ბათუმი,სიახლეები

ბათუმის რამდენიმე ქუჩა ახალ წელს გარეგანათების გარეშე შეხვდება

09.12.2021 • 2453
ბათუმის რამდენიმე ქუჩა ახალ წელს გარეგანათების გარეშე შეხვდება

ბათუმში, 9 მარტისა და „პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეების თქმით, ორ კვირაზე მეტია გარეგანათება გამორთულია. ქალაქის კეთილმოწყობის სამმართველოს გარეგანათების მოვლა-ექსპლუატაციაზე ხელშეკრულება შპს „აჭარგანათებასთან“, აგვისტოში, 2 მილიონ 60 ათას ლარზე აქვს გაფორმებული.

„უკვე 2 კვირაზე მეტია ბათუმი პლაზას მიმდებარე ქუჩებზე [9 მარტის ქუჩა, წერეთლის შესახვევი, ზურაბ ბერიძის ქუჩა და ზურაბ ბერიძის შესახვევი] არ არის გარეგანათება [არცერთი ლამპიონი არ ანთია]. 24 ნოემბერს დავურეკეთ მერიის კეთილმოწყობის სამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ ტენდერი გამოცხადდა და ხელშეკრულება იდება. დღემდე პრობლემა არ მოგვარებულა. საინტერესოა, ასეთი რა სირთულის საკითხია, რომ ამ ხსნის განმავლობაში პრობლემა ვერ მოგვარდა. მით უმეტეს ზამთარში, როცა მალე ღამდება“, – გვწერს ერთ-ერთი მოქალაქე.

„ბათუმელებს“ „აჭარგანათებაში“ უთხრეს, რომ მიმდინარე წელს გარეგანათებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ამოიწურა. შესაბამისად, კომპანია გარეგანათების გამართულად მუშაობაზე პასუხისმგებელი აღარ არის: „შესაბამის მომსახურებაზე მერიას ახალი ტენდერი აქვს გამოცხადებული“.

მერიის სამმართველომ ახალი ტენდერი [2022 წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში გარეგანათების მოვლაზე] 2021 წლის 6 დეკემბერს გამოაცხადა. სატენდერო თანხა 500 ათასი ლარია. წინადადებების მიღება კი, 2022 წლის 1-ელ იანვარს დაიწყება და 6 იანვარს დასრულდება.

ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ბათუმში იმ ქუჩებზე, სადაც დღეს გარეგანათება მწყობრიდანაა გამოსული, სულ ცოტა, 2022 წლის იანვრის შუა რიცხვებამდე აღარ შეაკეთებენ.

„ბათუმელები“ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დაუკავშირდა. ჩვენს კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, ბათუმში გარეგანათების წერტების მოვლა-ექსპლუატაციაზე მერიის სამმართველოს ხელშეკრულება შპს „აჭარგანათებასთან“ ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში, 2 მილიონ 60 ათას ლარზე აქვს გაფორმებული.

ამ ხელშეკრულებით გარეგანათებაზე პასუხისმგებლობა კომპანიას 2021 წლის აგვისტოდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით აქვს აღებული. ამასთან, პირობის მიხედვით, „აჭარგანათებას“ სხვა სამუშაოების შესრულებაც ევალებოდა:

„ხელშეკრულების დადებიდან 2021 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში თამარის დასახლებაში სანაპიროს გასწვრივ (რესტორან „ოქროს თევზი“-დან რესტორანი „რივიერა“-მდე) დეკორატიული განათების რეაბილიტაცია; გოგებაშვილის და რუსთაველის ქუჩებზე გზაგამყოფ ზოლში არსებული პალმებისათვის დეკორატიული მინათებების მოწყობა; აფხაზეთის ქუჩისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში გარე განათების მოწყობა. ხოლო გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლუატაცია 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით“.

სამმართველოს სატენდერო კომისიაში გვითხრეს, რომ ელექტრონულ ტენდერში ვაჭრობა პრეისკურანტით შედგა და გამარჯვებულ კომპანიას თანხას ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით გადაუხდიან.

შესყიდვების სააგენტოს პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში „აჭარგანათებისთვის“ ბათუმის ბიუჯეტიდან 499 956 ლარია [8 ნოემბრის მდგომარეობით] გადახდილი.

მაშინ, როცა ქალაქის რამდენიმე ქუჩა ჩაბნელებულია, მერია საშობაო-საახალწლო დღეებში ბათუმის გაფორმებისთვის ემზადება და ბიუჯეტიდან 699 910 ლარი აქვს გამოყოფილი. 

ჩაბნელებული ქუჩები ბათუმში /ფოტოები ერთ-ერთმა მოქალაქემ მოგვაწოდა / 9.12.2021

გადაბეჭდვის წესი


ასევე: