა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დარღვევის შესახებ 18 სექტემბერს „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა.

„ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში მე-17 სართულს აშენებს – დამტკიცებულია 16 სართული

სააგენტოს კომისიამ მიმდინარე მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოავლინა. ოქმის მიხედვით, სხვა ბევრ დარღვევასთან ერთად კომისიამ რამდენიმე სართულის სიმაღლეში გაზრდაც დააფიქსირა.

ოქმის მიხედვით, რომელიც კომისიამ შეადგინა, მე-14 სართული შეთანხმებულთან შედარებით ზუსტად 1.97 მეტრით არის გაზრდილი სიმაღლეში, მე-15 სართული – 0.32 მეტრით. მე-17 სართული კი [რომელსაც სააგენტო ოქმში ტექნიკურ სართულს უწოდებს] 1.77 მეტრით გაუზრდიათ სიმაღლეში.

გარდა ამისა, კომისია დამატებით შეუთანხმებელი კოლონების ჩამოსხმასა და აუზის ადგილის ცვლილებაზე მიუთითებს. საბოლოდ კი ოქმის შემაჯამებელ, დასკვნით ნაწილში კომისია წერს:

„განსხვავდება როგორც სართულების სიმაღლე, ასევე მათი განთავსების ნიშნულები. არსებული მდგომარეობით შენობის დასხმის უმაღლესი ვერტიკალური ნიშნული პროექტთან შეუსაბამოა და ნაცვლად 61.05 მეტრისა წარმოადგენს 64,90 მეტრს.“

დარღვევასთან დაკავშირებით შპს „ამბასადორი ბათუმის“ დირექტორი ელგუჯა ქებურია სააგენტომ ოფიციალურად წერილობით 21 სექტემბერს გააფრთხილა:

„გთხოვთ დაუყონებლივ შეაჩეროთ საპროექტო დოკუმენტაციით გაუთვალისწინებელი სამუშაოების წარმოება და ჩატარებული სამუშაოები მოიყვანოთ პროექტთან შესაბამისობაში. გაფრთხილებაში მითითებული პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაგეკისრებათ ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.“

გაფრთხილების მიუხედავად, კომპანიამ უნებართვო სამუშაოები გააგრძელა. ამ გაფრთხილებიდან 19 დღის შემდეგ, 2021 წლის 7 ოქტომბერს, „ბათუმელებმა“ კიდევ ერთი სტატია გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ კანონდამრღვევი კომპანია სააგენტომ არ დააჯარიმა, კომპანიამ კი გაფრთხილების მიუხედავად უნებართვო სამუშაოები გააგრძელა.

ამბასადორი ბათუმი“ უკანონო სართულის აშენებისთვის არ დააჯარიმეს – სამუშოები გრძელდება

მეორე დღეს, 8 ოქტომბერს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სასამართლოს ამბასადორის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით მიმართა. დარღვევა 10 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბათუმის ბულვარში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე, კომპანია თვითნებურად იქცევა – „ამბასადორი ბათუმმა“ შეთანხმებულ პროექტს ადრეც გადაუხვია. ამ ვითარებაში რატომ არაფერს აკეთებს მთავრობა ძეგლის დასაცავად? – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს 21 სექტემბერს ვკითხეთ, როდესაც ის ჯავახიშვილის ქუჩაზე ე.წ. „იაფი სახლის“ პროგრამით ბინების გადაცემის ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად მივიდა.

მაშინ თორნიკე რიჟვაძემ თქვა:

„მე მქონდა სააგენტოსთან კომუნიკაცია იმიტომ, რომ მეც ვარ შეწუხებული ამ საკითხით. როგორც განმიმარტეს, არის ტექნიკური სართული და არის პროექტისგან გადახვევა, ამიტომ დაჯარიმდება. იმ სართულთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირება რაც არის, ყველა ღონისძიება გატარდება. როგორც მითხრეს არის ტექნიკური სართული, ჰკითხეთ სხვა ექსპერტებსაც. ჩვენ ყველა საჭირო რეაგირებას გავაკეთებთ, პირობას გაძლევთ. რაც შეეხება იმას, რომ იქ ვინმე აპირებს 50 სართულის ან 60 სართულის აშენებას, ესეც არის კიდევ ერთი სპეკულაცია. ყველაფერზე რეაგირებას მოვახდენთ, დაელოდეთ რამდენიმე დღეში რას გააკეთებს სააგენტო – თუ არის იმ მასშტაბის გადახვევა, რომ ჩაითვლება სამართალდარღვევად, იქნება რეაგირება.“

ამ კომენტარიდან მალევე, 28 სექტემბერს, საზოგადოებამ მთავრობისგან შეიტყო, რომ „ამბასადორს“ აჭარის მთავრობამ ზღვაში 89 ჰექტარი გადასცა, მომავალში კუნძულის მშენებლობის პირობით. პრეზენტაციას „ამბასადორი ბათუმის“ 50 პროცენტის მფლობელის, ელგუჯა ქებურიას ვაჟი, თორნიკე ქებურია ესწრებოდა და შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მან მოაწერა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათელა თურნავამ კი, ამ ცერემონიალზე კანონდამრღვევ ინვესტორს  საჯაროდ ბევრი კომპლიმენტი უთხრა და გვერდში დგომა აღუთქვა.

ნათია თურნავას ფლირტი კანონდამრღვევ „ამბასადორთან“

სად შეწყდება წყალი ბათუმში

ბათუმში სასმელი წყლის მიწოდება ღამის ორ საათამდე შეწყდება განთიადში, ბარცხანასა და თამარის დასახლებაში.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი ჩაისუბნის, ყოროლისთავისა და ლეჩას სათავე ნაგებობებზე  წყლის ამღვრევაა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ბათუმში ხვალაც იწვიმებს და 21 ოქტომბრიდან გამოიდარებს.

საზღვაო აკადემია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარს აცხადებს

ბათუმის საზღვაო აკადემია უარს ამბობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, დაუყოვნებლივ აღადგინოს შესაბამის თანამდებობაზე აკადემიის ყოფილი პროფესორი ვაჟა ანანიძე. დღეს, 19 ოქტომბერს, ვაჟა ანანიძემ საზღვაო აკადემიისგან რექტორის ხელმოწერილი ოფიციალური განცხადება მიიღო, რომელშიც წერია: „სასამართლოს გადაწყვეტილებას ვაჟა ანანიძის დაუყოვნებლივი აღდგენის შესახებ ვერ განვახორციელებთ შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო“.

აკადემიიდან გათავისუფლების დროს ვაჟა ანანიძე აკადემიის ბიბლიოთეკის კოორდინატორის პოზიციაზე მუშაობდა და სწორედ ამ პოზიციაზე უნდა აღედგინათ ის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

ვაჟა ანანიძის უფლებებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავს. ორგანიზაციის იურისტის, ანა ბერძენიშვილის თქმით, საზღვაო აკადემიის გადაწყვეტილება სისხლის სამართლის დანაშაულია, რადგან ის უარს ამბობს სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ დღეს, სამუშაო საათების დასრულებამდე, მივმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოვითხოვოთ ამ საქმის გადაგზავნა პროკურატურაში. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაში ხელშეშლა ან სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, მით უფრო საზღვაო აკადემიის მხრიდან, სისხლის სამართლის დანაშაულია. ამაზე შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს საქართველოს პროკურატურას“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

მისი თქმით, განხილვის დროს სასამართლო კვლევის საგანი არ ყოფილა, რამდენად აქვს საზღვაო აკადემიას ვაკანტური პოზიცია, ან შესაფერისი პოზიცია თუნდაც თანამდებობრივი თვალსაზრისით, ან გასამრჯელოს ანაზღაურების კუთხით. „სასამართლოს ეს მსჯელობა ნიშნავს იმას, რომ საზღვაო აკადემიამ დაუყოვნებლივ უნდა აღასრულოს გადაწყვეტილება და ვაჟა ანანიძე აღადგინოს ტოლფას თანამდებობაზე.

არაერთ გადაწყვეტილებაში უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა იმას ნიშნავს, რომ მოპასუხე მხარემ, თუ არ გააჩნია ტოლფასი თანამდებობა, უნდა უზრუნველყოს ტოლფასი თანამდებობის შექმნა. ამას რა პროცედურით და საშუალებით მოახდენს, ეს დამოკიდებულია მოპასუხეზე“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

იურისტის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შრომით დავებში ეს იქნება ნონსენსი, რადგან ყველა გათავისუფლებული – საჯარო მოხელე იქნება თუ კერძო ორგანიზაციაში დასაქმებული, სასამართლო დავის მოგების შემთხვევაში ვერ დაბრუნდება სამსახურში. „როგორც წესი, მეორე ან მესამე დღეს ხდება ან შტატის გაუქმება, ან შტატისთვის სახელის გადარქმევა. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება მოგების მიუხედავად ვერასდროს აღსრულდება“, – ამბობს ბერძენიშვილი.

ანა ბერძენიშვილის თქმით, აკადემიამ სასამართლო გადაწყვეტილების კიდევ ერთი მუხლი არ აღასრულა: კერძოდ, ვაჟა ანანიძეს დღემდე არ ჩარიცხვია განაცდური ხელფასი – რაც ასევე სასამართლო გადაწყვეტილების უგულებელყოფაა.

ვაჟა ანანიძის სარჩელი სასამართლომ მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების მიხედვით, აკადემიამ არა მხოლოდ უნდა აღადგინოს ანანიძე სამსახურში, არამედ ორი წლის ნაცდური ხელფასი და ასევე მორალური კომპენსაცია – 25 ათასი ლარი უნდა გადაუხადოს.

„ეს ყველაფერი მიუთითებს საზღვაო აკადემიის უკანონო ქმედებებზე, რადგან სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ, მიუხედავად იმისა, აკადემია მომავალში გააგრძელებს თუ არა სასამართლო დავას სააპელაციო სასამართლოში.

შრომის დავების შემთხვევაში არის ასეთი ლოგიკა, რომ დაზარალებულ, უკანონოდ გათავისუფლებულ და შემდგომში კომპენსაციამიღებულ მოქალაქეს არ უნდა მოუწიოს წლობით ლოდინი, როგორც სამსახურში აღდგენაზე, ასევე ხელფასის მიღებაზე“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა საზღვაო აკადემიას. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ კომენტარს შეუთანხმებდნენ აკადემიის იურიდიულ სამსახურს. მოგვიანებით კი გვითხრეს, რომ „რადგან შეეხება კონკრეტულ პირებს, ეს არის პერსონალური ინფორმაცია“ და დამატებით ინფორმაციას ამ საკითხზე ვერ მოგვაწვდიდნენ.

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძეა.

როგორ ვიზრუნოთ ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენაზე – ექიმის რჩევები

დენტალური კარიესი ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელსაც თუ არ ვუმკურნალეთ, იწვევს ტკივილსა და ინფექციებს, რის შედეგადაც შესაძლოა კვებასთან და საუბართან დაკავშირებული პრობლემებიც განვითარდეს. ოჯახის ექიმი თამარ ლომთაძე ამბობს, რომ ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვა მაშინვე უნდა დავიწყოთ, როგორც კი პირველი კბილი ამოიჭრება.

  • ქალბატონო თამარ, პირველი კბილების ამოჭრის დროს რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა?

პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა იწყება პირველი კბილის ამოჭრისთანავე, რაც უკვე წინაპირობაა ჯანსაღი პირის ღრუსი და ჯანმრთელი კბილების ამოსვლის. საამისოდ არსებობს სპეციალური რეზინის ჯაგრისები, შესაძლებელია მშობელმა ძალიან მარტივად, თუნდაც თითზე დაიხვიოს დოლბანდი და წრიული, ნაზი მოძრაობით ფრთხილად გაწმინდოს კბილი. ამავე დროს გარკვეულწილად ღრძილის მასაჟიც გამოდის და ეს ბავშვებს სიამოვნებთ ხოლმე.

როცა უკვე ეტაპობრივად ამოიჭრება დანარჩენი კბილები, აუცილებელია ვიზიტი სტომატოლოგთან, ეს პირველ რიგში კარგია იმიტომ, რომ ბავშვი ეჩვევა ამ გარემოს და შემდგომ, როდესაც უკვე სტომატოლოგის ჩარევა და მანიპულაციები დასჭირდება, ფაქტობრივად, შიშის ფაქტორი მოხსნილი აქვს.

ბავშვმა ჰიგიენური ჩვევები პირველ წლებში უნდა გამოიმუშაოს მშობლის კონტროლით. შემდგომ უკვე აუცილებელია ყოველ 6 თვეში სტომატოლოგთან ვიზიტი, პირის ღრუს დათვალიერება, პირის ღრუს გაჯანსაღება და საჭიროების შემთხვევაში სტომატოლოგის ჩარევა, იქნება ეს კარიესი, ექსტრაქცია თუ სხვა.  ეს კონსულტაცია არის პირველი რგოლი, რომლის შემდგომ უკვე ხდება დაგეგმარება, საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება კონკრეტულ ექიმთან.

  • რამდენად დროულად მიმართავენ მშობლები ბავშვთა სტომატოლოგებს?

ეს ჩვენთან სამწუხაროდ არ ხდება. ბავშვებს სამი წლის ასაკში ზოგადად სარძევე თანკბილვა უკვე ჩამოყალიბებული აქვთ და ძალიან ხშირია სამი წლის ასაკში მრავლობითი კარიესი. ეს, პირველ რიგში, ჰიგიენური ნორმების დაუცველობაზე მიუთითებს და ამავე დროს, როდესაც კარიესი მრავლობითია და სისტემურად არის პირის ღრუში, უკვე ეჭვი ჩნდება ორგანიზმში მიმდინარე სხვა სისტემური დაავადებების არსებობაზე.

კარიესის განვითარებისას რაც უფრო ადრე აღმოაჩენს მას სტომატოლოგი,  მით უფრო მარტივი პროცედურაა, მით  უფრო ცოტა დრო სჭირდება და ბავშვისთვის უფრო ადვილად გადალახვადი დაბრკოლებაა. როდესაც უკვე  კარიესული ღრუ დიდია და გვირგვინოვანი ნაწილი დაშლილია, სამწუხაროდ ხშირად გვიწევს პაციენტის გადამისამართება ქირურგთან, სადაც ხდება კბილის ექსტრაქცია (ამოღება), რაც შემდგომ, თავის მხრივ, გამოიწვევს სხვა გართულებებს, თანკბილვის ანომალიებს და პრობლემა უკვე ორთოდონტული სტომატოლოგიის სფეროც ხდება.

  • რას მოიცავს ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენა?

როცა პირის ღრუში ამოიჭრება კბილი, უნდა დავიწყოთ ჰიგიენის ნორმების დაცვა, რაც პირველ წლებში აუცილებლად უნდა აკონტროლოს მშობელმა.

დილით და საღამოს კბილების წმენდა არის აუცილებელი პირობა.

ასევე, დღის განმავლობაში აუცილებელია ბავშვმა მიიღოს მყარი საკვები,  მაგალითად, სტაფილო და ვაშლი კბილების თვითწმენდისთვის. ეს არის ჰიგიენის აუცილებელი პირობები, რაც უნდა დავიცვათ. რეკომენდებული და აუცილებელია 6 თვეში ერთხელ სტომატოლოგთან ვიზიტი და გამოკვლევა.

ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან ინდივიდუალურია, ზოგიერთი მშობელი კარგად იცავს ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენის წესებს, მაგრამ სამწუხაროდ ხდება ისეც, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში მოდიან.

  • რა მნიშვნელობა აქვს მყარი საკვების მიღებას ბავშვის კბილებისთვის?

ზოგადად, დაბლენდერებული, იგივე თხევადი საკვების ხანგრძლივი გამოყენება პირველ რიგში აუარესებს ჰიგიენურ ნორმებს. გარდა ამისა, ხდება საღეჭი, მიმიკური კუნთების მოდუნება, მისი ფუნქციის დაქვეითება, რის შედეგადაც ვითარდება ე.წ. ზარმაცი ღეჭვა. ეს გამოიხატება  ყბა-კბილთა სისტემის დეფორმაციით. ამიტომ აუცილებელია  თხევადი საკვების დროულად ჩანაცვლება  მყარი საკვებით.

  • რა დოზით უნდა მიიღოს ბავშვმა ტკბილეული?

0-3 წლამდე ასაკში, როცა ძილის დროს ბავშვს ბოთლით აძლევენ ტკბილ სითხეებს, მაგალითად, ჩაისა თუ კომპოტებს, ჩნდება ე.წ. ბოთლის კარიესი, რომელიც განსაკუთრებით გამოხატულია, რადგან ფრონტალურ მიდამოში ვითარდება.

ტკბილს მთლიანად ვერ ავუკრძალავთ ბავშვს, მაგრამ მისი მიღება უნდა იყოს შეზღუდული. მაგალითად, სამ წლამდე, მე როგორც ექიმს, საერთოდ არ მიმიცია შოკოლადი და საწუწნი კანფეტები ბავშვისთვის. არ არის რეკომენდებული, ამით ზიანს ვაყენებთ მათ ჯანმრთელობას.  შემდეგ ცოტ-ცოტა, განსაზღვრული დოზით შეგვიძლია მივცეთ, მთავარია, დასაწყისშივე ჯანსაღი პირის ღრუ ჩამოვაყალიბოთ.

  • კარიესის პრევენცია როგორია?

გარდა ჰიგიენის ნომრების დაცვისა, არსებობს კარიესის პრევენციული ზომა – ჰერმეტიზაცია.

როდესაც პირველი მოლარი ანუ პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება, ხშირად მშობლები ამ კბილს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, ჰგონიათ, რომ ეს სარძევე კბილია და მის ადგილას ახალი კბილი ამოვა (პირველი მუდმივი მოლარების ამოჭრა ხდება 6-7 წლის ასაკში). შემდგომში, როცა უკვე კბილის ტკივილით 8-9 წლის ასაკში მიჰყავთ ბავშვი სტომატოლოგთან, კბილი შესაძლოა ისეთი დაზიანებული იყოს, დაშლილი გვირგვინოვანი ნაწილით, პერიოდონტის ქსოვილში ანთებითი პროცესით, რომ სამწუხაროდ ვეღარ შევინარჩუნოთ და მუდმივი კბილის ექსტრაქცია გახდეს საჭირო.

ამის პრევენციისთვის ჰერმეტიზაციასაც მივმართავთ. ამ დროს კბილის საღეჭ ზედაპირზე არსებულ ფისურებში/ღრუებში ხდება გამჭვირვალე მასის ჩაღვრა, რომელიც ერთი ან ორი წლით  იცავს კბილს. ამ სიღრმეების ხელოვნურად ამოვსებისას იქ აღარ ხვდება მავნე ბაქტერიები და მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტები ვეღარ ახდენენ მავნე ზეგავლენას, შესაბამისად ხდება კარიესის პრევენცია. შემდგომ განმეორებით ტარდება ჰერმეტიზაცია და კონტროლდება სტომატოლოგის მიერ.

ჰერმეტიზაციისთვის კბილი უნდა იყოს ჯანსაღი, ამიტომ კბილი უნდა შეაფასოს ექიმმა და დაადგინოს. ხომ არ აღინიშნება კარიესული დაზიანება.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ კარიესის განვითარებას აქვს თავისი სტადიები. ამიტომ დროულად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან კარიესის ღრმად განვითარებამ შეიძლება ფუნქციონალური ცვლილებები გამოიწვიოს – დაირღვეს ღეჭვის ფუნქცია, რომელსაც უკვე სხვა სახის დარღვევებთან მივყავართ და სხვა სპეციფიკის ექიმის ჩართულობა ხდება საჭირო.

 

„ხუთიდან დაახლოებით ერთ ბავშვს (20%) 5-11 წლის ასაკში სულ ცოტა ერთი კარიესი მაინც აქვს. დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან 5-დან 19 წლამდე ასაკის ბავშვებს ორჯერ მეტი ალბათობა აქვთ (25%), რომ ჰქონდეთ კარიესი, უფრო მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახების ბავშვებთან შედარებით (11%)“ – აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

 

Exit mobile version