Batumelebi | „მოსამართლემ სამაგალითოდ დასაჯა დემონსტრანტები“ – საია სუსთან დაპატიმრებულებზე „მოსამართლემ სამაგალითოდ დასაჯა დემონსტრანტები“ – საია სუსთან დაპატიმრებულებზე – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

„მოსამართლემ სამაგალითოდ დასაჯა დემონსტრანტები“ – საია სუსთან დაპატიმრებულებზე

„მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, მან მოაწყო საჩვენებელი პროცესი და სამაგალითოდ დასაჯა დემონსტრანტები,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი მირზა მამულაძე „გირჩის“ ლიდერების დაპატიმრებაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ თავისი გადაწყვეტილებით, „გირჩის“ ბათუმის მერობის კანდიდატი, გიორგი ფუტკარაძე, 4 დღით დააპატიმრა. ამავე პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ გორგაძე კი, 5 დღე იქნება პატიმრობაში.

500 ლარით დააჯარიმეს „გირჩის“ კიდევ ერთი აქტივისტი – რომა მახარაძე. მას ქუჩაში, მაგრამ სუსის შენობასთან ახლოს, მუსიკა ჩაურთავს ხმამაღლა.

„გირჩელებმა“ საპროტესტო აქცია-პერფომანსი სუსთან და, მათ შორის, სუსის ადმინისტრაციულ შენობასთან ბათუმში 12 ნოემბერს გამართეს. დაკავებულები დაახლოებით 7 საათი არ შეახვედრეს ადვოკატს და არც ინფორმაცია მიაწოდეს დაკავებულების ადგილსამყოფლის შესახებ. საია ამ შემთხვევას გატაცებად აფასებს.

„საღამოს 7 საათზე გვითხრეს, რომ ისინი ქობულეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, რადგან ბათუმში ადგილი არ იყო. სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით კი, ბათუმში ადგილები იყო.

როგორც ჩანს, მიზანი არის მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან აქციაზე დაკავებულს, მას გაუნელდეს პროტესტის გრძნობა და მეორედ იგივე აღარ გაბედოს,“ – ასეთი შთაბეჭდილება შეექმნა საია-ს იურისტ მირზა მამულაძეს, რომელიც „გირჩის“ ლიდერების ინტერესებს იცავს სასამართლოში და ნახა, რომ მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ კითხვაც კი არ დასვა, რატომ დააყოვნეს, მაგალითად, დაკავებულები კანონით განსაზღვრული მაქსიმალური დროით – 48 საათით წინასწარი დაკავების იზოლატორში.

„მოსამართლე არ შეხებია საერთოდ იმ საკითხსაც, რომ ამ დროს ადამიანს არ აძლევენ შესაძლებლობას დაცვის უფლებით ჯეროვნად ისარგებლოს. ამ დროს თვითონ თხზავენ მასალებს, მოიპოვებენ მტკიცებულებებს და დაცვის მხარემ ისიც კი არ იცის, რას ედავებიან კონკრეტულად.

მოსამართლე მოქმედებდა შაბლონურად და ფორმალურად, ის პროცესზე შემოვიდა მზა და წინასწარ მიღებული გადაწყვეტილებით,“ – ამბობს იურისტი მირზა მამულაძე და იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მოსამართლემ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ყველაზე მკაცრი სანქცია – ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენა.

პოლიციელები „გირჩის“ ლიდერებს სუსის ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას ედავებოდნენ. პროკურატურის ვერსიით, სუსის შესასვლელთან „გირჩის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის – თემურ გორგაძის მიერ ავტომანქანის გაჩერებამ გამოიწვია ბლოკირება.

„მაგრამ ამ შენობას რამდენიმე შესასვლელი აქვს… ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, ვიდეოჩანაწერით ჩანდა, რომ უწყების საქმიანობა არ შეფერხებულა. გიორგი ფუტკარაძესაც ედავებოდნენ სუსის შენობის ბლოკირებას, მაგრამ მას პატიმრობა შეუფარდეს მხოლოდ კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ნაწილში. პოლიციელების თქმით, გიორგი შემოსაზღვრული ლენტის შიგნით იდგა, მაგრამ რეალურად ლენტით შემოსაზღვრული ადგილი იქ არ იყო, როცა გიორგი დააკავეს, მას მოსთხოვეს ტერიტორიის დატოვება და ამ დროს მოხდა შელაპარაკება,“ – განმარტავს მირზა მამულაძე.

პროკურატურა ამ შემთხვევაში ძირითადად დაეყრდნო კანონს „შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ“, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავი ორგანოების წინ 20 მეტრის რადიუსში აქციის ჩატარება აკრძალულია.

„ჩვენ ვამტკიცებდით იმას, რომ მოსამართლე არ უნდა მიყოლოდა ამ ფორმალურ ჩანაწერს და უპირატესობა მიენიჭებინა გამოხატვის თავისუფლებისთვის, ასევე ევროსასამართლოს დადგენილი პრაქტიკისთვის, რაც ამ მიმართულებით არსებობს. ამ შემთხვევაში ცალსახად ჩანდა, რომ აქცია-პერფორმანსი კანონით განსაზღვრულ რადიუსს ფორმალურად არღვევდა, მაგრამ არსებითად პროტესტს ხელი არ შეუშლია სუსის ფუნქციონირებაში.

სუს-ში თუ ნერვები მოეშალათ აქციის გამო და დისკომფორტი შეექმნათ, ეს არ ნიშნავს იმას, აქციის მონაწილეები დააპატიმროს მოსამართლემ,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი მირზა მამულაძე.

თემურ გორგაძე საბოლოოდ დააპატიმრეს, როგორც შეკრებების და მანიფესტაციების წესის დარღვევის გამო და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლებით. „გირჩის“ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ფუტკარაძე მხოლოდ პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააპატიმრეს. მოსამართლემ არ დაადასტურა, რომ გიორგიც სუსის ბლოკირებას ახდენდა.

ხოლო კაცი, ვინც სუსის წინ ხმამაღლა მუსიკა ჩართო, წვრილმანი ხულიგნობისა და ასევე კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააჯარიმეს.

საია მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

ამ აქციის შემდეგ, უკვე 13 ნოემბერს, ისევ სუს-ის წინ „სირცხვილიას“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ კურატიშვილი დააკავეს. ის სხვა აქტივისტებთან ერთად მივიდა სუსის შენობასთან და გაშალა ტრანსპარანტი   „რამდენს დაგვაკავებთ?“. ამ შემთხვევაშიც ადვოკატი რამდენიმე საათი ვერ პოულობდა დაკავებულს. თამარ კურატიშვილი ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია და მისი სასამართლო პროცესი დღეს, 15 ნოემბერს, უნდა გაიმართოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი