ნეტგაზეთი • RU

საჩინოს სკოლის სახურავის აღდგენაში 80 ათასი ლარი დაიხარჯება

80 876 ლარი დაიხარჯება ქობულეთის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის სახურავის აღდგენაში. აჭარის განათლების სამინისტრო სამუშაოებს ტენდერის გარეშე შეისყიდის.

„2022 წლის 15 იანვარს ძლიერმა ქარმა დააზიანა სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის შენობის სახურავი, რაც გამოიხატება იმაში, რომ სახურავის ნაწილი მთლიანად გადახდილია ხის კონსტრუქციასთან ერთად, შენობა დაუცველია ნალექისგან, ასევე არსებობს დაზიანებული სახურავის სკოლის ტერიტორიაზე ჩამოყრის საფრთხე.“ – აღნიშნულია სამინისტროს განაცხადში.

სამინისტროს ინფორმაციით, „სკოლის შენობის ნაწილს ფაქტობრივად სახურავი აღარ გააჩნია და ნალექი ხვდება შენობის შიგნით, რაც აზიანებს შენობის ინტერიერს და ხელს უშლის სასწავლო პროცესის წარმოებას. სკოლის სარგებლობაში არსებული შენობა წარმოადგენს სახელმწიფო ქონებას, რომლის მოვლა-პატრონობაც აჭარის განათლების სამინისტროს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა“.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების არაერთი გარემოება, შესაბამისად მიზანშეწონილია სამუშაოების შესყიდვა განხორციელდს გამარტივებული შესყიდვით, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო დაზიანდება სახელმწიფო ქონება და შემდგომში მისი რეაბილიტაცია გაცილებით დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. ამასთან, ხელი ეშლება სასწავლო პროცესის საკოლო სივრცეში დროულ დაბრუნებას“ – აცხადებს სამინისტრო.

სამინისტროს გათვლებით, სამუშაოს შესრულების აღმოსაფხვრელად საჭიროა 30 დღე, ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, სახურავის გადახურვის სამუშაოების ღირებულება კი – 80876.25 ლარია.

დოკუმენტების მიხედვით, სახურავის აღდგენის სამუშაოებს შპს ,,მარდი“ ჩაატარებს, რომელთანაც სამინისტრო ხელშეკრულებას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმების შემდეგ გააფორმებს.

ქობულეთის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის შენობა / ფოტო: სამინისტრო

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com