მთავარი,სიახლეები

„ოცნების პოლიცია ხალხზე ძალადობს“ – საპროტესტო აქცია ბათუმში

26.01.2022 • 1143
„ოცნების პოლიცია ხალხზე ძალადობს“ – საპროტესტო აქცია ბათუმში

„როცა ხელისუფლება ეუბნება პოლიციას, რომ დაიცვას, მაგალითად, სულიკო თებიძის ვადაგასული საკრებულო, რომელმაც ბათუმელების ნების საწინააღმდეგოდ მიიღო ბათუმის ბიუჯეტი, ის ყველაფერზე წამსვლელია… პოლიციას ეუბნება ხელისუფლება, რომ მთავარია, მისი ძალაუფლება დაიცვას და ყველაფრის უფლება აქვს,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში.

დღეს, 26 იანვარს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს ხელისუფლებისგან ადეკვატური რეაგირება შემთხვევებზე, როცა დანაშაულს პოლიციელები სჩადიან – თბილისის მეტროში პოლიციელების მხრიდან შშმ მოზარდზე ჩადენილი სავარაუდო ძალადობის შემთხვევაზე გუშინ, 25 იანვარს, 2 პოლიციელი დააკავეს.

თბილისის მეტროს შემთხვევაზე დაკავებულ ერთ პოლიციელს გამოძიება დამამცირებელ და არაადამიანური მოპყრობას ედავება, მეორეს – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. საუბარია გავრცელებულ კადრებზე, რომელშიც ჩანს, როგორ სცემს პოლიციელი არასრულწლოვანს. ჩანაწერის მიხედვით, ახალგაზრდის თანმხლები პირი პოლიციელს ეუბნება, რომ „ის ყრუ-მუნჯია და ხელი გაუშვას”, რაზეც სამართალდამცველი პასუხობს: „რომ ავალაპარაკო ახლა?”.

„ხელისუფლებას ახლა აწყობს ის, რომ ყურადღება გადაიტანოს ორი პოლიციელის დასჯაზე, თითქოს ეს მხოლოდ ცალკეული პოლიციელის პრობლემაა. სინამდვილეში საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან, ძირეულად არაფერი იცვლება, სისტემა ისევ ძალადობს ადამიანებზე,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.

აქციის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, რომ ამ დრომდე ხელისუფლებას არ დაუსჯია ის სამართალდამცველები, რომლებიც ძალადობის არაერთ საქმეში ფიგურირებდნენ.

„ამ შედეგებამდე მივდივართ იმიტომ, რომ ხელისუფლება ეუბნება პოლიციას – „შენ ხარ ჩემი დასაყრდენი“. დასაყრდენია პოლიცია, მაგალითად, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეში. ეს საქმე რომ პოლიციამ გამოიძიოს, ისევ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები უნდა დაისაჯონ.

საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლის წინ, 26 იანვარი

___

პოლიციელის მიერ სმენისარმქონე მოზარდის ცემის ფაქტზე უკვე ორი დღეა იმართება აქციები თბილისსა და ბათუმში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: