მთავარი,სიახლეები

შეწყდეს ძაღლების ნაგავსაყრელზე გადაყრა – აქცია ბათუმში ცხოველების დასაცავად

05.07.2021 •
შეწყდეს ძაღლების ნაგავსაყრელზე გადაყრა – აქცია ბათუმში ცხოველების დასაცავად

დღეს, 5 ივლისს, ბათუმის მერიის წინ, მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი მერიას ცხოველთა უფლებების დაცვას და კანონმდებლობის გამკაცრებას სთხოვენ, რადგან მათი თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა კერძო პირებს ჯერ აჰყავთ ძაღლი, შემდეგ კი ქუჩაში ტოვებენ.

„კანონი თუ არ გამკაცრდა ძაღლების მიტოვებაზე, ისე არაფერი გამოვა“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმის ნაგავსაყრელზე დაახლოებით 300-მდე ძაღლია.

ცხოველთა უფლებადამცველებმა მერიის წინ აქცია გამართეს

„ძაღლების მოვლა-პატრონობაზე მერიის ბიუჯეტიდან იხარჯება თანხები, თუმცა ძაღლები მოუვლელი და უპატრონოდ არიან ქუჩაში მიტოვებული. ჩვენ დღეს მოვითხოვთ, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს მერიამ გადაწყვეტილება დაპირებული თავშესაფრის მშენებლობაზე, ასევე შეწყდეს ცხოველების მასიურად გადაყრა,“ – ამბობს თამარ ხონელიძე.

აქციის მონაწილეები კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებენ მერიას.

„შეწყდეს დაუსაბუთებელი საჩივრების საფუძველზე ცხოველების ტერიტორიიდან გამოყვანა, აღირიცხოს სოფლად მცხოვრები ყველა ცხოველი, მოხდეს გასტერილება და დაჩიპვა, რომ შემდეგ ადვილად მოხდეს იმის იდენტიფიცირება, თუ რომელმა მეპატრონემ მიატოვა ძაღლი და იმის გარკვევაც, ნაგავსაყრელზე ვინ გადააგდო ცხოველი,“ – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გვანცა შავიშვილმა.

გვანცა ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ რვა ლეკვი გადაარჩინა, რომლებიც წებოვანი ლენტით იყვნენ შეკრული და გადაყრილი. „ყველა მკვდარი იქნებოდა, მე რომ არ მეპოვა“- ამბობს ის.

ცხოველთა უფლებების დამცველები კანონების გამკაცრებას მოითხოვენ

„ქუჩის ძაღლებს ძალიან არაჰუმანურად ეპყრობიან  ადამიანები და მერიასაც არასწორი პოლიტიკა აქვს მათ მიმართ. ქუჩის ცხოველების ნაგავსაყრელზე გადაყრა არ არის გამოსავალი. მესმის, რომ ტურისტული ქალაქია და შეიძლება ვიღაცას აწუხებდეს, მაგრამ ის გზები, რასაც ქუჩის ძაღლების მოსაშორებლად იყენებენ, არსად არ გვხვდება მსოფლიოში.

ცხოველებს სჭირდება თავშესაფარი, კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. პროგრამებიც არის გაწერილი, შეთავაზებებიც არის ცხოველთამოყვარული საზოგადოებისგან მერიას, თუმცა ჩვენც დავიღალეთ იმით, რომ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ და ვერ ვეხმარებით ცხოველებს. როდემდე უნდა ვიყოთ ასე,“ – ამბობს ლიკა კალატოზი.

გუშინ ბათუმის ნაგავსაყარზე ცხოველების მოყვარულები იყვნენ  გასული და საკვები და წყალი გაუტანეს ძაღლებს. ნაგავსაყრელზე ათობით ძაღლია გადაყრილი და დაავადებული.

ბათუმის ნაგავსაყრელზე ათობით ძაღლია გადაყრილი.

„ვერ აღწერთ, რაც იქ ხდება, ცხოველები ღია ცის ქვეშ არიან, წყლის გუბეებში იხრჩობიან წვიმის დროს, ლპებიან დაავადებებისგან“ – ამბობს თეონა ყურშუბაძე, რომელიც აქციის დროს მერის მოვალეობის შემსრულებელს არჩილ ჩიქოვანს შეხვდა.

შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ თეონა ყურშუბაძემ აღნიშნა, რომ მერიისგან დაპირებები მიიღო.

ბათუმის ნაგავსაყრელი

„გვითხრეს, რომ ნაგავსაყრელზე გავა მონიტორინგის ჯგუფი და შეისწავლიან მდგომარეობას. პირველი, რაც ამ წუთისთვის უნდა გაკეთდეს არის ის, რომ ცხოველების ყოფა-ცხოვრება შემსუბუქდეს, გადაიხუროს რაღაც ტერიტორია, რომ ძაღლები ღია ცის ქვეშ არ იყვნენ,“ – ამბობს ყურშუბაძე.

მისი თქმით, ეს არ იქნება მერთან ერთჯერადი შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით და ისინი თვალს მიადევნებენ პროცესებს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: