გასული წლის მიწურულს 28 წლის ბათუმელმა ლევან ჩხაიძემ ფერადი ხის სახლების დადგმა დაიწყო ქუჩის ძაღლებისთვის. საქმე დაიწყო საკუთარი დანაზოგით და ენთუზიაზმით – ლევანს უნდა გახდეს უსახლკარო ცხოველებზე ზრუნვის მაგალითის მიმცემი.
ქუჩის ცხოველებისთვის გაკეთებულ პატარა, ფერად სახლს ლევანი „კერას“ უწოდებს და ამ სახელწოდებით ფეისბუქზე გვერდიც შექმნა, რომ ინიციატივას რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეუერთდეს.
„პირველი კერა ბათუმში, სამკერვალო ფაბრიკასთან 29 დეკემბერს ჩავდგი, ქუჩის ძაღლისთვის, რომელსაც ფაბრიკის თანამშრომლები უვლიან. თუმცა იდეაზე მანამდე ბევრი ვიფიქრე, ბევრი ადამიანისგან მოვისმინე რჩევა. იდეა გაჩნდა, რადგან ვხედავთ ამდენ უპატრონო ცხოველს, გადაყრილ ლეკვებს… ვიფიქრე, მოდი დავიწყებ და სხვებიც შემომიერთდებიან-მეთქი. ასეც მოხდა,“ – გვიყვება ლევანი.
პირველ „კერას“ მოჰყვა მეორე, მესამე და ახლა უკვე 13 პატარა, ფერადი სახლია ბათუმში უსახლკარო ცხოველებისთვის, რომელიც ლევანმა იმ ადამიანებთან ერთად დადგა, რომლებიც მის ინიციატივას შეუერთდნენ. სახლებს უკვე დატანილი აქვს ლოგო და შტრიხკოდი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადავიდეს ფეისბუქგვერდზე – ერთად ავაშენოთ / კერა, რომელიც ქუჩაში მცხოვრები ცხოველების დასახმარებლად შეიქმნა.
რამდენიმე დღის წინ „კერა“ დაუდგეს ბათურას, დემეტრე თავდადებულისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში მდებარე სახლს მიკედლებულ ძაღლს, რომელსაც პედაგოგი თეონა ყურშუბაძე და მისი მეზობლები უვლიან. თეონამ გვიამბო, რომ ძაღლი 10 დღის წინ გამოჩნდა სახლთან და სწრაფად შეეჩვია გარემოს. მას „ბათურა“ დაარქვეს და საკვებს აწოდებდნენ, ლევანმა და მისმა მეგობრებმა კი ბათურას „კერაც“ მიუტანეს, რომ ზამთრის ცივ ამინდსა და წვიმას თავი შეაფაროს.
„მართალია, ცოტანი ვართ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ მოვაგვაროთ პრობლემები. როცა ვამბობ ჩვენ, ვგულისხმობ ყველა ადამიანს, რომელიც ერთვება ამ ინიციატივაში და მინდა ბევრი ადამიანი შემოუერთდეს ამ იდეას, მხარში დაგვიდგეს, ნახოს რას როგორ ვაკეთებთ. ეს არ კეთდება ჩემთვის ან ვიღაცისთვის, ეს კეთდება ბათუმისთვის, მინდა მომავალ თაობას ჰქონდეს ზრუნვის უნარი,“ – ამბობს ლევანი.
ბათურასთვის სახლის დადგმაში ლევანს მეგი ინაიშვილიც ეხმარებოდა, რომელიც „კერას“ აქტიური მხარდამჭერია. მეგიმ გვითხრა, რომ მისთვის განსაკუთრებით გულსატკენია, როცა ბავშვები სასტიკად ექცევიან უსახლკარო ცხოველებს:
„ალბათ, ეს ოჯახზეა დამოკიდებული, როგორ ასწავლიან ცხოველების სიყვარულს, ზრუნვას. ეს ელემენტარული თუ არ შეეძლებათ ბავშვებს, რა მოხდება მერე, როცა სხვა პრობლემებს შეეჭიდებიან?“
ლევანმა გვითხრა, რომ აქამდე სახლებს ძირითადად საკუთარი დანაზოგით იძენდა, თუმცა ახლა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ ამ წამოწყებას მხარი დაუჭირონ. ცხოველების სახლების გადახურვაში მასალით ლევანს კომპანია „ნოვა“ ეხმარება. ერთი „კერა“ საშუალოდ 200 ლარი ღირს.
„ჩემი დაგროვებული თანხით დავიწყე სახლების კეთება, შემდეგ ანგარიშის გახსნა მთხოვეს. პირველი ორი კვირა არ ვხსნიდი, მაგრამ ემიგრანტებს სურდათ დახმარება, იმდენი გამოხმაურება იყო, რომ ვიცი, კვირაში ერთ კერას მაინც ჩავდგამ,“ – ამბობს ლევანი.
სანამ „კერას“ დადგამენ, ლევანი ადგილზე მიდის და სიტუაციას ეცნობა, შესაძლებელია თუ არა ძაღლისთვის სახლის დადგმა კონკრეტულ ადგილას. 22 იანვარს ლევანმა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომლების დახმარებით, „კერა“ დაუდგა ქუჩის ძაღლს, რომელიც ბოლო დღეებში იმით გახდა ცნობილი, რომ ზებრა-გადასასვლელზე ბავშვებს აცილებს.
ლევანი ამბობს, რომ მის წამოწყებას ბათუმში პოზიტიურად ხვდებიან, თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც პრეტენზიები აქვთ.
„ძირითადად არის ძაღლებზე რატომ ზრუნავ და რატომ არ ზრუნავ ადამიანებზე. ასე არ არის, ვზრუნავთ ადამიანებზე. რამდენიმე დღის წინ კაცს, მამუკას, რომელიც 42 კატასთან ცხოვრობს, ღუმელი დავუდგით. ხსვებსაც ვეხმარებით,“ – ამბობს ლევანი და ნებისმიერ მსურველს მოუწოდებს, ჩაერთონ ამ აქციაში, დაეხმარონ საინიციატივო ჯგუფს მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლების დადგმაში და თვალი ადევნონ გვერდს ფეისბუქზე, რომელზეც ყველა აქტივობა ქვეყნდება.