მთავარი,სიახლეები

ვცდილობ, ჩემი შრომით ვიშოვო ფული – 13 წლის გოგო სიღარიბესა და ოცნებებზე

08.12.2021 • 3373
ვცდილობ, ჩემი შრომით ვიშოვო ფული – 13 წლის გოგო სიღარიბესა და ოცნებებზე

თეთრი ქურთუკით, ღია მომწვანო თვალებით, ოქროსფრად შეღებილი თმით და გაცრეცილი სკეიტბორდით პარკში მოსრიალე გოგონას თუ დაინახავთ, ეს 13 წლის ნინო ანჯაფარიძეა. მეშვიდეკლასელი გოგო გეტყვით, რომ სკეიტბორდით სრიალი არ არის მისთვის „უბრალოდ გატაცება“, არამედ საქმეა, რომლის კეთებაც ძალიან მოსწონს და აპირებს, რომ ჩემპიონიც გახდეს.

ამ ოცნების ასრულებას ბევრი შრომის გარდა მხარდამჭერიც სჭირდება, რომელიც ნინოს თუნდაც ახალი სკეიტბორდის შეძენაში დაეხმარება. ნინოს ოჯახი სოციალურად დაუცველია. მისი ორივე მშობელი სმენისარმქონეა. ნინოს ჰყავს პატარა და, ასევე უფროსი ძმა. ოჯახის შემოსავალი სოციალური დახმარებაა.

„ეს სკეიტი ფედერაციამ მაჩუქა, სულ ახალი იყო. ძალიან ძვირი ღირს. მე ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა მისი ყიდვა, რადგან ჯერ მშობლები უნდა დამეთანხმებინა, რომ სოციალური დახმარებიდან გადაგვედო ცოტა თანხა და ამას ალბათ თვეები დასჭირდებოდა.

ძალიან ძნელია, როცა არჩევანის გაკეთება გიწევს – საკვები იყიდო თუ ის ნივთი, რომელიც ასე ძალიან გჭირდება“, – გვეუბნება ნინო.

ნინო

სკეიტბორდის ფედერაციამ ნინოს პირველი ოცნება აუსრულა, თუმცა მისი სკეიტი ყოველდღიური მოხმარების გამო უკვე გაცრეცილია. ნინომ ინსტაგრამზე ვიდეოების განთავსებაც დაიწყო. ამბობს, რომ შესაძლოა გამოჩნდეს ვინმე, ვინც მის მხარდაჭერას ისურვებს.

„ძალიან კარგად მინდა დავეუფლო სკეიტბორდს, რადგან შეჯიბრებებში მინდა მონაწილეობის მიღება. გული მწყდება, რომ ბათუმში შეჯიბრებებიც იშვიათად იმართება და არც სივრცე გვაქვს სავარჯიშოდ. ახალ ბულვარშია ერთი სკეიტმოედანი და ისიც გაფუჭებულია, ვერ ვსრიალებთ. „ანბანის კოშკთან“ სრიალს კი გვიკრძალავენ.

კარგი იქნება, თუ ახალ სივრცეებს გაგვიკეთებენ და მექნება იმის საშუალება, რომ ბევრი ვივარჯიშო“, – ამბობს ნინო.

მისი მეგობრებიც სკეიტბორდით არიან დაინტერესებული – 50-მდე გოგო-ბიჭი ვართ, ვიკრიბებით და ვსრიალებთო.

„რადგან აქ არ გვაქვს პირობები, თბილისშიც მივდივართ ხოლმე, იქ ბევრი ადგილია, რომლებიც ძალიან მომწონს, მაგრამ მშობლებს უნდა ეხვეწო, რომ გაგიშვან. ზოგჯერ სრულწლოვანი მეგობარი გვახლავს ხოლმე, რომ უფრო დაცულად ვიგრძნოთ თავი“, – ამბობს ნინო.

ნინო თავისი სკეიტით

13 წლის მოზარდი ცდილობს თავისი შრომითაც იშოვოს ფული. „უცხოელები იყვნენ, მთხოვეს მათი შვილისთვის მესწავლებინა სკეიტზე დგომა. 50 ლარი გადამიხადეს. შემდეგ კორონავირუსი რომ გაჩნდა, ეს უცხოელები წავიდნენ.

მეორე შემთხვევა იყო, როცა ქობულეთში გადაგვიღეს სკეიტბორდისტები და თითო ბავშვს 50 ლარი მოგვცეს. სხვა შემთხვევა არ მქონია“, – ამბობს ნინო.

მისი თქმით, სიღარიბე ბევრ დაბრკოლებას უქმნის ადამიანებს, მათ შორის, ნინოს ოჯახსაც. პანდემიამდე ნინოს დედა მუშაობდა და ოჯახს დამატებითი შემოსავალიც ჰქონდა, პანდემიაში კი სამუშაო დაკარგა.

ნინოს არც საკუთარი ტელეფონი აქვს. „ინსტაგრამისთვის“ ახალი ვიდეოს გადასაღებად დედის ტელეფონს იყენებს. ამბობს, რომ ძველი ტელეფონი გაუტყდა, ახლის შეძენას კი ჯერ ვერ ახერხებს.

„ჩვენ ბავშვებს ხომ გვერიცხება დახმარება, იქიდან დედა 30-30 ლარს გვაძლევს ხოლმე თვეში ან ტანსაცმელს ვყიდულობთ, ან სადმე ვსხდებით მეგობრები. სხვა არაფერში მყოფნის“, – გვეუბნება ის.

ნინო ანჯაფარიძე

რთულად იხსენებს პანდემიის პერიოდს. ამბობს, რომ ლოქდაუნს ძალიან განიცდიდა, რადგან მშობლები გარეთ გასვლას უშლიდნენ. „ზოგჯერ, როცა ძალიან მოვიწყენდი, სახლის ახლოს ეზოში გასვლის ნებას გვაძლევდნენ. ძირითადად მეძინა, ახლაც მიჭირს ხოლმე დილით ადრე ადგომა, ან ტელეფონზე ვთამაშობდი. სულ სახლში ჯდომის გამო წონაშიც მოვიმატე. წიგნებსაც ვკითხულობდი ზოგჯერ, მაგრამ  მაინც მწყინდებოდა.

ახლა ვცდილობ, უკეთ ვისწავლო და ბევრი ვივარჯიშო. ვაპირებ, მათემატიკასა და ფიზიკაში უკეთესი შედეგები მქონდეს. ბევრი ინტერესი მაქვს, ძალიან მინდა გიტარის სწავლა, თუმცა არ ვიცი, მიმიღებენ თუ არა, საქველმოქმედო ფონდი მეხმარება ამბების გარკვევაში. ვნახოთ, თუ შევძლებ უფასოდ სწავლას. კორეული ენითაც ვარ დაინტერესებული. ჩემით ვსწავლობ, ძალიან მინდა სამომავლოდ ამ ქვეყანაში ვიცხოვრო“, – გვეუბნება ნინო.

 

ნინოს მშობლები ჟესტურ ენაზე საუბრობენ 

ნინოს მშობლებმა ჟესტურ ენაზე საუბარი პანსიონში ისწავლეს, ბავშვებმა კი – სახლში, მშობლებისგან. „თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, რადგან ვერ ვხვდებოდით ვერაფერს. შემდეგ უფრო გამიადვილდა. ჩემს და-ძმას უფრო გაუჭირდა სწავლა. დედას ვეუბნებოდი, ხომ არ არის ქალაქში რაიმე ადგილი, სადაც ვისწავლით ჟესტურ ენას-მეთქი. არსად არ ისწავლებოდა. ჩემი მშობლები პანსიონში ცხოვრობდნენ და იქ შეხვდნენ ერთმანეთს, ჟესტური ენაც იქ ისწავლეს. კარგი იქნება, ბათუმშიც რომ არსებობდეს ასეთი სკოლა, მაგრამ არ არის“, – გვეუბნება ნინო.

ნინო ანჯაფარიძე

„ბედნიერი მინდა ვიყო“, – გვეუბნება ის საუბრის დასასრულს. მისი აზრით, ბედნიერება იმ ადამიანების გარემოცვაში ყოფნაა, ვინც ძალიან უყვარს. „ასევე, ძალიან მინდა, პროფესიონალი სკეიტბორდერი გამოვიდე, ეს ძალიან მინდა“, – ამბობს ნინო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: