მთავარი,სიახლეები

როგორ იპოვა უპატრონო ძაღლმა ოჯახი – „ჩერის“ გადარჩენის ისტორია

12.06.2020 •
როგორ იპოვა უპატრონო ძაღლმა ოჯახი – „ჩერის“ გადარჩენის ისტორია

ძაღლი, რომელსაც ამ ფოტოზე ხედავთ, ორი თვის წინ, აპრილში, ჩოხატაურში ცხოვრობდა და შიმშილისგან სიკვდილის პირას იყო. მეძებარი ძაღლი, პოინტერი, 2020 წლის გაზაფხულზე ჩოხატაურის ცენტრში, მანქანიდან ჩამოსვეს და მიატოვეს. ჩოხატაურში ამბობდნენ, რომ ძაღლი დარდისგან არ ჭამდა, ყმუოდა და პატრონს ელოდა.

ძაღლი ჩოხატაურში

ძაღლის შესახებ ინფორმაცია ბათუმელმა ლევან ჩხაიძემ გაავრცელა, რომელიც უპატრონო ძაღლებისთვის ბათუმში პატარა სახლებს – „კერას“ დგამს. ლევანი ჩოხატაურში ჩავიდა და ძაღლი ბათუმში ჩამოიყვანა, თუმცა ჩოხატაურში ყოფნისას ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვით უამბო მის მეგობრებსა და გვერდის გამომწერებს ძაღლის შესახებ.

სწორედ ეს ფეისბუქ ჩართვა ნახა ერიკ ტუმანიანმა, რომელსაც ძაღლის ყიდვა ჰქონდა გადაწყვეტილი. ამ ვიდეომ შეცვალა უსახლკარო, გამხდარი, შეშინებული პოინტერის ცხოვრება.

„ვნახე ჩართვა და ძალიან შემეცოდა ძაღლი. მეუღლესთან ერთად გვქონდა ძაღლის აყვანაზე საუბარი, ყიდვა მინდოდა, მაგრამ ეს ძაღლი ისე შეგვეცოდა, გადავწყვიტე მივსულიყავი და მენახა. როგორც კი მივედი და დავინახე, იქვე ვთქვი, რომ მე წავიყვანდი. მაშინ ჯერ კიდევ მკურნალობა სჭირდებოდა, ახველებდა, ჩირქი სდიოდა, მაზუთი ესვა ყურებზე, თათებზე, ბეწვი გაცვენილი ჰქონდა, იყო ნაცემი და ისე შეშინებული, ადამიანი გვერდით რომ გაუვლიდა, არ იცოდა, სად შემძვრალიყო“.

ერიკმა ძაღლს უმკურნალა, „ჩერი“ დაარქვა და სახლში მოიყვანა, სადაც მისი მეუღლე, ორი შვილი და ქუჩიდან აყვანილი კატა ცხოვრობენ. „ჩერი“ ახლა კარგადაა, თამაშის ხასიათზეა, თუმცა გზის, მანქანების და მიტოვების შიში ისევ აქვს.

„ჩერი“ ახლა. ძნელია იცნოთ ძაღლი, რომელიც სულ რაღაც ორი თვის წინ შიმშილით კვდებოდა. ერიკ ტუმანიანის ფოტო

„კატასტროფულად ეშინია მანქანის. თბილისში მივდიოდით, ვერ დავტოვებდით და მანქანით წავიყვანეთ. გზად როცა ვაჩერებდით, ძაღლი ერთი წამით არ მშორდებოდა, მივხვდი, სულ იმის ეშინოდა, არ დაგვეტოვებინა სადმე. აშკარაა, რომ მიატოვეს“, – ამბობს ერიკი.

ერიკის ოჯახი

მან გვითხრა, რომ „ჩერი“ ჭკვიანი ძაღლი გამოდგა, განსაკუთრებით ერიკს შეეჩვია, სახლში თავისი ადგილი აქვს, მაგრამ მაინც მის საწოლთან ძილს არჩევს და პატრონის გაღვიძებამდე ფეხს არ იცვლის. ბულვარში სეირნობისას „ჩერის“ პოინტერის ინსტინქტები ერთვება და ჩიტების ხმაზე რეაგირებს, ისევე როგორც სხვა პოინტერებს, წყალი და წვიმაში სეირნობა არც მას უყვარს.

„ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის დიდი კითხვითი ნიშნის ქვეშ რჩება, რატომ მიატოვა, რატომ გაწირა პატრონმა ასე. ძალიან ჭკვიანი და სუფთა ძაღლია, როცა გარეთ გასვლა უნდა, მიდის კარებთან, ზის და გვანიშნებს, რომ გასვლა სჭირდება. იცის, რა დროს აქვს საჭმელი, თუ თუნდაც 5 წუთი გადასცდა, მიდის იმ ადგილას, სადაც ვაჭმევთ, ზის და გველოდება, იცის, რომ ჭამის დროა. ჩვენი ოჯახის წევრია“, – ამბობს ერიკი.

ერიკის ოჯახი

ერიკი ორი შვილის მამაა. იგი თვლის, რომ ცხოველებთან ურთიერთობა ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ჩემი, როგორც მშობლის აზრით, ბავშვებს ცხოველთან მეტი კონტაქტი რომ ჰქონდეთ, ნაკლებად აგრესიულები გაიზრდებიან. ჩემ შვილებს გაუჩნდათ მზრუნველობის შეგრძნება, იციან ბავშვებმა, დილით რომ დგებიან, ცხოველებს უნდა აჭამონ საჭმელი, კატას შია, ძაღლს შია, ძაღლი გასაყვანია, ცოდოა… ძალიან კარგად მოქმედებს ბავშვებზე ეს“, – ამბობს ერიკი.

_______

გადაბეჭდვის წესი


ასევე: