მთავარი,სიახლეები

თუ რუსეთი უკრაინას დაიპყრობს, საქართველო ვერ გადარჩება – ქართველო მებრძოლი უკრაინაში

26.01.2022 • 2487
თუ რუსეთი უკრაინას დაიპყრობს, საქართველო ვერ გადარჩება – ქართველო მებრძოლი უკრაინაში

„ვალდებულად ვთვლი თავს, რომ უკრაინას დავუდგე გვერდით, სხვა რა გითხრათ,“ – ამბობს ზაქარია შუბითიძე, რომელიც უკრაინაში ორი დღის წინ ჩავიდა და „ქართულ ლეგიონს“ შეუერთდა. „ქართულ ლეგიონში“ ამ დროისთვის დაახლოებით 130 მებრძოლია. მათი თქმით, მდგომარეობა ისევ უკიდურესად დაძაბულია.

„ქართული ლეგიონი“ ამ ეტაპზე სამოქალაქო პირების ორგანიზებულ ჯგუფებს ეხმარება წვრთნებში, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, საველე მედიცინასა და ასე შემდეგ.

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა, თუმცა მოსკოვი უკრაინაზე თავდასხმის გეგმას უარყოფს. შესაძლო თავდასხმაზე აქტიურად საუბრობენ უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები. რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.

ზაქარია შუბითიძეს 4-წლიანი სამხედრო გამოცდილება აქვს. იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომში და ჰელმანდის პროვინციაში. ამ გამოცდილებაზე საუბარი უჭირს, თუმცა რამდენჯერმე ახსენებს ერთ ფრაზას:  „სადაც რუსეთი ტყვიას გაისვრის, იქ დავდგები ყველგან… “, – ამბობს ის.  ზაქარია მიიჩნევს, რომ ეს ბრძოლა პირდაპირ უკავშირდება საქართველოს, რადგან რეგიონში საქართველო ვერ გადარჩება, თუ რუსეთი უკრაინის სრულ ოკუპაციას შეძლებს.

„ცხინვალის ომი ვიდრე დაიწყებოდა, 5 თვის მისული ვიყავი ჯარში, სავალდებულო სამსახური იყო ჩემთვის, ომში ჩემს თვალწინ რამდენი ბიჭი დაიღუპა, რამდენი ვნახე დაჩეხილი…

ბათუმელი ბიჭი – მინდია აბაშიძეც ჩემ გვერდით მოკლეს ჰელმანდის პროვინციაში. მე გავიყვანე, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო. მინდია 22 წლის იყო.

რამდენიმე წელი ვიყავი საკონტრაქტოზე და მერე დავბრუნდი საქართველოში. ბოლო წლებში მშენებლობებზე ვმუშაობდი. ახლა ჩავთვალე, რომ აქ წამოსვლა იყო საჭირო.

მე მზად ვარ ყველაფრისთვის. მზად ვარ, გვერდით დავუდგე უკრაინას,“ – გვითხრა ზაქარია შუბითიძემ.

___

ამავე თემაზე:

უკრაინაში მებრძოლი: საქართველოს ოკუპაციას რამდენიმე საათი დასჭირდება, თუ აქ დავმარცხდით

ამავე თემაზე:

„მე მახსოვს აგვისტოს ომის დროს უკრაინა როგორ უჭერდა მხარს საქართველოს“ – უკრაინელი ქალი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: