მთავარი,სიახლეები

ხელფასი 200 დოლარიც აღარ გამოვა – თურქეთში მყოფი ქართველი ემიგრანტი ლირის გაუფასურებაზე

09.12.2021 • 15579
ხელფასი 200 დოლარიც აღარ გამოვა – თურქეთში მყოფი ქართველი ემიგრანტი ლირის გაუფასურებაზე

 45 წლის მაკა [სახელი შეცვლილია] თურქეთში, ქალაქ არჰავში მუშაობს. ლირის გაუფასურება დოლართან მიმართებით მასზე, ისევე როგორც ათასობით ქართველ ემიგრანტზე, რომლებიც თურქეთში მუშაობენ, პირდაპირ აისახა – მარიტას ხელფასი ლირაში იგივე დარჩა, თუმცა ახლა ამ ხელფასით გაცილებით ნაკლები დოლარის შეძენა შეუძლია და მისი შემოსავალი შემცირდა. 

  • როგორ აისახა ლირის კურსი თქვენზე? რა პრობლემები შეგიქმნათ?

აისახა კი არა, გამანადგურა. ახალი ჩამოსული ვარ თურქეთში, მანამდე 1 წელი საქართველოში ვმუშაობდი. ჩამოვედი და ვნახე ისეთი სამსახური, რომ მძიმეს აწევა არ მევალებოდა, თუმცა  ამ თვე-ნახევარში ლირის კურსი დავარდა. 

  •  კონკრეტულად რა შეიცვალა თქვენთვის? პროდუქტი, მგზავრობა, საყოფაცხოვრებო ნივთები გაძვირდა?

მე არ ვმგზავრობ, სარფთან ახლოს ვარ, ოჯახში ვმუშაობ და პროდუქტის ყიდვა არ მევალება, მაგრამ საქართველოში ბანკის ვალი მაქვს, თვეში 1 000 ლარს ვიხდი, ვალის გარდა შვილები, შვილიშვილები, ოჯახი… მარტო ვალიც ხომ არ არის? ადრე ნორმალურ თანხას ვიღებდი, ახლა 200 $-ც აღარ გამოვა, ეს თანხა ჩემს ვალსაც აღარ ეყოფა. სახლი ბანკში მაქვს, ალბათ, სახლიც დამეკარგება.

  • ხელფასიდან ბანკის ვალის დაფარვის შემდეგ ოჯახში გასაგზავნად რაც გრჩებათ, ეს თანხა გყოფნით?

წინა თვეში გავაგზავნე და ძლივს გამოვიდა 300 დოლარი. ოჯახს არაფერი არ დარჩა, იმიტომ, რომ ჩვენთან (საქართველოში) დოლარის ფასიც დაწეულა.

თურქეთის მოქალაქეებს პენსია აქვთ, აქ ხელფასს უმატებენ ახლა, ჩვენ ვიკითხოთ – გაჭირვებულმა ქართველებმა. 

მე თანხა არ მრჩება, ვლოცულობ, რომ ბანკს ეყოს, მაგრამ ამ თვეში რომ გავაგზავნი, ბანკს არ ეყოფა, 1400 ლირა 100 დოლარია, ძალიან ცუდი მდგომარეობაა.

  • ვისთანაც მუშაობთ, მისთვის თუ გითხოვიათ ხელფასის მომატება?

ჯერ არაფერი მითქვამს, მაგრამ ხედავენ თვითონაც, რომ დოლარის კურსი იმატებს და ძალიან ვნერვიულობ, თითქმის ყოველდღე კურსს ვუყურებ, ვნახოთ.

წინა თვეში ნახეს რაც გამოვიდა და თვითონაც გაოცებული დარჩნენ. თვის ბოლოს მიწევს ხელფასის აღება და იქნებ ცოტა დამიმატონ.

  • რამდენი წელია თურქეთში მუშაობთ? 

თითქმის 6 წელია, რაც გადავდივარ-გადმოვდივარ, ვიზაც მქონდა და ვმუშაობდი სხვადასხვა ოჯახში. 

28 დეკემბერს გახდება 2 თვე, რაც ამ ოჯახში ვმუშაობ.

ორი წელი ბათუმშიც ვმუშაობდი სალონში, მაგრამ პანდემია რომ დაიწყო, სალონი დაიკეტა და მეც დავბრუნდი თურქეთში სამუშაოდ. 

  • ზოგადად რას ფიქრობენ თურქეთში დასაქმებული მოქალაქეები ლირის კურსზე? რამდენად სტრესულია ეს მათთვის?

ვისაც დოლარში აქვს ვალი, ისინი ძალიან განიცდიან. 

პროდუქტიც ძალიან გაძვირდა და ნერვიულობენ. 

რა პრობლემაც მე შემექმნა – ვალი, ბანკი, კრედიტი, საჭმელი, ისევეა მათთვისაც.

  • თქვენ რას აპირებთ? საქართველოში ხომ არ გეგმავთ დაბრუნებას? თუ სხვა რომელიმე ქვეყანაში ეძებთ სამუშაოს?

არ ვიცი, ვერ დავბრუნდები, იმიტომ, რომ კიდევ 1 წელი უნდა ვიხადო ბანკის ვალი, სანამ არ დავამთავრებ, ალბათ, ვერც დავბრუნდები. სხვაგან რომ წავიდე… სიმძიმეს ვერ ავწევ. ასე თუ ისე, თურქეთში მუშაობას შეჩვეული ვარ, ენა და მათი ადათ-წესები ვიცი.

მე რომ ახლა სხვაგან წავიდე, როდის შევისწავლი ენას, როდის ვიშოვი სამსახურს… ვერ ვრისკავ, სიმართლე რომ გითხრათ. არ ვიცი, იქ რა დამხვდება და რა როგორ იქნება.

საქართველოში ჩამოვალ, ალბათ, 1 წლის მერე და პურის ფულს უკვე ყველგან ნახავ ადამიანი. მანამდე ვერა, მეშინია, ვერ ჩამოვალ.

ჩვენმა მთავრობამ გაგვიჩერა ბანკის ვალები პანდემიისას, მაგრამ იმხელა პროცენტი გადავიხადე…მეორეჯერ იძულებით შევაჩერე და მაღალი პროცენტი გადავიხადე.

არადა, 6 თვე მრჩებოდა ვალი, ახლა კიდევ 6 თვე დამემატა და მთლიანობაში 1 წელი გამოვიდა.

  • იქამდე, სანამ ლირის კურსი ასე შეიცვლებოდა, ახერხებდით თქვენი საჭიროებების უზრუნველყოფას?

კი, შარშან კი. ოჯახსაც რჩებოდა გარკვეული თანხა, ბანკის ვალსაც თავისუფლად ვიხდიდი და მეც ელემენტარული საჭიროებების უზრუნველყოფას ვახერხებდი.

  • ლარის კურსით საშუალოდ რამდენი გამოდის თქვენი ხელფასი?

წინა თვეში დაახლოებით 925 ლარი გავაგზავნე საქართველოში, მაგრამ ამ თვეში მაგდენიც აღარ გამოვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: