მთავარი,სიახლეები

„მე მახსოვს აგვისტოს ომის დროს უკრაინა როგორ უჭერდა მხარს საქართველოს“ – უკრაინელი ქალი

26.01.2022 • 1973
„მე მახსოვს აგვისტოს ომის დროს უკრაინა როგორ უჭერდა მხარს საქართველოს“ – უკრაინელი ქალი

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა. ყოველდღიურად იზრდება რუსული საჯარისო ნაწილებისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზება რუსეთ-უკრაინის საზღვართან. დასავლეთის სახელმწიფოები აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასაწყებად ემზადება. პარტნიორი ქვეყნების ნაწილმა უკვე დაიწყო უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღისა და ფულის მიწოდება.

ომის საფრთხის რეალური მოლოდინი აქვთ უკრაინის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებსაც.

ირინა დოცენკო ოჯახთან ერთად მეექვსე წელია ბათუმში ცხოვრობს. აქ პატარა უკრაინული რესტორანი აქვს, სადაც ხშირად იკრიბებიან უკრაინელები, ბელორუსები, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები.

  • ირინა დოცენკო, უკრაინის მოქალაქე ბათუმიდან

„ახლა უკრაინაში ძალიან რთული სიტუაციაა, ახლობლებს ვუკავშირდებით, აქაურებსაც ვეკონტაქტებით და ყველანი დიდ გაუგებრობასა და შიშში არიან.

დღეს დილით ვესაუბრე ჩემს მეგობარს უკრაინაში, ვესაუბრე დედაჩემს და მეუბნებოდნენ, რომ შოკში არიან. დაძაბული მდგომარეობაა, ხალხს ძალიან ეშინია, ვერ ხვდებიან ეს ფსიქოლოგიური ზეწოლაა რუსეთისგან, თუ რეალურადაა ომის საფრთხე. ეს გაურკვევლობა უკრაინის მოსახლეობას ანგრევს მორალურად და ფსიქოლოგიურად.

უკრაინაში მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, დედა, ძმა თავისი ოჯახით: ცოლით და შვილებით, დასავლეთ უკრაინაში ცხოვრობს, ჩვენ ხარკოვში გვაქვს სახლი. ახლა იქ ჩემი უმცროსი ვაჟი ცხოვრობს.

მეგობრები კი მთელ უკრაინაში გვყავს, არც კი შემიძლია გავიხსენო რომელიმე ქალაქი, სადაც მეგობრები არ გვყავს: პოლტავის, დონეცკის ოლქებში, ლუგანსკში, ყირიმში, ყველგან… წარმოდგენაც არ მინდა, ომი რომ დაიწყოს რა იქნება…

ომის დროს ძალიან ბევრი უკრაინელი ჩამოვიდა საქართველოში, ბათუმში.

ყველა უკრაინელს რაღაცის მოლოდინი აქვს, არავინ იცის ზუსტად რისი, მაგრამ კარგს არავინ არაფერს ელოდება.

ლოქდაუნამდე ჩვენ მუდმივად დავფრინავდით უკრაინაში, ახლა ვეღარ.

ჩემი უმცროსი ვაჟი უკრაინის დასაცავად იბრძოდა 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს. ამაზე ლაპარაკი არ მსურს, არა იმიტომ, რომ მეშინია, არა. უბრალოდ, მე ამის შემდეგ გავჭაღარავდი. სწორედ ამ ომის დროს ჩამოვედით ჩვენ საქართველოში, 2014 წელს. ჯერ ურეკში, მერე ბათუმში.

ირინა დოცენკოს უკრაინული საოჯახო კაფე ბათუმში

საქართველო და უკრაინა ერთსა და იმავე მდგომარეობაშია. მე მახსოვს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის დროს როგორი მკვეთრი პოზიცია ჰქონდა უკრაინას. უკრაინა საქართველოს მუდმივად და ღიად, ხმამაღლა უჭერს მხარს ასეთ რთულ ვითარებაში.

რა თქმა უნდა, ძალიან ძვირფასია ნებისმიერი მხარდაჭერა ამ დროს და ძვირფასი იქნება ჩვენი ერისთვის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური მხარდაჭერა.

უცნობები მოდიან და გვეკითხებიან, თუ საიდან ვართ, როცა ვპასუხობთ, რომ უკრაინიდან, საქართველოში ჩვენთვის ყველა კარი იღება. ასეთი დამოკიდებულება აქვთ ქართველებს უკრაინელების მიმართ. ეს ურთიერთპატივისცემა არ უნდა დაიკარგოს და უნდა შენარჩუნდეს მთავრობების დონეზე.

როცა ჩემი ახლობლები ჩამოდიან უკრაინიდან, მეუბნებიან: იმდენს გვესაუბრები საქართველოზე, არ შეგვეძლო არ ჩამოვსულიყავითო.

ასაკოვანი ვარ, ფიქრიც არ მინდა იმაზე, თუ რა სურს რუსეთს უკრაინისგან. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდი, ვიცი რაც სურთ, მაგრამ არ მინდა ამაზე ფიქრი.

თქვენი შვილისთვის რომ ესროლა ვინმეს, რას იზამდით, რა დამოკიდებულება გექნებოდათ მსროლელთან? მეც ასე ვარ განწყობილი რუსეთის მიმართ.

__

ამავე თემაზე:

უკრაინაში მებრძოლი: საქართველოს ოკუპაციას რამდენიმე საათი დასჭირდება, თუ აქ დავმარცხდით

გადაბეჭდვის წესი


ასევე: