მთავარი,სიახლეები

უცხოელი მოხალისეები ბათუმიდან, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებს ეხმარებიან

09.12.2021 • 2312
უცხოელი მოხალისეები ბათუმიდან, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებს ეხმარებიან

ბათუმში უკვე წელიწად-ნახევარია უცხოელ მოხალისეთა ჯგუფი მუშაობს, რომლებიც ქუჩაში მყოფ მიუსაფარ ცხოველებზე, ძაღლებსა და კატებზე ზრუნავენ.

ისინი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ ბათუმში: იულია ბარანოვსკაია ბელარუსია, კარინა კუცაროვა და ირინა სიგალი უკრაინიდან არიან, ელენა ჩიკულინა და ალინა უნტანიდოვა – რუსეთიდან, ხოლო მარინა აკხუნდოვა აზერბაიჯანიდანაა.

მათ ერთი მიზანი აერთიანებთ – იზრუნონ მიუსაფარ ცხოველებსა და  საზოგადოების ყურადღება გაამახვილონ ამ პრობლემაზე. 

უცხოელი მოხალისეები

მოხალისეები

კარინა კუცაროვა

მოხალისეთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი – 25 წლის ელენა ჩიკულინა, სამი წლის წინ  ჩამოვიდა რუსეთიდან  საქართველოში და თანამოაზრეებიც მალევე იპოვა:

„აქ გავიცანით ერთმანეთი, როცა დავიწყეთ მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნვა და გადავწყვიტეთ, გაგვეგრძელებინა ეს საქმიანობა,“ – გვიყვება ელენა.

იგი ამბობს, რომ წუხს ქუჩაში მყოფი ცხოველების გამო და გუნდთან ერთად ცდილობს, შეამციროს უსახლკარო და მკურნალობის საჭიროების მქონე ცხოველების რიცხვი ბათუმში:

„ბევრი მიუსაფარი ცხოველია საქართველოში, ისინი იტანჯებიან და მათ არავინ უვლის.

ჩვენს ქვეყნებშიც ბევრი მიუსაფარი ძაღლია, მაგრამ უმეტესად – მეტისები. აქ კი ბევრი ჯიშიანი ძაღლი გვხვდება გარეთ.

ჩვენი ჯგუფი ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს მიუსაფარ ცხოველთა ყოველდღიურობის შეცვლაში“. 

მოხალისეთა ჯგუფი ბათუმის ნაგავსაყრელიდან ცხოველების გამოყვანაშიცაა ჩართული. ბათუმელ ცხოველისმოყვარულებს, მოხალისეებს, მერიამ თავშესაფრისთვის აეროპორტის გზატკეცილზე გარკვეული ტერიტორიაც გამოუყო, სადაც მათ ნაგავსაყრელიდან გადაყვანილ ცხოველებს მკურნალობენ:

„დომ 2“ – ასე ვეძახით ტერიტორიას, რომელიც ქალაქის ადმინისტრაციამ გამოყო და იქ მიგვყავს ცხოველები უშუალოდ ნაგავსაყრელიდან.

ძაღლები, რომელთაც სასწრაფო დახმარება სჭირდებათ, ჩვენს ტერიტორიაზე მიგვყავს და იქ ვმკურნალობთ მათ.

ქუჩაში ნაპოვნი ძაღლების იქ წაყვანის უფლება არ გვაქვს, მათთვის თავშესაფარს უკვე სხვაგან ვეძებთ,“ – ამბობს ელენა ჩიკულინა. 

მოხალისეები ბათუმის ნაგავსაყრელზე

თუმცა, მისი თქმით, არც  ქუჩაში მცხოვრები ძაღლები რჩებიან მათი ყურადღებისა და დახმარების გარეშე:

„ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ცხოველები  სხვადასხვა ვეტერინართან დაგვყავს მათი დატვირთულობისა და ჩვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით.

იმ ცხოველებისთვის, რომელთაც ადამიანის მეთვალყურეობა სჭირდებათ რეაბილიტაციის პერიოდში, ვეძებთ ოჯახს, ვისაც გადავუხდით ძაღლის შეფარებისთვის, ძალიან იშვიათად გვხვდებიან ისეთებიც, ვინც უფასოდ იზრუნებს მათზე“. 

ელენა ჩიკულინა

მოხალისეები

გუნდის კიდევ ერთი წევრი – 32 წლის კარინა კუცაროვა  ჰყვება, რომ უკრაინიდან საქართველოში სამსახურებრივი შეთავაზების გამო 2016 წელს  ჩამოვიდა  და ახლა მენეჯერია სამორინე „ჰილტონში“.  

კარინა ამბობს, რომ ყველა ცხოველი, რომელსაც დახმარებია, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან უყვარს. კატებიც ხშირად მიჰყავს  სახლში იქამდე, სანამ ახალ ოჯახს უპოვის:

„სახლში კატები მიმყავს დროებით, სანამ ახალ სახლს ვუპოვით. გარდა ამისა, სამსახურიც მაქვს, ცხოველებზე ზრუნვა კი  დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს“. 

კარინას დღემდე ახსოვს კატა, რომლის გადარჩენასაც ლამობდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს:

„კატას ბრედი ერქვა. მის გადარჩენას ვცდილობდით, გადასხმებს ვუკეთებდით, ნემსებს, მედიკამენტებს ვასმევდით, მაგრამ გვიან მოგვმართეს დახმარებისთვის და მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვეღარ შევძელით,“ – გვიყვება კარინა. 

გოგოების გუნდს  ხშირად სხვა მოხალისეებიც ეხმარებიან  და შრომას უმსუბუქებენ:

„ძირითადად გოგოები ვართ ამ საქმით დაკავებული, მაგრამ სხვა  მოხალისეებიც გვყავს, მაგალითად – ანდრეი, ის ბალტიისპირეთიდანაა, გვეხმარება ძალიან, მაგრამ ყოველთვის არ არის საქართველოში, ზამთრობით ჩამოდის ხოლმე. 

კიდევ ირაკლი, ის ქართველია, ისიც სამსახურის გამო მუდმივად ვერ აქტიურობს, მაგრამ ყოველი შესაძლებლობებისას რაღაცით გვეხმარება“. – ამბობს ელენა. 

მოხალისეები

მკურნალობის, კვებისა და სხვა საჭირო ხარჯებთან დაკავშირებულ საკითხებს მოხალისეები ინსტაგრამზე შექმნილი გვერდის გამომწერების მხარდაჭერითა და სხვადასხვა პროდუქციის გაყიდვებიდან შემოსული თანხებით აგვარებენ:

„თუ გვყავს, დავუშვათ, ძაღლი რაიმე სახის მოტეხილობებით, მიგვყავს ვიდეოდათვალიერებაზე, გვითითებენ, რომელი მედიკამენტები და როგორი ოპერაცია  დასჭირდება, რა ხარჯებთან იქნება ეს დაკავშირებული, მერე ამის შესახებ ვყვებით სოციალურ ქსელში იმ ადამიანებთან, ვინც თვალს გვადევნებს და ისინი ფინანსურად გვეხმარებიან.

ასევე ვყიდით ჭიქებს, ქოლგებსა და გასაშლელ საწოლს ცხოველებისთვის. შემოსულ თანხას ცხოველების მკურნალობასა და გამოკვებას ვახმართ.

საწოლს ჩვენი ერთ-ერთი მოხალისე – ირა თავად ქსოვს“ – ჰყვება ელენა. 

უცხოელი მოხალისეები

ჯგუფის წევრებმა თავადაც აიყვანეს ქუჩიდან რამდენიმე მიუსაფარი ცხოველი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც ახერხებენ მიუსაფარი ცხოველების დაბინავებას: 

„თბილისში გაგვიშვია, რუსეთში, გერმანიაში, ლატვიაშიც…

თუკი რომელიმე განკურნებული ცხოველისთვის ვერ ვიპოვით პატრონს დიდი ხნის განმავლობაში, მაშინ ჩვენ ყველა აცრით უზრუნველყოფილს ვუშვებთ მას ქალაქში, რადგან აღარ გვრჩება ადგილი სხვა გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე ცხოველისთვის,“ – ამბობს ელენა. 

მოხალისეთა ჯგუფის თქმით, ბოლო 10 თვის განმავლობაში 150-ზე მეტ ცხოველს ჩაუტარეს სტერილიზაცია, დააბინავეს – 300-ზე მეტი, ხოლო სამედიცინო დახმარება გაუწიეს 400-ზე მეტ მიუსაფარ ცხოველს. 

_________________________

გაიგე მეტი ბათუმელ მოხალისეებზე, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებს ეხმარებიან:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: