მთავარი,სიახლეები

 34 წლის ადრიანა – უკრაინის არმიაში 21 ათასი რეზერვისტი ქალი ვართ 

26.01.2022 • 2516
 34 წლის ადრიანა – უკრაინის არმიაში 21 ათასი რეზერვისტი ქალი ვართ 

ადრიანა სუსაკი 34 წლის უკრაინელი რეზერვისტი ქალია. თუ რუსეთი უკრაინასთან ომს დაიწყებს, ადრიანა რეზერვისტთა პირველ ნაკადთან ერთად იბრძოლებს.

უკრაინაში ადრიანას მსგავსად ახლა 21 ათასი რეზერვისტი ქალია მობილიზებული. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კი 57 ათასი სამხედრო ქალია.

ადრიანას ბათუმიდან კიევში დღეს ვესაუბრეთ.

ადრიანა სუსაკი:

კიევში ვცხოვრობ მეუღესთან და 6 წლის შვილთან ერთად. ომის ბავშვია. 2014-15 წლის ყირიმის ომში მასზე 5 თვის ორსულად ვიყავი ფრონტზე, ქმართან ერთად. ჩემი მეუღლეც ჯარისკაცია, სპეცდანიშნულების რაზმში ირიცხება. თუ ომი დაიწყება ჩვენს შვილს ჩემს მშბლებთან, უკრაინის დასავლეთით გავგზავნით.

50/50-ზეა იმის შანსი, რომ რუსეთმა დაგვარტყას. თუ თავიდან კონფლიქტი იყო დონბასში და ოკუპირებულ ყირიმში, ახალ უკვე არავინ ვიცით, რა იქნება კიევში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში.

ცხადია, არმიას აქვს მოქმედების გეგმა, რეზერვისტებსაც, სამხედროებსაც. გვჯერა ჩვენი არმიის. გამოვიწვრთენით ამ წლების განმავლობაში.

ჩვენი არმია მთელ უკრაინაში ახლა ნებისმიერი სცენარისთვის ემზადება.

ვეტერანები და რეზერვისტებიც ერთიანდებიან ქვეყნის დასაცავად. სტატისტიკის მიხედვით, უკრაინის მოსახლეობის 33%, ვგულისხმობ ჩვეულებრივ, სამოქალაქო პირებს, მზადაა გაიაროს წვრთნა და იბრძოლოს თუ ომი დაიწყება.

ახლა უკრაინაში ქალაქების ტერიტორიული თავდაცვა ფორმირდება. რუსეთს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ ველით ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან სამხედრო და საინფორმაციო მხარდაჭერას.

რუსეთი საინფორმაციო თავდასხმებით ქმნის ხშირად მოსახლეობის განწყობებს. საინფორმაციო საშუალებებს ის იყენებს დესტაბილიზაციისთვის.

ადრიანა სუსაკი, 34 წლის უკრაინელი რეზერვისტი ქალი

მიმართავენ სხვა მეთოდებსაც, მხოლოდ კიევში დღეში 50 ზარი მაინცაა რუსეთიდან, რომ თითქოს დანაღმულია სკოლები და სახელმწიფო ობიექტები, ასე აკეთებენ სხვა ქალაქებშიც. ცხადია, მერე ამას სჭირდება გადამოწმება და იხარჯება ძალები ამაოდ, ხალხს პანიკა ეწყება.

წარმოიდგინეთ რა ემართებათ დედებს, როცა მათ სკოლებიდან ურეკავენ და ეუბნებიან, რომ უნდა წაიყვანონ შვილები სკოლიდან, რადგან შეიძლება სკოლა დანაღმული იყოს.

სოცქსელებითაც ავრცელებს რუსეთი ცრუ ინფორმაციას საკუთარი შეიარაღებისა და ტექნიკის შესახებ, როდის დაესხმება თავს უკრაინას თუ არ დაესხმება და ა.შ. მათ გვერდებზე ჩნდება ინფორმაცია, რომ ამერიკა, დასავლეთი ჩვენ გვიყენებს და ა.შ.

ჩვენ არ ვიცით, დაარტყამს თუ არა რუსეთი უკრაინას. ჩვენ არ ვიცით, რა ტრიალებს ახლა მსოფლიოს ყველაზე დიდი აგრესორის თავში.

ვეტერან მეომრებს უკრაინაში 2014-15 წლებში ბრძოლის გამოცდილება აქვთ. მოქალაქეები, რომლებიც ტერიტორიული თავდაცვის არმიაში ეწერებიან გადიან წვრთნებს პოლიგონებზე, ურიგდებათ ფორმა, აღჭურვილობა.

ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება ვართ, მოსახლეობას იარაღს ვერ დავურიგებთ, მაგრამ ვასწავლით სასწრაფო სამედიცინო დახმარების წესებს, ფსიქოლოგები მუშაობენ ხალხთან, როგორ უნდა იმოქმედონ სტრესის დროს და ასევე ვამარაგებთ თავშესაფრებსა და სარდაფებს, რომ იქ ყველა საჭირო პროდუქტი და ნივთი იყოს.

მართალია 8 წლის წინ გვქონდა ომის გამოცდილება, მაგრამ ხალხმა არ იცის, მაგალითად, ხშირ შემთხვევაში დაბომბვების შემთხვევაში სად უნდა გაიქცნენ, როგორ მოიქცნენ, როგორია მოქმედების გეგმა. თავშესაფრებში უნდა იყოს ყველაფერი აუცილებელი, მათ შორის შუქიც, თუ დაგვბომბავენ.

მოსახლეობის მხოლოდ 10, 15% ამბობს, რომ ომის დაწყების შემთხვევაში დატოვებს თავის ქალაქს და შედარებით უსაფრთხო ადგილს შეაფარებს თავს.

ადრიანა სუსაკი სხვა რეზერვისტებთან ერთად

თუ ომი დაიწყება, უმრავლესობის დამოკიდებულებაა, რომ ბავშვებს და მოხუცებს გადაიყვანენ უსაფრთხო ადგილას და დაიცავენ ქალაქებს.

დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ისინი 8 წლის განმავლობაში ეთამაშებოდნენ რუსეთს და რასაც ისინი უბრალოდ ,,კონფლიქტს“ ეძახდნენ, ჩვენთვის ეს ომია.

თუ ომი დაიწყო, ეს იქნება ომი დემოკრატიული მომავლისთვის და ომი არამხოლოდ ჩვენი მომავლისთვის. პუტინი არ გაჩერდება. ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა დასავლეთისგან, როგორც იარაღით, ასევე სანქციებით.

ნატო თვლის, რომ უკრაინა ჯერ მზად არ არის გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, მაგრამ აშკარაა, რომ ნატო არაა მზად მიიღოს უკრაინა, რადგან ის არაა მზად დაიწყოს სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან.

ჩვენს გვერდით არიან ქართველი სამხედროები, ქალებიც და კაცებიც, მადლობა მათ ამ მხარდაჭერისთვის.

ქართველი მოხალისეებიც იბრძოდნენ ჩვენს გვერდით 2014-15 წლებში ყირიმის ანექსიის დროს.

ომი არც კაცების საქმეა და არც ქალების, ეს არაადამიანური საქმეა. სხვა უკრაინელების მსგავსად მე ერთი ქვეყანა მაქვს, რომელიც მიყვარს, სხვა ქვეყანა არ მაქვს.


მთავარ ფოტოზე: უკრაინელი რეზერვისტი ადრიანა სუსაკი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: