მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ფსორიაზის დაფინანსება და სხვა სიახლეები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში

26.01.2022 • 3110
ფსორიაზის დაფინანსება და სხვა სიახლეები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2022 წელს აჭარაში რამდენიმე ახალი პროგრამა ამუშავდა, კერძოდ ამოქმედდა ფსორიაზით დაავადებული პაციენტების მკურნალობის პროგრამა და დაიწყო ძვლის ტვინის ჰაპლოიდური ტრანსპლანტაციის დაფინანსება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, მანანა ფაღავა განმარტავს, რომ პროგრამა წელს პილოტურ რეჟიმში იმუშავებს, იგი საწყის ეტაპზე 30 ბენეფიციარზეა გათვლილი და მოიცავს რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზის და ფსორიაზული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას.

“ფსორიაზი და ფსორიაზული ართრიტი არის ქრონიკული, მორეციდივე, მოპროგრესირე დაავადებაა. ამ დაავადებებს სხვადასხვა მედიკამენტით მკურნალობენ, თუმცა საუკეთესო შედეგს იძლევა მაღალეფექტური ბიოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც საკმაოდ ძვირია და პაციენტების დიდი ნაწილისთვის ისინი არ არის ხელმისაწვდომი. მომართვიანობა იყო, ჩვენ კი ვერ ვაფინანსებდით. გადავწყვიტეთ პილოტური პროგრამის სახით აგვემუშავებინა ამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა. საპილოტედ ავიღეთ 30 ბენეფიციარი, რომელთაც დაუფინანსდებათ ექიმის მიერ გამოწერილი – ძვირადღირებული, ბიოლოგიური, მე-2 ჯგუფის მედიკამენტები. პროგრამაში ბენეფიციართა სოციალური სტატუსი არ არის გათვალისწინებული”.

გარდა ამისა, 2022 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ძვლის ტვინის ჰაპლოიდური ტრანსპლანტაციის დაფინანსება – 180 000 ლარით.

“ძვლის ტვინის გადანერგვა ხდება ისეთი მძიმე დაავადებების დროს, როგორიცაა ონკოჰემატოლოგიური დაავადების მძიმე ფორმების შემთხვევები. ამ პაციენტებისთვის ჩვენ ვაფინანსებდით ავტოლოგიური ძვლის ტვინის გადანერგვას და ალოგენურ ძვლის ტვინის გადანერგვას, რაც კეთდება საქართველოში.

შარშან პირველად გაკეთდა საქართველოში ჰაპლოიდური ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია და გადავწყვიტეთ ჩაგვესვა პროგრამაში. ეს ყველაზე მძიმე პაციენტებზე გათვლილი პროცესია და თუ ასეთი პაციენტი გამოჩნდა, ჩვენ შევძლებთ მის დაფინანსებას”, – ამბობს მანანა ფაღავა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ტრანსპლანტაციის პროგრამებში ბენეფიციართა რაოდენობა განსაზღვრულია. ღვიძლის და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციების პროგრამებში ჯამში 20 ბენეფიციარი ფინანსდება. “მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენ დამატებით პაციენტს უარს ვეტყვით. მოთხოვნის შესაბამისად ინდივიდუალურად გადავხედავთ ბიუჯეტს”, – ამბობს მანანა ფაღავა.

ასევე გაიზარდა რამდენიმე პროგრამის დაფინანსება, კერძოდ გაიზარდა ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება; გაორმაგდა ბენეფიციართა რაოდენობა და ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით კვლევა 8300 ბენეფიციარს ჩაუტარდება; გრძელდება გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება;

გაიზარდა ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების მოცულობა და თითოეული ოჯახი საცხოვრებელი ფართის შესაძენად მიიღებს 30 000 ლარს, ნაცვლად 25 000 ლარისა; ასევე 5000 ლარით გაიზარდა ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების მოცულობა. ოჯახები 15 000 ლარის ნაცვლად 20 000 ლარით დაფინანსდებიან.

გაიზარდა ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის დაფინანსება. იგი მოიცავს ბავშვთა ფსიქომოტორული აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამას (1 5486 000 ლარიდან 2 376 000 ლარამდე გაიზარდა), ბავშვთა ადრეული განვითარება (გაიზარდა 674 900 ლარიდან 912 000 ლარამდე), აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია (გაიზარდა 140 000-ლარიდან 400 800-მდე), სმენადაქვეითებულ სმენაპროთეზირებულ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა (62 000ლარი).

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენეიშვილი ამბობს, რომ ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის დაფინანსების ზრდა რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული, პირველი ბენეფიციარების რაოდენობის ზრდაა, ნაწილობრივ სერვისების გაძვირება და ნაწილობრივ სეანსების რაოდენობის მომატება.

“იყო მომართვიანობა და შევეცადეთ ეს მომართვიანობა მაქსიმალურად დაგვეფარა, რომ არავინ დაგვრჩენოდა სერვისის გარეშე. დაფინანსების ზრდის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ეს არის. ასევე მეორე კომპონენტია განფასების ზრდა… როგორც ყველაფერი იცვლება მომატებისკენ, აქაც ხარისხის ამაღლების მიზნით გაძვირებულია მომსახურება.

სეანსების რაოდენობა გაზრდილია “ბავშვთა ადრეულ განვითარებაში”, ჯამში 6000 სეანსია, რომელიც გათვლილია 500 ბავშვზე, თუმცა 501-ე ბავშვი რომ მოვიდეს, რა თქმა უნდა, მის ჩასმასაც მოვახერხებთ, რაღაც ეკონომიების ხარჯზე”, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: