კვირის ამბები,მთავარი

როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები

22.09.2016 • 7789
როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველ წელიწადს მსოფლიოს მასშტაბით 800 000 ადამიანი იღუპება სუიციდით. ეს მაჩვენებელი მაღალია ჩვენს ქვეყანაშიც. მიუხედავად ამისა, საქართველოში სუიციდის პრევენციის პროგრამა 2014 წლიდან მხოლოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მუშაობს. ფსიქოლოგ მაია ცირამუას თქმით, წინასაარჩევნოდ ფსიქიკური ჯანმრთელობა ისევ ვერ მოხვდა პრიორიტეტებში. როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა შეიძლება გავაკეთოთ პრევენციისთვის, ამ თემაზე „ბათუმელები“ მაია ცირამუას ესაუბრა.

ზოგჯერ ადამიანებს ყურადღებიდან რჩებათ ის ნიშნები, რაც შესაძლოა ადამიანის სუიციდისკენ მიდრეკილებაზე მიუთითებდეს. რა რისკ-ფაქტორები შეიძლება გამოვყოთ ამ შემთხვევაში, ვინ შეიძლება იყოს რისკ-ჯგუფში, ვის მიმართაც სასურველია, რომ ახლობლებმა მეტი ყურადღება გამოიჩინონ? 

შესაძლოა ადამიანს ცხოვრებაში ჰქონდეს ბევრი სირთულე, ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის პრობლემა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ მიდის საქმე სუიციდამდე. განსაკუთრებით საყურადღებოა მომენტები, როცა ადამიანი დიდ სულიერ ტრავმას გადაიტანს, კარგავს ახლობელს ან აქვს რაიმე სხვა სერიოზული დანაკარგი ცხოვრებაში, ასეთ დროს ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ ადამიანების მიმართ. სიფრთხილეა საჭირო, თუ მის საახლობლოში [და განსაკუთრებით თუ ის მოზარდია] იყო სუიციდის შემთხვევა.

რა ქცევებმა შეიძლება მიგვანიშნოს, რომ ადამიანი სუიციდზე ფიქრობს?

ადამიანებთან, რომელთაც დიდი ტრავმა და სტრესი გადაიტანეს, საყურადღებოა ქცევის უეცარი ცვლილება, დაწეული გუნება-განწყობა, ასევე, როცა ადამიანი ინტერესს კარგავს იმ საქმის მიმართ, რაც ადრე სასიამოვნო იყო მისთვის და ხალისით აკეთებდა. ასევე, როცა ადამიანი ნელ-ნელა იკეტება საკუთარ თავში და მისი სამეგობრო თუ საახლობლო წრე სულ უფრო და უფრო პატარავდება. შესაძლოა ეს ყველაფერი თანდათანობით შეამჩნიოთ მის ქცევაში, მაგალითად, ბოლო ორი ან სამი თვის მანძილზე. უპირველეს ყოვლისა, როდესაც ადამიანი ღიად ამბობს, რომ დაკარგა ყველაფრისადმი ინტერესი, როდესაც ვერბალიზებას ახდენს იმისას, რომ ამის გაკეთებას ფიქრობს – ყოველთვის ჯობს მოვუსმინოთ და მივცეთ საშუალება, რომ გაგვიზიაროს ის, რაც აწუხებს. ეს აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ შესაძლოა არ გვრჩებოდეს შთაბეჭდილება, რომ სერიოზულად ამბობს ამას. პირველი დახმარება ამ შემთხვევაში არის სწორედ ის, რომ კომუნიკაცია შედგეს – ეს არის საშველად გაწვდილი ხელი, ამ ადამიანის გადარჩენის შანსი, რომელიც შეიძლება ხელიდან გავუშვათ, თუ მასთან ყურადღებით არ ვიქნებით.

როგორ უნდა მოვიქცეთ, რისი გაკეთება ღირს და რისი გაკეთება არ ღირს ამ დროს? 

არ არის სწორი, როდესაც ადამიანი სუიციდზე ლაპარაკობს და შენ ცდილობ ყველაფერი ხუმრობაში გადაიტანო. ისეთი ფრაზებით, როგორიცაა – „რა სისულელეა, ეს რა მოგიფიქრებია…“ ხდება იმ ყველაფრის გაუბრალოება, რაც ვიღაცისთვის ტრაგედიაა. როცა ადამიანი გიზიარებს თავის ტრაგედიას, ამ ნათქვამისთვის მნიშვნელობის დაკარგვა, მისი იუმორში გადატანა არ არის სწორი სტრატეგია. ამით მას უჩნდება განცდა, რომ მისი არ ესმით, რაც კიდევ უფრო უღრმავებს სევდას. ჩვენი მხრიდან ყოველთვის უნდა იყოს მზაობა, რომ გვერდში დავუდგეთ, რაღაც ალტერნატივები დავანახოთ, ესაა მთავარი და არა განსჯითი დამოკიდებულება. იმ შემთხვევაში თუ ადამიანი დისტანცირდება ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან, არ არის გახსნილი, მისი ხასიათის ცვლილება უკვე თვალშისაცემია, ნებისმიერ შემთხვევაში საყურადღებოა და საჭიროა დავითანხმოთ ეს ადამიანი სპეციალისტთან მისვლაზე.

იგივე ეხება თუ არა იმ ადამიანებს, რომლებიც თვითმკვლელობაზე სტატუსებს სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ? 

არსებობს სუიციდის სხვადასხვა ფორმა, ზოგიერთი შესაძლოა არ იყოს შედეგზე ორიენტირებული, არამედ იყოს მანიპულირების მიზნით, მაგრამ, როცა სასოწარკვეთილი ადამიანი რაღაცას ამბობს, ნებისმიერ შემთხვევაში ჯობს, რომ მას დაველაპარაკოთ. არ დალაპარაკებით შეიძლება საქმე უფრო გავაფუჭოთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი სოციალურ ქსელშია თუ პირადად ველაპარაკებით – ნებისმიერ დროს, როცა ადამიანი გამოხატავს სევდასა და წუხილს და იკითხება ნებისმიერი ნიშანი იმისა, რომ მას აღარ უნდა ჩვენ შორის ყოფნა – თანადგომა შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს მისთვის.

საზღვარგარეთ არსებობს საინტერესო პრაქტიკა, სოციალურ ქსელებში არსებობს ე.წ. „წითელი ღილაკის“ პროგრამა, როდესაც ადამიანი დააფიქსირებს სუიციდის რისკის შემცველ ტექსტს სოციალურ ქსელში, შენ აკეთებ შეტყობინებას ამ ღილაკის მეშვეობით. შეტყობინება კეთდება ადამიანთა გარკვეულ ჯგუფთან და როცა ეს ჯგუფი იღებს შეტყობინებას, ისინი უმალვე იწყებენ მოქმედებას. აქ შედის შეტყობინებები, როგორც სუიციდის რისკების შესახებ, ისე ძალადობის რისკების შესახებაც. ეს არის კარგად გამართული სტრუქტურა, რაც ეხმარება თვითონ მოქალაქეს, რომ აქტიურად იყოს ამ პროცესში ჩართული.

რა შეიძლება მოვიმოქმედოთ მაშინ, როცა ქუჩაში ან სხვა სივრცეში ვაწყდებით სუიციდის მცდელობას, რა შეიძლება ვუთხრათ იმ წამს უცხო ადამიანს? 

ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და არ არსებობს რაიმე რეცეპტი, თუმცა ყველაფერი ჯობს უმოქმედობას, იქნება ეს ფიზიკურად მისი მოშორება საფრთხისგან [თუ ამის ძალა და შესაძლებლობა გვაქვს], თუ მისთვის იმის თქმა, რომ „ცხოვრება გრძელდება“, რომ „იქნებ კიდევ დაფიქრდეს, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამს“ და ა.შ. თუმცა წინასწარ განსაზღვრა წარმოუდგენელია, ვისთან გაჭრის და ვისთან – არა. აქ მეორე დიდი პრობლემა წარმოიშვება – ვთქვათ მე, როგორც მოქალაქემ, ეს ადამიანი დავიხსენი, დაველაპარაკე და მოვაბრუნე, მაგრამ ამის შემდეგ რას ვაკეთებ, ვის მივმართავ – არ ვიცი. თუ გადახტა, იცი, რომ 112-ში უნდა დარეკო, მაგრამ თუ მცდელობა იყო და გადაარჩინე, რას აკეთებ – მექანიზმი, სისტემა, ვისაც შეიძლება პრევენციისთვის, კრიზისული ჩარევებისთვის და რეაბილიტაციისთვის მიმართო, ქვეყანაში არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა წინასაარჩევნო პერიოდია, არც ერთი პოლიტიკოსის გამოსვლაში ან პარტიის პროგრამაში არ გამიგია, რომ მისთვის პრიორიტეტულია ფსიქიკური ჯანმრთელობა და რაღაცის გაუმჯობესებას აპირებენ ამ მხრივ.

„სუიციდის ტალღა“ რამდენად რეალური მოვლენაა და რა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს მედიამ თუ საზოგადოებამ თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას? 

არსებობს „ქოფიქათის“ პრინციპი, როცა არა მხოლოდ სუიციდის, არამედ ძალადობის შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მედიით გავრცელების შემდეგ, თითქოს ამ ქცევის კოპირებას ახდენენ ის ადამიანები, რომლებიც გარკვეული ტიპის მოწყვლადობით ხასიათდებიან ამ თვალსაზრისით. ამ ტალღაში განსაკუთრებით აქტიურად ებმებიან ახალგაზრდები. მედიის საშუალებებით სუიციდის შესახებ ინფორმაციის მასიურად გავრცელების შემდეგ სუიციდის შემთხვევები მატულობს. ჩვენს ქვეყანაშიც იყო ასეთი შემთხვევები, თუმცა ეს არ იყო მხოლოდ სუიციდთან მიმართებაში. მაგალითად, ძალიან საინტერესო შემთხვევა იყო, როდესაც თითქოს ტენდენციად იქცა, ახალგაზრდების მიერ ლეღვის ნახარშით დამწვრობის მიღება. როგორც კი დაიწყო მედიამ ამაზე საუბარი, თითქოს გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა ამ შემთხვევათა რაოდენობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სუიციდის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას არც ერთ შემთხვევაში არ გვქონდეს განსჯითი დამოკიდებულება, არ უნდა შევაფასოთ ეს მოვლენა დრამატულად, მით უმეტეს, არ უნდა მოხდეს მისი რომანტიზება. ეს უნდა იყოს მშრალი ფაქტი, ყოველგვარი მიმანიშნებლების გარეშე, თუ როგორ მოხდა, რა იქნა გამოყენებული ამისთვის და როგორი იყო ახლობლებისა თუ საზოგადოების რეაქცია.

ერთი წლის წინ ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტო, რომელიც სუიციდის შემთხვევას აშუქებდა, წერდა სუიციდით გარდაცვლილი თინეიჯერის დედის რეაქციაზე და იმას, რომ დედა თავს იდანაშაულებდა შვილის სუიციდში – ძალიან სახიფათოა ასეთი აქცენტი! ისევე, როგორც არასწორი იყო, როცა ერთ-ერთი სკოლის პედაგოგმა ინტერნეტ-სივრცეში გამოსათხოვარი წერილი მისწერა ყოფილ მოსწავლეს, რომელმაც ასევე სუიციდი ჩაიდინა. ეს წერილი ზუსტად რამდენიმე საათში ძალიან პოპულარული გახდა – არ შეიძლება ასეთი მოვლენების ასეთი დრამატიზება, სუიციდის ჩამდენის ჰეროიზაცია და ფაქტის რომანტიზება. ეს შეიძლება ვიღაცისთვის მიმზიდველი აღმოჩნდეს.

სუიციდის შესახებ ინფორმაცია არ უნდა იყოს ტოპ-ნიუსი, უნდა შეიცავდეს მაქსიმალურად მშრალ ინფორმაციას და იყოს ემოციურად ნეიტრალური. ეს, ცხადია არ ნიშნავს, რომ მედიამ გვერდი უნდა აუაროს ამ თემას, პირიქით კარგია თუ ბევრს ვისაუბრებთ სუიციდის პრევენციაზე, ზოგადად ადამიანებზე, მათ პრობლემებზე და გამოსავალზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: