მთავარი,სიახლეები

უზბეკმა მძღოლმა საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციოში უჩივლა

09.12.2021 • 14024
უზბეკმა მძღოლმა საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციოში უჩივლა

უზბეკეთის მოქალაქე პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. ინომჯონ ბუვამირზაევი ითხოვს, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერის ამოღების შესაძლებლობა მისცენ, რადგანაც ის ბათუმში მომხდარ ავტოავარიის შემთხვევაზე ბრალდებულია, ხოლო ჩანაწერში ჩანს, რა ვითარებაში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა.

ავტოავარიისას მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ორი დაიღუპა. უზბეკეთის მოქალაქე, რომელიც ტრაილერს მართავდა, წინასწარ პატიმრობაშია.

უზბეკეთის მოქალაქე საკონსტიტუციო სასამართლოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის იმ ნორმატიულ შინაარს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოითხოვოს კერძო კომპანიიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, თუმცა ეს არ ეხება ნაკლებად მძიმე და გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულებს.

რადგან პროკურატურამ უზბეკეთის მოქალაქეს ბრალი დასდო გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისთვის, ბენზინგასამართ სადგურსაც არ ჰქონდა ვალდებულება, კონკრეტული პირისთვის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები გადაეცა.

ინომჯან ბუვამირზაევის მტკიცებით, ეს სამართლებრივი ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას: „დაცვის უფლება გარანტირებულია.“

„…მე დავიწყე მანევრირება გზაჯვარედინზე თამარ მეფის გამზირიდან მარცხნივ ნონეშვილის ქუჩის მიმართულებით გადასასველი ხიდისკენ. მანევრირების დაწყების მომენტში ჩემი თვალთახედვის არეში საპირისპირო საავტომობილო გზაზე არანაირი სატრანსპორტო საშუალება არ მოძრაობდა, ვიდრე დავასრულებდი მანევრირებას, გზაჯვარედინის გადავლას და ხიდზე გადასვლას ნონეშვილის ქუჩის მიმართულებით, ჩემ მიერ მართულ სატვირთო სატრანპორტო საშუალებას გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა მარჯვენა მხრიდან შეეჯახა მისამბმელის შუა ნაწილში. მანევრირების დაწყებისას ჩემი მხედველობის არეში არ იყო მოქცეული აღნიშნული ავტომობილი. მისი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობიდან გამომდინარე როგორც მანევრის დაწყებისას, ასევე მანევრირების პროცესში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება ობიექტურად შეუძლებელი იყო ჩემთვის.

ცხადია უაღრესად დამწუხრებული ვარ დამდგარი მძიმე შედეგების გამო, მაგრამ ჩემი ქმედებები არ არის მიზეზობრივ კავშირში მათთან და ხსენებული შედეგები მე არ უნდა შემერაცხოს ობიექტურად,“ – ასე აღწერს მომხდარს ბრალდებული კაცი, რომელიც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს.

ინომჯან ბუვამირზაევის საქმის განხილვა ამ დროისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულებული არ არის. სასამართლო პროცესზე ბრალდებულს „ლუკოილის“ სათვალთვალო კამერის ჩანაწერების წარდგენა სურდა, თუმცა კომპანიაში ჩანაწერების ამოღებაზე უარი უთხრეს.

„ცხადია იმისათვის, რომ შევძლო საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, მესაჭიროება მტკიცებულების სახით აღნიშნული ვიდეოჩანაწერის სასამართლოში წარდგენა, ასევე მესაჭიროება ზემოთ აღნიშნული ვიდეოკადრების საფუძველზე შესაბამისი ექსპერტიზების დანიშვნა, საექსპერტო კვლევების უზრუნვლყოფა და მიღებული შედეგებით საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება,“ – აღნიშნულია სარჩელში.

თუკი საკონსტიტუციო სასამართლოში უზბეკეთის მოქალაქე პარლამენტს დავას მოუგებს, პარლამენტს კანონის შეცვლა მოუწევს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: