მთავარი,სიახლეები

თეა და ანა – როგორ შეცვალა პანდემიამ ეტლით მოსარგებლე ადამიანების ცხოვრება

30.12.2020 • 1685
თეა და ანა – როგორ შეცვალა პანდემიამ ეტლით მოსარგებლე ადამიანების ცხოვრება

კორონავირუსის პანდემიამ ყველას ცხოვრება შეცვალა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების, რომელთა სრული უმრავლესობა საქართველოში პანდემიამდეც მთელი რიგი შეზღუდვებით ცხოვრობდა, ახლა მათ წინაშე ახალი გამოწვევებია.

თეა კაკაბაძე

37 წლის, ეტლით მოსარგებლე თეა კაკაბაძე ბავშვობაში მიღებული ტრავმის გამო 18 წელი იყო სახლში. შემდეგ კომპლექსებს სძლია და უკვე შვიდი წელია, რაც თეა აქტიურად ცდილობს მაქსიმალურად აინაზღაუროს ის წლები, რაც შინ გაატარა.

პანდემიამ თეა კვლავ სახლში გამოკეტა. მას უნდოდა 2020 წელს ესწავლა და ამის გამო სამსახურიდანაც კი წამოვიდა, მაგრამ გეგმა განუხორციელებელი დარჩა.

თეა პანდემიამდელ ცხოვრებას იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ მის დღის წესრიგში სხვა, ფიზიკური გადაადგილების შეზღუდვა იდგა. თეა ამ უფლებისთვის აქტიურად იბრძვის:

„სხვა ქალაქებთან შედარებით ბათუმი კი არის მეტ-ნაკლებად ადაპტირებული, მაგრამ ეს მხოლოდ შედარებით. არის ბევრი სირთულე.

ბათუმში ბევრი ქუჩაა, რომელზეც მე დამოუკიდებლად ვერ გადავაადგილდები, ვერ ავდივარ აფთიაქებში… მხოლოდ ეტლით მოსარგებლეებისთვის კი არა, არც მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის, არც სმენის არმქონეებისთვის არის ადაპტირებული.

თითქოს აკეთებენ პანდუსებს, უსინათლოთა ყვითელ ბილიკებს… მაგრამ ზედაპირულად, ფორმალურად, ისე, რომ მალევე გასაკეთებელია, ანუ აკეთებენ ისე, რომ არც საქმე დაელევათ და არც გაკეთდება” – ამბობს თეა. 

 

ანა ბარათაშვილი

26 წლის ანა ბარათაშვილის დიაგნოზი ცერებრული დამბლაა, რომელიც ძირითადად უნებლიე მოძრაობებისა და მეტყველების გაძნელებით გამოიხატება. ანაც ეტლით მოსარგებლეა. ის ბათუმთან, ხელვაჩაურში ცხოვრობს.

ქალაქიდან სიშორის მიუხედავად ანა პანდემიამდე  ყოველთვის ცდილობდა ფიზიკურად ყოფილიყო ჩართული სხვადასხვა აქტივობაში, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა.

სოციალური დისტანცირება ანასთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა, მას ყველაზე მეტად ცოცხალი ურთიერთობები აკლია.

„პანდემიამდე ხშირად დავდიოდი სკოლაში, ვესაუბრებოდი ბავშვებს, პედაგოგებს, გამვლელებს. დავდიოდი ტრენინგებზე და მქონდა საშუალება მესწავლა რაღაც ახალი და მეგობრებიც მენახა.

დავდიოდი ნათესავებთან ან ისინი მოდიოდნენ, მეგობრებიც ხშირად მნახულობდნენ. პანდემიამ კი მხოლოდ ონლაინშეხვედრები მოგვცა, რაც არ არის ადვილი. არც ჯანმრთელობისთვის არის სასარგებლო, საათობით ეკრანს რომ ვუყურებ.

ყველაზე მეტად ცოცხალი ურთიერთობა მაკლია, რაც გაძლევს მეტ სტიმულს, აზრების უკეთ გაცვლის მეტ შანსს. პანდემიამ ის შეცვალა, რომ ნაკლები ურთიერთობები გვაქვს საზოგადოებასთან, რაც პირადად ჩემთვის აუცილებელია” – გვიყვება ის.

ანა ამბობს, რომ მისი დიაგნოზით ცხოვრება პანდემიამდეც რთული იყო, სულ ცოტა არაადაპტირებული გარემოსა და ფიზიკური გადაადგილების შეზღუდვის გამო და პრობლემა გამხდარა ექიმთან კონსულტაციაზე მისვლაც კი.

„ჩემი ერთი დღე პანდემიის დღეებში დილით წიგნის კითხვა, მერე ტელევიზორის ყურება და საღამოს ოჯახის წევრებთან საუბარია“ – ამბობს ანა.

იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც გადაადგილების პრობლემა აქვთ და ამის გამო დასაქმების პრობლემა ექმნებათ, პანდემიამ ერთი საინტერესო პრაქტიკა გამოკვეთა. კერძოდ, აჩვენა ის, თურმე შესაძლებელია დისტანციურად სწავლა და მუშაობა.

შშმ ადამიანებს იმედი აქვთ, რომ დამსაქმებლებმა, შესაძლოა, მომავალში ეს გამოცდილება გამოიყენონ და მანამ, სანამ გარემოს ადაპტირების ან სხვა სირთულეების გამო გადაადგილება ჭირს, შშმ ადამიანებს პანდემიის გარეშეც ჰქონდეთ დისტანციურად მუშაობის საშუალება.

„აქამდე სამსახური არ მქონია. მინდა თარჯიმნობა ვისწავლო და წიგნები ვთარგმნო. პირადად ჩემთვის ყველაზე სასურველი და მისაღებია ნებისმიერ სფეროში ურთიერთობა ადამიანებთან მქონდეს ცოცხლად, პირისპირ. ამასთანავე, ზოგადად დამსაქმებლისგან ვისურვებდი ადაპტირებულ გარემოს და სულ ცოტა ხელშეწყობას… იმის უფლებას, რომ სახლიდანაც ვიმუშაო” – ამბობს ანა ბარათაშვილი.

თეა კაკაბაძე 2016-2017 წლებში ერთ-ერთ ჰოსპიტალში მუშაობდა ონლაინკონსულტანტად, თუმცა, თავისივე სურვილით, მაქსიმალურად ცდილობდა ადგილზე მისულიყო და კოლეგებთან ერთად ემუშავა.

თეა ამბობს, რომ აუცილებელია დამსაქმებლებმა გაითვალისწინონ იმ შშმ ადამიანების სირთულეები, რომლებიც ქალაქიდან შორს ცხოვრობენ, უჭირთ სისტემატიურად ფიზიკურად სიარული სამსახურში, მაგრამ თავისუფლად შეასრულებენ სხვა და სხვა სირთულის დავალებებს დისტანციურად.

„ჩემი სურვილია, რომ ახლა, პანდემიის დროს განსაკუთრებით, მოგვეცეს ონლაინ განათლებისა და ონლაინ დასაქმების საშუალება. ძალიან ბევრი შშმ ადამიანი ვიცი, ვინც ძალიან კარგი მცოდნეა თავისი საქმის. პანდემიამ აჩვენა, რომ ყველა გადავიდა ონლაინ რეჟიმზე.

მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები შშმ ადამიანი, პანდემიას რომ თავი დავანებოთ, ფიზიკურად ვერ მოახერხებს გამოსვლას სხვა დროსაც. კარგი იქნებოდა, რომ მთავრობა და დასაქმების სააგენტოები აგროვებდნენ შშმ ადამიანების უნარების შესახებ ინფორმაციას და ხელს გვიწყობდნენ დასაქმებაში” – ამბობს თეა.

ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის გადაადგილება პანდემიამდეც პრობლემური იყო. ამის ერთ-ერთი ცხადი მაგალითი სამთავრობო უწყებების შენობებია, სადაც, თეას შეფასებით, პანდუსები სანახევროდაა გაკეთებული:

„განათლების სამინისტროს გარე პანდუსით მარტო შესასვლელში ავდივარ, სხვაგან ფიზიკურად ვერ ახვალ, თვითონ ჩამოდიან ქვევით.

ყველაზე სასაცილოა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსაც ასეთი პანდუსი აქვს შიგნით. შიდა პანდუსით ვერანაირად ვერ ისარგებლებ, ან ისარგებლებ და კისერს მოიტეხ და ისეც ეტლით მოსარგებლე, ორმაგად გახდები შშმ.

არც მერიაში არ არის პანდუსი. არის ლიფტი გარე მხრიდან, მაგრამ რამდენჯერმე გავეჭედე შიგნით, ვერც ზევით ავედი, ვერც ქვევით … 2019 წელს ერთ-ერთ შეხვედრაზე ფიზიკურად ვერ ავედი ამის გამო“.

განათლების სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს შენობების შიდა პერიმეტრზე პანდუსების არარსებობას ან უფუნქციობას შენობების სიძველით ამართლებენ და ამბობენ, რომ შენობა ისეა აგებული, რომ შიდა პერიმეტრზე სტანდარტების დაცვით პანდუსი ვერ მოეწყობა.

„უნდა მოხდეს გარე ლიფტის დამონტაჟება. იმის გამო, რომ შენობა ძველია, შენობაში ლიფტის დამონტაჟება არ ხერხდება. პირველი, რაც გაკეთდა, არის ის, რომ ყველა შშმ პირს მივეცით შესაძლებლობა შენობაში შემოვიდეს და პირველ სართულზე მოწყობილ შეხვედრის სივრცეში შეხვდეს საქმიდან გამომდინარე ვისაც საჭიროა. გვქონია შემთხვევები, როცა მინისტრიც კი ჩამოსულა შეხვედრაზე იმის გამო, რომ შენობა არ გვაძლევს საშუალებას“ – გვითხრეს განათლების სამინისტროში.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ლიფტის საკითხის შესახებ უახლოეს მომავალში იმსჯელებენ. უწყება ამ შენობაში დაახლოებით ათი წელია რაც ფუნქციონირებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: