მთავარი,სიახლეები

უკრაინაში მებრძოლი: საქართველოს ოკუპაციას რამდენიმე საათი დასჭირდება, თუ აქ დავმარცხდით

24.01.2022 • 26839
უკრაინაში მებრძოლი: საქართველოს ოკუპაციას რამდენიმე საათი დასჭირდება, თუ აქ დავმარცხდით

„თუ რუსეთმა უკრაინაში წარმატებას მიაღწია, საქართველოს ოკუპაცია რამდენიმე საათის საქმე იქნება,“ – მიიჩნევს მამუკა მამულაშვილი. ის უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელია და ამ ეტაპზე მოქალაქეებს წვრთნის – როგორ იმოქმედონ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში.

დღეს, 24 იანვარს, ნატომ [ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია] განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო მობილიზების საპასუხოდ, აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ხომალდებსა და თვითმფრინავებს გაგზავნის. ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა. ყოველდღიურად იზრდება რუსული საჯარისო ნაწილებისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზება რუსეთ-უკრაინის საზღვართან. რუსეთის უარყოფის მიუხედავად, დასავლეთის სახელმწიფოები აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასაწყებად ემზადება.

„ვითარება საკმაოდ დაძაბულია, თუმცა პანიკა არაა. ძირითადად კიევიდან გაჰყავთ სამოქალაქო პირებს ოჯახები, ცდილობენ გაერიდონ ცენტრს, აგრესიის შემთხვევაში, ცხადია, სამიზნე იქნება დედაქალაქი“, – გვიყვება მამუკა მამულაშვილი. – „თავიდან დაიწყეს თვითორგანიზება, მაგრამ მიხვდნენ მალევე, რომ სამხედროების დახმარება სჭირდებოდათ. ჩვენ მოგვმართა თავდაცვის სამინისტრომ და მომაგრებული გვყავს 3-ათასკაციანი ჯგუფი. დღეში დაახლოებით 50 კაცის გაწვრთნას ახერხებენ ჩვენი ინსტრუქტორები.

ვასწავლით, პირველ რიგში, რა უნდა გააკეთონ დაბომბვის შემთხვევაში, სად უნდა შეაფარონ თავი, ვასწავლით საველე მედიცინას და ასე შემდეგ,“ – ამბობს მამუკა მამულაშვილი.

„ქართული ლეგიონი“ 2014 წელს შეიქმნა უკრაინაში იმ მოხალისეებისგან, რომლებსაც გარკვეული სამხედრო გამოცდილება ჰქონდათ, მათ შორის, იყო მამუკა მამულაშვილი, რომელიც აფხაზეთის ომში ტყვედ ჩავარდა და ახლაც განსაკუთრებული ემოციით იხსენებს, როგორ დაეხმარნენ მაშინ უკრაინელები.

„მე სულ მახსოვს ეს მძიმე დღეები, როცა დაგვიდგენ გვერდით უკრაინელები… იქ რამდენიმე უკრაინელი გარდაიცვალა კიდეც. უკრაინელებმა 300 ათასი ლტოლვილის ევაკუაცია მოახერხეს, დახვრეტისთვის ვიყავით განწირული, უკრაინის ფლოტსაც გამოჰყავდა ქართველები, ავიაციაც მუშაობდა კოდორის ხეობაში.

თავიდან სულ 10 კაცი ჩავედით უკრაინაში. მერე 130-მდე გაიზარდა „ქართული ლეგიონის“ შემადგენლობა, მათ შორის, იყვნენ მოხალისეები შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთიდან, სულ 27 ქვეყნიდან…

იყო საქართველოს ხელისუფლებიდან სპეციალურიდან შემოგზავნილი ხალხიც, მათ ლეგიონის დისკრედიტაცია სცადეს. 2014 წელს 4 სამხედრო ბრიგადა მოვამზადეთ და პოლიციის 3 ბატალიონი,“ – ამბობს მამუკა მამულაშვილი.

ქართველ მებრძოლს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ დღეს უკრაინაში ბრძოლა არის ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.

„მე დავარქმევდი ამას ნამუსისთვის ბრძოლას, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ არ გააკეთა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები.

უკრაინა იმავე მდგომარეობაშია, როგორც საქართველო. განსხვავება ისაა, რომ დღეს სტრატეგიულ ინტერესს რუსეთისთვის საქართველოში შემოჭრა არ წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს სამთავრობო ოკუპაცია და საერთოდ არ სჭირდებათ საბრძოლო ოპერაციების ჩატარება საქართველოს ტერიტორიაზე,“ – გაგვიზიარა მამუკა მამულაშვილმა თავისი აზრი.

უკრაინაში მყოფ ქართველ ჯარისკაცს მტკიცედ სჯერა, რომ რუსეთი წარმატებას ვერ მიაღწევს უკრაინაში.

„მგონია, რომ სამხედრო თვალსაზრისით, უკრაინის დაპყრობა რუსეთისთვის არის შეუძლებელი. რადგან 8 წლის განმავლობაში არმია იწრთობოდა პირდაპირ ომში, ეს დიდი გამოცდილებაა… რუსეთს თავის დროზე ჩეჩნეთთან გაუჭირდა ოკუპაცია მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთს არც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ჰქონდა და არც ლეტალური იარაღი, რაც უკრაინამ მიიღო.

გარდა ამისა, აქ, უკრაინაში, ყოველი ოჯახი იბრძოლებს იარაღით ხელში, ძალიან მოტივირებული ხალხია, ქალებიც გადიან სამხედრო მომზადებას. იგრძნობა, რომ არც ერთი ქუჩა არ დაითმობა ისე, როგორც ეს ჰგონიათ რუსებს,“ – მიიჩნევს უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი.

___

მთავარი ფოტო: მამუკა მამულაშვილი უკრაინაში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: