დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, სახალხო დამცველმა საგანგებო განცხადებით შეაჯამა 2021 წელს ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა საქართველოში. ნინო ლომჯარიას თქმით, ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა, ახალი კორონავირუსის პანდემიამ კი დამატებითი პრობლემები შეუქმნა შშმ პირებს.
განცხადების მიხედვით, 2021 წელს გამოიკვეთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული რიგი სისტემური პრობლემები.
„მათ შორის, როგორც სამედიცინო დაწესებულებებსა და სერვისებზე წვდომის, ისე სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაციის სირთულის კუთხით. გაუარესდა ამ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, დასაქმების პერსპექტივა. მათი ნაწილი კვლავ დარჩა პანდემიის საპასუხოდ შემუშავებული სახელმწიფოს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიღმა,“ – ამბობს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს საქართველოს პარლამენტმა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება მოახდინა, რაც მნიშვნელოვანია ამ პირთა უფლებების საერთაშორისო დაცვის მექანიზმებით უზრუნველყოფისთვის. ასევე, სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა.
თუმცა, როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, ჯერ კიდევ არ მომხდარა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭების სამართლიან სისტემაზე გადასვლა, რომელიც გარდა სამედიცინო ჩვენებისა, ყურადღებას გაამახვილებს პირის ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებზე.
„მოქმედი მოდელის მიხედვით განსაზღვრული სოციალური პაკეტის ოდენობა, გარდა იმისა, რომ არ არის მორგებული პირის ინდივიდუალურ საჭიროებებზე, მინიმალურადაც ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთა საჭიროებების დაკმაყოფილებას.
გასული წლის შემდეგ არსებითად არ შეცვლილა სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებები. თითქმის ყველა შემთხვევაში პრობლემურია მომსახურებათა გეოგრაფიული დაფარვა, მეტწილად ვერ ხერხდება ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა შშმ ბავშვის/პირის მოცვა და სერვისებს ჰყავთ მომლოდინეთა რიგები,“- ამბობს ლომჯარია.
_________________________
მთავარ ფოტოზე: შშმ პირთა მსვლელობა ბათუმში/ბათუმელები
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოში კვლავ საგანგაშოა ფემიციდის სტატისტიკა.
2021 წლის 9 თვის განმავლობაში (იანვარი – სექტემბერი) საქართველოში 13 ქალი მოკლეს, საიდანაც 5 შემთხვევაში ოჯახში დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, ხოლო 8 შემთხვევაში – სხვა მოტივი.
ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს ასევე დაფიქსირდა 20 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რომელთაგანაც ოჯახში დანაშაულის ნიშნით 11 ფაქტი იყო ჩადენილი.
„ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით პრობლემად რჩება ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გატარება, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სისტემის გაუმჯობესება და ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის შესაძლებლობების შექმნა,“ – ამბობს ნინო ლომჯარია.
სახალხო დამცველმა დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, წარმოადგინა აღნიშნული მონაცემები.
_____________________
ფოტოზე: 8 მარტს გამართული აქცია-პერფორმანსი ზუგდიდში, 2018 წელი. ცაბუნია ვართაგავას ფოტო
37 წლის ნაზი გეგეშიძემ თურქეთში 8-წლიანი ემიგრაციის შემდეგ საქართველოში, ბათუმში დაბრუნება გადაწყვიტა. აქ დედა, მამა, ძმა, და და 13 წლის შვილი ელოდნენ. ნაზი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა მოზარდი შვილის გვერდით ყოფნაა, რომელსაც, მისი თქმით, დედა ახლა ყველაზე ძალიან სჭირდება.
ნაზი სხვადასხვა ოჯახში მუშაობდა იზმირსა და სტამბოლში მომვლელად, დამლაგებლად.
თურქეთის გარდა მას ბელგიაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, სადაც თურქეთის მოქალაქეების ოჯახს გაჰყვა.
ნაზი „ბათუმელებთან“ საუბრობს ემიგრაციის წლებზე, ოჯახებზე, სადაც მუშაობდა და ქართველების შრომაზე უცხოეთში – თავის გასატანად.
ნაზი გეგეშიძის მონათხრობი
2012 წელს წავედი ემიგრაციაში. ქვეყნიდან წასვლა იმდროინდელმა ყოფამ გადამაწყვეტინა, იქნებ რაღაცნაირად შევშველებოდი ოჯახს, შვილს, ქვეყანასაც კი.
წავედი 2012 წლის ზაფხულში და ახლა, 8 წლის შემდეგ დავბრუნდი.
ჩემი ერთი დღე ემიგრაციაში ასეთი იყო: დილით ოჯახის წევრებს სამსახურში ვაცილებდი, ბავშვებს – სკოლაში. მერე საქმე იწყებოდა.
მევალებოდა სახლის დალაგება-დასუფთავება, რეცხვა, დაუთოება, საპასუხისმგებლო საქმეები, ოჯახს რაც ეხებოდა, ყველაფერი ჩემს ზურგზე იყო.
ნაზი გეგეშიძე, ყოფილი ემიგრანტი
გადავლახე ბევრი დაბრკოლება. განსაკუთრებით ცუდი დასანახი იყო შორიდან, თუ როგორ უჭირთ საქართველოში.
უცხოეთში ქართველები მუხლჩაუხრელად შრომობენ, ბევრს ჰგონია, რომ გაცვივა თავზე ფული და არაფერი გენაღვლება.
კვირაში ერთი დღე გვქონდა დასვენება – დილიდან საღამომდე. ამ დროს ვცდილობდით ფოტოები ლამაზ ადგილებში გადაგვეღო, მაგრამ მერე შეტყობინებები მომდიოდა. მწერდნენ: რა გეფოტოება, რა გენაღვლება, რაში გადარდებს, გვიჭირს თუ გვილხინს ჩვენო. ასე მწერდნენ შორეული ნაცნობები, შინაურებიც…
არადა, ამით ჩვენს საყვარელ ადამიანებს ვაჩვენებდით, რომ შევძელით და ვცდილობთ, რომ ფეხზე ვიდგეთ. ეს იყო ის ფოტოები, მეტი არაფერი.
ჩემზე უფროს ქალებს ფოტოების ფეისბუქზე დადების ერიდებოდათ, ხალხი რას იტყვისო. რახან შედარებით ახალგაზრდა ვიყავი, მეუბნებოდნენ – მიდი, ნაზი, შენ მაინც გადაიღეო და ასე დამიგროვდა უამრავი ფოტო ტელეფონში.
თურქები გვირჩევდნენ, იმდენი ისტორიული რამეა სტამბოლში, აუცილებლად ნახეთო და ვცდილობდით, მოგვენახულებინა ღირსშესანიშნაობები.
ოჯახებში ძირითადად კარგად გვექცეოდნენ, მხოლოდ ერთი უსიამოვნება მახსოვს.
ერთ ოჯახში სამუშაოს ვიზას მიკეთებდნენ და ხელმოწერა იყო საჭირო. ოჯახის მამაკაცს მანქანით უნდა წავეყვანე. წინ გააღო კარი, მაგრამ მე მაინც უკან დავჯექი, მომერიდა. ამ ბიჭმა მითხრა: შენ ჩვენი და ხარ, მე და არ მყავს და დასავით გიყურებ, ჩვენი ოჯახის წევრი ხარ დაჯექი წინ, ნუ გერიდებაო, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის იმ ოჯახზე.
ცრემლი, ტკივილი, გაძლება და იმედი – ესაა, რაც ემიგრაციაში გდევს თან. იმედი იმის, რომ შვილთან დაბრუნდები. შვილისგან შორს ხარ, მაგრამ რაც მას უნდა გადასცე: სითბო, სიკეთე თუ დედაშვილობა – გადასცემ სხვის შვილებს.
საქართველოში რომ ჩამოვდიოდი, შვილს ხელს ჩავკიდებდი და მარტო დავდიოდით ქუჩებში. ვცდილობდი, ყველაფერი გადამეცა მისთვის, რასაც სიშორით ვაკლებდი.
სამწლინახევრის დავტოვე ჩემი შვილი, საქართველოდან რომ წავედი. დედა რომ სჭირდებოდა, ზუსტად იმ დროს დავტოვე.
დედაჩემიც ჩემსავით ემიგრანტი იყო იმ დროს.
მჯერა, ამ დატოვებული შვილების, ესენი ძალიან მაგარ საქართველოს ხედავენ. მჯერა, რომ დედების ცრემლს და ტკივილს თავს მოუყრიან და საქართველოს გააძლიერებს ეს ყველაფერი.
მთავარ ფოტოზე: ყოფილი ემიგრანტი ნაზი გეგეშიძე მეგობრებთან ერთად, ემიგრაციაში
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და სწავლა 2022 წლის 17 იანვარს განახლდება.
არდადეგების დაწყებამდე სკოლებმა მოსწავლეები უნდა შეაფასონ და მონაცემები ელექტრონულ ჟურნალში ასახონ.
დღეს მოსწავლეთა შეფასებისას ძირითადად ორი ტიპის – განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას იყენებენ.
განმავითარებელი შეფასების დროს მასწავლებელი აღწერს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მომდევნო სასწავლო წელს ეფექტიანი საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის შესაძლებლობას.
განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს სწავლის ხარისხის გაკონტროლებას, მოსწავლის მიღწევების დონის დადგენას ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიზნების მიმართ. განსაზღვრულ შეფასებაში იწერება ქულა.
კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში სკოლების გარკვეული ნაწილი დისტანციურად სწავლობს, ნაწილი კი – საკლასო სივრცეში. ამიტომ სკოლებს მოსწავლეების შეფასებისას შეუძლიათ გამოიყენონ აღნიშნული სისტემა.
თურქეთში ტორნადო უფრო და უფრო ხშირად ფიქსირდება. ექსპერტები ამბობენ, რომ ამის მიზეზი კლიმატის ცვლილებებია.
მხოლოდ 2021 წლის დეკემბერში თურქეთში ტორნადო დააფიქსირეს ერთმანეთისგან 1500 კილომეტრით დაშორებულ ორ ადგილას, იზმირში და ბაიბურთის პროვინციაში, სადაც ტორნადომ სოფელში სახლების სახურავები ჩამოანგრია.
პროფესორმა მურატ ტურკეშმა, სტამბოლში მდებარე ბოღაზიჩის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილებისა და კვლევების ცენტრიდან თურქულ მედიასთან განაცხადა, რომ ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში ტორნადოს გეოგრაფია შეიცვალა, რაც დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებებთან და ამით გამოწვეულ ახალ რეალობასთან.
მან აღნიშნა, რომ თუ კი ადრე ტორნადო თურქეთში იშვიათი იყო და ძირითადად გვხვდებოდა ხმელთაშუა ზღვაში, ანტალიისა და ისქენდერუნის ყურეში, ახლა უკვე ტორნადოს შემთხვევები ფიქსირდება მარმარილოსა და შავ ზღვებშიც.
სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ უკვე საჭიროა გათვალისწინებული იქნას ტორნადოს ფაქტორი ახალი შენობების დაპროექტებისას, ქარიშხლებისაგან თავის დასაცავად.
დღეიდან, ყველა პორტირებულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს სასაუბრო ან ინტერნეტ პაკეტი საჩუქრად:
ერთი წლის მანძილზე, ყოველთვიურად, 2GB ინტერნეტი;
ერთი წლის მანძილზე, ყოველთვიურად, 50 სასაუბრო წუთი ადგილობრივ ქსელში;
სილქნეტის ქსელში პორტირება უფასოა!
მსურველმა პორტირებისთვის უნდა მიმართოს ნებისმიერ სერვის ცენტრს, ან სახლიდან გაუსვლელად, შეავსოს განაცხადი ონლაინ hello.silknet.com და მიიღოს სიმ ბარათი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში.
თბილისის მასშტაბით SIM ბარათის მიღება უფასოა.
სილქნეტის ქსელის უპირატესობებია:
ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სტანდარტზე 7 ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტი;
უახლესი „გიგაბიტ LTE“ ტექნოლოგიით აღჭურვილი ქსელი;
უაღრესად სწრაფი, სტაბილური სიჩქარე და მაღალი ტევადობა, რაც საშუალებას იძლევა, გაცილებით მეტ აბონენტს შესთავაზოს კომპანიამ მობილური ინტერნეტ-სერვისი, სიჩქარის დეგრადაციის გარეშე;
უწყვეტი კავშირი ახლობლებთან ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი კუთხიდან;
დიდი მოცულობის ფაილების გადაგზავნა, საქმიან შეხვედრებში ჩართვა (ინტერნეტ ხმოვანი და ვიდეო ზარებითა და კონფერენც-ზარებით) და მაღალი გარჩევადობის ვიდეოების ყურება წყვეტის გარეშე;
სილქნეტი აგრძელებს ქსელის განვითარებას ქვეყნის მასშტაბით და მომავალი წლის გაზაფხულამდე გეგმავს საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში მობილური ინტერნეტის და ხმოვანი კავშირის მაღალი ხარისხით კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და გაძლიერებას.
პორტირების შესახებ – როგორ დაპორტირდეთ; რა დროა საჭირო; შესაძლებელია თუ არა ძველი ბალანსის შენარჩუნება და სხვა, გაეცანით დეტალურად .
#გაიაქტიურეზამთარი, დაპორტირდი სილქნეტში და მიიღე საჩუქარი!
ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 32-ე სესიის (IMO Assembly 32nd session) ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ, თამარ იოსელიანის ხელმძღვანელობით, საუდის არაბეთის სამეფოს ტრანსპორტის მინისტრთან, სალეჰ ალ იასერთან გამართა შეხვედრა, რომელზეც საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის „მეზღვაურთა სერთიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ“ მემორანდუმს მოეწერა ხელი.
-„დღეიდან ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატებს საუდის არაბეთის სამეფოშიც აღიარებენ. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან საქართველოს ჰყავს გამოცდილი და კომპეტენტური მეზღვაურები, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ ტანკერების მართვაში სპეციალიზდება“, – საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, თამარ იოსელიანი.
საუდის არაბეთის სამეფოს დროშის ქვეშ თანამედროვე სატანკერო ფლოტი ცურავს და როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, გასათვალისწინებელია ის სამუშაო და სოციალური პირობებიც, რომლებიც ღირსეული დასაქმების შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მეზღვაურებს. – „ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშესაწყობად ვგეგმავთ მჭიდრო კომუნიკაციას გემთმფლობელ კომპანიებთანაც“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.
სამუშაო შეხვედრაზე დიდი ყურადღება დაეთმო ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და საუდის არაბეთის სამეფოს საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სამომავლო თანამშრომლობას ერთობლივი სასწავლო პროგრამების მომზადების, სტუდენტების სასწავლო პრაქტიკით უზრუნველყოფისა და გაცვლითი პროგრამების მიმართულებით.
მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს წარმომადგენლობების თანამშრომლობის შესაძლებლობაც, რომელიც შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება სხვადასხვა კომიტეტებსა და ქვეკომიტეტებში ერთობლივი მუშაობით.
საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ IMO-ს საზღვაო უსაფრთხოების სამმართველოს დირექტორი ჰეიკ დეგიმი და საქართველოს ელჩი, IMO-ში მუდმივი წარმომადგენელი სოფიო ქაცარავა.
10 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 3454 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 54 470 ტესტი კორონავირუსზე.
გასულ 24 საათში 49 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 454 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 575 შემთხვევა, აჭარაში – 148, იმერეთში – 543, ქვემო ქართლში – 226, შიდა ქართლში – 280, გურიაში – 93, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 236, კახეთში – 166, მცხეთა-მთიანეთში – 86, სამცხე-ჯავახეთში – 84, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 17.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.82%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.06% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.74%.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ბრიფინგზე განაცხადა დღეს, 9 დეკემბერს, საღამოს.
„მადლობა მინდა გადავუხადო სამედიცინო საზოგადოებას, ვინც იბრძოდა თითოეული მოქალაქის გადასარჩენად. ასევე, ყველა მოქალაქეს; სამინისტროს გუნდს, რომელიც დაუღალავად ებრძოდა უხილავ მტერს.
ჩემთვის ჯანდაცვის მინისტრობა იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ჩვენი ყველა ქმედება იყო მიმართული საუკეთესო გამოსავლების მისაღწევად,“ – განაცხადა ტიკარაძემ.
ტიკარაძის თქმით, იგი მუშაობას მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში ჯანდაცვის მიმართულებით გააგრძელებს.
ბათუმში უკვე წელიწად-ნახევარია უცხოელ მოხალისეთა ჯგუფი მუშაობს, რომლებიც ქუჩაში მყოფ მიუსაფარ ცხოველებზე, ძაღლებსა და კატებზე ზრუნავენ.
ისინი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ ბათუმში: იულია ბარანოვსკაია ბელარუსია, კარინა კუცაროვა და ირინა სიგალი უკრაინიდან არიან, ელენა ჩიკულინა და ალინა უნტანიდოვა – რუსეთიდან, ხოლო მარინა აკხუნდოვა აზერბაიჯანიდანაა.
მათ ერთი მიზანი აერთიანებთ – იზრუნონ მიუსაფარ ცხოველებსა და საზოგადოების ყურადღება გაამახვილონ ამ პრობლემაზე.
უცხოელი მოხალისეებიმოხალისეებიკარინა კუცაროვა
მოხალისეთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი – 25 წლის ელენა ჩიკულინა, სამი წლის წინ ჩამოვიდა რუსეთიდან საქართველოში და თანამოაზრეებიც მალევე იპოვა:
„აქ გავიცანით ერთმანეთი, როცა დავიწყეთ მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნვა და გადავწყვიტეთ, გაგვეგრძელებინა ეს საქმიანობა,“ – გვიყვება ელენა.
იგი ამბობს, რომ წუხს ქუჩაში მყოფი ცხოველების გამო და გუნდთან ერთად ცდილობს, შეამციროს უსახლკარო და მკურნალობის საჭიროების მქონე ცხოველების რიცხვი ბათუმში:
„ბევრი მიუსაფარი ცხოველია საქართველოში, ისინი იტანჯებიან და მათ არავინ უვლის.
ჩვენს ქვეყნებშიც ბევრი მიუსაფარი ძაღლია, მაგრამ უმეტესად – მეტისები. აქ კი ბევრი ჯიშიანი ძაღლი გვხვდება გარეთ.
ჩვენი ჯგუფი ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს მიუსაფარ ცხოველთა ყოველდღიურობის შეცვლაში“.
მოხალისეთა ჯგუფი ბათუმის ნაგავსაყრელიდან ცხოველების გამოყვანაშიცაა ჩართული. ბათუმელ ცხოველისმოყვარულებს, მოხალისეებს, მერიამ თავშესაფრისთვის აეროპორტის გზატკეცილზე გარკვეული ტერიტორიაც გამოუყო, სადაც მათ ნაგავსაყრელიდან გადაყვანილ ცხოველებს მკურნალობენ:
„დომ 2“ – ასე ვეძახით ტერიტორიას, რომელიც ქალაქის ადმინისტრაციამ გამოყო და იქ მიგვყავს ცხოველები უშუალოდ ნაგავსაყრელიდან.
ძაღლები, რომელთაც სასწრაფო დახმარება სჭირდებათ, ჩვენს ტერიტორიაზე მიგვყავს და იქ ვმკურნალობთ მათ.
ქუჩაში ნაპოვნი ძაღლების იქ წაყვანის უფლება არ გვაქვს, მათთვის თავშესაფარს უკვე სხვაგან ვეძებთ,“ – ამბობს ელენა ჩიკულინა.
მოხალისეები ბათუმის ნაგავსაყრელზე
თუმცა, მისი თქმით, არც ქუჩაში მცხოვრები ძაღლები რჩებიან მათი ყურადღებისა და დახმარების გარეშე:
„ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ცხოველები სხვადასხვა ვეტერინართან დაგვყავს მათი დატვირთულობისა და ჩვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით.
იმ ცხოველებისთვის, რომელთაც ადამიანის მეთვალყურეობა სჭირდებათ რეაბილიტაციის პერიოდში, ვეძებთ ოჯახს, ვისაც გადავუხდით ძაღლის შეფარებისთვის, ძალიან იშვიათად გვხვდებიან ისეთებიც, ვინც უფასოდ იზრუნებს მათზე“.
ელენა ჩიკულინამოხალისეები
გუნდის კიდევ ერთი წევრი – 32 წლის კარინა კუცაროვა ჰყვება, რომ უკრაინიდან საქართველოში სამსახურებრივი შეთავაზების გამო 2016 წელს ჩამოვიდა და ახლა მენეჯერია სამორინე „ჰილტონში“.
კარინა ამბობს, რომ ყველა ცხოველი, რომელსაც დახმარებია, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან უყვარს. კატებიც ხშირად მიჰყავს სახლში იქამდე, სანამ ახალ ოჯახს უპოვის:
„სახლში კატები მიმყავს დროებით, სანამ ახალ სახლს ვუპოვით. გარდა ამისა, სამსახურიც მაქვს, ცხოველებზე ზრუნვა კი დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს“.
კარინას დღემდე ახსოვს კატა, რომლის გადარჩენასაც ლამობდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს:
„კატას ბრედი ერქვა. მის გადარჩენას ვცდილობდით, გადასხმებს ვუკეთებდით, ნემსებს, მედიკამენტებს ვასმევდით, მაგრამ გვიან მოგვმართეს დახმარებისთვის და მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვეღარ შევძელით,“ – გვიყვება კარინა.
გოგოების გუნდს ხშირად სხვა მოხალისეებიც ეხმარებიან და შრომას უმსუბუქებენ:
„ძირითადად გოგოები ვართ ამ საქმით დაკავებული, მაგრამ სხვა მოხალისეებიც გვყავს, მაგალითად – ანდრეი, ის ბალტიისპირეთიდანაა, გვეხმარება ძალიან, მაგრამ ყოველთვის არ არის საქართველოში, ზამთრობით ჩამოდის ხოლმე.
კიდევ ირაკლი, ის ქართველია, ისიც სამსახურის გამო მუდმივად ვერ აქტიურობს, მაგრამ ყოველი შესაძლებლობებისას რაღაცით გვეხმარება“. – ამბობს ელენა.
მოხალისეები
მკურნალობის, კვებისა და სხვა საჭირო ხარჯებთან დაკავშირებულ საკითხებს მოხალისეები ინსტაგრამზე შექმნილი გვერდის გამომწერების მხარდაჭერითა და სხვადასხვა პროდუქციის გაყიდვებიდან შემოსული თანხებით აგვარებენ:
„თუ გვყავს, დავუშვათ, ძაღლი რაიმე სახის მოტეხილობებით, მიგვყავს ვიდეოდათვალიერებაზე, გვითითებენ, რომელი მედიკამენტები და როგორი ოპერაცია დასჭირდება, რა ხარჯებთან იქნება ეს დაკავშირებული, მერე ამის შესახებ ვყვებით სოციალურ ქსელში იმ ადამიანებთან, ვინც თვალს გვადევნებს და ისინი ფინანსურად გვეხმარებიან.
ასევე ვყიდით ჭიქებს, ქოლგებსა და გასაშლელ საწოლს ცხოველებისთვის. შემოსულ თანხას ცხოველების მკურნალობასა და გამოკვებას ვახმართ.
საწოლს ჩვენი ერთ-ერთი მოხალისე – ირა თავად ქსოვს“ – ჰყვება ელენა.
უცხოელი მოხალისეები
ჯგუფის წევრებმა თავადაც აიყვანეს ქუჩიდან რამდენიმე მიუსაფარი ცხოველი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც ახერხებენ მიუსაფარი ცხოველების დაბინავებას:
„თბილისში გაგვიშვია, რუსეთში, გერმანიაში, ლატვიაშიც…
თუკი რომელიმე განკურნებული ცხოველისთვის ვერ ვიპოვით პატრონს დიდი ხნის განმავლობაში, მაშინ ჩვენ ყველა აცრით უზრუნველყოფილს ვუშვებთ მას ქალაქში, რადგან აღარ გვრჩება ადგილი სხვა გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე ცხოველისთვის,“ – ამბობს ელენა.
მოხალისეთა ჯგუფის თქმით, ბოლო 10 თვის განმავლობაში 150-ზე მეტ ცხოველს ჩაუტარეს სტერილიზაცია, დააბინავეს – 300-ზე მეტი, ხოლო სამედიცინო დახმარება გაუწიეს 400-ზე მეტ მიუსაფარ ცხოველს.
_________________________
გაიგე მეტი ბათუმელ მოხალისეებზე, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებს ეხმარებიან:
ბათუმში საახალწლო ღონისძიებები წელს 20 დეკემბერს დაიწყება და 2022 წლის 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიებებზე, რომლებიც ევროპის მოედანზე გაიმართება, ქალაქის ბიუჯეტიდან 433 400 ლარი დაიხარჯება. 31 დეკემბერს გაიმართება გალაკონცერტი.
მომსახურებას ბათუმის კულტურის ცენტრი ტენდერის გარეშე შეისყიდის.
„ბათუმის კულტურის ცენტრი 2021-2022 წლის შესახვედრად და ქალაქ ბათუმში საახალწლო განწყობის შესაქმნელად სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს, რომლებიც იქნება, საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი. ევროპის მოედანზე, 18 დღის განმავლობაში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, ღონისძიებები ყველა ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებითაა დაგეგმილი. წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, სხვადასხვა გასართობი, კულტურული აქტივობები. ჩატარდება ანსამბლების, ბენდების და ესტრადის მომღერლების კონცერტები, სტუმრების განწყობას აამაღლებს თოვლის ბაბუა;
ლოკაციებზე განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები და ინსტალაციები; დღესასწაულის ფარგლებში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა.“ – აღნიშნულია კულტურის ცენტრის განაცხადში.
საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოყოფილი 433 400 ლარის ხარჯები კულტურის ცენტრის მიერ შემდეგნაირადაა გადანაწილებული:
[checklist]
კულტურული ღონისძიების ორგანიზება – 230 000 ლარი
„ახალი წელი 2022“ [20-26 დეკემბერი] – 54 775 ლარი [ჰონორარი]
ბათუმში, 9 მარტისა და „პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეების თქმით, ორ კვირაზე მეტია გარეგანათება გამორთულია. ქალაქის კეთილმოწყობის სამმართველოს გარეგანათების მოვლა-ექსპლუატაციაზე ხელშეკრულება შპს „აჭარგანათებასთან“, აგვისტოში, 2 მილიონ 60 ათას ლარზე აქვს გაფორმებული.
„უკვე 2 კვირაზე მეტია ბათუმი პლაზას მიმდებარე ქუჩებზე [9 მარტის ქუჩა, წერეთლის შესახვევი, ზურაბ ბერიძის ქუჩა და ზურაბ ბერიძის შესახვევი] არ არის გარეგანათება [არცერთი ლამპიონი არ ანთია]. 24 ნოემბერს დავურეკეთ მერიის კეთილმოწყობის სამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ ტენდერი გამოცხადდა და ხელშეკრულება იდება. დღემდე პრობლემა არ მოგვარებულა. საინტერესოა, ასეთი რა სირთულის საკითხია, რომ ამ ხსნის განმავლობაში პრობლემა ვერ მოგვარდა. მით უმეტეს ზამთარში, როცა მალე ღამდება“, – გვწერს ერთ-ერთი მოქალაქე.
„ბათუმელებს“ „აჭარგანათებაში“ უთხრეს, რომ მიმდინარე წელს გარეგანათებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ამოიწურა. შესაბამისად, კომპანია გარეგანათების გამართულად მუშაობაზე პასუხისმგებელი აღარ არის: „შესაბამის მომსახურებაზე მერიას ახალი ტენდერი აქვს გამოცხადებული“.
მერიის სამმართველომ ახალი ტენდერი [2022 წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში გარეგანათების მოვლაზე] 2021 წლის 6 დეკემბერს გამოაცხადა. სატენდერო თანხა 500 ათასი ლარია. წინადადებების მიღება კი, 2022 წლის 1-ელ იანვარს დაიწყება და 6 იანვარს დასრულდება.
ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ბათუმში იმ ქუჩებზე, სადაც დღეს გარეგანათება მწყობრიდანაა გამოსული, სულ ცოტა, 2022 წლის იანვრის შუა რიცხვებამდე აღარ შეაკეთებენ.
„ბათუმელები“ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დაუკავშირდა. ჩვენს კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, ბათუმში გარეგანათების წერტების მოვლა-ექსპლუატაციაზე მერიის სამმართველოს ხელშეკრულება შპს „აჭარგანათებასთან“ ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში, 2 მილიონ 60 ათას ლარზე აქვს გაფორმებული.
ამ ხელშეკრულებით გარეგანათებაზე პასუხისმგებლობა კომპანიას 2021 წლის აგვისტოდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით აქვს აღებული. ამასთან, პირობის მიხედვით, „აჭარგანათებას“ სხვა სამუშაოების შესრულებაც ევალებოდა:
„ხელშეკრულების დადებიდან 2021 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში თამარის დასახლებაში სანაპიროს გასწვრივ (რესტორან „ოქროს თევზი“-დან რესტორანი „რივიერა“-მდე) დეკორატიული განათების რეაბილიტაცია; გოგებაშვილის და რუსთაველის ქუჩებზე გზაგამყოფ ზოლში არსებული პალმებისათვის დეკორატიული მინათებების მოწყობა; აფხაზეთის ქუჩისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში გარე განათების მოწყობა. ხოლო გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლუატაცია 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით“.
სამმართველოს სატენდერო კომისიაში გვითხრეს, რომ ელექტრონულ ტენდერში ვაჭრობა პრეისკურანტით შედგა და გამარჯვებულ კომპანიას თანხას ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით გადაუხდიან.
შესყიდვების სააგენტოს პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში „აჭარგანათებისთვის“ ბათუმის ბიუჯეტიდან 499 956 ლარია [8 ნოემბრის მდგომარეობით] გადახდილი.
მაშინ, როცა ქალაქის რამდენიმე ქუჩა ჩაბნელებულია, მერია საშობაო-საახალწლო დღეებში ბათუმის გაფორმებისთვის ემზადება და ბიუჯეტიდან 699 910 ლარი აქვს გამოყოფილი.
ჩაბნელებული ქუჩები ბათუმში /ფოტოები ერთ-ერთმა მოქალაქემ მოგვაწოდა / 9.12.2021
დღეს, 9 დეკემბერს, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას უკვე მრავალი წლის ისტორია აქვს და ეს უნდა გაგრძელდეს. ამასთან ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, ასევე ქართული კულტურის ძეგლების აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე ელჩმაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „მათთვის დიდი პატივია წვლილი შეიტანონ ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების გადარჩენაში, როგორებიცაა გელათისა და ჯვრის მონასტრები“.
აშშ-ს ელჩმა საქართველოში პატრიარქს აღსაყდრებიდან 44-ე წლის იუბილე მიულოცა.
2022 წელს საქართველოს და აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებიდან 30 წელი სრულდება. პატრიარქთან შეხვედრის დროს კელი დეგნანმა აღნიშნა ისიც, რომ გეგმავს ამ თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის, საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას.
„სახეზეა ხელშეშლა გამოხატვის თავისუფლებაში“, – ასე შეაფასა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა თემურ გორგაძის სუსის შენობასთან დაკავება და შემდეგ მისთვის 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება. სააპელაციო სასამართლომ თემურ გორგაძე გაამართლა და გააუქმა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის გადაწყვეტილება.
თემურ გორგაძემ სასჯელი სრულად მოიხადა – ის 5 დღის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.
თემურ გორგაძე „გირჩის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელია და სუს-ის ბათუმის ოფისთან 12 ნოემბერს დააკავეს. პოლიციელებს ჰქონდათ ვერსია, რომ თემურ გორგაძემ დაარღვია კანონის მოთხოვნა – 20-მეტრიანი რადიუსის დაცვა ადმინისტრაციულ შენობებთან, რაც შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ გაიზიარა.
„მოსამართლემ სამაგალითოდ დასაჯა დემონსტრანტები“ – ეს შეფასება ჰქონდა საიას მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის მიმართ, რომელმაც თემურ გორგაძის გარდა, ამავე აქციაზე დაკავებული, „გირჩის“ ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი ფუტკარაძე 4 დღით დააპატიმრა.
გიორგი ფუტკარაძის სარჩელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია. მას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ.
თემურ გორგაძეს კი, კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გარდა, ედავებოდნენ შეკრების და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევას. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა მიიჩნია, რომ თემურ გორგაძე უკანონოდ დააკავეს. მოსამართლის აზრით, თემურ გორგაძის დაკავების სამართლებრივი საფუძველი საერთოდ არ არსებობდა.
„…წარმოდგენილი ვიდეომასალით ირკვევა, რომ პოლიციელთა მოწოდების უგულებელყოფიდან 2 წუთში იწყება საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება. შესაბამისად, ამ დროიდან უკვე სახეზეა ხელშეშლა გამოხატვის თავისუფლებაში. ამ უფლებით სრულფასოვან სარგებლობად ვერ განიხილება ის გარემოება, რომ ევაკუატორის მოსვლამდე და გადაყვანამდე პირი რჩებოდა სასურველ ლოკაციაზე.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ თემურ გორგაძის მიერ ავტომანქანის მინებზე გამოკრული პლაკატების შინაარსი არ იყო ძალადობრივი ხასიათის, რასაც შეეძლო გაემართლებინა საპოლიციო და იძულების ღონისძიებების მყისიერი განხორციელება და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ავტომანქანის (რომელშიც იჯდა მძღოლი) ავტოსადგომზე გადატანის შემდეგ, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი განრიდებული იქნა რა შემთხვევის
ადგილიდან, არავითარი აუცილებლობა იმისა, რომ მომხდარიყო პირის დაკავება, აღარ არსებობდა,“ – აღნიშნულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დადგენილებაში.
მოსამართლე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რეალურად კანონის ჩანაწერი 20 მეტრი რადიუსის დაცვაზე დარღვეული იყო და თემურ გორგაძემ სუსის შესასვლელთან მართლაც გააჩერა ავტომობილი, თუმცა:
„აღნიშნულ შენობას ამ შესასვლელის გარდა აქვს კიდევ ორი შესასვლელი. შესაბამისად, არ მომხდარა პროტესტის გამოხატვის ფარგლებში უსაფრთხოების შენობის ბლოკირება [როგორც ამას მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებს]. სასამართლომ აღნიშნულ ფაქტს საერთოდ არ მიაქცია ყურადღება, არც სასამართლო გადაწყვეტილებაშია აღნიშნული ფაქტის შეფასება გაკეთებული,“ – აღნიშნულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
მოსამართლემ ამ შემთხვევაში გაიზიარა თემურ გორგაძის არგუმენტი 20-მეტრიანი რადიუსის შეზღუდვაზე იმ კუთხით, რომ სუსის შენობის ირგვლივ ბათუმში საცხოვრებელი შენობები და „20-მეტრიანი დისტანციის დაცვით მის მიერ არჩეული პროტესტის გამოხატვის ფორმა დაკარგავდა თავის არსსა და მნიშვნელობას“.
ამ ნაწილშიც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე არ მალავს კრიტიკას:
„სასამართლოს კი არც ამ კონკრეტულ გარემოებაზე უმსჯელია თავის გადაწყვეტილებაში და ფორმალური ფაქტების ერთობლიობით, საქმის სიღრმისეული შესწავლის გარეშე მიიღო სადავო დადგენილება მაშინ, როცა ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ჯდება მოქმედი კანონმდებლობით დაცულ – გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში,“ – აღნიშნა მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა.
თემურ გორგაძის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა. აქ გვითხრეს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტიათ, მიმართავენ თუ არა სასამართლოს ზიანის ანაზღაურებითვის.
სუსთან დააკავეს თამარ კურატიშვილიც იმ დროს, როცა ის აქციაზე ვიდეოს იღებდა. თამარ კურატიშვილი 48 საათი იყო ადმინისტრაციულ პატიმრობაში. ის მოსამართლე ირმა ტოგონიძემ გაამართლა.
ბათუმის მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს წელს ევროპის მოედანზე დადგამენ. შესაბამისად, 31 დეკემბერს მთავარი საახალწლო კონცერტიც ევროპის მოედანზე დამონტაჟებულ სცენაზე გაიმართება – ამის შესახებ ბათუმის მერიის პრესსამსახურში დაგვიდასტურეს.
მერიაში გვითხრეს ისიც, რომ წელს ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს განსხვავებულად მორთავენ და მას ოქროსფერი ქოლგებით აღარ გააფორმებენ. ახალი ნაძვის ხის კონცეფციაზე მერიაში არ საუბრობენ: „ სიურპრიზად დავტოვოთ“.
საახალწლო ნაძვის ხის გასაფორმებლად 200 მანათობელი „ქოლგა“ 2019 წელს შეისყიდეს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ნაძვის ხეს სწორედ ამ დეკორაციით რთავდნენ.
ბოლო ორი წელია მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს ბათუმის ბულვარში შადრევნებთან დგამდნენ.
ახალ ზელანდიაში თამბაქოს შეძენასთან დაკავშირებული შეზღუდვის დაწესებას აპირებენ.
კანონი, რომლის დამტკიცებასაც მომავალ წელს ელიან, 2008 წლის შემდეგ დაბადებულ პირებს თამბაქოს შეძენას მთელი ცხოვრების მანძილზე აუკრძალავს, რის მიზანსაც მოწევაზე უარის თქმა წარმოადგენს – ამის შესახებ BBC წერს.
„ჩვენ გვინდა, რომ ახალგაზრდებმა საერთოდ არ დაიწყონ მოწევა“ – აცხადებს ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრი აიეშა ვერალი.
ახალმა ზელანდიამ მიზნად დაისახა 2025 წლისთვის ქვეყანაში მწეველთა რიცხვი 5%-მდე შეამციროს, საბოლოო ჯამში კი მწეველებმა საერთოდ უარი თქვან თამბაქოს მოხმარებაზე.
დღეს, 9 დეკემბერს, გაკეთებული განცხადების მიხედვით, მთავრობამ ასევე გააძლიერა კონტროლი თამბაქოს რეალიზაციაზ. ახალი ზელანდიის ოფიციალური პირების განცხადებით, მაღაზიების რაოდენობა, რომელთაც თამბაქოს გაყიდვის უფლება აქვთ, 8000-დან 500-მდე შემცირდება.
ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამსახურები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ ელექტრონული სიგარეტი ასევე წარმოადგენს საფრთხეს ჯანმრთელობისთვის, რადგან მკვლევრებმა მასში საშიში კანცეროგენური ნივთიერებები აღმოაჩინეს, თუმცა 2017 წელს ქვეყანაში ელექტრონული სიგარეტი მწეველთათვის მოწევის შეწყვეტის საშუალებად აღიარეს.
დღეს ახალი ზელანდიის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 13% ეწევა. 10 წლის წინ ეს მაჩვენებელი 18% იყო, მაგრამ მკვიდრ მოსახლეობაში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია – დაახლოებით 31%.
ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 32-ე სესიის (IMO Assembly 32nd session) ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ, თამარ იოსელიანის ხელმძღვანელობით, კატარის სახელმწიფოს ტრანსპორტის მინისტრთან, ჯასიმ საიფ აჰმედ ალ სულაითთან გამართა ორმხრივი შეხვედრა.
მხარეებმა საზღვაო ტრანსპორტის, საპორტე სექტორისა და საზღვაო გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზებსა და ორმხრივი ინტერესის სფეროებზე ისაუბრეს და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მუშაობის ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
ქართული დელეგაცია დაინტერესებულია კატარის სახელმწიფოსთან „მეზღვაურთა სერთიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ“ მემორანდუმის გაფორმებით და Qatar Navigation-თან (Milaha) კავშირების გაღრმავებით, რაც ქართველ მეზღვაურებს ღირსეულად დასაქმების კიდევ ერთ შესაძლებლობას მისცემს.
– „საქართველოს 14000-მდე მეზღვაური ჰყავს და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. მეზღვაურთა მომზადების, განათლებისა და სერტიფიცირების სისტემის გამართული ფუნქციონირება და ამ სფეროში უმაღლესი სტანდარტების დაცვა და შენარჩუნება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და მუდმივი ზრუნვის საგანს წარმოადგენს. სისტემური რეფორმების წყალობით საქართველო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ე.წ. “თეთრ სიაში” წლების განმავლობაში ინარჩუნებს ადგილს. ვფიქრობ, ჩვენი მეზღვაურების პროფესიონალიზმის მაღალი დონე პირდაპირ კავშირშია მათი დასაქმების მზარდ მაჩვენებელთან”, – აღნიშნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ორ ქვეყანას შორის ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაღრმავდა ურთიერთობები საზღვაო სფეროში. უკანასკნელ წლებში მხარეებს შორის რამოდენიმე ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, მათ შორის 2020 წლის თებერვალში, Lloyd’s Qatar საზღვაო და ლოგისტიკის სამიტის (QMLS) ფარგლებში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თამარ იოსელიანსა და კატარის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრს შორის.
საქართველოს დელეგაცია, თამარ იოსელიანის ხელმძღვანელობით, აქტიურად არის ჩართული ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 32-ე სესიის (IMO Assembly 32nd session) მუშაობაში. აღსანიშნია, რომ ასამბლეაზე დასამტკიცებლად იქნება წარდგენილი რეზოლუციები, რომლებიც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელობით შეიმუშავა გემთმფლობელთა პასუხისმგებლობის შეზღუდვის საერთო ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით შექმნილმა ინტერსესიულმა სამუშაო ჯგუფმა.
უზბეკეთის მოქალაქე პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. ინომჯონ ბუვამირზაევი ითხოვს, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერის ამოღების შესაძლებლობა მისცენ, რადგანაც ის ბათუმში მომხდარ ავტოავარიის შემთხვევაზე ბრალდებულია, ხოლო ჩანაწერში ჩანს, რა ვითარებაში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა.
ავტოავარიისას მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ორი დაიღუპა. უზბეკეთის მოქალაქე, რომელიც ტრაილერს მართავდა, წინასწარ პატიმრობაშია.
უზბეკეთის მოქალაქე საკონსტიტუციო სასამართლოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის იმ ნორმატიულ შინაარს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოითხოვოს კერძო კომპანიიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, თუმცა ეს არ ეხება ნაკლებად მძიმე და გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულებს.
რადგან პროკურატურამ უზბეკეთის მოქალაქეს ბრალი დასდო გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისთვის, ბენზინგასამართ სადგურსაც არ ჰქონდა ვალდებულება, კონკრეტული პირისთვის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები გადაეცა.
ინომჯან ბუვამირზაევის მტკიცებით, ეს სამართლებრივი ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას: „დაცვის უფლება გარანტირებულია.“
„…მე დავიწყე მანევრირება გზაჯვარედინზე თამარ მეფის გამზირიდან მარცხნივ ნონეშვილის ქუჩის მიმართულებით გადასასველი ხიდისკენ. მანევრირების დაწყების მომენტში ჩემი თვალთახედვის არეში საპირისპირო საავტომობილო გზაზე არანაირი სატრანსპორტო საშუალება არ მოძრაობდა, ვიდრე დავასრულებდი მანევრირებას, გზაჯვარედინის გადავლას და ხიდზე გადასვლას ნონეშვილის ქუჩის მიმართულებით, ჩემ მიერ მართულ სატვირთო სატრანპორტო საშუალებას გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა მარჯვენა მხრიდან შეეჯახა მისამბმელის შუა ნაწილში. მანევრირების დაწყებისას ჩემი მხედველობის არეში არ იყო მოქცეული აღნიშნული ავტომობილი. მისი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობიდან გამომდინარე როგორც მანევრის დაწყებისას, ასევე მანევრირების პროცესში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება ობიექტურად შეუძლებელი იყო ჩემთვის.
ცხადია უაღრესად დამწუხრებული ვარ დამდგარი მძიმე შედეგების გამო, მაგრამ ჩემი ქმედებები არ არის მიზეზობრივ კავშირში მათთან და ხსენებული შედეგები მე არ უნდა შემერაცხოს ობიექტურად,“ – ასე აღწერს მომხდარს ბრალდებული კაცი, რომელიც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს.
ინომჯან ბუვამირზაევის საქმის განხილვა ამ დროისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულებული არ არის. სასამართლო პროცესზე ბრალდებულს „ლუკოილის“ სათვალთვალო კამერის ჩანაწერების წარდგენა სურდა, თუმცა კომპანიაში ჩანაწერების ამოღებაზე უარი უთხრეს.
„ცხადია იმისათვის, რომ შევძლო საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, მესაჭიროება მტკიცებულების სახით აღნიშნული ვიდეოჩანაწერის სასამართლოში წარდგენა, ასევე მესაჭიროება ზემოთ აღნიშნული ვიდეოკადრების საფუძველზე შესაბამისი ექსპერტიზების დანიშვნა, საექსპერტო კვლევების უზრუნვლყოფა და მიღებული შედეგებით საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება,“ – აღნიშნულია სარჩელში.
თუკი საკონსტიტუციო სასამართლოში უზბეკეთის მოქალაქე პარლამენტს დავას მოუგებს, პარლამენტს კანონის შეცვლა მოუწევს.
45 წლის მაკა [სახელი შეცვლილია] თურქეთში, ქალაქ არჰავში მუშაობს. ლირის გაუფასურება დოლართან მიმართებით მასზე, ისევე როგორც ათასობით ქართველ ემიგრანტზე, რომლებიც თურქეთში მუშაობენ, პირდაპირ აისახა – მარიტას ხელფასი ლირაში იგივე დარჩა, თუმცა ახლა ამ ხელფასით გაცილებით ნაკლები დოლარის შეძენა შეუძლია და მისი შემოსავალი შემცირდა.
როგორ აისახა ლირის კურსი თქვენზე? რა პრობლემები შეგიქმნათ?
აისახა კი არა, გამანადგურა. ახალი ჩამოსული ვარ თურქეთში, მანამდე 1 წელი საქართველოში ვმუშაობდი. ჩამოვედი და ვნახე ისეთი სამსახური, რომ მძიმეს აწევა არ მევალებოდა, თუმცა ამ თვე-ნახევარში ლირის კურსი დავარდა.
კონკრეტულად რა შეიცვალა თქვენთვის? პროდუქტი, მგზავრობა, საყოფაცხოვრებო ნივთები გაძვირდა?
მე არ ვმგზავრობ, სარფთან ახლოს ვარ, ოჯახში ვმუშაობ და პროდუქტის ყიდვა არ მევალება, მაგრამ საქართველოში ბანკის ვალი მაქვს, თვეში 1 000 ლარს ვიხდი, ვალის გარდა შვილები, შვილიშვილები, ოჯახი… მარტო ვალიც ხომ არ არის? ადრე ნორმალურ თანხას ვიღებდი, ახლა 200 $-ც აღარ გამოვა, ეს თანხა ჩემს ვალსაც აღარ ეყოფა. სახლი ბანკში მაქვს, ალბათ, სახლიც დამეკარგება.
ხელფასიდან ბანკის ვალის დაფარვის შემდეგ ოჯახში გასაგზავნად რაც გრჩებათ, ეს თანხა გყოფნით?
წინა თვეში გავაგზავნე და ძლივს გამოვიდა 300 დოლარი. ოჯახს არაფერი არ დარჩა, იმიტომ, რომ ჩვენთან (საქართველოში) დოლარის ფასიც დაწეულა.
თურქეთის მოქალაქეებს პენსია აქვთ, აქ ხელფასს უმატებენ ახლა, ჩვენ ვიკითხოთ – გაჭირვებულმა ქართველებმა.
მე თანხა არ მრჩება, ვლოცულობ, რომ ბანკს ეყოს, მაგრამ ამ თვეში რომ გავაგზავნი, ბანკს არ ეყოფა, 1400 ლირა 100 დოლარია, ძალიან ცუდი მდგომარეობაა.
ვისთანაც მუშაობთ, მისთვის თუ გითხოვიათ ხელფასის მომატება?
ჯერ არაფერი მითქვამს, მაგრამ ხედავენ თვითონაც, რომ დოლარის კურსი იმატებს და ძალიან ვნერვიულობ, თითქმის ყოველდღე კურსს ვუყურებ, ვნახოთ.
წინა თვეში ნახეს რაც გამოვიდა და თვითონაც გაოცებული დარჩნენ. თვის ბოლოს მიწევს ხელფასის აღება და იქნებ ცოტა დამიმატონ.
რამდენი წელია თურქეთში მუშაობთ?
თითქმის 6 წელია, რაც გადავდივარ-გადმოვდივარ, ვიზაც მქონდა და ვმუშაობდი სხვადასხვა ოჯახში.
28 დეკემბერს გახდება 2 თვე, რაც ამ ოჯახში ვმუშაობ.
ორი წელი ბათუმშიც ვმუშაობდი სალონში, მაგრამ პანდემია რომ დაიწყო, სალონი დაიკეტა და მეც დავბრუნდი თურქეთში სამუშაოდ.
ზოგადად რას ფიქრობენ თურქეთში დასაქმებული მოქალაქეები ლირის კურსზე? რამდენად სტრესულია ეს მათთვის?
ვისაც დოლარში აქვს ვალი, ისინი ძალიან განიცდიან.
პროდუქტიც ძალიან გაძვირდა და ნერვიულობენ.
რა პრობლემაც მე შემექმნა – ვალი, ბანკი, კრედიტი, საჭმელი, ისევეა მათთვისაც.
თქვენ რას აპირებთ? საქართველოში ხომ არ გეგმავთ დაბრუნებას? თუ სხვა რომელიმე ქვეყანაში ეძებთ სამუშაოს?
არ ვიცი, ვერ დავბრუნდები, იმიტომ, რომ კიდევ 1 წელი უნდა ვიხადო ბანკის ვალი, სანამ არ დავამთავრებ, ალბათ, ვერც დავბრუნდები. სხვაგან რომ წავიდე… სიმძიმეს ვერ ავწევ. ასე თუ ისე, თურქეთში მუშაობას შეჩვეული ვარ, ენა და მათი ადათ-წესები ვიცი.
მე რომ ახლა სხვაგან წავიდე, როდის შევისწავლი ენას, როდის ვიშოვი სამსახურს… ვერ ვრისკავ, სიმართლე რომ გითხრათ. არ ვიცი, იქ რა დამხვდება და რა როგორ იქნება.
საქართველოში ჩამოვალ, ალბათ, 1 წლის მერე და პურის ფულს უკვე ყველგან ნახავ ადამიანი. მანამდე ვერა, მეშინია, ვერ ჩამოვალ.
ჩვენმა მთავრობამ გაგვიჩერა ბანკის ვალები პანდემიისას, მაგრამ იმხელა პროცენტი გადავიხადე…მეორეჯერ იძულებით შევაჩერე და მაღალი პროცენტი გადავიხადე.
არადა, 6 თვე მრჩებოდა ვალი, ახლა კიდევ 6 თვე დამემატა და მთლიანობაში 1 წელი გამოვიდა.
იქამდე, სანამ ლირის კურსი ასე შეიცვლებოდა, ახერხებდით თქვენი საჭიროებების უზრუნველყოფას?
კი, შარშან კი. ოჯახსაც რჩებოდა გარკვეული თანხა, ბანკის ვალსაც თავისუფლად ვიხდიდი და მეც ელემენტარული საჭიროებების უზრუნველყოფას ვახერხებდი.
ლარის კურსით საშუალოდ რამდენი გამოდის თქვენი ხელფასი?
წინა თვეში დაახლოებით 925 ლარი გავაგზავნე საქართველოში, მაგრამ ამ თვეში მაგდენიც აღარ გამოვა.
საქართველოს განათლების სამინისტრომ, პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებები შეიტანა.
სამინისტროს განცხადებით, იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილზე, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავიდნენ საგნის ან პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლეს სტატუსი, სკოლის ადმინისტრაცია, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, აცხადებს კონკურსს.
მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე, ვაკანსიის შევსებამდე, უსტატუსოდ.
„იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის პირველი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ ერთ კრედიტ ქულაზე (გადალახული აქვთ საგნობრივი და პროფესიული უნარების მინიმალური ზღვარი), მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი და რჩებიან სისტემაში.
იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის პირველი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ 10 კრედიტქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი და დარჩებიან სისტემაში.
იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის პირველი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენცია დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ ერთ კრედიტქულაზე (გადალახული აქვთ საგნობრივი და პროფესიული უნარების მინიმალური ზღვარი), უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდნენ, როგორც უფროსი მასწავლებლები.
იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის პირველი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული ჰქონდათ 10 კრედიტქულაზე, უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდნენ, როგორც უფროსი მასწავლებლები“, – წერს სამინისტრო.
განათლების სამინისტრო ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მათ ბოლო ორი თვის განმავლობაში კონსულტაციები გაიარეს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირთან და სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფთან, რის შედეგადაც განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები.
ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმში 65 პრაქტიკოსი (უსტატუსო) მასწავლებელია. აქედან უმეტესობა დაწყებითი საფეხურის პედაგოგია.
„ეს გამოცდები ტარდება ათ წელზე მეტია. ამ ხნის განმავლობაში რომ მასწავლებელი 1 კრედიტზე ვერ ჩააბარებს მისი საგნის გამოცდას, ცოტა უხერხულია.
ჩვენ ხომ გვინდა ხარისხიანი განათლება? ზოგიერთ შემთხვევაში ეს უცოდინრობაა, მეორე შემთხვევაში კი, უპასუხისმგებლობა, რადგან ზოგიერთს შეეძლო გამოცდის ჩაბარება, რომ გასულიყო გამოცდაზე. ჩვენ არც უპასუხისმგებლო მასწავლებელი გვჭირდება სკოლებში და არც უცოდინარი,“- ამბობს ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, გოჩა დავითაძე.
მისი თქმით, ქალაქის სკოლებში დასაქმებულ პრაქტიკოს მასწავლებლებს თითქმის აღარ აქვთ შანსი სამსახური შეინარჩუნონ. თუმცა სოფლებში, სადაც კადრების პრობლემაა, შესაძლოა დირექტორებმა მაინც გაუგრძელონ მათ ხელშეკრულება, თუკი სხვა კადრებს ვერ აიყვანენ ვაკანსიაზე.
გოჩა დავითაძის თქმით, ქალაქის სკოლებში ყველაზე მეტად სპორტის მასწავლებლების მოძიება ჭირს. „სექტემბერში სწავლა როცა დავიწყეთ, სპორტში გვქონდა ვაკანსიები და ვერ ავიყვანეთ სტატუსიანი მასწავლებლები, არ იყვნენ. მაგრამ ვისაც ჰქონდა ფიზკულტურული დამთავრებული, ასეთები ავიყვანეთ სასწავლო წლის ბოლომდე და ამ ადგილებზე ალბათ ზაფხულში გამოაცხადებენ ვაკანსიებს სკოლები,“-ამბობს გოჩა დავითაძე.
ხელვაჩაურში, სოფელ ჭარნალში, კაცმა ცოლი და 21 წლის ბიჭი დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
ინფორმაციას ჭარნალში ხელვაჩაურის მერის რწმუნებული ადასტურებს.
მეზობლების თქმით, კაცის დედამ და მეორე შვილმა – გოგომ გაქცევა მოასწრეს.
შემთხვევა წუხელ მოხდა.
ადგილობრივების თქმით, 54 წლის კაცს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას.
9 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3562 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი.
stopcov.ge-ის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების3 562 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 566 შემთხვევა, აჭარაში – 215, იმერეთში – 602, ქვემო ქართლში – 193, შიდა ქართლში –300, გურიაში – 76, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 253, კახეთში – 159, მცხეთა-მთიანეთში – 89, სამცხე-ჯავახეთში –76, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში –33.
ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდით ინფიცირების 44 652 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, 6 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 453, აჭარაში – 523, იმერეთში – 1 316. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კოვიდით ინფიცირებული 1 559 მძიმე პაციენტია.
შაკიკი, რომელიც მძიმე, ინტენსიური თავის ტკივილით ხასიათდება, ჯანმოს ცნობით, შრომისუნარიანობის დაკარგვის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია მსოფლიოში.
რიგ შემთხვევებში ეს დაავადება საზოგადოების მიერ სათანადოდ სერიოზულად არ აღიქმება, რადგან შაკიკი ძირითადად ეპიზოდურია, არ იწვევს სიკვდილს და არ არის გადამდები. ჯანმოს ცნობით, განვითარებულ ქვეყნებში კონსულტაციების დაბალი მაჩვენებლები შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ბევრმა პაციენტმა არ იცის ამ დაავადების ეფექტური მკურნალობის არსებობის შესახებ. თავის ტკივილის მქონე ადამიანების ნახევარი, სავარაუდოდ, თვითმკურნალობას ეწევა.
კლინიკა „მედინას“ ნევროლოგი ხათუნა გობაძე ამბობს, რომ თავის ტკივილი, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა საკმაოდ მძიმე ნევროლოგიურ დარღვევებზე მიუთითებდეს, ამიტომაც აუცილებელია ვიზიტი სპეციალისტთან.
ქალბატონო ხათუნა, რა არის შაკიკი?
შაკიკი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, უმეტესად მემკვიდრულია და ხასიათდება შეტევითი ხასიათის, ზომიერი ან ძლიერი თავის ტკივილით. ის უფრო ხშირია ქალებში (75%), ვიდრე მამაკაცებში. შაკიკის შეტევის სიხშირე ინდივიდუალურია.
შეტევა შესაძლოა განვითარდეს ძალიან იშვიათად ან თვეში რამდენჯერმე. შაკიკი შეიძლება განვითარდეს ოთხ ეტაპად: პროდრომი, აურა, შეტევა და პოსტდრომი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვისაც შაკიკი აქვს, გადის ყველა სტადიას.
Mayoclinic: შაკიკი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში, თუმცა პირველად უმეტესად მოზარდობის პერიოდში ვლინდება. შაკიკი, როგორც წესი, პიკს აღწევს 30 წლის ასაკში, მომდევნო ათწლეულში კი თანდათანობით სუსტდება ტკივილის ეპიზოდების სიმძაფრე და სიხშირე.
რას მოიცავს შაკიკის ფაზები?
პროდრომული ფაზა – შაკიკამდე რამდენიმე საათით, ერთი ან ორი დღით ადრე, შეიძლება შევამჩნიოთ გარკვეული ნიშნები, რომლებიც მიგვანიშნებენ მომავალი შეტევის შესახებ. ეს შეიძლება იყოს საერთო სისუსტე, კონცენტრაციის დაქვეითება, ხშირი მთქნარება, გაღიზიანება, მომატებული ჭამის მადა, შეკრულობა, გახშირებული შარდვა.
მეორე ფაზა არის თავის ტკივილი. ამ დროს ვითარდება შეტევითი ხასიათის ზომიერი ან ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც ჩარევის გარეშე, შეიძლება 4-დან 72- საათამდე გაგრძელდეს. ტკივილი უმეტესად არის ცალმხრივი და მოპულსირე, თუმცა ხშირია ტკივილი თავის ორივე მხარეს. ტკივილს შესაძლოა თან ახლდეს თავბრუსხვევა, ღებინება, გულისრევა, ასევე შუქის, ხმაურის და ზოგჯერ სუნის აუტანლობა. შეიძლება ახლდეს ყურებში ხმაური და აზროვნების შეფერხება.
შემდეგ დგება პოსტდრომული ანუ ჩაწყნარების ფაზა. ამ დროს შესაძლოა პაციენტებს აღენიშნებოდეთ შფოთვა, ძილიანობა, ხშირი შარდვა, შესაძლოა ტკივილის გადასვლის შემდეგ მთელი დღის განმავლობაში თავს გრძნობდნენ გამოფიტულად, გაფანტულად.
არის კიდევ ერთი ფაზა – აურა, რომელიც ახასიათებს შაკიკის შედარებით იშვიათ ფორმას – შაკიკი აურით. იგი შედგება ოთხი ფაზისგან: პროდრომი, აურა, თავის ტკივილი, პოსტდრომი.
აურა შეიძლება გამოიხატოს გარდამავალი ნევროლოგიური სიმპტომებით. იმის მიხედვით, თუ ნერვული სისტემის რომელი ფუნქცია ირღვევა, აურა შეიძლება იყოს: მხედველობითი (ვიზუალური მოვლენა, გულისხმობს გარკვეული ფორმებისა და მკვეთრი ლაქების დანახვას), მგრძნობელობითი (მაგ. ხელის, მკლავის, სახის დაბუჟება), მეტყველების მოშლა, მოძრაობის დარღვევა, ასევე თავის ტვინის ღეროს სიმპტომატიკა (თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური), ასევე თვალის ბადურის სიმპტომატიკა, ეს შეიძლება იყოს ცალ თვალში მხედველობის დაქვეითება.
აურის სიმპტომები ერთ საათს გრძელდება.
რა ხდება უშუალოდ შეტევის მაპროვოცირებელი?
შაკიკის შეტევა შეიძლება გამოიწვიოს ბევრმა ფაქტორმა, შესაბამისად მათგან თავის არიდება შაკიკის შეტევების უმნიშვნელოვანესი პროფილაქტიკური ღონისძიებაა. ეს ფაქტორები შეიძლება იყოს:
სენსორული სტიმული – კაშკაშა ან მოციმციმე განათება, მაღალი ხმა, ასევე მძაფრი სუნი;
ძილის არეული გრაფიკი – ანუ ძილის ნაკლებობა ან ზოგჯერ პირიქით, ზედმეტი ძილი;
ფიზიკური ფაქტორები – ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა;
მედიკამენტები – ჰორმონალური პრეპარატები, როგორიცაა ორალური კონტრაცეპტივები;
ჰორმონალური ცვლილებები ქალებში – ესტროგენის რყევები მენსტრუაციის წინ ან მის დროს;
მარილიანი საკვები – დაძველებული ყველი, მარილიანი და შებოლილი საკვები.
ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლი: შაკიკის დროს დიეტიდან სასურველია გამოირიცხოს: შებოლილი ყველი, შოკოლადი, ძმარი, მარინადი, არაჟანი, იოგურტი, თხილი, მიწის თხილის კარაქი, ცხელი ახალი პური, ფუნთუშა, ნებისმიერი საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს მონოსოდიუმის გლუტამატს, ხახვი, კონსერვები, ციტრუსები (არა უმეტეს 1 ფორთოხლისა დღეში), ბანანი (არა უმეტეს ½1/2 ბანანისა დღეში), პიცა, მაგარი ჩაი, ყავა, ძეხვეული, ასპარტამი, მჟავე კომბოსტო.
შაკიკის დიაგნოზის დასმას არ სჭირდება სპეციფიკური კვლევები, დიაგნოზს სვამს ექიმი, პაციენტის მიერ მიწოდებული დეტალური ინფორმაციის საფუძველზე. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პაციენტმა ყურადღება მიაქციოს თავის ტკივილის სიხშირეს, გამომწვევ ფაქტორებს, კარგი იქნება, თუ ექიმთან კონსულტაციამდე აწარმოებს შესაბამის დღიურსაც.
Mayoclinic: თავის სერიოზული ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს ტკივილგამაყუჩებლების ხშირმა მიღებამ, ამ დროს წამლები წყვეტენ ტკივილის შემსუბუქებას და თავად ხდებიან ტკივილის გამომწვევი. თავის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს იბუპროფენისა ან ასპირინის (Advil, Motrin IB, სხვა) მიღებამაც თვეში 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ასევე ტრიპტანებების (მაგ. სუმატრიპტანი) გამოყენებამ თვეში 9 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
როგორ მკურნალობენ შაკიკს?
პირველ რიგში, პაციენტმა თავიდან უნდა აირიდოს ის ფაქტორები, რაც პროვოცირებს შეტევას, იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით, დაირეგულიროს ძილი. ამის პარალელურად იშვიათ შემთხვევებში აღმოცენებული თავის ტკივილის დროს, უნდა მიიღოს თავის ტკივილის გამაყუჩებელი მედიკამენტი, მაგრამ თუ ტკივილი ხშირია, კერძოდ თუ ტკივილის პერიოდი თვეში 15 დღეზე მეტ ხანს გრძელდება, ექიმი ნიშნავს კონკრეტულ მედიკამენტებს რეგულარული მიღებისთვის.
შაკიკის დროს, ისევე როგორც სხვა დაავადებების დროს, მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი, ზომიერი ფიზიკური აქტივობა, წონის კონტროლი, ჯანსაღი საკვები, სითხის მიღება და სხვა.
ქრონიკული შაკიკის მქონე პაციენტებისთვის, რომლებზეც მკურნალობის ტრადიციული მეთოდები არ მუშაობს, არსებობს მკურნალობის შედარებით ინოვაციური მეთოდი ბოტულინოტოქსინის ინექციებით. ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის მიხედვით, შაკიკის მკურნალობისას „მოზრდილ პაციენტებში კარგადაა შესწავლილი ფრონტალურ და კისრის უკანა კუნთებში ბოტულინის ტოქსინის ინექციების ეფექტურობა. მკურნალობის ეს მეთოდი გვერდითი ეფექტების სიმცირით გამოირჩევა, თუმცა პედიატრიულ პოპულაციაში მისი გამოყენება არასასურველად ითვლება თავის ტკივილის დროს“.
ბათუმელი ინგა გორგაძე წელს ახალ ბინაში, მე-20 სართულზე, რემონტის დაწყებას გეგმავდა, თუმცა ასე არ მოხდა. წლის ბოლოს იმ 21-სართულიანი კორპუსის მხოლოდ 3 სართულია აშენებული, სადაც ინგამ ბინა 2018 წელს შეიძინა.
ინგა ამბობს, რომ სიტყვიერი შეთანხმების თანახმად, ბათუმში, პეტრე ბაგრატიონის ქუჩის 113 ნომერში კორპუსი კომპანია „ევროლუქსს“ 2021 წლის დეკემბრის თვეში უნდა დაესრულებინა და მომხმარებლებს ამ დროისთვის მათ მიერ შესყიდული ფართობი უნდა ჩაჰბარებოდათ.
ბაგრატიონის ქუჩაზე, #113 ნომერში, სადაც „ევროლუქსის“ მშენებლობაა, „ბათუმელებს“ სამსართულიანი მშენებლობა დახვდა. ეზოში, მასალებსა და სამშენებლო ნაგავზე ბალახია ამოსული, აქაურობას არ ეტყობა, რომ აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.
„ევროლუქსის“ მშენებლობა ბაგრატიონის ქუჩაზე
როგორც ინგა გორგაძე უყვება „ბათუმელებს“, კომპანია ხელსაყრელი პირობების გამო შეარჩია:
„გადახდის ნორმალური პირობები იყო. თან მოლაპარაკება იყო ასეთი: 2021 წლის დეკემბერში შევიდოდით ისე, რომ რემონტი დაგვეწყო და 2022 წელს უნდა ჩაბარებულიყო ბოლომდე, თუმცა ერთი სართულიც არ დამატებია ამ წლების განმავლობაში“.
ინგამ შავი კარკასის 116 კვ. კმ ფართობი შეიძინა მე-20 სართულზე.
„5 წელში უნდა დამეფარა გადასახადი. ყოველ თვე ვიხდიდი 500 დოლარს. ჯერჯერობით გადახდილი მაქვს 6 000. მთელი წელი რომ არ დაიწყო მშენებლობა, გადახდა შევწყვიტე“, – ამბობს ინგა გორგაძე.
ინგას თქმით, კომპანია ახლა მათ ჰპირდება, რომ 2022 წლამდე მორჩება მშენებლობა.
„ამ პანდემიისას, ყველაფერი რომ გაჩერებული იყო, მშენებლობები მაინც მიმდინარეობდა. არავის არ შეჰქმნია პრობლემები, მხოლოდ ამათ ჰქონდათ დაუმთავრებელი პრობლემა.
5 კაცი მუშაობს ამხელა კორპუსში. ალბათ, მხოლოდ მორჩენილი საშენი მასალები გააქვთ. გვეუბნებიან, ახალ წლამდე გვეყოლება ეს 5 კაციო. ბანკთან შეთანხმება გვაქვს დადებული და ფული რომ დაირიცხება, მერე ავიყვანთ დამატებით მუშახელს და ავაშენებთ 2022 წლამდეო“ – ამბობს ინგა.
ინგას თქმით, აღნიშნული მშენებლობის დაახლოებით 80 ადამიანი დაზარალდა.
„გათვალისწინებულ დროში რომ არ შენდებოდა, ხალხი შეშინდა და ფულს აღარ ურიცხავდა კომპანიას. ფაქტობრივად, რასაც ჩვენ ვრიცხავდით, იმით შენდებოდა. ხალხმა რომ შეწყვიტა გადარიცხვა, შეექმნათ პრობლემები“ – ვარაუდობს ის.
ინგა ამბობს, რომ ახლა მომავალმა მესაკუთრეებმა გადაწყვიტეს მიემართათ შესაბამისი ორგანოებისთვის:
„მე ადვოკატი ავიყვანე. ხალხს ჰგონია, რომ თუ უჩივლებენ, კომპანია, პირიქით, მათ დააბრალებს იმას, რომ ფულს არ იხდიდნენ, არადა ყველანაირი პირობა თვითონ დაარღვიეს, რა უნდა შემომიტრიალონ?“
„ბათუმელებს“ კომპანიის მუშაობით კიდევ ერთი უკმაყოფილო მომხმარებელი ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
„შიდა ხელშეკრულება გავაფორმე შპს „ევროლუქსთან“ 2018 წელს და მითხრეს, 2021 წლის ბოლოს აშენდებაო, თუმცა რამდენიმე სართულია მხოლოდ აშენებული.
ახლა გვპირდებიან 2022 წლის ბოლოს აშენდებაო, მაგრამ არ ვიცით, კიდევ როგორ ვენდოთ?“
„ბათუმელები“ გაეცნო ხელშეკრულებას, რომელიც ამ მომხმარებელმა „ევროლუქსთან“ გააფორმა. ხელშეკრულებაში, რომელიც 2018 წელსაა გაფორმებული, არ არის მითითებული ვადა, როდის უნდა დასრულდეს მშენებლობა.
„ბათუმელები“ კომპანია „ევროლუქსის“ ხელმძღვანელს, გელა კახიძეს ესაუბრა. იგი ამბობს, რომ მშენებლობის გაჭიანურების მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა.
გელა კახიძემ გვითხრა, რომ ხელშეკრულება კომპანიამ 285 პირთან გააფორმა, რომელთაგან, დაახლოებით, 50 პირთან კონტრაქტი შეჩერდა.
შპს „ევროლუქსი“ 2011 წელსაა დაფუძნებული. 2021 წლის მონაცემებით, კომპანიის 66.66-პროცენტიანი წილის მფლობელი გელა კახიძეა, რომელიც ამავე დროს კომპანიის დირექტორიცაა, კომპანიის მეორე მეწილე კი უკრაინის მოქალაქე ვიტალი კრიმსიკია.
კომპანიის დირექტორი, გელა კახიძე ამბობს, რომ ბაგრატიონის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში 10 300 კვ. მეტრის ფართობი ხელისუფლებამ შეიძინა სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში:
„2020 წლის ბოლომდე თუ არაფერი გვიკეთებია, ისეთი ხელშეკრულება გავაფორმეთ, რომ ზღვაში დავიჭირეთ დიდი თევზი.
430 დოლარად შეიძინა სახელმწიფომ ჩვენგან 1 კვ მეტრი ფართობი, ანუ 1380 ლარად.
14 214 000 ლარის შესყიდვაა და ამის ბაზაზე საბანკო სექტორთან გვაქვს გარანტიები შექმნილი. ეს თანხა სჭირდება მშენებლობის დასრულებას“, – ამბობს გელა კახიძე.
სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში „ევროლუქსმა“ სახელმწიფოსგან ოფციის ხელშეკრულება გააფორმა 14,214,000 ლარზე. „ევროლუქსს“ ოფციის გამოყენების უფლება ექნება მას შემდგომ, რაც კორპუსის მშენებლობას დაასრულებს და საცხოვრებელი ფართობის მინიმუმ 20%-ს გაყიდის.
აქვს თუ არა კომპანიას ამჟამად იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ მშენებლობა დაასრულოს? გელა კახიძე ამბობს, რომ უკრაინელი მეწილის იმედი აქვს:
„მოვილაპარაკეთ ისე, რომ უკრაინელი პარტნიორის ფინანსები მოხმარდება არმატურას, ახალ წელს აქ იქნება და დაიწყებს თავისი ინვესტიციის გაკეთებას.
ამასთანავე მე შემოვიყვანე მეწილე, რომელიც, თავის მხრივ, პასუხისმგებელია ბეტონზე თავისი ქარხნით. ესენი ყველანი – მყიდველებიც, მომავალი მყიდველებიც, მეწილეებიც, დავაზღვიე სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამით, რომ ჰქონოდათ ნდობა არა მარტო ჩემდამი, არამედ საქმესთან დაკავშირებითაც.
….ფაქტობრივად, ჩვენ ბანკს ხელი არ უნდა მოვკიდოთ, თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, თუმცაღა, თუ არ წარიმართა, გვექნება ბანკი, რომელსაც გამოვიყენებთ ნებისმიერ მომენტში“.
„8 კაცისგან შემდგარი ბრიგადა მუშაობს, იმიტომ, რომ გაჩერების დროს ზოგიერთმა იპოვა საქმე, რომლებსაც დაასრულებენ მალე და იქნება 15 კაცი.
ძველი პერსონალი და ახალიც დაემატება. ყველას თავისი საშემოდგომო სამუშაო ჰქონდა, მეც ხელი შევუწყვე, რადგან ვადებში არ ვიწვით, 1 წელი ძალიან დიდი დროა“.
ბათუმის მერიის ცნობით, „ევროლუქსმა“ ბაგრატიონის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვა 2015 წელს მიიღო. 2017 წელს კი მერიამ კომპანიას ნებართვა 2022 წლამდე გადაუვადა.
თეთრი ქურთუკით, ღია მომწვანო თვალებით, ოქროსფრად შეღებილი თმით და გაცრეცილი სკეიტბორდით პარკში მოსრიალე გოგონას თუ დაინახავთ, ეს 13 წლის ნინო ანჯაფარიძეა. მეშვიდეკლასელი გოგო გეტყვით, რომ სკეიტბორდით სრიალი არ არის მისთვის „უბრალოდ გატაცება“, არამედ საქმეა, რომლის კეთებაც ძალიან მოსწონს და აპირებს, რომ ჩემპიონიც გახდეს.
ამ ოცნების ასრულებას ბევრი შრომის გარდა მხარდამჭერიც სჭირდება, რომელიც ნინოს თუნდაც ახალი სკეიტბორდის შეძენაში დაეხმარება. ნინოს ოჯახი სოციალურად დაუცველია. მისი ორივე მშობელი სმენისარმქონეა. ნინოს ჰყავს პატარა და, ასევე უფროსი ძმა. ოჯახის შემოსავალი სოციალური დახმარებაა.
„ეს სკეიტი ფედერაციამ მაჩუქა, სულ ახალი იყო. ძალიან ძვირი ღირს. მე ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა მისი ყიდვა, რადგან ჯერ მშობლები უნდა დამეთანხმებინა, რომ სოციალური დახმარებიდან გადაგვედო ცოტა თანხა და ამას ალბათ თვეები დასჭირდებოდა.
ძალიან ძნელია, როცა არჩევანის გაკეთება გიწევს – საკვები იყიდო თუ ის ნივთი, რომელიც ასე ძალიან გჭირდება“, – გვეუბნება ნინო.
ნინო
სკეიტბორდის ფედერაციამ ნინოს პირველი ოცნება აუსრულა, თუმცა მისი სკეიტი ყოველდღიური მოხმარების გამო უკვე გაცრეცილია. ნინომ ინსტაგრამზე ვიდეოების განთავსებაც დაიწყო. ამბობს, რომ შესაძლოა გამოჩნდეს ვინმე, ვინც მის მხარდაჭერას ისურვებს.
„ძალიან კარგად მინდა დავეუფლო სკეიტბორდს, რადგან შეჯიბრებებში მინდა მონაწილეობის მიღება. გული მწყდება, რომ ბათუმში შეჯიბრებებიც იშვიათად იმართება და არც სივრცე გვაქვს სავარჯიშოდ. ახალ ბულვარშია ერთი სკეიტმოედანი და ისიც გაფუჭებულია, ვერ ვსრიალებთ. „ანბანის კოშკთან“ სრიალს კი გვიკრძალავენ.
კარგი იქნება, თუ ახალ სივრცეებს გაგვიკეთებენ და მექნება იმის საშუალება, რომ ბევრი ვივარჯიშო“, – ამბობს ნინო.
მისი მეგობრებიც სკეიტბორდით არიან დაინტერესებული – 50-მდე გოგო-ბიჭი ვართ, ვიკრიბებით და ვსრიალებთო.
„რადგან აქ არ გვაქვს პირობები, თბილისშიც მივდივართ ხოლმე, იქ ბევრი ადგილია, რომლებიც ძალიან მომწონს, მაგრამ მშობლებს უნდა ეხვეწო, რომ გაგიშვან. ზოგჯერ სრულწლოვანი მეგობარი გვახლავს ხოლმე, რომ უფრო დაცულად ვიგრძნოთ თავი“, – ამბობს ნინო.
ნინო თავისი სკეიტით
13 წლის მოზარდი ცდილობს თავისი შრომითაც იშოვოს ფული. „უცხოელები იყვნენ, მთხოვეს მათი შვილისთვის მესწავლებინა სკეიტზე დგომა. 50 ლარი გადამიხადეს. შემდეგ კორონავირუსი რომ გაჩნდა, ეს უცხოელები წავიდნენ.
მეორე შემთხვევა იყო, როცა ქობულეთში გადაგვიღეს სკეიტბორდისტები და თითო ბავშვს 50 ლარი მოგვცეს. სხვა შემთხვევა არ მქონია“, – ამბობს ნინო.
მისი თქმით, სიღარიბე ბევრ დაბრკოლებას უქმნის ადამიანებს, მათ შორის, ნინოს ოჯახსაც. პანდემიამდე ნინოს დედა მუშაობდა და ოჯახს დამატებითი შემოსავალიც ჰქონდა, პანდემიაში კი სამუშაო დაკარგა.
ნინოს არც საკუთარი ტელეფონი აქვს. „ინსტაგრამისთვის“ ახალი ვიდეოს გადასაღებად დედის ტელეფონს იყენებს. ამბობს, რომ ძველი ტელეფონი გაუტყდა, ახლის შეძენას კი ჯერ ვერ ახერხებს.
„ჩვენ ბავშვებს ხომ გვერიცხება დახმარება, იქიდან დედა 30-30 ლარს გვაძლევს ხოლმე თვეში ან ტანსაცმელს ვყიდულობთ, ან სადმე ვსხდებით მეგობრები. სხვა არაფერში მყოფნის“, – გვეუბნება ის.
ნინო ანჯაფარიძე
რთულად იხსენებს პანდემიის პერიოდს. ამბობს, რომ ლოქდაუნს ძალიან განიცდიდა, რადგან მშობლები გარეთ გასვლას უშლიდნენ. „ზოგჯერ, როცა ძალიან მოვიწყენდი, სახლის ახლოს ეზოში გასვლის ნებას გვაძლევდნენ. ძირითადად მეძინა, ახლაც მიჭირს ხოლმე დილით ადრე ადგომა, ან ტელეფონზე ვთამაშობდი. სულ სახლში ჯდომის გამო წონაშიც მოვიმატე. წიგნებსაც ვკითხულობდი ზოგჯერ, მაგრამ მაინც მწყინდებოდა.
ახლა ვცდილობ, უკეთ ვისწავლო და ბევრი ვივარჯიშო. ვაპირებ, მათემატიკასა და ფიზიკაში უკეთესი შედეგები მქონდეს. ბევრი ინტერესი მაქვს, ძალიან მინდა გიტარის სწავლა, თუმცა არ ვიცი, მიმიღებენ თუ არა, საქველმოქმედო ფონდი მეხმარება ამბების გარკვევაში. ვნახოთ, თუ შევძლებ უფასოდ სწავლას. კორეული ენითაც ვარ დაინტერესებული. ჩემით ვსწავლობ, ძალიან მინდა სამომავლოდ ამ ქვეყანაში ვიცხოვრო“, – გვეუბნება ნინო.
ნინოს მშობლები ჟესტურ ენაზე საუბრობენ
ნინოს მშობლებმა ჟესტურ ენაზე საუბარი პანსიონში ისწავლეს, ბავშვებმა კი – სახლში, მშობლებისგან.„თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, რადგან ვერ ვხვდებოდით ვერაფერს. შემდეგ უფრო გამიადვილდა. ჩემს და-ძმას უფრო გაუჭირდა სწავლა. დედას ვეუბნებოდი, ხომ არ არის ქალაქში რაიმე ადგილი, სადაც ვისწავლით ჟესტურ ენას-მეთქი. არსად არ ისწავლებოდა. ჩემი მშობლები პანსიონში ცხოვრობდნენ და იქ შეხვდნენ ერთმანეთს, ჟესტური ენაც იქ ისწავლეს. კარგი იქნება, ბათუმშიც რომ არსებობდეს ასეთი სკოლა, მაგრამ არ არის“, – გვეუბნება ნინო.
ნინო ანჯაფარიძე
„ბედნიერი მინდა ვიყო“, – გვეუბნება ის საუბრის დასასრულს. მისი აზრით, ბედნიერება იმ ადამიანების გარემოცვაში ყოფნაა, ვინც ძალიან უყვარს. „ასევე, ძალიან მინდა, პროფესიონალი სკეიტბორდერი გამოვიდე, ეს ძალიან მინდა“, – ამბობს ნინო.
საქართველოდან წასვლის მსურველთა ოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2019 წლის მონაცემების თანახმად 2015 წელს ქვეყანა 67 452-მა საქართველოს მოქალაქემ დატოვა, 2016 წელს – 64 705-მა, 2017 წელს – 67 269-მ, ხოლო 2018 წელს – 76 367-მა.
ორი ქალის მაგალითზე „ბათუმელები“ მოგიყვებათ რა სამუშაოს შესრულება უწევთ მიგრანტ ქალებს საქართველოდან.
გალინას ამბავი
ოცწლიანი ემიგრაციის შემდეგ, როცა საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა, ზუსტად იცოდა, რომ მშობლიურ ქვეყანაში საკუთარი ადგილის პოვნა ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ ასევე ზუსტად იცოდა, რომ ხანგრძლივი ემიგრაცია უნდა დაესრულებინა.
გალინა ზაზაძემ საქართველო 1997 წელს დატოვა და სამუშაოდ საბერძნეთში წავიდა. მაშინ მესხეთის სახელმწიფო თეატრში მუშაობდა და მისი ხელფასი თვეში 12 ლარი იყო.
„უცხო ქვეყანაში არავის არ აინტერესებს შენ ვინ ხარ – მსახიობი, ექიმი თუ დოქტორი. შენ იქ ხარ ჩვეულებრივი მუშა, დაქირავებული, რომელმაც ის სამუშაო უნდა გააკეთო, რასაც გავალებენ. თუ არ გააკეთებ, მაშინ მიბრძანდი, ბატონო. ეგერ, სხვებიც არიან და რიგში უნდა დადგე, რომ სამსახური იშოვო.
ეს იყო ჩემთვის ყველაზე რთული – მე მსახიობი ვიყავი და არამარტო მე, იქ ჩემი მეგობრებიც არიან ჯერ კიდევ, რომლებიც თეატრიდან წავედით ერთად და იქ ვმუშაობდით სათბურებში, ზეთისხილზე…“
საქართველოში დაბრუნება სულ უნდოდა, რადგან მიიჩნევდა, რომ „ემიგრანტისთვის ნოსტალგია რთული და შემაძრწუნებელია“.
„ბევრჯერ სიზმარში ვყოფილვარ საქართველოში, ჩემს სახლში, ჩემს სოფელში… გაღვიძებისას აღმომიჩენია, ჩემს სოფელში კი არა, ისევ იქ ვარ და მიტირია. მიტირია კი არა, მიბღავლია, ისევ აქ ვარ და როდის უნდა დასრულდეს. მაგრამ დაღლილი სხეულით ისევ ავმდგარვარ და ისევ გამიგრძელებია მუშაობა.
აქ რომ ჩამოვიდოდი ცოტა ხნით, ეგეც მტკივნეული იყო, რადგან უკან უნდა გავქცეულიყავი. აქედან ტირილით მივდიოდი, იქიდან სიხარულით ჩამოვდიოდი. და ეს გაგრძელდა ოცი წელი“.
გალინა ამბობს, რომ ყოველი ჩამოსვლის შემდეგ ფიქრობდა დარჩენაზე, მაგრამ მისი ქვეყანა „ვერაფერს სთავაზობდა“. ოცწლიანი ემიგრაციით შეძლო ბათუმში ბინა ეყიდა და სამუდამოდ ეთქვა უარი საბერძნეთში ცხოვრებაზე.
„ეს 20 წელიწადი ჩემთვის დაკარგული წლებია. ცხოვრებამ საქართველოში გაიარა უჩემოდ. რაღაცები გამოვტოვე. თუნდაც ჩემი ახალგაზრდობა, ოცი წლის განმავლობაში, დავტოვე იქ. ეს არის დაღი.
დღემდე ამას ვამბობ, რომ შეიძლება უარესად ვყოფილიყავი აქ, საქართველოში 12 ლარი ხელფასით (მერე ცოტ-ცოტა მოიმატა). მაგით ვერ ვიცხოვრებდი, ვერც დედაჩემს ვერ მოვეხმარებოდი. ახლანდელი გადმოსახედიდან ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს არ დავკარგავდი.
აქ რომ დავბრუნდი, თითქოს ჩემი ადგილი აღარსად იყო. ვერ ვპოულობდი ჩემს მეგობრებს, ჩემს ახლობლებს, 20 წელიწადი – კი, პერიოდულად ვბრუნდებოდი, მაგრამ ყველას ნახვას ნამდვილად ვერ ვასწრებდი. ყველაზე ხანგრძლივად ამ ოცი წლის განმავლობაში საქართველოში მაშინ ვიყავი, როდესაც დედა გარდამეცვალა – მაშინ ჩამოვედი და 40 დღე გავჩერდი. დედის 40-ის შემდეგ უკან დავბრუნდი“.
გალინა ამბობს, რომ მისი ცხოვრების საუკეთესო წლები გაატარა საზღვარგარეთ იმ ფულის საშოვნად, რომელიც ბინის საყიდლად სჭირდებოდა. გულიწყდება, რომ იმდენად ჩაითრია საზრუნავმა, ოჯახი ვერ შექმნა.
ბათუმში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდეგ საკუთარი ადგილის ძებნა დაიწყო, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ეს ადგილი არც ისე ადვილი საპოვნელი იყო.
„საბერძნეთიდან საბოლოოდ წამოსვლა რომ გადავწყვიტე და წერტილი დავუსვი საბერძნეთს, რომ მე იქ აღარ დავბრუნდებოდი, ყველას ძალიან გაუკვირდა. გაუკვირდათ ბერძნებსაც. გაუკვირდათ ჩემს მეგობრებსაც. ოცი წელი არ არის ის პერიოდი, რომ ჩახვიდე საქართველოში და იქ ააწყო ცხოვრება.
არავის ან არ სჭირდები, ან არ ახსოვხარ, შენი ადგილი აღარ არის, იმიტომ, რომ მოდიან თაობები.
მე ამას მართლა არ ველოდი, რომ ჩამოვიდოდი და დამხვდებოდნენ, მობრძანდით, აგერ სამსახური – ამას არ ველოდი. უნდა მქონოდა რაღაც თანხა იმისათვის, რომ უკან აღარ დავბრუნებულიყავი. ამაზე მე ვიმუშავე ძალიან ბევრი.
რომ ჩამოვედი, ზუსტად ეგრე მოხდა – სადაც მივედი, ჩემი ადგილი არ იყო. იქ მე აღარ მიცნობდნენ, იქ მე აღარ ვიყავი. მინდოდა, რომ ჩართული ვყოფილიყავი, თუნდაც ჩემს თეატრში, მაგრამ იქაც აღარ იყო ჩემი ადგილი, მე ესე ვიგრძენი.
ვიფიქრე, რომ ბათუმში დავიწყებდი ახალ ცხოვრებას. ვცდილობდი ბათუმის თეატრში დამეწყო მუშაობა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თითქოს ჩემი ადგილი აღარსად აღარ არის. ამან ძალიან დამთრგუნა.
ცოტახანს რესტორანში ვიმუშავე, ძალიან ბევრი საათი. უცხოეთში არ მიმუშავია ამდენი საათი გადაბმულად, რამდენიც აქ. ამის შემდეგ დავიწყე სხვა საქმის ძებნა, თან ვფიქრობდი, რომ რადგან ბერძნული ვიცოდი, ეს ცოდნა არ უნდა დამეკარგა“.
სამსახური ვერსად იშოვა. რადგან ბერძნული იცოდა, ურჩიეს გიდად დაეწყო მუშაობა.
„იმ ზაფხულს ტურიზმის დეპარტამენტს ჰქონდა გიდების გადასამზადებელი ტრენინგები. ბერძნული კარგად ვიცი, გადავწყვიტე ვყოფილიყავი ბერძნულენოვანი გიდი. ტრენინგები, რომელიც გავიარე, ძალიან დამეხმარა იმაში, რომ მე დღეს გიდ-კოორდინატორი ვარ. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩემი თავი ვიპოვე. საბერძნეთში ცხოვრების და მუშაობის უფლება მაქვს, მაგრამ სურვილი აღარ – ისევ იქ წავიდე და ვიმუშაო. მხოლოდ ტურისტულად თუ წავალ ამიერიდან,“ – ამბობს გალინა.
გალინასთვის ერთ-ერთი ემოციური მომენტია ისიც, რომ ამდენი წლის გასვლის მიუხედავად, ქვეყანაში სოციალური ფონი არ იცვლება და ახალი თაობის ემიგრანტები უკეთეს ცხოვრებას სხვადასხვა ქვეყანაში ეძებენ.
„ჩვენი წასვლის შემდეგ ვფიქრობდით, რომ საქართველოში უკეთესი პირობები წამოვიდოდა. რაღაც პერიოდში წამოვიდა კიდეც ეს. ხალხი დასაქმდა, ზოგმა სამსახური ნახა, ზოგმა სწავლა გააგრძელა, თუნდაც აქ, თუნდაც უცხოეთში. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ დღესაც არ მიდიოდნენ ადამიანები ემიგრაციაში“ – ამბობს გალინა.
სოფოს ამბავი
სოფო ნასარაია პროფესიით მუსიკოსია. ემიგრაციაში წასვლა 2014 წელს გადაწყვიტა და შვიდი წელი გაატარა იტალიაში. სოფოც ემიგრანტთა იმ მცირე ჯგუფს განეკუთვნება, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს და უკან, ემიგრაციაში წასვლა აღარ უნდათ.
„ვერ ვიტყვი, რომ აქ შიმშილით ვკვდებოდი, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც აუცილებლობა მქონდა. ჩემთვის მინდოდა სახლი მეყიდა, მარტო მეცხოვრა და პედაგოგის ხელფასით ამის გაკეთება წარმოუდგენელი იყო საქართველოში,“ – ამბობს სოფო.
სოფო ნასარაია
სოფო მიიჩნევს, რომ მიუხედავად ემიგრანტობის თანმდევი არაერთი პრობლემისა – ენის არ ცოდნა, უცხო გარემოში ადაპტაცია, მაინც გაუმართლა.
„აქაური გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ იღბლიანი ემიგრანტი ვიყავი. თავიდან კი მიჭირდა, ვამბობდი – ეს სად მოვხვდი, მალე დავბრუნდები, ვერ გავჩერდები-მეთქი, მაგრამ 7 წელი დავრჩი,“ – ამბობს ის.
ემიგრაციაში წასვლამდე ბათუმში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში გალობდა. რომში ჩასვლისას ქართულ სამრევლოს მიაკითხა და საკუთარი თავი გააცნო. მგალობელთა გუნდში მიიღეს და ხუთი წლის განმავლობაში გალობდა.
სოფო ამბობს, რომ ამ ფაქტმა მორალურად გაუიოლა ემიგრაციაში ყოფნა, რადგან საკუთარი პროფესიით შეძლო თავის რეალიზება.
„7 ქალი ვიყავით მგალობელი. თუკი რაიმე ღონისძიება იქნებოდა საელჩოში თუ სადმე, ყოველთვის ჩვენ გვეძახდნენ. რომის საკათედრო ტაძარში დირიჟორადაც მიმიწვიეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.
მუშაობის გარეშე, რა თქმა უნდა, არავინ არაფერს გადაგიხდიდა. თავიდან მუშაობა ოჯახში ძიძად დავიწყე, მერე მეორე ოჯახში ისევ ძიძად და ბოლო ჩემი სამსახური იყო – ვილას ვუვლიდი – თავიდან ბოლომდე მე მქონდა ჩაბარებული, მაგრამ ამავდროულად დასვენების დღეებში იყო რეპეტიციები, კონცერტები, გამოსვლები… ამიტომ ვამბობ, რომ იღბლიანი ემიგრანტი ვიყავი-მეთქი. ყველას ხომ არ შეუძლია ინტეგრირდეს უცხოეთში? ყველას კი არა, ალბათ ერთეულების ხვედრია ეს და ჩვენ გამოგვივიდა,“ – ამბობს სოფო.
საზღვარგარეთ 7-წლიანი არალეგალური მიგრაციის დასრულების შანსი ჰქონდა, თუმცა საბუთების გაკეთების პროცესი იმდენად გაიწელა და იმდენად იყო დაღლილი ემიგრაციული ცხოვრებით, საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა.
„7 წელი საქართველოში არ ჩამოვსულვარ. საბუთი არ მქონდა. სრული ლოკდაუნი რომ იყო, მაშინ გამოვიდა კანონი, რომ ლეგალურად შეგეძლო ყოფნა იტალიაში. ჩემმა ოჯახმა ფულიც გადაიხადა, მაგრამ იტალიური ბიუროკრატიის გამო გაიწელა პროცესი. საბოლოოდ ავდექი და საბუთის გარეშე წამოვედი. მივატოვე.
ახლა რომ დამჭირდეს, არ ვიცი თუ შემიშვებენ, მაგრამ არ მაქვს სურვილი სამუშაოდ წავიდე, ტურისტულად მხოლოდ. რთულია. არ არის ადვილი. მე ხომ ჩემი სურვილით ვერ ვცხოვრობ იქ. იქ ცხოვრობ სხვისი ცხოვრებით. ვინც გიხდის თანხას, იმის ცხოვრებით ცხოვრობ, იმის გემოვნებით აკეთებ ყველაფერს.
ფიზიკურადაც დავიღალე, მორალურადაც დავიღალე. 7 წელი არ ვიყავი საქართველოში, ბოლოს და ბოლოს ჩემები მომენატრა და მივხვდი, რომ უნდა წამოვსულიყავი. აღარ შემეძლო. დავიღალე. ამოვწურე ჩემი თავი. კოვიდის გამო კონცერტები აღარ იყო, რეპეტიციები აღარ იყო, რაც მთავარია, მე აღარ მქონდა ემიგრაციაში ყოფნის ფინანსური აუცილებლობა.
წამოსვლამდე ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა აქ. ჩემს პროფესიას უნდა დავბრუნებოდი.
კარანტინში ვიყავი ისევ, პედაგოგთა გამოცდაზე რომ დავრეგისტრირდი. იმის გამო, რომ მაძიებელი ვიყავი და არა მოქმედი მასწავლებელი, საგნობრივ გამოცდაში უნდა ამეღო ათი კრედიტი. სხვანაირად ვერ გავხდებოდი სერტიფიცირებული.
ჩავაბარე გამოცდა. სკოლებში გამოცხადებულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და ორ სკოლაში ამიყვანეს. ამავდროულად მოსწავლე მყავს იტალიურ ენაში. იქ ვმეცადინეობდი და ენის სასერტიფიკაციო გამოცდაც ჩაბარებული მაქვს. დაწყებითი იტალიური შემიძლია ვამეცადინო“.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „ბათუმის აეროპორტი“ და „სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა კანონდარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს.
სამსახურის ცნობით, საქართველოს, სომხეთის, თურქეთისა და თურქმენეთის მოქალაქეების როგორც ფიზიკურად, ისევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და ძვირფასი ქვები გამოვლინდა.
„განსაკუთრებით, აღსანიშნავია ბათუმის აეროპორტში მომხდარი ფაქტი, სადაც თურქმენეთის რესპუბლიკის მოქალაქე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შეეცადა 47 377 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები მალულად შემოეტანა“ – წერს შემოსავლების სამსახური.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 56 348,51 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეები სანქციის სახით, საერთო ჯამში, 8 971,51 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო სამართალდამრღვევი თურქმენეთის მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
„ჩვენ გვაქვს წინ ზამთრის პერიოდი. გვაქვს გრიპის შემთხვევების მატების და ასევე იმის მოლოდინი, რომ ქვეყანაში ალბათ დაფიქსირდება ახალი მუტაცია, რომელიც თავისთავად კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას.
ამიტომ, ალბათ, დეკემბერ-იანვარი იქნება ამ მთელი 2-წლიანი პანდემიის მიმდინარეობისას ქვეყანაში ყველაზე მძიმე და ყველაზე სერიოზული გამოცდა, ვინაიდან ასეთი რეალური საფრთხეები წინა ანალოგიურ პერიოდში ნამდვილად არ ყოფილა,” – განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
„ვაქცინაცია და მეორე მექანიზმი, რომელიც ასევე მარტივია და ვერ ვიყენებთ – ეს არის ნიღბის ტარება. ნიღბის ტარების ბოლო მაჩვენებელი არის 22%, მაშინ, როდესაც გვჭირდება 70 და 80%. ნიღბის ტარება ყველაზე მარტივი, ეფექტური ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიება, საქართველოში არის სრულიად უგულებელყოფილი და ეს კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას,“ – ამბობს ივანე ჩხაიძე.
მისივე განმარტებით,ზამთრის პერიოდში ისეც იზრდება ქვეყანაში ეპიდსიტუაციის საფრთხეები, ახლა კი ამ საფრთხეს კორონავირუსის ახალი, სწრაფად გავრცელებადი შტამი „ომიკრონიც“ დაემატა.
„ზამთრის პერიოდი, რა თქმა უნდა, სავარაუდო საფრთხეებს ზრდის და ამ სავარაუდო საფრთხეებს დაემატა სრულიად მოულოდნელად, 25 ნოემბერს, ჯანმოს მიერ შეფასებული ახალი მუტაცია ომიკრონის ვირუსი, რომელსაც გამორჩეული თვისება, ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილი რაც გააჩნია, ეს არის მისი უფრო იოლი გავრცელება, უფრო იოლი გადამდებლობა, დანარჩენზე ინფორმაცია არ არის, მაგრამ ესეც საკმარისია იმისთვის, რომ ომიკრონი იყოს განხილული, როგორც სერიოზული საფრთხე.
სულ რამდენიმე დღის წინ 6 ქვეყანაში იყო გავრცელებული და დღეს ომიკრონი 52 ქვეყანაშია.
ძალიან სწრაფად იზრდება ინფიცირების და იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ინფიცირებაა… რამდენად რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით, არის თუ არა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის რეალური საფრთხე, ეს ალბათ მომდევნო კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი, როდესაც ჯანმო მოამზადებს საბოლოო დასკვნას.
იცით, რომ წინა კვირას დაფიქსირდა გრიპის პირველი შემთხვევა. სავარაუდოდ, გრიპის შემთხვევებიც მოიმატებს და ესეც საფრთხეა,” – ამბობს ივანე ჩხაიძე.
ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ გავრცელების თვალსაზრისით ომიკრონის მაჩვენებლები შემაშფოთებელია:
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ომიკრონი არ დაფიქსირებულა, ის ციფრები, რასაც სამხრეთ აფრიკელი კოლეგები გვაძლევენ, ძალიან შემაშფოთებელია.
მინდა შევადარო დელტა და ომიკრონი გავრცელების თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის მაგალითზე.
საქართველოში 15 მაისს შემოვიდა პირველი შემთხვევა დელტასი, პირველ აგვისტოს დავაფიქსირეთ, რომ დელტა გახდა დომინანტური ვარიანტი. ორნახევარი თვე დასჭირდა დელტას იმისათვის, რომ ქვეყანაში მთლიანად ჩაენაცვლებინა ალფა ვარიანტი.
იმავე სიტუაციაში, სამხრეთ აფრიკაში, ორი კვირა დასჭირდა ომიკრონს, რომ გამხდარიყო დომინანტური. ორი კვირა – ორნახევარი თვის საპირისპიროდ. რა თქმა უნდა, ქვეყნების შედარება ასე პირდაპირ არ შეიძლება, მაგრამ ფაქტია, თუ საქართველოში მომდევნო კვირას ან ხვალ [ამას ვერავინ გათვლის – როდის] შემოვა ომიკრონი, შემოსვლიდან ძალიან სწრაფად გახდება დომინანტური, ეს ცხადია.
სწორედ ეს არის ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი თვისება, ამისთვის ორი რეკომენდაცია აქვს ჯანმოს – ვაქცინაციის გაზრდა, რასაც სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ და ბუსტერ დოზების აქტიური გამოყენება.
ბუსტერ დოზის გაკეთება არის ერთადერთი გზა, ვინაიდან ბუსტერით მიღებული იმუნური პასუხი არის გაცილებით უფრო ძლიერი, მყარი და ხანგრძლივი, ვიდრე პირველი ორი დოზის გაკეთების შემდეგ.
ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა მოვემზადოთ დელტას სავარაუდო ჩანაცვლებისთვის ომიკრონის სახით, აქცენტი უნდა გავაკეთოთ ბუსტერდოზების უფრო მეტ აქტიურ გამოყენებაზე,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
წლების წინ საქართველოში ქორწილს სეფაში იხდიდნენ, ღია ცის ქვეშ გაშლილ კარავში. კერძებს ქორწილში მეზობლები ამზადებდნენ, სუფრასაც ისინი შლიდნენ და ალაგებაშიც ეხმარებოდნენ ოჯახს. ასეთი ქორწილები დღეების განმავლობაში გრძელდებოდა, რადგან რამდენიმე ასეული ადამიანის გამასპინძლება იოლი საქმე არ იყო.
მას შემდეგ, რაც საქართველოში სარიტუალო დარბაზები გაიხსნა, სეფაში ქორწილის გადახდის ტრადიცია მივიწყებას მიეცა, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ხულოში, სოფელ ღორჯომში ეს ტრადიცია გააცოცხლა.
ბათუმიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარე სოფელში „ბათუმელები“ 27 ნოემბერს იმყოფებოდა, მარადისა და ინდირას ქორწილში.
შაბათს, 27 ნოემბერს, ადაძეების ეზოში ქორწილის სეფა უკვე გაშლილია და ქორწილის სამზადისი მიმდინარეობსსეფაში ქალები სუფრას შლიან. მიწაზე, სტუმრებს ფეხი რომ არ დაესვაროთ ტალახით, ნაძვის წიწვებია დაფენილი და ქვიშაა დაყრილიეზოსა და სახლში პროდუქტებს ამზადებენ, ხახვს ჭრიან, სალათებს აზავებენ. ყველა დაკავებულია, ყველას თავისი საქმე აქვსსაქმიანობაში ბავშვებიც არიან ჩართული, მათ ქორწილი უფროსებზე მეტად ახარებთცალკე ოთახში დაჭრილი და დახარისხებულია ხორცი, რომლისგანაც კერძებს მოამზადებენქალებს ბევრი საქმე აქვთ, ყველა ოთახში ფუსფუსიამალე ეზოში ცეცხლი ინთება და სხვადასხვა საკვების მოსამზადებლად ქვაბებს დგამენცალკე ოთახში ალაგია ნამცხვრებისაღამო ახლოვდება, სუფრა იშლება – მალე ქორწილი დაიწყებაქორწილში მოსვლამდე წყვილი მეჩეთში მიდის საქორწილო რიტუალის შესასრულებლადმარადი და ინდირა ბათუმში ცხოვრობენ და მუშაობენ, მათ გვითხრეს, რომ ქორწილის შემდეგ 20 დღე დარჩებიან ხულოში, სოფელ ღორჯომშისეფაში პირველ რიგში პატარძალი შემოდის. მას ტაშით ეგებებიან და ქორწილიც იწყებაგარეთ ნოემბრის წვიმაა, მაგრამ სეფაში მხიარულებას ეს ხელს არ უშლის. სუფრაზე უკვე ჰასუთაც ჩამოატარეს, ტკბილი ფაფა, ბევრისთვის საყვარელი საჭმელი, რომელსაც ქორწილშიც ამზადებენ
ნახეთ ვიდეორეპორტაჟი, რომელიც „ბათუმელებმა“ ღორჯომში მოამზადა:
დღეს, 8 დეკემბერს, მოძრაობა „არ გადადოს“ წევრებმა ბათუმის მერიასთან აქცია პერფორმანსით ავარიული სახლების შესწავლა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეებმა ბათუმის მერიის შესასვლელთან ავარიული სახლების ფოტოები გამოფინეს და გამოიტანეს აუდიომასალა, სადაც ავარიულ სახლებში მცხოვრებლები ჰყვებიან, რა პირობებში უწევთ ცხოვრება.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა მაქსიმალურად მოკლე დროში დატოვონ შენობები სიცოცხლისათვის სახიფათო სახლებში მცხოვრებმა ადამიანებმა.
„ჩვენ ვითხოვთ, მომზადდეს ავარიული სახლების ექსპერტიზის დასკვნები მერიის დაფინანსებით, ამის შესაძლებლობა მოსახლეობას არ აქვს,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი ნაგერვაძემ.
აქციის მიმდინარეობისას ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ავარიული სახლების შესწავლაზე მოთხოვნა ბათუმში განსაკუთრებით 26 მაისის ქუჩაზე, #13-ში მდებარე სახლის სადარბაზოს ჩამონგრევისშემდეგ გაიზარდა. მუნიციპალურ ინსპექციაში ასობით განცხადება შევიდა საცხოვრებლის მდგრადობის შესწავლის მოთხოვნით.
„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ – ამ სახელწოდებით ბათუმის მერიის და აჭარის მთავრობის ერთობლივი პროგრამა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 22 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებამდე 8 დღით ადრე დააანონსა. მისი თქმით, 2022 წლიდან 4 წლის განმავლობაში ამ პროექტისთვის 80 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან დაიხარჯება.
მთავრობის ინფორმაციით, 2025 წლის ჩათვლით, ავარიულ სახლებში მცხოვრები სულ 3 ათასზე მეტი ოჯახის პრობლემა უნდა მოგვარდეს, თუმცა პროგრამის დეტალებზე, როგორ მოხდება ავარიულ სახლებში მცხოვრები ადამიანების დაკმაყოფილება, ან რაში დაიხარჯება 80 მილიონი ლარი, მთავრობა დაზუსტებულ ინფორმაციას არ ავრცელებს.
დღეს, 8 დეკემბერს, ბათუმში უჩვეულო სითბოა. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს ბათუმში ჰაერის ტემპერატურა 24 გრადუსამდე მიაღწევს.
როგორც ობსერვატორიაში გვითხრეს, თბილი დეკემბერი ბათუმისთვის უცხო არ არის, თუმცა ასეთი სითბო დეკემბერში ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველადაა.
„აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი ცივი იყო, დაბალანსდა და დეკემბერი გვაქვს სანაცვლოდ თბილი. იანვარი შედარებით ცივი იქნება,” – გვითხრა გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის უფროსმა, რუსუდან დიასამიძემ.
მეტეოროლოგების განმარტებით, ახლა ბათუმში აღმოსავლეთის მიმართულების თბილი ქარი ქრის.
ხვალ, 9 დეკემბერს, ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დაიწევს, თუმცა 10 დეკემბრიდან ისევ გამოიდარებს.
10-14 დეკემბრამდე ბათუმში ისევ აღმოსავლეთის ქარი იქროლებს და კვლავ დათბება.
_______________
ფოტო გადაღებულია ბათუმში დღეს, 8 დეკემბერს. ფოტო: „ბათუმელები“/არჩილ კახაძე
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სასამართლომ ძალადობის მსხვერპლი ქალის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ქალის სასარგებლოდ ყოფილ მეუღლეს, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ქალის უფლებებს საია იცავდა.
„სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენით დადგინდა, რომ ოჯახში ძალადობა 5 თვის განმავლობაში სისტემატურად ხდებოდა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. აღნიშნულმა დანაშაულმა გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა. სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და სარჩელი სრულად დააკმაყოფილა“, – აცხადებენ საიაში.
მათივე ინფორმაციით, „სასამართლომ, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმე განიხილა ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესით, რომელიც ითვალისწინებს საქმის განხილვის შემჭიდროებულ ვადებს და ასევე, მკვეთრად ამსუბუქებს მოსარჩელის მტკიცების ტვირთს სხვა ტიპის საქმეებთან შედარებით. კერძოდ, გამარტივებული წარმოებისას მოპასუხეს შესაგებლის მოსამზადებლად ეძლევა არაუმეტეს 7 დღისა და საქმე განიხილება 1 თვის ვადაში. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის პირობებში, დადასტურებულად მიიჩნევა ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელი წინაპირობები“.
საიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია მსხვერპლთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რადგან გამოიკვეთა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა შესაძლებლობა, მიმართონ სასამართლოს გამარტივებული წარმოების წესით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით და დაჩქარებული ვადებში, ნაკლები მტკიცების ტვირთის პირობებში აინაზღაურონ ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში. გადაწყვეტილება სასამართლომ მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს მიიღო.