მთავარი,სიახლეები

9 თანამდებობის პირი, რომელთა ხელფასიც თვეში მინიმუმ 12 000 ლარია

19.01.2022 • 21048
9 თანამდებობის პირი, რომელთა ხელფასიც თვეში მინიმუმ 12 000 ლარია

დავით საგანელიძე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირია საქართველოში. ის სააქციო საზოგადოება [სს] საპარტნიორო ფონდს ხელმძღვანელობს. ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, დავით საგანელიძე გამორჩეული მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირია იმ მხრივაც, რომ მისი მაღალი ხელფასი ბოლო წლებში კლებადიც არის.

კლება კი დაიწყო მას შემდეგ, რაც საგანელიძის ხელფასზე თითქმის ყველა მედიამ დაწერა. მოგვიანებით მან ამაზე კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ ყოველთვიური ხელფასის სახით 16 000 ლარზე მეტს არ იღებს.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის მიერ შევსებული ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2020 წლის მონაცემებს ასახავს, საგანელიძის  ყოველთვიური ანაზღაურება 17 678 ლარია. 2020 წელს შევსებული დეკლარაციით კი, 2019 წელს მისი ყოველთვიური შემოსავალი 19 000 ლარი იყო. უფრო ადრე, 2018 წელს კი, ანაზღაურების სახით საგანელიძე თვეში 20 000 ლარს იღებდა.

2021 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, საგანელიძეს 2020 წელს, 12 თვეში, ხელფასის სახით 212 143 ლარი მიუღია. 2020 წელს შევსებული დეკლარაციით, მისი წლიური სახელფასო შემოსავალი 237 231 ლარი იყო. 2019 წლის დეკლარაციით, საგანელიძემ 2018 წელს 294 000 ლარი გამოიმუშავა. 2018 წლის დეკლარაციით, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს 2017 წელს 336 000 ლარი მიუღია.

ზემოთ მოცემული მონაცემების მიხედვით, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს 2017 -2020 წლებში, ხელფასი სახით, მილიონზე მეტი ლარი აქვს მიღებული.

დავით საგანელიძე

დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდს 2015 წლიდან ხელმძღვანელობს.  მისივე ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, საგანელიძეს მნიშვნელოვანი უძრავი ქონებაც დაუგროვებია, მათ შორისაა 65 კვ.მ ბინა თურქეთის საკურორტო ქალაქ კარჩიჯაკში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ამ ბინაში მას 82 00 ევრო გადაუხდია.

ისევე, როგორც შემოსავლები, მაღალია მისი ხარჯებიც, დავით საგანელიძემ 2020 წელს 50 000 ლარი მხოლოდ სარემონტო სამუშაოებში დახარჯა, 60 000 ლარი კი მის მეუღლეს, რომელსაც საგანელიძის დეკლარაციების მიხედვით საკუთარი შემოსავალი არ აქვს, საქველმოქმედო მიზნებისთვის დაუხარჯავს.

მაღალხელფასიანებს შორისაა საქართველოს რკინიგზის დირექტორიც – დავით ფერაძის სახელფასო შემოსავალი ერთ წელში 219 141 ლარია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს რკინიგზის დირექტორი ხელფასის სახით ყოველთვიურად 18 000 ლარზე მეტს იღებს.

მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2020 წლის მონაცემებს ასახავს, დავით ფერაძე სამი სახის ხელფასს იღებს – ერიცხება როგორც რკინიგზის დირექტორის ხელფასი, ასევე ანაზღაურება ორი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის. ამ კომპანიების წილებს, ასივე პროცენტით,  საქართველოს რკინიგზა ფლობს.

დავით ფერაძე საქართველოს რკინიგზის დირექტორის თანამდებობაზე  2017 წლიდან მუშაობს. მანამდე ის  საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობდა, შპს „მტკვარი ჰესის“ დირექტორის პოზიციაზე. უფრო ადრე – 2007-2011 წლებში კი, ის „ქართუ ჯგუფის“ თანამშრომელი იყო.

დავით ფერაძეს ბოლო წლებში შეუძენია ხეხილის სანერგე მეურნეობა, ფლობს რამდენიმე მიწის ნაკვეთს და სხვა უძრავ ქონებას, რომელიც უფრო ადრე 2008-2017 წლებში აქვს შეძენილი. მისი მეუღლე შპს „ზიპლაინ კაუკასუსის“ 40 პროცენტის მფლობელია. თუმცა ბოლო დეკლარაციების მიხედვით, მას კომპანიიდან შემოსავლები არ აქვს. აქვს იპოთეკური სესხიც და მის დასაფარად ყოველწლიურად 30 000-ზე მეტ აშშ დოლარს იხდის.

12 910 ლარია სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას თვიური ხელფასი. გარდა ამისა, მან ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც 2020 წლის მონაცემებს ასახავს,  საგანმანათლებლო საქმიანობით გამომუშავებული თანხა, ჯამში, 27 000 ლარი შეიტანა, ასევე ასახა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი – 16 000 ლარი.

დავით ნარმანია

საერთო ჯამში, 2020 წელს ნარმანიას ხელფასის სახით 182 252 ლარი მიუღია. ამას ემატება სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციით გამომუშავებული თანხა.

ბოლო წლებში სემეკის თავმჯდომარემ  ძვირადღირებული ქონება შეიძინა – 2020 წელს იყიდა მიწის ნაკვეთი და მშენებარე სახლი თბილისში, გოდერძი ჩოხელის ქუჩაზე: ნაკვეთში 180 000 აშშ დოლარი, ხოლო მშენებარე სახლში 249 000 ლარი გადაიხადა.

უჩა უჩანეიშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურ დირექტორად 2021 წელს დაინიშნა, მანამდე ის ამავე სამსახურის  მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. 2021 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მას 2020 წელს სახელფასო შემოსავლის სახით 182 240 ლარი მიუღია.

უჩა უჩანეიშვილი სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურ დირექტორად 2021 წელს დაინიშნა. დეკლარაციის მიხედვით, მას 2020 წელს ხელფასის სახით 182 240 ლარი მიუღია, რაც თვეში 15 186 ლარია.

მაღალანაზღაურებადია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაც, რომელსაც 2017 წლიდან კახა ბექაური ხელმძღვანელობს. 2020 წელს მან ამ თანამდებობაზე 188 585 ლარი გამოიმუშავა, რაც თვეში 15 715 ლარია. ეს თანხა ბექაურის 2019 წლის შემოსავლებთან შედარებით ნაკლებია, 2019 წელს ბექაურის 202 764 ლარი გამოუმუშავებია – თვეში 16 897 ლარი.

კახა ბექაური

თუმცა ეს თანხა არაფერია იმ შემოსავალთან შედარებით, რომელიც 2020 წელს ბექაურმა შემოსავლის სახით შპს „ორი ნაბიჯიდან“ მიიღო –  ეს თანხა 4 მილიონ 299 570  ლარია. 2019 წელს ამ საწარმოდან ბექაურს 600 000 მეტი ლარი აქვს შემოსავლის სახით მიღებული.

სახელფასო შემოსავლის სახით 2020 წელს გაცილებით მეტი მიუღია კახა ბექაურის მეუღლეს, ეკატერინე ბერიძეს – მისმა შემოსავალმა 287 027 ლარი შეადგინა, რაც თვეში 23 918 ლარია. ეკატერინე ბერიძე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციების დირექტორია. გარდა ამისა, ის იმავე თანამდებობაზე შპს „რუსთავის წყალსა“  და „მცხეთის წყალში“ მუშაობს.

მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე მუშაობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც, იგივე შეიძლება ითქვას ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილზე.

კობა გვენეტაძის, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს წევრის წლიური შემოსავალი 2020 წელს 210 155 ლარი იყო, რაც თვეში 17 512 ლარია.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის შემოსავალი კი, შარშან 2010 067 ლარი იყო, რაც თვეში 17 505 ლარია.

თითქმის იდენტურია საბჭოს კიდევ ერთი წევრისა და ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას შემოსავალი.

სოლიდური ანაზღაურება დაენიშნა საპენსიო სააგენტოს დირექტორსაც, გიორგი დანელიას ხელფასი თვეში 12 500 ლარია.

გიორგი დანელია, საპენსიო სააგენტოს დირექტორი / ფოტო: სააგენტო

საპენსიო სააგენტოს დირექტორად  გიორგი დანელია 2020 წლის 15 დეკემბრიდან მუშაობს, მანამდე ის საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: