მთავარი,სიახლეები

როგორ გაემგზავრა უპატრონო დალმატინელი ბათუმიდან ფლორიდაში – ამბავი ისააკზე

03.05.2021 • 16153
როგორ გაემგზავრა უპატრონო დალმატინელი ბათუმიდან ფლორიდაში – ამბავი ისააკზე

დალმატინელის ჯიშის ძაღლი, რომელიც საქართველოში უპატრონო იყო და შიმშილისგან ძვლებად იყო ქცეული, ამერიკის შეერთებულ შტატებში აიყვანა ოჯახმა.

ისააკი – ახლა უკვე ასე ჰქვია ხვად დალმატინელს, რომელიც გასული წლის ზაფხულში სოფლის გზაზე ეძებდა ლუკმას. როგორ აღმოჩნდა ძაღლი ქუჩაში უცნობია, თუმცა მის შესახებ ბათუმის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარს აცნობეს – „ძაღლი მოგვაშორეთო“.

დადგენილი წესის თანახმად, ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს კასტრაციისა და ვაქცინაციისთვის. ამის შემდეგ ის ისევ ქუჩაში აღმოჩნდებოდა, რომ არა ბათუმელი აქტივისტების ძალისხმევა.

დალმატინელი ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში

თეონა ყურშუბაძე, ბათუმელი მასწავლებელი, რომელიც პროფესიას მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვას უთავსებს, ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელთაც ძაღლზე ზრუნვა დაიწყეს.

„თავშესაფრის დირექტორი დაგვიკავშირდა ამ ძაღლის თაობაზე. სანახავად წავედით მე და ირინა ოვჩარენკო [ბათუმელი აქტივისტი, რომელიც მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნავს]. ისეთი გამხდარი იყო, 13 კილოს იწონიდა ძაღლი. გადავწყვიტეთ წამოგვეყვანა, მიგვეხედა და ისე გაგვეჩუქებინა“  – იხსენებს თეონა ყურშუბაძე.

თეონას და ირას ძაღლი თავშესაფრიდან მოჰყავთ. 2020 წლის ზაფხული

იგი გვიამბობს, რომ მალე უპატრონო დალმატინელით დაინტერესდა ბათუმელი, ამჟამად აშშ-ში მცხოვრები ოლგა ბიდიხი. ოლგამ მიმართა შტატებში არსებულ დალმატინელის ჯიშის ძაღლების გადარჩენის ჯგუფს, რომელიც ამ შემთხვევით დაინტერესდა და ძაღლის გადარჩენაში ჩაერთო ორგანიზაციის პრეზიდენტი ფატი დანე. სწორედ მან დაარქვა ძაღლს სახელი – ისააკი.

დალმატინელი ბათუმში, შემფარებელთან გადაიყვანეს და მისი მოვლა ფინანსურად ამერიკულმა ორგანიზაციამ უზრუნველყო. ბათუმელი აქტივისტები დეტალურად აწვდიდნენ ინფორმაციას  აშშ-ში ორგანიზაციას ძაღლის მდგომარეობის შესახებ, დაიწყო დალმატინელის შტატებში გასამგზავრებლად საბუთების შეგროვების პროცესი, რომელსაც ძირითადად ირინა ოვჩარენკო უწევდა ორგანიზებას.

ისააკი 3 თვეში უნდა გამგზავრებულიყო შტატებში, თუმცა პანდემიის გამო 3 თვე 8 თვედ იქცა. როგორც კი ფრენები განახლდა, ისააკი ბათუმიდან უკვე თბილისში გაგზავნეს, სადაც მის გადარჩენაში კიდევ ერთი ადამიანი, ლია სოლოლაშვილი ჩაერთო, რომელმაც ძაღლი გამგზავრებამდე შეიფარა.

ლია სოლოლაშვილი და ისააკი აეროპორტში, ამსტერდამში გამგზავრებამდე

საბოლოოდ, ძაღლის ტრანსპორტირების საკითხი გადაწყდა. ოლგა ბიდიხმა შეიძინა ბილეთი ამსტერდამამდე იმ ადამიანისთვის, ვინც ისააკს წაიყვანდა, მანვე გადაიხადა ისააკის ტრანსპორტირების თანხა, ამსტერდამიდან კი ძაღლი შტატებში ჩაიყვანეს.

2 მაისს დალმატინელი ისააკის გადარჩენის და დაბინავების ოპერაცია წარმატებით დასრულდა. აშშ-ში ისააკს დახვდა ფატი დანე, დალმატინელების გადარჩენის ჯგუფის პრეზიდენტი.

ისააკი და ფატი დანე

ძაღლი ფლორიდაში, ქალაქ მაიმიში აიყვანა ოჯახმა, რომელსაც სახლში კიდევ ერთი დალმატინელი, სახელად ლაქი ჰყავთ. 2 დალმატინელის შეხვედრამ კარგად ჩაიარა და ლაქი და ისააკი დღეს უკვე ერთად თამაშობენ.

უპატრონო ძაღლის ახალი ცხოვრება

ბათუმში, სადაც ათასობით მიუსაფარი ძაღლია, არც თუ იშვიათად შეხვდებით ე.წ. ჯიშიან ძაღლებსაც.  ხშირად ლეკვი აჰყავთ, შემდეგ მასზე ზრუნვაზე უარს ამბობენ და ძაღლს ქუჩაში ტოვებენ.

ისააკი არ არის ერთადერთი დალმატინელი, რომელიც თავშესაფარში მოხვდა. ცოტა ხნის წინ ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში მიიყვანეს ყრუ დალმატინელი, რომელზეც პატრონმა უარი თქვა. იგეგმება ძაღლის თბილისში გადაყვანა, მანამდე კი ყრუ ძაღლი შემფარებელთანაა.

„ჯოხის ეშინია საშინლად ყრუ დალმატინელს. ვისთანაც გვყავს დატოვებული, იმან მიამბო, რომ ჯოხი გადაუგდო სათამაშოდ და საშინელი წკავწკავი ატეხა ძაღლმა ჯოხის დანახვაზე.  როგორც ჩანს, ჯოხით სცემდნენ ძაღლს. ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ, ბევრია“ – გვითხრა თეონა ყურშუბაძემ.

______________

მთავარ ფოტოზე: დალმატინელი ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში და იგივე ძაღლი მაიამში, ახალ ოჯახში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: