საჩინოს სკოლის სახურავის აღდგენაში 80 ათასი ლარი დაიხარჯება

80 876 ლარი დაიხარჯება ქობულეთის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის სახურავის აღდგენაში. აჭარის განათლების სამინისტრო სამუშაოებს ტენდერის გარეშე შეისყიდის.

„2022 წლის 15 იანვარს ძლიერმა ქარმა დააზიანა სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის შენობის სახურავი, რაც გამოიხატება იმაში, რომ სახურავის ნაწილი მთლიანად გადახდილია ხის კონსტრუქციასთან ერთად, შენობა დაუცველია ნალექისგან, ასევე არსებობს დაზიანებული სახურავის სკოლის ტერიტორიაზე ჩამოყრის საფრთხე.“ – აღნიშნულია სამინისტროს განაცხადში.

სამინისტროს ინფორმაციით, „სკოლის შენობის ნაწილს ფაქტობრივად სახურავი აღარ გააჩნია და ნალექი ხვდება შენობის შიგნით, რაც აზიანებს შენობის ინტერიერს და ხელს უშლის სასწავლო პროცესის წარმოებას. სკოლის სარგებლობაში არსებული შენობა წარმოადგენს სახელმწიფო ქონებას, რომლის მოვლა-პატრონობაც აჭარის განათლების სამინისტროს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა“.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების არაერთი გარემოება, შესაბამისად მიზანშეწონილია სამუშაოების შესყიდვა განხორციელდს გამარტივებული შესყიდვით, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო დაზიანდება სახელმწიფო ქონება და შემდგომში მისი რეაბილიტაცია გაცილებით დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. ამასთან, ხელი ეშლება სასწავლო პროცესის საკოლო სივრცეში დროულ დაბრუნებას“ – აცხადებს სამინისტრო.

სამინისტროს გათვლებით, სამუშაოს შესრულების აღმოსაფხვრელად საჭიროა 30 დღე, ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, სახურავის გადახურვის სამუშაოების ღირებულება კი – 80876.25 ლარია.

დოკუმენტების მიხედვით, სახურავის აღდგენის სამუშაოებს შპს ,,მარდი“ ჩაატარებს, რომელთანაც სამინისტრო ხელშეკრულებას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმების შემდეგ გააფორმებს.

ქობულეთის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის შენობა / ფოტო: სამინისტრო

 

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით პარასკევს აჭარის სანაპირო ზოლში წვიმა, მთაში ზოგან თოვა დღის განმავლობაში შენარჩუნდება; შაბათ-კვირა კი, ბათუმსა და აჭარის მთიანეთში ძირითადად უნალექოდ ჩაივლის.

ობსერვატორიის მონაცემებით, 28 იანვრის 21 საათიდან 29 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 0-2 გრადუსი ყინვა, დღისით 5-10 გრადუსი სითბო.
  • შიგამთიან რაიონებში – ღამით 0-3 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო.
  • მაღალ მთაში – ღამით 7-12 გრადუსი, დღისით 3-8 გრადუსი ყინვა.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ დასავლეთის ქარი 5-10 მ/წმ-ში. უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა კარგი. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ(2-3 ბალი); ზღვის წყლის ტემპერატურა +8 გრადუსი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო 2 დღეს, კვირას, 30 იანვარს და ორშაბათს, 31 იანვარს, აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში  მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

დახურულია 1 სკოლა, ონლაინ სწავლობს 42 კლასი – კოვიდი სკოლებში

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო დახურულია ერთი სკოლა, დისტანციურად კი 42 კლასი სწავლობს.

სრულად დახურულია ერთი კერძო სკოლა.

დახურული კლასები:

  • ბათუმში -37
  • ქობულეთში – 2
  • ხელვაჩაურში – 3

28 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 17 066 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.

აჭარაში კოვიდის 1 523 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 5 პაციენტი – 28 იანვარი

28 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 1 523 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ამავე პერიოდში რეგიონში 5 პაციენტი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის აჭარის რეგიონში:

  • 686 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში;
  • მძიმე პაციენტია – 127
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 49 პაციენტი.

აჭარის კოვიდსასტუმროებში 661 ადამიანი მკურნალობს.


28 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 17 066 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ამავე პერიოდში ვირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

ბსუ ბათუმში 120 საწოლზე გათვლილ საუნივერსიტეტო კლინიკას ააშენებს

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

დადასტურდა 17 066 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 30 პაციენტი – კორონავირუსი

28 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 17 066 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ამავე პერიოდში ვირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 127 234 , ბოლო 24 საათში – 17 066
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 986 928 , ბოლო 24 საათში – 5 397
  • მათ შორის გარდაცვლილი – 14 870 , ბოლო 24 საათში – 30
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 64 412, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 41 613, PCR ტესტით – 22 799
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 26,5%, ბოლო 14 დღის – 17,88%, ბოლო 7 დღის – 22,1%
  • სულ აცრილია – 2 695 237, დღიურად აცრილია – 7 997
  • კარანტინის რეჟიმში – 42
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 894
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 2 143

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17  066 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 256 შემთხვევა, აჭარაში – 1 523, იმერეთში – 2 219, ქვემო ქართლში – 780, შიდა ქართლში – 775, გურიაში – 240, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 865, კახეთში –683, მცხეთა-მთიანეთში – 289, სამცხე-ჯავახეთში – 388, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 48.

წელს სახლს 100 ეკომიგრანტ ოჯახს შეუძენენ – პროგრამის ბიუჯეტი 3 000 000 ლარია

დღეს ბათუმის იუსტიციის სახლში 13-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართობები დაირეგისტრირა. მათ სახლები გაზრდილი თანადაფინანსებით შეიძინეს. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში წელს საცხოვრებელ ფართობებს თანადაფინანსებით, ჯამში, 100 ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს. პროგრამის ბიუჯეტი 3 000 000 ლარია.

„2016 წლიდან დღემდე პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი 558-მა ოჯახმა შეიძინა. აღნიშნული პროგრამით საცხოვრებლის პრობლემა ათეული წლის წინ სტიქიის შედეგად დაზარალებულ არაერთ ოჯახს მოეხსნა. პროგრამა ვრცელდება აჭარაში მცხოვრებ ყველა ეკომიგრანტ ოჯახზე. წელს აჭარის მთავრობამ დაფინანსება გაზარდა როგორც ეკომიგრანტებისთვის, ისე ხანძრით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლის შეძენის ან ადღგენა/რეაბილიტაციისათვის“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ.

2022 წლიდან ფინანსური მხარდაჭერა ხანძრით დაზარალებული ოჯახების სახლების რეაბილიტაცია/მშენებლობისთვის 15 000 ლარის ნაცვლად გაიზარდა 20 000 ლარამდე, ხოლო ეკომიგრანტი ოჯახების ადგილმონაცვლეობისათვის 25 000 ლარის ნაცვლად, გაიცემა 30 000 ლარი.

მთავარი ფოტო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

როგორ გათავისუფლდნენ ბათუმელი ქალები ანტივაქსერების გავლენებისგან

54 წლის ინგა ღირდალაძე და 42 წლის მარინა ბერიძე ჰყვებიან, რომ დიდი ხნის განმავლობაში უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ კოვიდ-ვაქცინაციაზე, ჭორების, სოციალურ ქსელში გავრცელებული ბევრი დეზინფორმაციისა და იმ ანტივაქსერების გავლენით, ვისაც ვირუსის გამოჩენამდე ენდობოდნენ.

მარინა ფაიზერის პირველი დოზით 23 იანვარს აიცრა და აპირებს, რომ მეორე და მესამე დოზითაც აიცრას. ინგამ კი ახლახან გადაიტანა „ომიკრონის“ ვირუსი და მაშინვე აპირებს ვაქცინაციის გაკეთებას, როგორც კი ვირუსის გადატანიდან აცრამდე რეკომენდებული დრო გავა.

„ვაქცინა არ გაიკეთოო რომ ეტყვი ადამიანს, ნიშნავს, რომ სასიკვდილოდ იმეტებ. გულწრფელად რომ გითხრათ, მე როგორც არ მჯეროდა, ახლა ზუსტად იმ დოზით მჯერა, რომ აცრა გვიცავს. შენ რომ არ იცრები, გბაძავს კიდევ სხვა და ეს ჯაჭვი გადამდებია, ამის ხარჯზე იწელება ვირუსთან ბრძოლის პროცესი და აღარ სრულდება. დავიღალეთ ყველანი.

დეზინფორმაციის მსხვერპლი ვიყავი, რადგან ჩემთვის კომპეტენტური ძალიან ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ არ უნდა ავცრილიყავით.

ანტივაქსერებმა ნამდვილად იმოქმედეს ადამიანების ფსიქიკაზე, როგორც ჩანს, ჩემზეც იმუშავა ამან და თან ძალიან ძლიერად.  ჩემი შიშები და შფოთვა ხომ უბრალოდ ჰაერიდან არ წამოსულა?! ყურს რაც ესმის, რასაც კითხულობ, ფიქრობ, რომ ის არის სიმართლე.

მე მქონდა ვირუსი და პანიკისგან დამიმძიმდა მდგომარეობა. ვფიქრობ, აცრილი რომ ვყოფილიყავი, ასეთ დღეში არ ჩავვარდებოდი. ყველა, ვინც აცრილი იყო, თავს გაცილებით კარგად გრძნობდა, ვიდრე მე. აცრა იცავს.

უნდა ვებრძოლოთ ვირუსს და ვიხელმძღვანელოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით. აცრა აუცილებელია“, – ამბობს ინგა.

ინგას თქმით, უჭირს გაუგოს ადამიანებს, რომელთაც გამოცდილება აქვთ, გადაიტანეს ვირუსი და მიუხედავად ამისა, მაინც ანტივაქსერებად დარჩნენ.

ვირუსის სიმპტომები ინგას 30 დეკემბერს დაეწყო. 4 იანვარს მეორედ გაიკეთა ტექსტი, „ომიკრონი“ დაუდასტურდა და 5 იანვრის საღამოს ოჯახის ექიმის რჩევით კოვიდსასტუმროში გადავიდა ინფიცირებულ შვილთან და ქმართან ერთად.

ინგას მდგომარეობა გართულდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო ვაქცინირებული ქმრისა და შვილისგან განსხვავებით, რომლებიც თავს კარგად გრძნობდნენ.

„ჩემს ქმარს რამდენიმე ქრონიკული დაავადება აქვს, მათ შორის ალერგია და ვარიკოზი. მეშინოდა და წინააღმდეგი ვიყავი, რომ ვაქცინა გაეკეთებინა. ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად აიცრა. ჩემი ქმარი სიკვდილისგან ვაქცინამ გადაარჩინა.

კოვიდსასტუმროში რომ მოვხვდით, ვამბობდი, რომ მეუღლე და ჩემი შვილი თითქოს აქ დასასვენებლად არიან-მეთქი, რადგან აბსოლუტურად უსიმპტომოდ იყვნენ. მხოლოდ მე მქონდა გართულებები.

სასტუმროდან კლინიკა „მედცენტრში“ მეხუთე დღეს აღმოვჩნდი და 3-4 დღე გავჩერდი. თავს უკვე კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ექიმმა დაზღვევის მიზნით დამატებით ერთი დღე გამაჩერა. ეს ყურადღება სიმკაცრედ მომეჩვენა – ვიძახდი, თუ ყველაფერი კარგად არის, რატომ ვჩერდები ისევ საავადმყოფოში-მეთქი. უმიზეზოდ ვშფოთავდი, სანამ წამოვიდოდი იქამდე გავიაზრე, რომ ჩემი უსაფრთხოებისთვის იყო ეს საჭირო და ექიმებს წამოსვლის წინ გულწრფელი მადლობაც გადავუხადე ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.

„მედცენტრში“ ძალიან ბევრი პაციენტი, ისე როგორც მე, აუცრელები იყვნენ და ძალიან ნანობდნენ“, – ამბობს ინგა ღირდალაძე.

ინგა ხაზგასმით ამბობს, რომ ექიმები სასტუმროშიც და კლინიკაშიც დიდი ყურადღებით ექცეოდნენ პაციენტებს.

ინგასა და მისი ოჯახის კარანტინი 15 ინვარს დასრულდა. გადაწყვეტილი აქვს, რაც შეიძლება სწრაფად აიცრას. ვაქცინის გაკეთებას ურჩევს იმ ადამიანებსაც, რომლებიც არ იცრებიან და ასევე ურჩევს, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ესა თუ ის ინფორმაცია სანდო წყაროებთან გადაამოწმონ, რადგან უამრავი ჭორი და ტყუილი იწერება, მათ შოროის ექიმების სახელითაც, რომელთა გავლენის ქვეშ თავადაც იყო მოქცეული.

„უნდა დავუჯეროთ ექიმებს, მივყვეთ მათ რეკომენდაციებს და, ჩემი აზრით, მძიმე მდგომარეობისგანაც შეგვიძლია თავის დაღწევა“, – „ბათუმელებს“ საკუთარ ისტორიას უყვება მარინა ბერიძეც იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა მისი ანტივაქსერული დამოკიდებულება. მარინა ახლა გარშემომყოფებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

როგორც თვითონ ამბობს, სხვადასხვა უსაფუძვლო შიშის გამო ეწინააღმდეგებოდა ვაქცინაციას.

„ვირუსი არ გადამიტანია, მაგრამ ბევრი ჩემი ნაცნობი გარდაიცვალა ამ ვირუსით, რომლებიც აცრილები არ იყვნენ. ვნატრობდი, ნეტა აცრილიყვნენ, ნეტა მე ავცრილიყავი და მიმეცა სტიმული მათთვის, შესაძლოა გადარჩენილიყვნენ კიდეც.

ვუსმენდი ჭორებს, რომ ექიმი, რომელიც კორონას ადასტურებს, 5 000 ლარს იღებს და ბევრ ამისთანა უაზრობას. ეჭვი მქონდა, რომ ეს ვირუსი არ არსებობდა და ხელოვნურად ქმნიდნენ. თითქოს ძალდატანებით აბრალებდნენ დაინფიცირებას ადამიანებს. აცრას ძალიან ვეწინააღმდეგებოდი, ვფიქრობდი, რომ ეს იყო ფულის კეთებისთვის გამოგონილი ამბავი. აი, ასეთი შთაბეჭდილებები მქონდა.

ჩემს ირგვლივ პირველი ჩემი მაზლი აიცრა. იმდენად ვიყავი შეშინებული, ვფიქრობდი – ამაღამ გადარჩება თუ ვერა-მეთქი.

მაშინ გადავწყვიტე აცრა, როცა ჩვენს დასახლებაში [„ოცნების ქალაქი“] ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა, რომელიც არ იყო ვაქცინირებული. სანამ ასაცრელად წავიდოდი, ინტერნეტში ჭორი გავრცელდა, რომ ვაქცინა ვადაგასული იყო და ისევ უკან დავიხიე. ჩავთვალე, რომ ვადაგასული ვაქცინით აცრას მნიშვნელობა არ ექნებოდა.

მუდმივად დეზინფორმაციას ვკითხულობდი სოციალურ ქსელებში და ვტყუვდებოდი.

23 იანვარს, „ოცნების ქალაქში“ შეხვედრა შედგა ბიძინა კულომბეგოვთან, სადაც შესაძლებლობა მოგვეცა მისთვის კითხვები დაგვესვა. ბიძინას ვკითხე, როგორ ამოწმებდნენ წამლის ვადას. ექიმმა აგვიხსნა რაშიც იყო საქმე და ჩემმა უსაფუძვლო ღელვამაც გაიარა.

უნდა ავიცრათ, მინდა ყველას ვუთხრა, რომ აიცრან, რათა დაცულები იყვნენ“, – ამბობს მარინა.

„ოცნების ქალაქის“ დასახლებაში ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას 23 იანვარს შეხვდა და მანვე გაუკეთა ყველა მსურველს ვაქცინა.

შეხვედრის შემდეგ „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში ბევრმა გადაწყვიტა, რომ აიცრას. მარინას თქმით, სიას აკეთებენ, რათა გამოიძახონ ექიმები, რომლებიც ადგილზე გაუკეთებენ მოსახლეობას ვაქცინას.

“ჩემს მეუღლესაც ეშინოდა. ძალიან გამიკვირდა და ამასთან გამიხარდა, როცა აცრის მანქანაში პირველი შევიდა. ორივე 23 იანვარს ავიცერით პირველი დოზით. ცხადია, ვაპირებ, რომ მეორე და მესამე დოზითაც გავიკეთო.

ახლა ჩემს ირგვლივ მყოფები რომ ხედავენ, ავიცერი და თავს კარგად ვგრძნობ, ცოცხალი ვარ, არაფერი მომსვლია, მგონია, რომ  თავადაც აუცილებლად  აიცრებიან.

ყველას, ვინც ეწინააღმდეგება ვაქცინას, მინდა ვუთხრა, რომ აიცრან. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა და აღარ გვინდა, რომ ისევ დაგვაკლდეს ვინმე. არაფერია საშიში. აცრის გაკეთების დღესაც კი შევძელი მუშაობა. მომდევნო დღესაც ვმუშაობდი და ახლაც კარგად ვგრძნობ თავს.  უმნიშვნელო ტკივილი მქონდა აცრის ადგილზე“, – ამბობს მარინა.

ინგა ღირდალაძე და მარინა ბერიძე „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ ექიმებმა უფრო მეტი კამპანია უნდა აწარმოონ, რათა ყველა დარწმუნდეს ვაქცინაციის საჭიროებაში. მათი შეფასებით საგანგაშო მაშინაა მდგომარეობა, თუ არ ვიქნებით აცრილები.  საკუთარ და სხვის სიცოცხლეზე ზრუნვა გვავალდებულებს რომ ავიცრათ.

რატომ არემონტებს ბინას ფინანსთა სამინისტრო ბათუმში – ტენდერი 41 ათასი ლარით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩა N37-ში მდებარე კორპუსის მე-2 სართულზე ბინას არემონტებს. სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 41 540 ლარია გამოყოფილი.

სამინისტრომ ამ თანხით ტენდერიც გამოაცხადა. პირობაში აღნიშნულია, რომ ბინაში ოფისი მოეწყობა – ცენტრალური გათბობით, ვიდეოსამეთვალყურეო და სახანძრო სიგნალიზაციის სისტემებით, კომპიუტერული ქსელით.

ბინის გასარემონტებლად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 4 თებერვალს დაიწყება და 7 თებერვალს დასრულდება. ბინას სამინისტროს მიერ შესყიდული პროექტის მიხედვით გაარემონტებენ. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს.

კორპუსი, რომელშიც ბინა მდებარეობს „დს გრუპმა“ ააშენა [ჭავჭავაძის, ლუკა ასათიანისა და ზუბალაშვილის ქუჩებს შორის, „თი ბი სი“ ბანკის შენობის გვერდით].

აღნიშნული ბინის ფართობი 78.5 კვ.მ-ია და ის 2020 წლის ნოემბრიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. მანამდე ეს ბინა, რეესტრის 2019 წლის ამონაწერით – გიორგი ბოლქვაძის, 2020 წლის ოქტომბრის ამონაწერით კი – შპს „დს გრუპის“ საკუთრებაში იყო.

„აღნიშნული ფართობი ავტონომიურ რესპუბლიკაზე საინვესტიციო ხელშეკრულებების ფარგლებში გადმოცემული ქონებების ნაწილია და რემონტდება იმისთვის, რომ იქ „აჭარის აქტივების მართვის კომპანიის“ ოფისი განთავსდეს“, – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

„აჭარის აქტივების მართვის კომპანია“ არის სახელმწიფო შპს, რომლის წილის 100 პროცენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. „აქტივების მართვის კომპანიასთან“ შერწყმულია არაერთი ორგანიზაცია/საწარმო, რომლებშიც წილებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს.

წესდების მიხედვით, აჭარის აქტივების მართვის კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება შერწყმული ორგანიზაციების ქონების, დებიტორულ-კრედიტორული მოთხოვნების მოძიება, ინვენტარიზაცია და განკარგვაა.

ბინა ბათუმში, რომელსაც აჭარის ფინანსთა სამინისტრო გაარემონტებს [ზემოთ – რენდერი პროექტიდან, ქვემოთ – არსებული სიტუაცია]

აჭარაში სახელმწიფო ორგანიზაციების ერთ სივრცეში განთავსების მიზნით, 2018 წელს შეიქმნა პროექტი, რომლის მიხედვითაც ბათუმში აჭარის მთავრობის ახალი შენობა 28 მილიონ ლარად უნდა აშენებულიყო. რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ამ პროექტში 542 800 ლარია გადახდილი, თუმცა ის არ განხორციელებულა.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით კი, „ბაზარზე ფასების ცვლილების გათვალისწინებით, შემდგომში ამ პროექტის სახარჯთაღრიცხვო ნაწილის გამოყენება შესაძლოა არარელევანტური გახდეს. შედეგად, ბიუჯეტიდან განხორციელებულია დანახარჯები, რომლის მოსალოდნელი სარგებელი გადახდილ ფასთან შესაძლოა არსებითად შეუსაბამო იყოს“.

რაც შეეხება ბინებს, აჭარის მთავრობამ, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი საბინაო ფონდიც აქვს, ბათუმის მერიისგან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ბინები მოითხოვა, 26 მაისის ქუჩაზე დაზარალებულებისთვის გადასაცემად.

ბათუმში ავარიული სახლებიდან კი, 2022 წლის 10 იანვრის მონაცემებით, 201 ოჯახი იყო გაყვანილი, რომლებსაც ბინის ქირას მერია ქალაქის ბიუჯეტიდან უხდის. 2021 წლის დეკემბრის თვეში, ამ თანხამ დაახლოებით 103 ათასი ლარი შეადგინა.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა სამინისტროს 208 ბინა აქვთ – აუდიტი 

 

 

16,4 მილიონი ლარი კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობისთვის ბათუმში – ტენდერი

კოლეჯი „ბლექსი“-ს შენობის მშენებლობაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი 16 420 243 ლარით გამოაცხადა. კოლეჯის ახალი შენობა ბათუმში, სვიშევსკის ქ N1-ში უნდა აშენდეს.

„პროექტით გათვალისწინებულია 3-სართულიანი შენობა, შეკიდული ვიტრაჟული სისტემით, უმეტეს ნაწილზე გამოყენებულია საჩრდილობლები
კომპოზიტური პანელებით. პირველ სართულზე ძირითადად განლაგებულია სახელოსნოები, სასადილო დარბაზი სამზარეულოთი, ჰოლი სპორტული სივრცით. II და III სართულებზე – ადმინისტრაციული ნაწილი და აუდიტორიები. III სართულზე განთავსებულია საერთო საცხოვრებელი.

ფასადზე გამოყენებულია ალუმინის რუხი ფერის ვიტრაჟები და სახურავზე ლითონის ბაგირიანი მოაჯირები. ტერიტორიის შიდა ეზო არის მთლიანდ მოპირკეთებული ბეტონის ფილის ბილიკებით. შენობის კონსტრუქცია მონოლითური რკინა-ბეტონისაა ურიგელო სისტემით. სახურავზე გამოყენებულია ბრტყელი გადახურვა“ – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში [720 დღეში] უნდა დასრულდეს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 16 თებერვალს დაიწყება და 21 თებერვალს დასრულდება.

აჭარის მთავრობა ბათუმში, თავდადებულის #61-ში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას გეგმავს. ამ მიზნით ბათუმის მერიას კოლეჯ „ბლექსის“ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს [2775 კვ.მ.] და მასზე განთავსებულ ისტორიულ შენობას სთხოვს. მთავრობის ინფორმაციით, კოლეჯი „ბლექსი“  თავდადებულის ქუჩაზე არსებული შენობით მაინც არ სარგებლობს, რადგან შენობა ამორტიზებულია და ეს ექსპერტიზის დასკვნითაც დასტურდება:

ამავე თემაზე:

კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობა ბათუმში „კომაროვის სკოლასთან“ აშენდება

 

რა სიმპტომების დროს უნდა დარჩეთ სახლში – NCDC-ის განმარტება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს სიმპტომების ჩამონათვალს, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში უნდა დარჩეთ სახლში ან გადახვიდეთ საიზოლაციო სივრცეში. კერძოდ, თუ აღგენიშნებათ შემდეგი სიმპტომები:
  • ყელის, თავის ან წელის ტკივილი
  • სურდო
  • ზომიერი ცხელება
  • ხველა
  • ღამით ოფლიანობა
  • საერთო სისუსტე

NDCD-ის გაფრთხილებთ, ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დარჩით სახლში ან გადადით საიზოლაციო სივრცეში. მაქსიმალურად შეზღუდეთ ოჯახის წევრებთან კონტაქტი და აუცილებლობის შემთხვევაში მათთან ურთიერთობისას გამოიყენეთ პირბადე.

პირველივე საეჭვო სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად დაუკავშირდით ოჯახის ექიმს ან დარეკეთ 112-ში და მიიღეთ ონლაინკლინიკის მომსახურება.

ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით. თავი მოარიდეთ საზიარო საყოფაცხოვრებო სივრცეების გამოყენებას. თუ ეს შესაძლებელია, იყავით ფიზიკურად აქტიური სახლის პირობებში და მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე.

ბავშვები გაიყვანეს ბათუმის საბავშვო ბაღიდან, რომლის რეაბილიტაციაზე 799 ათასი ლარი დაიხარჯა 

ბათუმის მე-13 საბავშვო ბაღი ავარიულ მდგომარეობაშია. ამის შესახებ განაცხადა დღეს, 27 იანვარს, ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზმა.

მისი თქმით, საბავშვო ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, თუმცა ბაღი დღეს აღარ ფუნქციონირებს.

ის, რომ საბავშვო ბაღის ფუნქციონირება შეჩერებულია, „ბათუმელებს“ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაშიც დაგვიდასტურეს. გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით დიასამიძის თქმით, დოკუმენტაცია შენობაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთი თვის წინ გადაიგზავნა სამსახარაულის ექსპერტიზის ბიუროში შესასწავლად.

„საბავშო ბაღის კედლები დაბზარულია. მასალები გადაგზავნილია დეტალურ კვლევაზე მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ. მეტი არაფერი არ ვიცი“, – გვითხრაა გაერთიანების დირექტორმა.

ასე გამოიყურება რეაბილიტირებული ბათუმის მე-13 საბავშვო ბაღი დღეს

კითხვაზე, როდის შენიშნეს პირველად დაზიანებები და აქამდე რატომ არ მოხდა რეაგირება, გაერთიანების დირექტორი არ გვიპასუხა და თქვა, რომ დაელოდება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას.

საბავშვო ბაღში 265 აღსაზრდელი სწავლობს. დავით დიასამიძის თქმით, ისინი 17 იანვრიდან სხვადასხვა ბაღში არაინ გადანაწილებული.

ხელშეკრულების თანახმად, თუ ექსპერტიზით დადგინდება, რომ ბზარები უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაოებმა გამოიწვია, პასუხისმგებლობა შემსრულებელ კომპანიას დაეკისრება.

დოკუმენტის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „ამაგმა“ შეასრულა. ხელშეკრულება 2015 წელს 799 000 ლარზეა გაფორმებული.

დაზიანებული კედლები და იატაკი რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში

ერდოღანი ზელენსკის და პუტინს თურქეთში სთავაზობს შეხვედრას

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვედრას ანკარაში სთავაზობს.

„ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში თურქეთი მზადაა ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას. თურქეთს სურს, რომ დაძაბულობა რუსეთსა და უკრაინას შორის არ გაღრმავდეს და კრიზისში არ გადაიზარდოს“ – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, იგი იმედოვნებს, რომ რუსეთი არ დაესხმება თავს უკრაინას. „ასეთი ნაბიჯი არ შეიძლება იყოს რაციონალური რუსეთისთვის და მთლიანად რეგიონისთვის,“ – ერდოღანის ციტატას გამოცემა „ანადოლუ“ აქვეყნებს.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ერდოღანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

კოვიდის 17 484 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი

27 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის17 484 ახალი შემთხვევა.

გასულ დღე-ღამეში კოვიდით გარდაიცვალა 27 პაციენტი.

26 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 23.87%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 16.51% ხოლო 7 დღის მანძილზე – 20.58%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 8 989 შემთხვევა, აჭარაში – 2 255, იმერეთში – 2 222, ქვემო ქართლში – 812, შიდა ქართლში – 805, გურიაში – 314, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 766, კახეთში –656, მცხეთა-მთიანეთში – 320, სამცხე-ჯავახეთში – 298, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 47.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კოვიდის 113 771 მიმდინარე აქტიური შემთხვევა, მათგან 4 714 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 989, აჭარაში – 658, იმერეთში – 979.

მძიმე პაციენტია 980 პირი, მათ შორის, თბილისში – 426, აჭარაში – 127, იმერეთში – 274. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 274 პირი,  მათგან თბილისში – 156, აჭარაში – 50, იმერეთში – 24.

აჭარაში კოვიდის 2255 ახალი შემთხვევა დადასტურდა

27 იანვრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 2 255 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 658 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე, მათგან 50 ხელოვნურ სუნთქვაზეა.

რეგიონში კოვიდსასტუმროშია 652 ადამიანი.

დღეს, 27 იანვარს, საქართველოში კორონავირუსის  17 484 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 27 ადამიანი გარდაიცვალა.

როდის დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა – ახალი ვადა

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2023 წლამდე უნდა დასრულდეს – ესაა ამ დროისთვის ახალი ავტომაგისტრალის დასრულების ახალი ვადა, რომელიც გზის მშენებლობის დაწყებიდან დღემდე უკვე რამდენჯერმე შეიცვალა.

„პროექტის მიხედვით ბათუმის შემოვლითი გზის  მშენებლობის დასრულება მიმდინარე, 2022 წლის ბოლოსთვისაა გათვალისწინებული“ – გვითხრეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, დღეს, 26 იანვარს.

გასულ წელს კი, დეპარტამენტიდან ოფიციალურად მოგვწერეს, რომ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება 2021 წლის დეკემბრის ბოლომდე იყო დაგეგმილი.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება 2017 წელს გაფორმდა. ამ 14-კილომეტრიანი გზის მშენებლობის დასრულება 2020 წელშიც იგეგმებოდა. 

სამუშაოების შეფერხების მიზეზად, ოფიციალურად, პანდემია დასახელდა.

მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) აფინანსებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 329 630 734  ლარია.

გზას თურქული კომპანია „POLAT YOL & MAPA“ აშენებს.

ბათუმის შემოვლითი გზის/გვირაბის მშენებლობა სოფელ სალიბაურის ტერიტორიაზე[ფოტო]:
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა / სოფელი სალიბაური / 26.01.2022 /როინ გუნდაძის ფოტოები
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა / სოფელი სალიბაური / 26.01.2022

ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთი [აღნიშნულია წითელი წყვეტილი ხაზით]. ახალი მაგისტრალი მახინჯაურის გვირაბიდან „ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიამდე შენდება.
პროექტის ფარგლებში აშენდება: 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57  წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს [ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან], განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს [ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე].

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა / სოფელი სალიბაური / 26.01.2022
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა / სოფელი სალიბაური / 26.01.2022
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა / სოფელი სალიბაური / 26.01.2022

ბათუმის შემოვლითი გზა ამჯერად მახინჯაურის გვირაბიდან მდინარე ჭოროხამდე [ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე] შენდება. ეს გზა მდინარე ჭოროხიდან სარფამდე უნდა გაგრძელდეს.

ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთზე როდის დასრულდება ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დაპროექტება, ამ დროისთვის კვლავ უცნობია:

ამავე თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

ფსორიაზის დაფინანსება და სხვა სიახლეები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2022 წელს აჭარაში რამდენიმე ახალი პროგრამა ამუშავდა, კერძოდ ამოქმედდა ფსორიაზით დაავადებული პაციენტების მკურნალობის პროგრამა და დაიწყო ძვლის ტვინის ჰაპლოიდური ტრანსპლანტაციის დაფინანსება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, მანანა ფაღავა განმარტავს, რომ პროგრამა წელს პილოტურ რეჟიმში იმუშავებს, იგი საწყის ეტაპზე 30 ბენეფიციარზეა გათვლილი და მოიცავს რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზის და ფსორიაზული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას.

“ფსორიაზი და ფსორიაზული ართრიტი არის ქრონიკული, მორეციდივე, მოპროგრესირე დაავადებაა. ამ დაავადებებს სხვადასხვა მედიკამენტით მკურნალობენ, თუმცა საუკეთესო შედეგს იძლევა მაღალეფექტური ბიოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც საკმაოდ ძვირია და პაციენტების დიდი ნაწილისთვის ისინი არ არის ხელმისაწვდომი. მომართვიანობა იყო, ჩვენ კი ვერ ვაფინანსებდით. გადავწყვიტეთ პილოტური პროგრამის სახით აგვემუშავებინა ამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა. საპილოტედ ავიღეთ 30 ბენეფიციარი, რომელთაც დაუფინანსდებათ ექიმის მიერ გამოწერილი – ძვირადღირებული, ბიოლოგიური, მე-2 ჯგუფის მედიკამენტები. პროგრამაში ბენეფიციართა სოციალური სტატუსი არ არის გათვალისწინებული”.

გარდა ამისა, 2022 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ძვლის ტვინის ჰაპლოიდური ტრანსპლანტაციის დაფინანსება – 180 000 ლარით.

“ძვლის ტვინის გადანერგვა ხდება ისეთი მძიმე დაავადებების დროს, როგორიცაა ონკოჰემატოლოგიური დაავადების მძიმე ფორმების შემთხვევები. ამ პაციენტებისთვის ჩვენ ვაფინანსებდით ავტოლოგიური ძვლის ტვინის გადანერგვას და ალოგენურ ძვლის ტვინის გადანერგვას, რაც კეთდება საქართველოში.

შარშან პირველად გაკეთდა საქართველოში ჰაპლოიდური ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია და გადავწყვიტეთ ჩაგვესვა პროგრამაში. ეს ყველაზე მძიმე პაციენტებზე გათვლილი პროცესია და თუ ასეთი პაციენტი გამოჩნდა, ჩვენ შევძლებთ მის დაფინანსებას”, – ამბობს მანანა ფაღავა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ტრანსპლანტაციის პროგრამებში ბენეფიციართა რაოდენობა განსაზღვრულია. ღვიძლის და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციების პროგრამებში ჯამში 20 ბენეფიციარი ფინანსდება. “მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენ დამატებით პაციენტს უარს ვეტყვით. მოთხოვნის შესაბამისად ინდივიდუალურად გადავხედავთ ბიუჯეტს”, – ამბობს მანანა ფაღავა.

ასევე გაიზარდა რამდენიმე პროგრამის დაფინანსება, კერძოდ გაიზარდა ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება; გაორმაგდა ბენეფიციართა რაოდენობა და ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით კვლევა 8300 ბენეფიციარს ჩაუტარდება; გრძელდება გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება;

გაიზარდა ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების მოცულობა და თითოეული ოჯახი საცხოვრებელი ფართის შესაძენად მიიღებს 30 000 ლარს, ნაცვლად 25 000 ლარისა; ასევე 5000 ლარით გაიზარდა ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების მოცულობა. ოჯახები 15 000 ლარის ნაცვლად 20 000 ლარით დაფინანსდებიან.

გაიზარდა ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის დაფინანსება. იგი მოიცავს ბავშვთა ფსიქომოტორული აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამას (1 5486 000 ლარიდან 2 376 000 ლარამდე გაიზარდა), ბავშვთა ადრეული განვითარება (გაიზარდა 674 900 ლარიდან 912 000 ლარამდე), აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია (გაიზარდა 140 000-ლარიდან 400 800-მდე), სმენადაქვეითებულ სმენაპროთეზირებულ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა (62 000ლარი).

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენეიშვილი ამბობს, რომ ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის დაფინანსების ზრდა რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული, პირველი ბენეფიციარების რაოდენობის ზრდაა, ნაწილობრივ სერვისების გაძვირება და ნაწილობრივ სეანსების რაოდენობის მომატება.

“იყო მომართვიანობა და შევეცადეთ ეს მომართვიანობა მაქსიმალურად დაგვეფარა, რომ არავინ დაგვრჩენოდა სერვისის გარეშე. დაფინანსების ზრდის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ეს არის. ასევე მეორე კომპონენტია განფასების ზრდა… როგორც ყველაფერი იცვლება მომატებისკენ, აქაც ხარისხის ამაღლების მიზნით გაძვირებულია მომსახურება.

სეანსების რაოდენობა გაზრდილია “ბავშვთა ადრეულ განვითარებაში”, ჯამში 6000 სეანსია, რომელიც გათვლილია 500 ბავშვზე, თუმცა 501-ე ბავშვი რომ მოვიდეს, რა თქმა უნდა, მის ჩასმასაც მოვახერხებთ, რაღაც ეკონომიების ხარჯზე”, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

რას წერენ ბათუმის საკრებულოს წევრები, როცა საკრებულო არ მუშაობს

იმის მიუხედავად, რომ ბათუმელებს არაერთი პრობლემა აქვთ, ხოლო საკრებულო გაჩერებულია, ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ წევრების ფეისბუქგვერდებს თუ გადახედავთ, იფიქრებთ, რომ ბათუმში ადამიანებს არ აწუხებთ, მაგალითად, სოციალური პრობლემები, სიღარიბე, უკანონო მშენებლობები, მათ შორის, ბულვარში, გაუმართავი შუქნიშნები, ან ქალაქის უბნები, სადაც ამ დრომდე კანალიზაციის სისტემა არ აქვთ, ქუჩები, უკვე ყოველ სეზონზე ერთხელ რომ თხრიან.

ბათუმის საკრებულოს წევრებს აქვთ ფეისბუქპოსტები ბათუმზეც, თუმცა ეს ის შემთხვევებია, როცა მერია ამზადებს ინფორმაციას, როგორ დაასუფთავეს, მოაწესრიგეს, მაგალითად, ახალი ბულვარი შტორმის შემდეგ, ხოლო საკრებულოს წევრები ერთმანეთის მიყოლებით ამ ფოტო, ან ვიდეო კოლაჟს აზიარებენ.

უმეტეს შემთხვევაში დეპუტატებს ერთმანეთის მსგავსი პოსტები აქვთ, როცა საქმე მერის მხარდაჭერას ეხება. ტროლების ქარხანა შესაძლოა გაგახსენოთ მომენტმაც, როცა ერთი და იგივე შინაარსის, ან ზოგჯერ ფორმის პოსტები მმართველი პარტიის სახეების მხარდაჭერას ეხება.

მაგალითად, ბათუმის საკრებულოს წევრის, ნატალია ზოიძის ერთ-ერთი ბოლო ფეისბუქპოსტი ეხება იმას, რომ „ყრუ-მუნჯი არის დისკრიმინაციული ტერმინი და ის ხელს უწყობს სტიგმაზე დაფუძნებული ცრუ წარმოდგენების განვითარებას“. დეპუტატი აქვე გმობს ძალადობას, თუმცა ტერმინზე აქცენტირებით მან თითქოს გვერდი აუარა „პოლიციელებისგან შშმ მოზარდზე ძალადობის საქმეს“.

იგივე მოწოდება ჰქონდა საკრებულოს წევრ ზურაბ ნაკაიძესაც. მან ამ გზით სცადა პრობლემის არიდება და თითქოს მტკივნეულ თემას გამოეხმაურა კიდეც, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია და რაც ხელისუფლების უმოქმედობას ეხება, როცა სამართალდამცველი დაცვის ნაცვლად ადამიანებზე ძალადობს.

ადამიანებზე ძალადობა არ აღმოჩნდა საკრებულოს „ოცნების“ სხვა წევრებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც იყო თეა წულუკიანის და ელენე დარიანის წიგნის გამოცემის თემა. თეა წულუკიანის მხარდასაჭერად ერთდროულად რამდენიმე დეპუტატმა მოიცალა.

„კარგ მთქმელს კარგი მსმენელი ჭირდება!“ – დაწერა და თეა წულუკიანის ციტატები გამოაქვეყნა ნერიმან ცინცაძემ.

ნერიმან ცინცაძის ფესბუქპოსტი თეა წულუკიანის მხარდასაჭერად

სტატუსი არ დაწერა, მაგრამ „მარშალპრესის“ ნიუსი გააზიარა ფეიქბუქგვერდზე ზურაბ ნაკაიძემ. ნიუსის სათაური ესაა: „თეა წულუკიანის ღირსეული პასუხი მყვირალებს, წიკვინებს, ინტრიგანებს და საზოგადოებას.“ მედიის განვითარების ფონდის არაერთი კვლევის მიხედვით, „მარშალპრესი“ კრემლისტური მედიასაშუალებაა.

ზურაბ ნაკაიძის ფეისბუქპოსტი
თეა წულუკიანს პოსტიც კი მიუძღვნა ნატალია ზოიძემ. ის ყოველგვარი გამოძიების და სიმართლის დადასტურების გარეშე არც იმას მოერიდა, რომ „დამატებითი მატერიალური სარგებლის მიღებაზე“ ესაუბრა.
„როგორ არ დავეთანხმო მინისტრს,“ – წერს ფეისბუქსტატუსში ნატალია ზოიძე. – „რომ სახელმწიფო ორგანიზაციას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია მკითხველს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია! ისედაც იმდენი გამომცემლობა გამოსცემს შეცდომებით დახუნძლულ ლიტერატურას, ვეღარ ვხვდებით მომავალ თაობას ამ წიგნების შინაარსზე ვესაუბროთ თუ დაშვებულ შეცდომებზე! თანაც შეცდომაცაა და შეცდომაც! თან როცა შეცდომა იმდენია, რომ ავტორს ურჩევნია ჩანართი ფურცლის დამატებას ახალი წიგნის გამოცემა, უკვე ეჭვი ჩნდება შეგნებულად დაშვებულ შეცდომაზე დამატებითი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით! ასე იყვნენ ეტყობა საბიუჯეტო თანხებში ხელის ფათურს მიჩვეულნი და ვეღარ იშლიან! ნუ, ამას შეისწავლიან და საბოლოო მიზანიც გამოჩნდება, მაგრამ მე მივესალმები იმ ფაქტს, რომ ასეთ დამოკიდებულებებს წერტილი დაესვას და თითოეულ ადამიანს, მით უმეტეს სახელმწიფო უწყებებში მოეთხოვოს მეტი პასუხისმგებლობა! P.S. იმ მოქალაქეების თანხები რას მოხმარდება საინტერესოა, ვითომცდა წიგნის თავიდან გამოცემისთვის რომ შეგროვდა,“ – დაწერა ფეისბუქში ნატალია ზოიძემ.
ნატალია ზოიძის ფეისბუქპოსტი

თეა წულუკიანის მხარდაჭერა არ დაავიწყდა არც თენგიზ აფხაზავას. ის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელია საკრებულოში, რომელიც ვერ შეიკრიბა და ვერ მუშაობს.

საკრებულოს „ოცნების“ ყველა წევრს აქვს გაზიარებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“თავმჯდომარე და ხუთი მოადგილე მზად არიან არათუ მოუსმინონ მოქალაქეებს, არამედ მუშაობენ „გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებაზე“. საკრებულოს წევრები არაფერს წერენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოაგვაროს პრობლემა ამ ფორმატში საკრებულოს წევრმა, როცა საკრებულო ვერ ფუნქციონირებს და გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, პრობლემურ საკითხებზე კი, რაც რეალურად მოსახლეობას აწუხებს, საკრებულოში მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები საჯაროდ არაფერს ამბობენ.

ქართული ოცნების“ კვოტით შესული წევრები ამბობენ კიდეც, რომ არჩეული მერი მათივე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია და კონტროლის, კრიტიკული დამოკიდებულებების გარეშე აგვარებენ პრობლემებს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გაუგებარია თვითმმართველობის როლი, ანუ მოქალაქეების აქტიური ჩართულობის, ღიაობის გარეშე როგორ გვარდება პრობლემები?

ან რა პრობლემები მოგვარდა? – საკრებულოს წევრების ფეისბუქპოსტების მიხედვით, გვარდება ქალაქის, ან ბულვარის დასუფთავება შტორმის, თუ თოვის შემდეგ.

 

ზურაბ ნაკაიძის ფეისბუქპოსტი მერიის აქტიურობის შესახებ
დეპუტატებმა უპირობოდ გააზიარეს არჩეული მერის – არჩილ ჩიქოვანის სატელევიზიო ინტერვიუ ავარიული სახლების პროგრამაზე. საკრებულოს წევრებმა ალბათ ესეც მოქალაქეების ინფორმირებისთვის გააკეთეს. თუმცა არ ჩანს საკრებულოს წევრების ხედვა ამ პრობლემის მოგვარებაზე: ცნობილია, რომ, მაგალითად, 2025 წლამდე ავარიული სახლებისთვის ჯამში ბიუჯეტიდან 80 მილიონი ლარი დაიხარჯება, ეს თანხა აღრიცხული ავარიული სახლების მეოთხედის პრობლემასაც კი ვერ მოაგვარებს. ამ მოცემულობაში ბათუმის მერიას არ აქვს გეგმა, თუ როგორ უნდა  მოგვარდეს პრობლემა, როგორ ჩაერთვებიან ავარიული სახლების პრობლემის მოგვარების პროცესში, მაგალითად, ბიზნესმენები? რა უნდა იყოს მესაკუთრეების და ამხანაგობების პასუხისმგებლობა?
მაგალითად, ეს ნატალია ზოიძის ფეიქბუქპოსტია ავარიული სახლების პრობლემაზე, საიდანაც წერს, რომ პრობლემა „თანდათან, თანმიმდევრული პოლიტიკით“ მოგვარდება. თუმცა, არჩილ ჩიქოვანი ვერც ამ ინტერვიუში ამბობს და არც ნატალია ზოიძე განმარტავს, რა აგვარებს პრობლემას, როცა საკმარისი ფინანსური რესურსი არ არსებობს და არც მის მოგვარების გეგმა მოუფიქრებია ჯერ ვინმეს.
„ქალაქის მერი დეტალურად საუბრობს როგორ მოხდება თანდათან, თანამიმდევრული პოლიტიკით აღნიშნული გამოწვევის მოგვარება. 👌 სწორედ ასეთი და სხვა მსგავსი მწვავე საჭიროებების ამსახველ ბიუჯეტს (რომელიც 195 გვერდიანია 😘) დავუჭირეთ მხარი, რითაც არ მივეცით დესტრუქციულ ოპოზიციას საშუალება შეეჩერებინათ ქალაქის განვითარება! 👌 “ – ვკითხულობთ ნატალია ზოიძის ფეისბუქპოსტში, სადაც ის აღწერს არჩილ ჩიქოვანის სატელევიზიო ინტერვიუს ავარიულ სახლებთან დაკავშირებით. 
ნატალია ზოიძის ფეისბუქპოსტი

„…აი, ამიტომ დავუჭირეთ მხარი ბიუჯეტს,“ – დაუწერია ნერიმან ცინცაძეს. ისიც არჩილ ჩიქოვანის სატელევიზიო ინტერვიუს აზიარებს ავარიულ სახლებზე. ნერიმან ცინცაძე წინა მოწვევის საკრებულოს წევრიც იყო „ქართული ოცნებიდან“. ამ მოკლე პოსტით კი, ის კიდევ ერთხელ ცდილობს გამართლებას – რატომ შეიძლება იყოს სწორი, როცა ახალი საკრებულო ქალაქმა აირჩია, ახალ ბიუჯეტს კი 2017 წელს არჩეული ამტკიცებს.

2022 წლის ბათუმის ბიუჯეტი წინა მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა.

ბათუმის საკრებულოში, რომელიც ვერ მუშაობს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, თენგიზ აფხაზავას შრომის ანაზღაურება თვეში 2900 ლარია. ხელფასს იღებს თავმჯდომარის ხუთივე მოადგილეც. მათი ჯამაგირი თვეში 2-2 ათასი ლარია. საკრებულოს რიგითი წევრები კი, ამ ეტაპზე უფლებამოსილების ხარჯს – 600 ლარსაც ვერ იღებენ.

ბოლო დღეებში გახარიას პარტიაში „საქართველოსთვის“ განვითარებულ მოვლენებსაც ეხმაურებიან საკრებულოს წევრები. მაგალითად, რიჩარდ სირაბიძე ფოტომანიპულაციას აქვეყნებს აღწერით: „ამაღამ უნდა შემოვიდე შენში, ესეც ამათი ოფიციალური ალიანსი“.

რიჩარდ სირაბიძის ფეისბუქპოსტი

ანალოგიური ფოტომანიპულაცია იმავე დღეს გაზიარებული აქვს ასევე უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელს, გიორგი მანველიძეს.

რიჩარდ სიბარიძე რომ ბათუმის ნაცვლად უფრო ქვეყნის პოლიტიკური ამბებით არის დაინტერესებული, ჩანს ამ ფეისბუქპოსტიდანაც:

რიჩარდ სირაბიძის მიერ გაზიარებული ფეისბუქპოსტი აღწერით „მამუკა მევახშია“

თვითმმართველობის პოლიტიკა ჩანს კიდევ ერთ აქტუალურ საკითხშიც – „ქართული ოცნების“ ლიდერშიპის და ხელისუფლების ოფიციალური პოზიციის მსგავსად, ბათუმელი დეპუტატებიც დუმილს ამჯობინებენ უკრაინაზე, რომელიც ანალიტიკოსების აზრით, პირდაპირ უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობას.

გამონაკლისი რიჩარდ სირაბიძეა, რომელსაც უკრაინის შესახებ სახელისუფლებო პარტიის ლიდერების მსგავსად არაფერი დაუწერია, თუმცა ეს ფოტო გამოაქვეყნა:

 

რიჩარდ სირაბიძის ფეისბუქპოსტი

2021 წლის არჩევნების შემდეგ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა, თუმცა საკრებულოს წევრი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“ დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა. მან თქვა, რომ ოპოზიციას მხარს არ დაუჭერს.

ენმ-ს მიერ 24 ნოემბერს გავრცელებული აუდიო ფაილის მიხედვით კი, „ქართული ოცნებიდან“ ნეიტრალობას სთხოვდნენ ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათასი ამერიკული დოლარის სანაცვლოდ. ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ამ საქმეზე სამართალდამცველებს ჯერ არაფერი გამოუძიებიათ. ამ ეტაპზე ბათუმის საკრებულოში ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის ხმები ასე ნაწილდება: 17 : 17.

 

 34 წლის ადრიანა – უკრაინის არმიაში 21 ათასი რეზერვისტი ქალი ვართ 

ადრიანა სუსაკი 34 წლის უკრაინელი რეზერვისტი ქალია. თუ რუსეთი უკრაინასთან ომს დაიწყებს, ადრიანა რეზერვისტთა პირველ ნაკადთან ერთად იბრძოლებს.

უკრაინაში ადრიანას მსგავსად ახლა 21 ათასი რეზერვისტი ქალია მობილიზებული. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კი 57 ათასი სამხედრო ქალია.

ადრიანას ბათუმიდან კიევში დღეს ვესაუბრეთ.

ადრიანა სუსაკი:

კიევში ვცხოვრობ მეუღესთან და 6 წლის შვილთან ერთად. ომის ბავშვია. 2014-15 წლის ყირიმის ომში მასზე 5 თვის ორსულად ვიყავი ფრონტზე, ქმართან ერთად. ჩემი მეუღლეც ჯარისკაცია, სპეცდანიშნულების რაზმში ირიცხება. თუ ომი დაიწყება ჩვენს შვილს ჩემს მშბლებთან, უკრაინის დასავლეთით გავგზავნით.

50/50-ზეა იმის შანსი, რომ რუსეთმა დაგვარტყას. თუ თავიდან კონფლიქტი იყო დონბასში და ოკუპირებულ ყირიმში, ახალ უკვე არავინ ვიცით, რა იქნება კიევში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში.

ცხადია, არმიას აქვს მოქმედების გეგმა, რეზერვისტებსაც, სამხედროებსაც. გვჯერა ჩვენი არმიის. გამოვიწვრთენით ამ წლების განმავლობაში.

ჩვენი არმია მთელ უკრაინაში ახლა ნებისმიერი სცენარისთვის ემზადება.

ვეტერანები და რეზერვისტებიც ერთიანდებიან ქვეყნის დასაცავად. სტატისტიკის მიხედვით, უკრაინის მოსახლეობის 33%, ვგულისხმობ ჩვეულებრივ, სამოქალაქო პირებს, მზადაა გაიაროს წვრთნა და იბრძოლოს თუ ომი დაიწყება.

ახლა უკრაინაში ქალაქების ტერიტორიული თავდაცვა ფორმირდება. რუსეთს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ ველით ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან სამხედრო და საინფორმაციო მხარდაჭერას.

რუსეთი საინფორმაციო თავდასხმებით ქმნის ხშირად მოსახლეობის განწყობებს. საინფორმაციო საშუალებებს ის იყენებს დესტაბილიზაციისთვის.

ადრიანა სუსაკი, 34 წლის უკრაინელი რეზერვისტი ქალი

მიმართავენ სხვა მეთოდებსაც, მხოლოდ კიევში დღეში 50 ზარი მაინცაა რუსეთიდან, რომ თითქოს დანაღმულია სკოლები და სახელმწიფო ობიექტები, ასე აკეთებენ სხვა ქალაქებშიც. ცხადია, მერე ამას სჭირდება გადამოწმება და იხარჯება ძალები ამაოდ, ხალხს პანიკა ეწყება.

წარმოიდგინეთ რა ემართებათ დედებს, როცა მათ სკოლებიდან ურეკავენ და ეუბნებიან, რომ უნდა წაიყვანონ შვილები სკოლიდან, რადგან შეიძლება სკოლა დანაღმული იყოს.

სოცქსელებითაც ავრცელებს რუსეთი ცრუ ინფორმაციას საკუთარი შეიარაღებისა და ტექნიკის შესახებ, როდის დაესხმება თავს უკრაინას თუ არ დაესხმება და ა.შ. მათ გვერდებზე ჩნდება ინფორმაცია, რომ ამერიკა, დასავლეთი ჩვენ გვიყენებს და ა.შ.

ჩვენ არ ვიცით, დაარტყამს თუ არა რუსეთი უკრაინას. ჩვენ არ ვიცით, რა ტრიალებს ახლა მსოფლიოს ყველაზე დიდი აგრესორის თავში.

ვეტერან მეომრებს უკრაინაში 2014-15 წლებში ბრძოლის გამოცდილება აქვთ. მოქალაქეები, რომლებიც ტერიტორიული თავდაცვის არმიაში ეწერებიან გადიან წვრთნებს პოლიგონებზე, ურიგდებათ ფორმა, აღჭურვილობა.

ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება ვართ, მოსახლეობას იარაღს ვერ დავურიგებთ, მაგრამ ვასწავლით სასწრაფო სამედიცინო დახმარების წესებს, ფსიქოლოგები მუშაობენ ხალხთან, როგორ უნდა იმოქმედონ სტრესის დროს და ასევე ვამარაგებთ თავშესაფრებსა და სარდაფებს, რომ იქ ყველა საჭირო პროდუქტი და ნივთი იყოს.

მართალია 8 წლის წინ გვქონდა ომის გამოცდილება, მაგრამ ხალხმა არ იცის, მაგალითად, ხშირ შემთხვევაში დაბომბვების შემთხვევაში სად უნდა გაიქცნენ, როგორ მოიქცნენ, როგორია მოქმედების გეგმა. თავშესაფრებში უნდა იყოს ყველაფერი აუცილებელი, მათ შორის შუქიც, თუ დაგვბომბავენ.

მოსახლეობის მხოლოდ 10, 15% ამბობს, რომ ომის დაწყების შემთხვევაში დატოვებს თავის ქალაქს და შედარებით უსაფრთხო ადგილს შეაფარებს თავს.

ადრიანა სუსაკი სხვა რეზერვისტებთან ერთად

თუ ომი დაიწყება, უმრავლესობის დამოკიდებულებაა, რომ ბავშვებს და მოხუცებს გადაიყვანენ უსაფრთხო ადგილას და დაიცავენ ქალაქებს.

დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ისინი 8 წლის განმავლობაში ეთამაშებოდნენ რუსეთს და რასაც ისინი უბრალოდ ,,კონფლიქტს“ ეძახდნენ, ჩვენთვის ეს ომია.

თუ ომი დაიწყო, ეს იქნება ომი დემოკრატიული მომავლისთვის და ომი არამხოლოდ ჩვენი მომავლისთვის. პუტინი არ გაჩერდება. ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა დასავლეთისგან, როგორც იარაღით, ასევე სანქციებით.

ნატო თვლის, რომ უკრაინა ჯერ მზად არ არის გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, მაგრამ აშკარაა, რომ ნატო არაა მზად მიიღოს უკრაინა, რადგან ის არაა მზად დაიწყოს სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან.

ჩვენს გვერდით არიან ქართველი სამხედროები, ქალებიც და კაცებიც, მადლობა მათ ამ მხარდაჭერისთვის.

ქართველი მოხალისეებიც იბრძოდნენ ჩვენს გვერდით 2014-15 წლებში ყირიმის ანექსიის დროს.

ომი არც კაცების საქმეა და არც ქალების, ეს არაადამიანური საქმეა. სხვა უკრაინელების მსგავსად მე ერთი ქვეყანა მაქვს, რომელიც მიყვარს, სხვა ქვეყანა არ მაქვს.


მთავარ ფოტოზე: უკრაინელი რეზერვისტი ადრიანა სუსაკი

თურქეთში კვლავ დიდთოვლობას ელიან

მეტეოროლოგები თურქეთში კვლავ თოვლიან ამინდს ელოდებიან დღეიდან, 26 იანვრიდან, ქვეყნის 33 პროვინციაში.

დიდთოვლობის გამო თურქეთის ცალკეულ პროვინციებში შეფერხებულია გადაადგილება რამდენიმე საავტომობილო გზაზე, მათ შორის, დაიკეტა სამხრეთის მაგისტრალი.

სპეციალისტები ახლა თოვლიან ამინდს ელიან შავიზღვისპირეთსა და ანტალიის რეგიონში, სადაც 30 წლის განმავლობაში წელს პირველად მოთოვა.

მთავრობა მძღოლებს მოუწოდებს თვალი ადევნონ განახლებად ინფორმაციას გზების მდგომარეობის შესახებ და თავი შეიკავონ მგზავრობისგან, თუ ეს აუცილებელი არ არის.

გასულ კვირას დიდთოვლობამ თურქეთის ბევრი რეგიონი დააზარალა, განსაკუთრებით კი სტამბოლი, სადაც თოვლის გამო გაუქმდა ავიარეისები, მაგისტრალები ჩაიკეტა და მძღოლები იძულებულნი გახდნენ, ავტომანქანები ნამქერში მიეტოვებინათ.

___________

ფოტო: Anadolu Agency

თუ რუსეთი უკრაინას დაიპყრობს, საქართველო ვერ გადარჩება – ქართველო მებრძოლი უკრაინაში

„ვალდებულად ვთვლი თავს, რომ უკრაინას დავუდგე გვერდით, სხვა რა გითხრათ,“ – ამბობს ზაქარია შუბითიძე, რომელიც უკრაინაში ორი დღის წინ ჩავიდა და „ქართულ ლეგიონს“ შეუერთდა. „ქართულ ლეგიონში“ ამ დროისთვის დაახლოებით 130 მებრძოლია. მათი თქმით, მდგომარეობა ისევ უკიდურესად დაძაბულია.

„ქართული ლეგიონი“ ამ ეტაპზე სამოქალაქო პირების ორგანიზებულ ჯგუფებს ეხმარება წვრთნებში, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, საველე მედიცინასა და ასე შემდეგ.

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა, თუმცა მოსკოვი უკრაინაზე თავდასხმის გეგმას უარყოფს. შესაძლო თავდასხმაზე აქტიურად საუბრობენ უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები. რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.

ზაქარია შუბითიძეს 4-წლიანი სამხედრო გამოცდილება აქვს. იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომში და ჰელმანდის პროვინციაში. ამ გამოცდილებაზე საუბარი უჭირს, თუმცა რამდენჯერმე ახსენებს ერთ ფრაზას:  „სადაც რუსეთი ტყვიას გაისვრის, იქ დავდგები ყველგან… “, – ამბობს ის.  ზაქარია მიიჩნევს, რომ ეს ბრძოლა პირდაპირ უკავშირდება საქართველოს, რადგან რეგიონში საქართველო ვერ გადარჩება, თუ რუსეთი უკრაინის სრულ ოკუპაციას შეძლებს.

„ცხინვალის ომი ვიდრე დაიწყებოდა, 5 თვის მისული ვიყავი ჯარში, სავალდებულო სამსახური იყო ჩემთვის, ომში ჩემს თვალწინ რამდენი ბიჭი დაიღუპა, რამდენი ვნახე დაჩეხილი…

ბათუმელი ბიჭი – მინდია აბაშიძეც ჩემ გვერდით მოკლეს ჰელმანდის პროვინციაში. მე გავიყვანე, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო. მინდია 22 წლის იყო.

რამდენიმე წელი ვიყავი საკონტრაქტოზე და მერე დავბრუნდი საქართველოში. ბოლო წლებში მშენებლობებზე ვმუშაობდი. ახლა ჩავთვალე, რომ აქ წამოსვლა იყო საჭირო.

მე მზად ვარ ყველაფრისთვის. მზად ვარ, გვერდით დავუდგე უკრაინას,“ – გვითხრა ზაქარია შუბითიძემ.

___

ამავე თემაზე:

უკრაინაში მებრძოლი: საქართველოს ოკუპაციას რამდენიმე საათი დასჭირდება, თუ აქ დავმარცხდით

ამავე თემაზე:

„მე მახსოვს აგვისტოს ომის დროს უკრაინა როგორ უჭერდა მხარს საქართველოს“ – უკრაინელი ქალი

რუსეთში თევზის ფერმიდან 300 ტონამდე ამერიკული კალმახი გაიპარა

რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ სოჭთან ახლოს, 300 ტონამდე ამერიკული კალმახი გაიპარა. მედიის ცნობით, ადგილობრივი მეთევზეები სამი დღეა კალმახს იჭერენ.

თევზის ფერმა ზღვაში შტორმმა დააზიანა, რის შემდეგაც გაპარული კალმახი სოჭის პორტთან მოგროვდა. ადგილობრივი მეთევზეები მედიასთან ამბობენ, რომ ამ რაოდენობის თევზი ფერმიდან სოჭში ბოლო 15 წელია აღარ გაპარულა.

ამერიკული კალმახი დელიკატესად მიიჩნევა, ამ ჯიშის 1 კილოგრამი თევზი რუსეთში 1,9 ათასი რუბლი ღირს. ზუსტად უცნობია რა ზომის იყო ფერმა, საიდანაც კალმახი გაიპარა და არც ზარალის ზუსტი ოდენობაა დათვლილი.

უცნობია, ზუსტად რომელ დღეს დაზიანდა ფერმა. მეთევზეები ადასტურებენ მხოლოდ იმას, რომ ბოლო სამი დღეა, ყოველდღიურად, 2-დან 17 კილოგრამამდე ამერიკულ კალმახს იჭერენ.

რუსული მედიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რომელი ფერმა დაზიანდა სოჭში. მათივე ცნობით, აკვაკულტურით დაკავებული ასეთი კერძო ფერმა სოჭში არაერთია.


მთავარი ფოტო: აგროკავკასია/ამერიკული კალმახი

გერმანიაში კოვიდის 164 ათასი ახალი შემთხვევაა

გერმანიაში კოვიდით ინფიცირებულთა რაოდენობამ დღე-ღამის განმავლობაში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ახალ მაქსიმუმს მიაღწია. რობერტ კოხის ინსტიტუტის ცნობით, 26 იანვარს ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების 164 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასულ 24 საათში გერმანიაში 166 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ქვეყანაში გადატვირთულია კლინიკების ინტენსიური თერაპიის განყოფილებები.

ორი დღის წინ, 24 იანვარს, გერმანიის კანცლერმა, შოლცმა განაცხადა, რომ შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ჯერჯერობით ახალი შეზღუდვების დაწესებას მთავრობა არ გეგმავს.

დიდთოვლობა ხულოს სოფელ ბაკოში | ფოტორეპორტაჟი

მაღალმთიან აჭარაში თოვლის სიმაღლემ ორ მეტრს გადააჭარბა. ხულოს პატარა სოფელ ბაკოში ადგილობრივები სახლის სახურავებს თოვლისგან წმენდენ.

სოფელი ბაკო, ნუგზარ დუმბაძე
სოფელი ბაკო, ნუგზარ დუმბაძე
სოფელი ბაკო, ნუგზარ დუმბაძე
სოფელი ბაკო, ნუგზარ დუმბაძე
სოფელი ბაკო, ნუგზარ დუმბაძე

„ოცნების პოლიცია ხალხზე ძალადობს“ – საპროტესტო აქცია ბათუმში

„როცა ხელისუფლება ეუბნება პოლიციას, რომ დაიცვას, მაგალითად, სულიკო თებიძის ვადაგასული საკრებულო, რომელმაც ბათუმელების ნების საწინააღმდეგოდ მიიღო ბათუმის ბიუჯეტი, ის ყველაფერზე წამსვლელია… პოლიციას ეუბნება ხელისუფლება, რომ მთავარია, მისი ძალაუფლება დაიცვას და ყველაფრის უფლება აქვს,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში.

დღეს, 26 იანვარს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს ხელისუფლებისგან ადეკვატური რეაგირება შემთხვევებზე, როცა დანაშაულს პოლიციელები სჩადიან – თბილისის მეტროში პოლიციელების მხრიდან შშმ მოზარდზე ჩადენილი სავარაუდო ძალადობის შემთხვევაზე გუშინ, 25 იანვარს, 2 პოლიციელი დააკავეს.

თბილისის მეტროს შემთხვევაზე დაკავებულ ერთ პოლიციელს გამოძიება დამამცირებელ და არაადამიანური მოპყრობას ედავება, მეორეს – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. საუბარია გავრცელებულ კადრებზე, რომელშიც ჩანს, როგორ სცემს პოლიციელი არასრულწლოვანს. ჩანაწერის მიხედვით, ახალგაზრდის თანმხლები პირი პოლიციელს ეუბნება, რომ „ის ყრუ-მუნჯია და ხელი გაუშვას”, რაზეც სამართალდამცველი პასუხობს: „რომ ავალაპარაკო ახლა?”.

„ხელისუფლებას ახლა აწყობს ის, რომ ყურადღება გადაიტანოს ორი პოლიციელის დასჯაზე, თითქოს ეს მხოლოდ ცალკეული პოლიციელის პრობლემაა. სინამდვილეში საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან, ძირეულად არაფერი იცვლება, სისტემა ისევ ძალადობს ადამიანებზე,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.

აქციის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, რომ ამ დრომდე ხელისუფლებას არ დაუსჯია ის სამართალდამცველები, რომლებიც ძალადობის არაერთ საქმეში ფიგურირებდნენ.

„ამ შედეგებამდე მივდივართ იმიტომ, რომ ხელისუფლება ეუბნება პოლიციას – „შენ ხარ ჩემი დასაყრდენი“. დასაყრდენია პოლიცია, მაგალითად, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეში. ეს საქმე რომ პოლიციამ გამოიძიოს, ისევ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები უნდა დაისაჯონ.

საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლის წინ, 26 იანვარი

___

პოლიციელის მიერ სმენისარმქონე მოზარდის ცემის ფაქტზე უკვე ორი დღეა იმართება აქციები თბილისსა და ბათუმში.

 

ბათუმის ცენტრალურ პარკში ქვის სკამები დაამტვრიეს – რას ამბობენ მერიაში

ბათუმის ცენტრალურ პარკში რამდენიმე თვის წინ ახალი ქვის სკამები დაამონტაჟეს. ამ სკამებიდან ერთ-ერთი სკამი უკვე დააზიანეს. ქვის სკამის ერთი მხარე მთლიანად ჩამომტვრეულია. ამ ერთ სკამში ბათუმის მერიას 4500 ლარი აქვს გადახდილი. სულ შეიძინეს 50 ცალი.

„ბათუმელები“ ბათუმის მერიას დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ დაიწყო მოკვლევა ფაქტზე.

თავდაპირველად მერიაში გვითხრეს, რომ ინფორმაციას დააზუსტებდნენ, მოგვიანებით კი ასეთი განცხადება გაავრცელეს:

„ბათუმში ბოლო პერიოდის განმავლობაში გახშირდა პარკებსა თუ სკვერებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტები. დღეს, ცენტრალურ პარკში მიზანმიმართულად დაამტვრიეს ახლად განთავსებული სკამები. ასევე ხშირია სანაგვე ურნების დაწვისა და საბავშვო ატრაქციონების დაზიანების შემთხვევები“.

მერია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ ქალაქის ინფრასტრუქტურას.

__

ცენტრალური პარკის განახლებულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით საზოგადოებას არაერთგვაროვანი პოზიცია აქვს. ყველაზე მეტი კრიტიკა ქვის სკამებმა გამოიწვია, რადგან საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ დასასვენებელ პარკში ქვის სკამები არაკომფორტულია.

ახალი ქვის სკამების შესაძენად ბათუმის ბიუჯეტიდან 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ქვის სკამების გარდა პარკში დამონტაჟებულია ქვის მაგიდებიც. ადრე აქ ხის ინვენტარი იყო განთავსებული, ახლა კი ხე ქვით ჩაანაცვლეს.

___

ვირუსის შემთხვევების მატების გამო ბათუმში 2 კოვიდსასტუმრო დაამატეს

კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი მატების გამო ბათუმში კიდევ ორი კოვიდსასტუმრო დაამატეს. ამ ორ სასტუმროსთან ხელშეკრულებები ჯამში 250 ათას ლარზეა გაფორმებული.

26 იანვრის მდგომარეობით, ბათუმში საკარანტინე ზონა/კოვიდსასტუმრო უკვე 10 სასტუმროშია მოწყობილი.

„აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ კვლავ შესყიდული იქნა 2 ახალი სასტუმროს მომსახურება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, რათა დროულად და შეუფერხებლად მომხდარიყო პაციენტების მოთავსება/დაბინავება“, – აღნიშნულია დეპარტამენტის განაცხადში.

დეპარტამენტის მტკიცებით, „აღნიშნული ვითარების დადგომა გამოწვეულია რეგიონში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით, კორონავირუსის ახალი შტამის ე.წ. ომიკრონის სწრაფი გავრცელებით… სასტუმროებში მოთავსებული არიან კარანტინის რეჟიმის საჭიროების მქონე მოქალაქეები“.

26 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარის რეგიონში დადასტურდა კორონავირუსის 1 958 ახალი შემთხვევა.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმში კოვიდსასტუმროშია 656 ადამიანი, საკარანტინე სივრცეში – 4.

რაც შეეხება კლინიკებს – დღეში 1 მილიონი იხარჯება საავადმყოფოებში კოვიდპაციენტების მკურნალობაზე.

იანვრის დასაწყისში ბათუმში დამატებით კიდევ 6 სასტუმროს მომსახურება იქნა შესყიდული. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ამ სასტუმროებთან ხელშეკრულებები ჯამში 850 ათას ლარზე აქვს გაფორმებული:

ბსუ ბათუმში 120 საწოლზე გათვლილ საუნივერსიტეტო კლინიკას ააშენებს

 

მთავარი ფოტო: კოვიდსასტუმრო / ფოტო არქივიდან

ბათუმში წვიმა, მთაში თოვა – როგორი ამინდი იქნება აჭარაში უახლოეს დღეებში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 26 იანვრის 21 საათიდან 27 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, სანაპირო რაიონებში ნალექი. მთაში თოვა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 0-2 გრადუსი, დღისით 3-8 გრადუსი სითბო;
  • შიგამთიან რაიონებში – ღამით 0-2 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო;
  • მაღალ მთაში – ღამით 7-12 გრადუსი, დღისით 3-8 გრადუსი ყინვა.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ-ში. ნალექი. ხილვადობა 4-10 კმ. ტალღის სიმაღლე 13-18 დმ (4 ბალი).

სინოპტიკოსების პროგნოზით პარასკევს, 28 იანვარს, აჭარის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია წვიმა; მთაში თოვა.

შაბათ-კვირას, 29 და 30 იანვარს კი, რეგიონში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 

აჭარაში კორონავირუსის 1958 შემთხვევა დადასტურდა – 26 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარის რეგიონში დადასტურდა კორონავირუსის 1958 ახალი შემთხვევა.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, აჭარაში კოვიდკლინიკებში მკურნალობას 650 პაციენტი, მათ შორის, მძიმეა 132 პაციენტის მდგომარეობა და მართვით სუნთქვაზეა – 51.

კოვიდსასტუმროშია 656 ადამიანი, საკარანტინე სივრცეშია 4 პაციენტი.

დღეს, 26 იანვარს, ქვეყნის მასშტაბით დადასტურდა კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 39 პაციენტი.

„მე მახსოვს აგვისტოს ომის დროს უკრაინა როგორ უჭერდა მხარს საქართველოს“ – უკრაინელი ქალი

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა. ყოველდღიურად იზრდება რუსული საჯარისო ნაწილებისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზება რუსეთ-უკრაინის საზღვართან. დასავლეთის სახელმწიფოები აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასაწყებად ემზადება. პარტნიორი ქვეყნების ნაწილმა უკვე დაიწყო უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღისა და ფულის მიწოდება.

ომის საფრთხის რეალური მოლოდინი აქვთ უკრაინის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებსაც.

ირინა დოცენკო ოჯახთან ერთად მეექვსე წელია ბათუმში ცხოვრობს. აქ პატარა უკრაინული რესტორანი აქვს, სადაც ხშირად იკრიბებიან უკრაინელები, ბელორუსები, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები.

  • ირინა დოცენკო, უკრაინის მოქალაქე ბათუმიდან

„ახლა უკრაინაში ძალიან რთული სიტუაციაა, ახლობლებს ვუკავშირდებით, აქაურებსაც ვეკონტაქტებით და ყველანი დიდ გაუგებრობასა და შიშში არიან.

დღეს დილით ვესაუბრე ჩემს მეგობარს უკრაინაში, ვესაუბრე დედაჩემს და მეუბნებოდნენ, რომ შოკში არიან. დაძაბული მდგომარეობაა, ხალხს ძალიან ეშინია, ვერ ხვდებიან ეს ფსიქოლოგიური ზეწოლაა რუსეთისგან, თუ რეალურადაა ომის საფრთხე. ეს გაურკვევლობა უკრაინის მოსახლეობას ანგრევს მორალურად და ფსიქოლოგიურად.

უკრაინაში მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, დედა, ძმა თავისი ოჯახით: ცოლით და შვილებით, დასავლეთ უკრაინაში ცხოვრობს, ჩვენ ხარკოვში გვაქვს სახლი. ახლა იქ ჩემი უმცროსი ვაჟი ცხოვრობს.

მეგობრები კი მთელ უკრაინაში გვყავს, არც კი შემიძლია გავიხსენო რომელიმე ქალაქი, სადაც მეგობრები არ გვყავს: პოლტავის, დონეცკის ოლქებში, ლუგანსკში, ყირიმში, ყველგან… წარმოდგენაც არ მინდა, ომი რომ დაიწყოს რა იქნება…

ომის დროს ძალიან ბევრი უკრაინელი ჩამოვიდა საქართველოში, ბათუმში.

ყველა უკრაინელს რაღაცის მოლოდინი აქვს, არავინ იცის ზუსტად რისი, მაგრამ კარგს არავინ არაფერს ელოდება.

ლოქდაუნამდე ჩვენ მუდმივად დავფრინავდით უკრაინაში, ახლა ვეღარ.

ჩემი უმცროსი ვაჟი უკრაინის დასაცავად იბრძოდა 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს. ამაზე ლაპარაკი არ მსურს, არა იმიტომ, რომ მეშინია, არა. უბრალოდ, მე ამის შემდეგ გავჭაღარავდი. სწორედ ამ ომის დროს ჩამოვედით ჩვენ საქართველოში, 2014 წელს. ჯერ ურეკში, მერე ბათუმში.

ირინა დოცენკოს უკრაინული საოჯახო კაფე ბათუმში

საქართველო და უკრაინა ერთსა და იმავე მდგომარეობაშია. მე მახსოვს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის დროს როგორი მკვეთრი პოზიცია ჰქონდა უკრაინას. უკრაინა საქართველოს მუდმივად და ღიად, ხმამაღლა უჭერს მხარს ასეთ რთულ ვითარებაში.

რა თქმა უნდა, ძალიან ძვირფასია ნებისმიერი მხარდაჭერა ამ დროს და ძვირფასი იქნება ჩვენი ერისთვის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური მხარდაჭერა.

უცნობები მოდიან და გვეკითხებიან, თუ საიდან ვართ, როცა ვპასუხობთ, რომ უკრაინიდან, საქართველოში ჩვენთვის ყველა კარი იღება. ასეთი დამოკიდებულება აქვთ ქართველებს უკრაინელების მიმართ. ეს ურთიერთპატივისცემა არ უნდა დაიკარგოს და უნდა შენარჩუნდეს მთავრობების დონეზე.

როცა ჩემი ახლობლები ჩამოდიან უკრაინიდან, მეუბნებიან: იმდენს გვესაუბრები საქართველოზე, არ შეგვეძლო არ ჩამოვსულიყავითო.

ასაკოვანი ვარ, ფიქრიც არ მინდა იმაზე, თუ რა სურს რუსეთს უკრაინისგან. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდი, ვიცი რაც სურთ, მაგრამ არ მინდა ამაზე ფიქრი.

თქვენი შვილისთვის რომ ესროლა ვინმეს, რას იზამდით, რა დამოკიდებულება გექნებოდათ მსროლელთან? მეც ასე ვარ განწყობილი რუსეთის მიმართ.

__

ამავე თემაზე:

უკრაინაში მებრძოლი: საქართველოს ოკუპაციას რამდენიმე საათი დასჭირდება, თუ აქ დავმარცხდით

კოვიდის 17 530 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 26 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა  39 პაციენტი.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 487 შემთხვევა, აჭარაში – 1 958, იმერეთში – 1 990, ქვემო ქართლში – 831, შიდა ქართლში – 877, გურიაში – 240, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 680, კახეთში -704, მცხეთა-მთიანეთში – 391, სამცხე-ჯავახეთში – 310, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -62.

სილქნეტი 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს

სილქნეტის ქსელში, 2022 წლის 28 თებერვლიდან, ცალკეულ სერვისზე იცვლება პირობები, ინტერნეტ მოცულობები და ტარიფები.

ამ პერიოდიდან მობილური ქსელის მომხმარებლებისთვის სტანდარტულ ინტერნეტ პაკეტებზე ამოქმედდება გაზრდილი მოცულობები შეცვლილი ტარიფებით. ასევე იცვლება „სილქ კოსმო”-ს ინტერნეტ პაკეტების ტარიფები და მოცულობები.

უქმდება „ნულომანი“, „გლობუსი“, „12 თეთრიანი ტარიფი“, „ტარიფი 1-10“ და „ტარიფი 1-12“ და 28 თებერვლიდან  მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ახალი, უნივერსალური სატარიფო გეგმა „სილქ სტარტი“, რომელიც  ჩაანაცვლებს მოქმედ შეთავაზებებს. თვეში 1 ლარად აბონენტები, „სილქ სტარტ“-ის ფარგლებში, ისარგებლებენ სპეციალური ტარიფებით, როგორც სასაუბრო წუთებზე, სმს-ებზე, ისე მობილურ ინტერნეტზე.

დამატებით სერვისებზე: „ნომრის დაფარვა“, „დაფარული ნომრის ამომცნობი“, „ფასდაკლება საერთაშორისო ზარებზე“ და „ჯეო მრიცხველი“-ს შეიცვლება ტარიფები. ახალი პირობით გაგრძელდება აქციები 1 და 5 დღიან ულიმიტო ინტერნეტის პაკეტებზე. 

ფიქსირებული ქსელის მომხმარებლისთვის იცვლება მომსახურების შეზღუდვის პირობა დავალიანების გამო გათიშულ სერვისზე და ასევე, 28 თებერვლიდან, შეცლილი ტარიფით ისარგებლებენ აბონენტები დამატებითი ტელევიზიის მომსახურებაზე.  

თითოეული ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ გვერდზე: www.silk.ge.

კომპანია გააგრძელებს „სილქფესტის“ ყველაზე პოპულარულ აქციებს და სხვადასხვა სეგმენტებზე მორგებულ შეთავაზებებს.  

გენერალური პროკურორის ხელფასი 7 260 ლარი გახდა, აჭარის პროკურორის – 6 160 ლარი

საქართველოს გენერალური პროკურორის ხელფასი 2022 წლის იანვრიდან 660 ლარით გაიზარდა. შესაბამისად გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 7 260 ლარი იქნება. აქამდე მისი ხელფასი 6 600 ლარი იყო.

ხელფასები გაეზარდათ გენერალური პროკურორის მოადგილეებს და სხვა თანამშრომლებსაც.

მაგალითად, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის ხელფასი იქნება 6 820 ლარი [6 200 ლარის ნაცვლად];

გენერალური  პროკურორის მოადგილის ხელფასი იქნება 6 600 ლარი [ნაცვლად 6 000 ლარისა];

დეპარტამენტის უფროსები თვეში 6 160 ლარს აიღებენ [5 600 ლარის ნაცვლად], ხოლო უფროსის მოადგილეები – 5 060 ლარს [4 600 ლარის ნაცვლად].

პროკურატურაში არ გაზრდილა სტაჟიორების ანაზღაურება, ისინი ჩვეულებრივ 960 ლარს აიღებენ, როგორც აქამდე იღებდნენ.

ხელფასები გაიზარდა აჭარის პროკურატურაშიც:

  • 6 160 ლარი იქნება იანვრიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის, ზაზა მეტონიძის ხელფასი [ამ დრომდე იყო 5 600 ლარი];
  • 5 060 ლარს აიღებს აჭარის პროკურორის მოადგილე [ნაცვლად 4 600 ლარისა];
  • სამმართველოს უფროსი – 4 335 ლარს [იყო 3 940 ლარი];
  • პროკურორი – 3 180 ლარს [ნაცვლად 2 890 ლარისა];
  • უფროსი გამომძიებელი – 3 230 ლარს [2 935 ლარის ნაცვლად].

საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ ბრძანებას საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხელი 2022 წლის 24 იანვარს მოაწერა.

გენპროკურორის ბრძანება ხელფასების გაზრდაზე იმავე დღეს ამოქმედდა და გავრცელდება 2022 წლის 1-ელი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

___

მთავარი ფოტო: გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და აჭარის პროკურორი, ზაზა მეტონიძე

ამავე თემაზე:

9 თანამდებობის პირი, რომელთა ხელფასიც თვეში მინიმუმ 12 000 ლარია

 

 

აშშ-ის რამდენიმე შტატმა Google-ს სასამართლოში უჩივლა

ორშაბათს, 24 იანვარს, აშშ-ის რამდენიმე შტატმა შეიტანა სარჩელი გუგლის წინააღმდეგ, ისინი კომპანიას ადანაშაულებენ ინტერნეტმომხმარებელთა გეოლოკაციის შესახებ ინფორმაციის უკანონო შეგროვებაში, მაშინაც კი, როცა მომხმარებლები გარკვევით მიუთითებდნენ, რომ მათ არ სურდათ ამ ინფორმაციის გახმაურება.

როგორც წესი, Android-ის ოპერაციული სისტემისა და iPhone-ის მომხმარებლებს გუგლი სთავაზობს გაააქტიურონ საკუთარი მდებარეობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის ოფცია, რასაც ან თანხმდება მომხმარებელი, ან არა.

თუმცა ქალაქ ვაშინგტონის პროკურატურაში ინდიანას, ტეხასის და ვაშინგტონის შტატების მიერ შეტანილი საჩივრის მიხედვით, გუგლი მომხმარებლის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას აგროვებს ინტერნეტაქტივობების მიხედვით და მაშინაც, როცა ჩართულია Bluetooth-ი.

სხვადასხვა საშუალებით გუგლის მიერ მომხმარებლის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების ფაქტი 2018 წელს საინფორმაციო სააგენტო Associated Press-მა გამოავლინა.

სააგენტოს ამ ინფორმაციამ მაშინ აშშ-ის რამდენიმე შტატის ყურადღება მიიპყრო და სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს მათ საკუთარი კვლევა.

ზემოთჩამოთვლილი შტატები სასამართლოში ითხოვენ გუგლმა შეწყვიტოს მომხმარებელთა ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ზემოხსენებული წესებით; ითხოვენ ასევე კომპანიის დაჯარიმებას და ზარალის ანაზღაურებას, რაც მათ მიადგათ გუგლის მიერ გეოლოკაციის შესახებ ინფორმაციის შეგროვების გამო.

გუგლი ამტკიცებს, რომ სარჩელი „არაზუსტ და მოძველებულ მტკიცებულებებზეა დაფუძნებული“.

გუგლის პრესმდივნის განცხადებით, კომპანიის პროდუქტებში ჩაშენებულია მონაცემთა დაცვის, ასევე მდებარეობის კონფიდენციალურობის დაცვის ეფექტური საშუალებები, რასაც გუგლი კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

ბოლო წლების განმავლობაში გუგლის წინააღმდეგ რამდენიმე სარჩელი შევიდა სასამართლოში.

გასული წლის ივლისში 36-მა შტატმა და ვაშინგტონის პროკურორმა სარჩელი შეიტანა გუგლის შვილობილი კომპანია Alphabet-ის წინააღმდეგ, რომელიც სარჩელის მიხედვით Google Play-ის აპლიკაციის საშუალებით არღვევდა კონკურენციის შეთანხმებულ წესებს.

გუგლის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე განხილვის ეტაპზეა აშშ-ში და ამ შემთხვევაში მას, როგორც საძიებო სისტემების დომინანტს ედავებიან. კიდევ ერთი სარჩელი კომპანიის წინააღმდეგ ეხება მის მიერ გამოყენებულ სარეკლამო ტექნოლოგიებს.


წყარო: Le Monde

ქუჩები ბათუმში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 26 იანვარს, ქსელის გეგმიური სამუშაოების გამო ელექტროენერგია გაეთიშება ბათუმსა და ხელვაჩაურში მცხოვრები აბონენტების ნაწილს.

კერძოდ, ბათუმში 12:00-დან 16:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით შეიზღუდება ელექტროენერგია ინასარიძის, ნინოშვილის, ხიმშიაშვილის, კობალაძის, აბუსერიძის, ლორთქიფანიძის, აბაშიძის, ზ. გორგილაძის, გორგასლისა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ზღვისპირა პარკსა და ანგისის დასახლებაში.

11:00-დან 14:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით გაითიშება შუქი აეროპორტის გზატკეცილზე, ფიროსმანისა და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩების ნაწილს, ასევე აბონენტების ნაწილს ანგისის დასახლებაში.

ხელვაჩაურში, ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 12:00 საათამდე შეეზღუდება სოფელ კახაბერში მცხოვრები აბონენტების ნაწილს.

ხელვაჩაურის მერიიდან ააიპების ხელმძღვანელები გაათავისუფლეს

ხელვაჩაურის მერიის ააიპებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. ახალი მერის გადაწყვეტილებით, სამსახურიდან გაათავისუფლეს სასაფლაოების დირექტორი მევლუდ ბოლქვაძე, საფეხბურთო კლუბ “მაჭახელას” ხელმძღვანელი ფარნაოზ თედორაძე და ხელვაჩაურის წყალკანალის დირექტორი ვლადიმერ მიქელაძე. ასევე შეიცვალა მერიის ადმინისტრაციის უფროსი და კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი.

ახალმა მერმა გათავისუფლებული თანამშრომლების ნაცვლად უკვე დანიშნა ახალი კადრები.

ააიპ “ხელვაჩაურის სასაფლაოებს” ირაკლი კარანაძე უხელმძღვანელებს, საფეხბურთო კლუბ “მაჭახელას” სიმონ ზაქარაძე, ხელვაჩაურის წყალკანალს პაატა ზაქარაძე, ბაღების გაერთიანებას ლია გოგიტიძე, ხოლო ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ქარცივაძე იქნება. კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ნატო შერვაშიძე იქნება, რომელიც მანამდე ბაღების გაერთიანებას ხელმძღვანელობდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ, გასული წლის ნოემბერში, თანამდებობა დატოვა ხელვაჩაურის მერის მოადგილემ არჩილ ბარამიძემ. ხელვაჩაურის მერმა მის ნაცვლად მოადგილედ მირიან კვირიტიძე დანიშნა, რომელიც მანამდე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობდა.

არჩილ ბარამიძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა, რადგან ოჯახი შექმნა და დასვენება სჭირდებოდა.

“ოჯახი შევქმენი, შესაბამისად დასვენება მჭირდებოდა. წამოვედი, დროებით ვარ სახლში და ოჯახის საქმეებს ვხედავ. ხელვაჩაური ძალიან რთული მუნიციპალიტეტია. დამერწმუნეთ, იქ ორი და სამი წელი მუშაობა ძალიან დამღლელია, ფიზიკურადაც და მორალურადაც. შესაბამისად, მჭირდებოდა ცოტა ხნით დასვენება და წამოვედი. 2012 წლიდან პარტიაში ვარ, შესაბამისად, ახლაც იქ ვარ და ვიქნები სანამ იარსებებს “ქართული ოცნება”, – განმარტა “ბათუმელებთან” არჩილ ბარამიძემ.

ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალმა მერმა, ზაზა დიასამიძემ მთლიანობაში 7 თანამდებობაზე დანიშნა ახალი ხელმძღვანელები.

დღეში 1 მილიონი იხარჯება საავადმყოფოებში კოვიდპაციენტების მკურნალობაზე

კოვიდპაციენტების მხოლოდ საავადმყოფოებში მკურნალობა ამ ეტაპზე სახელმწიფოს დღეში 1 მილიონზე მეტი ლარი უჯდება.

2022 წლის 1-ლი იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით პერიოდში კოვიდპაციენტების მომსახურებისთვის კოვიდკლინიკებს ბიუჯეტიდან ჯამში 14 399 600 ლარს გადაუხდიან.

სწორედ ამ თანხაზე აქვს ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები 121 სამედიცინო დაწესებულებასთან. ხელშეკრულებების მიხედვით, საავადმყოფოებს თითოეულ საწოლზე დღიურად 120 ლარს უხდიან.

„შესასყიდი მომსახურების მიმწოდებლები – სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი და საწოლ ფონდების რაოდენობა განსაზღვრულია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2022 წლის 18 იანვრის ბრძანებით“, – აღნიშნულია სააგენტოს განაცხადში, რომლითაც მან შესყიდვების სააგენტოს გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის შემდგომ შეთანხმებისთვის მიმართა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 25 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 87 609, მათგან 4 595 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

კოვიდით 42 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 15 762 ახალი შემთხვევა – ბოლო 24 საათში

 

 

 

Exit mobile version