54 წლის ინგა ღირდალაძე და 42 წლის მარინა ბერიძე ჰყვებიან, რომ დიდი ხნის განმავლობაში უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ კოვიდ-ვაქცინაციაზე, ჭორების, სოციალურ ქსელში გავრცელებული ბევრი დეზინფორმაციისა და იმ ანტივაქსერების გავლენით, ვისაც ვირუსის გამოჩენამდე ენდობოდნენ.
მარინა ფაიზერის პირველი დოზით 23 იანვარს აიცრა და აპირებს, რომ მეორე და მესამე დოზითაც აიცრას. ინგამ კი ახლახან გადაიტანა „ომიკრონის“ ვირუსი და მაშინვე აპირებს ვაქცინაციის გაკეთებას, როგორც კი ვირუსის გადატანიდან აცრამდე რეკომენდებული დრო გავა.
„ვაქცინა არ გაიკეთოო რომ ეტყვი ადამიანს, ნიშნავს, რომ სასიკვდილოდ იმეტებ. გულწრფელად რომ გითხრათ, მე როგორც არ მჯეროდა, ახლა ზუსტად იმ დოზით მჯერა, რომ აცრა გვიცავს. შენ რომ არ იცრები, გბაძავს კიდევ სხვა და ეს ჯაჭვი გადამდებია, ამის ხარჯზე იწელება ვირუსთან ბრძოლის პროცესი და აღარ სრულდება. დავიღალეთ ყველანი.
დეზინფორმაციის მსხვერპლი ვიყავი, რადგან ჩემთვის კომპეტენტური ძალიან ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ არ უნდა ავცრილიყავით.
ანტივაქსერებმა ნამდვილად იმოქმედეს ადამიანების ფსიქიკაზე, როგორც ჩანს, ჩემზეც იმუშავა ამან და თან ძალიან ძლიერად. ჩემი შიშები და შფოთვა ხომ უბრალოდ ჰაერიდან არ წამოსულა?! ყურს რაც ესმის, რასაც კითხულობ, ფიქრობ, რომ ის არის სიმართლე.
მე მქონდა ვირუსი და პანიკისგან დამიმძიმდა მდგომარეობა. ვფიქრობ, აცრილი რომ ვყოფილიყავი, ასეთ დღეში არ ჩავვარდებოდი. ყველა, ვინც აცრილი იყო, თავს გაცილებით კარგად გრძნობდა, ვიდრე მე. აცრა იცავს.
უნდა ვებრძოლოთ ვირუსს და ვიხელმძღვანელოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით. აცრა აუცილებელია“, – ამბობს ინგა.
ინგას თქმით, უჭირს გაუგოს ადამიანებს, რომელთაც გამოცდილება აქვთ, გადაიტანეს ვირუსი და მიუხედავად ამისა, მაინც ანტივაქსერებად დარჩნენ.
ვირუსის სიმპტომები ინგას 30 დეკემბერს დაეწყო. 4 იანვარს მეორედ გაიკეთა ტექსტი, „ომიკრონი“ დაუდასტურდა და 5 იანვრის საღამოს ოჯახის ექიმის რჩევით კოვიდსასტუმროში გადავიდა ინფიცირებულ შვილთან და ქმართან ერთად.
ინგას მდგომარეობა გართულდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო ვაქცინირებული ქმრისა და შვილისგან განსხვავებით, რომლებიც თავს კარგად გრძნობდნენ.
„ჩემს ქმარს რამდენიმე ქრონიკული დაავადება აქვს, მათ შორის ალერგია და ვარიკოზი. მეშინოდა და წინააღმდეგი ვიყავი, რომ ვაქცინა გაეკეთებინა. ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად აიცრა. ჩემი ქმარი სიკვდილისგან ვაქცინამ გადაარჩინა.
კოვიდსასტუმროში რომ მოვხვდით, ვამბობდი, რომ მეუღლე და ჩემი შვილი თითქოს აქ დასასვენებლად არიან-მეთქი, რადგან აბსოლუტურად უსიმპტომოდ იყვნენ. მხოლოდ მე მქონდა გართულებები.
სასტუმროდან კლინიკა „მედცენტრში“ მეხუთე დღეს აღმოვჩნდი და 3-4 დღე გავჩერდი. თავს უკვე კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ექიმმა დაზღვევის მიზნით დამატებით ერთი დღე გამაჩერა. ეს ყურადღება სიმკაცრედ მომეჩვენა – ვიძახდი, თუ ყველაფერი კარგად არის, რატომ ვჩერდები ისევ საავადმყოფოში-მეთქი. უმიზეზოდ ვშფოთავდი, სანამ წამოვიდოდი იქამდე გავიაზრე, რომ ჩემი უსაფრთხოებისთვის იყო ეს საჭირო და ექიმებს წამოსვლის წინ გულწრფელი მადლობაც გადავუხადე ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.
„მედცენტრში“ ძალიან ბევრი პაციენტი, ისე როგორც მე, აუცრელები იყვნენ და ძალიან ნანობდნენ“, – ამბობს ინგა ღირდალაძე.
ინგა ხაზგასმით ამბობს, რომ ექიმები სასტუმროშიც და კლინიკაშიც დიდი ყურადღებით ექცეოდნენ პაციენტებს.
ინგასა და მისი ოჯახის კარანტინი 15 ინვარს დასრულდა. გადაწყვეტილი აქვს, რაც შეიძლება სწრაფად აიცრას. ვაქცინის გაკეთებას ურჩევს იმ ადამიანებსაც, რომლებიც არ იცრებიან და ასევე ურჩევს, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ესა თუ ის ინფორმაცია სანდო წყაროებთან გადაამოწმონ, რადგან უამრავი ჭორი და ტყუილი იწერება, მათ შოროის ექიმების სახელითაც, რომელთა გავლენის ქვეშ თავადაც იყო მოქცეული.
„უნდა დავუჯეროთ ექიმებს, მივყვეთ მათ რეკომენდაციებს და, ჩემი აზრით, მძიმე მდგომარეობისგანაც შეგვიძლია თავის დაღწევა“, – „ბათუმელებს“ საკუთარ ისტორიას უყვება მარინა ბერიძეც იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა მისი ანტივაქსერული დამოკიდებულება. მარინა ახლა გარშემომყოფებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
როგორც თვითონ ამბობს, სხვადასხვა უსაფუძვლო შიშის გამო ეწინააღმდეგებოდა ვაქცინაციას.
„ვირუსი არ გადამიტანია, მაგრამ ბევრი ჩემი ნაცნობი გარდაიცვალა ამ ვირუსით, რომლებიც აცრილები არ იყვნენ. ვნატრობდი, ნეტა აცრილიყვნენ, ნეტა მე ავცრილიყავი და მიმეცა სტიმული მათთვის, შესაძლოა გადარჩენილიყვნენ კიდეც.
ვუსმენდი ჭორებს, რომ ექიმი, რომელიც კორონას ადასტურებს, 5 000 ლარს იღებს და ბევრ ამისთანა უაზრობას. ეჭვი მქონდა, რომ ეს ვირუსი არ არსებობდა და ხელოვნურად ქმნიდნენ. თითქოს ძალდატანებით აბრალებდნენ დაინფიცირებას ადამიანებს. აცრას ძალიან ვეწინააღმდეგებოდი, ვფიქრობდი, რომ ეს იყო ფულის კეთებისთვის გამოგონილი ამბავი. აი, ასეთი შთაბეჭდილებები მქონდა.
ჩემს ირგვლივ პირველი ჩემი მაზლი აიცრა. იმდენად ვიყავი შეშინებული, ვფიქრობდი – ამაღამ გადარჩება თუ ვერა-მეთქი.
მაშინ გადავწყვიტე აცრა, როცა ჩვენს დასახლებაში [„ოცნების ქალაქი“] ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა, რომელიც არ იყო ვაქცინირებული. სანამ ასაცრელად წავიდოდი, ინტერნეტში ჭორი გავრცელდა, რომ ვაქცინა ვადაგასული იყო და ისევ უკან დავიხიე. ჩავთვალე, რომ ვადაგასული ვაქცინით აცრას მნიშვნელობა არ ექნებოდა.
მუდმივად დეზინფორმაციას ვკითხულობდი სოციალურ ქსელებში და ვტყუვდებოდი.
23 იანვარს, „ოცნების ქალაქში“ შეხვედრა შედგა ბიძინა კულომბეგოვთან, სადაც შესაძლებლობა მოგვეცა მისთვის კითხვები დაგვესვა. ბიძინას ვკითხე, როგორ ამოწმებდნენ წამლის ვადას. ექიმმა აგვიხსნა რაშიც იყო საქმე და ჩემმა უსაფუძვლო ღელვამაც გაიარა.
უნდა ავიცრათ, მინდა ყველას ვუთხრა, რომ აიცრან, რათა დაცულები იყვნენ“, – ამბობს მარინა.
„ოცნების ქალაქის“ დასახლებაში ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას 23 იანვარს შეხვდა და მანვე გაუკეთა ყველა მსურველს ვაქცინა.
შეხვედრის შემდეგ „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში ბევრმა გადაწყვიტა, რომ აიცრას. მარინას თქმით, სიას აკეთებენ, რათა გამოიძახონ ექიმები, რომლებიც ადგილზე გაუკეთებენ მოსახლეობას ვაქცინას.
“ჩემს მეუღლესაც ეშინოდა. ძალიან გამიკვირდა და ამასთან გამიხარდა, როცა აცრის მანქანაში პირველი შევიდა. ორივე 23 იანვარს ავიცერით პირველი დოზით. ცხადია, ვაპირებ, რომ მეორე და მესამე დოზითაც გავიკეთო.
ახლა ჩემს ირგვლივ მყოფები რომ ხედავენ, ავიცერი და თავს კარგად ვგრძნობ, ცოცხალი ვარ, არაფერი მომსვლია, მგონია, რომ თავადაც აუცილებლად აიცრებიან.
ყველას, ვინც ეწინააღმდეგება ვაქცინას, მინდა ვუთხრა, რომ აიცრან. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა და აღარ გვინდა, რომ ისევ დაგვაკლდეს ვინმე. არაფერია საშიში. აცრის გაკეთების დღესაც კი შევძელი მუშაობა. მომდევნო დღესაც ვმუშაობდი და ახლაც კარგად ვგრძნობ თავს. უმნიშვნელო ტკივილი მქონდა აცრის ადგილზე“, – ამბობს მარინა.
ინგა ღირდალაძე და მარინა ბერიძე „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ ექიმებმა უფრო მეტი კამპანია უნდა აწარმოონ, რათა ყველა დარწმუნდეს ვაქცინაციის საჭიროებაში. მათი შეფასებით საგანგაშო მაშინაა მდგომარეობა, თუ არ ვიქნებით აცრილები. საკუთარ და სხვის სიცოცხლეზე ზრუნვა გვავალდებულებს რომ ავიცრათ.